asdas
ცნობილი ადამიანები
მომავალ შეხვედრამდე, კაპიტანო!
მომავალ შეხვედრამდე, კაპიტანო!
მომავალ შეხვედრამდე, კაპიტანო!

2010-08-06 14:48:40



მადრიდის "რეალიდან" წასვლის თაობაზე განცხადების გაკეთებისა და "სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილ გულშემატკივრებთან დამშვიდობების შემდეგ გუნდის კაპიტანმა ბოლო ინტერვიუ მისცა სამეფო კლუბის მოთამაშის რანგში.
რაულის წასვლას არავინ დაუტოვებია გულგრილი. ყველა ცნობილმა პიროვნებამ გააკეთა კომენტარი "რეალის" ცოცხალი ლეგენდის გუნდიდან წასვლის თაობაზე.
ხორხე ვალდანო
– მადრიდის "რეალმა" დიდი ფურცელი გადაშალა თავის ისტორიაში, ამიტომ, ამასთან შეგუება წარმოუდგენლად რთულია. მეხსიერებაში ამოტივტივდება უამრავი მომენტი და ყველა მათგანი ჩვენში ნოსტალგიას, მწუხარებას და სინანულს იწვევს. რაული ახლა ორ გრძნობას ჰყავს შეპყრობილი, მწუხარებასა და ახალი პერსპექტივით გამოწვეულ აღმაფრენას, მაგრამ ჩვენ, ვინც მის გვერდით ვიმყოფებით, მხოლოდ დამწუხრებულები ვართ, – განაცხადა ხორხე ვალდანომ, რომელმაც 1994 წლის 29 ოქტომბერს მოედანზე გამოუშვა ყველასთვის სრულიად უცნობი 17 წლის ყმაწვილი, რომელიც სამეფო კლუბის ლეგენდად იქცა.
ფერნანდო იერო
– მიდის მადრიდის "რეალის" ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდებული ფეხბურთელი. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ხვალ რაულ გონსალეს ბლანკოზე ყველა მხოლოდ პატივისცემით ისაუბრებს, რომელსაც იგი იმსახურებს. რაული ყველასთვის სამაგალითოა, ვისაც კი "რეალის" ფორმა აცვია და ასევე მათთვის, ვინც მომავალში მოირგებს ამ კლუბის მაისურს. სადაც უნდა ითამაშოს რაულმა, ყველას ვურჩევდი, რომ მას პატივისცემით მოეპყრან, ვინაიდან მათთან მიდის ფერარი – ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფერარი. დღეს სრული უფლება მაქვს განვაცხადო, რომ რაულ გონსალეს ბლანკო ერთ–ერთი სამეფო კლუბის ისტორიაში სამ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეს შორის. ნაკრები, ისევე როგორც "რეალი", სადაც რაული თამაშობდა, არასდროს ნებდებოდა. ვარჯიშებზე რაული ბედნიერი იყო, მაშინაც კი, როდესაც ორმხრივ თამაშებში იმარჯვებდა, ხოლო ჩვენ, მისი, პარტნიორები ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ჩვენ მასზე მეტი უნდა გვეცადა. გუნდში მოსვლიდან მეორე კვირას ორმხრივი თამაშების დროს უკვე ყველას სურდა, რომ რაულს მათ გუნდში ეთამაშა. ერთხელ ვთქვი, რომ ეს ყმაწვილი ნამდვილი ფერარია და არც შევმცდარვარ. ამას მისი მიღწევები ადასტურებს. სტატისტიკას თუ გვერდით გადავდებთ, უნდა განვაცხადო, რომ ის ყველაზე დიდებული ესპანელი ფეხბურთელია, რომელიც კი თავისი ისტორიის მანძილზე ესპანეთს ჰყოლია, – განაცხადა სამეფო კლუბის კიდევ ერთმა დიდებულმა კაპიტანმა იერომ, რომელიც რაულის გვერდით ათი წელი თამაშობდა.
იკერ კასილასი
– რაული მადრიდის "რეალის" სიმბოლოა. დიდებული კაპიტანი, რომელიც საზოგადოებას არ დამალვია არც ტრიუმფის დროს და არც მწარე დამარცხების მომენტში. ის პროფესიონალიზმის მაგალითს წარმოადგენს და სწორედ იგი დამეხმარა გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი, – განაცხადა იკერ კასილასმა, რომელმაც "რეალის" კაპიტნის სამკლაური რაულისგან გადაიბარა.
კრიშტიანუ რონალდუ
– ბავშვობიდან ვოცნებობდი რაულის გვერდით თამაშზე. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო გასახდელში მის გვერდით ყოფნა და მისი ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპზე მხოლოდ ყოველივე კარგი ვუსურვო, – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელსაც, შესაძლოა, რაულის 7 ნომრიანი მაისური ერგოს.
