asdas
ცნობილი ადამიანები
ფაჩულიას სენსაცია
ფაჩულიას სენსაცია
ფაჩულიას სენსაცია

2010-12-14 15:27:17



"მაიამი ჰითი" საკუთარ "ამერიკან ეირლაინზის" პარკეტზე "ატლანტა ჰოუქსს" კარგ გუნება–განწყობაზე დაუხვდა. ფლორიდელებმა ბოლო ხანს თამაშს უმატეს, რაც შედეგზეც აისახა – ფლორიდელებმა ზედიზედ 3 მატჩი მოიგეს. შედეგის გაუმჯობესება დიდწილად ტყორცნათა გაუმჯობესებამ გამოიწვია. რეგულარული პირველობის ბოლო 4 მატჩში მაიამელთა მიერ განხორციელებულ ტყორცნათა (იგულისხმება 2 და 3–ქულიანი მცდელობები) რეალიზაციის პროცენტმა 50–ს გადააჭარბა, რაც მიმდინარე სეზონში მაღალი მაჩვენებელია. ატლანტელებს კი გუშინდელ შეხვედრაში იდაყვტრავმირებული ჯო ჯონსონი აკლდათ, რაც "ქორებს" დამატებით სირთულეს უქმნიდა.

"ჰოუქსისთვის" ასპარეზობა იღბლიანად დაიწყო, მაიკ ბიბიმ პერიმეტრს მიღმიდან ზუსტად ისროლა, მაგრამ, ეტყობა, ატლანტელთა უკანახაზელის სამქულიანმა ფლორიდელთა სუპერტრიო გააღიზიანა და უეიდ–ჯეიმს–ბოშის სამეულმა ზედიზედ მოათავსეს ბურთი სტუმართა კალათში. პირველი პერიოდი "მაიამიმ" 26:15 მოიგო, "ჰითის" მხრიდანკი ქულები მხოლოდ ჩვენს მიერ ჩამოთვლილმა გუნდის წამყვანმა კალათბურთელებმა დააგროვეს. პირველის მსგავსად, მეორე მეოთხედიც ატლანტელთა ზუსტი სროლით დაიწყო, რამაც ჯორჯიელებს უკეთესი თამაშის სტიმული მისცა. ისინი მოწინააღმდეგეს მიუახლოვდნენ, მაგრამ პერიოდის მიწურულს მასპინძლებმა საკუთარ თამაშს კვლავ მიაგნეს და დიდ შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპითაც გავიდნენ. იმ მომენტში ძნელი წარმოსადგენი იყო, მესამე 12 წუთიანი მონაკვეთიდან მოვლენები დრამატულად რომ განვითარდებოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ატლანტელთა დომინიკელი მეფარის, ალ ჰორფორდის სოლიდური თამაშია.

მესამე პერიოდში მან 12 ქულას მოუყარა თავი, როცა ამავე მონაკვეთში ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ აქტივს ქულაც ვერ შემატა. შედეგად, დასკვნითი მეოთხედის წინ ფლორიდელთა უპირატესობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა. მეოთხე პერიოდში (პირველის მსგავსად) "ამერიკან ეირლაინზის" საკალათბურთო პარკეტზე კვლავინდებურად მხოლოდ "ჰითის" სუპერტრიო ბრწყინავდა. დუეინს, კრისსა და ლებრონს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდათ – ისინი ფარიდან ბურთსაც ხსნიდნენ, სწრაფ გარღვევებსაც ახორციელებდნენ და რაც მთავარია, ზედიზედ ათავსებდნენ ბურთს ატლანტელთა კალათში.

ასპარეზობის მიწურულს გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული იყო და მაიამელთა ლიდერებმა მაყურებელზე თამაშიც დაიწყეს – ეფექტურ კომბინაციებს ძირითადად ჩატენვით აგვირგვინებდნენ.

– ჩვენი გუნდის რეალური ძალა მეოთხე პერიოდში გამოჩნდა. მე, ბოში და უეიდი მივხვდით, სინქრონულად როგორ უნდა გვემოქმედა. ამან მაყურებელსაც სიამოვნება მიანიჭა, ჩვენც საკუთარი ასპარეზობით ვისიამოვნეთ და რაც მთავარია, "ჰითმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვა, – განაცხადა მატჩის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა.

