asdas
ცნობილი ადამიანები
ჩიტო–გვრიტო
ჩიტო–გვრიტო
ჩიტო–გვრიტო

2010-12-01 14:18:27



გიორგი დანელია

მეორე სერია



ხუმრობები "მიმინოდან", "აფონიადან" და გ. დანელიას სხვა ფილმებიდან დიდი ხანია ხალხმა აიტაცა. ამ წიგნში გ. დანელიამ შეკრიბა თავისი ცხოვრებისეული ისტორიები – სასაცილოები და ცოტა სევდიანი. თითქოს კინოზე, მაგრამ სულ კინოზეც – არა, უბრალოდ ცხოვრებაზე. წიგნის სათაურად კი აიღო ფრაზა ფილმიდან "შემოდგომის მარათონი". იბეჭდება მცირე შემოკლებით.

მთარგმნელისაგან



тостуемый пьет до дна – ვინც არ დალიოს!

პატივცემულო მკითხველო! ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პირველი წიგნი, ჩემი რჩევაა, არც წაიკითხოთ. მისი არსი შემიძლია მოკლედ ჩამოგიყალიბოთ. დავიბადე თბილისში. ერთი წლის შემდეგ გადავედით მოსკოვში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. მამა მუშაობდა "მეტრომშენში", დედა – "მოსფილმში". ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი თბილისში, დეიდაჩემთან, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძესთან. როდესაც საშუალო სკოლას ვამთავრებდი, მამა თქვა, ვგიკ–ში" უნდა გავამწესოთო. დედაჩემის კითხვაზე – "რატომ ვგიკ–ში?", უპასუხა: "აბა, სხვაგან სად ჩააბარებს ასეთი სულელი?". მაგრამ ვგიკ–ში არ წავსულვარ. დავამთავრე არქიტექტურული, მერე – "მოსფილმთან" არსებული სარეჟისორო კურსები და გავხდი კინორეჟისორი. სულ ეს არის.

როდესაც მესამე წიგნის წერას დავიწყებ, იქნებ თავში მომივიდეს, რომ მეორეც ასევე მოკლედ უნდა დამეწერა. თუმცა ახლა მეჩვენება, რომ მკითხველი რაღაცას დაკარგავს, თუკი არ ეცოდინება, როგორ ვმღეროდით მე და ანდრეი პეტროვი რომში, იტალიელ მეძავებთან სტუმრობისას; როგორ გამოთვრა კანში ქართველი ვან ჩენ ლუნი; როგორ მივდიოდი საბჭოთა დროშიან ლიმუზინში სველი საჯდომითა და ჯიბეში ჩადებული კბილებით სხვისი ოსკარის მისაღებად და რატომ მისცა ნიკოლოზ მეორემ ლენინის ორდენი სერგეი ეიზენშტეინს. პრინციპში, შეგიძლიათ არც წაიკითხოთ, მე არ მეწყინება, თუკის ამის შესახებ გავიგებ.

მოკლე ცნობარი

სსრკ – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი

სუკი – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი

სკკპ ცკ გენერალური მდივანი – ქვეყნის პრეზიდენტი

სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრები – ქვეყნის მეორე პირები

პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატები – ქვეყნის მესამე პირები

რესპუბლკის ცკ–ის პირველი მდივანი – რესპუბლიკის პრეზიდენტი

საოლქო კომიტეტის მდივანი – გუბერნატორი

ქალაქკომის მდივანი – მერი

სკკპ ცკ (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი) – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გოსკინო (კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი) – უფროსობა

გდრ – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (მოყვარე)

გფრ – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (მტერი)

აბსტრაქციონისტი – ცუდი ადამიანი.

არ დაიდარდო, გენაცვალე!

ოკროვკაზე, კიოსკში, სიგარეტს ვყიდულობდი. ქუჩის მეორე მხარეს "მერსედესმა" დაამუხრუჭა. ფანჯარაში გამოიხედა ევგენი ევტუშენკომ და დამიძახა:

– არ დაიდარდო, გენაცვალე!

– ნახე ფილმი? – ვკითხე მე.

ევტუშენკო გამოჩენილ პოეტად ითვლებოდა და მისი აზრიც ჩემთვის არ იყო სულერთი.

– დროა რამე სერიოზული გადაიღო, – თქვა ჟენიამ და წავიდა.

ვერ მოვასწარი მეთქვა, რომ ჭკუას მოვუხმე და გადავწყვიტე, გადამეღო ღრმა ფილმი.

ჰაჯი მურატის სიკვდილი

დიდი პავილიონი გვინდა, წარმოების განყოფილება კი არ გვაძლევს! – ვუსაყვედურე "მოსფილმის" დირექტორ ვლადიმირ სურინს.