კაკა
– რაული წარმოუდგენელი ფეხბურთელია, იგი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ამ კლუბისთვის. მადრიდელებს იგი ყოველთვის ემახსოვრებათ და მთელ გუნდს, ისევე, როგორც მის გულშემატკივრებს, ყოველთვის მოენატრებათ ეს დიდებული სპორტსმენი.
ხაბი ალონსო
– რაული მადრიდის "რეალის" ყველა ფასეულობას წარმოადგენს. იგი მისი სიმბოლოა და უკვე გახდა მისი ისტორიის ნაწილი. თხუთმეტი წელი მადრიდის "რეალში" თამაში ადვილი არ არის, მან კი ამას მიაღწია, იმიტომ, რომ საუბარია ბრწყინვალე უნიკალურ ფეხბურთელზე.
პეპე
– რაული გრანდია მადრიდის "რეალის" ისტორიაში. ის თექვსმეტი სეზონი, რომელიც მან კლუბის შემადგელობაში გაატარა, უკვე მეტყველებს მის კლასზე. მე იგი განსაკუთრებულად მიყვარს, ვინაიდან, როდესაც ტრავმირებული ვიყავი, ყოველთვის ინტერესდებოდა ჩემი ჯანმრთელობით. ერთხელ იგი ჩემთან ერთად ჩამოვიდა ბიჭებთან გასახდელში და მის ამ საქციელს ჩემთან მიმართებაში არასდროს დავივიწყებ.
ლასანა დიარა
– ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მის გვერდით თამაში მომიწია. მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, მადრიდის "რეალის" თამაშებს ვუყურებდი, რათა რაულის თამაში მენახა. იგი ძალიან დამეხმარა, როდესაც ამ კლუბში გადმოვედი და სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად გავიმეორებ, რომ მადრიდის "რეალში" რაულის გვერდით თამაში ჩემთვის ნამდვილი პრივილეგია იყო.
კარიმ ბენზემა
– რაული სარკეა, რომელშიც უნდა ჩაიხედო. ის დიდებული ადამიანი და მადრიდის "რეალისა" და ესპანური ფეხბურთის სიმბოლოა. რაული სამაგალითოა ყველა ფეხბურთელისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ის დიდებული ფორვარდი და მეტად ეფექტური მოთამაშეა.
მარსელო
– რაული ორიენტირია ყველაფრისთვის, რაც კი მადრიდის "რეალს" უკავშირდება. იგი ჩვენ არასდროს დაგვივიწყებს, ჩვენ კი მას.
ფერნანდო გაგო
– რაული მადრიდის "რეალის" ერთ–ერთი ემბლემაა.
რუუდ ვან ნისტელროი
– მე ვიცნობ რაულს და იგი მუდამ "რეალში" თამაშობდა. მისთვის გელზენკირხენში გადასვლა დიდი შანსია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იგი მას უპრობლემოდ გამოიყენებს. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, აქ გერმანიაში გულშემატკივრები გუნდის გვერდით არიან. ზოგჯერ შენს გარშემო მეტისმეტად ბევრი გულშემატკივარიც კი იყრის თავს, თუმცა ყველა მათგანი სასიამოვნო ადამიანია. ესპანეთში და ინგლისში გულშემატკივრების მოთამაშეებთან ახლოს თითქმის არ უშვებენ, ამიტომ, როდესაც ასეთი რამ ხდება მათ ნამდვილი ექსტაზი ეწყებათ. სწორედ ამაშია დიდი განსხვავება. ისეთი მოთამაშეების მოსვლა როგორებიც რაული და ბალაკი არიან უკვე თავისთავად მეტყველებს ბუნდესლიგის ძალაზე. ადრე მხოლოდ "ბაიერნს" ჰყავდა თავის შემადგენლობაში ვარსკვლავები, ახლა კი სხვა გუნდებსაც ეყოლებათ, – განაცხადა "ჰამბურგის" თავდამსხმელმა რუუდ ვან ნისტელროიმ, რომელმაც რაულის გვერდით სამ სეზონზე მეტი დროის მანძილზე ითამაშა.
ალბერტო კონტადორი, ველომრბოლელი, ტურ დე ფრანსის გამარჯვებული
– რაული სამაგალითოა ახალი თაობისთვის. მინდა მას მადლობა ვუთხრა იმის გამო, რომ მან მთელი თავისი ცხოვრება მადრიდის "რეალს" მიუძღვნა. ის კლუბის სიმბოლოა და მე მისით აღფრთოვანებული ვარ.
