asdas
ცნობილი ადამიანები
უბილეთო მგზავრი
უბილეთო მგზავრი
უბილეთო მგზავრი

2010-09-30 10:16:15



არ არის პრობლემა, ამხანაგო!

ფესტივალი დამთავრდა და მეორე დღეს უნდა გავფრენილიყავით. როდესაც აეროპორტში წასასვლელად ქვევით ჩავედი, ბასკაკოვმა მომახსენა, რომ მე და გალია არ მივფრინავთ, არამედ მეგობრული საზოგადოების "საფრანგეთი–სსრკ" მიწვევით ვრჩებით საფრანგეთში. ფილმთან ერთად ვიმოგზაურებთ საფრანგეთის ქალაქებში და გამოვალთ მაყურებლის წინაშე. ჩვენ მოგვაკითხავს საზოგადოების წარმომდგენელი მუსიე ლანგუა, ის უკვე გზაშია, ხოლო მას (ბასკაკოვს. მთარგ.) და შპალიკოვს დრო არ აქვთ: თვითმფრინავზე აგვიანდებათ. მე აღვშფოთდი:

– ახლა რატომ გვეუბნებით ამის შესახებ?!

– იმიტომ, რომ მხოლოდ დღეს შეგვატყობინეს ცკ–ს დადებითი გადაწყვეტილების შესახებ.

– ფული? მე კაპიკი არ დამრჩა.

– თქვენი უზრუნველყოფა საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო.

გამოგვემშვიდობნენ და წავიდნენ. მე და გალია კი სასტუმროს შესასვლელთან ვდგავართ.

– როგორ ვიცნობთ ამ ლანგუას? – იკითხა გალიამ.

– ეშმაკმა უწყის!

სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, მოვუკიდე. დავითვალე, რამდენი ღერი დამრჩა – ექვსი ცალი.

ამ დროს სასტუმროსთან გაჩერდა გრძელი ღია თეთრი "კადილაკი". მძღოლი ლივრეით, კოკარდიანი ქუდით და ხელთათმანებით ჩვენთან მოვიდა და რაღაც გვკითხა ფრანგულად. მე ვუპასუხე "უი". მან აიღო ჩვენი ბარგი, ჩადო საბარგულში და მარჯვენა წინა კარი გააღო. განიერი მანქანა იყო, მე და გალია თავისუფლად დავსხედით წინა სავარძელზე და დავიძარით.

მძღოლმა რადიო ჩართო, გაისმა მუსიკა. მარცხნივ ზღვა, მარჯვნივ ქერათმიანი ლამაზმანი, ლიმუზინით მივსეირნობ...

უცებ უკნიდან განწირული ყვირილი გაისმა: ჩვენს მანქანას კუბოკრულ პიჯაკიანი კაცი მოსდევდა. მძღოლმა დაამუხრუჭა. კაცმა მოირბინა და აღგზნებულად შეუდგა რაღაცის ახსნას. მძღოლმა მოუსმინა, მანქანიდან გადმოვიდა, საბარგულიდან ჩვენი ბარგი ამოიღო, ტროტუარზე დაალაგა და ჩვენც გვანიშნა, რომ გადავსულიყავით.

გადმოვედით. "კადილაკი" წავიდა. პიჯაკიანი კაცი რაღაცას ლაპარაკობდა. მისი ლაპარაკიდან დავასკვენით, რომ სწორედ ეს არის მუსიე ლანგუა. მე ავიღე ჩემოდნები და მუსიე ლანგუამ ისევ სასტუმროსთან მიგვიყვანა, თავის მანქანასთან, რომელიც აღმოჩნდა ციცქნა, ორკარიანი ჯაბახანა საბარგულის გარეშე, არც მახსოვს, რა მარკის.

ისევ გავემგზავრეთ. მე უკანა სალონში, ჩემი და მუსიე ლანგუას ჩემოდნებს შორის ჩავიჭყლიტე. მუხლებზე გალინას ჩემოდნები მედო. გალია წინა სავარძელში მოთავსდა, მუსიე ლანგუას გვერდით. შევეცადე, გამერკვია, სად მივდიოდით, მაგრამ ვერ მოვახერხე. მუსიე ლანგუამ ინგლისური არ იცოდა, არც გერმანული... რუსულად კი სამი სიტყვა იცოდა და ყველა კითხვაზე მხნედ პასუხობდა:

– არ არის პრობლემა, ამხანაგო! – და იღიმებოდა.

