asdas
ცნობილი ადამიანები
მშვიდობით, ჩემო ლამაზო
მშვიდობით, ჩემო ლამაზო
მშვიდობით, ჩემო ლამაზო

2010-10-11 16:48:33



დასაწყისი წინა ნომრებში

თავი ოცდამეშვიდე

ეს იყო კაბინეტი. არც დიდი, არც პატარა, საკმაოდ პროფესიონალურად გამოიყურებოდა. წიგნების კარადა შუშის კარებით და შიგნით დაწყობილი სქელი წიგნებით. კედელზე ჩამოკიდებული იყო აფთიაქი, პირველადი დახმარებისთვის. ქურაზე შემოდგმული იყო თეთრი მომინანქრებული სტერილიზატორი, რომელშიც უამრავი ნემსი ეწყო. ფართო მაგიდაზე სარეგისტრაციო წიგნი იდო, მის გვერდით – ბრინჯაოს ქაღალდის საჭრელი, ასევე იდგა საწერი მაგიდა, რომელზეც დანიშნულების წიგნი და რამდენიმე წვრილმანი ნივთი იდო, თუ არ ჩავთვლით ჩაფიქრებული ადამიანის იდაყვებს, რომელთაც ხელები თავზე ჰქონდა შემოჭდობილი.

თითები თმებში ჰქონდა ჩამალული. კიდევ სამი ნაბიჯი გადავდგი. ალბათ მისმა თვალებმა შეამჩნიეს ჩემი ფეხების გადაადგილება. მან თავი ასწია და შემომხედა. პერგამენტივით სახეზე უფერული, ღრმად ჩამჯდარი თვალები ჰქონდა. მან ხელები მაგიდაზე დაუშვა, უკან გადაიწია და ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე შემომხედა.

შემდეგ მან ხელები გაშალა, მე კიდევ ორი ნაბიჯით მივუახლოვდი და ხელკეტი დავანახე. მისი საჩვენებელი და უსახელო თითი მაგიდის კიდისკენ მიცოცავდნენ.

– ზარი, – რაც შეიძლება დამაჯერებლად წარმოვთქვი მე, – ვერაფრით დაგეხმარებათ. მე თქვენი მაგარი ბიჭი მივაძინე.

თვალები დაებინდა.

– თქვენ ძალიან ავად ხართ, სერ. ძალიან, ძალიან ავად. თქვენთვის ჯერ არ შეიძლებოდა ადგომა.

– მარჯვენა ხელი! – მოვითხოვე მე და მსუბუქად დავარტყი ხელკეტი. ის დაჭრილი გველივით დაიკლაკნა.

მაგიდას ღიმილით შემოვუარე, თუმცა მხიარულების მიზეზი არ მქონია. რა თქმა უნდა, მაგიდის უჯრაში პისტოლეტი ექნებოდა. მათ ყოველთვის უდევთ უჯრაში პისტოლეტი, მაგრამ გამოყენებას ყოველთვის აგვიანებენ, თუ საერთოდ ასწრებენ მის ამოღებას.

იარაღი ამოვიღე. 38 კალიბრის ავტომატური, სტანდარტული მოდელი, ჩემსაზე უარესი, მაგრამ მისი ტყვიები ჩემსაზე წავიდოდა. უჯრაში ტყვიები ვერ ვიპოვნე, ამიტომ იძულებული გავხდი, მისი პისტოლეტიდან ამომეღო. ის ოდნავ შეინძრა და თან სევდიანი თვალებით მიყურებდა.

– იქნებ ღილაკი იატაკზეც გაქვთ? – ვკითხე მე, – არ ღირს მასზე დაჭერა. სწორედ ახლა ვარ ყველაზე დაუნდობელი. ნებისმიერ აქ შემოსულს აქედან კუბოთი გაიტანენ.

– იატაკზე ღილაკი არ არის, – ოდნავ შესამჩნევი უცხოური აქცენტით წამოიძახა კაბინეტის პატრონმა.

