 |
| "კომედიანტი ვერასოდეს გავხდები"
|
ანჯელინა ჯოლი: "ეროტიკულ სცენებში მონაწილეობა არ მიჭირს"
ანჯელინა ჯოლი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ქალია და ეს საყოველთაოდ არის აღიარებული. ანჯელინას, ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, საოცარი ეშხი აქვს, რითიც იპყრობს მამაკაცების გულებს და საოცარ წარმატებას აღწევს კინოინდუსტრიაში.
ანჯელინას შეუძლია ეკრანზე მუდმივად მიმზიდველი და სასურველი იყოს მამაკაცებისთვის. როდესაც რომელიმე ფილმში ანჯელინა ჯოლი მონაწილეობს, ბევრი მხოლოდ ამის გამო უყურებს ფილმს და ეს არც არის გასაკვირი.
ანჯელინა ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას არამარტო გარეგნობით და ფილმებში თამაშით, არამედ სკანდალური პირადი ცხოვრებითაც. ანჯელინა ცნობილი მსახიობის, ჯონ ვოიტის შვილია და ამან ხელი შეუწყო მის მსახიობად გახდომას. ანჯელინა ბავშვობაშივე ავლენდა მსახიობობისკენ მიდრეკილებას და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სწორედ ეს პროფესია აერჩია. ანჯელინა ბავშვობაშიც გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით და ყველა ბიჭის ოცნება იყო. ამიტომ ანჯელინასი ბევრს შურდა, მაგრამ ეს მომავალ მსახიობს საერთოდ არ აღელვებდა.
ანჯელინამ ახალგაზრდა ასაკში მიიპყრო ყურადღება, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმ "კუბორგი 2"–ში. ფილმში იყო ეროტიკული სცენა, რომლითაც ძალიან მოიხიბლნენ მამაკაცები. ამ ფილმმა სათავე დაუდო ანჯელინას კარიერას და ჩამოაყალიბა ანჯელინას სექს–სიმბოლოს სტატუსი. მომდევნო წლებში ანჯელინა განაგრძობდა თამამ სცენებში თამაშს და ამას დუბლიორის გარეშე აკეთებდა, რაც ჰოლივუდისთვის საკმაოდ იშვიათია. 1998 წელს ანჯელინამ ითამაშა ფილმში "ჯია", სადაც მან მოდელი ჯია კარანჯი განასახიერა. თუ ამ მოდელის სურათს ნახავთ, მიხვდებით, რომ ის მართლაც ძალიან ჰგავს ანჯელინას, ამიტომ ამ როლისთვის უკეთესი კანდიდატურა არ არსებობდა. მაგრამ ამ ფილმში ანჯელინამ დაამტკიცა, რომ არამარტო ულამაზესი ქალია, არამედ ძლიერი მსახიობიც. ფილმში მოთხრობილია სუპერმოდელის ცხოვრება, მისი დაცემა და აღმაფრენა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, წარუმატებელი სიყვარულისგან მიღებული ტკივილი.
1999 წელს ანჯელინამ ითამაშა ფილმში "შეწყვეტილი ცხოვრება" და ოსკარიც მიიღო. 2001 წელს ანჯელინამ ანტონიო ბანდერასს გაუწია პარტნიორობა და ის სასიყვარულო სცენა დღემდე კარგად ახსოვს მაყურებელს. ბანდერასის ცოლი მელანი გრიფიტი ძალიან ეჭვიანობდა ანჯელინაზე, მაგრამ ანტონიოსა და ანჯელინას შორის არაფერი მომხდარა.
2000 წელს ანჯელინა ცოლად გაჰყვა მსახიობ ბილი–ბობ ტორნტონს. ანჯელინა ხშირად ამბობდა, რომ ძალიან უყვარდა ქმარი და მასთან ერთად დიდხანს აპირებდა ყოფნას.
ანჯელინა ხშირად ეხვეოდა სკანდალში თავისი ძმის, ჯეიმს ჰავენის გამო. ერთ–ერთ დაჯილდოების ცერემონიალზე ანჯელინამ შემთხვევით ტუჩებში აკოცა ძმას, რამაც დიდი დისკუსიები გამოიწვია. ბუნებრივია, ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო, მაგრამ ჟურნალისტებმა შანსი არ გაუშვეს და დაიწყეს იმის შესახებ ჭორაობა, რომ ანჯელინას ძმასთან ჰქონდა რომანი. ამ ყველაფერს გაგრძელება არ მოჰყოლია და ანჯელინამაც გააგრძელა ცხოვრება და კარიერა. 2002 წელს მსახიობი გაშორდა ბილი–ბობ ტორნტონს და თქვა, რომ აღარასოდეს გათხოვდებოდა. 2004 წელს ანჯელინამ ითამაშა ფილმში ალექსანდრე, სადაც მსახიობმა ალექსანდრის დედის, ოლიმპიადას, როლი შეასრულა. 2005 წელს მსახიობი გადაიღეს ყველასთვის ნაცნობ ფილმში "მისტერ და მისის სმიტები", სადაც მისი პარტნიორი ბრედ პიტი იყო. მსახიობები მალე დამეგობრდნენ და საერთო ენის მონახვა არ გასჭირვებიათ. 2006 წელს მათი ურთიერთობა უკვე უფრო მეტი გახდა, ვიდრე მეგობრობა და ივნისში მათ პირველი შვილიც ეყოლათ.
