asdas
ცნობილი ადამიანები
მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად

2010-11-25 15:46:02



ჰარვიმ ყურმილი აიღო, კვისტმა კი ხმის გამაძლიერებელი ჩართო.

– ხაზზეა მისტერ მარი, – გაისმა ტელეფონისტის ხმა.

– პატ, ეს შენ ხარ? დენ ჰარვი გელაპარაკება.

– ო, დენ. როგორ ხარ?

– კარგად, პატრიკ. შენი დახმარება მჭირდება.

– გისმენ, დენ.

– დაახლოებით შვიდი წლის წინ საფეხბურთო გუნდში თქვენთან დუგლას ჰედმანი თამაშობდა?

– ჰედმანი? ასეთი არ მახსოვს.

– იმ წელს თქვენ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდთან თამაშობდით და რომელიღაც ქალაქგარე პანსიონატში ცხოვრობდით.

– ის სეზონი კარგად მახსოვს. კალიფორნიაში თავადაც ვიყავი, მაგრამ ჰედმანი გუნდში არ ყოფილა. ისე, უსიამოვნება შეგვემთხვა. თამაშის შემდეგ დონ ჰირში დაგვეკარგა. პოლიციას რომ მივმართეთ, გაირკვა, რომ ამ ჰირშს სწავლაზე ხელი აუღია და ჰიპების რომელიღაც კომუნას შეკედლებია.

– გახსოვს, ეს ჰირში როგორ გამოიყურებოდა?

– როგორ არა. მაღალი იყო და ტანსრული. თან შავი თმით გამოირჩეოდა.

– პატ, უნივერსიტეტში ამ ჰირშზე ალბათ დოკუმენტები ინახება. იქნებ გამიგო, ვინ არის და საიდან ჩამოვიდა?

– თუ ასე გაინტერესებს, გავარკვევ. შენი აზრით, ჰირში იგივე ჰედმანია?

– ადვილი შესაძლებელია.

– კარგი. საღამოს დამირეკე, ასე, ხუთი საათისთვის.

– აბა, შენ იცი, მეგობარო, – თქვა ჰარვიმ და ყურმილი დადო.

– დონ ჰირში. ინიციალები დ.ჰ. – ჩაილაპარაკა ლიდიამ.

– მეჩვენება, რომ მისტერ ჰედმანი თამაშის შემდეგ ჩიფად იქცა, – შენიშნა კვისტმა და ღილაკს თითი დააჭირა, – მიმღებში გლორია ვინმემ შეცვალოს, ის კი ჩემთან ამოვიდეს!

– მგონი, დროა, მისის შეერის წარსულიც გამოვიძიოთ, – თქვა კონიმ, წამოდგა და თავის ოთახში გავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ კაბინეტში გლორია ჩარდი შემოვიდა და შეშინებულმა იკითხა:

– რამე დავაშავე?

– გუშინ ლანჩზე დუგლას ჰედმანმა დაგპატიჟა. იქნებ მოგვიყვე, როგორი კაცია?

– ძალიან სიმპათიური და თავაზიანი. ასე მითხრა, თუ ჩემს გრძნობებს გაგებით არ მოეკიდები, გავგიჟდებიო.

– მოკლედ, სიყვარული აუხსნია, – გაიღიმა კვისტმა, – ახლა რას აპირებ?

– დღეს საღამოს ალბათ ერთად ვისადილებთ.

– გლორია, მისტერ ჰედმანი უბრალო მიჯნური არ არის. იცი, სად ცხოვრობს?

– სადღაც ისტ–საიდში.

– მას იქ უნდა შეხვდე?

– თუ დავთანხმდები.

– არ უთქვამს, რას ვაკეთებ, სად ვმუშაობო?

– არა, მისტერ კვისტ. ის მხოლოდ ხოტბას მასხამდა.

– კარგი გემოვნება კი ჰქონია. ჯერ ლიდიას ეკურკურებოდა, ახლა შენ, – კვისტმა მაგიდაზე თითები აათამაშა, – ჰედმანი რაღაცას მალავს და შეიძლება საშიშიც იყოს. არ ვიცი, ღირს კი მასთან შეხვედრა?