მოგეხსენებათ, წინა მატჩი ფლორიდელებმა კლივლენდში ჩაატარეს, სადაც ლამის მშობლიურ "კავალიერზს" ჯეიმსი (ლებრონი ამ გუნდში 17 წლისა, დრაფტის შემდეგ მოხვდა) დაუპირისპირდა. კლივლენდელი მაყურებელი თავის ყოფილ კერპს საკმაოდ მტრულად შეხვდა, ამასთან, ჯეიმსს ურთიერთობა კავალიერზელ მოთამაშეებთანაც დაეძაბა. თუმცა, ლებრონმა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო.

– გაზეთებში დაიწერა, თითქოს ჩემი და დენიელ გიბსონის მეგობრობა მას შემდეგ დასრულდა, რაც კლივლენდიდან მაიამიში წავედი. ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ ამის თაობაზე მათ თავად გიბსონმა აუწყა. ეს სიცრუეა. ამ დილით ტელეფონით ვესაუბრე დენიელს და მან დამიდასტურა, რომ ამგვარი რამ არავისთან წამოსცდენია და კვლავინდებურად მეგობრები ვართ. რაც შეეხება კლივლენდელ მაყურებელს, მათი მხრიდან ცივი დახვედრა მოსალოდნელი იყო, – დასძინა ლებრონ ჯეიმსმა.

ზაზა ფაჩულიას თამაშს რაც შეეხება, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა 5 წუთისა და 22 წამის სათამაშო დროის განმავლობაში მოწინააღმდეგის კალათს სამჯერ შეუტია და სამივე ორქულიანი გაფუჭა. ზაზას აქტივში ერთადერთი მოხსნაა.

მაიამი – ატლანტა 89:77

(26:15, 24:21, 13:25, 26:16)

მაიამი: სასტარტო: ბოში (27ქ, 10მ), უეიდი (26ქ, 10მ), ლებრონ ჯეიმსი (22ქ, 7მ), აროიო (2ქ), ილგაუსკასი. შემცვლელები: ჩალმერსი (9ქ), ჯონსი (3ქ), ჰოვარდი, ენტონი, დამპიერი.

ატლანტა: სასტარტო: ჰორფორდი (22ქ, 9მ), სმიტი (11ქ), ბიბი (10ქ, 6პ), უილიამსი (5ქ), ევანსი (4ქ). შემცვლელები: კროუფორდი (12ქ), პაუელი (12ქ), კოლინზი (1ქ), ტიგი, უილკინსი, ფაჩულია.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის უმთავრესი სენსაცია ორლანდოს "ემვეი სენთერში" დაფიქსირდა, სადაც ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსი" ჩავიდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ყოფილ გუნდს 80:74 სძლია. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიელებს ფლორიდელეთან ბოლო 12 მატჩიდან 11 წაგებული ჰქონდათ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კი "მეჯიქი" ვერც ერთხელ დაემარცხებინათ, ასე რომ, აღნიშნულ გამარჯვებას ჰოუქსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს გასულ სეზონში, აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი–ოფში გადაეყარნენ და მაშინ დუაიტ ჰოვარდმა და კომპანიამ მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს. "ორლანდომ" ატლანტელებს 4:0 მოუგო და ახლა, როდესაც ჯორჯიელებს რევანშის შანსი მიეცათ, იგი ბოლომდე გამოიყენეს.

"ჰოუქსი" ფლორიდაში მთავარი სნაიპერისა და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის, ჯო ჯონსონის გარეშე ჩავიდა, თუმცა პრობლემები არც მასპინძლებს აკლდათ. სტენ ვან განდის მიერ დარიგებულ გუნდს ბოლო ორი თამაშის ჩატარება დუაიტ ჰოვარდის, ჯამირ ნელსონის, მიკაელ პიეტრუსისა და ჯეი ჯეი რედიკის გარეშე მოუხდა და ატლანტელებთან დაპირისპირების წინაც უცნობი გახლდათ, ორლანდოელთა ლიდერები მოედანზე გასვლას შეძლებდნენ თუ არა. საბოლოოდ, თამაშში ჩართვა ყველა ტრავმირებულმა შეძლო გარდა ნელსონისა, ამდენად, ძირითადი გამთამაშებლის შეცვლა კრის დიუჰონსა და ჯეისონ უილიამსს მოუხდათ.

