რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
"ვცდილობ, ჩემ გარშემო ჭორი და ინტრიგა არ იყოს"
სლობოდან მილოშევიჩის ეშმაკური ნაბიჯი
მეორე შვილიც ლურჯთვალა გაუჩნდა
გიორგი უშიკიშვილი ცოლს ირთავს!
რუსკა მაყაშვილის საზღვაო რომანი 7 წელია გრძელდება
შორენა ბეგაშვილს ბავშვების გაჩენა სურს
"ჩვენი ქმრების მძიმე რეჟიმს ნაზი ქალები ვერ გაუძლებენ"
მადონას მარგალიტები
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
თბილისის მერი მერობამდე
თბილისის მერი მერობამდე

გიგი უგულავას მეორე გაელვებამ ორი ქორწინება შეიწირა


გაზიარება  2009-11-12 11:24:00

დაახლოებით 34 წლის წინ ექიმებმა კენჭი ყარეს და შვიდი ხმით ექვსის წინააღმდეგ გადაწყვიტეს, რომ მანანა ქართველიშვილისთვის აბორტი არ გაეკეთებინათ და ბავშვი დაბადებულიყო. ბავშვი, რომლის დაბადება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბეწვზე ეკიდა, ახლანდელი თბილისის მერი, გიგი უგულავა გახლავთ.

ეს ამბავი "სარკეს" 4 წლის წინ ბატონი გიგის მშობლებმა უამბეს. მაშინ მათ ჩვენთან საუბარში ისიც გაიხსენეს, მოგვიანებით როგორ დასჩერებოდა პატარა გიგის მამა, ბატონი არჩილ უგულავა და გაოცებული იმეორებდა, შეიძლებოდა, ასეთი ლამაზი ბავშვი არ დაბადებულიყოო.

არჩილ უგულავა პროფესიით ფიზიკოსია. მისი ნიჭი შვილსაც გამოჰყვა – მათემატიკური საგნები ბავშვობიდან უყვარდა. ქალბატონი მანანა ინგლისური ენის სპეციალისტი გახლავთ. გიგის გარდა, მათ კიდევ ერთი ვაჟი ჰყავთ – ირაკლი. იგი დედაქალაქის მერზე ორი წლით უფროსია. მშობლებს უნდოდათ, მეორე შვილი გოგო ჰყოლოდათ. "გინდოდათ, მე ვყოფილიყავი გოგოო? კითხულობდა ხოლმე პატარა გიგი და ისე განიცდიდა, ვერ წარმოიდგენთ", – გაიხსენა "სარკესთან" საუბარში ქალაქის თავის მამამ.

ბატონი არჩილი და ქალბატონი მანანა ერთ კლასში სწავლობდნენ. 24 წლის ასაკში შექმნეს ოჯახი. გიგი უგულავა თბილისში, მთაწმინდის უბანში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები ძირძველი თბილისელობით ამაყობენ, რადგან სამსართულიანი სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ბატონი გიგის წინაპრებს ოქტომბრის რევოლუციამდე, ოქროს ფულით შეუძენიათ.

"ჩვენი ბაბუა მე–19 საუკუნეში ჩვენ გვერდით მდებარე სახლში დასახლდა. ეს სახლი კი ოქტომბრის რევოლუციამდე იყიდა. აი, რა დონის თბილისელები ვართ. ოქროს ფულითაა ნაყიდი, ნასყიდობის მოწმობაც გვაქვს", – გვიამბო ბატონმა არჩილმა, რომლის მამაც, ირაკლი უგულავა, ჯერ მსახიობი იყო, მერე კი – ცნობილი ჟურნალისტი.

გიგი უგულავამ თსუ–ის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ბაბუის კვალს გაჰყვა, ჟურნალისტობამ უფრო მოხიბლა. იგი სასულიერო სემინარიის სტუდენტიც გახლდათ და სტიქაროსანიც. სასულიერო ცხოვრება 9 აპრილის მოვლენების შემდეგ დაიწყო. სემინარიაში ორი წელი ისწავლა და მერე გერმანიაში გაემგზავრა. იქ მაღაზიებში, მშენებლობებზე, ქარხნებში შავ მუშად მუშაობდა, მდიდარი გერმანელების ძაღლებს ასეირნებდა...    

