asdas
ცნობილი ადამიანები
რატომ ემალებოდნენ ნიკა არაბიძე და მისი მეგობრები ამერიკაში ქართველებს
მოგზაური
რატომ ემალებოდნენ ნიკა არაბიძე და მისი მეგობრები ამერიკაში ქართველებს

2014-04-11 16:26:10



შოუმენი ნიკა არაბიძე რომელ ქვეყანაშიც უნდა მოხვდეს, სახალისო თემას ყოველთვის გამოძებნის, მით უმეტეს, როცა "კომედი გრუპის" წევრებთან ერთად მოგზაურობს, რაც არცთუ იშვიათია. ახლაც, რამდენიმე დღეა, რაც ისრაელიდან დაბრუნდა და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებიც ჩამოიყოლა. ხუმრობა–ხუმრობებში საკმაო ქვეყნები მოინახულა, შტორმშიც მოჰყვა, ტურბულენციაშიც და ყველანაირი ტრანსპორტიც გამოსცადა, რაკეტის გარდა. ასე რომ, მოსაყოლი ბევრი აქვს, რაშიც ქვემოთ თავადაც დარწმუნდებით.
– ნიკა, რა სიხშირით მოგზაურობთ?
– მართალია, სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი შემოთავაზება გვაქვს, მაგრამ წასვლას ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებ. ხანდახან მაინც ვცდილობ, ქვეყნიდან ცოტა ხნით გავიდე. მოგზაურობა ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
ბოლოს ისრაელში გახლდით, რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი. საბედნიეროდ, ისრაელთან სავიზო რეჟიმი უკვე გაუქმდა, მაგრამ მე იქ ძალიან საინტერესოდ მოვხვდი.
– ანუ?
– ისრაელიდან დამირეკეს, ქართულ–ებრაულ დღეებზე უნდა ჩამოხვიდეთ, მანამდე კი საკონსულოში მიბრძანდით და ვიზა აიღეთო. მართალია, ეს საკითხი უკვე გამარტივებული იყო, მაგრამ სანახევროდ. მივედი საკონსულოში და თანამშრომლები გაფიცულები დამხვდნენ, საპროტესტო აქცია ჰქონდათ. დავრეკე ისრაელში და გადაირივნენ, უეჭველი უნდა ჩამოხვიდეო. ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფოსტით რაღაც ცნობასავით დიდი ფურცელი გადმომიგზავნეს და ამით წავედი. ვხუმრობდი, ვიზა არ მქონდა და ისრაელში დეპეშით ჩავედი–მეთქი. მესაზღვრეებმა ვიზა რომ მომთხოვეს, გადაირივნენ, ეს რა არისო! ისრაელის აეროპორტში შსს–ს განყოფილებაში შემიყვანეს, ვიზა გამიხსნეს და ისე შემიშვეს ქვეყანაში.
– პირველად იყავით ისრაელში?
– არა, მესამე ჩასვლა იყო. ისრაელში პირველად რომ ჩავედი, კბილი ამტკივდა. ჩვენმა მასპინძელმა მითხრა, ექიმთან წავიდეთ, მაგრამ აქ ისეთი ძვირია სტომატოლოგთან ვიზიტი, ქართველ ებრაელებს ორი კბილი რომ აქვთ გასაკეთებელი, იმის ფასად საქართველოში მიფრინავენ, კბილსაც იკეთებენ და ახლობლებსაც ნახულობენო. ასე რომ, წამალი დავლიე და გამიყუჩდა, თორემ შეიძლება ახლაც იქ ვყოფილიყავი ექიმის ვალების გასასტუმრებლად.
ბოლოს ისრაელში ქართულ–ებრაულ დღეებთან დაკავშირებით გახლდით, სადაც ფილმის პრეზენტაცია შედგა. ქართველი ებრაელების ცხოვრების ამსახველი ფილმი ებრაელებმა საქართველოში გადაიღეს. ფილმში თემურ წიკლაური, გია ჯაფარიძე, თიკა ფაცაცია და სხვა ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. პრეზენტაციის მერე ჩვენს ქართველ ებრაელობას კონცერტიც მოვუწყვეთ. ნამდვილად კარგი დრო გავატარეთ.