– რომელ სურათზე?

– ჰაჯი მურატზე.

– შენ, რა, არ გითხრეს?

– რა?

– დაგხურეს.

– როდის?

– თითქმის ერთი თვეა. ბოდიში!

– ვინ დაგვხურა?

სურინმა დაღლილი სახით შემომხედა, ხელები გაშალა და თვალები ჭერისკენ მიმართა. მეც შევხედე ჭერს. რემონტის შემდეგ დირექტორის კაბინეტის ჭერი ახალი შეღებილი იყო.

ვიდრე ეს ლაპარაკი შედგებოდა, ნახევარი წლით ადრე მე, რასულ გამზატოვმა და ვლადიმირ ოგნევმა დავწერეთ სცენარი. ის შენიშვნების გარეშე მიიღეს და სურინთან საუბრის მომენტისთვის უკვე ავირჩიეთ ნატურა, დავამტკიცეთ მსახიობები, გავაკეთეთ დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები, ვემზადებოდით დამდგმელი პროექტის ჩასაბარებლად. და უცებ აღმოჩნდა, რომ წარმოების განყოფილება არ გვაძლევს დიდ პავილიონს დეკორაციისთვის – "სამეჯლისო დარბაზი ვორონცოვის სასახლეში". სურინთან საქმის გასარკვევად მივედი.

და აი, ვზივარ მის კაბინეტში და ახალშეღებილ ჭერს მივჩერებივარ...

ამ ვერშემდგარ ფილმთან ორი საიდუმლო მაკავშირებს. პირველი: ვინ და რატომ დაგვხურა? (ეს ვერ გაარკვია რასულ გამზატოვმაც კი) და მეორე: იყო თუ არა სინამდვილეში აბსტრაგამზი?

აბსტრაგამზი

ვიდრე სარეჟისორო სცენარს დავწერდით, მე და ვადიმ იუსოვი, მხატვარი იპოლიტ ნოვოდერეჟკინი და ომარ გაჯი შახტამანოვი (დაღესტნელი პოეტი, რასულ გამზატოვის მეგობარი) მთელი თვე დავდიოდით მთებში "გაზიკით". ვიყავით ყველაზე შორეულ აულებში – თუ მანქანით ვერ ავდიოდით, ცხენებით მივდიოდით. არ დავიწყებ კავკასიის სილამაზისა და მთიელთა სტუმართმოყვარეობის აღწერას, ამის შესახებ ბევრად კარგად დაწერეს კლასიკოსებმა. მარტო იმას ვიტყვი, რასაც ვერ ნახავთ ვერც პუშკინთან, ვერც ბარიატინსკისთან, ვერც ლერმონტოვთან, ვერც ტოლსტოისთან.

ერთხელაც მივდიოდით შორეულ აულში ვიწრო დაკლაკნილ გრუნტის გზაზე. საშიში იყო: მარჯვნივ – კლდე, მარცხნივ – რამდენიმე კილომეტრიანი უფსრკული, სადღაც ქვევით არწივი ლივლივებს. როდესაც მორიგი მოსახვევი გავიარეთ, მოულოდნელად ჩვენ წინ აღიმართა პლაკატი ბეტონის სვეტზე. პლაკატზე – პერანგიანი ქერა ლამაზმანი ზის საწოლზე, თვალები შიშით გაშტერებია, პირი ღია აქვს, ხელები – წინ გამოწვდილი, ის შველას ითხოვს! ქვევით – ცეცხლის ენები, ზევით, თავთით, დიდი წითელი ასოებით წერია: "არ მოსწიო ლოგინში!". დაღესტანში აქვთ ჩვეულება – საავარიო ადგილზე, თუკი ახლომახლო ხე არ არის, ჭოკს ახვევენ ლენტს. პლაკატის ახლოს რამდენიმე ასეთი ჭოკი იყო.

– რომელმა სულელმა მოიფიქრა ამ ტილოს აქ გამოდგმა?! – გაგვიკვირდა ჩვენ.

– აბსტრაგამზმა, – მოღუშული სახით თქვა ჩვენმა მძღოლმა და ომარ გაჯის შეხედა.

– ისევ! – ამოიოხრა ომარ გაჯიმ.

– კარგი, თუ აბსტრაგამზი არა, მაშ ვინ?! ვის მისცემდნენ აქ ტიტველი დედაკაცის დახატვის უფლებას?!

