asdas
ცნობილი ადამიანები
ჯონ ტერი – მარადიული კაპიტანი
ჯონ ტერი – მარადიული კაპიტანი
ჯონ ტერი – მარადიული კაპიტანი

2010-12-14 15:27:19



7 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა ჯონ ტერის, თანამედროვეობის ერთ–ერთ საუკეთესო მცველს საფეხბურთო სამყაროში, ადამიანს, რომელმაც პატივისცემა მოიპოვა მთელ მსოფლიოში მიუხედავად მათი გულშემატკივრობისა სხვადასხვა კლუბების მიმართ.

ალბათ ბევრს დიდი ხნის მანძილზე მოაგონდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მოსკოვის "ლუჟნიკების" სტადიონზე, "ჩელსი" – "მანჩესტერ იუნაიტედი". წვიმა. მატჩის შემდგომი პენალტების სერია. ჯონ ტერი მიემართება თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ. თუ გაიტანა, "ჩელსი" მოიგებს, თუ არა... თუმცა მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ სხვა შედეგი შესაძლებელი იქნებოდა. ატერი გამოიქცა და სწორედ დარტყმის დროს აუცურდა ფეხი. ბურთი ძელს მოხვდა და კარს ასცდა. თერთმეტმეტრიანების სერია გაგრძელდა, ნიკოლა ანელკამ ვერ გაიტანა და "მანჩესტერმა" გაიმარჯვა. და ის სურათი, როდესაც რკინისნერვება ყოველთვის აუღელვებელი ჯონ ტერი ტიროდა თანაგუნდელის, ფრენკ ლამპარდის მხარზე მიყრდნობილი, ალბათ, თანამედროვე ფეხბურთის ისტორიის ყველაზე ნათელი მაგალითია. დიდი მატჩი, დიდი ზეიმი, დიდი ტრაგედია. ამ ფინალის შემდეგ ლამპარდმა თქვა ტერის შესახებ: "ფ ქუტ,თ ქუტ". და შესაძლოა ეს საუკეთესოა მათ შორის, რაც ოდესმე თქმულა "ჩელსის" მცველზე.

– მე არასდროს დამავიწყდება ეს მატჩი, – იხსენებს ტერი, – ეს იყო საშინელი დარტყმა. ვერ შევძელი ცრემლების შეკავება და კიდევ დიდხანს ვერ ვახერხებდი გონს მოსვლას. დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, რომლებიც მხარში ამომიდგნენ, გამამხნევეს. სერიოზული დარტყმა გადავიტანე, მაგრამ დრო მიდის, ახალი სეზონი დაიწყო, ახალი მიზნებით და ამოცანებით. მე ცოტა დავმშვიდდი და ჩემს საქმეს ვაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ ყოფილა ბოლო ფინალი ჩემს ცხოვრებაში.

ჯონ ტერის გზა მოსკოვური ფინალისკენ გამოვიდა გრძელი და ეკლიანი. დღეს ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ ტერის საყვარელი გუნდი "ჩელსი" არ ყოფილა. ჯონი სერიოზულად გულშემატკივრობდა "მანჩესტერ იუნაიტედს". დადგა დღე, როდესაც მოზარდმა უცბად განაცხადა, რომ აპირებს სერიოზულად ისწავლოს ფეხბურთის თამაში და საფეხბურთო სკოლაში მივიდა, მიუხედავად მშობლების უკმაყოფილებისა. იქ ტერის საქმეები კარგად მიდიოდა. იზრდებოდა და ყოველ წელს სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ეს ყმაწვილი პრემიერლიგაში ითამაშებდა და იგი "ჩელსის" ძირითად გუნდში მოხვდა, მისი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა, მაგრამ ისეთი მომენტიც იყო, როდესაც მისი კარიერა კინაღამ დაასრულა ალკოჰოლმა.