"ერთხელ მოიწერა, მანქანის საბურავებს ვაგორებ, ჩემი სიმაღლის არისო. ერთი ადგილიდან მეორეზე უნდა გადაეტანა. მერე ვეღარ გაუძლო. იფიქრა, უკვე კარგად ვისწავლე გერმანული ენა და სახლში დავბრუნდებიო", – მოგვიყვა ბატონი არჩილი. სახლში დაბრუნებულმა გიგი უგულავამ ასპირანტურაში გააგრძელა სწავლა. თან ჟურნალისტად მუშაობდა ჯერ ტელეკომპანია "იბერიაში", მერე – "ინტერნიუსში". შემდეგ ჟურნალისტიკიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაინაცვლა და ასოციაცია "ალტას" დირექტორიც გახლდათ. ეს ასოციაცია მსოფლიო ბანკის სასამართლო რეფორმის ერთ–ერთ პროექტს ახორციელებდა. შემდგომში გიგი უგულავა "კმარა"–ს წევრობით გახდა ცნობილი. ვარდების რევოლუციამ კი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აქცია, მერე უშიშროების მინისტრის მოადგილე გახდა, მოგვიანებით სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო. ზუგდიდში ცოლ–შვილთან ერთად 6 თვე გაატარა. დედაქალაქში დაბრუნებულმა პრეზიდენტის ადმინისტრაციული სამსახური ჩაიბარა და პარალელურად გუბერნატორებს უწევდა კოორდინირებას.

2005 წლის ზაფხულში დედაქალაქის მერი გახდა. მას მერე პრესას იშვიათად სწყალობს. ყოველ შემთხვევაში, "სარკემ", მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერა ვეღარ მოახერხა, თუმცა მისი მერობამდელი ცხოვრება ჩვენთვის კარგადაა ცნობილი.

* * *

დედაქალაქის მერის დაბადების დღე 15 აგვისტოა. 1975 წელს მოევლინა ქვეყანას. იცის, რომ ზოდიაქოს ნიშნით ლომია, წლით – კატა, თუმცა ჰოროსკოპების არ სჯერა. სახლში გიგი უგულავა მუდამ ხმამაღლა ლაპარაკობს და მარტო ვერ ძლებს. სხვები რომ ემსახურებიან, ესეც ბავშვობიდან ჰყვარებია.

ქალბატონი მანანა: "საწყალი ჩემი დედამთილი, სამსახურიდან დაღლილი მოდიოდა და გიგი დამჯდარს რომ დაინახავდა, მაგალითად, ეტყოდა, ჩაი მინდა და დამიდგიო. თუ რაიმე წიგნს ვერ ნახავდა, ყველას მისი ძებნით გვხოცავდა".

ბატონი არჩილი: "საოცარი უნარი აქვს, აგამუშავებს. სავარძელი იყო ჩამტვრეული. ჩვენ ალბათ კიდევ დიდხანს ვისხდებოდით ასე. როგორც კი დაინახა, თქვა, ახლავე გააკეთეთო. თვითონ არ გააკეთებს, სხვას დაავალებს... ეს ქვედა სართული გიგის ინიციატივით გაკეთდა. ისე გავამაგრეთ საუკუნოვანი სახლი, რომ მიწისძვრას გაუძლო და არაფერი მოსვლია. გიგიმ საერთოდ დამანგრევინა და თავიდან ამაშენებინა. ერთად ვაშენებდით. ჩემთან ერთად შრომობდა. იატაკი რომ ავყარეთ, მთელი მიწა მან გაიტანა ურიკით გარეთ. მე ვთხრიდი, მას გაჰქონდა... საოცარი ფანტაზიის უნარი აქვს. დაბლა ბნელი სართული იყო და ისე მოაწყო, რომ გაანათა". "რაც თავი მახსოვს, პირველ სართულზე სულ მდგმურები იყვნენ. სკოლას ვამთავრებდი, ბოლო მდგმური რომ წავიდა. ცოლი რომ მოვიყვანე, რემონტი მაშინ დავასრულეთ და მას მერე აღარაფერი შეგვიცვლია", – გვითხრა ბატონმა გიგიმ.

    სახლში, რომელზეც ბატონი მერი და მისი მშობლები რამდენიმე წლის წინ გვიამბობდნენ, დედაქალაქის მერი უკვე აღარ ცხოვრობს. იგი ცოტა ხნის წინ ცოლს, თაკო ცაგურიას გაშორდა. გაცნობისა და სიყვარულის ისტორია 2004 წელს ასე გვიამბეს:

თაკო: "გიგი გუდაურში გავიცანი. მის ძმასთან ვმეგობრობდი და ერთად ვიყავით იქ წასული. გიგიმ ძმას ჩამოაკითხა მეგობართან ერთად. მერე ნელ–ნელა დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ქორწინებით დამთავრდა... ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. გაცნობიდან ნახევარ თვეში უკვე ყველაფერი გარკვეული გვქონდა. სიყვარული სიმთვრალეში ამიხსნა. მეორე დილით დამირეკა და მითხრა, ყველაფერი მახსოვს და არ გეგონოს, ეს სიმთვრალით მომივიდაო. ისედაც ვხვდებოდი, რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო".

