asdas
ცნობილი ადამიანები
ფერნანდო მორიენტესი წავიდა
ფერნანდო მორიენტესი წავიდა
ფერნანდო მორიენტესი წავიდა

2010-09-10 10:23:57



სათამაშო კარიერის დასრულების თაობაზე 2010 წლის 31 აგვისტოს განცხადება გააკეთა მე–20 საუკუნისა და 21–ე საუკუნის დასაწყისის ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ერთ–ერთმა ყველაზე შესანიშნავმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა. "მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს".

ფერნანდო მორიენტესი დასავლეთ ესპანეთის პატარა ქალაქ კასერესში დაიბადა. მამამისი პოლიციის ერთ–ერთი ქვედანაყოფის, ჟანდარმერიის თანამშრომელი იყო და სამსახურის გამო მისი ოჯახი ხშირად იძულებული იყო საცხოვრებელი ადგილი გამოეცვალა. როდესაც ფერნანდო ხუთი წლის იყო, ისინი ტოლედოს გარეუბანში, სონსეკში დასახლდნენ. სწორედ იქ დაიწყო პირველად ბურთის თამაში და სწორედ იქ ჰქონდა საწვრთნელი ბაზა მის პირველ გუნდს. როგორც თავად მორიენტესი ამბობს, გვარდიელის შვილის სტატუსი აიძულებდა მას მცირე ასაკიდან მკაცრი დისციპლინა დაეცვა, რაც შემდეგ დაეხმარა როგორც ფეხბურთში, ისე ცხოვრების სხვა ასპექტებშიც. როგორც ეს ხშირად ხდება, თავიდან მშობლები შვილის არჩევანს მოწონებით არ შეხვედრიან და მუდმივად ურჩევდნენ, სწავლისთვის დაეთმო მეტი ყურადღება. ფერნანდო ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყო, ალბათ, ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებდა და სამხედრო განათლებას მიიღებდა.

ფერნანდო სამოყვარულო დონეზე თამაშს მანამდე აგრძელებდა, სანამ "ალბასეტეს" სკაუტებმა არ მიაქციეს ყურადღება. იმ მომენტიდან მისი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ უფრო სერიოზული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან ქალაქში გადასვლის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ახალ ადგილზე ადაპტაცია და ცხოვრების ახალ სტილთან შეგუება საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლაში მას დისციპლინის მიმართ სწრაფვა დაეხმარა, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა ჩანერგილი. სწორედ "ალბასეტეში" შედგა მორიენტესის დებიუტი უძლიერესთა კლასში. ეს 1993 წლის 7 ნოემბერს მოხდა, როდესაც 17 წლის იყო. "ალბასეტე" – "ტენერიფეს" მატჩში ფერნანდო შეცვლაზე შევიდა მოედანზე ალეხანდროს ნაცვლად. იმ დროს გუნდს, რომელმაც არაერთი ვარსკვლავი გაუზარდა ესპანურ ფეხბურთს, ბენიტო ფლორო ხელმძღვანელობდა. იმ სეზონში მორიენტესმა მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო 17 წლის ფეხბურთელისთვის.

1995 წელს შედგა ფერნანდოს გადასვლა "ალბასეტედან" "სარაგოსაში", სადაც იგი ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მაშინ "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი იყო და მისი ხელმძღვანელობით მორიენტესი უკეთ ათამაშდა და 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა. გუნდმა ჩემპიონატი მე–13 ადგილზე დაასრულა და სამეფო თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

"სარაგოსაში" წარმატებულმა თამაშმა ფერნანდოს საერთაშორისო დონეზე თამაშის საშუალება მისცა. მან 21 წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლის შემადგენლობაშიც წარმატებას მიაღწია ბარსელონაში 1996 წელს გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე. ამას მოჰყვა ოლიმპიურ ნაკრებში გამოძახება, რომელმაც ატლანტაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. გუნდი დე ლა პენიასა და რაულთან ერთად დაკომპლექტებული იყო ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც იყვნენ მენდიეტა, კარანკა, დანი, ლარდინი, ოსკარი და რობერტო. ესპანელებს გამარჯვების დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ისინი მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ არგენტინის ნაკრებთან 0:4 დამარცხდნენ.

1996–97 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "სარაგოსადან" წავიდა მისი მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი. კლუბი ვერ აჩვენებდა ვერც კარგ თამაშს, ვერც კარგ შედეგს, რომელსაც გუნდისგან მოელოდნენ ევროპაში ორი წლის წინანდელი წარმატების შემდეგ. მორიენტესმა ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა და ამით ოდნავ გააუმჯობესა წინა სეზონის საკუთარი შედეგი. ფორვარდის თამაშმა შთაბეჭდილება მოახდინა ფაბიო კაპელოზე და მან მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა დაითანხმა, ფერნანდოში 1 მილიონი პესეტი გადაეხადა.

