asdas
ცნობილი ადამიანები
პიკე პრიზებს არ ითვლის
პიკე პრიზებს არ ითვლის
პიკე პრიზებს არ ითვლის

2010-11-09 17:29:52



ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე თავისი კარიერის მწვერვალზე იმყოფება, თუმცა იგი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მომავალ გამარჯვებებზე ფიქრობს, თუმცა, არც წარსულს ივიწყებს, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა და იხსენებს თავის ურთიერთობას ალექს ფერგიუსონთან და როი კინთან.

– ძალიან სწრაფად ახვედით წარმატების მწვერვალზე. ამაზე რას იტყოდით?

– დიახ, ძალიან სწრაფად. დროდადრო ფიქრით წარსულს უბრუნდები, ორი–სამი წლით უკან და ხვდები, რა სწრაფად შეიცვალა ყველაფერი. ისიც მართალია, რომ ერთხელაც არ გქონია იმის დრო, მშვიდად დამჯდარიყავი და ყველაფერი ბოლომდე გაგეაზრებინა. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ ვერ ხვდები, თავად როგორ სწრაფად იცვლები. თუმცა საკუთარი წარმატებებით ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, მომავალშიც ყველაფერი ასეთივე ტემპით გაგრძელდეს.

– 23 წლის ასაკში თქვენს ანგარიშზე უკვე 8 პრიზია "ბარსასთან" ერთად და გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.

– ამაზე თითქმის არ ვფიქრობ. ამაზე მხოლოდ მაშინ ვიფიქრებ, როდესაც კარიერის დასრულების დრო დადგება, იმიტომ, რომ მაშინ ამისთვის გაცილებით მეტი დრო მექნება. ამჟამად კი მთელი ჩემი ყურადღება დღევანდელ დღესა და ახლო მომავალზე მაქვს გადატანილი. ყოველივე, რაც ხდება, სასიამოვნო მოგონებებს ტოვებს, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ წარსულით ცხოვრება, ჩვენ ვალდებულები ვართ წინ ვიაროთ და ამას ვაკეთებთ კიდეც.

– როგორ არ კარგავთ მოტივაციას მას შემდეგ, რაც აბსოლუტურად ყველაფერი მოიგეთ?

– ადვილი არ არის, მაგრამ როდესაც დიდ ძალისხმევას ახმარ იმას, რომ გახდე ისეთი, როგორიც ამჟამად ხარ და როდესაც შენს გარშემო ამდენი შესაძლებლობაა, რათა უამრავი სასიამოვნო მომენტი განიცადო, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რათა ამ ყოველივესგან სიამოვნება მიიღო, ვინაიდან საუკეთესოა, რაც შეიძლება ცხოვრებაში განიცადო. გარდა ამისა, ყოველთვის გიჩნდება მოგების სურვილი, რათა მოგებული ტიტულისგან მონიჭებული ბედნიერება კიდევ ერთხელ შეიგრძნო.

– რა გსურთ, რომ განმეორდეს?

– რა თქმა უნდა, მსურს განმეორდეს ტრებლი, როდესაც 6 ტიტული მოვიგეთ, თუმცა ამავე დროს ნათელია, რომ ამის მიღწევა ძალიან რთულია. ეს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა და კარგად ვიცით, რა ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა.

– როდესაც 2008 წელს ბარსელონაში დაბრუნდით, შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ბოლო 2 წელი ასე აეწყობოდა?

– ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ამ გუნდის თამაშის ხარისხი დავინახე და ყოველთვის მჯეროდა ჩვენი მოთამაშეების. თუმცა ამავე დროს არ შეიძლება წინასწარ მოელოდე იმას, რასაც მივაღწიეთ. ჩვენამდე ამდენი ტიტული არავის მოუგია და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. მაგრამ ყველაფერი კარგად აეწყო და საქმეები შესანიშნავად წაგვივიდა, რამაც საშუალება მოგვცა უკვე მარტსა და აპრილში გაგვეგრძელებინა ბრძოლა ყველა ტიტულისთვის. სეზონის ამ მონაკვეთში იწყება ნამდვილი ბრძოლა ტიტულებისთვის და ჩვენ ეს გამოგვივიდა. ჩემპიონთა ლიგაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ანდრეასის გოლი, სამეფო თასზე პინტოს მიერ მოგერიებული პენალტი "მალიორკასთან" მატჩში... გადამწყვეტ მომენტებში იღბალი, რომელიც აუცილებელია საბოლოო წარმატების მისაღწევად ჩვენს მხარეს იყო.

– სპორტულ პრესას თუ კითხულობთ?

– დიახ, ბევრს. მე ერთ–ერთი იმათგანი ვარ, ვინც სპორტით ცხოვრობს და მიყვარს ყოველთვის საქმის კურსში ყოფნა.

– კალათბურთიც მოგწონთ, ხომ?

– ძალიან მიყვარს კალათბურთი, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობები. მაგალითად, ხელბურთი და ჰოკეი. პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ არ გვაქვს იმდენი დრო, რომ ყველა თამაშს დავესწროთ. უპირატესობას კი მაინც კალათბურთს ვანიჭებ.