გიგი: "მთვრალი არ ვყოფილვარ, ნასვამი ვიყავი. სასმელი დამხმარე საშუალებაა და არა – განმსაზღვრელი... თაკო ძალიან პატარა მახსოვს. მის ძმას ვიცნობ სკოლიდან და თაკო, როგორც ჩემი სკოლელის პატარა და, ისე მახსოვდა. გუდაურში შეხვედრამდე ალბათ 5 წელი ნანახი არ მყავდა. იმ დღეს მაგარი ნაბახუსევი ვიყავი, რადგან წინა დღეს დაბადების დღეზე ვითამადე. ამიტომ იმ დღეს სიყვარულის ბუშტი არ გამსკდომია, თავი უფრო მისკდებოდა, თუმცა სწორედ იმ დღეს იყო პირველი გაელვება, რაც მერე გაღრმავდა. წელიწადზე ცოტა მეტი დრო რომ გავიდა, ვიქორწინეთ".

ახალდაქორწინებული გიგი უგულავა და თაკო ცაგურია საქორწინო მოგზაურობაში ბულგარეთში გაემგზავრნენ. იქ თაკომ კატერზე გამობმულმა პარაშუტით იფრინა, რის გამოც გიგი ძალიან ანერვიულა.

"მთელი ბავშვობა პარაშუტით გადმოხტომაზე ვოცნებობდი. კარგა ხანს ვეხვეწებოდი გიგის, დავჯდები–მეთქი. მთელი ფირი გადაიღო, პარაშუტით ჩემი "მოგზაურობის" ყველა წამი აქვს დაფიქსირებული", – მოგვიყვა თაკო.

"ვამბობდი, გაფრინდა ჩემი მარგარიტა–მეთქი. მერე, როგორც იქნა, დაბრუნდა. დაბმული იყო და სად წავიდოდა?!" – ეს სიტყვები კი ბატონ გიგის ეკუთვნის, რომელსაც აშკარად კარგი იუმორი აქვს.

* * *

გიგი უგულავა ახლა აღარ სვამს – თანამდებობა ამის უფლებას არ აძლევს. აქვს გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა. აღიზიანებს არეულობა – რაც უნდა დაღლილი იყოს, გაშლილ სუფრას არაფრით დატოვებს, თავად აალაგებს. ბავშვები დაჰყავს საბავშვო ბაღში და ძალიან უყვარს მათთან ურთიერთობა. კვერცხის შეწვა იცის, მაგრამ სადილს ვერ გააკეთებს. თუ ცუდ ხასიათზეა, ყვირის, – ასე ახასიათებდა ქმარს წლების წინ თაკო ცაგურია.

უყვარს რისკზე წასვლა და ინტუიცია არასოდეს ღალატობს. დადიოდა წყალბურთზე და, შესაბამისად, კარგად ცურავს. თამაშობდა ფეხბურთს. თხილამურებზე დგომაც იცის, მაგრამ ერთხელ თოვლში თავით ჩაერჭო და კუდუსუნის ძვალი ისე იტკინა, მდგომარეობიდან ერთი კვირა ვერ გამოვიდა. უყვარს ფეხით სიარული და ბორდიურებზე ჯდომა. ვერ იტანს პიჯაკებს და ძლივს ისწავლა ჰალსტუხის შეკვრა. როცა პატარა იყო, დილის 6 საათზე დგებოდა და ლოცულობდა.    

გიგი უგულავას ორი ქალიშვილი ჰყავს – 9 წლის ტასო და 5 წლის თინათინი. სამი შვილი მინიმალურია ოჯახში სრული ჰარმონიისა და მხიარულებისათვისო, ამბობდა ბატონი გიგი.

* * *

გიგი უგულავას დიეტა ახლა მთელი საქართველოსთვის ცნობილია. სანამ თანამდებობის პირი გახდებოდა, წონას არ უჩიოდა. გასუქება სამეგრელოს გუბერნატორობის დროს დაიწყო. წარმოშობით მეგრელმა ჩინოსანმა ამ მხარეში მხოლოდ 6 თვე დაყო. მანამდე კი გავლით თუ იყო ნამყოფი. ზუგდიდში, ორსართულიან კეთილმოწყობილ, ეზოიან სახლში ცოლ–შვილთან ერთად ცხოვრობდა. თაკო ცაგურია პროფესიით ექიმი გახლავთ. სამეგრელოში წასვლამდე იგი თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიის განყოფილების უმცროსი ექიმი ფსიქოთერაპევტი გახლდათ. ზუგდიდში კი სხვა სამსახური იშოვა – 4 თვით ზუგდიდის ფსიქონარკოლოგიურ დისპანსერში ფსიქოლოგი გახლდათ. გუბერნატორი გიგი უგულავა სოფლებში დადიოდა და ხან ვის კარს შეაღებდა და ხან – ვისას. სტუმართმოყვარეობით განთქმული მეგრელები კი უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდებოდნენ. სამეგრელოდან დაბრუნებულმა გიგი უგულავამ "სარკეს" უამბო: "ოაზისში ვიყავი და ეს გარეგნულადაც მეტყობა. ხობის რაიონში, ძველ ხიბულაში ჩემს მეგობართან ვიყავი და იქ ისეთი ელარჯი გეახელით, მსგავსი არსად მიჭამია. ყველი იწელებოდა და სასწაული იყო!"