ოთხი საათის შემდეგ პატარა ქალაქს მივაღწიეთ. ორსართულიანი შენობის წინ გავჩერდით. მუსიე ლანგუამ სიმპათიურ ასაკოვან წყვილთან წარგვადგინა. რუსული მათაც არ იცოდნენ, მაგრამ გავიგეთ, რომ გალია ღამეს გაათევდა მათი ვაჟის ოთახში (ვაჟი მოსკოვში სწავლობდა), მე და მუსიე ლანგუა კი – სასტუმრო ოთახში, ტახტებზე.

შინაური, გემრიელი საჭმლით გაგვიმასპინძლდნენ და მუსიე ლანგუამ მე და გალია პატარა კინოდარბაზში გამოსასვლელად წაგვიყვანა. ფულზე ლანგუა ხმას არ იღებდა.

– გალია, ჰკითხე ფულის შესახებ, თორემ სიგარეტი მითავდება.

– უხერხულია, გეორგი ნიკოლაევიჩ. ალბათ ჩვენების შემდეგ მოგცემენ.

ჰოლში შეგვხვდა ფრანგი თარჯიმანი ქალი, გაგვეცნო და გვთხოვა, გამოსვლის დროს ნელა გველაპარაკა – როცა სწრაფად ლაპარაკობდნენ, სიტყვებს ვერ არჩევდა. დარბაზში შევიხედე: იქ "ივანეს ბავშვობის" ბოლო კადრები გადიოდა. თარჯიმანს ვთხოვე, ეთქვა მუსიე ლანგუასთვის, რომ ეს არ არის ჩვენი ფილმი, ეს ანდრეი ტარკოვსკის ფილმია. იმან უთხრა. მუსიე ლანგუამ განგვიმარტა: ის აჩვენებს იმას, რაც მისცეს და ატარებს იმათ, ვისთანაც გამოაგზავნეს. მაშინ მე ვთხოვე თარჯიმანს, გაეგო მუსიე ლანგუასგან, როდის მოგვცემდა სახარჯო ფულს. მუსიე ლანგუამ თქვა, რომ ფული არ გვეკუთვნის, ვინაიდან საზოგადოება ჭამით და ღამისთევით უზრუნველგვყოფს.

– არ არის პრობლემა, ამხანაგო!

– გეორგი ნიკოლაევიჩ, მე ყველაფერი დავხარჯე, – დამნაშავესავით თქვა გალიამ, – ფქვილიც ვიყიდე.

– რომელი ფქვილი? – ჰკითხა თარჯიმანმა, – ფქვილი ეს სლენგია, პუდრა?

– არა, ხორბლის ფქვილი. ღვეზელებისთვის. მოსკოვში უკვე მეორე თვეა ფქვილი არ არის...

ფილმი დამთავრდა და წავედით გამოსასვლელად. გზაში გალიას წავჩურჩულე, რომ პირი არ გაეღო. დარბაზში ბევრი ხალხი იყო, ძირითადად ფრანგები, მაგრამ იყვნენ ბოლო ტალღის ჩვენი ემიგრანტებიც – ისინი, ვინც ომის დროს ტყვედ მოხვდნენ და უკან დაბრუნების შეეშინდათ. დაიწყო კითხვები. რთული: სიმართლის თქმა არ შეიძლება, აშკარა ტყუილის თქმა სირცხვილია. მე ვპასუხობდი, როგორც შემეძლო, თავს ვიძვრენდი... ისე დავიღალე, თითქოს ერთი ვაგონი ქვანახშირი ჩამოვცალე... მაგრამ ერთ კითხვაზე პასუხი გალიას მოუწია. დარბაზიდან იკითხეს, როგორი ბინა აქვს საბჭოთა ვარსკვლავს. გალიას ჰქონდა თორმეტმეტრიანი ოთახი კომუნალურ სახლში, სადაც ოთხნი ცხოვრობდნენ: გალია, მისი ქმარი, ქალიშვილი და გალიას დედა. ახალი წლისთვის გალიას ოცმეტრიან ოთახს დაპირდნენ. მან ოცნება სინამდვილედ გააჟღერა და თქვა:

– ოცდახუთი კვადრატული მეტრი!