– თქვენ ასევე მონაწილეობთ ფენტეზი კალათბურთზეში?

– გასულ წელს ლიგა მოვიგე. ამჟამად მეორე ადგილზე ვარ. პირველზე სერხიოა (ბუსკეტსი), მაგრამ მისი გასწრების კარგი შანსები მაქვს.

– რომელ მოთამაშეს შეიყვანდით თქვენს ვირტუალურ გუნდში?

– ხუან კარლოს ნავარო ძალიან ძვირადღირებული მოთამაშეა, მაგრამ მისი გუნდში ყოფნა შესანიშნავი იქნებოდა. ის ძალიან კარგი მოთამაშეა, თუმცა ძვირიც. თუ გუნდში აიყვან, მაშინ ფული მხოლოდ ნაკლებად კვალიფიცირებულ მოთამაშეებზე დაგრჩება, რამაც შესაძლოა ამოცანის გადაჭრა გაართულოს.

– ახლა იმ ადამიანებზე ვისაუბროთ, რომელთაც გავლენა იქონიეს თქვენს ცხოვრებაზე. როდესაც სახელებს დაგისახელებთ, გვითხარით ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. როდოლფო ბორელი.

– ის ერთ–ერთი იმათგანი იყო, ვინც ფეხბურთის თამაში მასწავლა. მამა ის ადამიანი იყო, რომელიც მაძლევდა ბურთებს სავარჯიშოდ. შემდეგ "ბარსაში" მოვედი, სადაც როდოლფომ ისე თამაში მასწავლა, როგორც ამჟამად ვთამაშობ. ფეხბურთი ბევრი ნიუანსია, მაგრამ მან მასწავლა ბურთის დაცვიდან ამოტანა, მისი კონტროლი და ის, რომ არასდროს უნდა დავარტყა უმისამართოდ და უმიზნოდ. ეს ყველაფერი სწორედ მან მასწავლა.

ბოიან კრკიჩი.

– მე მას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო და მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა ფეხბურთში. ის ბომბარდირადაა დაბადებული, ბრწყინვალე პარტნიორია და გუნდში ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო მეგობარი. ის "ბარსაში" თავს ბედნიერად გრძნობს.

– ამბობენ, რომ თავი დაკარგეთ.

– შესაძლოა კულმინაციური მომენტი იყო აბუ დაბიში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება. იქ ჩვენი მეექვსე ტიტული მოვიგეთ ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ამის გაკეთება შევძელით. ამ ტრიუმფისკენ მიმავალ გზაზე "რეალი" 2:6 დავამარცხეთ, ესეც არასდროს დამავიწყდება. სამი დღის შემდეგ ჩვენ "სტემფორდ ბრიჯზე გავემგზავრეთ, რათა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი გვეთამაშა "ჩელსისთან". მაშინ არ იყო იმის დრო, რომ ეს ყოველივე გადაგვეხარშა. ასეთ მოკლე დროში ამდენი დადებითი ემოცია გადავიტანეთ. მხოლოდ მოგვიანებით ხვდები თუ რას მიაღწიე.

– თქვენს ცხოვრებაში ამდენი სასიამოვნო მომენტი გქონდათ, მაგრამ თქვენი პროფესიის მეორე მხარეს წარმოადგენს ის, რომ ნორმალურად ცხოვრებას ვერ ახერხებთ. რას აკეთებთ, როდესაც თავისუფალი ხართ, მაგალითად, შეგიძლიათ კინოში წახვიდეთ?

– რატომაც არა. მხოლოდ ეგ არის, რომ ხალხი გხედავს და შეუმჩნეველი ვერ დარჩები, მაგრამ ასეთია ცხოვრება და ამას თანდათან ეჩვევი.

– თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?

– მახსოვს, ერთხელ სავაჭრო ცენტრში წავედი, რათა ვიდეო–თამაში ან საჩუქარი მეყიდა, ზუსტად არ მახსოვს. დიდი რიგი იდგა და სახლში დაბრუნება მომიხდა იმის გამო, რომ ჩემს გარშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. იმ სიტუაციაში განსაკუთრებული არჩევანი არ მქონდა. თუ ვინმე შეგამჩნევს, მალე უკვე ყველამ იცის, რომ იქ ხარ. ზოგჯერ ახერხებ შეუმჩნევლად დარჩენას, მაგრამ როდესაც გიცნობენ, მაშინ შენს გარშემო უამრავი ადამიანი იყრის თავს და მაშინ უმჯობესია იქაურობას გაეცალო.

– ხომ არ გწყინთ, გუნდში ხუმარას რომ გეძახიან?

– არა. სიმართლეა, რომ გუნდში ყოფნის პირველ წელს ყველამ ხუმარად გამიცნო და ეს პირიქით მახარებდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ გუნდში ისედაც საკმარისად არიან ხუმარა ადამიანები. დანი, ხავი...

– თქვენი ჩვევა მატჩის დღეს?