პისტოლეტებში მჭიდები შევცვალე. ახლა უკვე ჩემი ცარიელი მჭიდი მის პისტოლეტს ეკეთა, ტყვიის არც მისი პისტოლეტის ლულიდან ამოღება დამვიწყებია, ხოლო ჩემი პისტოლეტი მაშინვე გადავტენე. ამის შემდეგ ისევ მაგიდის მეორე მხარეს დავბრუნდი და მასზე მისი უკვე უსარგებლო პისტოლეტი დავდე. კარი მივხურე, გასაღებით ჩავკეტე და მაგიდასთან დავბრუნდი. სკამზე მოვკალათდი. სადაცაა, ძალა გამომეცლებოდა.

– ვისკი! – მოვითხოვე მე.

მან ხელები გაასავსავა.

– ვისკი, – გავიმეორე მე.

ის პატარა კარადასთან მივიდა, სადაც წამლები ელაგა და იქიდან ბრტყელი ბოთლი და ჭიქა გამოიღო.

– ორი ჭიქა, – ვუთხარი მე, – მე უკვე გავსინჯე თქვენი ვისკი.

მან ორი პატარა ჭიქა მოიტანა და შეავსო.

– ჯერ თქვენ, – ვუთხარი მე.

– თქვენ ჯანმრთელობის იყოს, სერ, მისი ნარჩენებისთვის, – მან დალია. შემდეგ მეც დავლიე და ბოთლი გვერდით მოვიდგი, დაველოდე, სანამ სითბო ჩემს გულამდე მიაღწევდა. გულმა ძალუმად დაიწყო ფეთქვა.

– საშინელება მესიზმრა, – ვთქვი მე, – სისულელე. დამესიზმრა, რომ საწოლზე მიმაბეს, ნარკოტიკებით გამჭყიპეს და ცარიელ ოთახში ჩამკეტეს. ძალიან დავსუსტდი. მეძინა, არაფერი მიჭამია. ძალიან ცუდად ვიყავი. თავში ჩამცხეს, გამთიშეს და აქ მომათრიეს. ამან მათ ბევრი საზრუნავი გაუჩინათ, მე კი არც ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება ვარ.

მან არაფერი მიპასუხა. უბრალოდ, თვალს მადევნებდა. თვალებზე ეტყობოდა, რომ ჩაფიქრებული იყო. როგორც ჩანს, მას აინტერესებდა, კიდევ რამდენ ხანს გავძლებდი.

– ბოლით სავსე ოთახში გამეღვიძა, – განვაგრძე მე, – რა თქმა უნდა, ეს ჰალუცინაცია იყო, მხედველობის ნერვის გაღიზიანება ან კიდევ რას უწოდებთ თქვენს ენაზე. ვარდისფერი გველების ნაცვლად, ბოლს ვხედავდი. ავღრიალდი და მაშინვე ოთახში მაგარი ბიჭი შემოვარდა და ხელკეტით დამემუქრა. საკმაო დრო დამჭირდა მოსამზადებლად და მისთვის ხელკეტის წასართმევად. გასაღებებიც ავართვი, ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და ჩემი ფულიც ავიღე. და აი ახლა აქ ვარ. გამოჯანმრთელებული. თქვენ რა მითხარით?

– მე შენიშვნა არ მომიცია, – მიპასუხა მან.

– მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ შენიშვნა მომცეთ, – ვუთხარი მე, – ვხედავ, ენა მექავება, გარეთ გამოხტომას ლამობს. ეს ნივთი, – ხელკეტი ავიქნიე, – კარგი რამ არის ვინმეს დასარწმუნებლად. იძულებული გავხდი, თქვენი ყმაწვილისგან მენათხოვრა.

– თუ შეიძლება, ხელკეტი დამიბრუნეთ, – მითხრა მან ჯალათის მომხიბვლელი ღიმილით, რომელიც სიკვდილმისჯილთა საკანაში თავის მსხვერპლს ათვალიერებდა. ცოტა მეგობრულად, ცოტა მამობრივად და იმავდროულად ოდნავ ცნობისმოყვარედ. თქვენ ეს ღიმილი შეგიყვარდებოდათ, თუ სასჯელის აღსრულებამდე საკმარისი დრო გექნებოდათ.

ხელკეტი ავისროლე და მის გაშლილ ხელისგულზე დავაგდე.