– როგორ დაგხვდნენ იქაურები?
– საერთოდ არ გვიგრძვნია, რომ საზღვარგარეთ ვიყავით. ისრაელში უამრავი ქართველი ებრაელი ცხოვრობს და საქართველო ძალიან უყვართ. ჩვენი ქვეყნიდან საზღვარგარეთ წასული ბევრი მინახავს, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არც იციან და ამაზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ ისრაელში ქართველი ებრაელების შვილები მშობლიურ ენას ფლობენ. აქედან ჩასულს რომ დაინახავენ, ყველაფრით ინტერესდებიან, რა ხდება ქუთაისში, ან კიდევ უამრავ სხვა შეკითხვას სვამენ.
ქალაქ აშდოთში დავბინავდით, სადაც ყველზე ბევრი ქართველი ცხოვრობს. კონცერტის შემდეგ ბანკეტზე ვიყავით. სასტუმროში დილის 6 საათზე მივედით. ცალი ფეხი საწოლზე დავდე თუ არა, დამირეკეს, მივდივართო და იერუსალიმში წავედით.
– იერუსალიმმა რა ემოცია დაგიტოვათ?
– ისრაელში ისეთ დროს გახლდით, არანაირი დღესასწაული არ იყო. ჩვეულებრივი სამშაბათი დღე გახლდათ, მაგრამ მაცხოვრის საფლავამდე მისასვლელად მაინც მომიწია ნახევარსაათიან რიგში დგომა. გზას, რომელიც იესომ გაიარა, შენც რომ გადიხარ საკუთარი ფეხით, ვერ გეტყვით, ეს რა ემოციაა! სანამ მაცხოვრის საფლავამდე მიხვალ, რწმენა ნაბიჯ–ნაბიჯ გეზრდება. დიდი სურვილი მაქვს, ეს ადგილი ყველა ქრისტიანმა ნახოს. ძალიან მინდა, აღდგომის დღესასწაულზე წავიდე იერუსალიმში, მაგრამ ამ დროს შეუძლებელია მაცხოვრის საფლავთან მიახლოება.
ისრაელში პირველად რომ მოვხვდი, რამდენიმე ქალაქში გავმართეთ კონცერტი. აშკელონშიც გახლდით. სასტუმროში ვიყავით დაბინავებული, ხან აუზზე და ხანაც ნომერში დიდ განცხრომაში გახლდით. მეორე დღეს გავიგე, რომ ღაზას სექტორი ამ ქალაქიდან 10 კილომეტრში იყო. ჩემი საწოლი ფანჯარასთან მივწიე, ვაიდა, დაგვიშინონ–მეთქი, გადასახტომი ხომ უნდა მქონოდა?
მოკლედ, მოგზაურობის დროს კურიოზული სიტუაცია საკმაოდ ხშირია. ვისთან ერთად მოგზაურობ, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სცენაზე თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო, ასეა მგზავრობაშიც.
– ვინ არის თქვენთვის ყველაზე კომფორტული თანამგზავრი?
– როცა "კომედი გრუპის" ბიჭები ერთად მივემგზავრებით, ყოველთვის მიხარია. სასტუმროს ნომერში მე და ალეკო მალხაზიშვილი სულ ერთად ვართ ხოლმე.
ერთხელ საბერძნეთში ვიყავით. მე დასაძინებლად ავედი ნომერში, ალეკო სუფრას შერჩა. შუაღამისას მოსულა, აივნის კარი გაუღია და დაუძინია. ნასვამს ალბათ დასცხა, თორემ გაზაფხულის პირი იყო და ღამით საკმაოდ გრილოდა. ცხოვრებაში არაფრის ხმას არ გავუღვიძებივარ. ალეკოს კბილების რაკარუკმა რომ გამომაფხიზლა, ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო. დაწოლილა და არაფერი დაუფარებია, მაგრამ საქმე ისაა, რომ სციოდა და ვერ იღვიძებდა. თვალები რომ გავახილე, მუხლები ნიკაპთან ჰქონდა მიტანილი. პლედი დავაფარე და როცა იგრძნო, ზემოდან რაღაცას აფარებდნენ, მტაცა ხელი და პლედი გამომგლიჯა. მივხვდი, რა მდგომარეობაშიც იყო. მერე ძალიან ვჯავრობდი, ეს ყველაფერი რატომ არ გადავიღე–მეთქი.
