asdas
ცნობილი ადამიანები
სენსაციები სენსაციები
სენსაციები სენსაციები
სენსაციები სენსაციები

2010-10-21 11:49:22



ევროპის 2012 წ. ჩემპიონატი.

საკვალიფიკაციო ეტაპი

ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩებმა რამდენიმე სენსაციური შედეგი შემოგვთავაზა. ყველაზე დიდ სენსაციად შეიძლება მივიჩნიოთ აზერბაიჯანის ნაკრების მიერ საკუთარ მოედანზე ჯგუფის ერთ–ერთ ფავორიტად მიჩნეული თურქეთის ნაკრების დამარცხება. ასევე მოულოდნელი შედეგების რიცხვს მიეკუთვნება ფარერებისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების შეხვედრის ფრედ დასრულება და ინგლისელთა მიერ საკუთარ მოედანზე მონტენეგროს ნაკრების ვერ დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელები საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობენ და ჯერჯერობით თავიანთ ჯგუფში პირველ ადგილზეც იმყოფებიან. დანარჩენ მატჩებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა და ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა დაგეგემილი ქულები მოიპოვეს.

A ჯგუფი

აზერბაიჯანი – თურქეთი 1:0

გოლი: სადიგოვი (1:0, 39)

ბაქოში გამართულ აზერბაიჯანი – თურქეთის შეხვედრაში, მასპინძლებმა შესანიშნავად ითამაშეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩმა ძირითადად ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, თუმცა გარკვეულ მომენტებში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. მასპინძლები თავს შესანიშნავად იცავდნენ და კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. თურქებისთვის კი, რომელთაც ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს მასპინძლების კართან, ეს აშკარად მათი დღე არ იყო. საბოლოოდ მატჩის ბედი სადიგოვის მიერ 39–ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

ყაზახეთი – გერმანია 0:3

გოლები: კლოზე (0:1, 48), გომესი (0:2, 76), პოდოლსკი (0:3, 85)

ყაზახებს, რომ გერმანელებთან მატჩში წარმატების მიღწევის იმედი არ უნდა ჰქონოდათ, ეს თავიდანვე ნათელი იყო. მასპინძლებმა სახელოვან მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს. მართალია პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ ეს უფრო გერმანელების დამსახურება იყო ვიდრე ყაზახების. მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან კი სტუმრების მანქანა სრული დატვირთვით ამოქმედდა და მალე მასპინძლების ყველა იმედს საფუძველი საბოლოოდ გამოეცალა. ყაზახების დამარცხებას სათავე გერმანელთა საუკეთესო ბომბარდირმა მიროსლავ კლოზემ დაუდო, რომელმაც უკვე მეორე ტაიმის მესამე წუთზე გახსნა ანგარიში. 76–ე წუთზე თანაგუნდელს მხარი გომესმა აუბა და მეორედ აიძულა მასპინძლები თამაში მოედნის ცენტრიდან განეახლებინათ, ხოლო მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი ლუკაშ პოდოლსკიმ დაუსვა და თავის გუნდს დიდი ანგარიშით გაამარჯვებინა.

ბელგია – ავსტრია 4:4

გოლები: ვოსენი (1:0, 11), შიმერი (1:1, 14), არნაუტოვიჩი (1:2, 29), ფელაინი (2:2, 47), შიმერი (2:3, 62), ოგუნჟიმი (3:3, 87), ლომბერტსი (4:3, 90), გარნიკი (4:4, 90)

საკმაოდ სანახაობითი და უხვგოლიანი გამოდგა მატჩი ბელგიისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის. მატჩმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. მეტოქეებმა რვა გოლი გაიტანეს ამ მატჩში. ანგარიში კი ბელგიელმა ვოსენმა გახსნა მე–11 წუთზე. ავსტრიელებს ანგარიშში წონასწორობის აღსადგენად სამი წუთი დასჭირდათ, ეს შიმერმა გააკეთა. 29–ე წუთზე არნაუტოვიჩის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიშში უკვე სტუმრები დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა. მატჩის განახლებიდან ორ წუთში ფელაინმა ისევ გაათანაბრა ანგარიში. 62–ე წუთზე შიმერმა დუბლი მიითვალა პირად ანგარიშზე და ბელგიელები მესამედ აიძულა თამაში მოედნის ცენტრიდან განეახლებინათ. კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა მოვლენები მატჩის ბოლო წუთებზე. თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ოგუნჟიმმა ამ შეხვერდაში მესამედ გაათანაბრა ანგარიში, რასაც სამ წუთში ლომბერტსის გოლი მოჰყვა და თითქოსდა გამარჯვება ბელგიელებს უნდა დარჩენოდათ, მაგრამ მატჩის უკანასკნელ წამებზე გარნიკმა მეოთხედ და უკვე საბოლოოდ გაათანაბრა ანგარიში.

