asdas
ცნობილი ადამიანები
სახლი მთაზე (ნაწილი IV)
სახლი მთაზე (ნაწილი IV)
სახლი მთაზე (ნაწილი IV)

2009-11-05 10:41:47



ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი V
ნაწილი VI
ნაწილი IV
ჯ. პ. ფილიპსი
ირიჟრაჟა. შეშინებული ტრუდი ისევ პიტერის გვერდით იჯდა. თავის ერთადერთ მხსნელად ახლა მას ეს ხეიბარი ჟურნალისტიღა მიაჩნდა. პიტერი ქალიშვილს მიაჩერდა და წარმოთქვა:
– ადგომა უნდა ვცადო. არ მინდა, შენმა მეგობრებმა კიბეზე ჩამათრიონ.
– მოგეხმარები, – შესთავაზა ტრუდიმ.
– მე თვითონ. შენ შეგიძლია კრამერთან ჩახვიდე და მოახსენო, რომ მის სამხედრო საბჭოს აუცილებლად დავესწრები. ტრუდის იქ ყოფნა ბოჭავდა პიტერს. ბავშვობიდან არ უყვარდა, როცა ვინმე მისი სისუსტის მოწმე ხდებოდა.
– თან გაიგე, იარაღს სად ინახავენ. ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.
– შევეცდები, – ტრუდი წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მარტო დარჩენილი პიტერი იდაყვებს დაეყრდნო, წამოიწია და მარცხენა ფეხი ძირს გადმოსწია. თვალთ დაუბნელდა, ისეთი ტკივილი იგრძნო, მაგრამ საკუთარ თავს გაუძალიანდა და ცალ ფეხზე წამომდგარმა ასკინკილით სააბაზანოს მიაშურა. სარკეში არც ჩაუხედავს, სახე ისე ჩამოიბანა, მერე ხელ–პირი პირსახოცით გაიმშრალა. თავი მხნედ იგრძნო. გახეული პიჯაკის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა, მერე ჯიბეში სანთებელა მოძებნა და გააბოლა.
– პიტერ, სად ხარ? – მოესმა ამ დროს ტრუდის ხმა. ჟურნალისტი შემობრუნდა და ასკინკილით საძინებლისკენ გასწია, სადაც მას ჟღალთმიანი ქალიშვილი ელოდა.
– კარგად მოგიხერხებია, – შენიშნა ტრუდიმ, როცა პიტერი საწოლზე ჩამოჯდა და შარვლის მარჯვენა ტოტი ფეხზე მიიმაგრა.
– თოფებზე თუ გაიგე რამე?
– ჯერ არა. შენი მოხმარება დამავალეს, მაგრამ მგონი, არც გჭირდება.
– წავედით, – პიტერი ცალ ფეხზე წამოდგა. ტრუდი დერეფანში გავიდა. პიტერიც ასკინკილით გამოედევნა. როცა ფართო კიბეს მიუახლოვდნენ, ქალიშვილი შემოტრიალდა:
– მოგეხმარო?
– არა. კიბე რომ ჩაიარეს, პიტერს ჯერემი შემოეგება:
– როგორ ხარ?
– შესანიშნავად.
– მე კი აქ სიურპრიზი მოგიმზადე, – ჯერემი კიბის უკან შევიდა და იქიდან ინვალიდის ეტლი გამოაგორა. კმაყოფილი ჟურნალისტი მაშინვე შიგ მოკალათდა, ჯერემიმ კი მუხლებზე პლედი მიაფარა.
– დიდი მადლობა, – პიტერმა გაღიმება სცადა.
– ეგ არაფერი, – მიუგო მოხუცმა, – ახლავე სამზარეულოში შეგაგორებთ. სამზარეულოში თბილოდა და ყავის სუნი იდგა. ემილი ღუმელთან ფუსფუსებდა, დანარჩენები კი მაგიდას მისხდომოდნენ და საუზმობდნენ. ლინდა ოფიციანტის როლს ასრულებდა.
– ლინდა, – მიმართა მას კრამერმა, – ინვალიდს საუზმე მოუტანე, ემანდ, მშიერი არ დაგვრჩეს. ლინდამ პიტერს საჭმელი მიუტანა, მერე კი მის გვერდით ჩამოჯდა:
– გუშინდელისთვის მაპატიეთ...