თარჯიმანმა არ იცოდა, რა არის "კვადრატული მეტრი" და გადათარგმნა:

– ოცდახუთი ოთახი.

აღშფოთებული დარბაზი აგუგუნდა, ჩვენი ემიგრანტები – იმიტომ, რომ გაიგეს, თარჯიმანმა არასწორად თარგმნა, ფრანგები – იმიტომ, რომ გაუკვირდათ. ვიღაც ბატონმა წამოიყვირა, რომ სოციალიზმმა იმედი გაუცრუა: ასეთი აპარტამენტები ფრანგ ვარსკვლავებსაც არა აქვთ...

შემდეგ გალიას ინსტრუქტაჟი ჩავუტარე: მას აქვს სამოთახიანი ბინა, თვეში იღებს ექვსი ათას ფრანკს... და მოსკოვის მაღაზიები სავსეა ხორბლის ფქვილით ღვეზელებისთვის.

როდესაც კინოთეატრიდან გამოვედით, შესასვლელთან ემიგრანტები შემოგვეხვივნენ, დაგვიწყეს გამოკითხვა... ერთი მათგანი ეწეოდა.

– არ დამპატიჟებთ სიგარეტზე? – ვკითხე მე, – თავი დავანებე და სპეციალურად არ ვყიდულობ.

– ინებეთ! – მან დაჭმუჭნული კოლოფი გამომიწოდა.

– შეიძლება მეც? – ჰკითხა არამწეველმა გალიამ.

– რა თქმა უნდა!

– ორი შეიძლება?

– სულ აიღეთ! – ემიგრანტმა გალიას მთელი კოლოფი გაუწოდა და თავაზიანად გააჩხაკუნა სანთებელა.

– მე ქუჩაში არ ვეწევი, – თქვა გალიამ და სიგარეტი ჩანთაში შეინახა.

ამ მეთოდით მომავალშიც ვსარგებლობდით.

ასე ვმოგზაურობდით საფრანგეთში. ვჩერდებოდით სხვადასხვა ქალაქებში, ვცხოვრობდით საზოგადოება "მეგობრობის" წევრების ოჯახებში, ვაჩვენებდით "ივანეს ბავშვობას", პასუხებს ვცემდით კითხვებს, სიგარეტებს ვშოულობდით.

მეექვსე დღის გვიან საღამოს პარიზში ჩავედით.

სხვისი ლენინი

კანში ჩასვლამდე პარიზის ნახვა ვერ მოვახერხე: ერთი აეროდრომიდან მეორეში გადავდიოდით. ახლა კი პარიზისთვის მთელი ერთი დღე გვქონდა: მოსკოვში ზეგ უნდა გავფრენილიყავით.

მუსიე ლანგუამ ქალაქგარეთ სასტუმროში დაგვასახლა. ვთხოვე, იმ დღესვე გავესეირნებინეთ ღამის პარიზში, მაგრამ მუსიემ ბოდიში მოიხადა – ის ძალიან დაიღალა. ხვალ, ხვალ დილით ის ჩვენ გამოგვივლის და საღამომდე ყველაფერს ვნახავთ. საღამოს კი გამოსვლა გვექნება რუანში, ხუთის ნახევარზე უნდა გავემგზავროთ (ერთი კვირის მანძილზე ჩვენ და ლანგუას უკვე გვესმოდა ერთმანეთის).

– რომ არ წავიდეთ?

მუსიე ლანგუამ ახსნა, რომ არ შეიძლება. რუანის მერი სსრკ–ს დიდი მეგობარია და ჩვენ პატივსაცემად სპეციალურ მიღებას აწყობს.

კარგი, იყოს ხვალ. ჩემს ნომერში შევედი – კარგია! მარტო ვარ, სხვა თუ არაფერი, ტუალეტში შესვლისას დიასახლისის ბავშვებს ან ბებიას არ შევეჩეხები. დილით ჩავედი – გალია უკვე მელოდება ჰოლში. სასტუმროს რესტორნის კარი ღიაა, ორი არაბი სვამს ყავას და ჭამს კრუასანებს.

– ისაუზმე?

– არა. განა ჩვენი საუზმე გადახდილია?

– არ ვიცი. წავიდეთ, ფაქტის წინაშე დავაყენოთ მუსიე ლანგუა.

– უხერხულია. და როდის უნდა მოვიდეს?

– თქვა, დილასო.