B ჯგუფი

სომხეთი – ანდორა 4:0

გოლები: კაზარიანი (1:0, 4), მხითარიანი (2:0, 16), მოვსისიანი (3:0, 33), მარკოსი (4:0, 51)

ერევანში სომხეთის ნაკრებმა ჯგუფის აუტსაიდერ ანდორის ნაკრებს უმასპინძლა. მასპინძლების გამარჯვებაში, რომლებმაც წინა ტურში სლოვაკებს სძლიეს, ეჭვი არავის ეპარებოდა. მართლაც სომხები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას და სტუმრებს ყოველვარი იმედი უკვე პირველივე ტაიმში გადაუწურეს. ანგარიში მასპინძლებმა საკმაოდ სწრაფად გახსნეს, კაზარიანის დარტყმის შემდეგ. მე–16 წუთზე მხითარიანმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა ანდორელები. ხოლო 33–ე წუთზე მოვსისიანმა მესამედ აიღო სტუმრების კარი. შესვენების შემდეგაც უპირატესობას სომხები ფლობდნე, თუმცა მათ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შესძლეს, ეს 51–ე წუთზე მარკოსმა გააკეთა.

მაკედონია – რუსეთი 0:1

გოლი: კერჟაკოვი (0:1, 8)

საკმაო ინტერესს იწვევდა მატჩი მაკედონიისა და რუსეთი ნაკრებებს შორის. სტუმრები გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფის ლიდერები გახდებოდნენ, ხოლო მაკედონიელებს მოგება სატურნირო მოტივაციის შენარჩუნებისთვის სჭირდებოდათ. თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო და მათ ძალიან სწრაფად მიაღწიეს წარმატებას. მე–8 წუთზე მათი შეტევის დროს ყველას კერჟაკოვმა აჯობა და რუსები ანგარიშში დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაში ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა. ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ სტუმრები მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდნენ, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისა და ჯგუფში პირველ ადგილზე გადასვლისთვის.

სლოვაკეთი – ირლანდია 1:1

გოლები: ლეჯერი (0:1, 16), დიურიცა (1:1, 36)

საკმაოდ დაძაბული გამოდგა მატჩი სლოვაკეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის. ორივე გუნდის მიზანს ამ მატჩში სამი ქულის აღება წარმოადგენდა. თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, რომელშიც ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა საბოლოო უპირატესობის მოპოვება. ორმხრივ შეტევებში კი პირველად სტუმრებს გაუმართლათ. მათ მე–16 წუთზე ლეჯერის დარტყმის შემდეგ გახსნეს ანგარიში, ხოლო ოცი წუთის შემდეგ დიურიცამ შესძლო ანგარიშში წონასწორობის აღდგენა. მატჩის დარჩენილ დროში გუნდების მცდელობას თამაში თავიანთ სასარგებლოდ დაესრულებინათ შედეგი არ მოჰყოლია და საბოლოოდ გუნდები ფრეს დასჯერდნენ.

C ჯგუფი

ფარერები – ჩრდ.ირლანდია 1:1

გოლები: ჰოლსტი (1:0, 60), ლაფერტი (1:1, 76)

ფარერების ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია. ჩრდილოეთ ირლანდიელებთან მატჩში ერთი ქულის აღება შესძლეს. წინა ტურში იტალიის ნაკრებთან ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ ბევრი მოელოდა, რომ სტუმრები გასვლით შეხვედრაში სამ ქულას აიღებდნენ. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქეებმა გოლები გაცვალეს. პირველ წარმატებას მასპინძლებმა მიაღწიეს, როდესაც მე–60 წუთზე ჰოლსტმა გახსნა ანგარიში. ფარერელებს სენსაციის მოხდენამდე და ისტორიულ გამარჯვებამდე თოთხმეტი წუთი დააკლდათ. 76–ე წუთზე ჩრდილოეთ ირლანდიელმა ლაფერტმა მოახერხა მასპინძლების კარში საპასუხო გოლის გატანა და თავისი გუნდისთვის ქულის გადარჩენა.