– ბუნებრივი რეაქცია იყო, – მიუგო პიტერმა და მისკენ შებრუნდა, – თუ გეძინათ მაინც?
– მე და ემილი ჯორჯთან ვმორიგეობდით რიგრიგობით.
– როგორაა?
– ჯერ ისევ ცოცხალია.
ანაზდად კრამერის ხმა გაისმა:
– ყურადღება! მთელი ღამე სახლის სახურავზე გავატარე. ეს მთა საახალწლო ნაძვის ხეს ჰგავს, იმდენი ხალხია შესეული. ასე რომ, ვიდრე ლინდას ძებნა გრძელდება, აქედან ფეხსაც ვერ მოვიცვლით.
– თოფები საკმარისი გვაქვს, – შენიშნა ბენ მარტინმა.
– ბენ, თუ ჩემი არ გჯერა, შეგიძლია დიუკი და ჯეიკი წაიყვანო და დამოუკიდებლად შეებრძოლო მათ. მე თქვენ ვერაფერს გიბრძანებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გადარჩენის შანსი ამჟამად არ გვაქვს. თუ აქ დავრჩებით, ეს შემოსეულები ოდესმე ხომ წავლენ? ამის გაგებაში ჯერემი დაგვეხმარება, ასევე კვებაში, რაც ალბათ ყველასთვის გასაგებია. ცუდი იქნება, თუ აქ რომელიმე მაძიებელი შემოეხეტა. მასა და სტაილზს შორის ის განსხვავებაა, რომ სტაილზს არავინ ეძებს და შეიძლება ბარჩესტერიდან წასულიც ეგონოთ. რაც შეეხება ჯერემის, ის ქალაქში უნდა გამოჩნდეს რეგულარულად, ამ სახლზე ეჭვი რომ არავინ აიღოს.
– მთაზე კიდევ რამდენ ხანს დარჩებიან? – იკითხა დიუკმა. კრამერმა ჯერემის შეხედა:
– თქვენ როგორ ფიქრობთ, მოხუცო?
– ჩემი აზრით, ბარჩესტერის მცხოვრებლებმა ჯორჯი მანიაკად ჩათვალეს, რომელმაც ლინდა გააუპატიურა, მერე მოკლა და სადღაც ტყეში მიაგდო, ამიტომ მისი გვამის ძიება კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რაც წესიერი ხალხისგან მოულოდნელი არც არის.
– ასეც ვიცოდი, – თავი დააქნია კრამერმა.
– ტყე კი ათას აკრამდე იქნება, – დაასრულა ჯერემიმ.
– მაგრამ თქვენ მათ თავგზა უნდა აუბნიოთ, – თქვა კრამერმა, – თუ საჭირო იქნა, ჩვენ აქ პირველ თოვლამდე დავრჩებით.
– და საბოლოოდ დავიცოფებით, – დაამატა ტელიცკიმ. კრამერმა ლინდას შეხედა:
– როცა დრო გვექნება, გავერთობით კიდეც. ახლა კი, ჯერემი, დროა, ქალაქში წახვიდეთ.
– ჯერ მაღაზიები დაკეტილია, – შენიშნა მოხუცმა.
– ცუდი არ იქნება, ადრე თუ მიხვალთ და გაიკითხ–გამოიკითხავთ, რა ხდება. თქვით, რომ ლინდა თვალითაც არ გინახავთ. აგრეთვე გაიგეთ, სტაილზსაც თუ ეძებენ. გასაგებია?
– გასაგებია.
– რაც შეეხებათ დანარჩენებს, სახლიდან არ გახვიდეთ. ჯერემი სამ საათზე ადრე არ დაბრუნდება, მანამდე კი ერთად უნდა იყოთ სამზარეულოში. შენ კი, ჯეიკ, სტაილზს ხელი არ ახლო.
– არადა, ხელები მექავება, – დაიღრინა ტელიცკიმ.