პორტიეს პარიზის გეგმა გამოვართვი და ვთხოვე, ეჩვენებინა, სად იყო ჩვენი სასტუმრო. შორია – ცენტრიდან ოც კილომეტრზე ნაკლები არ იქნება. მეტროთი წასვლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ფული არ გვაქვს. ფეხით ხუთი საათი მოვუნდებით...

გამოვედით ქუჩაზე. გარშემო პანელის ხუთსართულიანი კორპუსებია, შორიახლოს – მშენებლობა. მოსკოვის მიკრორაიონი. უბრალოდ ქუჩებია უფრო სუფთა. როგორც იქნა, მოვიდა მუსიე ლანგუა თავისი ჯაბახანით. მანქანაში ჩავსხედით და წავედით. მე დავუწყე ახსნა, რომ გვინდა ლუვრის, ნოტრდამის, მონმარტრის და ელისეის მინდვრების დათვალიერება, მაგრამ მუსიე ლანგუამ თქვა, რომ თავიდან უნდა შევიაროთ "საზოგადოება" "საფრანგეთი–სსრკ"–ში და იქ მოგვცემენ პრეზენტს საზოგადოების სახელით.

საზოგადოება "მეგობრობაში" შეგვხვდა მომღიმარი, პიკვიკის მსგავსი რუსულის მასწავლებელი ჟან ბლიუმელი და ასე, სამოცდაათი წლის მედიდური ქალბატონი – საზოგადოების მდივანი მადლენი. ბლიუმელმა გამოაცხადა, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ახლა მოსკოვშია და ყავაზე დაგვპატიჟა. ჩვენ უარი ვუთხარით: ცოტა დრო გვაქვს – ხვალ მივდივართ, გვინდა, პარიზის ნახვა მოვასწროთ.

– გადაცემის ცერემონიალს კულტურის მრჩევლის მოადგილე ამხანაგი პანიბრატი უნდა დაესწროს, – თქვა ბლიუმელმა, – ის უკვე გზაშია.

პანიბრატს საათზე მეტს ველოდით. როგორც იქნა, გამოჩნდა – ასაკოვანი ტლანქი მამაკაცი. ბლიუმელმა საზოგადოება "საფრანგეთი–სსრკ"–ის სახელით პრეზენტი – ბრინჯაოს ლენინის ბიუსტი გადმომცა.

ბიუსტი ძალიან მძიმე იყო – ოცდახუთი კილოგრამი.

პანიბრატმა ჩაგვჩურჩულა, რომ არ ვინერვიულოთ: ზედმეტ წონას ფრანგული მხარე გადაიხდის.

ბლიუმელმა თქვა მოკლე სიტყვა, მერე პანიბრატმა თქვა მოკლე სიტყვა, მერე მე მადლობა გადავუხადე, მერე ბლიუმელმა ყველა სადილად დაგვპატიჟა. მე უარი ვთქვი, მაგრამ პანიბრატმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა, რომ წასვლა აუცილებელია:

– თქვენი არწასვლა საშინელი დარტყმა იქნება. ბლიუმელს სადილისთვის ფული გამოუყვეს და ის და მადამი უკვე დაირაზმნენ მუქთა სადილისთვის.

მომეჩვენა, რომ მუქთა სადილზე არც პანიბრატი იტყოდა უარს.

– იქნებ ლენინი საელჩოში წაიღოთ? – ვკითხე კულტურის საკითხებში მრჩეველს რესტორნისკენ მიმავალ გზაზე, – მგონი, მისი ადგილი საელჩოშია.

– ბიუსტი თქვენ საზოგადოება "სსრკ–საფრანგეთმა" მოგართვათ, – თქვა პანიბრატმა, – და თავშიც არ გაივლოთ მისი სადმე დატოვება!

ფრანგები დიდხანს სადილობენ: დიდხანს სწავლობენ მენიუს (მაშინაც კი, თუ იციან, რის შეჭმას აპირებენ), დიდხანს და გამოწვლილვით არჩევენ ღვინოს...

და დრო ლუვრისთვის სულ უფრო და უფრო ცოტა გვრჩება... ასე ვერაფრის ნახვას მოვასწრებთ, ხვალამდე მოგვიწევს რესტორანში ჯდომა. მოწევის ხასიათზე ვარ. ვკითხე გალიას, დარჩა თუ არა სიგარეტი.