ესპანეთის მეფემ რაულს წარმატებები უსურვა გერმანიაში
მადრიდის "რეალიდან" რაულის წასვლამ გულგრილი თვით ესპანეთის მეფე ხუან კარლოსიც კი ვერ დატოვა და მან თავად დაურეკა ფეხბურთელს, რათა მის მიმართ საკუთარი პატივისცემა გამოეხატა და წარმატებები ესურვა ახალ კლუბში. რაულმა სამეფო კლუბი დატოვა, რომლის შემადგენლობაშიც თექვსმეტი წელი ითამაშა, ჭეშმარიტად უნიკალური შემთხვევაა თანამედროვე ფეხბურთში.
– მაინც, რატომ მიდიხართ?
– ვინაიდან ეს მომენტი დადგა. ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რომ დასასრულის დრო მოვიდა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისური მრავალი წლის მანძილზე ვატარე. ამ დროის მანძილზე გავიცანი ახალი პარტნიორები, მწვრთნელები კლუბის თანამშრომლები, რომლების დამოკიდებულება ჩემს მიმართ ყოველთვის საუკეთესო იყო. 33 წლის ვარ, ჩემს უკან კი ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან და ამ ზაფხულს მომეცა საზღვარგარეთ თამაშის შანსი. დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და იგი ოჯახთან შეთანხმებით მივიღე. კლუბმა მხარი დამიჭირა და დრო მომცა მოფიქრებისთვის. მინდა ვითამაშო, საკუთარი შესაძლებლობები ესპანეთის ფარგლებს გარეთ მოვსინჯო, გავიცნო სხვა ფეხბურთი, სხვა კულტურა. მე მივდივარ, მაგრამ ეს არ არის დამშვიდობება, არამედ "მალე შეხვედრამდე". თავს მადრიდელად მივიჩნევ და სადაც უნდა ვიმყოფებოდე, ყოველთვის "რეალს" ვუგულშემატკივრებ.
– რას იგრძნობდით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მეტოქე გუნდის მოთამაშის რანგში რომ დაბრუნებულიყავით?
– შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში მოგვიწიოს შეხვედრა, მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემთვის მეტად მძიმე იქნება "ბერნაბეუზე" სხვა კლუბის ფორმაში დაბრუნება.
– ვინ დაიკავებს თქვენ ადგილს "რეალში"?
– დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოთამაშე მოვა, კანტერაში ბევრი კარგი მოთამაშეა. "რეალის" კანტერა კარგად მუშაობს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გუნდში რაც შეიძლება მეტი ჩვენი აღზრდილი ვიხილოთ, ეს უბრალოდ ციკლზეა დამოკიდებული.
– მადრიდელებთან გამომშვიდობება გუტისთან ერთად გსურდათ?
– ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, მე მასზე ერთი წლით ადრე მოვედი. ყველას თავისი ისტორია აქვს. გუტი გამომშვიდობების საკუთარ დღეს იმსახურებდა. მისი დამშვიდობების დღემ ამაღელვა, ვინაიდან ჩვენ ერთად ბევრი სიხარული გავიზიარეთ, ამ ყმაწვილმა შეძლო ფეხზე დაეყენებინა "ბერნაბეუ", ის ნამდვილი გენია იყო და ძალიან მოგვენატრება.
– თუ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი მომავალში "რეალის" მწვრთნელის ამპლუაში?
– ჩემი ბოლო სეზონის განმავლობაში ხალხი მრავალ როლში მხედავდა, გარდა მოთამაშისა, მე კი მსურს, რომ ფეხბურთელად მხედავდნენ. დრო ახალი მიზნებისთვის იქნება, მაგრამ ახლა ფეხბურთის თამაში მსურს. ამ კლუბში თამაშს უდიდესი გამოცდილება მოაქვს, მაგრამ ერთია მის მოთამაშედ ყოფნა, ხოლო სულ სხვა მწვრთნელად ან სპორტულ დირექტორად ყოფნა. დროთა განმავლობაში ყველაფერი გაივლის, ყოველთვის მიგულეთ მადრიდის "რეალის" სამსახურში, თუ ამის აუცილებლობა იქნება.
– თქვენი ახალი კლუბი "შალკე" იქნება, ის ყველაზე მეტად იყო თქვენით დაინტერესებული...
– "შალკე" ჩემით მართლაც ძალიან იყო დაინტერესებული, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათთან მოლაპარაკებები იყო და საკმაოდ ნაყოფიერიც გამოვიდა. იყო მოლაპარაკებები სხვა გუნდებთანაც, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს ჩემს მიმართ სწორედ "შალკე" იჩენდა. მე ან ინგლისის პირველობაზე უნდა მეთამაშა, ან გერმანიის, სხვა ყველა გამოვრიცხე.