– ვიცი, მაგრამ თავი შეიკავე, – დაარიგა კრამერმა, – ჯერემის წასვლის მერე მალე მეც წავალ და მის მოსვლას ტყის პირას დაველოდები, კარგად რომ გავჩხრიკო. თუ სროლის ხმა მოგესმათ, ამათ რაც გინდათ, ის უქენით, მერე კი აქედან მოუსვით.
– კრამერ, მე თქვენს ადგილზე სხვებზე აღარ ვიზრუნებდი და საკუთარ ტყავს გადავარჩენდი, – შენიშნა პიტერმა.
– საინტერესო იდეაა, – გაიღიმა კრამერმა.
– თქვენს ძმაკაცებს რომ ჭკუა ჰქონდეთ, აქედან მარტოს არც გაგიშვებდნენ. ტელიცკი კ.კ.–ს მიაჩერდა:
– ამაზე რას იტყვი?
– თუ ვინმეს ჩემთან წამოსვლა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ, – ცივად გაიღიმა კრამერმა,
– აქ დარჩენილებს ორი კაცი სავსებით ეყოფა.
– უკეთესი იქნება, თუ შენთან ერთად ორი წამოვა, – შენიშნა ბენ მარტინმა.
– თუნდაც ასე იყოს, – გაეცინა კრამერს.
პიტერს ბოლო იდეა განსაკუთრებით მოეწონა. თუ მხოლოდ ერთი დარაჯი ეყოლებათ, იქნებ რამე მოახერხონ? კრამერი ტრუდის მიუბრუნდა:
– შენ ჯორჯთან დარჩი.
– მე რა, მისი მომვლელი ვარ? – შეუღრინა ჟღალთმიანმა.
– შეიძლება გონს მოვიდეს და ყვირილი ატეხოს. ვინმე გარეშემ რომ გაიგონოს, ხომ ხვდები, რაც მოხდება?
– ჯობია, ემილი დაუჯდეს, – გაჯიუტდა ტრუდი, – ავადმყოფების მოვლა მან ჩემზე უკეთესად იცის.
– ემილი აქ იქნება, თოფდამიზნებული. ეს გარანტიაა ჯერემის დასაბრუნებლად. მოხუცმა კუთხის კარადიდან ორი დიდი ჩანთა გამოიღო და ემილის მიუახლოვდა:
– მე დავბრუნდები, ძვირფასო.
– ვიცი, – ქალი მის სახეს შეეხო, კარგა ხნის მოუპარსავს.
– შენ თუ რამე მოგივა... – დაიწყო აღელვებული ხმით, მაგრამ ქალმა გააწყვეტინა:
– დაწყნარდი, საყვარელო, ჩვენ დაგელოდებით. მამაკაცი ქალს მოეხვია და ტუჩებზე ეამბორა, მერე კრამერს მიუბრუნდა:
– თუ რამეს უზამთ, ღმერთი დაგსჯით, თუ არადა...
– შენ რა, საფლავიდან წამოდგომას აპირებ? – ჩაიქირქილა კრამერმა, მერე დანარჩენებს გადახედა, – აბა, წავედით. გარეთ გასული კრამერი და მარტინი ჯერემის ძველი შევროლეს კაბინის უკანა მხარეს ჩაცუცქდნენ – აქ ისინი შეუმჩნეველი დარჩებოდნენ, მერე კი, ტყის პირას მანქანიდან გადავიდოდნენ და გზას ფეხით გააგრძელებდნენ.
* * *
ის იყო, შევროლეს ხმა მიწყდა, რომ ტელიცკი პიტერს მიუბრუნდა და ისე მიაშტერდა, თითქოს გაგლეჯას უპირებსო.
– ტრუდი, ჯორჯთან წადი, – უბრძანა დიუკ ლონგმა ჟღალთმიანს.
– მისმინე, დიუკ, არ მინდა, მთელი დღე მიცვალებულთან ვიჯდე.
– რაკი კ.კ.–მ გითხრა, უნდა წახვიდე.
– მაშინ... ჯერ ყავას დავლევ.
– კარგი. დაისხი და ჯორჯისკენ მოუსვი.
ტრუდი ღუმელთან მივიდა.
– ხელს დაგწვავს, – გააფრთხილა ემილიმ.