ტერი ურიგო ხელფასს არ იღებდა, პოპულარული იყო და თავისუფალი დროის რესტორნებსა და ბარებში გატარებას ამჯობინებდა. ბევრს სვამდა და საკმაოდ შეზარხოშებული სკანდალებს აწყობდა, გავიხსენოთ თუნდაც ცნობილი ისტორია 2001 წლის 11–12 სექტემბრის ღამე, რომელშიც ტერიმ უშუალო მონაწილეობა მიიღო. ცნობილი მიზეზების გამო გაუქმდა ყველა ავიარეისი, მათ შორის ბულგარეთშიც (სადაც "ჩელსი" "ლევსკისთან" სათამაშოდ მიემგზავრებოდა). ჯონმა კი ცნობილ დებოშიორ ჯოდი მორისთან, ფრენკ ლამპარდთან და ეიდურ გუდიონსენთან ერთად დროის გასატარებელი დრო და ადგილი გამონახა და ლუდის ბარს მიაშურა, სადაც ბლომად მიიღო სპირტიანი სასმელი, რის შემდეგაც აშშ–ს მოქალაქესთან ჩხუბი გამართა. ამ ინციდენტის გამო მას რამდენიმე თვის შემდეგ სახალხოდ მოუხდა ბოდიშის მოხდა. 2002 წლის იანვარში ჯონი ისევ გამოთვრა, ამჯერად ჯოდი მორისის გოგონას დაბადების დღეზე, რასაც კლუბის დაცვასთან, სადაც ზეიმი გაიმართა, მოუხდა ჩხუბი, ამას დაპატიმრება და წინასწარი დაკავების საკანში მოთავსება მოჰყვა.

ასეთი ცხოვრებისგან ჯონი სიყვარულმა იხსნა. ტონი პოლი 2000 წელს გაიცნო და მას შემდეგ ისინი ერთად არიან. 2006 წელს მან ტერის ტყუპები აჩუქა – ბიჭუნა და გოგონა. ხოლო 2007 წელს მათ იქორწინეს. თაფლობის თვე ჯონმა და ტონიმ "ჩელსის" მფლობელის, რომან აბრამოვიჩის იახტაზე გაატარეს ხმელთაშუა ზღვაში. "ჩელსის" მფლობელი დროდადრო თავის მცურავ საშუალებას თავისი გუნდის საუკეთესო მოთამაშეების წასახალისებლად იყენებს, თუმცა ჯერჯერობით მდიდრული იახტით ტერის გარდა მხოლოდ ფრენკ ლამპარდმა ისარგებლა.

– ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი ცხოვრებით. მასში აღარ აქვს ადგილი ისეთ სისულეებს, რითიც ადრე ვიყავი დაკავებული, თუმცა ამის გამო თავს მოწყენილად არ ვგრძნობ, – ამბობს ტერი, – ბავშვების აღზრდა და გოლფის თამაში გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ვისკით გამოთრობა და შემდეგ დაცვასთან ჩხუბი.

როგორც ჩანს, ჯონის სიყვარული "ჩელსის" მიმართ ისევე სამარადისოა, როგორც მეუღლისა და შვილების მიმართ. 2009 წლის ზაფხულში გავრცელდა ხმები, რომ ტერი "მანჩესტერ სიტიში" გადადიოდა, მაგრამ ხმები ხმებადვე დარჩა. როგორც ჩანს, ჯონის არც უფიქრია კლუბიდან წასვლა. ყველაზე უკეთ კი ტერის მისი კოლეგების გამონათქვამები ახასიათებს.

– ჯონ ტერი იდეალური კაპიტანია. ნათელია, რას ნიშნავს მისთვის "ჩელსი". ის მისთვის ყველაფერია. როდესაც იგი ხელმძღვანელობს დაცვის ხაზს, ეს მის პარტნიორებს აღაფრთოვანებს, – ამბობს კეისი კელერი.

– თუნდაც მოედანზე არყოფნის დროს ყველა ამჩნევს, როგორ აძლევს ტერი საჭირო მიმართულებას თავის გუნდს, – ამბობს ცესკ ფაბრეგასი.

დღეისთვის ჯონმა მიაღწია თითქმის ყველაფერს, რაზეც კი შეიძლება ადამიანმა იოცნებოს. მათ შორის ინგლისელი გულშემატკივრების, პარტნიორების პატივისცემას როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, რომლებიც ირჩევენ კაპიტნად. მხოლოდ ორ რამეზე ფიქრი არ აძლევს მას მოსვენებას. მას სურს ჩემპიონთა ლიგის და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რომელიმე ტიტულის მოგება.

მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგაში ასე თუ ისე ყველაფერი წესრიგშია, "ჩელსიმ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა ჩააგდო, არადა, მათ მიერ შესარჩევ ეტაპზე ნაჩვენებმა თამაშმა ფეხბურთის მოყვარულები და სპეციალისტები აალაპარაკა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ–ერთ მთავარ ფავორიტზე, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ბრიტანელები ძლივს გავიდნენ ჯგუფიდან, ხოლო შემდეგ მერვედფინალში გერმანელებმა მათგან ქვა–ქვაზე არ დატოვეს. რა თქმა უნდა, შეიძლება გავიხსენოთ, რომ მნიშვნელოვან მომენტში მსაჯმა არ ჩათვალა გერმანელების კარში გატანილი აშკარა გოლი, როდესაც ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი, მაგრამ იმ დღეს ფაბიო კაპელოს გუნდი აშკარად სუსტად თამაშობდა.

ასე რომ, ჯონ ტერისა და მის მეგობრებს კიდევ ორი წელი მოუწევთ მოცდა, რათა ევროპის პირველობაზე მაინც ისახელონ თავი.

მანამდე კი ტერი მარჯვენა ფეხზე ნერვის ტკივილმა შეაწუხა. მისთვის ერთადერთი მოსახერხებელი მდგომარეობა ზურგზე წოლაა, როდესაც მუხლები მკერდზე აქვს მიბჯენილი და რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ინტერვიუს მიცემა არც თუ ადვილია, თუმცა ჯონიმ ეს მაინც მოახერხა.

– ბოლოს როდის გახვედით მოედანზე ჯანმრთელი?

– ბოლოს როდის ვითამაშე ტკივილისა და გამაყუჩებელი ნემსების გარეშე? შეისაძლოა ხუთი წლის წინ, ან შეიძლება უფრო დიდი ხნის წინაც. გულახდილად ვიტყვი,არ მახსოვს. როდესაც წამლების დახმარებით, ტკივილით თამაშობ, ასეთი რამ შესაძლებელია. კითხეთ, ვისაც გინდათ. ფეხბურთელების უმრავლესობა იგივეს გეტყვით. მატჩების დროს საქმე შედარებით ადვილადაა, ტკივილის მიუხედავად, თამაშში გეხმარება სისხლში ადრენალინის მომატება, მაგრამ ვარჯიშის დროს, როდესაც ყოველი მოძრაობა ტკივილს გაყენებს, ეს ყოველივე ნამდვილ ჯოჯოხეთს ემსგავსება, ბრძოლა საკუთარ თავსა და საკუთარ ორგანიზმთან.

– ახლაც ტრავმირებული ხართ?

– დიახ და ეს ტრავმა მძიმეა. ასეთ საშინელ ტკივილს ვერც კი ვიხსენებ. იმდენად ძლიერია, რომ თამაში შეუძლებელია, მაგრამ "სანდერლენდთან" მატჩის დროს, როდესაც ჩვენს კარში ერთი მეორის მიყოლებით გადიოდა გოლები, ვიჯექი და ვფიქრობდი: "ამ თამაშზეც რომ გავსულიყავი მოედანზე, ეს რას შეცვლიდა?" ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ მე ინგლისის ნაკრებში თამაშისთვის მსურდა თავის არიდება და "ბირმინგემთან" მატჩში ვითამაშებდი. არა, ყველაფერი ასე არ არის. 30 წლის გავხდი, ეს კი ის ასაკია, როდესაც საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმო, მეტი სიფრთხილეა საჭირო.

– ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენ თავის დროზე კაპელოს მიერ თქვენთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევამ გაგანაწყენათ. თავად როგორ შეხვდით ნაკრების მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას?

