asdas
ცნობილი ადამიანები
ჭარბი წონა ასთმას ამწვავებს
ჭარბი წონა ასთმას ამწვავებს
ჭარბი წონა ასთმას ამწვავებს

2010-11-29 13:38:34



რა არის ასთმა და რა შეიძლება მოჰყვეს მის შეტევას? – ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ასთმა უკურნებელი სენია. ექიმებს ასთმის წარმოქმნის შესახებ კონკრეტული მიზეზის დასახელება არ შეუძლიათ. ასთმის წარმოქმნაზე და მის შემდგომ მკურნალობაზე ექიმ ზურა სიხარულიძეს "გუმბათი" ესაუბრა.



– რა არის ასთმა?

– ასთმა ბრონქული ხის ანთებისა და მისი გლუვი კუნთების სპაზმის შედეგია. ამასთან ბრონქებში წარმოიქმნება დიდი სეკრეტი, რომელიც სასუნთქ გზებს ახშობს. სასუნთქი გზების დახშობა კი, თქვენ კარგად იცით, რასაც იწვევს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ასთმა ალერგიული დავადებაა, ხასიათდება ბრონქების გამავლობის დარღვევის შედეგად გამოწვეული ხუთვისა და ქოშინის შეტევებით. ბავშვების 2/3 ასთმით ავადდება, უფრო ხშირად კი ბიჭუნები ადრეულ ასაკში.

– რა იწვევს ასთმას?

– ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია. სავარაუდო ფაქტების დასახელება კი ექიმებს არ უჭირთ. მემკვიდრეობითი ფაქტორი ერთ–ერთი ზუსტი ფაქტორია, რისი დასახელებაც შემიძლია. შეგვიძლია ასევე არაერთი მიზეზის დასახელება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, მწერების გამონაყოფი, სასუნთქი გზების ინფექცია, ფიზიკური აქტივობა, ცივი ჰაერი, თამბაქოს კვამლი, ზოგიერთი პრეპარატი, სტრესი, საკვების კონსერვანტები და სხვადასხვა რეფლექსური დაავადებები. ჩემი ვარაუდით კი, შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე დიდ როლს მაინც მემკვიდრეობის ფაქტორი ასრულებს.

– რა ტიპის ასთმა გვხვდება პაციენტებში?

– ასთმის სიმძიმის შესაბამისად ექიმს სჭირდება განსაზღვრული მონაცემები: მაგალითად, რამდენად ხშირად ხდება ასთმური შეტევები, როდის დაიწყო შეტევების რიგი და როგორი ხასიათისაა იგი. ფაქტობრივი მასალით კი ექიმები გამოყოფენ ოთხ ტიპს: მსუბუქი ინტერმისიული, მსუბუქი პერსისტიული, საშუალო სიმძიმის პერსისტიული და მძიმე პერსისტიული, თითოეულ მათგანს გარკვეული პერიოდული გამომჟღავნებები აქვს, შეტევების რიცხობრიობაც განსხვავებულია.

– როგორ უნდა ვმართოთ დაავადება?

– დაავადების მართვა გულისხმობს შეტევის გამომწვევი ფაქტრების ზემოქმედების თავიდან აცილებასა და დაავადების სიმპტომების კუპირებას, ანუ მოხსნას. მკურნალობის პროცესში პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატების რეგულარული მიღება. ეს პრეპარატები კი საჭიროა დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად და პერიოდულად ხანმოკლე მოქმედების დამატება გამწვავების კონტროლისთვის. არაკონტროლირებადი ასთმა პაციენტს იძულებულს ხდის, ამოვარდეს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ვინაიდან დაავადების მიმდინარეობა და ხასიათი წლების განმავლობაში იცვლება. პაციენტი, რომელსაც ბრონქული ასთმა აქვს, აუცილებლად უნდა მკურნალობდეს, პერიოდულად დადიოდეს ექიმთან, მაშინ, როცა ეს საჭიროა და სათანადოდ აღმოფხვრას ასთმის რეგულარული განმეორების პროცესი.

– რა სიმპტომები ახასიათებს ასთმას?

– ბრონქული ასთმის გამოვლინება სხვადასხვაგვარად ხდება. ადამიანსაც გააჩნია და ეს იცით რატომ, შეიძლება თითოეულ მათგანს აბსოლუტურად სხვადასხვანაირად გამოუვლინდეს ასთმა, შეტევებს შორის კი იყოს რადიკალური სხვაობა. ასთმის დროს პაციენტები რეგულარულად გრძნობენ სუნთქვის გართულებას. თითქმის ყველა პაცენტს ახველებს ან ხიხინი ეწყება. მსგავსი სიმპტომები კი, უმეტესწილად, მხოლოდ ღამის პერიოდში იწყება. უწინარეს ყოვლისა კი, უნდა დავასახელოთ: ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის შებოჭვა, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება, ძილის დარღვევა, რაც სუნთქვის გაძნელებასთან არის დაკავშირებული; ხიხინი, რომელიც ზოგჯერ გარკვეულ მანძილზე ფილტვების მოსმენის გარეშეც კარგად ისმის, ამოსუნთქვა კი ამგვარი სიმპტომების მქონე პაციენტებს ყველაზე მეტად უჭირთ. ხველისა და ხიხინის გაძლიერება სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისას ხდება. ასე რომ, ასთმის სიმპტომები მართლაც რომ მკვეთრი გამოვლინებისაა. აქედან გამომდინარე, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა მივმართოთ ექიმს.