ტრუდიმ მაინც მოახერხა ფინჯანში ყავის დასხმა და ჩაიბუზღუნა:
– არ მესმის, იმ იდიოტთან გამუდმებით მე რატომ უნდა ვიჯდე?
– რომ გეუბნები, წადი! – დაუყვირა დიუკმა.
როცა ტრუდი სამზარეულოდან გავიდა, დიუკი დარჩენილ ტყვეებს მიუბრუნდა:
– წყნარად იჯექით და არაფერი მოგივათ.
– დიუკ, ხომ არ დაგავიწყდა, ცალფეხა რომ ჩემია? – გამოსცრა ტელიცკიმ, მერე კი ლონგთან ერთად მაგიდის მეორე ბოლოში გადაჯდა.
პიტერმა ლინდას შეხედა. ქალიშვილი თავისი პროფილით ანტიკურ ქანდაკებას ჰგავდა: სწორი ცხვირი, ზომიერი შუბლი, გამომეტყველება, ნაცრისფერი თვალები. ის კი საბრალო, ცალფეხა ხეიბარი იყო.
– საწყალი ჯერემი, – ჩამოწოლილი სიჩუმე ემილიმ დაარღვია, – მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, ახლა კი? ვინ იფიქრებდა, ასეთი მწარე სიბერე თუ ელოდა? ისე, მე რომ არ ვყავდე, რამეს მოიფიქრებდა.
– მაინც რას? – შეეკითხა ლინდა.
– არ ვიცი, მე კი მას არჩევანის საშუალება წავართვი.
– მშურს თქვენი.
– მართლა?
– თქვენ ისე გიყვართ ერთმანეთი.
– თქვენ არავინ გყვარებიათ? – შეეკითხა ემილი.
– ის ვიეტნამში დაიღუპა.
– კიდევ კარგი, თორემ ახლა ხომ თქვენი დარდი მოკლავდა. ჯერემი ჩემზე დარდობს, თავის თავზე კი არა.
– ემილი, თქვენ ისეთი მშვიდი ხართ...
ქალმა ბანდიტებისკენ გაიხედა:
– აბა, ეს ნაძირლები გავახარო? ისინი ხომ ჩვენს სიკვდილს ელოდებიან? არ ვიცი, დღევანდელ ახალგაზრდობას რა სჭირს. არავითარი მორალი, არავითარი ღირსება, თითქოს ყველაფერი დაკარგეს.
– ემილი, – ჩაერთო მათ საუბარში პიტერი, – როცა თქვენ პარიზში მენატურე იყავით, ალბათ უფროსები მაშინაც იგივე კითხვებს სვამდნენ, სად დაიკარგა ამ ახალგაზრდების ზნეობაო.
– ჩვენ არაფერს ვაშავებდით, – თავი გააქნია ემილიმ, – უბრალოდ, გვიყვარდა ერთმანეთი. ჯერემი ისეთი კაცი იყო, ჭიანჭველასაც არ დაადგამდა ფეხს. დღეს კი რა ხდება? ახალგაზრდობას მხოლოდ გარყვნილება და ძალადობა აინტერესებს. ისინი ადამიანებს ცოცხლად წვავენ და ამით სიამოვნებას იღებენ.
– მორჩით მანდ ლაყბობას! – ისროლა ტელიცკიმ.
– ბიჭიკო, შენ მე ვერ მასწავლი, რა ვთქვა და რა არა, – გაეპასუხა ემილი.
– მოკეტე–მეთქი!
– მე კი გავჩუმდები, მაგრამ ამით რა შეიცვლება? ადრე თქვენნაირები მეცოდებოდნენ, ალბათ უპატრონოდ გაიზარდნენ და ასეთები იმიტომ გამოვიდნენ–მეთქი. თურმე არა. ბევრი ობოლი გამიგია, კეთილშობილ კაცად რომ ქცეულა. ისე კი, საერთოდაც გაფუჭდა ხალხი. ალბათ წარღვნაა კარს მომდგარი, მერე კი ყველაფერი თავიდან დაიწყება.