ესტონეთი – სლოვენია 0:1

გოლები: სიდორენკოვი (0:1, 65 ს.კ)

წინა ტურში უდიდესი სენსაციის მომხდენმა ესტონეთის ნაკრებმა ტალინში სლოვენიის ნაკრებს უმასპინძლა. ამის მიუხედავად ფეხბურთის მოყვარულების დიდი უმეტესობა ფავორიტად სწორედ სტუმრებს მიიჩნევდნენ და არც შემცდარან. მართალია მასპინძლები ამ მატჩშიც არ გამოიყურებოდნენ ურიგოდ, მაგრამ სლოვენიელთა სათამაშო უპირატესობა და უფრო მაღალი სათამაშო კლასი აშკარა იყო. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა იმის მიუხედავად, რომ სტუმრებს შესამჩნევი უპირატესობა ჰქონდათ და საგოლე მომენტების ნაკლებობასაც არ უჩიოდნენ. გოლის გატანა მასპინძლებსაც შეეძლოთ, მაგრამ ამჯერად მათ ბედი არ სწყალობდათ. მეორე ტაიმში სლოვენიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და 65–ე წუთი მათი შეტევის დროს სიდორენკოვმა ბურთი საკუთარი კარის ბადეში ჩაჭრა, რაც სტუმრებისთვის საკმარისი გამოდგა სამი ქულის მოსაპოვებლად.

იტალია – სერბეთი 0:0 თამაში შეწყდა

სკანდალური გამოდგა მატჩი გენუაში სადაც ერთმანეთს იტალიისა და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ნათელი იყო, რომ მატჩის გამართვა საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. სერბეთის ნაკრების ქომაგებმა არეულობა მოაწყვეს, რის გამოც მატჩის დაწყება ნახევარი საათით გადაიდო, მაგრამ დაიწყო თუ არა თამაში აშკარა გახდა, რომ მას დასრულება არ ეწერა. პირველივე წუთებიდან იმ სექტორიდან სადაც სერბი ფანები ისხდნენ, მოედანზე ანთებული მაშხალების სროლა დაიწყეს, ხოლო როდესაც მათმა ქმედებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, მატჩის მთავარმა მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის მატჩის დაწყებიდან სულ ექვსი წუთი იყო გასული. საბოლოოდ მატჩზე უეფას წარმომადგენელთან მოთათბირების შემდეგ გადაწყდა რომ მატჩი აღარ განახლდებოდა. ასე რომ თამაში ჩაიშალა. ახლა საფეხბურთო სამყარო უეფას ვერდიქტის მოლოდინშია. სავარაუდოდ ფანების უმსგავსო საქციელისთვის სერბეთის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება, ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათ რამდენიმე მატჩის გამართვა მოუწიოთ მაყურებლების გარეშე და სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდაც დაეკისროთ. თავად სერბეთის ხელისუფლებამ კი ხულიგან ფანებს ბრძოლა გამოუცხადა. ხოლო იტალიიდან დაბრუნებული რამდენიმე ათეული ფანი საზღვარზევე დაპატიმრეს. ასე რომ დაველოდოთ უეფას საბოლოო გადაწყვეტილებას.

D ჯგუფი

ბელორუსეთი – ალბანეთი 2:0

გოლები: როდიონოვი (1:0, 9), კრივეცი (2:0, 77)

ამ ტურამდე ალბანეთის ნაკრები ჯგუფის ერთ–ერთი ლიდერი იყო, ბელორუსეთის ნაკრებმა კი პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ თავი ვერაფრით გამოიჩინა. წინა ტურში კი მათ აუტსაიდერის ლუქსემბურგის ნაკრების დამარცხებაც კი ვერ შეძლეს. ამ მატჩს კი, რომელშიც მასპინძელი ბელორუსეთის ნაკრები იყო, მასპინძლები პირველივე წუთებიდან სრული სერიოზულობით მიუდგნენ, ხელთ იგდეს სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა და მატჩის ბოლომდე აღარ დაუთმიათ. ალბანელებმა თამაშის აგება კონტრშეტევებზე სცადეს. ისინი უპირველესად საკუთარი კარის დაცვის გამაგრებას შეუდგნენ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მასპინძლებმა საკმაოდ სწრაფად მოახერხეს მათი კარის აღება. უკვე მე–9 წუთზე გოლი სტუმრების კარში როდიონოვმა გაიტანა. მორიგ წარმატებას ბელორუსებმა მეორე ტაიმში მიაღწიეს, როდესაც 77–ე წუთზე კრივეცმა მეორედ აიღო ალბანელთა კარი და თავისი გუნდის უპირატესობა დამაჯერებელი გახადა. საბოლოოდ მასპინძლებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა შემატეს საკუთარ აქტივს.