– არ ვიცი, – ხელები გაშალა ომარ გაჯიმ და მოყვა:

1962 წელს ხრუშჩოვმა მანეჟზე ახალგაზრდა მხატვრები გალანძღა და საოლქო კომიტეტებს აბსტრაქციონისტების გამოვლენა, შერცხვენა და მხატვართა კავშირიდან გაძევება უბრძანა. დაღესტნის საოლქო კომიტეტმა, თავისდა სამწუხაროდ, აღმოაჩინა, რომ დაღესტნის ტერიტორიაზე არც ერთი აბსტრაქციონისტი არ იმყოფებოდა. მაშინ მათ თხოვნით მიმართეს სახალხო პოეტ რასულ გამზატოვს, მოსკოვიდან ნამდვილი აბსტრაქციონისტი ჩამოეყვანათ. დაპირდნენ, რომ მისცემენ ბინას და გარანტიას, რომ საჭმლის ფული ექნება. სამაგიეროდ, აბსტრაქციონისტს სახალხოდ შეარცხვენენ და ცოტათი სახელს გაუტეხავენ. რასული ამ თხოვნით აღფრთოვანდა და ამის შესახებ ყველას უყვებოდა. გავიდა დრო, ყველამ ყველაფერი დაივიწყა, მაგრამ როდესაც მომდევნო წელს გზებზე გაჩნდა ასეთი პლაკატები, მთიელებმა გადაწყვიტეს, რომ სურათებს ხატავს მოსკოველი აბსტრაქციონისტი და მას დაარქვეს აბსტრაგამზი. (გამზატოვის აბსტრაქციონისტი).

– მთიელები იდეალისტები არიან! ფიქრობენ, რადგან გაღლეტილ მხატვარს ბინას დაჰპირდნენ, ის ყველაფერს მიატოვებს და მაშინვე ჩამოვა! – თქვა რასულმა, როდესაც მახაჩკალაში დავბრუნდით, – არც ერთი, ყველაზე არამოდური მხატვარიც კი არ დათანხმდა ჩვენთან ჩამოსვლაზე. თქვეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას წინა ხაზზე, მოსკოვში გააგრძელებენ ან ამერიკის შეერთებულ შტატებში! ეს პლაკატები კი, ჩვენში დარჩეს, ავტოგზების უფროსის ცოლის შვილის საყმაწვილო კომპლექსების ნაყოფია. ესტონელი ცოლი ჰყავს, ესტონელები კი თვლიან, როცა ბავშვები ხატავენ, ისინი ცოტას სვამენ.

რაღაც დროის შემდეგ შემთხვევით შევხვდი საავტომობილო გზების უფროსს – პატარა, თავმოტვლეპილ მამაკაცს სევდიანი თვალებით. შევაქე პლაკატი "არ მოსწიო ლოგინში!", რომელიც მისი ცოლის შვილმა დახატა.

– ეს თქვენ რასულმა გითხრათ? – მკითხა მან.

– დიახ.

– რასულ გამზატოვი პოეტია, ღრუბლებში დაფრინავს. მაიგა ფერწერით კი არა, მუსიკით ცდილობს შვილის ყურადღების გადატანას. ჩვენ მას დასარტყამი ინსტრუმენტების მოწყობილობა ვუყიდეთ, მთელი კომპლექტი და ახლა ის დღისით და ღამით დოლზე უკრავს. მეზობლებმა უკვე სამჯერ გამოიძახეს მილიცია. როცა ვეხვეწებით, ღამე არ დაუკრას, ამბობს: "თქვენ გინდათ, ისევ ბევრი არაყი დავლიო?" – გერი წვრილი ხმით გამოაჯავრა, ცხვირსახოცი ამოიღო, ცხვირი მოიხოცა და თქვა, – პლაკატებს კი აბსტრაგამზი ხატავს, ეს ყველა მწყემსმა იცის!

რასული

სამოციან წლებში დაღესტნის სახალხო პოეტი რასულ გამზატოვი სსრკ პრეზიდიუმის უმაღლესი საბჭოს წევრად (უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო) აირჩიეს (დანიშნეს). რასული პირველად გამოცხადდა სხდომაზე და გრძელ მაგიდასთან თავისი ადგილი დაიკავა. გარშემო დადიოდნენ თეთრბაფთიან ბლუზებში გამოწყობილი ლამაზი ქალიშვილები და პრეზიდიუმის წევრებს დელიკატურად ეკითხებოდნენ: "ხომ არ გინდათ ტელეგრამის გაგზავნა?". რასულმა თქვა, რომ უნდა. ქალიშვილს ღერბიანი ბლანკი გამოართვა, რომელსაც ზევით თეთრზე წითლით ეწერა "სამთავრობო ტელეგრამა", რაღაც დაწერა, ბლანკი ქალიშვილს დაუბრუნა და უთხრა:

– "ელვა", გეთაყვა!

ქალიშვილი სწრაფად, თითქმის სირბილით გაემართა სხდომათა დარბაზის გასასვლელისკენ.

– გოგონა! ერთ წუთით! – დაუძახა მას პრეზიდიუმის თავმჯდომარე ანასტას მიქოიანმა.