– ამ წარღვნას წყალბადის ბომბი ჰქვია, – ჩაურთო პიტერმა, ემილიმ კი განაგრძო:
– ბიჭებო, ასეთები, როგორებიც ხართ, მე თქვენ არ მეცოდებით. აქ, ამ მთაზე მოკვდებით თუ სადმე სხვაგან, გაზის კამერაში, თქვენს სულებს ღმერთს არ შევავედრებ! – პათეტიკურად დაასრულა ემილიმ.
– ბრავო! – დიუკმა ტაში შემოჰკრა, – დედილო, თქვენი ადგილი სცენაზეა და არა სამზარეულოში. თქვენი მონოლოგი ნებისმიერ ვოდევილს დაამშვენებდა.
– რას ეღადავები! – შეუღრინა ამფსონს ტელიცკიმ, – როცა დრო მოვა, მაგასაც მოვუგრეხთ კისერს.
– ბიჭი, იქნებ შენ მოგეყოლა შენი მძიმე ბავშვობის შესახებ? – ცეცხლზე ნავთი გადაასხა პიტერმა.
– თქვენ... თქვენ... – ენა დაება ტელიცკის, – მხოლოდ ლაქლაქი იცით! მითხარით, რომელმა სცადეთ სხვების გაჭირვების შემსუბუქება? თქვენ თქვენს ნაჭუჭში ხართ გამოკეტილი და იქიდან გვირჩევთ საქმეს! ჩვენ უკვე მოგვბეზრდა ასეთი ცხოვრება, გასაგებია? მე რომ ის ბომბი მქონდეს, კარგად ვიცი, რასაც ვიზამდი! ტელიცკი სკამიდან წამოხტა. პიტერმა იფიქრა, ახლა გვცემსო, მაგრამ გიგანტმა მაგიდაზე დადებულ თავის თოფს დასტაცა ხელი, ფანჯარასთან მივიდა და ბოლთის ცემა დაიწყო.
სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა. პიტერმა საათს შეხედა. კრამერი და მარტინი უკვე ტყეში იქნებოდნენ, ჯერემი კი ბარჩესტერში.
ამათთან გონება არ გაჭრიდა, ამიტომ ძალისთვის ძალით უნდა გეპასუხა, მაგრამ როგორ?
* * *
მილი დასვრილ ჭურჭელს რეცხავდა, პიტერი კი აღფრთოვანებული ადევნებდა თვალს – ეს ქალი უშიშარი იყო, მას მხოლოდ ჯერემი ადარდებდა.
– არასოდეს მიფიქრია, რა არის გამბედაობა, – დაიჩურჩულა ლინდამ, – ზოგს ის აქვს, ზოგს არა.
– ჯერ არ ვიცით, წინ რა გველოდება, – შენიშნა პიტერმა.
– ეს უარესია, – თქვა ლინდამ, – ადამიანი ნებისმიერ ტანჯვას აიტანს, თუ იცის, რომ ამ ტანჯვას შვება მოჰყვება.
– ეს რელიგიის პოზიციაა. ჯოჯოხეთი დედამიწაზეა, სამოთხე კი იმქვეყნად.
– ვთქვათ, ამ ყველაფერს გადავიტან, – ლინდას ხმა ოდნავ გაუძლიერდა, – შევძლებ კი ჩემთან ისეთი წესიერი კაცის მოშვებას, როგორიც...
– არ გინდათ, – შეაწყვეტინა პიტერმა.
– წიგნებსა და ფილმებში გამოსავალი ყოველთვის არსებობს. საწამლავი, დანა ან კიდევ სხვა რამ.
– ან ბოლო წამს შემოჭრილი მაშველები, – დაამატა პიტერმა.
– მართლა შემოიჭრებიან?
– არა მგონია.
– ო, ღმერთო! რა გვეშველება მაშინ?
– მაგაზე ნუ ფიქრობთ.
– აბა, რა ვქნათ? ბერნარდ შოუს პიესები გავარჩიოთ თუ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა გავაკრიტიკოთ? მე ხომ ბავშვი აღარ ვარ, პიტერ?
ჟურნალისტმა ცერად გახედა ლონგს. ის თვალს არ აცილებდა მოსაუბრეთ, ტელიცკი კი ისევ ბოლთას სცემდა, თითქოს ჯერემის დაბრუნება ეჩქარებაო, რომელიც სულ ერთი საათის წასული იყო.
