asdas
ცნობილი ადამიანები
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2010-12-13 16:06:51



მოხარშული ძროხის ხორცის ტოლმა

მასალა: მოხარშული ძროხის ხორცი – 500 გრამი; კომბოსტო – 600 გრამი; ხახვი – 3–4 თავი; ცხიმი – 100 გრამი; მაწონი ან არაჟანი – 400 გრამი; პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მოხარშული, მსუქანი ძროხის ხორცის რბილი ნაჭერი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი, ცხიმში მოშუშული ხახვი, პილპილი და კარგად ავურიოთ.

გასუფთავებული, გარეცხილი კომბოსტოს ფოთლები მოვათავსოთ ადუღებულ მარილწყალში და ნახევრად მოვხარშოთ. შემდეგ ფოთლებზე დავალაგოთ წინასწარ გამზადებული ხორცი, შევახვიოთ, მოვათავსოთ ერთ წყებად ცხიმიან ცხელ ტაფაზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. შემწვარი ტოლმა ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა ბულიონი, ან წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ვშუშოთ 10–15 წუთი. მზა ტოლმა გადმოვიღოთ ლანგარზე, ზემოდან დავასხათ გათქვეფილი მაწონი ან არაჟანი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

სოკოს წვნიანი შეჭამანდი

მასალა: სოკო – 500 გრამი; ზეთი; ნიგოზი – 200 გრამი; ხახვი – 2–3 თავი; სიმინდის ფქვილი – 3 სუფრის კოვზი; მწვანილი, ნიორი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

საჭმელად ვარგისი სოკო (ან ხმელი სოკო) გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში და დავდგათ მოსახარშად. როცა კარგად მოიხარშება, გავწუროთ, დავჭრათ თხლად, ასანთის ღეროების მსგავსად. ზეთში მოვშუშოთ დაკეპილი ხახვი, ათი წუთის შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი სოკო და კიდევ ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ბლომად სოკოს ნახარში. ადუღებისას ჩავუმატოთ სოკოს წვენში გახსნილი გაცრილი სიმინდის თეთრი ფქვილი. შევაზავოთ დანაყილი ნიგოზით, ახალი ქინძით, კამით, ოხრახუშით, წიწაკით, ნიორით, მარილით.

ცხვრის ხორცი კომშით

მასალა: ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი; კომში – 800 გრამი; ხახვი – 3–4 თავი; ერბო – 2 სუფრის კოვზი; ქინძი – 2–3 ძირი; მიხაკ–დარიჩინი, მარილი – გემოვნებით.

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გარეცხოთ, დავასხათ იმდენი ცხელი წყალი, რომ ხორცს კარგად მოადგეს; ვადუღოთ; მოვხადოთ ქაფი; ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ერბოში ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი. ზევიდან დავაწყოთ თხლად დაჭრილი გათლილი კომში (კომში ტკბილი უნდა იყოს). ზედ დავასხათ ქვაბიდან ამოღებული წვენი და ვხარშოთ. როდესაც კომში და ხახვი მოიხარშება და ხორციც დარბილდება, ყველაფერი მოვათავსოთ ერთ ქვაბში. შევანელოთ მარილით, მიხაკ–დარიჩინით, წვრილად დაჭრილი ქინძით.

შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით

მასალა: კალმახი – 1 კილოგრამი; ზეთი; კვერცხი – 2 ცალი; ლიმონი – 1 ცალი; ბროწეულის წვენი – 1 ჩაის ჭიქა; ქინძი, მარილი – გემოვნებით.

ახალი, წითელწიწკლებიანი კალმახი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები, გავრეცხოთ ცივ წყალში, გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი. მუცელი ამოვუვსოთ უმი კვერცხით, ოდნავ ზეთი ჩავასხათ, კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ლიმონით და ახალი ტარხუნის ნაზავით. მუცელი დავუხუროთ, ზევიდან წავუსვათ სამარხვო მაიონეზი და დავდოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე. როდესაც ორივე მხრიდან შეიწვება, მოვათავსოთ ლანგარზე და დავამშვენოთ ოხრუხუშის ფოთლებით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ბროწეულის წვენი – შეზავებული ახალი ქინძითა და მარილით.

მოხრაკული ქათამი კვერცხით

მასალა: ქათამი; ხახვი – 3–4 მოზრდილი თავი; ერბო – 2 სუფრის კოვზი; მწვანილი – 3–4 ძირი; კვერცხი – 3–4 ცალი; მარილი – გემოვნებით.

საშუალო სიდიდის ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვხრაკოთ.

ცალკე ტაფაზე, ერბოში, კარგად მოვშუშოთ ხახვი და მოვასხათ მოხრაკულ ქათამს. დავასხათ იმდენი ცხელი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და ვხარშოთ 15–20 წუთი. ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი და ჩავახალოთ კვერცხი. კვერცხის მოხარშვისთანავე კერძი მზადაა.

ისპანახი ნიგვზით

მასალა: ისპანახი – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 200 გრამი; ხახვი – 2–3 თავი; ნიორი – 2 კბილი; მწვანილი, წიწაკა, მარილი, ძმარი – გემოვნებით.

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. გადავიტანოთ საწურზე, გავაციოთ და მერე ხელით კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, წიწაკა, მარილი, გავხსნათ ძმარში და დავასხათ ცოტა ისპანახის წვენი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური და ყველაფერი ეს ავურიოთ დაკეპილ ისპანახში. ძმრის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ბროწეულის წვენი.

ჭარხალი ნიგვზით

მასალა: ჭარხალი – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა; ნიორი – 2 კბილი; მწვანილი – 3–3 ძირი; ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

ჭარხალი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭრათ და ისე ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. რომ მოიხარშება, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი და გატარებული ჭარხალი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

ხაჭოიანი კვერები

მასალა: ხაჭო – 200 გრამი; კვერცხი – 2 ცალი; შაქრის ფხვნილი – 1 ჩაის ჭიქა; არაჟანი – 200 გრამი; ფქვილი – რამდენსაც შეიზელს; ვანილი – გემოვნებით.

კარგად გავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად. დავამატოთ ხაჭო; არაჟანში შევურიოთ სოდა – გახსნილი ძმარში და ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ. დავამატოთ ვანილი, ცოტა მარილი, ფქვილი და მოვამზადოთ სქელი არაჟანის სისქის ცომი.

გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და ზედ სადილის კოვზით მოვათავსოთ თითო–თითო ცომი, რომლებსაც პატარა კვერების ფორმა ექნება. დავახუროთ სახურავი და როცა გამოცხვება, გადავაბრუნოთ. სახურავის დახურვა აღარ უნდა.

ასეთი კვერები შეიძლება მაგიდაზე მივიტანოთ არაჟანთან ან რომელიმე მურაბასთან ერთად.

შოკოლადის ტორტი

მასალა: კვერცხი – 8 ცალი; შაქრის ფხვნილი – 2 ჩაის ჭიქა; შაქრის პუდრა – 1 ჩაის ჭიქა; ფქვილი – 1 ჩაის ჭიქა; კარაქი – 300 გრამი; კაკაოს ფხვნილი – 50 გრამი; რძე – 0,5 ჩაის ჭიქა.

რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება, ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სპეციალური მოსართავით. გვერდებზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.

შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 1 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრას შევურიოთ 50 გრამი კაკაოს ფხვნილი, დავასხათ 0,5 ჩაის ჭიქა მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ. 300 გრამი კარაქი ავზილოთ, გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ–ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ აეროვან მასას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522488
1522688 online