– ცხადია, არ ღირს! – შესძახა ჰარვიმ.

– მინდა ვიცოდე, რას საქმიანობს, – თქვა კვისტმა, – საიდანაა წარმოშობით, რამდენი ხანია, რაც ნიუ იორკში დაფუძნდა, როგორ იქცა ჰირშიდან ჰარისონად, ჰარისონიდან კი ჰედმანად.

– ვერ ვხვდები, რას ამბობთ.

კვისტი მის მორტონს მიუბრუნდა:

– ლიდია, გლორია საქმის კურსში ჩააყენე, მერე კი გადავწყვეტთ, შეხვდეს თუ არა ჰედმანს.

ქალები კაბინეტიდან გავიდნენ.

– როგორც ჩანს, "გარდენში" წარმოდგენა იმისათვის გაიმართა, ჰედმანისგან ყურადღება რომ გადაგვეტანა, – თქვა ჰარვიმ.

– ჯონს ის ისევ დაურეკავს, – შენიშნა კვისტმა, – ამჯერად გამოსასყიდის გადაცემაში ხელს ვერ შევუშლით.

– მაგრამ ის მკვლელი არ არის, – გაჯიუტდა ჰარვი.

– თუ მისი ალიბი დადასტურდება.

– გლორია მას არ უნდა შეხვდეს. თუ ეს ტიპი ჩიფია, ღმერთმა იცის, რას უზამს.

– მე კი მგონია, გლორია მისტერ ჰედმანს გაუმკლავდება.

– ჩვენ კი რას ვიზამთ? ამ ყველაფერს კრივიჩს ვეტყვით?

– ჰო, მაგრამ შეიძლება არც დაიჯეროს, ამიტომ ჯერ შენს მეგობარს დაველოდოთ ხუთი საათისთვის, რას გვეტყვის.

– ამასობაში კი ჰედმანი ჯონს ახალ შეხვედრას დაუნიშნავს და ფულთან ერთად აორთქლდება.

– არა მგონია, იოლად გაგვექცეს.

– ეს როგორ?

– ჰედმანი დარწმუნებულია, რომ მას აღარაფერში ადანაშაულებენ, ჩვენ კი მის თვალთვალს გავაგრძელებთ და როცა ფულის აღების მომენტი დადგება, მაშინ დავიჭერთ.

– ამას ვინ იზამს?

– ჩვენ, დენიელ, – გაუღიმა კვისტმა.

დღე ნელა გადიოდა. კვისტმა რამდენიმე კლიენტი გაისტუმრა და გლორიასაც დაელაპარაკა.

– ჰედმანის არ მეშინია, – განაცხადა ქალმა.

– ძალიან კარგი, – თავი დააქნია კვისტმა, – თუ ის შენთან იქნება, სხვა რამეს ვეღარ გააკეთებს და ამით დროს მოვიგებთ. საღამოსთვის შეიძლება ისეთი რაღაცეები გავიგოთ, სადილზე უარიც კი უთხრა.

– ყველაფერი გავიგე, – მიუგო გლორიამ და წამოდგა.

დღის მეორე ნახევარში კაბინეტში კონი პარმალი შემოვიდა:

– მერიან შეერის შესახებ რაღაცეები გავიგე, რამაც შეიძლება გაგაკვირვოთ.

– საინტერესოა, – თქვა კვისტმა, – დაჯექი და მომიყევი.

კონი სკამზე ჩამოჯდა და დაიწყო:

– დელბერტ შეერი საბირჟო მაკლერი იყო და ექვსი წლის წინ, 72 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. სახლი, რომელშიც მისი ქვრივი ცხოვრობს, მისი საკუთრება იყო.

– საინტერესოა, – ისევ შენიშნა კვისტმა და სიგარას მისწვდა.