მატჩი ნაკლებშედეგიანი და აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა. თამაშის დასაწყისში ატლანტელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და მის შენარჩუნებას პირველი მეოთხედის მიწურულამდე ახერხებდნენ, თუმცა ამ დროს, რედიკის მონდომების ხარჯზე, მასპინძლებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს. სტუმრებმა მეორე სპურტი დასკვნით მეოთხედში მოაწყვეს, როდესაც ერთი მონაკვეთი 8:0 მოიგეს. შედეგად, საფინალო სირენამდე 2:45 წუთით ადრე "ჰოუქსი" 71:62 დაწინაურდა. "მეჯიქი" ბურთის ჩაგდებას თითქმის 4 წუთი ვერ ახერხებდა და ისეთი პირი უჩანდა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა რაშარდ ლუისის სამქულიანმა და ვინს კარტერის ორმა რეიდმა ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა და ატლანტელ ქომაგებსაც სანერვიულო მიეცათ. მოგეხსენებათ, "ჰოუქსისთვის" მძიმე ჟამს გადამწყვეტი ტყორცნის უფლებას ჯონსონი იღებს ხოლმე, მის არყოფნაში კი საინტერესო გახლდათ, სტუმართა სამწვრთნელო შტაბი რას მოიმოქმედებდა.

ჯორჯიელებს ბევრი არ უფიქრიათ და შეტევის განკარგვა გამოცდილ მაიკ ბიბის მიანდეს. ამ უკანასკნელმა კრის დიუჰონის წინააღმდეგობა არად ჩააგდო და თამაშის დასრულებამდე 26 წამით ადრე რთული სამქულიანი ჩააგდო, რითიც ფლორიდელებს ყველანაირი იმედი გადაუწურა.

– ჩვენ სათანადო დონეზე ზედიზედ სამი წუთიც კი არ გვითამაშია, ამდენად, შედეგი ლოგიკური გახლდათ, – შეხვედრის შემდეგ "ორლანდოს" თავკაცი სტენ ვან განდი აშკარად გაწბილებული იყო.

ხსენებულმა ბიბიმ 13 ქულას 7 პასი დაამატა, ატლანტელთა სხვა ლიდერებს – ჯოშ სმიტსა და ალ ჰორფორდს კი მოედანი ორმაგი დუბლის გარეშე არ დაუტოვებიათ. პირველმა 19 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მეორემ 16 ქულა და 10 მოხსნა.

ზაზა ფაჩულიამ 12:30 წუთი ითამაშა და 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ზაზამ ორქულიანი არაზუსტად სტყორცნა, ერთხელ მას დაუფარეს, მსაჯებს კი 4 პერსონალური ფოლი დასტყუა.

ნბა–ს გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში "ოკლაჰომა სიტის" მცველი რასელ უესტბრუკი, დასავლეთში კი "ნიუ იორკის" ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი დასახელდნენ. ოთხ მატჩში უესტბრუკის საშუალო მონაგარმა 25.5 ქულა, 10.0 პასი და 7.5 მოხსნა შეადგინა, ხოლო სტაუდმაიერი საშუალოდ 33.3 ქულასა და 11.7 მოხსნას აგროვებდა. სათქმელია ისიც, რომ ამარემ სამი მატჩიდან ორში ორმაგი დუბლი მიითვალა.

ორლანდო – ატლანტა 74:80

(19:19, 15:17, 19:18, 21:26)

ორლანდო: კარტერი (18 ქ. 8 მ.), ჰოვარდი (14 ქ. 13 მ.), ლუისი (10 ქ.), დიუჰონი (7 ქ.), რიჩარდსონი; რედიკი (11 ქ.), ბასი (10 ქ. 7 მ.), უილიამსი (2 ქ.), გორტატი (2 ქ.), პიეტრუსი.

ატლანტა: სმიტი (19 ქ. 13 მ. 4 დ.), ჰორფორდი (16 ქ. 10 მ.), ბიბი (13 ქ. 7 პ.), კოლინზი (4 ქ.), უილიამსი (2 ქ.); კროუფორდი (15 ქ.), პაუელი (8 ქ.), უილკინსი (2 ქ.), ტომასი (1 ქ.), ევანსი, ფაჩულია.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსს" საუკეთესო სნაიპერის, ჯო ჯონსონის გამოკლება სასიკეთოდ წაადგა. მოგეხსენებათ, ჯომ ხელი დაიშავა და მის მოედანზე გამოჩენას მიმდინარე წელს არ უნდა ველოდოთ, თუმცა ჯორჯიელებს აღნიშნული საერთოდ არ დატყობიათ. ლარი დრიუს მიერ დარიგებულმა გუნდმა ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი დაიბრუნა.