– დროთა განმავლობაში მას გავუგე და მივიღე მისი ეს გადაწყვეტილება. ფაბიომ ამიხსნა, რომ მას სურდა ჩემთვის საყოველთაო ყურადღება ჩამოეშორებინა, ჩრდილში გადავეყვანე, თუმცა, გულახდილად უნდა ვაღიარო, თავიდან მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი პირიქით ხდებოდა, მაგრამ ამავე დროს მე მას არასდროს შევიძულებდი იმის გამლ, რომ კაპიტნის სამკლაური ჩამომართვა. ის მწვრთნელია და გადაწყვეტილების მიღება მისი პრეროგატივაა. ბევრი მიიჩნევს, რომ მე და კაპელომ ვიჩხუბეთ, მაგრამ იმ დღემ ყოველგვარი ყვირილისა და ძლიერი ემოციების გარეშე ჩაიარა. მე მივიღე მისი გადაწყვეტილება და ვთქვი, რომ შემდეგშიც ისევე ვივარჯიშებდი და ვითამაშებდი, როგორც ეს ადრე იყო. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ამით დასრულდა ყველაფერი. მეტი არაფერი ყოფილა. რა თქმა უნდა ,ამით იმის თქმა არ მსურს, რომ იმ დღეს შესანიშნავად ვთვლი. პირიქით, ის ერთ–ერთი ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ასეთი ტკივილი მხოლოდ 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტის ვერგატანის დროს გამოვცადე.

– ალბათ ერთადერთხელ განვიცადე დიდი იმედგაცრუება კაპიტნის სამკლაურის დაკარგვის გამო. ეს ეგვიპტის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის დროს მოხდა, რომელშიც იგი ხელიდან ხელში ხუთჯერ თუ ექვსჯერ გადავიდა. მაშინ თავში აზრმა გამიელვა: "კარგით, კაპიტნის სამკლაური ჩამომართვით, მაგრამ ნუ მაბრაზებთ და ნუ მამცირებთ". მაშინ ფაბიომ მითხრა, რომ გუნდის გასახდელში კვლავაც ისმენენ ჩემს სიტყვას და პატივს მცემენ და რომ მას სურს, რომ ყველაფერი ასევე იყოს მომავალშიც, მაგრამ იმ საღამოს სულ სხვა აზრები მიტრიალებდა თავში.

– სამკლაური რომ მიმეღო თუნდაც მესამე ან მეოთხე ჯერზე, თავს ბედნიერად ვიგრძნობდი, მაგრამ ეს არ მოხდა. იმ მატჩში კაპიტანი სტივენ ჯერარდი იყო. მას შემდეგ, რაც ის მოედნიდან გავიდა, სამკლაური ფრენკ ლამპარდმა გაიკეთა. მისი შეცვლის შემდეგ სამკლაური გარეტ ბეიტს გადაეცა, ხოლო მისი გასვლის შემდეგ კიდევ ვიღაცას შეხვდა და ა.შ. ვფიქრობ, იმ დღეს კაპიტნის სამკლაურს სტიუარტსაც კი მისცემდნენ, ოღონდ მე არ გავმხდარიყავი კაპიტანი. დიახ, ეს იყო ამხანაგური მატჩი, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მოგვეგო, ხოლო ამისთვის კაპიტნად საუკეთესო მოთამაშე უნდა დანიშნულიყო.

– შესაძლოა, ბევრს ეს არ მოეწონოს, მაგრამ მაშინ მომეჩვენა, რომ ეს ჩემს მიმართ ოდნავი უპატივცემულობა იყო. ასეა თუ ისე, იმ საღამოს სხვა არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ ხვედრს შევრიგებოდი. ამჟამად არაფერზე და არავისზე ვარ განაწყენებული. ახლა ვერც წარმომიდგენია, რომ ოდესმე კვლავაც გავხდები ნაკრების კაპიტანი, მაგრამ, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემზე გააკეთეს არჩევანი თავის დროზე ინგლისის ნაკრების ორმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა და ფაბიო კაპელომ და მე ეს მეამაყება.

ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც კაპიტნობა დაკარგა და განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, გულახდილი გამონათქვამების დროს, ტერის ნაკრებში თამაშის სურვილი დაეკარგა.

თავად ჯონი ამას უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ მას შემდეგ ნაკრების მაისურით მხოლოდ 45 წუთი ითამაშა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, სერიოზული ტრავმის გამო. ტერის თქმით, კაპელოს ბანაკში ყველამ იცის და გაგებით ეკიდება იმას, ამჟამად როგორ მდგომარეობაში იმყოფება.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯერარდი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522672
1522872 online