– მისმინეთ. მისტერ შეერი ფაქტობრივად გაკოტრებული იყო, ამიტომ თავისი სახლი დაგირავებული ჰქონდა, თანაც ორჯერ, თუმცა მერიან შეერის პირად ანგარიშზე 40 ათასი დოლარი იდო. ქმრის სიკვდილის შემდეგ მან გირაოდან ფული მიიღო და ამის მეტი ცენტიც არ შეხვედრია. მოკლედ, მას სახლი და 40 ათასი დოლარი დარჩა, რომელიც ძალიან მალე გაუთავდა.

– კონი, ეს ყველაფერი საიდან ამოქექე?

– ტედ მიურკისგან, რომელიც თქვენს ბანკში მუშაობს და თქვენგან ძალიან დავალებულია. მოკლედ, ორი წლის შემდეგ მერიანს ყველაფერი შემოეხარჯა და სწორედ ამ დროს მის ანგარიშზე 50 ათასი დოლარი დაჯდა, ერთი წლის შემდეგ კი ზუსტად იგივე თანხა. ეს არაფერზე მიგანიშნებთ?

კვისტმა თვალები მოჭუტა:

– პირველი შენატანი ბევერლი ტრენტის სიკვდილის შემდეგ მოხდა, როცა ჯონს დაშანტაჟება დაუწყეს.

– მეც იგივე გავიფიქრე. დეტალებში გარკვეული არ ვარ, მაგრამ დროში ყველაფერი ემთხვევა.

– განაგრძე, კონი.

– ჩვენი მერიანი დელბერტ შეერზე ათი წლის წინ გათხოვდა, მანამდე კი დაქვრივება მოასწრო. მისი პირველი ქმარი, მაიკ დენიელსი ერთი წლით ადრე დაიღუპა ავიაკატასტროფაში. მან მერიანს გრემერსი–პარკში ოროთახიანი ბინა და უმნიშვნელო მემკვიდრეობა დაუტოვა, მაგრამ ქალი ამას არ დასჯერდა და თითქმის მაშინვე დელბერტ შეერი გამოიჭირა.

– საინტერესოა.

– ის, თუ რას აკეთებდა მერიანი დენიელთან შეხვედრამდე, არავინ იცის. სხვათა შორის, მაიკს ტრამპლინიდან ხტომები იტაცებდა და სენტ–პოლში გამართული შეჯიბრებებიდან ოჯახში ახალშერთული მერიანით დაბრუნდა. როგორც ქრონიკის რეპორტიორი ამბობს, დადიოდა ხმები, რომ ეს მომხიბვლელი პატარძალი ადრე ოფიციანტად მუშაობდა, იქნებ მეგარდერობედაც და საერთოდ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო.

– სავსებით შესაძლებელია.

– ყველაზე საინტერესო ჯერ წინაა. მე სენტ–პოლს დავუკავშირდი და მუნიციპალიტეტის არქივში მაიკ დენიელსის ქორწინების ჩანაწერზე შევეკითხე. გინდათ იცოდეთ, პატარძალს რა ერქვა?

– მერიანი, – მიუგო კვისტმა.

– სკამიდან არ გადმოვარდეთ, ბოს. მას მერიან ჰაუპტმანი ერქვა.

– შეუძლებელია!

– საინტერესო დამთხვევებია, – თქვა კონიმ, – ბევერლი ტრენტი იგივე ლუიზა ჰაუპტმანია, მერიან შეერი კი მერიან ჰაუპტმანი.

– თუ დენის მეგობარს ტაილერს დავუჯერებთ, ბევერლი ტრენტი სენტ–პოლის რომელიღაც თავშესაფარში იზრდებოდა. როცა მან თავი მოიკლა, ოც წელს ოდნავ გადაცილებული იყო, ანუ მერიანისა და მაიკის შეხვედრამდე დაიბადა.

– თუ ქორწინების მოწმობა არ ტყუის, მერიანი ახლა 42 წლისაა. ბევერლი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა, მაშასადამე მისი დაბადების წელს მერიანი თხუთმეტ–ჩვიდმეტი წლის იქნებოდა.

– მაშასადამე, ის შეიძლება დედა გამხდარიყო და თავისი შვილი თავშესაფრის კართან დაეტოვებინა.

