asdas
ცნობილი ადამიანები
ქართველებმა ბაქოში ივარგეს
ქართველებმა ბაქოში ივარგეს
ქართველებმა ბაქოში ივარგეს

2009-10-23 14:31:43



მირან ტოტიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო ტურნირი მოილა და არცთუ ურიგოდ, თუმცა ესაა, ამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი ბევრმა ცნობილმა ძიუდოისტმა თქვა და ამდენად, იქ წარმატების მიღწევა რთული იყო, მაგრამ არც იმდენად ძნელი, როგორც ამის შესახებ ბაქოში წასვლის წინ ძიუდოს ფედერაცია და ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებდა.
დღე პირველი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს მსოფლიოს თასზე პირველ სამ წონით კატეგორიაში სამი მედლის მოპოვება მოახერხა. ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა აზერბაიჯანულ საერთაშორისო ტურნირზე გაფართოებული შემადგენლობა იახლა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს წონის ლიდერების არაერთი კანდიდატი აკლდა, წარმატებული გამოსვლა მაინც მოსალოდნელი იყო.
ბაქოს ტატამზე გასვლა ტიტულოვანი ძიუდოისტებიდან თითქმის არავინ ისურვა. 14 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა და აზერბაიჯანელთა შემდეგ, ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი ქართველებს ჰყავდათ.
პირველ დღეს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა და ამ სამ წონაში, ჯამში, კიმონო 43–მა სპორტსმენმა მოირგო, მათგან 9 საქართველოს ნაკრების წევრი იყო.
ტოტიკაშვილის გუნდიდან ყველაზე შედეგიანად ზაზა კედელაშვილი გაისარჯა. ევროპის 3–გზის ჩემპიონმა 73 კილოგრამში იჭიდავა და საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა – ისრაელის ნაკრების წევრ იოსებ პალელაშვილს გაფრთხილებით აჯობა, პოლონელ მიხალ კუბინიეცს 2 წუთში მოუმთავრა საქმე, ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოჭიდავე იური ომაძეს ვაზარი და იუკო აუღო, ფინალში კი დავით კუპრაშვილს დაუპირისპირდა და იპონით სძლია.
კუპრაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პოლონელ ადამ ბრიზს, აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვსა და იაპონელ ჰიროიუკი აკიმოტოს სამ–სამი წუთი აკმარა, ნახევარფინალში კი მიხეილ ხომიზურს იუკოს სანაცვლოდ ვაზარი აუღო. ხომიზური რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს ფინალამდეც მივიდა, მაგრამ იქ უკრაინელ დმიტრო შერეტოვთან ვერას გახდა და მსოფლიოს თასი მეხუთე ადგილით დაასრულა. ამავე წონაში ტატამზე ლაშა გუმბერიძეც გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში ომაძესთან დამარცხდა და მას შემდეგ, რაც საჩემპიონო გზაზე ომაძეც შეაჩერეს, დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვის შანსიც დაკარგა.
60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა. მეორე წრე კი უკვე მეოთხედფინალი იყო, რადგან უმსუბუქეს წონაში მხოლოდ 11 ძიუდოისტი მოგროვდა (ისევე, როგორც 66 კილოგრამში). ოქროს მედალზე ფიქრი ქართველმა საწყის ბრძოლაშივე დაასრულა მასპინძელ ვუგარ შირინლისთან წმინდად წაგებით. ამ აზერბაიჯანელმა პირველი ხმაურიანი გამარჯვება პირველსავე შეხვედრაში იზეიმა ლეგენდარულ იაპონელთან, ტადაჰირო ნომურასთან. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ტატამზე დაბრუნება წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ წარუმატებელი გამოდგა.
პაპინაშვილმა კი რეპეშაჟში უკრაინელი ოლეკსეი პოლტავცევი და თანაგუნდელი სოსო ნიჟარაძე იპონებით ჩამოიცილა. ამ უკანასკნელმა ძირითად ბადეში პაპინაშვილზე მეტი შეძლო, აზერბაიჯანელი რაშიდ შამიზადას ძლევით ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, მაგრამ იქ რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძესთან აღარაფერი გამოუვიდა და დამამშვიდებელ ფინალზე გადაერთო.
66 კილოგრამში სანდრო იაკობაშვილი, გიორგი ფერსაშვილი და ლევან ჩუბინიძე დარჩნენ უმედლოდ. იაკობაშვილმა და ფერსაშვილმა ჩემპიონობის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს, შემდეგ კი რეპეშაჟის გადამწყვეტი ბრძოლებიც წააგეს და მეხუთე ადგილები გაინაწილეს. ჩუბინიძე პირველსავე წრეში დამარცხდა.
პირველი დღის საერთო შედეგით, ქართული გუნდი გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩება. მესამე–მეხუთე პოზიციებზე კი რუსეთი, უკრაინა და საფრანგეთი დგანან.
60 კგ
1.რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
2.ვუგარ შირინლი (აზერბაიჯანი)
3.ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3.ანატოლი ლასკუტა (უკრაინა)
66 კგ
1.ტარიან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
2.სარხან ახმადოვი (აზერბაიჯანი)
3.იორდან ამორო (საფრანგეთი)
3.ვოლოდიმირ როგალსკი (უკრაინა)
73 კგ
1.ზაზა კედელაშვილი (საქართველო)
2.დავით კუპრაშვილი (საქართველო)
3.ჰიროიუკი აკიმოტო (იაპონია)
3.დმიტრო შერეტოვი (უკრაინა)
მეორე დღე
ბაქოს მსოფლიოს თასი 81, 90, 100 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მედლების გათამაშებით დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა კი პირველი დღის შედეგი გააუმჯობესა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი შეინარჩუნა.
ამირან ტოტიკაშვილის გუნდიდან ყველაზე შედეგიანად მძიმეწონოსანმა ლაშა გუჯეჯიანმა იჭიდავა. ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივეში იპონით იმარჯვა და ჩემპიონი გახდა. ამავე წონაში ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
90 კილოგრამშიც ორი ქართველი ავიდა კვარცხლბეკზე. გრიგოლ მამრიკიშვილი მხოლოდ ფინალში დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა, მინდია ბოდაველი კი მესამეზე გავიდა.
100 კილოგრამში ლევან ჟორჟოლიანმა მოირგო კიმონო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვიჩა ხუციშვილი (81 კგ), საბა გავაშელიშვილი (90 კგ) და ზვიად გოგოჭური (90 კგ) სამეულს მიღმა დარჩნენ.
8 მედლის (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) მომპოვებელი საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 5–მედლიან (3 ოქრო, 2 ვერცხლი) აზერბაიჯანს ჩამორჩა. შემდგომ პოზიციებზე კი რუსეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, იაპონია, თურქეთი და ბელორუსი გადანაწილდნენ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ამირან პაპინაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522592
1522792 online