– ახლა პისტოლეტი, – მოფერებით თქვა მან, – თქვენ ძალიან ავად იყავით, მისტერ მარლოუ. იძულებული ვარ, დაჟინებით მოვითხოვო, რომ თქვენს საწოლში დაბრუნდეთ.

მე მას ვუცქერდი.

– მე დოქტორი ზონდერბორგი ვარ, – თქვა მან, – და არ მსურს, რაიმე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი.

მან ხელკეტი მაგიდაზე დადო. მას გაყინული თევზის ღიმილი ჰქონდა. მისი გრძელი თითები მომაკვდავი პეპელასავით ირხეოდნენ.

– პისტოლეტი, თუ შეიძლება, – კიდევ უფრო ალერსიანად თქვა მან, – დაბიჯითებით გირჩევთ...

– რომელი საათია, ზედამხედველო?

ის ოდნავ გაოცდა. საათი მაჯაზე მეკეთა, მაგრამ გაჩერებული იყო.

– თითქმის შუაღამეა, რატომ გაინტერესებთ?

– რა დღეა?

– რა თქმა უნდა, კვირაა, ჩემო ძვირფასო სერ.

– 48 საათი გავიდა. გასაკვირი არ არის, რომ შეტევები მქონდა. აქ ვინ მომიყვანა?

ის დაჟინებით მომაჩერდა. მისი მარცხენა ხელი თანდათან პისტოლეტისკენ წამოვიდა.

– ნუ მაიძულებთ გავბრაზდე, – ვუთხარი მე, – ნუ მაიძულებთ, ჩემი კეთილშობილი მანერები და უნაკლო ინგლისური დავივიწყო. ახლავე მომიყევით, აქ როგორ მოვხვდი.

მან პისტოლეტისკენ გამოიწია, მე კი ხელი გავწიე და მუხლზე დავიდე, პისტოლეტს თითები კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირე.

ის გაწითლდა, ვისკის ბოთლს სტაცა ხელი, დაისხა და სწრაფად დალია. ღრმად ამოისუნთქა და ტანზე შეაკანკალა. ვისკის გემო არ მოეწონა. ნარკომანებს სპირტიანი სასმელები არ მოსწონთ.

– როგორც კი აქედან გახვალთ, დაგაპატიმრებენ, – მკვეთრი ხმით მითხრა მან, – თქვენ აქ წესრიგის დამცველებმა მოგათავსეს.

– წესრიგის დამცველი ამას ვერ გააკეთებდა.

ამ პასუხმა იგი ოდნავ საგონებელში ჩააგდო. შუბლი შეიჭმუხნა. მოყვითალო სახეზე მძიმე გონებრივი მუშაობა აესახა.

– აბა ილაყბეთ და კიდევ დაასხით, – ვურჩიე მე, – აქ ვინ მომათავსა? როდის და რისთვის? დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ. ქაფში მსურს ცეკვა. მოჩვენებების ყმუილის ხმა მესმის, რომელიც სიკვდილის მაცნეა. მთელი კვირაა, არავინ მომიკლავს. ილაპარაკეთ, ექიმო. ჩამოჰკარით ძველი ვიოლინოს სიმებს და ნაზი მუსიკა აჟღერდება.

– თქვენ ნარკოტიკული მოწამვლა გაქვთ, – ცივად თქვა მან, – კინაღამ მოკვდით. იძულებული ვიყავი, თქვენთვის სამჯერ მომეცა დიგიტალისი. თქვენ იბრძოდით, ყვიროდით, თქვენი დაბმა გახდა აუცილებელი, – ისე სწრაფად ალაპარაკდა, რომ იფიქრებდით, სიტყვები თავისთავად მოფრინავენ მისი პირიდანო, – თუ თქვენ ჩემს საავადმყოფოს ასეთი სახით დატოვებთ, სერიოზული უსიამოვნებები გელით.

– თქვენ მითხარით, რომ ექიმი დოქტორი ხართ, დოქტორი–ექიმი?

– რა თქმა უნდა. მე დოქტორი ზონდერბორგი ვარ, როგორც უკვე გითხარით.