– მაინც, კონკრეტულად, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

– თუ ეს ყველაფერი ასთმის მძიმე შეტევას ეხება, დაუყონებლივ უნდა მივმართოთ ექიმს, როდესაც ამჩნევთ, რომ პრეპარატები, რომლებსაც იღებთ, უშედეგოა, ამჩნევთ, რომ ფუჭია თვითმკურნალობა, მაშინ, ფაქტია, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ასთმით დაავადებულმა აუცილებლად უნდა იცოდეს ის სიმპტომები, რაც ამ დაავადებას თან ახლავს. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია მაშინ, როდესაც გაჩნდება ეჭვი იმისა, რომ ადამიანი ასთმითაა დაავადებული. დროული მკურნალობით კი ადვილად შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ფილტვების დაზიანება. ასთმის კონტროლი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც დიაგნოზი დადგენილია. გახსოვდეთ, რომ ასთმის კონტროლი მარტო მდგომარეობის კონტროლირებას ახდენს, რადგან ასთმის მკურნალობა, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელებას არ იწვევს. როცა ვამჩნევთ, რომ ესა თუ ის მედიკამენტი ასთმის კონტროლირებას ვერ ახდენს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ზოგი პაციენტი თვითნებურად ცვლის წამლის დოზირებას ან სხვა მედიკამენტს იღებს, ეს ყოვლად დაუშვებელია – ამ დროს შესაძლოა, თავი იჩინოს გვერდითმა ეფექტმა ან დაავადების მიმდინარეობა გაუარესდეს.

– როგორ ავიცილოთ თავიდან ასთმის გამწვავება?

– ექიმთან თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაცია საშუალებას მოგვცემს ვმართოთ ასთმა და თავიდან ავიცილოთ მისი გამწვავება. აუცილებელია, ექიმთან ერთად დადგინდეს მკურნალობის კურსის მიმდინარეობა, შედგეს გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებს როგორც ექიმი, ასევე პაციენტი. საჭიროა, მედიკამენტების დანიშვნა ქოშინის მოსახსნელად, ამით ექიმს საშუალება ექნება, მკურნალობის შედეგად, შეძლოს, დასვას ზუსტი ასთმური დიაგნოზი და გაიგოს, რა კატეგორიისაა ასთმა. დააზუსტეთ ასევე ფაქტორები, რაც შეტევებს იწვევს, მაგალითად: არის თუ არა ეს ალერგიის შედეგად, ცივი ჰაერი, მტვერი, არაა გამორიცხული, მტვერმაც განაპირობოს შეტევა. თუ დაადგენთ, რომელი მათგანის ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული შეტევა, შეიძლება, დასახოთ ღონისძიებები, მათი თავიდან ასაცილებლად.

– როგორია ასთმით დაავადებულთა ცხოვრების წესი?

– საკმაოდ მკაცრი ცხოვრების წესით უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება. თუ ჩვენი ერთ–ერთი ოჯახის წევრი დაავადებულია, მოგვიანებით, წესების დაცვა, გამწვავების თავიდან ასაცილებლად, თითქმის ყველა ოჯახის წევრს უწევს. მნიშვნელოვანია ასევე ყვავილების ყვავილობის პერიოდში ასთმით დაავადებული ადამიანები მოერიდონ გარემო პირობებს. შეეცადეთ ამ პერიოდში იშვიათად გააღოთ ოთახის კარები. ერიდეთ ოთახში მტვრის დაგროვებას, დაამტვერსასრუტეთ ის ოთახი, რომელშიც გიწევთ ძილი, თანაც ყოველდღიურად. დარწმუნდით, რომ ის ოთახი, სადაც გძინავთ, მცენარეების ალერგიას არ იწვევს, რეგულარულად ოთახი სველი ტილოთი გაწმინდეთ. თუ შეამჩნევთ, რომ ძალიან ცივა, ნუ გახვალთ გარეთ და თუ მაინც მოგიწიათ გასვლა, ეცადეთ, რომ შარფი შემოიხვიოთ. მუბუქი ვარჯიში ხელს შეუწყობს სასუნთქი და გულის ფუნქციის გაუმჯობესებას. გახსოვდეთ, ჭარბი წონა ამძიმებს ასთმის მიმდინარეობას. თუ ხშირად გაწუხებთ გულძმარვა, აცნობეთ ექიმს. აუცილებელია კონტროლზე იყოთ, რადგან ასთმა არცთუ სახუმარო დაავადებაა.

თამუნა ლაშხია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522696
1522896 online