– საბერძნეთში რა დაათვალიერეთ?
– ათენში კონცერტები გავმართეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დათვალიერება ვერ მოვასწარით. ერთ საღამოს ბარ–რესტორანში წაგვიყვანეს, სადაც ბუზუკებს უკრავდნენ და მღეროდნენ. დიდი ჭამა–სმა კი არ მიდიოდა, ხალხი უფრო მეტად ერთობოდა. მიმტანები ლანგრით მიხაკებს დაარბენინებდნენ. თურმე ასეთი წესი ჰქონიათ – ვიღაცა ვიღაცისთვის მიხაკებს შეუკვეთავდა და ვისთანაც მიიტანდნენ ამ მიხაკებს, თავზე აყრიდნენ. მოვიდა ჩემთანაც მიმტანი და სახეში არ შემაყარა 10 ლანგარი მიხაკი?! ამდენი მიხაკი ერთად ბაბუაჩემის გარდაცვალების მერე არსად მინახავს. თავიდან შემეშინდა, მერე ვიფიქრე, ალბათ დაიბნა და მე გადმომაყარა–მეთქი. საჭმელ–სასმელში მიხაკები გვეყარა. რატომ გვაბალახეს, ვერ მივხვდი. საბერძნეთში ჩემი მამიდაშვილი და მეჯვარე ცხოვრობენ. 9 წელი არ მყავდა მამიდაშვილი ნანახი და ერთ ღამეს მასთან დავრჩი. მეგობარმა მითხრა, სასტუმროში აღარ წახვიდე და დილით მე წაგიყვან კონცერტზეო. დიდ მოტოციკლზე ჩაფხუტის გარეშე შემომისვა. მიქროდა და რას მიქროდა! ქარი კიდევ იმაზე უარესად ქროდა! ვეხვეწებოდი, გამიჩერე, ტაქსით ან სულაც ტროლეიბუსით წავალ–მეთქი. თვალებიდან ცრემლები ისე მდიოდა, კონცერტზე რომ მივედი, ზურგი სველი მქონდა.
– საოცნებო ქვეყანა თუ გქონიათ, რომელიც უკვე მოინახულეთ?
– რაც დავიბადე, ამერიკა მას შემდეგ მაინტერესებს. კომუნისტების პერიოდში ამერიკას აგინებდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე კი აქებდნენ. სულ მინდოდა, ამერიკის მიწაზე ფეხი დამედგა და ტიპური ამერიკელი მენახა.
2009 წელს ნიუ იორკში ქართული ეკლესია გაიხსნა და ამასთან დაკავშირებით "კომედი გრუპი" მიგვიწვიეს. მთელი დღე მიფრინავ და, რომ ჩახვალ, ისევ ის დღეა ამერიკაში. დრო აგვერია! ჩავფრინდით ნიუ იორკში და აეროპორტში სხვადასხვა ეროვნების ხალხს ჩავეზილეთ. ამერიკელი ვერავინ ვნახე! ჩავსხედით ტაქსიში და მძღოლიც სხვა ეროვნების იყო. მივედით სასტუმროში და მექსიკური ცხვირპირის ადამიანი დაგვხვდა. ნახევარი დღე გავიდა და ამერიკელს ვერ მოვკარი თვალი. სასტუმროში ვლაპარაკობდით და უკნიდან ხმა გავიგონე: "ეგი ვინ დევინახე!". ქუთაისელი აღმოჩნდა, რომელიც ნიუ იორკში სხვა შტატიდან იყო ჩასული მეგობრის დაბადების დღეზე და ისიც ჩვენს სასტუმროში დაბინავებულა. თქვენ გენაცვალეთ, როგორ მიყვარხართო, ყველას ჩაგვეხუტა და რესტორანში დაგვპატიჟა. შენი ჭირიმე, ორი დღეა გზაში ვართ, დავისვენებთ და მერე წავიდეთ–მეთქი. მეგონა, დავავიწყდებოდით, მაგრამ ერთი საათის მერე, როცა მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი, იქ არ დამხვდა?! სად ხარ ამდენი ხანი, შენ გელოდებიო. შეგვრცხვა ბიჭებს და წავყევით.
