asdas
ცნობილი ადამიანები
სანდრო თვალჭრელიძე: "თუ ასე გაგრძელდა, ვერასოდეს ჩამოვიხსნით ღარიბი ქვეყნის ძონძებს"
პოზიცია
სანდრო თვალჭრელიძე: "თუ ასე გაგრძელდა, ვერასოდეს ჩამოვიხსნით ღარიბი ქვეყნის ძონძებს"

2014-09-06 16:35:45



ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს აწუხებს ეჭვები, რომ ჩვენი ქვეყანა რაღაც არასწორი ტემპით და მიმართულებით ვითარდება, არა ისეთით, როგორიც გვჭირდება და, თუ ასე გაგრძელდა, მისი პროგნოზები პესიმისტურია – 30 წელიწადში საქართველო აღარ იარსებებს. გამოსავალს ადგილობრივი მრეწველობის განვითარებაში ხედავს. ხელისუფლებას კი იმის გამო აკრიტიკებს, რომ მან დღემდე ვერ შექმნა ქვეყნის განვითარების სტრატეგია.

სანდრო თვალჭრელიძე:

– საქართველო ნელ–ნელა ვითარდება, მაგრამ არა იმ სისწრაფით, როგორიც საჭიროა. 5–6 პროცენტით ზრდა ძალიან ცოტაა. თუ გვინდა, რომ მართლა ევროპული ქვეყანა გავხდეთ, მინიმუმი, 15 პროცენტიანი ზრდაა აუცილებელი, ამას კი სჭირდება ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, რაც საქართველოში არ ხდება. ყველაფერი ადგილზე უნდა კეთდებოდეს, მხოლოდ დელიკატესები უნდა შემოდიოდეს საქართველოში.

– რა უშლის ხელს ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას?