– სულ ორი ღერი... სიგარეტის შეკვეთა შეიძლება? – ჩურჩულით ჰკითხა გალიამ პანიბრატს, – გადაიხდიან?

– გადაიხდიან.

გალიას ერთი კოლოფი "მალბორო" მოუტანეს. პანიბრატმა სანთებელა დააძრო, მაგრამ გალიამ სიგარეტი ჩანთაში შეინახა:

– რესტორნებში არ ვეწევი.

ყველი სამი საათისთვის მოგვართვეს.

– ლუვრში მოვასწრებთ? – ვკითხე მუსიე ლანგუას, როცა სადილი, როგორც იქნა, დამთავრდა.

ლანგუამ საათს დახედა და თქვა, რომ ლუვრში წასვლა ვერ მოესწრება. შეიძლება მანქანით გავისეირნოთ, პარიზი დავათვალიეროთ.

– მარტო ჯოკონდას დავხედავ! – შევეხვეწე მე, – სირბილით.

ლუვრისკენ ოცდაათი წუთი მივდიოდით, მერე დიდხანს ვეძებეთ პარკირების ადგილი. საბოლოდ მეზობელ ქუჩაზე გავაჩერეთ. მანქანიდან გადმოვხტით. მუსიე ლანგუამ უკანა კარი გააღო და ლენინი ამოათრია.

ლენინი რა საჭიროა?

– მოიპარავენ.

– ვის რაში სჭირდება?

– პარიზი! არაბები!

და ჩვენ გავიქეცით. წინ, გულზე მიხუტებული ილიჩით – ლანგუა. მივედით ლუვრთან და რას ვხედავთ – უგრძესი რიგია. დღეს მუზეუმში უფასო შესვლაა.

– მორჩა, ვერ მოვასწარით, – გული დამწყდა მე, – ვერ ვნახე ჯოკონდა და ალბათ ვერც ვერასოდეს ვნახავ.

მუსიე ლანგუამ შემომხედა, მანიშნა, რომ გავყოლოდით და რიგის გასწვრივ გაიქცა. ჩვენ გავეკიდეთ. შესასვლელთან პოლიციელი მორიგეობდა. მუსიე ლანგუამ მასთან მიირბინა და ქოშინით დაიწყო რაღაცეების დაპარაკი. მე გავიგე: "კანი", "ჯოკონდა".

ლენინი? – პოლიციელმა თითით ბიუსტზე მიუთითა.

ლენინი.

პოლიციელმა კბილებში გადააფურთხა და მიტრიალდა.

სხვა რა გზა გვქონდა, მანქანისკენ წავლასლასდით. ლენინის გამორთმევა მოვინდომე, მაგრამ მუსიე ლანგუამ არ დათმო, თვითონ მოათრევდა.

რუანში დროულად ჩავედით. ფილმის წინ მერი სიტყვით გამოვიდა. მერე "ივანეს ბავშვობა" ვნახეთ, მერე ვუპასუხეთ კითხვებს (გალია მოყვა, რომ სამოთახიანი ბინა აქვს). მერე მიღებაზე დავლიეთ შამპანური და მერმა მოგვახსენა, რომ პარიზში ახლობელთან დარეკა, რომელმაც ჩვენთვის უზრუნველყო ღამის გასეირნება ორთქლმავლით სენაზე. ვახშმით.

წავედით უკან. მუსიე ლანგუა ბედნიერი იყო და მომავალ გასეირნებას გვიქებდა. თვითონ მას არასოდეს უსეირნია სენაზე: ძვირია, მაგრამ ვინც იყო – აღფრთოვანებული დარჩა.

როცა პარიზს მივუახლოვდით, გალიას ღმერთი გაუწყრა და იკითხა:

ლენინი სად არის?

მუსიე ლანგუამ მკვეთრად დაამუხრუჭა და შეიკურთხა. რუანში, როცა ფილმი დაიწყო, მან ბიუსტი უსაფრთხოების მიზნით მანქანიდან მექანიკოსის ჯიხურში გადაიტანა. ბიუსტი იქ დარჩა.

მივბრუნდით. ისევ რუანში ჩავედით – კინოთეატრი დაკეტილია. მუსიე ლანგუა იმის გასარკვევად წავიდა, სად ცხოვრობდა მექანიკოსი. წავედით მექანიკოსთან. სახლში არ დაგვხვდა. დედამისმა გვითხრა, რომ მეგობარ გოგონასთან იყო. სად ცხოვრობს გოგონა – არ იცის.

