asdas
ცნობილი ადამიანები
ვინ შეუკვეთა სკანდალი?
ვინ შეუკვეთა სკანდალი?
ვინ შეუკვეთა სკანდალი?

2010-12-13 16:06:42



უკანასკნელ ხანს, ორგანიზაცია ვიკილიკსი მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყურადღების ცენტრში მოექცა. მის საიტზე გამოქვეყნდა მასალები, რამაც ბევრი ქვეყნის, უწინარეს ყოვლისა კი, აშშ–ს მაღალჩინოსნები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მათში საუბარია, თუ როგორ მოიხსენიებენ ამერიკელები მათი მეგობარი ქვეყნების (საფრანგეთი, ავღანეთი) ლიდერებს, როგორ უთვალთვალებენ თავიანთი მოკავშირეების წარმომადგენლებს გაეროში, მოყვანილია ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო დეპეშები და ა.შ.



– ამ მასალების გამოქვეყნებით, აშშ–ს უდიდესი დარტყმა მიადგა, უფრო სერიოზული, ვიდრე 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტი იყო, – წერს "მონდი".

კანონზომიერია, რომ აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ვერ მალავდა აღშფოთებას. მან ვიკილიკსის თავკაცის ჯულიან ასანჯის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა:

– ის, რაც ასანჯმა ჩაიდინა, დანაშაულია, – განაცხადა მან.

სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინის კომენტარი უფრო თავშეკავებული იყო:

– საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ის, რაც ვიკილიკსმა გამოაქვეყნა, ძალზე სახალისოდ იკითხება, – ასეთი იყო მისი შეფასება.

ანარქისტი, რომელსაც "ახალი წესრიგის" დამყარება სურს

მისის კლინტონის სიტყვებს ამაოდ არ ჩაუვლიათ, მალე ჯულიან ასანჯი მთელი მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციების საშუალებათა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, – ამტკიცებს ასანჯის ადვოკატი, – ის უბრალოდ ანარქისტია, რომელსაც არსებული მსოფლიო წესრიგი არ მოსწონს და სურს, მის ნაცვლად, ახალი შექმნას. ეს მისი უფლებაა. ჯულიანს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა ხომ დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია!

ადვოკატს ობიექტურობა არ მოეთხოვება, ადვოკატი მუდამ ტენდენციურია, რადგანაც მისი ამოცანა არა სიმართლის დადგენა, არამედ კლიენტის გამართლებაა. ამიტომაც კანონზომიერია, რომ ბევრი ექსპერტი თუ ჟურნალისტი მის შეფასებას არ ეთანხმება:

– ვიკილიკსმა გამოაქვეყნა მასალები ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, დემოკრატიისაგან შორს დგანან, – ნათქვამია არ–ტი–ვი–აის კომენტარში, – უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში გვყავს ჩინეთი. შესაბამისად, ნათელია, რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამერიკელ დიპლომატებთან იყვნენ დაკავშირებულნი და დემოკრატიისათვის იბრძოდნენ.

ავსტრალიელი ჟურნალისტი ჯულიან ასანჯი ფრიად კოლორიტული პერსონაა. თავის საჯარო გამოთქმებში ის არ მალავდა, რომ არსებული მსოფლიო წესრიგით უკმაყოფილოა. ასანჯი თავს "ნამდვილ დემოკრატს" უწოდებდა. სხვები მას როგორც ანარქისტს ან მემარცხენეს ისე აღიქვამდნენ. ფართო საზოგადოებისათვის უცნობი იყო მისი ბიოგრაფიის რიგი დეტალები, კერძოდ ის, რომ ასანჯი აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და დიდძალი ვალი ჰქონდა.

– ამას გარდა, შვედები მას სექსუალურ ძალადობაში დებენ ბრალს, – ნათქვამია ბი–ბი–სის კომენტარში.

სექსუალური ძალადობა უკვე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულია. ის ფაქტი, რომ ასანჯმა მიმალვა ამჯობინა და ახლა მას ინტერპოლი დაეძებს, მრავლისმეტყველია:

– ისმის კითხვა: ვიკილიკსის სკანდალი ხომ არ წარმოადგენს პასუხს აშშ–ში ცოტა ხნის წინათ აგორებულ ჯაშუშურ სკანდალზე? – ნათქვამია არ–ტი–ვი–აის კომენტარში.

