asdas
ცნობილი ადამიანები
ჩელსიმ პირველი ადგილი დაიბრუნა
ევროპულ სტადიონებზე
ჩელსიმ პირველი ადგილი დაიბრუნა

2009-10-09 15:47:20



პრემიერლიგა. V||| ტური

ინგლისის ჩემპიონატს მე–8 ტურის შემდეგ ერთპიროვნულ ლიდერად კვლავ ლონდონის ჩელსი მოევლინა, რომელმაც პრინციპულ ორთაბრძოლაში ერთ–ერთ კონკურენტ ლივერპულს სძლია, ხოლო მანამდე პირველ ადგილზე მყოფმა მანჩესტერმა საშინაო შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა სანდერლენდთან მატჩში. გამარჯვებები იზეიმა არსენალმა, რომელმაც ბლექბერნი მიწასთან გაასწორა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა ჩელსისა და ლივერპულს შორის. ორივე გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავიდა. თამაში დაძაბული გამოდგა, თუმცა მასპინძლები უფრო გააზრებულად მოქმედებდნენ, ხოლო სტუმრების შეტევები უფრო ქაოტურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მართალია, ბურთის ფლობის მხრივ მერსისაიდელები ჯობდნენ არისტოკრატებს, მაგრამ მასპინძლების შეტევები უფრო სახიფათო იყო და ლივერპულის მეკარე პეპე რეინასაც უფრო ხშირად უწევდა თამაშში ჩართვა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ კი ჩელსიმ კიდევ უფრო სახიფათოდ შეუტია მეტოქის კარს და მე–60 წუთზე ნიკოლა ანელკამ გახსნა ანგარიში. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, ამისთვის რამდენიმე შეცვლაც გააკეთეს, მაგრამ მათ ვერც დასვენებული ფეხბურთელების მოედანზე გამოსვლამ უშველა. 90–ე წუთზე კი მარჯვენა ფლანგზე, დიდიე დროგბას შესანიშნავი თამაშის შემდეგ, რეინას კარში ბურთი მოედანზე შეცვლაზე შესულმა ფლორან მალუდამ გადააგზავნა – 2:0.

ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედმა სანდერლენდს უმასპინძლა. თითქოს მოქმედ ჩემპიონს ეს თამაში უპრობლემოდ უნდა მოეგო, მაგრამ თავად გადაურჩა დამარცხებას. შესაძლოა მანკუნიანელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს მეტოქე, ყოველ შემთხვევაში, სტუმრებმა მათ ტოლი არაფერში დაუდეს და ორჯერ იგებდნენ თამაშს. ანგარიში მე–7 წუთზე ბენტმა გახსნა და პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. 51–ე წუთზე ბერბატოვმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, შვიდ წუთში ჯონსმა ისევ დააწინაურა სანდერლენდი. მასპინძლებს ქულის გადარჩენაში ფერდინანდი დაეხმარა, რომელმაც 90–ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 2:2.

არსენალმა საკუთარ მოედანზე ბლექბერნი მიიღო. თამაში მასპინძლებისთვის არცთუ კარგად დაიწყო. უკვე მე–4 წუთისთვის სტუმრებმა გახსნეს ანგარიში ნ,ზონზის დარტყმის შემდეგ. მე–17 წუთზე ვერმალენმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 30–ე წუთზე დანიმ ისევ წინ გაიყვანა ბლექბერნი. 33–ე წუთზე ვან პერსიმ ისევ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ოთხ წუთში, არშავინის დარტყმის შემდეგ, თამაშს უკვე მეთოფეები იგებდნენ. მეორე ტაიმი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა. 57–ე წუთზე ფაბრეგასმა ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა. 75–ე წუთზე მოედანზე შეცვლაზე შესულმა უოლკოტმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა არსენალის უპირატესობა, ხოლო მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი ასევე შეცვლაზე შესულმა ბენდტნერმა დაუსვა – 6:2.