– თავი დაანებეთ ამ ლენინს. წავიდეთ, – ვთქვი მე და შევეცადე ამეხსნა მუსიე ლანგუასთვის, რომ მოსკოვში ასეთი ბიუსტები ყველგან ყრია. მივალ სახლში, ვიყიდი ასეთივეს და მეგობრობის საზოგადოებაში მივიტან. პასუხად მუსიე ლანგუამ გრძელი ტირადა გააჟღერა, საიდანაც გავიგე, რომ ლენინი პირადად მას, მუსიე ლანგუას მიაბარეს და ვიდრე თვითმფრინავში არ ჩაგვაჯენს, ხელიდან არ გაუშვებს.

ვსხედვართ მანქანაში, ველოდებით. არანაირ ორთქლმავალზე ლაპარაკი აღარ შეიძლება.

მოვიდა პოლიციელი და მუსიე ლანგუა პარკირების ადგილის დარღვევისთვის დააჯარიმა. ლანგუას საბოლოოდ გაუცრუვდა იმედი.

გაწვიმდა. მე და გალიამ დავიძინეთ, ლანგუას კი არ ეძინა, ყარაულობდა.

მექანიკოსი გამთენიისას გამოჩნდა, მთვრალი და მხიარული. წავედით კინოთეატრში, წამოვიღეთ ლენინი და გავქანდით პარიზში. დაღლილსა და უძინარ ლანგუას ავტობანზე საჭირო მოსახვევი გამორჩა და ვიდრე ჩვენ ვტრიალებდით, მარტო იმის დრო დაგვრჩა, რომ ბარგის ასაღებად სასტუმროში გაგვევლო. მუსიე ლანგუამ თავისი ჯაბახანა სრული სვლით გააქანა – ოთხმოცი კილომეტრი საათში.

აეროპორტში წუთი წუთზე მივასწარით. მანქანა ავტოსადგომზე დავაყენეთ, მე ჩემი და გალიას ჩემოდნები ავიღე, მუსიე ლანგუამ – ლენინი და ისევ გავიქეცით.

"აეროფლოტის" სარეგისტრაციო დახლთან ჟან ბლიუმელი გველოდებოდა. მან აღელვებულმა გვამცნო, რომ მოხდა საშინელი გაუგებრობა – მან ჩვენ სხვისი ლენინი მოგვცა!

– რას გულისხმობთ?

– ეს ლენინი გამოგზავნეს კორსიკიდან ჩამოსული ამხანაგისთვის, ხოლო ჩვენი საზოგადოებისთვის მხატვარმა შარლ ლასალმა, საბჭოთა კავშირის დიდმა მეგობარმა, დახატა სურათი "ჟანა დ,არკი ცხენზე". აი, გამომართვით! – ბლიუმელმა არცთუ ისე დიდი სურათი მომაწოდა, სამოცი ორმოცზე, აკურატულად შეფუთული და თასმით გაკრული, – მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, ეს მადლენს აერია. მე თვითონაც გამიკვირდა: ლენინი რუსებს?! რატომ? მაგრამ მან თქვა, რომ ასეთია ბრძანება. კიდევ კარგი, გუშინ წარმომადგენელს დავურეკე! აბა, კეთილი მგზავრობა!

ბლიუმელმა ხელი ჩამოგვართვა და წავიდა.

მე მუსიე ლანგუას შევხედე. ის ნირწამხადარი იდგა, გაუპარსავი, წითელი თვალებით.

– საბრალო, როგორ გაწვალდით, – თანაგრძნობით უთხრა გალიამ.

მუსიე ლანგუამ მოისროლა ბიუსტი, შეტრიალდა და...

ასე მე კინოს გადავიღებდი.

სინამდვილეში მუსიე ლანგუას არაფერიც არ მოუსროლია – იდგა ლენინთან ჩახუტებული. თანაგრძნობაზე კი გალიას უპასუხა:

– არ არის პრობლემა, ამხანაგო, – და გაიღიმა.