– რასულ გამზატოვიჩ, მე ვფიქრობ ამხანაგებს აინტერესებთ, ვის უგზავნის ტელეგრამას ამ ღირსშესანიშნავ დღეს ჩვენი სათაყვანო პოეტი და რას წერს. რასაკვირველია, თუ საიდუმლო არ არის.

– არ არის საიდუმლო. წაიკითხოს გოგონამ.

გოგონამ ტელეგრამას დახედა და გაწითლდა.

– მომეცით, – თქვა მიქოიანმა.

გოგონამ ტელეგრამა გადასცა და ანასტას მიქოიანმა წაიკითხა: "ძვირფასო ფატიმატ! ვზივარ პრეზიდიუმში, მაგრამ გულს არ უხარია. რასული (ფატიმატი – რასულის ცოლი.)".

ეს ამბავი აპატიეს. ეწყინათ, მაგრამ აპატიეს.

...ერთ–ერთ სხდომაზე კი, ხმის მიცემის შემდეგ მიქოიანმა თქვა:

– ამხანაგებო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ყოველი ერთი საათის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ხუთწუთიანი გამამხნევებელი ვარჯიში. ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ ეს რჩევა. ვინმე წინააღმდეგია?

– მე, – თქვა რასულმა.

– რატომ? – დაიძაბა მიქოიანი.

– მთელი ერთი საათია ხელს ვიწევ, ავწევ – ჩავწევ, ავწევ – ჩავწევ. ვარჯიში არ არის?

ესეც აპატიეს.

მაგრამ როდესაც კრემლში, სამთავრობო ბანკეტზე, ოქტომბრის რევოლუციის იუბილესთან დაკავშირებით რასულმა თქვა სადღეგრძელო – "გაუმარჯოს დაღესტნელ ხალხს, ბოლოდან წინას თანაბართა შორის", ხოლო კითხვაზე – "როგორ შეიძლება იყოს თანაბართა შორის ბოლოდან წინა?" – უპასუხა: "ბოლოში ჩვენთან ებრაელები არიან" – ეს უკვე ვეღარ აპატიეს! ისე გაუბრაზდნენ, რომ პრეზიდიუმის წევრობიდან გარიცხეს, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ აღადგინეს – ალბათ მიხვდნენ, რასულის გარეშე პრეზიდიუმში მოწყენილობა იყო...

და ესეც აპატიეს!

გამზატოვის ბევრი ნათქვამი აფორიზმად იქცა. გეტყვით მხოლოდ უკანასკნელს: "დაღესტნელებო, მოუფრთხილდით ამ უნაყოფო, ტიტველ კლდეებს, მათ გარდა, თქვენ არაფერი გაგაჩნიათ!".

ვიღაცის მამა

პირველი შეხვედრა

1963 წლის ზაფხულში სსრკ სამთავრობო მისაღებ სახლში, "მოსფილმის" წინ მდგარ, მაღალი, ყვითელი გალავნით შემოღობილ შენობაში, რამდენიმე რეჟისორი (15–20 კაცი) მიიწვიეს, მათ შორის – მეც. ჩემდა გასაკვირად, დაცვამ ისე გამატარა, რომ საბუთებს არც დახედა.

– მიბრძანდით, დანელია.

თაღებიანი შენობის წინ, შადრევანთან, უკვე იდგა ექვსიოდე "ჩვენიანი" და მკითხაობდნენ: "რა იქნება? რატომ დაგვიძახეს?"

მივიხედ–მოვიხედე. ფანჩატურთან მოკრძალებულად იდგა ასაკოვანი ქართველი, პლაშჩითა და შლაპით, ძალიან ნაცნობი სახით. როცა ერთმანეთს თვალებით შევხვდით, მან თავი დამიკრა, პასუხად მეც დავუკარი. "რომელიმე ჩემი თბილისელი ახლობლის მამაა", – გავიფიქრე მე. მივუახლოვდი, ხელი ჩამოვართვი და ვკითხე, როდის ჩამოვიდა. მან თქვა, რომ დღეს. ვკითხე, სად გაჩერდა. მან მიპასუხა, რომ აქ პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა. ვუთხარი, თუ სასტუმროსთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა, შემეძლო დავხმარებოდი – "მოსფილმს" კავშირები ჰქონდა (მოსკოვის სასტუმროში კავშირისა ან ქრთამის გარეშე მოხვედრა შეუძლებელი იყო.). მან მადლობა გადამიხადა და თქვა, რომ აქვს გასაჩერებელი ადგილი, თუმცა დღესვე აპირებს გამგზავრებას. ვუთხარი, რომ თუ საჭიროა, შემიძლია აეროპორტში წავიყვანო, ჩემი მანქანა აქვე, "მოსფილმის" ეზოში დგას (მაშინ სტაფილოსფერი "მოსკვიჩი" მყავდა, რომლითაც ძალიან ვამაყობდი). მან მადლობა გადამიხადა და თქვა, რომ პირდაპირ აქედან მიფრინავს. წიგნაკიდან ფურცელი ამოვხიე, დავწერე ჩემი ტელეფონები – სახლის და სამსახურის, მივაწოდე და ვუთხარი, რომ თუკი რამე დასჭირდა, უსათუოდ დამირეკოს. მან ისევ გადამიხადა მადლობა და თქვა, რომ ჩემი ყურადღებით ნასიამოვნებია. ამ დროს ჩვენთან მოვიდა მხარბეჭიანი ახალგაზრდა კაცი ნაცრისფერ კოსტიუმში და ჩემს თანამოსაუბრეს უთხრა:

– ვასილი პავლოვიჩ, თქვენ გთხოვენ.

ვიღაცის მამამ ბოდიში მომიხადა და წავიდა.

და აქ ჩემამდე დავიდა: ვასილი პავლოვიჩი?! ეს ხომ მჟავანაძეა! ნამდვილი ხეპრე ვარ! მაშინვე როგორ ვერ მივხვდი?! რასაკვირველია, ნაცნობი სახე ექნებოდა, ათასჯერ მინახავს პორტრეტებზე!

მეორე შეხვედრა

გავიდა დრო.

– მჟავანაძემ შენი "არ დაიდარდო" ნახა? – მკითხა "მოსფილმის" დირექტორმა სურინმა, როდესაც შემთხვევით სტუდიის დერეფანში შევხვდი.

– მგონი, არა.

– შეგიძლია აჩვენო? მიგესვლება?

– მგონი, მიმესვლება.

– აიღე სურათი და მასთან გაფრინდი. თუ ფილმი მოეწონება, ამის შესახებ ჩვენს მინისტრს აცნობოს.

ამასწინათ სურინმა ფილმი მინისტრს აჩვენა და მას "არ დაიდარდო!" აქტიურად არ მოეწონა.

– რომელი კომედია ეგ არის, როცა ყველანი წყვილ–წყვილად კვდებიან?! – აღშფოთდა ის.

– ეს არ არის სუფთა კომედია, ეს არის ტრაგიკომედია, – სურინი შეეცადა აეხსნა.

– მაშინ ფილმის დასაწყისში რატომ ზის ეს კიკაბიძე ვირზე და ფეხებს მიწაზე მიაჩოჩიალებს? – ჰკითხა მინისტრმა.

ამის ახსნა სურინმა ვერ მოახერხა და მე თბილისში ჩასვლა მომიწია.

თბილისში მე და რეზო გაბრიაძემ ფილმი დევი სტურუას ვაჩვენეთ, ცკ მდივანს იდეოლოგიის დარგში. დევი ჩემი ახლობლის, ჟურნალისტ მელორ სტურუას უმცროსი ძმა იყო.

სტურუა უმცროსს ფილმი მოეწონა და თქვა, რომ ბიუროს სხდომის შემდეგ დაპირებული ფრანგული კომედიის მაგივრად მჟავანაძეს და ბიუროს წევრებს ჩვენს ფილმს აჩვენებდა (იმის შესახებ, რომ მინისტრმა ჩვენი ფილმი დაიწუნა, დევისთვის არ გვითქვამს: ეს "მოსკოვის აზრი" იქნებოდა).

მეორე დღეს, ექვს საათზე, მე და რეზო ცკ–ში გამოვცხადდით. სხდომა გაჭიანურდა. მე და რეზო სამი საათი ვყურყუტებდით დარბაზის შორიახლოს და ვმსჯელობდით, რა შეიძლებოდა არ მოსწონებოდათ. საბოლოო ჯამში, დავასკვენით, რომ მათ შეიძლება საერთოდ არაფერი მოეწონოთ.

მჟავანაძე და ბიუროს დანარჩენი წევრები სადღაც ცხრა საათისთვის გამოცხადდნენ. წინ მოდიოდნენ დევი და რუსი გენერალ–პოლკოვნიკი (სავარაუდოდ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაური), მერე მჟავანაძე და მეორე მდივანი (რუსი), მათ უკან კი მოდიოდა რვა ასაკოვანი ქართველი დაღლილი სახით. დევიმ მე და რეზო მჟავანაძესთან წარგვადგინა. ვასილი პავლოვიჩმა ხელი ჩამოგვართვა, მე კი მითხრა:

– ჩვენ ხომ ვიცნობთ ერთმანეთს, გიორგი, გახსოვთ?