– ყველაზე მეტად რა გაგონდებათ?
– მოსაგონარი ბევრი მაქვს და ერთი კონკრეტულის გამორჩევა მიმძიმს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო ის დღე იყო, როდესაც ერთხელ, 28 ოქტომბერს, პარასკევს, სახლში მივედი და დედას ვუთხარი, რომ პირველ გუნდთან ერთად სარაგოსაში მივფრინავდი. დედამ ვერც კი ისადილა მღელვარებისგან, სამუდამოდ დამამახსოვრდა ჩემი მშობლების ის ბედნიერი სახეები. პირველ ადგილზე სწორედ ამ მოგონებას დავაყენებდი.
– ჟოზე მოურინიუსთან საუბარმა ეჭვი ვერ შეგატანინათ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში?
– დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ იგი არა მხოლოდ შესანიშნავი მწვრთნელია და კლუბის სწორი არჩევანი, იგი ყოველთვის მომწონდა და ის პარტნიორები, რომელთაც მასთან ვარჯიში მოასწრეს, მასზე მხოლოდ კარგს ამბობენ. ასე რომ, რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, ყველაზე ადვილი იქნებოდა დარჩენა, ვინაიდან მასთან ვარჯიში მსურდა, მას კი ჩემი ვარჯიში სურდა, მაგრამ ვითარებამ სხვაგვარად გადაწყვიტა, შექმნილ ვითარებას გლობალურ სიბრტყეზე შევხედე, ხოლო ის არ იყო დამოკიდებული იმაზე სურდა თუ არა მოურინიუს თავისი გუნდის შემადგელობაში ჩემი ყოლა. ჩემ გადაწყვეტილებას მრავალი თვის მანძილზე ვიღებდი, მხოლოდ ჩემი ოჯახის წრეში და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.
– იმ პარტნიორებიდან ვის გვერდითაც გითამაშიათ, ვინ მიგაჩნიათ საუკეთესოდ?
– თუ ნაკრებს მივიღებთ მხედველობაში – გვარდიოლა, ვინაიდან ნაკრებში მის გვერდით მრავალი შესანიშნავი წელი გავატარე. გარდა ამისა სწორედ მან გამიკეთა გადაცემა, როდესაც ჩემი პირველი სანაკრებო გოლი გავიტანე. ჩვენ შესანიშნავად ვუგებდით ერთმანეთს. ხოლო "რეალში" ბევრი პარტნიორი მყავდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მათ შორის რომელიმეს გამორჩევა მიჭირს, მათი სია საკმაოდ გრძელი გამოვა. შეიძლება რედონდო გამომეყო, ვინაიდან იყო დრო როდესაც შეკრებების დროს ორნი ერთად ვცხოვრობდით და ამიტომ მის გვერდით უფრო დიდხანს მიწევდა ყოფნა ვიდრე საკუთარი მეუღლის გვერდით.
– როგორი გსურთ, რომ დაგიმახსოვრონ?
– დრო გვიჩვენებს, როგორ ვემახსოვრები, მე კი მშვიდად მივდივარ, ვინაიდან ვიცი, რომ რაც კი შემეძლო, ყველაფერი გავიღე "რეალისთვის". როგორც ადამიანი, ვცდილობდი ვყოფილიყავი უბრალო და კარგად აღზრდილი და გულშემატკივრებიც ჩემს მიმართ ასევე იქცეოდნენ. დრო კი ყველა ჩვენგანს კუთვნილ ადგილს მიუჩენს.
– რას ეტყოდით ახლა თქვენს კრიტიკოსებს?
– კრიტიკამ შემაძლებინა გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი და ადამიანი, სწორედ ის დამეხმარა პროგრესში. გადახედეთ ჩემს კარიერას და თავადვე დარწმუნდებით. ვცდილობდი ყველასთვის მეცა პატივი და პრობლემები არავისთან შემქმნია, სწორედ ამით ვამაყობ.
რაულ გონსალეს ბლანკო აპლოდისმენტების თანხლებით წავიდა და "რეალს" დიდი წარმატებები უსურვა. იგი გადაეხვია კლუბის გენერალურ დირექტორ ხორხე ვალდანოს, ბოლო ავტოგრაფები დაარიგა კლუბისა და ეროვნული ნაკრების მაისურებზე, რომელთაც მას ტრიბუნებიდან ესროდნენ, ყველას ხელი დაუქნია და წავიდა... მომავალ შეხვედრამდე, კაპიტანო!
მოამზადა კახა ხატიაშვილმა
კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523960
1524160 online