მადრიდის "რეალში" თავის პირველივე სეზონში მორიენტესმა 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მაგრამ მაშინ სამეფო კლუბს სათავეში იუპ ჰაინესი ედგა. გერმანელი სპეციალისტი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე რიგრიგობით ათამაშებდა მორიენტესსა და შუკერს, ხოლო მოედნის სიღრმიდან მათ ეხმარებოდნენ რაული, მიატოვიჩი და სხვა პარტნიორები. პრიმერაში გუნდი დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა და ამიტომ მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა. "რეალს" ერთი მიზანი ჰქონდა: ტიტულის მოგება, რომელიც კლუბს 1966 წლის შემდეგ აღარ მოეგო. გუნდის მოთამაშეები განსხვავებული განწყობით ემზადებოდნენ ჩემპიონთა ლიგისა და ქვეყნის ჩემპიონატის მატჩებისთვის. ამ ტურნირში მორიენტესმა თავი 4 გოლის გატანით გამოიჩინა, ხოლო ზოგიერთი მათგანი მეტად მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად, ლევერკუზენის "ბაიერთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩებში გაიტანა. ძალისხმევას უქმად არ ჩაუვლია. ფინალში ტურინის "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ სამეფო კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი მოიგო. 1998 წლის 20 მაისი სამუდამოდ დარჩება მოთამაშეთა ხსოვნაში, ისევე, როგორც ყველა მადრიდელი გულშემატკივრის მეხსიერებაში. მორიენტესი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ უამრავი სხვადასხვა პრიზი მოუგია, მაგრამ ის გამარჯვება ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მისთვის. სხვათა შორის, რაულიც ამასვე ამბობდა.

ამ წარმატებამდე კი, 1998 წლის 25 მარტს შედგა ფერნანდოს დებიუტი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. მაშინ ესპანელები საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ და ამხანაგურ შეხვედრაში შვედეთის ნაკრებს 4:0 სძლიეს. მორიენტესი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და მაშინვე ორი გოლით აღნიშნა საკუთარი დებიუტი. მან გოლები მე–2 და მე–6 წუთებზე გაიტანა. თუმცა, თავად მუნდიალზე მორიენტესს, ისევე, როგორც მთლიანად ესპანეთის ნაკრებს, დიდი იმედგაცრუება ელოდა, გუნდმა უბრალოდ ჯგუფიდან გასვლაც კი ვერ მოახერხა.

შემდეგ სეზონში ფერნანდომ 19 გოლით ისახელა თავი, მან რაულთან ერთად შესანიშნავი შემტევი დუეტი შექმნა. ამის მიუხედავად, კლუბმა ვერც ერთ ფრონტზე შეძლო წარმატების მიღწევა, თუ საკონტინენტთაშორისო თასს არ ჩავთვლით. იმ სეზონში გუნდში ტოშაკის მოსვლამდე მორიენტესს გუნდის ხელმძღვანელებთან გაუგებრობის გამო არცთუ ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა. ბრიტანელმა სპეციალისტმა კი თავდამსხმელის ტალანტის სრულად წარმოჩენა მოახერხა. 1999–2000 წლების სეზონში კლუბმა აქცენტი კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გააკეთა და ამისთვის მსხვერპლად სამეფო თასის და ქვეყნის ჩემპიონატის გაღება მოუხდა. საზაფხულო არდადაგების დროს გუნდმა ნიკოლა ანელკა შეიძინა და პრესაში სულ უფრო გახშირდა ინფორმაციები მორიენტესის "რეალიდან" წასვლის თაობაზე, მაგრამ ფრანგი ლეგიონერის არასაკმარისი აქტიურობისა და შედეგიანობის გამო, "ბლანკოს" ხელმძღვანელობა დარწმუნდა იმაში, რომ ფერნანდო გუნდში უნდა დაეტოვებინა. მან პრიმერაში 12 გოლი გაიტანა, იმის მიუხედავად, რომ არც ისე ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონთა ლიგაში კი "რეალს" მორიგი წარმატება ელოდა. მთელი რიგი მატჩების ფანტასტიურ დონეზე ჩატარების შემდეგ სამეფო კლუბს ტურინის ფინალში "ვალენსია" დაუპირისპირდა. თამაში მორიენტესის გოლით დაიწყო, რომელმაც "რეალს" თამაშის გაკონტროლების საშუალება მისცა და ანგარიშიც თანდათან იზრდებოდა. თავისი გოლი კი თავდამსხმელმა ფერნანდო იეროს მიუძღვნა, რომელმაც ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე უწინასწარმეტყველა გოლის გატანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ მორიენტესს ნაკრებში მიწვევის იმედი ჰქონდა, რომელიც ევრო 2000–ზე იღებდა მონაწილეობას, მაგრამ კამაჩომ გადაწყვიტა, რომ გუნდში ურსაისისა და ალფონსოს ყოფნაც საკმარის იყო და ამიტომ ფერნანდო შემადგენლობაში არ შეიყვანა.