ვუპასუხე, რომ რასაკვირველია, მახსოვს და შევთავაზე ჩვენების ხვალისთვის გადადება, ვინაიდან ხანგრძლივი სხდომის შემდეგ დაღლილები იქნებოდნენ.

– არ გვინდა არაფრის გადადება, ფილმი მხიარულია, მსუბუქად იყურება, – თქვა დევიმ.

– მაგრამ ეს არ არის სუფთა კომედია, – გავაფრთხილე მე, – ეს ტრაგიკომედიაა.

– როგორ? ჯერ ტრაგედია და მერე კომედია? – იკითხა ვასილი პავლოვიჩმა.

– ამათ პირიქით აქვთ – ჯერ მხიარულად, მერე სევდიანად, – აუხსნა დევიმ, – მაგრამ საერთო შთაბეჭდილება ხალისიანია.

ფილმის ყურება დავიწყეთ. ყველაზე აქტიური მაყურებელი გენერალი აღმოჩნდა. როდესაც ეკრანზე გაისმა სიმღერა "однаждый русский генераль...", გენერალმა, რომელიც პირველ რიგში იჯდა, მოიხედა, მე და რეზოს შეგვხედა და თქვა: "ნუ, ნუ...". "არ იყო საჭირო ამ სიმღერის მღერა", – გავიფიქრე მე.

– ტყუილად ავიღეთ ეს სიმღერა, – ყურში ჩამჩურჩულა რეზომ.

როდესაც ეკრანზე გამოჩნდა პარიკმახერი, რომელსაც ფილიპოვი თამაშობდა, გენერალმა იკითხა:

– ეს მსახიობი სერგეი ფილიპოვია?

– დიახ, – ვუპასუხე მე.

– ქართველს თამაშობს?

– დიახ.

– ნუ, ნუ.

"ამ როლზე ქართველი მსახიობი უნდა აგვეყვანა", – გავიფიქრე მე.

– ფილიპოვი არ უნდა აგვეყვანა, – ყურში ჩამჩურჩულა რეზომ.

როდესაც გამოჩნდა ნასტია ვერტინსკაია, რომელიც თამაშობდა მერის, რუსმა გენერალმა ისევ იკითხა:

– ანასტასია ვერტინსკაია თქვენთან ქართველს თამაშობს?

– ანასტასია ვერტინსკაიას დედა ქართველი ჰყავს, ამხანაგო გენერალო, – უთხრა დევიმ.

– ნუ, ნუ, – გაიმეორა გენერალმა.

ჩვენების დროს მჟავანაძე ჩუმად იყო, მხოლოდ ერთხელ, როდესაც ოფიცერი მოკლეს – მერის საქმრო, ჩემკენ მობრუნდა (დევიმ მე და რეზო მჟავანაძის უკან დაგვაჯინა) და იკითხა:

– ახლა ტრაგედია იქნება?

– დიახ, კიდევ ორი მოკვდება, ვასილი პავლოვიჩ, – დამნაშავესავით ვუპასუხე და გავიფიქრე: "მართლაც, მხიარული კომედიისთვის რაღაც ბევრი სიკვდილია".

როდესაც ეკრანზე ქელეხის დროს სერგო ზაქარიაძემ თქვა – "სიცოცხლეში მინდა გავიგო, რას ილაპარაკებენ ჩემზე სიკვდილის შემდეგ", გენერალმა ჩაიცინა, უკან ვიღაცამ გაჭიმა: "დააა...". მჟავანაძემ კი ამოიოხრა.

"სტალინი გაახსენდათ", – გავიფიქრე მე.

– სტალინზე ფიქრობენ, – ჩამჩურჩულა რეზომ.

ფილმი დამთავრდა, შუქი აინთო. ყველა გაჩუმებული იჯდა.

– ვის აქვს აზრი? – ბოლოს, როგორც იქნა, იკითხა მჟავანაძემ.

– მე მგონი, არ არის ცუდი ფილმი, – მტკიცედ თქვა დევიმ, თან გენერალს თვალი გაუსწორა.

– არ ვარ თანახმა, – კატეგორიულად თქვა გენერალმა, – ფილმი არათუ ცუდი არ არის, კარგია! და მსახიობებიც შესანიშნავად არიან შერჩეული, ამხანაგო სტურუა!

დევი დამშვიდდა:

– სრულიად გეთანხმებით, ამხანაგო გენერალო!

– მაშ, მაშ! – ბოლო სიტყვა თქვა გენერალმა.

– მე მგონი, შეიძლება ჩვენს სტუმრებს წარმატებული ნამუშევარი მივულოცოთ, – თქვა მჟავანაძემ, თან მეორე მდივანს უყურებდა. იმან თავი დაუკრა (მეორე მდივანი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში უსათუოდ რუსი იყო).