– თქვენ არ ყვირით და არ იბრძვით, როდესაც ნარკოტიკული მოწამვლა გაქვთ, დოქტორო. თქვენ უბრალოდ კომაში ხართ. თუ შეიძლება, მე მხოლოდ ისინი მაინტერესებს. ვინ მომათრია აქ, თქვენს მხიარულ დაწესებულებაში?

– თქვენ აქ პოლიციამ მოგათავსათ.

– რომელმა პოლიციამ?

– რა თქმა უნდა, ბეი–სიტის პოლიციამ, – მისი მოუსვენარი თითები ჭიქას ატრიალებდნენ, – თქვენ ხომ ბეი–სიტიში ხართ.

– აჰა, პოლიციელს სახელი ხომ ჰქონდა?

– სერჟანტი გალბრეიტი. ის ზოგჯერ პატრულირებს. პარასკევ საღამოს გალბრეიტმა და მეორე პოლიციელმა ქუჩაში ნახევრად უგონო მდგომარეობაში აღმოგაჩინეს და აქ მოგიყვანეს, ვინაიდან აქვე ახლოს იყო. მე ვიფიქრე, რომ თქვენ ნარკომანი იყავით, რომელმაც გადამეტებული დოზა მიიღო, მაგრამ, შესაძლოა, ვცდები.

– კარგი ისტორიაა. ვერაფერს იტყვი, ვერ ჩაეძიები. მაგრამ აქ რატომ მამყოფებთ?

მან ხელები უმწეოდ გაშალა.

– უკვე ბევრჯერ გაგიმეორეთ, რომ ავად იყავით, არც ახლა ხართ ჯანმრთელად. თქვენ რას გააკეთებდით ჩემს ადგილზე? მიბრძანეს.

– მაშინ ფული უნდა გადაგიხადოთ.

– რა თქმა უნდა, – მან მხრები აიჩეჩა, – ორასი დოლარი.

სკამთან ერთად ოდნავ უკან დავიწიე.

– შეეცადეთ, ეს ფული მიიღოთ.

– თუ აქედან გახვალთ, – მკვეთრად თქვა მან, – მაშინვე დაგაპატიმრებენ.

წამოვდექი, მის სახესთან დავიხარე და ვუთხარი:

– არა იმისთვის, აქედან რომ წავალ, კარლოფ, არა მაგისთვის. კედლის სეიფი გახსენით!

ის სწრაფად წამოდგა.

– ძალიან შორს შესტოპეთ.

– არ გააღებთ?

– არ ვაპირებ.

– მე ხელში პისტოლეტი მიჭირავს.

მან სუსტად და სევდიანად გაიღიმა.

– საშინელი დიდი სეიფია, – ვთქვი მე, – ახალია, ალბათ. ეს კი შესანიშნავი პისტოლეტია. არ გააღებთ?

მის სახეზე არაფერი შეცვლილა.

– ეშმაკმა დალახვროს, – ვთქვი მე, – როდესაც ხელში პისტოლეტი გიჭირავს, ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რასაც ეტყვი. ამჯერად ასე არ ხდება, ასე არ არის?

მან გაიღიმა. მის ღიმილში სადისტური კმაყოფილება გამოსჭვივოდა. მაგიდას დავეყრდენი. ფეხები უკან მისრიალებდა. ცუდად ვხდებოდი.

მაგიდასთან ვირწეოდი, ის კი პირდაღებული იცდიდა.

გარკვეული დროის მანძილზე მაგიდაზე მიყუდებული ვიდექი და თვალებში ჩავცქეროდი. როდესაც გამეცინა, მას სახიდან ღიმილი გაუქრა, შუბლი ოფლის წვეთებმა დაუფარა.

– მშვიდობით, – ვუთხარი მე, – იმაზე უფრო ბინძურ ხელებში გტოვებთ, ვიდრე ჩემია.

შემოსასვლელი კარი ღია იყო, გავედი და ყვავილნარში აღმოვჩნდი. ჭიშკარი გავიარე. კუთხის სახლი აღმოჩნდა. ცივმა უმთვარო ღამემ თავისი ნესტიანი ხელები შემომხვია.