– მაშინ გასაგები ხდება, რატომ აღმოჩნდა ბევერლისთან მერიან შეერის ფოტო.

კვისტი წამოდგა და ოთახში გაიარ–გამოიარა.

– დავუშვათ, მერიანი ბევერლის დედაა, დუგლას ჰედმანი კი იგივე ჩიფი. რაღაც დროის მანძილზე ბევერლი მასთან ახლოს იყო. ტაილერი ამბობს, რომ ჩიფი თავის ქალებს ჰიპნოზს უკეთებდა. ისინი მის ნებისმიერ თხოვნას ასრულებდნენ და ერთმა თავიც კი დაიწვა. შესაძლოა, ჩიფმა გაიგო, ბევერლის დედა რომ მდიდარი ქვრივია, რომელიც მას თავის შვილად არ აღიარებს. ეს შანტაჟის კარგი ობიექტია. მერიანი გაკოტრებულია, ბევერლი მკვდარია. ფული მერიან შეერსაც უნდა და მაშინ...

– ისინი ერთიანდებიან.

– აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ამას ციფრებიც ადასტურებს. ორი წელი ჯონი შანტაჟისტს უხდიდა და მერიან შეერის ანგარიშზე ორჯერ დაჯდა 50 ათასი დოლარი, ჯონისგან კი ორჯერ მეტს იღებდნენ. ჰედმანმა მერიანზე რაღაცა იცის, მერიანმა კი მასზე.

– მერიანმა რა უნდა იცოდეს?

კვისტმა მხრები აიჩეჩა:

– როგორც ჩანს, წამოცდა, ის რომ იგივე ჩიფია და რომ პოლიცია ეძებს. მოკლედ, ისინი გაერთიანდნენ, მსხვერპლად კი ჯონი იქცა.

– მაგრამ ჩვენ ვერაფერს დავამტკიცებთ, – შენიშნა კონიმ.

– ძვირფასო, არ დაგავიწყდეს, რომ ნივთიერი მტკიცებულებები კრივიჩს სჭირდება და არა ჩვენ. მკვლელობასთან დაკავშირებით ჰედმანს ალიბი აქვს, რასაც კრივიჩიც იზიარებს, ჩვენ კი არა.

– მაშ, რა უნდა ვქნათ?

– მე და დენმა ჰედმანისთვის კარგი მახე მოვიფიქრეთ. ასე რომ, როცა ჯონს ისევ დაურეკავს, მალე დავიჭერთ.

– მისის შეერზე რას იტყვით?

– ჩემი აზრით, მაგრად უნდა დავიშინო. თავის მხრივ ის ჰედმანს დააჩქარებს და ამით საქმის დაბოლოებას გაგვიადვილებს.

– ფრთხილად უნდა იყოთ, ბოს. ეს კაცი ადამიანებს დაუფიქრებლად კლავს. მან ედი უიზმერს თავი გაუხეთქა, მერე კი ღიმილით შეგეგებათ მერიან შეერთან.

– ჰედმანი და შეერი არ მაშინებენ, – მიუგო კვისტმა.

– თუ ასეა, გულადი ყოფილხართ.

– კომპლიმენტისათვის გმადლობთ, – მიუგო კვისტმა, – ახლა კი, აი, რა: ხუთისთვის "ნოტრ–დამში" დენის მეგობარს უნდა დაურეკო და გაიგო, რას გეტყვის დონალდ ჰირშის შესახებ. იმედია, ეს არ გაგიჭირდება.

– ცხადია, არა.

– მისტერ მარს უთხარი, დენი ძალიან დაკავებულია–თქო.

– დენი სად არის? – დაინტერესდა კონი.

– ის მართლა დაკავებულია, – გაიღიმა კვისტმა და სკამიდან წამოდგა, – ახლა სახლში მივდივარ, ჯონს რომ დავხედო. შენ კი, როგორც კი მისტერ მარს დაელაპარაკები, მე გადმომირეკე.