ვლადიმერ პუტინის კომენტარი ვიკილიკსის მასალებზე ბევრს აფიქრებინებს, რომ მართლაც შესაძლებელია ჯულიან ასანჯის უკან რუსეთის დაზვერვა იდგეს:

– დისკუსია ასანჯთან და მის მსგავსებთან წყლის ნაყვაა, – წერს "უკრაინსკე სლოვო", – გაცილებით საინტერესოა ის, თუ როგორ, რა გზებით ჩაუვარდა ხელში ვიკილიკსს მასალები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ?

ვიქტორ სუვოროვი: ესაა არა ამერიკული სპეცსამსახურების, არამედ ამერიკული ბიუროკრატიის ტრაგედია!

ბევრი ჟურნალისტი თუ ექსპერტი თვლის, რომ ვიკილიკსის საიტებზე გამოქვეყნებული მასალები ამერიკული სპეცსამსახურების სერიოზული ჩავარდნაა. ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ვიქტორ რეზუნი, გრუ–ს ყოფილი ოფიცერი, რომელმაც, როგორც მწერალმა, სახელი ვიქტორ სუვოროვის ფსევდონიმით გაითქვა. მისი წიგნები "აკვარიუმი", "განმათავისუფლებელი", "არჩევანი", "უკანასკნელი რესპუბლიკა" თუ სხვა, მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერებად გადაიქცა.

– რუსული სპეცსამსახურების ჩავარდნები ლოგიკურია, რადგანაც მათი დეგრადაცია რუსული პოლიტიკური სისტემის დეგრადაციის შედეგია, – წერს სუვოროვი, – რამდენად შესაძლებელია ვიკილიკსის საიტებზე გამოქვეყნებული მასალები ამერიკული სპეცსამსახურების ჩავარდნად განვიხილოთ? ჩემი აზრით, ცალსახა შეფასება აქ ვერ გამოდგება.

მართლაც, რუსული სახელმწიფოს დეგრადაცია ჩანს თუნდაც იმ სავალალო მდგომარეობიდან, რომელიც დღეს რუსეთში შეიქმნა. ამერიკაში საპირისპირო სიტუაციაა. შესაბამისად, რამ განაპირობა, რომ ვიკილიკსის ხელში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები მოხვდა?

– ესაა არა ამერიკული სპეცსამსახურების, არამედ ამერიკული ბიოროკრატიის ტრაგედია, – თვლის სუვოროვი, – ბიუროკრატია, რომელთან მეც არაერთხელ მომიხდა შეჯახება, რომელიც უძლურია დაიცვას სახელმწიფო საიდუმლოება. მომხდარი ამისი ნათელი დადასტურებაა.

სუვოროვი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მოწინააღმდეგე მხარემ, ამ შემთხვევაში რუსეთმა, ეს გამოიყენა და მოახდინა საპასუხო რეაქცია "ჯაშუშურ სკანდალზე" (ანა ჩეპმენისა და მისი ამფსონების დაპატიმრება), რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსეთისათვის სილის გაწნა.

– ამან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რუსეთის დაზვერვა ძლიერ ჩამორჩა, – თვლის სუვოროვი.

ამ შეფასებას იზიარებს რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი კობალაძეც:

– არა მგონია, რომ დღეს "არალეგალთა სისტემას" ჩვენ გარდა კიდევ ვინმე იყენებდეს, – განაცხადა მან არ–ტი–ვი–აის ეთერიდან, – ყოველ შემთხვევაში, არც ამერიკელები და არც სხვა მოწინავე ქვეყნები ამას აღარ აკეთებენ. ამის ნაცვლად, მათ ჰყავთ "გავლენის აგენტები", საჭიროების შემთხვევაში კი მზად არიან გამოიყენონ უახლესი ტექნიკური საშუალებები და გადაიხადონ ფული, რაც ინფორმაციის მოპოვების საიმედო საშუალებაა.

კობალაძის აზრით, "არალეგალთა" სრულყოფილად მომზადებას ხანგძლივი დრო სჭირდება და ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა, რაც საბოლოო ანგარიშით არაეფექტურია.