კუთხეში მიკრული ფირნიში იტყობინებოდა, რომ ეს იყო დესკანსო სტრიტი. სახლი განათებული იყო. საპატრულო მანქანის სიგნალების ხმა არ ისმოდა. გზაჯვარედინის მეორე მხარეს კუთხეში ფირნიშზე ეწერა ოცდამესამე ქუჩა. ოცდამეხუთეზე გავედი და 800–იან ნომრებისკენ წავედი. ნომერი 819 ენ რიორდანის სახლი იყო. ჩემი თავშესაფარი.

საკმაოდ დიდი მანძილი მქონდა გავლილი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ პისტოლეტი ისევ ხელში მეკავა. პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა ისევ არ ისმოდა.

სიარული განვაგრძე. ჰაერს გრძნობაზე მოვყავდი, მაგრამ ორგანიზმიდან სასმელიც გამოდიოდა და ეს ცუდად მხდიდა. ქუჩის გასწვრივ აგურის სახლები იყო ჩამწკრივებული, მათ წინ დარგული ნაძვის ხეებით, რაც სიეტლს უფრო მიესადაგებოდა, ვიდრე კალიფორნიას.

ნომერ 819 სახლში სინათლე ენთო. სახლის მახლობლად, კვიპაროსების მაღალ ღობეში, პატარა თეთრი კარი იყო ჩადგმული. სახლის წინ ვარდები იყო გაშენებული. კართან მივედი და მივაყურადე, სანამ ზარის ღილაკს თითს დავაჭერდი. კვლავ ჩამიჩუმი არ ისმოდა. ზარი დავრეკე და ცოტა ხნის შემდეგ ხმა გავიგონე:

– რა გნებავთ?

– მარლოუ ვარ.

კარი ფართოდ გაიღო და ენ რიორდანი დავინახე, ფერმკრთალი მწვანე ფერის თავისუფალ კოსტუმში გამოწყობილი, ის მიყურებდა. მას შიშისგან თვალები გაფართოებოდა, ხოლო ლამფის შუქზე განათებული სახე არაბუნებრივად ფერმკრთალი მოუჩანდა.

– ღმერთო, – ამოიკვნესა მან, – თქვენ ჰამლეტის მამასავით გამოიყურებით!



თავი ოცდამერვე

სასტუმრო ოთახის იატაკზე მოწითალო–ყავისფერი ხალიჩა ეფინა, ოთახში ასევე ვარდისფერი სკამები და შავი მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხარი იდგა, რომლის წინ კალათა იდგა შეშისთვის. წიგნების მაღალი კარადები კედელში იყო ჩადგმული. უხეში კრემისფერი ფარდების უკან მოხურული დარაბები ჩანდა.

თუ მაღალ სარკეს არ ჩავთვლით, ოთახში ქალური არაფერი იყო.

მე ღრმა სავარძელში ვიჯექი და ფეხები სკამზე მქონდა შემოწყობილი. ორი ფინჯანი შავი ყავა დავლიე, შემდეგ – რაღაც მაგარი სასმელი, შემდეგ ორი მოხარშული კვერცხი შევჭამე, შემდეგ კი კიდევ ერთი ფინჯანი ყავა დავლიე ბრენდით.

ენ რიორდანი ჩემ პირდაპირ იჯდა. მშვენიერი ხელი ნიკაპზე მიედო, თვალები ჩამოშლილი თმების გამო არ უჩანდა. ის შეშფოთებული გამოიყურებოდა. რაღაც–რაღაცეები მოვუყევი, მაგრამ არა – ყველაფერი. ლოსის შესახებ არაფერი მითქვამს.

– ვიფიქრე, რომ ნასვამი იყავით, – მითხრა მან, – ვიფიქრე, რომ იმ ქერათმიანს შეხვდით და დალიეთ, შემდეგ კი ჩემთან მოხვედით. მე ვფიქრობდი... არ ვიცი, რას ვფიქრობდი.

– შემიძლია დავნაძლევდე, რომ საკუთარი ფიქრები არ დაგიმახსოვრებიათ, – ვუთხარი მე და ოთახი მოვათვალიერე, – თუნდაც ფული გადაეხადათ იმაში, რაზეც ფიქრობდით.