მათი ურთიერთობა დღემდე იდეალურია. ანჯელინა კვლავ აქტიურად განაგრძობს კარიერას წელიწადში და მინიმუმ ორ ფილმში იღებს მონაწილეობას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– მიუხედავად საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახისა, კარიერას კვლავ აქტიურად აგრძელებთ. რამდენი ხანი აპირებთ ჰოლივუდში დარჩენას?
– ჰოლივუდში თავს მშვენივრად ვგრძნობ და კიდევ დიდხანს ვაპირებ კინოინდუსტრიაში დარჩენას. გადაღებებზე თავს ძალიან ახალგაზრდად ვგრძნობ და ეს ძალიან მომწონს. ფილმებში მონაწილეობა ძალიან მიყვარს და ამას ასე იოლად არ დავთმობ. ზოგადად ჰოლივუდში უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვარ და ეს ადგილი წლების მანძილზე ძალიან შემიყვარდა.
– ჰოლივუდში თქვენს პირად ცხოვრებას ყოველთვის გაორმაგებული ყურადღებით უყურებდნენ. ეს ფაქტი გაღიზიანებდათ?
– ეს ზოგჯერ მართლა ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია. როდესაც ცნობილი და პოპულარული ხარ, ამას მეორე მხარეც აქვს, რომელიც ნაკლებად სასიამოვნოა. როდესაც შენს პირად ცხოვრებაში უხეშად ერევიან, ეს ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ ამას უნდა შეეგუო, თუ გინდა ჰოლივუდში წარმატებას მიაღწიო.
– ფილმებში პარტნიორ მამაკაცებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. ცხოვრებაშიც ასეა?
– დიახ, ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პარტნიორ მამაკაცთან რომანი მაქვს. მე და ბრედი წყვილი მაშინ გავხდით, როდესაც ჩვენი ფილმის გადაღებები უკვე დამთავრებული იყო, ხოლო რაც შეეხება ჩემს ქმარს, ბილი–ბობ ტორნტონს, მასთან ერთად საერთოდ არ მითამაშია რომელიმე ფილმში. გადაღებებზე ისეთი ატმოსფეროა, რომ ყოველთვის არის შესაძლებლობა რომანი გააბა. ყოველთვის იქნება ჭორები იმის შესახებ, რომ პარტნიორთან რომანი გაქვს.
– ცხოვრების როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას – აქტიურს თუ შედარებით პასიურს?
– ხან როგორ, ხან როგორ. როდესაც თინეიჯერი ვიყავი, მომწონდა აქტიური ცხოვრების სტილი, მაგრამ რაც უფრო ასაკში შევედი, უფრო პასიური სტილი მანიჭებს სიამოვნებას. ახლა ოჯახი მყავს და ვცდილობ მათთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. ოჯახი ამჟამად ჩემი მთავარი პრიორიტეტია. ბუნებრივია, მე ისევ მაინტერესებს ჩემი კარიერა ჰოლივუდში, მაგრამ ეს უკვე პირველ ადგილზე არ დგას.
– თქვენს თითქმის ყველა ფილმში არის ეროტიკული სცენა. რამდენად გიჭირთ მსგავს სცენებში მონაწილეობის მიღება?
– მსგავს სცენებში თამაში საერთოდ არ მიჭირს, რადგან ნებისმიერ მსახიობს უნდა შეეძლოს კომპლექსები დაძლიოს და თუ ფილმის სიუჟეტისთვის საჭიროა, გაშიშვლდეს კიდეც. ეროტიკული სცენები საჭიროა ფილმებისთვის, რადგან ეს მათ უფრო საინტერესოს ხდის. როდესაც სიუჟეტის მიხედვით ფილმის რომელიმე გმირს სხვა გმირთან რომანი აქვს, ამის ამსახველი კადრები აუცილებლად უნდა აჩვენო მაყურებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავს მოტყუებულად იგრძნობს.
– თქვენი და ბრედ პიტის ურთიერთობა უდიდესი ყურადღების ქვეშაა. არის თუ არა ამჟამად თქვენს ოჯახში სრული იდილია?
– ჩვენი ურთიერთობა მართლაც დიდი ყურადღების ქვეშ არის. ჩვენ პირველ რიგში მშობლები ვართ. ბავშვებს ბრედის და ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს. ვცდილობთ, რომ ერთად ყოფნისთვისაც გამოვნახოთ დრო, რადგან ეს ნებისმიერი წყვილისთვის აუცილებელია.
– თქვენი ფილმების უმრავლესობა ტრილერებია. ამ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?
– არა, რომელიმე კონკრეტული ჟანრი არ მაქვს, რომელსაც უპირატესობას მივანიჭებ, უბრალოდ, უფრო ტრილერებში ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. ალბათ ეს კარგად გამომდის, რადგან ძირითადად ამ ჟანრში მიღებენ. თუმცა დრამებშიც საკმაოდ ხშირად მითამაშია. ერთადერთი ჟანრი, რომელშიც ალბათ დამაჯერებლად ვერ ვითამაშებ, არის კომედია. კომედიანტი ვერასოდეს გავხდები, ამის ნიჭი არ მაქვს. რაც შეეხება სხვა ჟანრებს, ნებისმიერში სიამოვნებით ვითამაშებ.
მოამზადა ბექა გოგინაშვილმა
|