– მოწინავე ქვეყნებმა ამაზე უარი განაცხადეს! დღეს არალეგალთა სისტემის გამოყენება იგივეა, რომ კომპიუტერი საანგარიშო ჩოთქით ჩაანაცვლო, – განაცხადა მან არ–ტი–ვი–აისთან საუბარში, – როდესაც გაჩნდა უამრავი ტექნიკური საშუალება, როდესაც გაქვს ფული და გყავს გავლენის აგენტები, არალეგალთა გამოყენება უბრალოდ უაზრობაა! ქვეყანას, რომელიც ამ დახავსულ სისტემას იყენებს, მსურს ერთი უსიამოვნო შეკითხვა დავუსვა: ძვირფასო, რომელ საუკუნეში ცხოვრობ?

კობალაძის აზრით, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, რუსული სპეცსამსახურების არაეფექტურობა თვალნათლივ გამოჩნდა:

– საქართველო პატარა, სუსტი ქვეყანაა, ამიტომ რუსული პროვოკაციის თავიდან აცილება ვერ შეძლო, – თვლის კობალაძე, – შედეგად, რუსეთმაც დაგეგმილი აქცია განახორციელა, შემდეგ კი შეეცადა, საქართველო აგრესორად გამოეყვანა. ბუნებრივია, ეს სასაცილოდ გამოიყურება, ამიტომაც ჩვენმა სპეცსამსახურებმაც შეთითხნეს "დეზა", რომ, თითქოს საქართველო ომზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კერძოდ კი, პრეზიდენტმა ბუშმა წააქეზა. საქმეში ჩახედულ ხალხს ამან მხოლოდ ღიმილი მოჰგვარა. ყველასათვის ცნობილია, რომ ამერიკელები ასე არ მუშაობენ!

ამიტომაც კანონზომიერია, რომ ჩეპმენისა და მისი მეგობრების ჩავარდნამ რუსები გააცოფა. შედეგად, მათ გადაწყვიტეს შელახული პრესტიჟის აღდგენა. ვიკილიქსის საიტებზე გამოქვეყნებული მასალებით მათ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის დაზვერვა კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა და რომ ამერიკელთა ყველა საიდუმლოება მათთვის ცნობილია. სილის გაწნის პასუხად, რუსეთს რაიმე ნაბიჯი ხომ აუცილებლად უნდა გადაედგა. მით უმეტეს, რომ ხსენებული მასალების მოპოვება დღევანდელ პირობებში სულაც არ იყო ძნელი. ვიქტორ სუვოროვიც მიიჩნევს, რომ ლოგიკურია ვიკილიქსის უკან რუსეთის დაზვერვა იდგეს.

– ზოგი ამტკიცებს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ვიკილიქსმა გამოაქვეყნა მასალა, რომელიც რუსეთ–საქართველოს ომში დამნაშავედ რუსეთს წარმოაჩენს! ბატონებო, მაპატიეთ, მაგრამ ეს ხომ ისედაც ყველასათვის კარგადაა ცნობილი! 2008 წლის მოვლენები რუსეთის პროვოკაციის შედეგია, პროვოკაციისა, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა! – თვლის სუვოროვი.

მართლაც, თუკი საქართველოს ხელისუფლება რაიმეშია დამნაშავე, მხოლოდ იმაში, რომ რუსული პროვოკაციისა და აგრესიის ალაგმვა ვერ შეძლო.

რა შედეგი მოჰყვება ვიკილიქსის მასალების გამომზეურებას?

საეჭვოა, რომ ვიკილიქსის საიტებზე გამოქვეყნებულმა მასალებმა საერთაშორისო მდგომარეობა ძირეულად შეცვალოს. თავის ონლაინ–ინტერვიუში ჯულიან ასანჯი გვპირდება, რომ მასალების გამოქვეყნება აუცილებლად გაგრძელდება. შესაძლოა, ეს ასეცაა, თუმცა, ეს მოწინავე ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერ შეცვლის. ალბათ, საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი მეგობრების წრეში გვარიანად შეიკურთხებს, შესაძლოა, ვიღაც–ვიღაცეებმა თანამდებობებიც დატოვონ, მაგრამ აშშ–საფრანგეთის, აშშ–ინგლისის, აშშ–ჩინეთის ან აშშ–რუსეთის ურთიერთობები კარდინალურად არ შეიცვლება. დღეს მათ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ. რუსეთი დასავლური ტექნოლოგიის გარეშე ვერ განვითარდება, აშშ კი რუსეთის გარეშე "ავღანური პრობლემის" მოგვარებას ვერ შეძლებს.