ჯონი გალიაში გამომწყვდეულ მხეცს ჰგავდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა იმას ვერ აკეთებდა, რაც სურდა. პოლიციელები კარს საიმედოდ იცავდნენ.

– ამას ვეღარ ავიტან! – ეცა ის კვისტს, – ვერ წარმოიდგენ, რა საშინელებაა მთელი დღე ტელევიზორის ყურება.

კვისტმა თავისთვის ბრენდი დაისხა, ჯონი კი უკვე მეორე ბოთლ ვისკიზე გადასულიყო.

– ეს ნაძირალა კიდევ როდის დამირეკავს? – იკითხა მუსიკოსმა.

– დღეს არა. დაკავებულია. შეგიძლია ლოგინში ჩაწვე და წიგნი წაიკითხო.

– ისევ თვლი, რომ შანტაჟისტი ჰედმანია?

– ჰო. საღამოს ის გლორია ჩარდს უნდა შეხვდეს. ის კი ისეთი ქალია, იმ ასი ათასს დროებით მაინც დაავიწყებს.

ჯონი, ნახევრადდაცლილი ჭიქით ხელში, სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა:

– უსაქმურობისაგან რაღაცეები ვიფიქრე.

– საშიში საქმიანობაა, – შენიშნა კვისტმა.

– თუ შანტაჟისტი ჰედმანია, ჩვენ ორის კვალზე მივდივართ: ჰედმანისა და მკვლელის, – ჯონმა მწარედ ჩაიცინა, – თუ მკვლელი ჩემამდე პირველი მოაღწევს, ჰედმანი ხახამშრალი დარჩება.

– მკვლელი შენამდე ვერ მოაღწევს, აი, ფულის წაღება კი ალბათ მაინც მოგიწევს, ოღონდ მარტოს, კრივიჩის დაცვის გარეშე.

– და მშვიდობით, ფულო!

– დენი ჰედმანს თვალს არ აშორებს. ჩვენ მას აუცილებლად ავიყვანთ, მერე კი მის ალიბში გავერკვევით.

– მერიანმა ხომ თქვა, მკვლელი არ არისო?

– არც მერიანია ანგელოზი. ტაილერმა მისი ფოტო ბევერლი ტრენტის ტუალეტის მაგიდაზე ნახა.

– სისულელეა.

– ჯონ, გაიხსენე, ბევერლის შენთან მერიან შეერი არასოდეს უხსენებია?

– არა.

– თავისი ოჯახი ან დედა?

– სიმართლე გითხრა, არც მახსოვს, – ჯონს თვალები გაუფართოვდა, – მაშ, მერიანი ბევერლის დედაა? – იკითხა და თან ხარხარი დაიწყო.

– ბევერლიზე შენ მერიანთან არ გისაუბრია?

ჯონმა სიცილი შეწყვიტა:

– არა. პირიქით, მინდა, რომ ადამიანებმა ჩვენი კავშირის შესახებ მალე დაივიწყონ. იმედია, გესმის ჩემი.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ყურმილი კვისტმა აიღო.

– ეცადეთ, არ წაიქცეთ, – თქვა კონიმ, – დონალდ ჰირში "ნორტ–დამში" სენტ–პოლიდან ჩავიდა. მშობლები ადრე გარდაეცვალა და დაქვრივებული დეიდა ზრდიდა, რომელსაც ოგიუსტა ჰაუპტმანი ერქვა. გავაგრძელო?

– უკვე მივხვდი. ოგიუსტას ქალიშვილს მერიანი ერქვა.

– ბრავო! – შესძახა კონიმ, – მე მოვრჩი, – და ყურმილი დადო.

დაახლოებით შვიდისთვის ჰარვიმ დარეკა:

– ჩვენს წყვილს მივაგენი.

– ძალიან კარგი.

– ჰედმანმა გლორია "წელიწადის დრონში" დაპატიჟა. ეს კაცი მდიდრულ რესტორნებს ირჩევს.

