asdas
ცნობილი ადამიანები
ფიგუ ფეხბურთისგან ისვენებს
ფიგუ ფეხბურთისგან ისვენებს
ფიგუ ფეხბურთისგან ისვენებს

2010-11-08 17:46:07



მე-20 საუკუნის ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური ტრანსფერის მონაწილედ პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ითვლება.



ფიგუ ქვეყანას ლისაბონში მოევლინა და კარიერა იქაურ "სპორტინგში" დაიწყო, სადაც 6 წელი ითამაშა. თუმცა, პორტუგალიაში პრაქტიკულად არაფერი მოუგია და ყველას კარგად ესმოდა, რომ ასეთი ტალანტის მქონე ფეხბურთელს თავის ქვეყანაში დიდხანს არავინ გააჩერებდა. ასეც მოხდა, 1995 წელს 23 წლის ფეხბურთელი ესპანურმა "ბარსელონამ" იყიდა.

კატალონიის დედაქალაქში ფიგუმ ძალიან მალე გაიარა ადაპტაცია. ამაში გასაკვირი არც არაფერი იყო, რადგან პორტუგალიური და ესპანური კულტურა ძალიან წააგავს ერთმანეთს. ამასთან, "ბარსელონას" სათამაშო სტილი ლამაზი და სწრაფი ფეხბურთია. ასეთ გარემოში კი ფიგუ ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. 90–იანი წლების ბოლოს კი ფიგუსა და რივალდოს დუეტის ერთად ხილვა სიამოვნება იყო.

"ბარსელონაში" ფიგუმ 5 წელი გაატარა და ძალიან ბევრი გენიალური მატჩი ითამაშა. თუმცა, "ბარსას" სუპერკლუბის სტატუსის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა. ამის მიუხედავადაც, კატალონიაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მაინც იგრძნო დიდების გემო. ადგილობრივი გულშემატკივრები აღმერთებდნენ ფიგუს, რომელიც თავისი კარგი თამაშით უხდიდა სამაგიეროს. მაინც ფიგუმ ვერ აჩუქა კატალონიელ გულშემატკივრებს ის, რაც სხვა ფეხბურთელებმა. 2000 წელს ფიგუმ ისეთი საქციელი ჩაიდინა, რასაც ბროწეულისფერთა გულშემატკივრები არავის პატიობენ, ფიგუ "ბარსელონას" დაუძინებელ მტერთან, მადრიდის "რეალში" გადავიდა.

იმ დროს "რეალში" ახალი პრეზიდენტი აირჩიეს და საკმაოდ ამბიციური ფლორენტინო პერესი მივიდა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ მათი უმთავრესი მტრის შემადგენლობიდან ლუიშ ფიგუს გადაიბირებდა. ამ პიარ–ნაბიჯმა იმუშავა! პერესი ამის წყალობით გახდა პრეზიდენტი და როგორც გაირკვა, მისი შეპირება ტყუილი ლაყბობა არ ყოფილა. პერესმა იმ დროისთვის რეკორდული თანხა, 54 მილიონი ევრო გადაუხადა, პლუს პრემიები და ბონუსები თავად ფეხბურთელს და ფიგუმაც კატალონიის დედაქალაქი ესპანეთის დედაქალაქზე გაცვალა. ალბათ, თავად ფეხბურთელს არც უნანია, რადგან 2001 წელს, "რეალის" წყალობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სამაგიეროდ, მას უჭირდა "ბარსელონაში" ჩასვლა. როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ფიგუს მისამართით სხვადასხვა სახის ნივთები მიფრინავდნენ, დაწყებული სანთებელათი, დამთავრებული მობილური ტელეფონით. ხოლო ერთხელ, მავანმა გულშემატკივარმა ყველა ზღვარს გადააჭარბა და ფიგუს ტრიბუნიდან ღორის თავი ესროლა. მოკლედ, "ბარსელონას" გულშემატკივრებს ერთ დროს გაღმერთებული ფიგუ სამუდამოდ შეზიზღდათ. ერთხელ ფეხბურთელი თავად გამოტყდა, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, როდესაც "ნოუ კამპზე" სათამაშოდ გავდივარ, თითქოს ვიღაც სნაიპერის შაშხანას მიმიზნებსო. კარიერის დასრულების შემდეგ, ფიგუს აზრადაც არ მოსდის, ამ ულამაზეს ქალაქში თუნდაც დასასვენებლად ჩავიდეს.

"რეალი" კი თანდათან ივსებოდა ვარსკვლავებით, რომლებმაც შემდეგ მეგას სტატუსი მიიღეს, ხოლო გუნდმა "გალაქტიკოსის". ფიგუს უწევდა ზინედინ ზიდანის, რონალდოს, რობერტო კარლოსის, რაულის, იკერ კასილიას და სხვების გვერდით თამაში. ფიგუ არასდროს კარგავდა კონცენტრაციას და ყოველთვის ინარჩუნებდა თავის დონეს. ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო და მუდმივად იწვევდნენ გლამურულ დღესასწაულებზე, რომელსაც შესანიშნავად უთავსებდა ვარჯიშს. მადრიდში მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო "ბარსელონაში", მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გახდა მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი.

2005 წელს ფიგუმ "რეალიც" დატოვა და იტალიურ "ინტერში" გადავიდა, სადაც 4 წლის მანძილზე 4–ჯერ გახდა სკუდეტოს მფლობელი. თუ სერია ა–ში მილანელებს ტოლი არ ჰყავდათ, ჩემპიონთა ლიგაში არაფერი გამოდიოდა და ფიგუმაც ვერ მოახერხა თავისი კოლექცია ახალი ევროტიტულებით შეევსო.

მისი კარიერის ბოლოს იყო საუბარი, რომ პორტუგალიელი ან საუდის არაბეთში, ან ამერიკაში გადავიდოდა, მაგრამ მან ფულს კარიერის ლამაზად დასრულება არჩია.

ჰო, როდესაც ფიგუ პორტუგალიას ტოვებდა, ადვილი შესაძლებელი იყო მაშინვე იტალიაში აღმოჩენილიყო. ფიგუს 2 კლუბთან, "იუვენტუსთან" და "პარმასთან", წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ბოლოს "ბარსელონა" არჩია. როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, იტალიელებს მისი მოტყუება უნდოდათ, მაგრამ ფიგუ არც ისეთი ბრიყვი აღმოჩნდა, როგორიც ეგონათ, პორტუგალიელმა საარბიტრაჟო სასამართლოს წყალობით, ორივე შეთანხმება გაწყვიტა და ესპანეთში წავიდა.

ფიგუმ ტიტულების მოგება ვერც პორტუგალიის ნაკრებში მოახერხა. 3–გზის ევროპისა და 2–გზის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეს, ყოველთვის მცირე აკლდებოდა ტურნირის მოსაგებად. ერთხელ, სულაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა საბერძნეთის ნაკრებთან, ამასთან, მშობლიურ ქვეყანაში.

ნაკრებში ფიგუ კაპიტანი და გუნდის სულიერი ლიდერი იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ პორტუგალიაში ჯერ არ გამოჩენილა ფეხბურთელი, რომელიც ქარიზმატულობითა და ლიდერის თვისებებით ფიგუს კონკურენციას გაუწევს.

ახლა, ფიგუ ფეხბურთიდან ისვენებს, ცხოვრობს მილანში, ზრდის თავის 3 გოგონას და ელოდება მეოთხე შვილს საყვარელი ცოლისგან, რომელიც ყოფილი მოდელი ელენ სვედინია.

მიხეილ ჟორჟოლიანი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფიგუ
კავშირი ტეგთან: თავი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522816
1523016 online