ვულვერჰემპტონი – პორტსმუთი 0:1

გოლი: იებდა (0:1, 19)

ბარნლი – ბირმინგემი 2:1

გოლები: სტ.ფლეტჩერი (1:0, 53), ბიკეი (2:0, 62), სებ.ლარსონი (2:1, 90)

ჰალი სიტი – უიგანი 2:1

გოლები: ჰესელინკი (1:0, 60), ჯოვანი (2:0, 68), ს.სინკლერი (2:1, 87)

ბოლტონი – ტოტენჰემი 2:2

გოლები: გარდნერი (1:0, 3), კრანჩარი (1:1, 33), კ.დევისი (2:1, 69), ჩორლუკა (2:2, 73)

მანჩესტერი – სანდერლენდი 2:2

გოლები: დ.ბენტი (0:1, 7), ბერბატოვი (1:1, 51), კენ.ჯონსი (1:2, 58), ა.ფერდინანდი (2:2, 90 ს.კ)

არსენალი – ბლექბერნი 6:2

გოლები: ნ,ზონზი (0:1, 4), ვერმალენი (1:1, 17), დანი (1:2, 30), ვან პერსი (2:2, 33), არშავინი (3:2, 37), ფაბრეგასი (4:2, 57), უოლკოტი (5:2, 75), ბენდტნერი (6:2, 89)

ევერტონი – სტოკ სიტი 1:1

გოლები: ჰუტი (0:1, 50), ოსმანი (1:1, 55)

ვესტ ჰემი – ფულემი 2:2

გოლები: კ.კოული (1:0, 16), დენ.მერფი (1:1, 47 პენ), გერა (1:2, 57), სტანისლასი (2:2, 90)

ჩელსი – ლივერპული 2:0

გოლები: ანელკა (1:0, 60), მალუდა (2:0, 90)

ასტონ ვილა – სიტი მატჩი მაშინ გაიმართა როდესაც ჟურნალი დასაბეჭდად იყო გამზადებული.

ინტერი სამპდორიას დაეწია

სერია ა. V|| ტური

იტალიის ჩემპიონატს მე–7 ტურის შემდეგ ორი ლიდერი ჰყავს, მილანის ინტერი და გენუის სამპდორია. მათ კვალში მიჰყვებიან ტურინის იუვენტუსი და ფიორენტინა. მათ კი ერთი ქულით ჩამორჩება ჯენოა. ჩემპიონატში კი დაუმარცხებელი აღარავინ დარჩა.

მოქმედმა ჩემპიონმა სან სიროზე უდინეზე მიიღო. მატჩი საინტერესო გამოდგა. სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს და ქულის აღებაც კი შეეძლოთ. თამაში ინტერის შეტევებით დაიწყო და 22–ე წუთზე სტანკოვიჩმა გახსნა ანგარიში, მაგრამ უდინეზეს სულ ხუთი წუთი დასჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად. 27–ე წუთზე დი ნატალემ დაამწუხრა მასპინძლები. ამის შემდეგ უპირატესობას ძირითადად ინტერი ფლობდა, ხოლო სტუმრებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა ერთგვარი შტურმი მოაწყვეს უდინეზეს კართან და 90–ე წუთზე სნეიდერის დარტყმამ გამარჯვება ინტერს მოუტანა – 2:1.

სამპდორიამ საკუთარ მოედანზე სერია ა–ში დაბრუნებული პარმა მიიღო და მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა. თამაშში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და 23–ე წუთზე, პაცინის დარტყმის შემდეგ, გახსნეს კიდეც ანგარიში, თუმცა სტუმრებს ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო არ დასჭირვებიათ. 30–ე წუთზე პარმელი გალოპას დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში გაეხვა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამ ტურამდე იტალიის ჩემპიონატში დაუმარცხებლად მხოლოდ ტურინის იუვენტუსი ასპარეზობდა. ბევრი მოელოდა, რომ ისინი ასევე გააგრძელებდნენ ამ ტურშიც, მაგრამ მათი სიცილიაზე პალერმოსთან სტუმრობა უიღბლო გამოდგა. მასპინძლებმა მთელი თამაში შესანიშნავად ჩაატარეს და მატჩის ბედი ფაქტიურად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. 37–ე წუთზე კავანიმ გახსნა ანგარიში, ხოლო 42–ე წუთზე სიმპლისიომ კიდევ ერთხელ აიძულა სტუმრები თამაში მოედნის ცენტრიდან განეახლებინათ. საბოლოოდ 2:0 პალერმოს სასარგებლოდ.