– მახსოვს, ბავშვობაში გოგოები ვარჩევდით, რას ვიზამდით, თუ რომელიმე ბიჭი თავს დაგვესხმებოდა, – განაგრძო ლინდამ, – ეს მხოლოდ ვარაუდები იყო, გუშინ კი, ცხადში, მართლა საშინელება გადავიტანე.
– თუ გინდათ, მომიყევით, – შესთავაზა პიტერმა.
– ჯორჯი ნამდვილი გიჟია!
– მაგრამ თქვენ მას არ დანებდით.
– მე მხოლოდ ვლოცულობდი. სხვა რა შემეძლო?
– ქალაქში არ იციან, რა როგორ მოხდა.
– ღამით, ორის ნახევარზე, რაღაც ხმამ გამაღვიძა და პერანგისამარა საწოლიდან წამოვდექი. მერე ქვევით ჩასვლა გადავწყვიტე, რაც არაერთხელ მიქნია. აბა, რას ვიფიქრებდი, თუ იქ უცნობი მამაკაცი დამხვდებოდა? მოკლედ, ფეხშიშველი და პერანგისამარა ქვევით ჩავედი და მაღაზიის დარბაზში რომ შევედი, ვიტრინასთან ჩრდილი შევნიშნე, რომელიც მაშინვე გაქრა. პიტერ, ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბუნებით მშიშარა არ ვარ.
– ეჭვი არ მეპარება.
– ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, კარი გამოვაღე და ზღურბლზე მდგარმა ის ტიპი დავინახე. ცხადია, შევკრთი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და შევეკითხე: "აქ რა გინდათ?", თან თოფიც შევნიშნე იქვე დაგდებული. "უკაცრავად, მის, – მომიგო თავაზიანად, – ის გიტარა მინდა, ვიტრინაში რომ გაქვთ გამოდებული". "თუ გიტარა გაინტერესებთ, ხვალ მოდით, მაღაზია როცა გაიღება". მან მაჯაში მტაცა ხელი, თვალები კი გიჟივით უელავდა. უკვე შეშინებულმა სწრაფად ვუთხარი: "ხელი გამიშვით და გიტარა წაიღეთ, თუ ასე გინდათ". "თქვენც ჩემთან წამოდით", – თითქმის დამორცხვებით შემომთავაზა მან. "აბა, რას ამბობთ?" – შევეკითხე გაკვირვებით. "ჰო, წამოდით, ძალიან გთხოვთ", – ახლა უკვე მივხვდი, საქმე რომ შეშლილთან მქონდა და ჭკუით უნდა მოვქცეულიყავი. "ასე შიშველი?" "ჰო, ჰო, – შესძახა მან, – ასე უფრო მშვენიერი ხართ". პანიკაატანილმა შეცდომა დავუშვი და თავის გათავისუფლება ვცადე, მან კი, როგორც ჩანს, კისერში მუშტი ჩამცხო და გონება დამაკარგვინა. როცა გონს მოვედი, მაღალ ბალახებში ვიწექი, ის კი გვერდით მეჯდა და ხელს მისვამდა. მაშინვე ვიყვირე და წამოვიწიე, მან კი ერთი ხელი პირზე ამაფარა, მეორეთი კი მიწას მიმაკრა. "ნუ გეშინიათ, ცუდს არაფერს გიზამთ. ჩვენ ნაზად გვეყვარება ერთმანეთი. რა გქვიათ?". თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. ქალაქიდან ნამდვილად შორს ვიყავით, თითქმის მთის ძირში, მისი თოფი და გიტარა კი იქვე ეგდო, ბალახებში.
– სახელი უთხარით?