"ჰოუქსმა" სეზონში მე–15 გამარჯვება მშობლიურ "ფილიპს არენაზე" გაიფორმა, სადაც კონფერენციის აუტსაიდერი "ნიუ ჯერსი ნეთსი" მიიღო და 14 273 მაყურებლის თვალწინ მეტოქე 116:101 დაამარცხა.

შეხვედრა ატლანტელთა ფორვარდის, ჯოშ სმიტის ბენეფისად იქცა, რომელმაც 38 წუთში თამაშიდან 16–დან 14 ტყორცნა გამოიყენა და თავი 34 ქულას მოუყარა. მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ ალ ჰორფორდი (24 ქულა, 10 მოხსნა) და ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო სათადარიგო ჯამალ კროუფორდიც (26 ქულა).

სამწუხაროდ, ატლანტელთა ძირითადი ცენტრის პოზიციაზე ისევ ჯეისონ კოლინსმა ითამაშა და არა ფაჩულიამ, არადა, 32 წლის ამერიკელი ამჯერადაც უფერულად გამოიყურებოდა.

კოლინსმა მოედანზე 19:25 წუთი დაჰყო და თამაშიდან ერთადერთი ბურთი ჩააგდო. საბოლოოდ, ჯეისონის მონაგარმა 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შეადგინა, მსაჯებს კი მან 6 პერსონალური ფოლი დასტყუა და სკამზე გადანაცვლება იძულებით მოუხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13:46 წუთი ითამაშა და მასპინძლებს 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 3–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა და 3 ჯარიმა მიიღო.

ამ წარმატების წყალობით, ჯორჯიელებმა სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, მთელს კონფერენციაში კი, როგორც აღვნიშნეთ, მეოთხე პოზიცია უკავიათ.

ატლანტა – ნიუ ჯერსი 116:101

(27:26, 33:21, 23:24, 33:30)

ატლანტა: სმიტი (34 ქ. 7 პ.), ჰორფორდი (24 ქ. 10 მ. 6 პ.), ბიბი (11 ქ.), უილიამსი (7 ქ.), კოლინზი (3 ქ.); კროუფორდი (26 ქ. 6 პ.), უილკინსი (4 ქ.), ტომასი (3 ქ.), პაუელი (2 ქ.), ფაჩულია (2 ქ.), ტეგუ, ევანსი.

ნიუ ჯერსი: ლოპესი (24 ქ.), ჰარისი (18 ქ. 13 პ.), მოროუ (10 ქ.), ჰამფრისი (8 ქ. 7 მ.), აუტლო (3 ქ.); ფარმარი (16 ქ.), ჯეიმსი (10 ქ.), როსი (4 ქ.), ფეივორსი (4 ქ.), პეტრო (4 ქ.), უზოჰი.

"სიქსერზი" და "სელტიქსი" მიმდინარე სეზონში საპირისპირო პოლუსებზე იმყოფებიან. თუ ბოსტონელები შესაშურ სტაბილურ თამაშს აჩვენებენ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ მომავალ გაზაფხულზე საჩემპიონო ბეჭდებისთვის იბრძოლებენ, ფილადელფიელებს სულ სხვა მიზნები აქვთ, მათთვის ფლეი–ოფში გასვლაც კი უდიდესი წარმატება იქნება, თუმცა, ჯერჯერობით ისე ჩანს, "სიქსერზს" აღნიშნულის განხორციელებაც ძალიან გაუჭირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოსტონელებთან საშინაო მატჩს ფილადელფიელები ზედიზედ ორი მოგებით შეხვდნენ, სტუმართა წარმატებულ სერია კი ოდნავ უკეთესი გახლდათ.

"სელტიქსი" გადაჭედილ (17;948 მაყურებელი) "უელს ფარგო სენთერში" 8 გამარჯვებით ზურგგამაგრებული გავიდა და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მეცხრედაც წარმატებით ითამაშა, თუმცა, საამისოდ დიდი გარჯა დასჭირდა.