საფრანგეთი – ლუქსემბურგი 2:0

გოლები: ბენზემა (1:0, 22), გურკიუფი (2:0, 76)

როგორც ჩანს ფრანგებმა თავის თამაშს მიაგნეს და სულ უფრო აუმჯობესებენ თავიანთ შედეგს. ლუქსემბურგის ნაკრებთან საშინაო შეხვედრაში ისინი ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულნი და ეს მატჩის მიმდინარეობამაც დაადასტურა. ფრანგები პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ უპირატესობას და შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ მეტოქის კართან, რომელსაც საკუთარი კარის დაცვაზე ზრუნვის გარდა სხვა არაფერი დარჩენოდა. ამის მიუხედავად სტუმრებმა მაინც ვერ მოახერხეს საკუთარი კარის მშრალად შენახვა. 22–ე წუთზე ფრანგების მორიგი შეტევა ზუსტი დარტყმით ბენზემამ დაასრულა, ხოლო 78–ე წუთზე გურკიუფმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ეს საკმარის აღმოჩნდა ფრანგებისთვის მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად და სატურნირო ცხრილის სათავეში მოსაქცევად.

E ჯგუფი

ფინეთი – უნგრეთი 1:2

გოლები: სალაი (0:1, 50), ფორსელი (1:1, 86), ჯუჯაკი (1:2, 90)

ფინეთის ნაკრები ამ შესარჩევ ჯგუფში ერთ–ერთი აუტსაიდერია და როგორც ჩანს მასთან ქულების აღება არავის გაუჭირდება სან–მარინოელთა გარდა, რომლებიც კიდევ უფრო სუსტად ასპარეზობენ. წინა ტურში უნგრელებმა სან–მარინოს ნაკრებს გამანდგურებელი ანგარიშით სძლიეს და ახლა უკვე წარმატებას ფინეთშიც მიაღწიეს. მატჩი სტუმრების უპირატესობით წარიმართა. მასპინლებმა მეტ–ნაკლებად ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ კი უნგრელთა საუკეთესო ფორვარდმა სალაიმ გახსნა ანგარიში. მასპინძლებმა იბრძოლეს და მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრებაც კი მოახერხეს. გოლი სტუმრების კარში ფორსელმა გაიტანა, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი გამოდგა. მატჩის ბოლო წუთზე ჯუჯაკის დარტყმამ სამი ქულა უნგრელებს მოუტანა.

ჰოლანდია – შვედეთი 4:1

გოლები: ჰუნტელარი (1:0, 4), აფელაი (2:0, 37), ჰუნტელარი (3:0, 55), აფელაი (4:0, 59), გრანკვისტი (4:1, 69)

ფეხბურთის მოყვარულები მოელოდნენ, რომ ჰოლანდია – შვედეთის მატჩი საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩაივლიდა, მაგრამ მასპინძლებმა იმდენად შთამბეჭდავად ითამაშეს, რომ სტუმრებს თამაში გადარჩენის უმცირესი შანსიც კი არ დაუტოვეს. ჰოლანდიელთა აწყობილ ბრწყინვალე თამაშს სკანდინავიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. მასპინძლებმა პირველი წუთებიდან აქტურად დაიწყეს თამაში და მეტოქის მცველებსა და მეკარეს საზრუნავი და საფიქრალი არ მოაკლეს. ანგარიში კი მათ საკმაოდ სწრაფად გახსნეს. მე–4 წუთზე ჰუნტელარმა გოლით დააგვირგვინა თანაგუნდელთა მიერ წამოწყებული შეტევა. 37–ე წუთზე აფელაიმ ჰოლანდიელთა უპირატესობა ორ გოლამდე გაზარდა. თამაშის სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. 55–ე წუთზე ჰუნტელარმა თავისი მეორე გოლი მიითვალა ამ შეხვედრაში, მას არც აფელაი ჩამორჩა და ოთხ წუთში ისიც დუბლის ავტორი გახდა. სტუმრებმა კი ამ შეხვედრაში მხოლოდ ის მოახერხეს, რომ გრანკვისტის დარტყმის შემდეგ პრესტიჟის გოლი გაიტანეს.