– მამაჩემს ასეთი პოლიციელები არ ჰყოლია, – თქვა მან, – როგორიც ამ ქონიან უტვინოს ჰყავს, პოლიციის ამჟამინდელ შეფს.

– ეს ჩემი საქმე არ არის, – ვუპასუხე მე.

– ჩვენ პატარა მამული გვქონდა დელ რეიში. მხოლოდ ქვიშა, მამა მოატყუეს, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იქ ნავთობი იყო.

თავი დავუქნიე და სასმელი მოვსვი შესანიშნავი ბროლის ჭიქიდან. არ ვიცი, რა იყო, მაგრამ მას სასიამოვნო თბილი გემო ჰქონდა.

– აქ შეეძლო ყმაწვილს ეცხოვრა, – ვთქვი მე, – პირდაპირ შემოსახლებულიყო. მისთვის აქ ყველაფერია მომზადებული.

– მთავარია, ღირსეული ყმაწვილი იყოს, – მიპასუხა მან.

– კარისკაცი არ გყავთ. როგორი ინტიმია!

მან იფეთქა:

– თქვენც კარგი ვინმე ხართ. თავში გირტყეს, ნარკოტიკები გაგიკეთეს, სახე კალათბურთის ფარს დაგიმსგავსეს! ერთმა უფალმა იცის, სად აქვს ამ ყოველივეს დასასრული.

არაფერი ვუპასუხე. მეტისმეტად დავიღალე.

– ყოველ შემთხვევაში, – თქვა მან, – იმის ჭკუა გეყოთ, რომ პაპიროსის მუნდშტუკში ჩაგეხედათ.

– ეს სავიზიტოები არაფერს ნიშნავს.

მისი თვალები ისარივით ჩამერჭო.

– თქვენ აქ ზიხართ და მესაუბრებით მას შემდეგ, რაც იმ დაწესებულებაში შეგაგდოთ ორმა საეჭვო პოლიციელმა, რათა თქვენთვის ესწავლებინათ, რომ სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაგეყოთ? ის ფსიქიატრი უმაღლესი კლასის ბანდიტია. ის არკვევს, ვის რა აქვს, შემდეგ კი მაგარ ბიჭებს ეუბნება, სად და როგორ ამოიღონ ძვირფასეულობა.

– თქვენ მართლა ასე ფიქრობთ?

მან ისე შემომხედა, თითქოს მის წინაშე შეშლილი იჯდა. ჭიქა გამოვცალე და ისევ დაღლილობა ვიგრძენი. მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

– რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ, – მიპასუხა მან, – თქვენც ასევე.

– ვფიქრობ, ეს თქვენთვის უფრო რთულია.

მისი ღიმილი მომხიბვლელიც იყო და იმავდროულად სევდიანიც.

– მომიტევეთ. ერთი წამით დამავიწყდა, რომ თქვენ დეტექტივი ხართ. ეს საქმე მართლაც მეტად რთული უნდა იყოს, ასე არ არის? ვფიქრობ, აქ უბრალოდ შეუფერებელი რაღაც–რაღაცეებია, ხოლო თავად საქმე თავისთავად უბრალოა.

– მე ასე ვერ ვიტყოდი.

– კარგით. გისმენთ.

– არ ვიცი. უბრალოდ ასე ვფიქრობ. შემიძლია კიდევ დავლიო?

ის წამოდგა.

– იცით რა, ხანდახან წყალიც უნდა დალიოთ, – ჩემთან მოვიდა და ჭიქა გამომართვა, – ეს ბოლო იქნება.

ის ოთახიდან გავიდა და ჭიქაში ჩაყრილი ყინულების წკარუნის ხმა გაისმა. თვალები დავხუჭე და ყური მივუგდე ამ ხმებს. იმ ხალხს ჩემზე იმდენიმე რამ რომ სცოდნოდათ, რამდენიც მე ვიცოდი მათ შესახებ, აქ მოვიდოდნენ ჩემს მოსაძებნად. აი, მაშინ ატყდებოდა ერთი ამბავი!