– თანამედროვე მსოფლიოში ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული, – ზბიგნევ ბზეჟინსკის ეს შეფასება წლების წინ გამოითქვა, მაგრამ ის ჯერაც ძალაშია.

ასევე საეჭვოა, რომ ვიკილიქსის მასალებმა რუსულ–ქართულ ურთიერთობებშიც კარდინალურად შეცვალოს რაიმე. მიუხედავად რუსეთის დუმის დეპუტატთა განცხადებებისა, საეჭვოა, რომ კრემლმა აშკარა აგრესიული ნაბიჯები (საქართველოში სამხედრო ინტერვენცია და ა.შ.) გადადგას. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ 2008 წლის მოვლენებმა რუსეთ–საქართველოს შორის ხიდი საბოლოოდ ჩატეხა. რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას არასოდეს დათანხმდება (მაშინაც კი, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის და ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს). თავის მხრივ, არც თბილისი შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. შესაბამისად, მიუხედავად სააკაშვილის უკანასკნელი განცხადებისა, რომ მზადაა რუსეთთან უპირობო დიალოგი დაიწყოს, დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". ეს დიალოგი რუსული მხარის პოზიციიდან გამომდინარე ან ჩაიშლება, ან უშედეგოდ დამთავრდება. ქართულ–რუსული კონფლიქტიც მხოლოდ მაშინ აღმოიფხვრება, როდესაც ან რუსეთი უკან დაიხევს, ან საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. რუსეთის უკან დახევა დღეს შეუძლებელია, რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობას, ეს გამორიცხულია, ამაზე თვით ყველაზე პრორუსულად განწყობილი ქართველი პოლიტიკოსიც კი არ წავა:

– რუსეთი და საქართველო ხანგრძლივი დაპირისპირებისათვის არიან განწირული და თუკი საქართველო ნატოზე უარს განაცხადებს (თუნდაც იმ ფორმით, როგორც ეს იანუკოვიჩმა გააკეთა), მისთვის ეს საბოლოო კატასტროფით დასრულდება, – სამართლიანად აღნიშნავს უკრაინელი ექსპერტი სერგეი გრაბოვსკი.

რუსეთთან ჩვენი დაპირისპირებაც გაგრძელდება, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეიძლება, არის ის, რომ მისი სიმწვავე რამდენადმე მაინც შენელდეს. თუმცა, ეს არ შეცვლის მთავარს: რუსეთი განაგრძობს ძირგამომთხრელ აქციებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მაქსიმალურად შეეცდება საქართველოში არეულობის გამოწვევას. მიზანი ნათელია. რუსების პროგრამა მინიმუმია მიაღწიონ, რომ ქართული სახელმწიფო არ აშენდეს, მაქსიმუმი კი, ჩვენი ქვეყნის დაშლა და ნაწილ–ნაწილ რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებაა.

რაც შეეხება აშშ–ს, აქ ვიკილიქსის საიტებზე გამოქვეყნებულმა მასალებმა შესაძლოა გარკვეული ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს (თუმცა, ამისი ალბათობა მცირეა). უდავოა ერთი: ხსენებული მასალების გამოქვეყნება ხელს შეუწყობს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის რეჟიმის გამკაცრებას და გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე, როდესაც რესპუბლიკელები ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი დემოკრატების დამარცხებას შეეცდებიან.

ზყთყ ამრიგად, ამერიკელთა სილას რუსეთმა სილით უპასუხა. თუმცა, რუსეთისაგან განსხვავებით, ამერიკა მართლა დიდი სახელმწიფოა, ამიტომ ვაშინგტონი ალბათ ყველაფერს იღონებს, რათა ფართო საზოგადოებამ უახლოეს მომავალში შეიტყოს იმათი გვარები, ვინც ვიკილიქსი ხსენებული მასალებით მოამარაგა. შესაბამისად, მოსკოვ–ვაშინგტონს შორის ურთიერთობების "გადატვირთვაც" არც ისეთი ხავედროვანი იქნება, როგორც ეს ზოგიერთს წარმოედგინა. ის ხანგრძლივი ვერ იქნება და დასრულდება მაშინვე, როდესაც "ავღანური პრობლემა" რამდენადმე მაინც გადაწყდება.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სარკოზი
კავშირი ტეგთან: სარკოზი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523456
1523656 online