– აბა, რა მექნა? მერე დავამატე, ჩემი გატაცებისთვის ციხე რომ ელოდა, თანაც დიდი ხნით, მაგრამ ის ისეთი შეშლილი მზერით დამცქეროდა, მგონი, არც არაფერი გაუგია ჩემი ნათქვამიდან. "მაღლა, მთაზე, მეგობრები მყავს, – ჩამჩურჩულებდა შეშლილი, – ჩვენ იქ მარტონი ვიქნებით და ბედნიერები". "არსადაც არ წამოვალ. ჯერ ხომ უნდა ჩავიცვა". "არა, – გაჯიუტდა ის, – ან თქვენი ნებით წამოხვალთ, ან ძალით წაგათრევთ". ძალაც აღარ მქონდა, რამე რომ მეთქვა. მან კი წელზე თოკი მომაბა, მეორე ბოლო თავად დაიმაგრა წელზე და ასე ამომათრია ამ სახლამდე. არა, ჯერ ჩემით მოვყვებოდი, მერე კი ღონე გამომელია და ის მიმათრევდა.
– ლინდა, იცით, ამ დროს რომ ვიღაცამ დაგინახათ? – შეეკითხა პიტერი.
ქალიშვილს თვალები დაუმრგვალდა:
– დაგვინახა? ვინ დაგვინახა?
– აქაური ბიჭია, მაიკ მილერი, თავის შეყვარებულთან ერთად მჯდარა ბუჩქებში.
– მოლი დონაჰიუსთან ერთად?
– თქვენ საიდან იცით?
– ეს ვინ არ არის.
– დაგინახეს, როგორ მიგათრევდნენ მთისკენ.
– ო, ღმერთო! ეს რომ...
– ბიჭს სინდისმა მხოლოდ ნაშუადღევს შეაწუხა და საუტვორტთანაც მაშინ მივიდა. – მაიკმა თუ დამინახა, რატომ არ დამეხმარა?
– ჯერ ერთი, ჯორჯის თოფის შეეშინდათ, მერე კიდევ, მოლის მამის აღშფოთების.
– წარმოუდგენელია!
– მაგრამ ფაქტია.
– ისე, სწორად მოქცეულან, – თქვა ლინდამ მცირე ხნის შემდეგ, – ჯორჯი მათ მოკლავდა.
– ხმაური რომ აეტეხათ, ჯორჯს შეიძლება თქვენც მოეკალით, ახლა კი ცოცხალი ხართ და საუბარიც შეგიძლიათ, – ოდნავ გაიღიმა პიტერმა, – ახლა მთავარი აქედან გაღწევაა, ოღონდ როგორ, ვერ ვხვდები.
– ვერც მე, – თავი გააქნია ლინდამ.
– აქ მოყვანის შემდეგ რა მოხდა?
– ჯერემის და ემილის დანახვაზე თვალებს არ დავუჯერე. მე ხომ მათ დიდი ხანია ვიცნობდი და ჯერემის რამდენიმე ტილოც კი გავუყიდე. თავიდან იმედი მომეცა, მერე კი მივხვდი, ისინიც რომ ჩემსავით ტყვეები იყვნენ. კრამერი ჯორჯს გაუბრაზდა, რადგან ძებნას დამიწყებდნენ და შეიძლებოდა ამ ბანდასაც წაწყდომოდნენ. "მე თავად დავბან", – შეუღრინა ჯორჯმა ემილის, რომელმაც ჩემი დაბანა მოინდომა. ამაზე კრამერმა ჩაიცინა: "ბიჭი მამაკაცი ხდება". მე კი შიშისაგან აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა. შველას ჯერემის ვეხვეწებოდი, მაგრამ, თავად უმწეოს, ჩემთვის რა უნდა ეშველა? რამე რომც ეღონა, თოფმომარჯვებული ბენი ემილის სიცოცხლეს გამოასალმებდა.