მტრედებს სძინავთ

ლენინის ბიუსტთან დაკავშირებულმა იდიოტურმა ისტორიამ "პოლოცკი" გამახსენა, თავისი კაპიტნით და ბოცმანით... და ფილმის გადაღება მომინდა: დგას გამოუსადეგარი გემი, ვისაც არ ეზარება – ძარცვავს, გაძარვცულ ადგილებზე კი ლოზუნგებს ტოვებენ. მოიპარეს ღუზაც. დადეს დამპალ გემბანზე, გემბანი ჩაიჭყლიტა, ფსკერზე დავარდა, გახეთქა და გემი ფსკერისკენ წავიდა. შემადგენლობამ წყალში ისკუპა და ნაპირისკენ გაცურა.

დავრეკე კონეცკისთან. იდეა მოეწონა. ჩამოვიდა მოსკოვში სცენარის დასაწერად, ჩემთან გაჩერდა. კარგი ფინალი მოვიგონეთ: როდესაც გემი ფსკერისკენ წავიდა, მეზღვაურები გადმოხტნენ, კაპიტანმა ჩაიცვა ორდენებიანი სააღლუმო კიტელი, გამოვიდა ხიდურაზე და ხელი კოკარდიან ქუდთან მიიდო. ხოლო როდესაც წყალი კისრამდე მისწვდა, მოძრაობა გაჩერდა: გემი კიჩოთი გრუნტზე დაჯდა. და შუა ზღვაში ჩანს ქუდიანი თავი პატაკში აწეული ხელითურთ (ეს ყველაფერი მოგვიანებით ფილმში "ფორტუნა" გამოვიყენე).

საღამოს კონეცკისთან ერთად ლიტერატურის სახლში სავახშმოდ წავედი: იმ დროისათვის იქ იკრიბებოდნენ ახალგაზრდა გენიალური მწერლები (არაგენიალურები არ არსებობდნენ). დავსხედით. შევუკვეთეთ. მოგვიჯდა მწერალი იური კაზაკოვი, კონეცკის მეგობარი. კონეცკიმ თანაავტორობა შესთავაზა:

– იტალიურ ფილმებზე სცენარისტების ცვენაა... თითოზე შვიდ–შვიდი მუშაობს.

– თუ დათანხმდები, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, – ვთქვი მე.

– მსახიობი ფილიპოვი ითამაშებს? – იკითხა კაზაკოვმა.

– ითამაშებს.

და დათანხმდა.

მერე, როცა კინოზე ავლაპარაკდით, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კაზაკოვს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ფილმი ჰქონდა ნანახი – "საკარნავალო ღამე".

მერე მწერალი ვასილ აქსიონოვი მოგვიჯდა. კონეცკიმ მასაც თანაავტორად დაუძახა. მერე მოვიდა სცენარისტი ვალენტინ ეჟოვი და როცა გაიგო, ოთხივე სცენარის დაწერას ვაპირებდით, თქვა:

– სამი პროზაიკოსი და ერთი რეჟისორი. სცენარს ვინ დაწერს?

დავპატიჟეთ ეჟოვიც.

ფილმის გადაღება ოდესაში გადავწყვიტეთ – იქ სითბოა. სცენარის დაწერაც იქ გადავწყვიტეთ. ერთმანეთს სიტყვა მივეცით – ვიდრე არ დავწერთ "დასასრული", გრამ სასმელს არ მივეკარებით.

მეორე დღეს "მოსფილმის" დირექტორთან წავედით. დირექტორს მოეწონა კოლექტიური მუშაობის იდეა, ხელშეკრულება გაგვიფორმა და ბუღალტერიაში დარეკა, რომ იმ დღესვე მოეცათ ავანსი.

ოდესაში ჩვენი ხარჯით წავედით. დიდი გაჭირვებით მოვეწყვეთ სასტუმროში – მოგვცეს ერთი დიდი ოთახი ხუთ სულზე სასტუმრო "კრასნაიაში". რასაკვირველია, ყველა უკმაყოფილო იყო. ბურტყუნებდნენ: "რა ჯანდაბად გვინდოდა რეჟისორი, თუკი სასტუმროთი არ უზრუნველგვყოფდა".

მოვეწყვეთ, წავედით სადილად რესტორანში. კაზაკოვს ასი გრამის შეკვეთა უნდოდა, მე მაგიდაზე თითი დავაკაკუნე, შეთანხმების შესახებ შევახსენე: ვიდრე წერტილს არ დავსვამთ, არ ვსვამთ.