"სიქსერზის" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა სასტარტო ხუთეულში თურქი სემიჰ ერდენი გაამწესა, თუმცა, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, სტუმრებს სხვა გამოსავალი ჰქონდათ. მატი ორივე ძირითადი ცენტრი,შაკილ ო ნილი და კენდრიკ პერკინსი ტრავმირებული გახლდათ. თურქს შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუგდია, მაგრამ ფარქვეშ ბრძოლა გაუჭირდა და ვინაიდან სათანადო დონეზე არც კევინ გარნეტს უთამაშია, მოხსნებში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ 39:33.

თუმცა, იმისთვის, რომ შეხვედრის გმირი გამხდარიყო, გარნეტს ფენომენალური თამაშის ჩვენება სულაც არ დასჭირვებია. მას აღნიშნულისთვის ერთი გადამწყვეტი სროლის ჩაგდებაც ეყო. ცხადია, ეს თამაშის მიწურულს, უფრო ზუსტად კი საფინალო სირენამდე 1.4 წამით ადრე მოხდა.

ფილადელფიელები მატჩში უკანასკნელად მაშინ დაწინაურდნენ, როდესაც ძირითადი დროის დასრულებამდე 6.6 წამი რჩებოდა.

დიდებულად მოთამაშე ანდრე იგუდალამ ურთულესი ბურთი ჩააგდო და "ფილადელფია" წინ გაიყვანა – 101:100.

მასპინძელთათვის სამწუხაროდ, ბოსტონელებს შეხვედრის გადასარჩენად დარჩენილი მიზერული დროც ეყოთ. რაჯონ რონდომ, რომელმაც გასულ მატჩში 14 შედეგიანი გადაცემა განახორციელა, ფარქვეშ შეჭრილ გარნეტს დიდებული პასი უბოძა და ამ უკანასკნელმაც ჰაერიდანვე ბურთი კალათში გადაგზავნა.

ფილადელფია – ბოსტონი 101:102

(32:29, 23:27, 25:25, 21:21)

ფილადელფია: მიკსი (19 ქ.), იგუდალა (14 ქ. 11 პ.), ბრენდი (13 ქ. 14 მ.), ჰოლიდეი (12 ქ. 6 პ.), ჰოვსი (11 ქ. 7 მ.); უილიამსი (16 ქ.), იანგი (16 ქ. 7 მ.), ტერნერი, ნოჩიონი.

ბოსტონი: ალენი (23 ქ.), რონდო (19 ქ. 14 პ.), გარნეტი (14 ქ.), პირსი (10 ქ. 8 მ.), ერდენი (8 ქ.); დევისი (16 ქ. 7 მ.), რობინსონი (9 ქ.), უეიფერი (3 ქ.), დენიელსი

დალასი – ნიუ ჯერსი 102:89

(30:19, 25:21, 24:29, 23:20)

დალასი: ნოვიცკი (21 ქ. 10 მ.), ბატლერი (15 ქ.), კიდი (6 ქ. 8 პ.), სტივენსონი (6 ქ.), ჩენდლერი (2 ქ.); მერიონი (18 ქ.), ტერი (15 ქ.), ჰეივუდი (9 ქ. 8 მ.), ბარეა (6 ქ. 13 პ.), მაინმი (4 ქ.).

ნიუ ჯერსი: ლოპესი (24 ქ. 8 მ.), მოროუ (21 ქ.), ჰამფრისი (16 ქ. 13 მ.), ჯეიმსი (4 ქ.), ჰარისი; ფარმარი (10 ქ.), უილიამსი (6 ქ.), აუტლო (4 ქ.), პეტრო (4 ქ.), მერფი

პორტლენდი – ორლანდო 97:83

(14:22, 31:24, 22:16, 30:21)

პორტლენდი: მილერი (22 ქ. 7 მ. 8 პ.), მეტიუზი (20 ქ.), ოლდრიჯი (14 ქ.), როი (9 ქ.), კემბი (6 ქ. 13 მ.); ბატუმი (15 ქ. 10 მ.), ფერნანდესი (6 ქ.), პრჟიბილა (3 ქ.), კანინგემი (2 ქ.), მილსი, მარკსი.

ორლანდო: ჰოვარდი (39 ქ. 15 მ.), ლუისი (11 ქ.), ნელსონი (10 ქ.), კარტერი (6 ქ. 7 მ.), რიჩარდსონი; რედიკი (10 ქ.), პიეტრუსი (5 ქ.), დიუჰონი (2 ქ.), ბასი, გორტატი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ზაზა ფაჩულია
კავშირი ტეგთან: ზაზა ფაჩულია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523432
1523632 online