ენი ჭიქით ხელში დაბრუნდა. მისი ცივი თითები ჩემსას შეეხო. მცირე ხნით ჩემს თითებში შევაყოვნე, შემდეგ კი, მიუხედავად სურვილისა, გავუშვი, როგორც დილის სიზმარი, როდესაც მზე თვალებში განათებთ, ამ დროს კი ჯადოსნური ბურუსით ხართ მოცული.

ის სიგარეტს ეწეოდა და თან თვალს ადევნებდა, როგორ ვსვამდი ცივ სასმელს.

– ამტორი დაუნდობელი ყმაწვილია, – ვთქვი მე, – მაგრამ მასში ვერ დავინახე იუველირული ბანდიტის ტვინი. შეიძლება ვცდები. ის რომ მათი ხელმძღვანელი ყოფილიყო, მაშინ მასზე კიდევ რაღაცეები მეცოდინებოდა. არა მგონია, რომ იმ სამკურნალო დაწესებულებიდან ცოცხალს გამომეღწია, მაგრამ ამტორს მაინც რაღაცა აშინებს. ის წყნარად იქცეოდა, ვიდრე მე უხილავი წარწერები არ ვახსენე.

ის კვლავ მე მიყურებდა.

– ისინი მართლა იყო?

გამეღიმა.

– რომც ყოფილიყო, მათ მაინც ვერ წავიკითხავდი.

– ადამიანზე კომპრომატის დამალვის საინტერესო ხერხია, ასე არ არის? მუნდშტუკებში. თუ მათ ვერასოდეს იპოვნიდნენ?

– ვფიქრობ, არსი იმაში მდგომარეობს, რომ მერიოტს რაღაცის ეშინოდა. ხოლო ბარათებს მისი სიკვდილის შემდეგ იპოვნიდნენ. პოლიცია ყველა ჯიბეს საგულდაგულოდ გაჩრეკდა. ერთი რამ მაშფოთებს. ამტორი რომ ბანდის ხელმძღვანელი ყოფილიყო, მაშინ საძებარიც არაფერი იქნებოდა.

– თქვენ გულისხმობთ, ამტორს რომ მოეკლა? მაგრამ იმას, რაც მერიოტმა იცოდა ამტორისგან, შეიძლება მკვლელობასთან პირდაპირი დამოკიდებულება არ ჰქონოდა.

უკან გადავიწიე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი. სასმელი გამოვცალე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. თუმცა მაშინვე ვთქვი:

– მაგრამ ძარცვა მკვლელობასთან კავშირშია. ჩვენ კი ვვარაუდობთ, რომ ამტორს კავშირი ჰქონდა მძარცველებთან.

მის თვალებში ეშმაკური სხივი აკიაფდა:

– შემიძლია დავნაძლევდე, რომ თავს საშინლად გრძნობთ. ცოტას ხომ არ წაუძინებდით?

– აქ?

ის თმის ძირებამდე გაწითლდა.

– კარგი იდეაა! რატომაც არა? ბავშვი ხომ აღარ ვარ. ვისი რა საქმეა, როდის რას ვაკეთებ და როგორ.

ჭიქა დავდგი და ავდექი.

– ახლა დელიკატურობის ერთ–ერთი იშვიათი შემოტევა მაქვს. ტაქსების უახლოეს გაჩერებაზე ხომ ვერ გამიყვანდით, თუ ძალიან არ ხართ დაღლილი? – ვკითხე მე.

– ეშმაკსაც წაუღიხართ, თქვენ არაფერი გესმით, – ავად თქვა მან, – კინაღამ თავი გაგიხეთქეს, ეშმაკმა უწყის, როგორი ნარკოტიკებით გაგჭყიპეს და ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, ის არის, რომ კარგი გამოძინება არ გაწყენდათ, რათა დილით საღ გონებაზე გაიღვიძოთ და თავი ისევ დეტექტივად იგრძნოთ.

– ვფიქრობ, რომ დასაძინებლად ოდნავ მოგვიანებით დავწვები.

– თქვენ საავადმყოფო გჭირდებათ, სულელო!

ვიგრძენი, რომ ვკანკალებდი.