მჟავანაძე ადგა, მე და რეზოს ხელი ჩამოგვართვა. ხელი ჩამოგვართვა მეორე მდივანმაც და გენერალმაც. ჩემ გვერდით მჯდარი მოხუცი, რომელსაც მთელი ფილმი ჩემს მხარზე ეძინა, წამოდგა და დაიძახა:

– ჩემო კარგებო, ნეტავ იცოდეთ, როგორ ვამაყობ თქვენით! – და მხურვალედ გადამკოცნა, – ყოჩაღ! – რეზოც გადაკოცნა, – ჩვენო ძვირფასო! – ახლა გენერალს წაეპოტინა საკოცნელად, მაგრამ იმან სწრაფად გაიწია, ტექნიკურად დაუძვრა, იგრძნობოდა, რომ გენერალი ყოფილი მოკრივე იყო.

მერე დევიმ თავის კაბინეტში წაგვიყვანა და კონიაკით გაგვიმასპინძლდა. მე მოწყობილი ჩვენებისთვის მადლობა მოვახსენე და ვუთხარი, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუკი ისინი მჟავანაძის სახელით ტელეგრამას გაუგზავნიდნენ ჩვენს მინისტრს და კარგ ფილმს მიულოცავდნენ. მინისტრისთვის ეს სასიამოვნო იქნებოდა. დევიმ თქვა, რომ მათ არ აქვთ ტელეგრამების გაგზავნის პრაქტიკა, მაგრამ გამონახავენ საშუალებას, რომ ჩვენს მინისტრს ვასილ პავლოვიჩის აზრი მოახსენონ.

ცეკა ცეკაა, ვოვა – ვოვაა

მეორე დღეს სასწრაფოდ უნდა გავფრენილიყავი მოსკოვში (მისაღები გამოცდები სარეჟისორო კურსებზე). ავიასალაროში მითხრეს, რომ იმ დღის ბილეთები არ ჰქონდათ. ჩემი "მოსფილმის" მოწმობა ვაჩვენე, ვუთხარი, რომ ძალიან მჭირდება, მოვიტყუე, რომ მივარდება ძალიან მნიშვნელოვანი გადაღება, მითანაგრძნეს, მაგრამ ხელები გაშალეს – ვერაფრით დაგეხმარებით, ბილეთები არ არისო. მაშინ დეიდაჩემთან წავედი – ვერიკო ანჯაფარიძესთან. ვერიკომ სასწრაფოდ დაურეკა ავიაციის მინისტრს. ავიაციის მინისტრმა თქვა, რომ მსოფლიოს უდიდესი მსახიობის დისშვილისთვის მას ყოველთვის ექნება ბილეთები. თხუთმეტი წუთის შემდეგ გადმორეკა, მოიბოდიშა და თქვა, რომ დღეს განსაკუთრებული დღე გამოდგა და ბილეთები არ არის. ხვალისთვის არის, ნებისმიერ რეისზე.

მაშინ მე ცკ–ში, დევი სტურუასთან დავრეკე.

დევიმ თქვა, რომ ბილეთები არ არის პრობლემა. ვუთხარი, რომ ვერიკო ელაპარაკა მინისტრს, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა და ბილეთები არ არის.

– ნუ, მინისტრი – მინისტრია, ცეკა ცეკაა.

ათი წუთის შემდეგ დევიმაც თქვა, რომ დღევანდელი ბილეთები მართლაც არ არის, განსაკუთრებული დღეა.

წავედი სასტუმროში.

გზად "ლაღიძის წყლებში" გავიარე, დავლიე გემრიელი გაზიანი წყალი, რომელიც ძალიან მიყვარს. იქ ვოვა მარტინოვს შევხვდი. ვოვა მარტინოვი თბილისელი "კაი ბიჭი" იყო, ანუ ადამიანი, რომელსაც იცნობდა ყველა და რომელიც იცნობდა ყველას. მან ქართულად მკითხა:

– რა მოწყენილი ხარ?

რუსი ვოვა ყოველთვის ქართულად მელაპარაკებოდა, თვლიდა, რომ მე პრაქტიკა მჭირდებოდა.

ბილეთთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ მოვუყევი.

– ე, მე კი ვიფიქრე, მართლა რაღაც შეგემთხვა! წავიდეთ და ავიღოთ ბილეთი!

– დღევანდელი ბილეთი არ არის.

– ჩვენთვის, გია, ბილეთები იქნება! წავიდეთ!

სალაროსთან ბევრი ხალხი იდგა, ფანჯარასთან ვერ მიხვიდოდი. ვოვამ, მაღალმა და მხარბეჭიანმა, კეპი მოიხადა, კეპიანი ხელი ზევით ასწია, ფეხის წვერებზე აიწია და მთელი დარბაზის გასაგონად დაიყვირა:

– ნანა, მე ვარ, ვოვა! აქეთ გამოიხედე! ჩემს კეპს ხედავ?