2000–01 წლების სეზონის წინ სამეფო კლუბში პრეზიდენტი შეიცვალა. ეს ადგილი ფლორენტინო პერესმა დაიკავა და დაიწყო "გალაქტიკოს" ეპოქა. ხმაურიანი ტრანსფერები ერთმანეთს ენაცვლებოდა. პერესს ყველაზე მეტად პრიმერას მოგება სურდა და მას ეს გამოუვიდა. შემდეგ სეზონში "რეალმა" ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ზაფხულში გუნდში ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდო მოვიდა. მას შემდეგ მორიენტესისთვის ვითარება შეიცვალა.

2002–03 წლების სეზონში ფერნანდომ მხოლოდ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2003 წლის ზაფხულში ბლანკოსმა იგი იჯარით გაანათხოვრა "მონაკოში". ახალ გუნდში ფორვარდმა სწრაფად გაიარა ადაპტაციის პერიოდი და მისი ერთ–ერთი ლიდერი გახდა. მორიენტესმა თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში ბევრ მატჩში ითამაშა და ბევრი გოლიც გაიტანა, მათ შორის "რეალის" კარში ჩემპიონთა ლიგის მატჩში. მან კლუბთან ერთად ტურნირის ფინალამდეც კი მიაღწია, სადაც "მონაკო" "პორტუსთან" დამარცხდა. ამასთან, სწორედ ფერნანდო გახდა იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ამავე დროს იგი ყოველ ხელსაყრელ მომენტში იმეორებდა, რომ "რეალში" დაბრუნება სურდა, თუმცა ამ სურვილს ასრულება არ ეწერა და 2004 წელს მორიენტესი "ლივერპულში" გადავიდა. ნისლიან ალბიონზე მან გარკვეული დროის მანძილზე ითამაშა, მაგრამ შემდეგ ისევ ესპანეთში დაბრუნდა, როგორც "ვალენსიას" ფეხბურთელი. ახალ გუნდში მას დრო უქმად არ დაუკარგავს და ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში სტუმრად ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" ჰეთთრიკი გაიფორმა და კიდევ სამი გოლი გაიტანა პრიმერას პირველ სამ შეხვედრაში. ამ გუნდის შემადგენლობაში მოიგო ისეთი პრიზი, როგორიც ესპანეთის სამეფო თასია, რომელიც ასე ძალიან აკლიათ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს.

პირველი გოლი

– ჩემი პირველი გოლი უმაღლეს დივიზიონში, "ალბასეტეში" თამაშის ჩემს მეორე სეზონში გავიტანე. ეს იყო "რასინგთან" მატჩში, რომელიც 1994 წლის 23 ოქტომბერს "კარლოს ბელიონტეს" სტადიონზე გაიმართა და რომელიც 2:0 დასრულდა ჩვენ სასარგებლოდ.

პირველი მატჩი "რეალ მადრიდში"

– ჩემი პირველი მატჩი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში "სალამანკასთან" ჩავატარე. ჩვენ იქ მას შემდეგ ჩავედით, რაც საკუთარ მოედანზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" ფრედ დავასრულეთ შეხვედრა. იმ მატჩში ორი გოლი გავიტანე, ასე რომ, უკეთესი დებიუტი წარმოუდგენელია. მეორე ტაიმში ჰეინესმა ხაიმეთი შემცვალა.

ყველაზე ცუდი მატჩი

– ყველაზე დიდი იმედგაცრუება 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უკავშირდება. ეს იყო მატჩი ბულგარელებთან, რომელთაც ჩვენ 6:1 ვძლიეთ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარის ჯგუფიდან გასასვლელად. ნამდვილი იმედგაცრუება... პარადოქსი: ჩვენ 6:1 გავიმარჯვეთ, იმედგაცრუება კი უზარმაზარი იყო!

ჩემი საუკეთესო გოლი

– ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს მიერ გატანილ გოლს "ვალენსიას" კარში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში. ეს იყო ჩვენს მიერ გატანილი სამი გოლიდან პირველი, მნივშნელოვანი მოვლენა ასეთი რანგის თამაშებში. ეს გოლი მიჩელ სალგადოს წყალობით გავიტანე და მას ყოველთვის გავიხსენებ. შეიძლება ის არ არის ყველაზე ლამაზი გოლი ჩემს კარიერაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – ყოველგვარი ეჭვის გარეშე!

ლიტერატურული ჟანრი

– დეტექტივებისა და სათავგადასავლო რომანების კითხვას ვანიჭებ უპირატესობას. ჩემი საყვარელი წიგნი სერვანტესის "დონ კიხოტია". ეს საუკეთესო წიგნია მათ შორის, რაც კი წამიკითხავს.

სპორტი

– ფეხბურთის გარდა ძალიან მომწონს ველორბოლები და მძლეოსნობა.

2009 წელს ფერნანდო მორიენტესი თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგულ კლუბ "ოლიმპიკში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაში ერთი სეზონი ითამაშა, რის შემდეგაც გადაწყვიტა კარიერა დაასრულოს და თავისუფალი დრო საკუთარ ოჯახს მიუძღვნას.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რაული
კავშირი ტეგთან: რაული
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523680
1523880 online