– ბევრი რამ. როცა ვაკეთებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", ძალიან კარგია, მაგრამ როცა გრანტს აძლევ 5 ათას ლარს, ეს ძალიან ცუდია. რა წარმოება უნდა ააწყო საქართველოში 5 ათას ლარად? ამ ფასად, უკაცრავად, მაგრამ პრეზერვატივს ვერ გააკეთებ. ნორმალური წარმოება რომ განვითარდეს, მინიმუმი, 500 ათასი ლარია საჭირო, რადგან მრეწველობის მომგებიანობა არის 10–15 პროცენტი. მრეწველობას სჭირდება დენი, გაზი, წყალი ანუ თვითღირებულება მაღალია. ინვესტორები რომ მოდიან, გგონიათ, თავიანთ ფულს აბანდებენ? არა, ბანკიდან იღებენ კრედიტს და აქ აბანდებენ. ამას ქართველი მეწარმე მოკლებულია, არ აქვს წვდომა ფულთან, თორემ ჩვენ თვითონ გავაკეთებდით. პირველი, რაც უშლის ხელს, არის ფინანსური ინსტრუმენტების არარსებობა, მეორე – ეს არის განუვითარებელი კაპიტალური ბაზარი.
როგორ მოახერხა იაპონიამ განვითარება? ძალიან პატარა საბადოებით და კაპიტალური ბაზრით – ბირჟით. ჩვენთან კაპიტალური ბაზარი არ ვითარდება და ამას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს მრჩევლებს – ბარენცის ჯგუფს და მერილ ლინჩს, რომლებმაც ვითომ გააკეთეს კავკასიის ბირჟა და ძირითადი ინსტრუმენტები, რითაც მუშაობს ბირჟა, აკრძალეს. თუ ასე გაგრძელდა, ვერასოდეს ჩამოვიხსნით ღარიბი ქვეყნის ძონძებს.
გარდა ამისა, ჩვენი ბუნებრივი რესურსები შედის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და ტრადიციულად ამ სამინისტროს მმართველები არიან ახალგაზრდები, რომელთაც არანაირი ინფორმაცია აქვთ ბუნებრივი რესურსების შესახებ. შედეგად ვიღებთ მეწყერს და მსხვერპლს. საქართველო გეოლოგიურად აქტიური ქვეყანაა და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. თავის დროზე ამას მართავდა გეოლოგიის დეპარტამენტი, ვარდების რევოლუციის შემდეგ დეპარტამენტი დაშალეს და, ჩემი აზრით, ეს არის სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული. გავიდა 2 წელი და არაფერი შეცვლილა. თუ ჩვენ ბუნებრივ რესურსებს არ გამოვიყენებთ, არაფერი გამოვა.
– რა არის ის ბუნებრივი სიმდიდრეები, რაც გგონიათ, რომ ქვეყანას ძონძებს ჩამოხსნის?
– ბევრი რამეა. დავიწყოთ ნახშირით. ის, რასაც ბეჟუაშვილი აკეთებს, სასაცილოა. გვაქვს 2 საბადო და ერთი – მსოფლიო მნიშვნელობის, 400 მილიონი ტონა ნახშირია და რესურსი არის მილიარდამდე. გვაქვს ახალციხის მურა ნახშირის საბადო – 312 მილიონი ტონა, გამოუყენებელია აბსოლუტურად. ჭიათურის მანგანუმის მადნის საბადო მსოფლიოში სიდიდით არის მეორე, უკრაინული "ნიკოპოლის" შემდეგ. ეს მოვკალით, ჩავკალით, აკაკი წერეთლის მიერ დაწყებული საქმე მივანდეთ აფერისტებს. ასე არ შეიძლება.
გვაქვს რკინა, ოქრო, ასევე საუკეთესო ხარისხის საკრამიტე–სააგურე თიხები. საქართველოში აგურის 58 ქარხანა იყო. ეს ჩავანაცვლეთ იაფი თურქული აგურით. ქიმიური მრეწველობისთვის მშვენიერი ნედლეული გვაქვს – შეგვიძლია ახლავე გამოვუშვათ კაფელი, ვაწარმოოთ შპალერი, ქაღალდი, ავეჯი. მორები გაგვაქვს და ავეჯი შემოგვაქვს ინდონეზიიდან.
ტყეების ისეთივე მასივი გვაქვს, როგორიც შვეიცარიას. იქ 3,7 პროცენტია წარმოება, ჩვენთან – 4 პროცენტი. ისინი მხოლოდ გადასახადების სახით 2,5 მილიარდ დოლარს იღებენ, ჩვენ – არაფერს. ერთ გამომშრალ ფიცარს აქ ვერ იყიდი, რადგან საამქროები, რომლებიც ამას აკეთებდა, დაკეტილია. საქართველო იყო აბრეშუმის ქვეყანა. ცხვარს ვყიდით არაბეთში, იმის მაგივრად, რომ დავკრიჭოთ და მატყლი ვაწარმოოთ. საქართველო მთელ საბჭოთა არმიას ამარაგებდა მარტყლის საბნებით. ძაფის წარმოება აღარ არის. ამ ყველაფრის გაცოცხლება შეიძლება, მაგრამ ამას სჭირდება ნორმალური ეკონომიკის სამინისტრო.
– მძიმე მრეწველობის ამუშავებას დიდი თანხა სჭირდება.
– ხომ შეიქმნა 6 მილიარდიანი ფონდი? სად არის ეს ფული? რაში იხარჯება? რომელიმე პროექტი დაიწყო? მე არაფერი გამიგია, ანაკლიის პორტის გარდა. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ის არ არის ქვეყნის განვითარების ძირითადი პრიორიტეტი. ჩვენი ეკონომისტები დანაშაულს ჩადიან, როცა ამბობენ, წვრილი და საშუალო ბიზნესი უნდა განვითარდესო. ყველა უნდა განვითარდეს, მსხვილიც და წვრილიც. უნდა იყოს დიდი ქარხანა და მის გვერდით სუბკონტრაქტორები. წვრილი ბიზნესი მარტო ვერ განვითარდება, ისევე როგორც არ შეიძლება ყველაფერი თბილისში იყოს. გაფანტული უნდა იყოს ადგილობრივი რესურსების გათვალისწინებით.
ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ჰგონიათ, რომ პრემიერმინისტრი უნდა იყოს კარგი მენეჯერი. მენეჯმენტი არ არის სახელმწიფო მართვა. სახელმწიფო მართვა – ეს არის სახელმწიფოს განვითარება და ხანდახან უნდა განავითარო წამგებიანი დარგებიც კი, რომლებიც სახელმწიფოს სჭირდება, მაგალითად, თავდაცვა.
საქართველოში არსებობს რეზერვი? მაგალითად, ერთი თვე ბენზინი ვერ შემოიტანეს. რა მოხდება? ყველა მანქანა გაჩერდება. არ არის ასევე სახელმწიფო რეზერვი ფქვილის, საჭმლის. გარწმუნებთ, რომ ჩვენი ეკონომისტების უმრავლესობა ვერ შეადგენს ელემენტარულ ბიზნესგეგმას, ვერ დათვლის და გამოთვლის.
– დიდ იმედს ტურიზმზე ამყარებენ.
– ეს არის ტრაგიკული შეცდომა. რომელია ყველაზე ტურისტული ქვეყანა? პირველი არის საფრანგეთი და მეორე – ამერიკა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ამით ცხოვრობენ? პორტუგალია და ესპანეთი ცხოვრობდნენ ტურიზმით და რა დაემართათ, აგერ ხედავთ, სრულ დეფოლტში არიან. ტურიზმი არის მშვენიერი შესაძლებლობა, შეაჩვიო ხალხი შენს პროდუქციას. საფრანგეთი ტურიზმს იყენებს იმისთვის, რომ მერე მათ ქვეყანაში გაყიდოს ღვინო, ყველი, ანუ ეს არის უფასო რეკლამა, რომელსაც ფული მოაქვს. იძახიან, რომ ტურისტული ქვეყანაა მალაიზია, მაგრამ არაა ასე. იქ მთავარი ბიზნესია ნავთობის გადაზიდვა. იქ არის ყველაზე დიდი ტანკერული კომპანია. ასე რომ, ეს ყველაფერი მოჩვენებითია.
– ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რა როლს ითამაშებს ეკონომიკაში?
– ეს არის შესაძლებლობა. მაგალითად, როცა მიდიხართ ზღვაზე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ყოველდღე იბანაოთ ზღვაში, ასევე შეგიძლიათ, არ იბანაოთ, წამოწვეთ ბულვარში და წაიკითხოთ წიგნი, მაგრამ ასე ზღვას ვერ გამოიყენებთ. ჩვენ რატომღაც ძალიან გვინდა, გავყიდოთ ქართული ღვინო საფრანგეთში, რაც არასწორია, შესაძლებლობებს ადეკვატური გამოყენება სჭირდება. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ამისთვის, კეთილი ვინებოთ და, შევისწავლოთ მათი ფსიქოლოგია და ცხოვრების წესი. მათი ცხოვრების წესის ძირითადი მაჩვენებელია კანონის უზენაესობა.
როგორც შექსპირი წერდა "ჰამლეტში", რაღაც ლპება დანიის სამეფოში, რაღაც ყარსო, მეც მეჩვენება, რომ რაღაც იქით არ მივდივარ, სადაც საჭიროა და თუ ასე გაგრძელდა, 30 წელიწადში საქართველო არ იარსებებს.
– ძალიან პესიმისტური განაცხადია!
– სახელმწიფო მაშინ არის სახელმწიფო, როცა არსებობს კარგი სიმბიოზი თაობებს შორის. ჩვენ კი თაობებს ხაზი გადავუსვით. ჯერ ზვიად გამსახურდიამ წითელ ინტელიგენციად მონათლა, მერე სააკაშვილმა "ჩარეცხა", ახლაც იგივე ხდება. რატომღაც მთავრობაში გამოცდილ, 60 წელს გადაცილებულ ადამიანს ვერ ვხედავ. კარგია, რომ 31 წლის პრემიერი გყავს, მაგრამ მას მრჩეველი უნდა ჰყავდეს გამოცდილი და ბრძენი, მაგრამ მრჩევლებიც მათი ასაკისანი არიან.
რატომ არის 88 წლის ბჟეზინსკი ობამას მრჩეველი? აქ ასეთები არ არიან? არის გელა ჩარკვაინი, არის ირაკლი მენაღარიშვილი... რატომ მათ არ ვეკითხებით რჩევას? ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ინჟინრები, რომლებიც ადრე ქარხნის დირექტორები იყვნენ. რატომ გავრიყეთ ისინი? მერე რა, რომ მაშინ პარტკომები იყო? რა, მართლა სჯეროდათ კომუნისტური წყობის?! ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ საბჭოში ვიყავი და ვუყურებდი, რა რჩევებს აძლევდნენ. კიდევ კარგი, რომ ამ რჩევებს ყურს არ უგდებდა.
ბუნებრივი რესურსების საუკეთესი სპეციალისტი ვარ მსოფლიოში, ჩემს წიგნს, რომელიც ამერიკაში გამოდის, 44 უნივერსიტეტი ასწავლის, მათ შორის – ჰარვარდი, მაგრამ ჩვენს მთავრობაში ვინმემ იყიდა ეს წიგნი? ჩემი ყველაზე ახალგაზრდა ასპირანტი 55 წლისაა. სანამ ცოცხალი ვარ, გამომიყენე, მერე კი ჩამოვა ვიღაც ამერიკელი და დაიწყებს რჩევების მოცემას.
– პოლიტიკა რამდენად აისახება ეკონომიკაზე?
– გარდა ყვირილისა ტელევიზორში, არაფერი ხდება. პოლიტიკური სიტუაცია ახლა წყნარი და სტაბილურია, არ არის გადატრიალების არანაირი ნიშანი, ყველა შტოში არის "ქართული ოცნება" და, კეთილი ინებონ და, განავითარონ ქვეყანა. თუ არადა 2 წლის მერე ხმას არავინ მისცემს და მოვა კოალიციური მთავრობა. ნაცმოძრაობა არ მოვა, მაგრამ კოალიცია დაიშლება და ისევ დაიწყება კინკლაობა. ქვეყანა კი ძალიან სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ითხოვს.  

მანანა გეგია, ჟურნალი სარკე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522656
1522856 online