– მეც მაქვს შენთვის სათქმელი, – თქვა კვისტმა, – კონიმ შენი მეგობრისგან შეიტყო, რომ ამ დონალდ ჰირშს, რომელიც შემდეგ ჩიფი გახდა, დეიდა, გვარად ჰაუპტმანი ზრდიდა, მერიანი კი ამ ქალის შვილი აღმოჩნდა, ანუ ჰედმანის ახლო ნათესავი.

– საინტერესოა.

– დენიელ, ჰედმანი მხედველობიდან არ გამოგეპაროს.

– მაგაზე ნუ ინერვიულებ, ჯულიან.

მერიან შეერის სახლის ფანჯრები განათებული იყო. კვისტმა ქუჩა გადაჭრა და ზარი დარეკა. მოახლემ, რომელმაც კარი გაუღო, მაშინვე იცნო:

– მისტერ კვისტ, მისის შეერს თქვენ შესახებ ახლავე მოვახსენებ.

– ის არ მელის.

მოახლე კარს უკან მიიმალა და მაშინვე დაბრუნდა. როგორც ჩანს, დიასახლისს შიდა ტელეფონით დაელაპარაკა.

– მისტერ კვისტ, მისის შეერი მესამე სართულზე გელოდებათ.

ბორდოსფერ საშინაო კაბაში გამოწყობილი მომღიმარი მერიანი სტუმარს ლიფტთან დახვდა და სასტუმრო ოთახში შეუძღვა.

– ძვირფასო ჯულიან, მიხარია, რომ მესტუმრეთ. აი, აქ დაბრძანდით და მითხარით, ბრენდს დალევთ თუ სხვა რამეს?

– თუ შეიძლება, ბრენდი.

მერიანმა სტუმარს სავსე ბოკალი გაუწოდა:

– ჯონი როგორაა? რამე გაიგეთ?

– ისეთი არაფერი. პოლიციას აჩქარება არ უყვარს. ისინი ყველაფერს გულდასმით ამოწმებენ.

– ჰო. როგორც ჩანს, ლეიტენანტმა კრივიჩმა თავისი საქმე იცის.

– სხვათა შორის, ის ისევ ჰედმანს დასტრიალებს.

– საბრალო დუგი, – გაიცინა ქალმა, – ვერც კი წარმოიდგენთ, რა სტრესი გადაიტანა. მართლა, ლეიტენანტი დღეს ჩემთან იყო და მგონი, საბოლოოდ დარწმუნდა, დუგი რომ ამ საშინელ მკვლელობებში გარეული არ არის.

– მართლა?

– რა თქმა უნდა. მე მას ხუთი თუ ექვსი ადამიანი დავუსახელე, რომლებმაც დუგი პარასკევს და შაბათს ნახეს. ლეიტენანტი შემპირდა, ამ საკითხზე მეტს აღარ შეგაწუხებთო.

– და მაინც, – გაიღიმა კვისტმა, – ჰედმანის ისტორიაში ზოგი რამ გაურკვეველია.

– დუგი ჩემთვის გადაშლილი წიგნია, – შეეპასუხა მერიანი.

– დიდი ხანია, იცნობთ?

– ოთხი თუ ხუთი წელი.

– როგორ გაიცანით?

ქალმა გაიცინა:

– სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს. ალბათ რომელიღაც წვეულებაზე, მერე კი ჩემი შეუცვლელი დამხმარე გახდა. დუგი ძალიან საყვარელი და ყურადღებიანია.

– წარმოშობით საიდანაა?

– არ ვიცი. ის "ნორტ–დამში" სწავლობდა და ეს, როგორც მახსოვს, თქვენ მითხარით. ჩემი აზრით, დუგი შუა დასავლეთიდანაა, თუმცა შესაძლოა, ასე არც იყოს. "ნოტრ–დამში" ხომ მთელი ქვეყნიდან ჩადიან.

– გაგიკვირდებათ, რომ ვთქვა, დუგლას ჰედმანი "ნოტრ–დამში" საერთოდ არ სწავლობდა–მეთქი?

– თქვენი არ მჯერა, – მერიანს ფერი წაუვიდა.