ლინდამ ამოიოხრა, მერე კი განაგრძო:
– მე, ასე ვთქვათ, ჯორჯის პერსონალური ტყვე ვიყავი და იმანაც თავის ოთახში ამიყვანა, რომელსაც სააბაზანო ესაზღვრება. ჯორჯმა საწორზე დამაწვინა, მერე კი სველი პირსახოცი მოიტანა და თავიდან ფეხებამდე გამწმინდა. თან ჩამჩურჩულებდა: "ხომ ხედავთ, რა კარგად გექცევით? მე თქვენ მიყვარხართ და მინდა, თქვენც შემიყვაროთ. მუსიკა გიყვართ?" "მიყვარს", – მივუგე ნაძალადევად, რამე ხომ უნდა მეპასუხა? ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მან კომოდიდან გიტარა გადმოიღო, სკამზე ჩამოჯდა და ამღერდა. ძველი სიმღერები იყო – "მოლი მელონი", "ბლუთეილ ფლაი" და რაღაც ამგვარები. ის მე მიმღეროდა, პიტერ, და ჩემს მოხიბვლას ცდილობდა! ბოლოს, ეტყობა, დაიღალა, გიტარა კომოდზე შემოდო და საწოლზე ჩამომიჯდა. "კარგად ვმღერი?" "ძალიან. მე მომეწონა", – ვცდილობდი, რაღაცეები მეთქვა და ამით დრო გამეწელა, დრო, რომელიც კარგს არაფერს მიქადდა. შემდეგ ის წამოდგა, ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. მე კი ღმერთს ვეხვეწებოდი, აღარ დაბრუნებულიყო, მაგრამ მალე დაბრუნდა, ოღონდ არა ხელცარიელი – თან საღებავები, პომადა, რაღაც ლაქები და ფუნჯები მოიტანა. "თუ თქვენ არ მოგწონვართ, სხვას მოვეწონები", – ჩაილაპარაკა და სახის დახატვა დამიწყო. "გიჟია", – გავიფიქრე გულში და მის საქმიანობას არც შევწინააღმდეგებივარ, რადგან ამას აზრი არ ჰქონდა. როცა ჩემს ხატვას მორჩა, ლოგინიდან წამომაგდო და სააბაზანოში შემიყვანა. იქ დიდი სარკე ეკიდა და იმაში ჩამახედა. "ხომ ლამაზი ხართ, ჰა? ხომ მოგწონთ თქვენი თავი?" – მეკითხებოდა თან, მე კი ნამდვილ ეშმაკს ვგავდი. მერე უკან, ოთახში შემათრია და საწოლზე დამაგდო. თვალები დავხუჭე და საშინელების მოლოდინში გავილურსე. ამ დროს კარზე ბრახუნი ატყდა და ტელიცკის ხმაც გაისმა: "ჯორჯ, კრამერი გეძახით". ჯორჯმა კარი გააღო და შემოსულს უთხრა: "ეს გოგო წაიყვანე, მეც მალე მოვალ". უკვე ზღურბლზე მდგარმა უკან მივიხედე და რას ვხედავ, ჯორჯი საწოლზე დამხობილიყო და ბავშვივით ქვითინებდა. აი, ჩემი ამბავი. ლინდას ნაამბობმა დაღალა პიტერი. უეცრად კარის ღიობში ტრუდი გამოჩნდა: – ჯორჯი გონს მოდის, იქნებ ვინმემ...
სათქმელი ვეღარ დაამთავრა, მის უკან ისეთი შეყვირების ხმა გაისმა. ეს ჯორჯი იყო და ტკივილი აყვირებდა.
– ემილი, – მიუბრუნდა პიტერი ქალს, – რამე ტკივილგამაყუჩებელი ხომ არ გაქვთ? ემილიმ უარის ნიშნად თავი გააქნია. ჯორჯმა ისევ დაიყვირა.
– ზედმეტი ხმაური არ გვჭირდება, – ისროლა დიუკმა და თოფი შეათამაშა, – იქნებ მაგ ბიჭს ამ ბებერმა მიხედოს? – და ემილის შეხედა.
ლინდა წამოდგა და გარეთ გასულ ემილის თან მიჰყვა, ტრუდი კი სამზარეულოში დარჩა.
– მგონი, აციებს, – თქვა მან, – თან ლინდა, ლინდაო, გაიძახის.
– შეყვარებულია, – ჩაიცინა ტელიცკიმ, მერე კი მოიღუშა, – არ მომწონს ეს ყველაფერი. კ.კ. რომ მართლა აგვეთესოს, რა ვქნათ?
– ბენს ვერ გაექცევა, – შენიშნა ტრუდიმ და დაამატა, – ყველას თოფები გაქვთ, მე კი არა. თავი როგორ დავიცვა? ახლავე მომეცით!
ტელიცკის გაეცინა:
– მერე სროლა იცი?

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522504
1522704 online