ტაქსიში ჩავსხედით, ბრუკლინში რესტორანში მივედით და რას ვხედავ! რესტორანი "ბაქო"! იქაც რუსები და აზერბაიჯანელები დამხვდნენ, ამერიკელი მაინც ვერ ვნახე. კარგად ვიქეიფეთ და დავემშვიდობეთ, მეგობრები უნდა გვენახა. მოცვივდნენ ქართველები და მათაც რესტორანში წაგვიყვანეს. ოღონდ, არ გაინტერესებთ, რესტორანს რა ერქვა?! "ფიროსმანში" გაიშალა ქართული სუფრა თავისი მწვადით, ქაბაბითა და საცივით. ვუთხარი: "ხალხი არა ხართ? საქართველოში რომ ჩავალ, რა მოვყვე, ამერიკაში ქაბაბი და ხინკალი ვჭამე–მეთქი?!". მეორე დღეს, გამთენიისას, გავეპარეთ ჩვენს ქართველებს და მეტროთი მანჰეტენის სანახავად წავედით, თან ამერიკული ჰამბურგერი ან ჰოთ დოგი გვინდოდა გვეჭამა. როგორც იქნა, ორი დღის მერე ტიპური ამერიკელი ვნახე. ჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან, არაფრით განსხვავებულები.
ამერიკაში დაახლოებით 10 დღე ვიყავით და ამ ხნის განმავლობაში დღე–ღამეში მხოლოდ 2 საათი გვეძინა, მაგრამ არ დავღლილვართ.
– მანჰეტენი მოგეწონათ?
– კი, როგორ არა, მანჰეტენზე ბინის ყიდვაც მინდოდა. ყიდვა იქით იყოს და ბინის ქირაობა თვეში 5 ათასი დოლარიდან იწყება. ნიუ იორკი რომ სხვა თემაა, ამას ამერიკელებიც ამბობენ. ვაშინგტონი უფრო დინჯია და არც ისეთი მაღალი შენობებია, როგორიც ნიუ იორკში. ვაშინგტონში ცაც ჩანს და უფრო ამერიკულია. ნიუ იორკი კი ჩამოსულების ქალაქია და სულ მოძრაობაშია, იქ მხოლოდ ცოტა ხნით თუ ვიცხოვრებდი. ბრუკლინში ბევრი რუსი ცხოვრობს და უამრავ რუსულ წარწერასაც წააწყდებით: "ვრაჩ", "აპტეკა", "იგრუშკი"...
მანჰეტენს შორიდან რომ შეხედავთ, ქალაქისგან გამოყოფილია. პირველად იქ ღამის 4 საათზე გავედით, მაგრამ ამას ვერ იგრძნობთ, ყველაფერი განათებულია და უამრავი ხალხი მოძრაობს. ნიუ იორკი თანამედროვეობის პიკია. იმ დღეს, როცა მანჰეტენზე მოვხვდით, მახლობლად კინოთეატრი იყო, სადაც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი უნდა მისულიყვნენ, მულტფილმის პრემიერა იყო და ისინი ახმოვანებდნენ. წითელ ხალიჩებს ამზადებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავრჩით, გვეჩქარებოდა. ვაშინგტონში კონცერტი და შეხვედრა გვქონდა, ამიტომ ვერც ანჯელინა ვნახეთ და ვერც პიტი.
– ამერიკაში რა შეხვედრები გქონდათ?
– ნიუ იორკში ქართული ეკლესიის გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. შეხვედრაზე სტუმრებს შორის სპორტსმენი ზაზა ფაჩულიაც ჩვენთან ერთად იყო. ქართული ღვინისა და სხვა სასმელების პრეზენტაცია გაიმართა. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა, დამოუკიდებლობის დღე ამერიკელებმაც მოგვილოცეს.
– ამერიკული სამზარეულოდან რა მოგეწონათ?