* * *

სამეგრელოში გამწესებულ გიგი უგულავას ოპონენტები აკრიტიკებდნენ, მეგრული არ იცის და მეგრელებთან რა უნდაო. ჰოდა, ბატონი გუბერნატორი მაშინ მეგრული ენის შესწავლას შეუდგა, თუმცა ერთ დღეს ერთი სიტყვა აეკვიატა და იქაურებს გული კინაღამ გაუხეთქა.

    "ვისწავლე სიტყვა "ორჭოფუნქ", რაც ნიშნავს "დაგაპატიმრებ". ერთ დღეს ეს სიტყვა ამეკვიატა. ხომ ხდება, როცა ადამიანს სიტყვა ან მელოდია აგეკვიატება და მთელი დღე იმას ღიღინებ. წარმომადგენლობითი თათბირი იყო და უცბად ეს სიტყვა ხმამაღლა ვთქვი. ყველა გაშეშდა. ალბათ იფიქრეს, ახლა კი დაგვაჯდა სიკვდილის ბუზი, შემოვარდება ნიღბიანი ხალხი და დაგვაპატიმრებენო. სახეებს რომ გადავხედე, ყველა გაფითრებული იყო. მივხვდი, რაც ჩავიდინე. ისე შევაშინე მეგრელები, ხალხს ლამის გულები გაუსკდა. მერე დაიწყო უხერხული სიცილი. კინოს სცენას ჰგავდა", – გაიხსენა "სარკესთან" გიგიმ.

თბილისში დაბადებულსა და გაზრდილ თაკო ცაგურიას სამეგრელოში წასვლა დიდად არ ხიბლავდა, მაგრამ მიაჩნდა, რომ ქმრის გვერდით უნდა ყოფილიყო. "არც მომსვლია აზრად, რომ შეიძლება გიგი წავიდეს და მე თბილისში დავრჩე. არც გიგის უკითხავს, თუ წამოხვალო. მითხრა, უნდა წავიდე და შენ რას ფიქრობო. ვუპასუხე, მეც მოვდივარ–მეთქი", – გვითხრა მაშინ თაკომ.

* * *

თაკოსა და გიგის შორის სხვა ქალი ჩადგა. როგორც ჩანს, გიგი უგულავას მეორე გაელვება დაემართა. ერთხელ ბატონმა გიგიმ "სარკეს" უთხრა, დაბალი და მსუქანი ქალები არ მომწონს, თანაც ისეთი სამსახური მაქვს, სულ ერთსა და იმავე ხალხთან მიწევს ურთიერთობა და ნამეტანი თვალების ცეცების საშუალება არ მაქვსო. ჰოდა, სამსახურში იპოვა კიდეც ახალი სიყვარული. მისი რჩეული, ლელა კილაძე მერიის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილეა. შესაბამისად, ხშირად უწევდა ბატონ გიგისთან კონტაქტი. ამბობენ, ლელა პირველ ქმარს გიგი უგულავას სიყვარულმა გააშორაო. იგი ერთი ვაჟის დედაა.    

ბატონი მერი და მისი რჩეული კამერების წინ ხშირად ერთად ჩნდებიან, თუმცა არც ერთი მათგანი სწყალობს პრესას. დედაქალაქის მერი კი ის პიროვნება გახლავთ, რომელზეც ნებისმიერი სახის ინფორმაცია საზოგადოებისთვის საჯარო უნდა იყოს.

* * *

    ჩვენს დედაქალაქს რომ სიმპათიური მერი ჰყავს, ამაზე არავინ დავობს. მისი მერობის დასაწყისში ამბობდნენ, ქალაქის თავი ძალიან სათნო და საყვარელი ადამიანი გახდაო. სამწუხაროდ, ახლა ჯიუტი და დაუნდობელი ჩინოსნის სახელი აქვს. მას უკავშირდება გახმაურებული ნგრევა თაბუკაშვილის ქუჩაზე და ქონების ჩამორთმევის კასკადი. იმასაც ამბობენ, ტელევიზიებს აკონტროლებს და მისი "კურთხევის" გარეშე ვერც პოლიტიკური თოქ–შოუ გავა ეთერში და ვერც რომელიმე სახე გაჭაჭანდებაო. და კიდევ – გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის შემდეგ პრეზიდენტის სავარძელს დაიკავებსო?!


რუსუდან ადვაძე
ცნობილი ადამიანები
ულოფ პალმე
ჟან რენო

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