– თეატრისა და კინოს მსახიობების დიდი ნაწილი ფსევდონიმებითაა ცნობილი. ეს პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებსაც სჩვევიათ. რაკი დუგლას ჰედმანი "ნოტრ–დამში" არ სწავლობდა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის უნივერსიტეტში სხვა გვარით შევიდა?

– ამაზე მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, – ძალდატანებით თქვა მერიანმა.

– როგორც შევიტყვეთ, მისი ნამდვილი სახელი დონალდ ჰირშია, რომლითაც ის საფეხბურთო გუნდში თამაშობდა. ისე, გვარის შეცვლა დანაშაული არ არის.

– მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, – გაიმეორა მერიანმა.

– დონალდ ჰირში სენტ–პოლში დაიბადა. ის ადრე დაობლდა და ბიჭი მისმა დეიდამ, ოგიუსტა ჰაუპტმანმა აღზარდა, – მერიანი საბოლოოდ გაფითრდა, – მისის ოგიუსტა ჰაუპტმანს ჰყავდა ქალიშვილი, რომელსაც, გაგიკვირდებათ და, მერიანი ერქვა. ის ცოლად მაიკ დენიელსს გაჰყვა, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მერე კი...

– საკმარისია! – ქალი ფეხზე წამოიჭრა.

– არ დამიმთავრებია, მერიან. მალე ეს საიდუმლო ყველასთვის გახდება ცნობილი, ასე რომ, შემიძლია თქვენ საქმის კურსში ჩაგაყენოთ. ჯონ სენძის უსიამოვნებები იმ ქალიშვილის გამო დაიწყო, რომელსაც ბევერლი ტრენტი ერქვა. მან ჯონის სახლში ხუთი წლის წინ თავი მოიკლა. ჯონმა და მისმა ორმა მეგობარმა მისი გვამი ტრენტის ბინაში გადაიტანეს. ვიღაცამ ეს ამბავი შეიტყო და ჯონის დაშანტაჟება დაიწყო, – მერიანი ერთიანად გაქვავდა, – უკვე გითხარით, რომ ბევერლი ტრენტი ფსევდონიმია? მისი ნამდვილი სახელი ლუიზაა, ლუიზა ჰაუპტმანი.

– ო, ღმერთო... – მოისმა პასუხად.

– მერიან, უნდა გითხრათ, რომ ბევერლის ბინაში თქვენი ფოტო იპოვეს.

მერიანი სავარძელში ჩაესვენა და სახეზე ხელები აიფარა.

– ძველი ჭრილობების განახლება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ჩემს ძველ მეგობარს გასაჭირში ვერ მივატოვებ, – გააგრძელა კვისტმა, – დარწმუნებული ვარ, რომ ჯონ სენძის განადგურება სწორედ დუგლას ჰედმანმა ჩაიფიქრა და რომ მის გეგმებში გარკვეულ როლს თქვენც თამაშობთ.

– მე... ცუდად ვარ. მაპატიეთ, ცოტა ხნით გავალ!

– ჰედმანს ვერ დაურეკავთ, – ცივად ისროლა კვისტმა, – დღეს საღამოს დაკავებულია.

მერიანი კართან შეჩერდა და შემობრუნდა:

– რის გაკეთებას აპირებთ?

– თუ ნებას მომცემთ, ჯერ თქვენთან გასაუბრება მინდა. იქნებ დამჯდარიყავით, ჰა?

ქალი აშკარად შეშინებული იყო. ის ბართან მიფარფატდა, ბრენდი დაისხა და თავის სავარძელს დაუბრუნდა. ცოტა რომ მოსვა, თქვა:

– რაც არ უნდა იყოს, დუგი მკვლელობებში უდანაშაულოა.

– თქვენ ასე გეჩვენებათ.

– უდანაშაულოა!

– მერიან, დავიწყოთ იმით, რომ მე თქვენდამი გულწრფელ სიმპათიას ვგრძნობ. იქნებ შევძლო, სერიოზული უსიამოვნებები თავიდან აგაცილოთ, ოღონდ ამისათვის თავად უნდა დამეხმაროთ.

– დაგეხმაროთ? როგორ?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522488
1522688 online