– მომისმინეთ, – ვუთხარი მე, – ამ ღამით მთლად ნათელ გონებაზე ვერ ვარ და არა მგონია, რომ აქ მეტისმეტად დიდხანს ჩემი გაჩერება კარგი აზრი იყოს. მე იმათ არ მოვწონვარ. და რაიმე რომ მოხდეს, ვერაფერს დავამტკიცებ. ყველაფერი, რაც უნდა ვთქვა, კანონსაწინააღმდეგო იქნება, ხოლო კანონი ამ ქალაქში საკმაოდ დალპა.

– ეს კარგი ქალაქია, – წამოიყვირა მან, – თქვენ არ შეგიძლიათ განსაჯოთ...

– კარგით! შესანიშნავი ქალაქია. როგორც ჩიკაგო.

ის წამოდგა და ნიკაპი წინ გამოსწია.

– ახლავე დასაძინებლად წახვალთ. თავისუფალი საძინებელი მაქვს და...

– პირობა მომეცით, რომ თქვენი ოთახის კარს არ ჩაკეტავთ.

ის ისევ გაწითლდა და ტუჩი მოიკვნიტა.

– ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თქვენ ყველაზე უკეთესი ხართ, – თქვა მან, – მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თქვენ ყველაზე საზიზღარი ნაძირალა ხართ.

– ნებისმიერ შემთხვევაში, ტაქსების გაჩერებაზე არ წამიყვანდით?

– აქ დარჩებით, – მომიჭრა მან, – თქვენ ავად ხართ.

– იმდენად ავად არა, რომ ტვინი ამერიოს, – ვუპასუხე ზიზღით და სწრაფად შევტრიალდი. ის სწრაფად გავარდა ოთახიდან დერეფანში, შემდეგ უკან დაბრუნდა, უთავსაბურავოდ. მისი წითური თმები ისევე შეშლილივით გამოიყურებოდა, როგორც მისი სახე. მან გვერდითი გასასვლელის კარი გააღო. მისი ნაბიჯების ხმა ბეტონის გზაზე გაისმა და ავტოფარეხის კარის გაღების ხმა გაისმა. მანქანის კარი გაიღო და დაიკეტა. ძრავი ამუშავდა და ფარების შუქი ღია გვერდით კარში შემოიჭრა.

ჩემი ქუდი ავიღე, სინათლე გამოვრთე და შევნიშნე, რომ კარს ინგლისური საკეტი ჰქონდა. ოთახს თვალი მოვავლე, გარეთ გავედი და კარი გამოვიხურე. ოთახი მეტად მომხიბვლელი იყო, იქ სიამოვნებით ვატარებდი საშინაო ფეხსაცმელებს. კართან მოსულ მანქანაში ჩავჯექი.

მთელი გზა ენ რიორდანი გაბრაზებული გამოიყურებოდა, ტუჩები მოკუმული ჰქონდა. მანქანას გიჟივით მიაქროლებდა. როდესაც ჩემ სახლთან მანქანიდან გადმოვედი, მან ყინულივით ცივი ხმით ჩაიბურტყუნა: "ღამე მშვიდობისა", მანქანა მოაბრუნა და თვალთახედვიდან მანამდე გაუჩინარდა, ვიდრე ჯიბიდან გასაღების ამოღებას მოვასწრებდი.

სადარბაზოს კარი 11 საათზე იკეტებოდა. კარი გავაღე და მტვრიანი ვესტიბიულის გავლით კიბისკენ გავემართე. ლიფტით ჩემს სართულზე ავედი. იქ სუსტი შუქი ენთო. მოსამსახურის კართან რძის ბოთლები ელაგა. სიბნელეში სუსტად მოჩანდა სახანძრო კიბისკენ გამავალი წითელი კარი. სახლში ვიყავი, მძინარე სამყაროში, ისეთივე უსაფრთხოში, როგორიც მძინარე კნუტია.

ჩემი ოთახის კარი გავაღე, შევედი და ჰაერი დავყნოსე. სახლის, მტვრის და თამბაქოს ბოლის სუნი, სიმშვიდის სუნი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები. სინათლე ავანთე.

გავიხადე და დასაძინებლად დავწექი. საშინელი სიზმრები მტანჯავდა. რამდენჯერმე ცივ ოფლში გამომეღვიძა, მაგრამ დილით სრულ წესრიგში ვიყავი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523880
1524080 online