ბარი – კატანია 0:0

ინტერი – უდინეზე 2:1

გოლები: სტანკოვიჩი (1:0, 22), დი ნატალე (1:1, 27), სნეიდერი (2:1, 90)

ბოლონია – ჯენოა 1:3

გოლები: ხარჯა (0:1, 10 პენ), სკული (0:2, 35), დი ვაიო (1:2, 85 პენ), საპატერი (1:3, 90)

სამპდორია – პარმა 1:1

გოლები: პაცინი (1:0, 23), გალოპა (1:1, 30)

კალიარი – კიევო 1:2

გოლები: მატრი (1:0, 38), მარკოლინი (1:1, 41, 1:2, 71)

ატალანტა – მილანი 1:1

გოლები: ტირიბოკი (1:0, 21), რონალდინიო (1:1, 83)

სიენა – ლივორნო 0:0

რომა – ნაპოლი 2:1

გოლები: ლავესი (0:1, 25), ტოტი (1:1, 37, 2:1, 63)

ფიორენტინა – ლაციო 0:0

პალერმო – იუვენტუსი 2:0

გოლები: კავანი (1:0, 37), სიმპლისიო (2:0, 42)

სევილიამ რეალი დაამარცხა

პრიმერა დივიზიონი. V| ტური

ესპანეთის ჩემპიონატს მე–6 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს ბარსელონა, რომელსაც ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. ამ ტურამდე მეორე ასეთი გუნდი მადრიდის რეალი იყო, მაგრამ მისი ტრიუმფალური სვლა სევილიამ შეაჩერა. ამ ტურში ასევე აღსანიშნავია მადრიდის ატლეტიკოს პირველი გამარჯვება მიმდინარე გათამაშებაში, რომელმაც საკუთარ მოედანზე სარაგოსას სძლია. გასვლით შეხვედრაში მოახერხა სამი ქულის აღება ვალენსიამ.

კამპ ნოუზე ბარსელონამ ალმერია მიიღო. ბევრი შესაძლოა, მასპინძლების დიდი ანგარიშით გამარჯვებას მოელოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მატჩში გოლების ფეიერვერკი არ შედგა. უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში კატალონიელები ფლობდნენ. სტუმრები კი თავგამოდებით იცავდნენ თავს. ბარსელონამ მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა მხოლოდ ერთხელ, 31–ე წუთზე შესძლო, როდესაც პედრიტომ ბურთი ალმერიას საჯარიმოში მიიღო და შემობრუნებით დარტყმით კარის შორეულ ზედა კუთხეში ჩასვა – 1:0. ამის შემდეგაც თამაში მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ტურის ცენტრალური მატჩი სევლიასა და მადრიდის რეალს შორის გაიმართა. ამ მატჩს ყველა ინტერესით მოელოდა, რადგან აინტერესებდათ, მასპინძლები მაინც თუ მოახერხებდნენ სამეფო კლუბის წაუგებელი სერიის შეწყვეტას. სევილიამ მართლაც შესანიშნავად ჩაატარა მთელი თამაში და რომ არა რეალის კარის დარაჯის, იკერ კასილასის ბრწყინვალე თამაში, მატჩი შესაძლოან, დიდი ანგარიშითაც კი მოეგოთ. სტუმრებს ამ დღეს მოედანზე არ ჰყავდათ მათი ერთ–ერთი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, რამაც აშკარად დაღი დაასვა მადრიდელთა თამაშს. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და სრულიად დამსახურებულად მათივე გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში 33–ე წუთზე ნავასმა გახსნა. მეორე ტაიმი უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და 49–ე წუთზე პეპემ თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ უპირატესობამ ისევ სევილიას მხარეს გადაინაცვლა და 66–ე წუთზე რენატომ გამარჯვების გოლი გაიტანა კასილასის კარში – 2:1.

ტენერიფე – დეპორტივო 0:1

გოლი: კოლოტო (0:1, 61)

ბარსელონა – ალმერია 1:0

გოლი: პედრიტო (1:0, 31)

ატლეტიკო – სარაგოსა 2:1

გოლები: ხურადო (1:0, 2), ა.ლოპესი (2:0, 66), სოუზა ევერტონი (2:1, 71 პენ)

ხეტაფე – ოსასუნა 2:1

გოლები: დიასი (1:0, 55), არანდა (1:1, 62), პ.ლეონი (2:1, 76)

ვილიარეალი – ესპანიოლი 0:0

ხიხონი – მალიორკა 4:1

გოლები: მარტი (0:1, 12 პენ), მორანი (1:1, 59), დე ლა კუევასი (2:1, 64, 3:1, 69), მ.ბილიჩი (4:1, 83)