– ვხედავ შენს კეპს, ვოვა! რა გინდა?

თბილისში ორი ჯინსის კეპი იყო, ერთი ვოვას ჰქონდა, მეორე – გამოჩენილ ფეხბურთელს, სსრკ ნაკრების ფორვარდს, დავით ყიფიანს.

– ერთი ბილეთი მოსკოვში პირველ საათსა და თხუთმეტ წუთზე! – დაიყვირა ვოვამ.

– პასპორტი მომეცი!

ვოვამ პასპორტი გამომართვა და ითხოვა, სალაროში გადაეცათ.

– მოიცა! ფული? ფული აიღე! – ვუთხარი მე.

– ფულს მივცემ, ნუ ღელავ, – თქვა ვოვამ (ფული არ გამომართვა. როდესაც დავიჟინე, თანაგრძნობით შემომხედა და თქვა, რომ მე სულ გავრუსდი).

თვითმფრინავს მივუსწარი. მივფრინავ და ვფიქრობ:

"მინისტრი – მინისტრია, ცეკა – ცეკაა, ვოვა კი – ვოვაა!"

ვიღაცის მამა

(გაგრძელება)

მესამე შეხვედრა (უკანასკნელი)

1978 წელს ტელეფონზე ზარი გაისმა:

– გიორგი, გამარჯობა, ვასილი პავლოვიჩი გაწუხებთ.

– გამარჯობა, ვასილი პავლოვიჩ!

– გიორგი, სულ დაგავიწყდი, უკვე ერთი წელია მოსკოვში ვარ, შენ კი ერთხელაც არ დამირეკე!

– ვასილი პავლოვიჩ, მაპატიეთ, მაგრამ თქვენი ტელეფონის ნომერი არ მაქვს.

მჟავანაძესთან არასოდეს დამირეკავს და სულ სამჯერ ვნახე – ორჯერ მიღებაზე მოსკოვში და ერთხელ თბილისში, როცა "არ დაიდარდო"–ს ვაჩვენებდით.

მჟავანაძემ მითხრა, რომ გაუგია, საქართველოზე ფილმი გადავიღე და მკითხა, ხომ ვერ შევძლებდი, მისთვის მეჩვენებინა. შევთავაზე ფილმი ზეგ გვენახა, ოთხშაბათს, შუადღეზე, "მოსფილმში".

"მოსფილმში" დარბაზის ასაღებად სტუდიის დირექტორის ნებართვა იყო საჭირო. დირექტორ სიზოვთან მივედი. სიზოვმა ნებართვას ხელი მოაწერა და მკითხა, ვის უნდა აჩვენო ფილმიო. ვუთხარი, მჟავანაძეს–მეთქი. სიზოვი აღშფოთდა:

– ბარემ პოდგორნისაც დაუძახე! მომეცი უკან ქაღალდი, ვაუქმებ დარბაზის მოცემას!

(მჟავანაძე "არასრული თანხვედრის" გამო ორი წლის წინ პენსიაზე გაუშვეს, ხოლო სსრკ უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე პოდგორნი – სულ ახლახან, წინა კვირაში).

მივხვდი, რომ ტყუილად ვახსენე მჟავანაძე და მოვატყუე, რომ დარბაზი ითხოვა ვახტანგ კიკაბიძემ, რათა ფილმი ალა პუგაჩოვას და იოსებ კობზონს აჩვენოს. მჟავანაძე შემეშალა, კიკაბიძეში ამერია.

– ასეც დაწერე, რომ დარბაზის აღება გინდა არტისტებისთვის, – თქვა სიზოვმა.

მჟავანაძე "მოსფილმში" ცოლთან ერთად მოვიდა. ფილმი ნახა, შეაქო, მადლობა გადამიხადა და წავიდა. მე კი გული დამწყდა.

იმ ჩვენებაზე კიდევ ოცი ნაცნობი დავპატიჟე, ისინი, ვისი დაპატიჟებაც კინოს სახლში ვერ მოვახერხე (მაშინ ბილეთები არ მეყო). იყვნენ ქართველებიც. იმის იმედი, რომ ჩემი სტუმრები მჟავანაძის დანახვაზე სიხარულით იხტუნავებდნენ, არ მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ პატივისცემით შეხვდებოდნენ. მსგავსი არაფერი! როდესაც ის შემოვიდა, ზოგიერთმა ცივად დაუკრა თავი, დანარჩენებმა არ შეიმჩნიეს, ვითომ ვერ დაინახეს. მოხუცი კარშიც კი არ გაატარეს პირველი.

შემრცხვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522032
1522232 online