asdas
ცნობილი ადამიანები
კალაძე დემეტრაძეს არ ეშვება
კალაძე დემეტრაძეს არ ეშვება
კალაძე დემეტრაძეს არ ეშვება

2010-07-30 12:56:01



გიორგი დემეტრაძის დაკავების და ორთვიანი პატიმრობის მისჯის მერე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ერთ–ერთი უახლოესი მეგობრის მხარდასაჭერად პრესკონფერენცია მოაწყო.

"მილანის" მცველმა დემეტრაძის გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნებოდა, მეგობარს თავდებში ოჯახთან ერთად დაუდგებოდა. გარდა ამისა, მაშინ კალაძემ ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძისა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია ||–ს სახელზე დაწერილი განცხადებაც წაიკითხა.

მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფეხბურთელიც ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა და ისიც უნდა ემორჩილებოდეს კანონს, ასე რომ...

უკრაინულ სპორტ.სეგოდნიასთან საუბრისას კალაძემ განაცხადა, რომ მის მიმართვას ჯერ არავითარი გამოხმაურება მოჰყოლია და როგორც ირკვევა, იგი საჩივრის შეტანას სტრასბურგშიც გეგმავს.

გიორგი დემეტრაძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინაში წარმატებით თამაშობდა, მაფიასთან კავშირის, იატაკქვეშა ტოტალიზატორის მოწყობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თქვენ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და პატრიარქს, ილია ||–ს მისი გათავისუფლების თხოვნით მიმართეთ. რეაქცია როგორი იყო?

– რეაქცია ჯერ არ ყოფილა. გიორგის ადვოკატებს იმ დოკუმენტების გაცნობის საშუალებას არ აძლევენ, რომლებიც მათ უნდა წარუდგინონ. გაურკვეველი სიტუაციაა. კიდევ რამდენიმე დღე მოვიცდი და ახალ განცხადებას გავაკეთებ.

– რის თაობაზე?

– ჯერ ამის შესახებ საუბარი არ მინდა. ვნახოთ. თუმცა, ვიდრე დემეს არ გაათავისუფლებენ, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიდავებთ, სტრასბურგშიც წავალთ. რომ ვიცოდე, რაღაც ისე არ გააკეთა, სიტყვას არ ვიტყოდი. კანონი ყველასთვის ერთია. როდესაც იცი, რომ ადამიანი არაფერ შუაშია, ყოველივე აბსურდს ემსგავსება.

საქართველოში სიმართლის თქმა ბევრს ეშინია. თუმცა, ვიდრე ცოცხალი ვიქნები, სიმართლეს ვილაპარაკებ იმის თაობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ეს არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და რუსეთშიც ეცოდინებათ.

პასუხს ვაგებ, რომ ამას ყველგან გაიგებენ. ის, რაც ხდება, განუკითხაობაა. ჩვენთან ამბობენ, რომ ქვეყანა ვითარდება და დემოკრატიაა. აი, ესაა ჩვენი დემოკრატია. ის, რაშიც დემეტრაძეს ადანაშაულებენ, რომ "ქურდების უახლოესი პიროვნებაა", სასაცილოა.

მსგავსი ბრალდება წაუყენო ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთს თამაშობდა... მას ამ ბინძური საქმეებისთვის უბრალოდ დრო არ დარჩებოდა. რასაც მას აბრალებენ, მსგავსი არაფერი მომხდარა. არსებობს სატელეფონო საუბარი, რომელშიც, როგორც ისინი ამბობენ, კრიმინალური ავტორიტეტი ვიღაცას ურეკავს და ეუბნება, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფული უნდა მისცეს. არც გვარს ასახელებს და არც არაფერს. ამ დროს კი დემეტრაძეს იჭერენ. ადვოკატებმა თქვეს, რომ ფული მისი საერთოდ არ ყოფილა და "დაუდეს". მასთან ერთად ორი მეგობარი იმყოფებოდა – ერთს იარაღი "ჩაუგდეს", მეორე კი გაუშვეს.

– ე.ი. თქვენი მონაცემებით მტკიცებულებები "ჩაუგდეს"?

– დიახ.

– რა მიზნით?

– ჩვენთან მსგავსი რამ პირველად არ ხდება. ის ადამიანები, ვინც არ ეთანხმება სახელმწიფოს პოლიტიკას, ვინც წინააღმდეგია... თითოეული მათგანისგან ბინ ლადენის შექმნა შეუძლიათ. თუმცა, დემეს პოლიტიკასთან არავითარი შეხება აქვს.

– ამ ხნის განმავლობაში გიორგისთან ურთიერთობა გქონდათ?

– არა, მაგრამ ვიცი, რომ ის საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მამამისთან მაქვს ურთიერთობა, რომელიც, ბუნებრივია, მომხდარს განიცდის.