ხერესი – მალაგა 1:1

გოლები: არმენტეროსი (1:0, 47), ობინია (1:1, 83)

ვალიადოლიდი – ბილბაო 2:2

გოლები: სუსაეტა (0:1, 9), კოსტა (1:1, 60), ბატისტა სანტანა (2:1, 75), მუნიაინი (2:2, 77)

რასინგი – ვალენსია 0:1

გოლი: ჟიგიჩი (0:1, 61)

სევილია – რეალი 2:1

გოლები: ხ.ნავასი (1:0, 33), პეპე (1:1, 49), რენატო (2:1, 66)

კიოლნმა ბაიერნს ქულები წაართვა

ბუნდესლიგა. V||| ტური

გერმანიის ჩემპიონატს კვლავ ორი ლიდერი ჰყავს, ლევერკუზენის ბაიერი და ჰამბურგი. მე–8 ტურში ორივემ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. კვლავ წარუმატებლად იასპარეზა მიუნხენის ბაიერნმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ვერაფერი მოუხერხა ერთ–ერთი აუტსაიდერის კიოლნის დაცვასა და მეკარეს. სამი ქულა აიღო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა გელზენკირხენის შალკე, რომელმაც საკუთარ მოედანზე აინტრახტს სძლია.

ლევერკუზენში ბაიერმა ნიურნბერგს უმასპინძლა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა. თამაშის პირველივე წუთებიდან მასპინძლებმა შეტევების ქარცეცხლი დაატეხეს თავს სტუმრებს. ანგარიშიც სწრაფად გახსნეს. მე–2 წუთზე გოლი კროოსმა გაიტანა. 28–ე წუთზე პენალტი დაინიშნა ნიურნბერგის კარში, რომელიც როლფესმა გოლად აქცია. 34–ე წუთზე დერდიოკმა მესამედ აიძულა სტუმრები თამაში მოედნის ცენტრიდან განეახლებინათ. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მატჩის შედეგს კი საბოლოო წერტილი 68–ე წუთზე კისლინგმა დაუსვა – 4:0.

ბერლინში აუტსაიდერმა ჰერტამ ერთ–ერთი ლიდერი, ჰამბურგი მიიღო. თამაშის სტუმრების შეტევებით დაიწყო, თუმცა პირველი გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. მე–9 წუთზე ზუსტი დარტყმით თავი ფრიდრიხმა გამოიჩინა. ამის შემდეგ მოედანზე ფაქტიურად ერთი გუნდი, ჰამბურგი იყო. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება 24–ე წუთზე მოახერხეს, როდესაც მათი შეტევის დროს ჰერტელმა კაკამ ბურთი საკუთრი კარის ბადეში ჩაჭრა. 38–ე წუთზე ჰამბურგის მორიგი შეტევა გოლით იაროლიმმა დააგვირგვინა, ხოლო ორ წუთში ზე რობერტომ მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი დაუსვა – 1:3.

შალკე – აინტრახტი 2:0

გოლები: ჯ.ასამოა (1:0, 66), ფარფანი (2:0, 90 პენ)

ბოხუმი – ვოლფსბურგი 1:1

გოლები: ხაშემიანი (1:0, 53), ჯეკო (1:1, 75)

ბაიერნი – კიოლნი 0:0

ლევერკუზენი – ნიურნბერგი 4:0

გოლები: კროოსი (1:0, 2), როლფესი (2:0, 28 პენ), დერდიოკი (3:0, 34), კისლინგი (4:0, 68)

ჰანოვერი – ფრაიბურგი 5:2

გოლები: ჩახედი (1:0, 7), ბრუგინკი (2:0, 10), ბანოვიჩი (2:1, 35), აგი (3:1, 45), შუსტერი (3:2, 82), კონან ია (4:2, 85), ს.პინტუ (5:2, 90)

მაინცი – ჰოფენჰაიმი 2:1

გოლები: ივანშიცი (1:0, 6), ბანსე (2:0, 11), იბერტსბერგერი (2:1, 87)

გლადბახი – დორტმუნდი 0:1

გოლი: პანტერა (0:1, 38)

შტუტგარტი – ვერდერი 0:2

გოლები: პისარო (0:1, 3), ჰუნტი (0:2, 51)