სან–მარინო – მოლდოვა 0:2

გოლები: ჟოსანი (0:1, 50), დოროსი (0:2, 86 პენ)

ჯგუფის აშკარა აუტსიადერ სან–მარინოსთან გასვლით შეხვედრაში მოლდოვას ნაკრებს პრობლემები არ შექმნია. სტუმრები ფავორიტების რანგში ჩავიდნენ და სამი ქულაც ადვილად აიღეს. მეტ–ნაკლები წინააღმდეგობა მოლდოველებს მასპინძლებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც უგოლოდ დასრულდა. სტუმრებმა კი საკუთარი უპირატესობის რეალიზება შესვენების შემდეგ შესძლეს. ჯერ ჟოსანმა გახსნა ანგარიში მატჩის განახლებიდან ხუთ წუთში, ხოლო მატჩის მიწურულს დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა დოროსმა და თავის გუნდს ორბურთიანი სხვაობით მოაგებინა.

F ჯგუფი

საბერძნეთი – ისრაელი 2:1

გოლები: სალპინგიდისი (1:0, 21), სპიროპულოსი (1:1, 59 ს.კ), კარაგუნისი (2:1, 63 პენ)

საბერძნეთი – ისრაელის ნაკრებებისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, წარმატების შემთხვევაში როგორც ერთი ისე მეორე გუნდი შეიძლება ჯგუფის ლიდერი გამხდარიყო. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ მატჩი უშეღავათო ორთაბრძოლაში ჩაივლიდა. მართლაც პირველივე წუთებიდან მოედანზე ნამდვილი ორთაბრძოლა გაჩაღდა. ორივე გუნდი ბევრს უტევდა, თუმცა თანდათან მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა და 21–ე წუთზე სალპინგიდისმა თანაგუნდელთა მიერ წამოწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა. შესვენების შემდეგ ებრაელები გააქტიურდნენ მათი ერთ–ერთი შეტევის დროს სპიროპულოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ უპირატესობას ისევ ბერძნები დაუფლნენ. მათი შეტევები უფრო სახიფათო ხდებოდა, რამაც საბოლოო შედეგი 63–ე წუთზე გამოიღო, როდესაც სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა კარაგუნისმა გამარჯვების გოლად აქცია.

G ჯგუფი

შვეიცარია – უელსი 4:1

გოლები: სტოკერი (1:0, 8), ბეილი (1:1, 13), შტრელერი (2:1, 22), ინლერი (3:1, 82 პენ), სტოკერი (4:1, 89)

შვეიცარიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი წარუმატებლად დაიწყო, თუმცა უელსთან საშინაო მატჩში მასპინძლები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. შვეიცარიელების სრული უპირატესობით წარიმართა ეს შეხვედრა. მათ უკვე მატჩის მე–8 წუთზე გახსნეს ანგარიში სტოკერის დარტყმის შემდეგ, მართალია ხუთ წუთში ბეილმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ სულ ეს იყო რაც ამ მატჩში უელსელებმა მოახერხეს. 22–ე წუთზე შტრელერმა ისევ წინ გაიყვანა მასპინძლები. თამაშის სურათი არც მატჩის მეორე ტაიმში შეცვლილა. 82–ე წუთზე პენალტი დაინიშნა სტუმრების კარში, რომელიც ზუსტად შეასრულა ინლერმა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი სტოკერის დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა, რომელმაც შვეიცარიელებს დიდი ანგარიშით გაამარჯვებინა.

ინგლისი – მონტენეგრო 0:0

ამ მატჩამდე როგორც ინგლისის ასევე მონტენეგროს ნაკრებები შესარჩევ ციკლში უდანაკარგოდ ასპარეზობდნენ. ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი ჰქონდა დაგროვებული, მაგრამ თუ ეს ბრიტანელებისთვის უჩვეულო მოვლენა არ ყოფილა, ბევრი ფეხბურთის მოყვარული ამას მონტენეგროს ნაკრების მხრიდან არ მოელოდა. სტუმრებმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ კარგად დაიწყეს და რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა სტუმრად ინგლისელებთან შეხვედრაშიც დაადასტურეს. მათ ფეხბურთის სამშობლოდ აღიარებული ქვეყნის წარმომადგენლებს ღირსეული წინააღმდეგო გაუწიეს, ტოლი არაფერში დაუდეს და საკმაოდ დამსახურებულად მოიპოვეს ქულა. მათგან განსხვავებით ინგლისელების აქტივში ეს თამაში ნამდვილად არ ჩაითვლება. მატჩმა კი დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ მეტოქეები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

H ჯგუფი

დანია – კვიპროსი 2:0

გოლები: რასმუსენი (1:0, 47), ლორენტცენი (2:0, 81)