– თავის დროზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიერის დასრულების მერე კალაძე საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს. რადგან იციან, რომ გიორგი თქვენი უახლოესი მეგობარია, შესაძლოა, თქვენთვის დარტყმის მიყენება სურდათ?

– არა მგონია. რაც შეეხება პოლიტიკას, ჯერ ფეხბურთს ვთამაშობ. კარიერას რომ დავასრულებ, განცხადებას გავაკეთებ, შემდეგ რითი დავკავდები. ჩემი ხალხის ყოფას ძალიან განვიცდი. მინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს და ხალხმა მშვიდობიანად იცხოვროს.

ჩვენ ომი არავისთან გვსურს. უნდა ვესაუბროთ ჩვენს ძმებს, ოსებსა და აფხაზებს. საქართველო პატარა და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან, უკრაინასთან, ამერიკასთან – ერთი სიტყვით, ყველასთან.

– გადავიდეთ თქვენთვის უფრო სასიამოვნო თემაზე. ცოტა ხნის წინ თქვენს შვილს, ლევანს წელიწადი შეუსრულდა. დაბადების დღე როგორ აღნიშნეთ?

– თბილისში ერთად ვიყავით. თუმცა, ჩვენთან ამბობენ, რომ როდესაც ბავშვს წელიწადი უსრულდება, დაბადების დღის აღნიშვნა არ შეიძლება. ამიტომ, არ გვიზეიმია.

– ბურთით ეთამაშებით?

– ვთამაშობთ ხოლმე. მინდა, რომ ფეხბურთელი გახდეს. თუმცა, მთავარია, კაცი გაიზარდოს, პატრიოტი.

– პამპერსებს უცვლით?

– არა, მაგრამ გამოცვლა ვიცი.

– მომავალ სეზონში სად ითამაშებთ, უკვე ცნობილია?

– "მილანში" ბევრი ცვლილებაა – ზოგიერთმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა, ზოგი წავიდა, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჰყავს.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც 10 წლის განმავლობაში "მილანში" მივაღწიე. კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადი მაკავშირებს. მის გახანგრძლივებას მთავაზობენ. ვარჯიში 20 ივლისს განვაახლეთ. ხელმძღვანელობას აუცილებლად დაველაპარაკები. ჩემთვის გასული სეზონი წარუმატებელი და უცნაური იყო.

"მილანში" მხოლოდ 10 შეხვედრა ჩავატარე. არადა, წინა 9 სეზონის განმავლობაში 300 მატჩამდე ვითამაშე. დარწმუნებული ვარ, დავამტკიცებ, რომ "მილანის" დონეს შევესაბამები.

– კლუბიდან წასვლის ვარიანტებს არ განიხილავთ?

– არა. ამის შესახებ ძალიან ბევრს წერდნენ, მაგრამ ყოველივე ჭორია. ამბობდნენ, რომ თითქოს ჩემთან მოლაპარაკებას კიევის "დინამო" აწარმოებდა, რაც არასწორია.

– ეკონომიკური კრიზისის მერე თქვენი ბიზნესი როგორ მდგომარეობაშია? როგორც ცნობილია, სასტუმროები და ბანკი გაქვთ...

– სასტუმროებიც და ბანკიც მუშაობს. ერთდერთი, რაც საქართველოში შევაჩერეთ, სამშენებლო ბიზნესია. თბილისში პატარა ქალაქის აშენება გვსურდა 80 ჰექტარზე, მაგრამ კრიზისისა და ომის მერე პრობლემები გაჩნდა.

არავის სჯერა, რომ ჩვენთან ყველაფერი მშვიდად იქნება და ომი აღარ მოხდება. ჯერჯერობით ინვესტორების დარწმუნება ძნელია – ყველას ეშინია იმის განმეორების, რაც შარშანწინ აგვისტოში მოხდა. რაც შეეხება ბანკს, მუშაობს. გარდა ამისა, მოლაპარაკებას იტალიურ ბანკებთან ვაწარმოებთ, რომლებსაც ქართულ ბაზარზე შემოსვლა უნდათ.

– ბანკს შემოსავალი მოაქვს?

– მოაქვს, მაგრამ ძალიან დიდი არა. ჩვენ პატარა ბანკი გვაქვს, რომელსაც მხოლოდ ერთი ფილიალი გააჩნია. კრიზისის დროს პრობლემები ბევრ ბანკს ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამის მერე გავიხსენით.

– როგორც ფეხბურთელს, უფრო მეტი შემოსავალი გაქვთ თუ როგორც ბიზნესმენს?

– ფეხბურთი ჩემი ძირითადი პროფესიაა. გამიმართლა, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემს ბიზნესს წარმართავენ. ფეხბურთის თამაშის პარალელურად სხვა საქმეებზე ფიქრი შეუძლებელია.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კახა კალაძე
კავშირი ტეგთან: კახა კალაძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523960
1524160 online