ჰერტა – ჰამბურგი 1:3

გოლები: ა.ფრიდრიხი (1:0, 9), კაკა (1:1, 24 ს.კ), დ.იაროლიმი (1:2, 38), ზე რობერტო (1:3, 40)

ბორდო სტ.ეტიენმა შეაჩერა

საფრანგეთი. პირველი ლიგა. V||| ტური

საფრანგეთის ჩემპიონატს მე–8 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი, ლიონი ჰყავს, რომელიც ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ დამარცხების სიმწარე არ უგემნია. ქვეყნის ჩემპიონი ბორდო კი, რომელიც ასევე დაუმარცხებლად ასპარეზობდა, ამ ტურში სტ.ეტიენთან დამარცხდა და საერთოდ, საფრანგეთის ჩემპიონატის ამ ტურს თამამად შეიძლება ეწოდოს სენსაციების ტური, ვინაიდან მატჩებში ფავორიტებად მიჩნეული გუნდების უმეტესობამ მარცხი განიცადა.

ლიონი მე–8 ტურში ლანსს სტუმრობდა და სამი ქულის აღება არ გასჭირვებია. თამაში ლიონის უპირატესობით წარიმართა და უკვე მე–7 წუთზე დაწინაურდა ანგარიშში, გოლი მასპინძლების კარში გოვუმ გაიტანა. ამის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და 78–ე წუთზე კელსტრიომმა მეორედ აიღო ლანსის კარი – 0:2.

სტ.ეტიენმა, რომელიც ამ ტურამდე ერთ–ერთი აუტსაიდერი იყო, მოქმედი ჩემპიონი ბორდო მიიღო და დაგეგმილი ქულები დააკარგვინა. სტუმრებმა ამ მატჩში ვერაფერი დაუპირისპირეს მასპინძლების კარგ თამაშს. ანგარიში მე–8 წუთზე ფერნანდესმა გახსნა. 30–ე წუთზე ილანმა მეორედ აიღო ბორდოს კარი. სტუმრების მატჩის გადარჩენის იმედი 69–ე წუთზე ჩაესახათ, როდესაც ფერეირა ვიეირამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა 90–ე წუთზე პაიემ მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა – 3:1.

კიდევ ერთი მეტად სენსაციური შედეგი დაფიქსირდა მარსელი – მონაკოს შეხვედრაში, რომელშიც სტუმრებმა იმარჯვეს. მე–20 წუთზე ნენემ მონაკო დააწინაურა ანგარიშში. 42–ე წუთზე პაკიმ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს 86–ე წუთზე მოახერხეს ერთი საპასუხო გოლის გატანა ნიანგის დარტყმის შემდეგ – 1:2.

სოშო – ლე მანი 1:0

გოლი: მარტენი (1:0, 78)

პსჟ – ნანსი 1:1

გოლები: ჰაჯი (0:1, 13), სესენიონი (1:1, 18)

ნიცა – ვალანსი 3:2

გოლები: სამასა (0:1, 40 პენ), სანჩესი (0:2, 50), ბენ საადა (1:2, 67), ეშუაფნი (2:2, 72), დიუკურტიო (3:2, 76 ს.კ)

რენი – ოსერი 0:1

გოლი: პედრეტი (0:1, 17)

გრენობლი – მონპელიე 2:3

გოლები: ჰუგო მონტანო (0:1, 2), დზოდიჩი (0:2, 13), ლიუბოია (1:2, 47), დზოდიჩი (1:3, 49), დიეზი (2:3, 90)

სტ.ეტიენი – ბორდო 3:1

გოლები: ფერნანდესი (1:0, 8), ილანი (2:0, 30), ფერეირა ვიეირა (2:1, 69 პენ), პაიე (3:1, 90)

ლანსი – ლიონი 0:2

გოლები: გოვუ (0:1, 7), კელსტრიომი (0:2, 78)

ტულუზა – ლორიანი 0:1

გოლი: მონტერუბიო (0:1, 90 პენ)

ბულონი – ლილი 2:3

გოლები: დემბელე (1:0, 33), ჟერვინიო (1:1, 42), ბლეიაკი (2:1, 45), ფრო (2:2, 51, 2:3, 57)

მარსელი – მონაკო 1:2

გოლები: ნენე (0:1, 20), პაკი (0:2, 42), ნიანგი (1:2, 86)

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1524000
1524200 online