– მოედანზე ფეხშედგმული ორჯერ ვხტები მარჯვენა ფეხზე, გუნდური ფოტოსურათის გადაღების შემდეგ სამჯერ ვხტები და ყოველთვის გრძელმკლავებიანი მაისურით ვთამაშობ. ეს ყოველივე თავში მაქვს ჩაბეჭდილი და მისი იქიდან ამოგდება შეუძლებელია, ვინაიდან უკვე ჩვევად მექცა.

– პროფესიონალად "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩამოყალიბდით. თქვენზე დიდი გავლენა მოახდინა პრემიერლიგამ?

– ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ხშირად მიწევდა თამაში, როგორც თავად მსურდა, ბევრი რამ ვისწავლე პარტნიორების, მწვრთნელისგან და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე წარუმატებელი მომენტებისგან. როდესაც თამაში გსურს და ხვდები, რომ სასურველ სათამაშო დროს არ გაძლევენ, შენთვის რთული დრო დგება, რომელსაც მხოლოდ თავად უნდა გაუმკლავდე. გულახდილად ვამბობ, ეს ყოველივე დამეხმარა ხასიათის განმტკიცებაში.

– როგორია ალექს ფერგიუსონი, გახსოვთ მასთან თქვენი პირველი გასაუბრება?

– მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 17 წლის ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი მასთან საუბრის დროს, მაგრამ იგი დამეხმარა იმაში, რომ საკუთარი თავის მერწმუნა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის ის მეორე მამასავით იყო. ჩემი ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობდა და იქ მე მარტო ვიყავი. იგი ყველაფერში მეხმარებოდა, არა მხოლოდ პროფესიონალ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც.

– ბარსელონაში წამოსვლამდე რაიმე რჩევა თუ მოგცათ?

– არა, მან მხოლოდ ის მითხრა, რომ ჩემთვის ახალი კონტრაქტის შემოთავაზება სურდა. მას კარგად ესმოდა, რომ ჩემი ცხოვრების კლუბში მსურდა დაბრუნება და წარმატებები მისურვა. მოგვიანებით მე და ჩემ მშობლებს წერილი გამოგვიგზავნა, რომელშიც აღიარა, რომ შესაძლოა შეცდომა დაუშვა, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და წარმატებას მისურვებდა.

– "მანჩესტერში" დიდი ფეხბურთელების გვერდით გიხდებოდათ თამაში, როგორებიც არიან ვიდიჩი, ფერდინანდი, რუნი და რონალდუ.

– მათგან ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით რიოსა და ვიდიჩისგან, რომლებიც ჩემს პოზიციაზე თამაშობდნენ. ეს უნიკალური გამოცდილება იყო. ეს ყოველივე ძალიან მეხმარება მოედანზე, მკარნახობს, როგორ გადავაადგილდე, როგორ შევარჩიო ადგილი, ეს უდიდესი გამოცდილებაა. ასეთი გაკვეთილების მიღების შემდეგ ყველგან შეძლებ თამაშს.

– რისი თქმა შეგიძლიათ როი კინზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაზე, ლიდერზე, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ?

– მას გუნდის გასახდელში ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, რომლის მსგავს არასდროს შევხვედრივარ. ბევრგან ვყოფილვარ, სადაც ძაოიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ტაიმებს შორის შესვენების დროს გასახდელში მხოლოდ როი ლაპარაკობდა, დღემდე ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

– ხომ არ გაიხსენებდით მობილური ტელეფონის და როი კინის შემთხვევას?

– ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონს სავარჯიშო კოსტიუმის ჯიბით ვატარებდი. გუნდის საერთო კრებაზე მან უცბად ვიბრირება დაიწყო. ხმა არ ყოფილა, მხოლოდ ვიბრაცია, როის კი არ უყვარდა გასახდელში ტელეფონის ხმაური. მატჩამდე ერთი საათით ადრე კონცენტრაციის მოკრება იყო საჭირო, მაგრამ ტელეფონმა დაიწყო ვიბრირება და ამან გარკვეული არეულობა გამოიწვია.

– გაიგო, რომ თქვენი ტელეფონი იყო?

– დიახ, და მითხრა, გარეთ გავსულიყავი.

– ყოველთვის პატივს სცემდით მას?

– დიახ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულ ახალგაზრდა ვიყავი. ინგლისში ასაკოვანი მოთამაშეები და ვეტერანები დიდი პატივისცემით სარგებლობენ. ესპანეთშიც პატივისცემით ეკიდებიან მოთამაშეებს, თუმცა ამავე დროს მათი და ახალგაზრდა მოთამაშეების დამოკიდებულებაში უფრო მეტი თავისუფლება იგრძნობა.

– და ბოლოს, როგორ იზეიმებთ, "რეალს" გოლს თუ გაუტანთ?

– არ ვიცი, უბრალოდ რაღაცას გავაკეთებ. "რეალთან" მატჩის დროს ისეთი დაძაბულობაა და იმდენი ადრენალინი გამოიყოფა, რომ ამაზე არ ფიქრობ. მახსოვს 2:6, როდესაც გოლი გავიტანე, მაგრამ არ მახსოვს ამის შემდეგ რას ვაკეთებდი, მართლა არ მახსოვს.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523608
1523808 online