– ამერიკელები ერთ–ერთი ყველაზე მაგარი ნაციაა, რომელიც ქუჩაში ჭამს. ვერ გეტყვით, რომ მათი სამზარეულოდან რამე განსაკუთრებულად მომეწონა. მშიერი არც ერთი ქვეყნიდან არ ჩამოვსულვარ, ჩემს საჭმელს ყველგან ვპოულობ. საბერძნეთს თევზის კულტურა აქვს განვითარებული. ისე მიყვარს თევზეული, ხამსიდან დაწყებული, ვეშაპით დამთავრებული, ყველაფერს ვჭამ. ბერძნები თევზეულს განსაკუთრებულად ამზადებენ. ისრაელში რაღაცეები მომეწონა, რაღაცეები – არა. იქ ხორცი ძალიან უყვართ. ხუმუსი საწებელივითაა, რისგან მზადდება, არ ვიცი, მაგრამ ძალიან გემრიელია. იერუსალიმში, ქართულ რესტორანში, ისეთი საცივი მივირთვი, საქართველოში იშვიათად თუ მიჭამია.
– საზღვარგარეთ ქეიფსა და დროსტარებას გადაყოლილი, საყიდლებისთვის რამდენად იცლით?
– ამერიკაში რომ მიდიხარ, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რაღაც ხომ უნდა ჩამოუტანო? შოპინგი საკუთარი თავისთვისაც მიჭირს. ამ პროცესს ვიღაც თერაპიას ეძახის, ჩემთვის კი საყიდლებზე სიარული ერთთვიანი მკურნალობის კურსის ტოლფასია, თუმცა მაინც ვახერხებ და რაღაცეებს ვიძენ ხოლმე. ცოლისთვის განსაკუთრებულს ვერაფერს ვყიდულობ, საჩუქარი ჩამომაქვს მხოლოდ. მისთვის ტანსაცმლის ყიდვას ვერ ვრისკავ. ჩემი შვილი კი ისეთი თემაა, მისთვის საჩუქრების შეძენაზე უარს ვერასოდეს ვამბობ. სათამაშოების გარდა, ტანსაცმელსაც ვყიდულობ, ოღონდ იმის შიშით, რომ ზომაში არ შევცდე, ორი ზომით დიდს ვიძენ ხოლმე.
ამერიკაში ჩემთვის ბოტასებიც ვიყიდე, შარვალიც და მაისურებიც. მოლი იმხელაა, ვასო ფხაკაძე დაგვეკარგა. ბიჭები შევთანხმდით, რომ 2 საათში კონკრეტულ ადგილზე უნდა შევკრებილიყავით. შევიკრიბეთ კიდეც, მაგრამ ვასო გვაკლდა. ვიარეთ და რა ვიარეთ!.. გავიხედე და ვასო! თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ვერ მოვუძებნივართ.
– გემით გიმოგზაურიათ?
– რაკეტით არ ვარ ნამგზავრი, თორემ რით აღარ მიმოგზაურია! საშუალო ზომის გემითაც მიმგზავრია და კომეტითაც. სოჭიდან ბათუმში დაახლოებით 6 საათში უნდა ჩამოვსულიყავით, მაგრამ ისეთ ღელვაში მოვყევით, გემს ნაფოტივით ათამაშებდა და 17 საათში ძლივს ჩამოვედით. ხან თურქეთის სანაპიროზე ვჩერდებოდით, ხან – ბულგარეთის, მაგრამ არ შემშინებია. ყველა ერთად ვკვდებოდით, მარტო მე ხომ არ ვიყავი გემზე? დისკომფორტს არანაირ ტრანსპორტში განვიცდი.
– არც თვითმფრინავში?
– რაც ასაკში შევდივარ, აღარ მიყვარს ფრენა, ვაიდა, ჩამოვარდეს?! არადა თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტადაა მიჩნეული. როცა მეგობრებთან ერთად მივფრინავ, დრო საუბარში გაგვყავს. ფრენის დროს დალევა მაინცდამაინც არ მიყვარს, მირჩევნია, სტაბილურად ვიქეიფო და იქ დავლიო, ვიდრე თვითმფრინავის რყევაში. თვითმფრინავი ჩამოვარდა და მხოლოდ მე გადავრჩი–მეთქი, ასეთ ისტორიას ვერ მოგიყვებით, მაგრამ ქარში დაჯდომა და მგზავრების შეკივლებები ხშირად ყოფილა.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი სარკე 


სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522696
1522896 online