წინა ტურში დანიის ნაკრები პორტუგალიელებთან დამარცხდა, ამიტომ მათ რეაბილიტირება სჭირდებოდათ საკუთარი ქომაგების თვალში. კვიპროსელები კი შეეცდებოდნენ კიდევ ერთი სენსაციის მოხდენას, როგორც მათ ეს პორტუგალიასთან გასვლით შეხვედრაში გააკეთეს და ქულის წამოღებას, თუმცა მთელი თამაშის მანძილზე მასპინძლების უპირატესობა აშკარა იყო და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, აშკარა იყო, რომ მათ სამი ქულის აღება მაინც უნდა მოეხერებინათ. შესვენების შემდეგ მათი უპირატესობა კიდევ უფრო თვალში საცემი გახდა და თამაშის განახლებიდან ორ წუთში რასმუსენმა გახსნა ანგარიში. მატჩის საბოლოო შედეგი კი 81–ე წუთზე ლორენტცენის დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა. მასპინძლებმა სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვეს.

ისლანდია – პორტუგალია 1:3

გოლები: რონალდუ (0:1, 3), ჰელგუსონი (1:1, 17), მეირელეში (1:2, 27), პოშტიგა (1:3, 72)

ისლანდიას პორტუგალიელებთან წარმატების მიზერული შანსები ჰქონდათ და თავიდანვე აშკარა იყო, რომ ამის მიღწევა გაუჭირდებოდათ. თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო და კრიშტიანუ რონალდუმ მატჩის დებიუტშივე აიძულა მეტოქე ბურთი საკუთარი კარის ბადიდან გამოეტანა. მართალია მე–17 წუთზე ჰელგუსონმა მოახერხა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო. ათ წუთში მეირელეშმა ისევ წინ გაიყვანა პორტუგალიელები, ხოლო 72–ე წუთზე პოშტიგამ თავისი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა და მატჩიც ასევე დასრულდა.

I ჯგუფი

ლიხტენშტეინი – ჩეხეთი 0:2

გოლები: ნეციდი (0:1, 12), კადლეცი (0:2, 28)

ძნელად თუ ვინმე მოიძებნებოდა ისეთი ვინც იფიქრებდა, რომ ლიხტენშტეინის ნაკრები ჩეხებს თუნდაც ქულას აართმევდა. პირველ ტურში საკუთარ მოედანზე განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ ჩეხებს ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება. ამიტომ აუტსიადერთან მატჩს ისინი პირველივე წუთებიდან სრული სერიოზულობით მოეკიდნენ და უკვე მე–12 წუთზე ნეციდმა დააწინაურა თავისი გუნდი. მასპინძლების მცდელობას თამაშში გარდატეხა შეეტანათ შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით ჩეხების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც 28–ე წუთზე კადლეცმა მეორედ შეარხია მათი კარის ბადე. მატჩის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

შოტლანდია – ესპანეთი 2:3

გოლები: ვილია (0:1, 44 პენ), ინიესტა (0:2, 56), ნეისმიტი (1:2, 58), პიკე (2:2, 66 ს.კ), ფ.ლიორენტე (2:3, 78)

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა შოტლანდია – ესპანეთის მატჩი. რა თქმა უნდა ფავორიტებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ითვლებოდნენ. მატჩი სტუმრების შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც სწორედ ისინი ფლობდნენ, თუმცა არც მასპინძლები ჩაკეტილან საკუთარ ნახევარზე და მწვავე კონტრშეტევების განხორციელებასაც არ ერიდებოდნენ. ესპანელთა უპირატესობამ კი პირველად შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიღო, როდესაც მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა ვილიამ და თავისი გუნდი დააწინაურა. შესვენების შემდეგაც უფრო მეტად სტუმრები აქტიურობდნენ, რასაც მალე ინიესტას გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ როგორც ჩანს ესპანელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და უპირატესობა მეტოქეს დაუთმეს, რითიც კარგად ისარგებლეს შოტლანდიელებმა და ჯერ ნეისმიტმა შეამცირა ანაგარიშში სხვაობა მინიმუმამდე, ხოლო შემდეგ მასპინძლების შეტევის დროს პიკემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გათანაბრდა. ამის შემდეგ ესპანელები გონს მოეგნენ ისევ ხელთ იგდეს უპირატესობა და მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლიორენტემ გამარჯვების გოლი გაიტანა შოტლანდიელთა კარში.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522392
1522592 online