– მაშინ რას უზივართ? – თქვა კაზაკოვმა, – ვიმუშაოთ.

– კი, ბატონო, – თქვა კონეცკიმ, – რა წინადადებები გაქვთ?

კაზაკოვმა თქვა, რომ სცენარებში ვერ ერკვევა და ამიტომ აღწერს, როგორ იცინის მზე, რა სუნი აქვს ფიცრებს... რაც მეტი ფურცელი იქნება, მეტს გადაგვიხდიანო. მე ავუხსენი, რომ სცენარში ფურცლების მიხედვით არ იხდიან. ჩვენ მაქსიმუმი გადაგვიხადეს და მეტს არ მოგვცემენ.

– ჩვენ კი ჟურნალში დავბეჭდავთ, – თქვა კაზაკოვმა.

აქსიონოვმა კაპიტნის და გემის ისტორია მეორეხარისხოვნად მიიჩნია და კაპიტნის შვილიშვილის და შვილიშვილის საქმროს შემოყვანა შემოგვთავაზა, ხოლო სიუჟეტის ცენტრად – თაობათა შორის კონფლიქტი.

– რა, ეს შვილიშვილი გემს, ნავსა და ნაპირს შორის ირბენს? – იკითხა კონეცკიმ.

– მაშინ გემი რეიდზე ნუ იქნება, ნავმისადგომთან იდგეს.

– ღუზა? კაპიტნის თავი ქუდით? ჩვენ განაცხადი ასეთ სიუჟეტზე გავაკეთეთ.

– მაშინ დარჩეს, რაც იყო, – მხრები აიჩეჩა აქსიონოვმა, – წინადადება შემოიტანეთო და მეც ვთქვი.

– ვალია, შენ რას იტყვი? – ვკითხე ეჟოვს.

– მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში, – თქვა ვალიამ, – მესმის, დავთქვით, არ დაგველია და ეს ნორმალურია, მაგრამ სამუშაოს დასაწყისი უნდა აღვნიშნოთ! ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ხალხი ვართ.

ამაში ყველა დავეთანხმეთ.

საღამოს ჩვენს ნომერში მაგიდასთან ისხდნენ: პოლონეთის საესტრადო კვარტეტი, თევზმჭერი ფლოტილია "სლავას" მეზღვაურები, ნანი ბრეგვაძე (ის ოდესაში გასტროლებზე იმყოფებოდა და ჩვენს სასტუმროში გაჩერდა), ძმები მინცები – მაიკოპის ცირკის მსახიობები, აქსიონოვის თაყვანისმცემელი ქალიშვილები, კაზაკოვის და კონეცკის თაყვანისმცემლები, პიოტრ ტოდოროვსკი გიტარით და კინორეჟისორი ჩელიუკინი – ჩეჩოტკის ბრწყინვალე შემსრულებელი...

მესამე დღეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა: ფოსტით ჩემს სახელზე ამანათი მოვიდა, უნდა ჩავიდე და ავიღო. ჩავედი, ავიღე, ნომერში ამოვბრუნდი.

მართლმადიდებელ თანაავტორებს თავიანთ საწოლებში სძინავთ. გუშინდელი ქეიფის ნარჩენები გვერდზე გავწიე, ამანათი მაგიდაზე დავდე, გავხსენი. იქ იყო სცენარი და კონვერტი. კონვერტში გზავნილი: "პატივცემულო გეორგი ნიკოლაევიჩ, გთხოვთ გაეცნოთ სარეჟისორო სცენარს "გოგონები სამხრეთიდან" და შეგვატყობინოთ თქვენი აზრი. გოსკინოს მთავარი რედაქტორი დიმშიცი".

(გამომგზავრებამდე დავთანხმდი, ვყოფილიყავი ამ ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი).

სცენარის კითხვის თავი არ მქონდა. გადავწყვიტე, ზოგადი სიტყვებით შემოვფარგლულიყავი. საბეჭდი მანქანა მაგიდაზე დავდგი, სუფთა ფურცელი ჩავდე და სწრაფად დავიწყე ტექსტის აკრეფა: "პატივცემულო ალექსანდრ ლვოვიჩ! გავეცანი "გოგონები სამხრეთიდან" სარეჟისორო სცენარს. მე..." აქ გავიჭედე.

მანქანის კაკუნზე თანაავტორებმა გაიღვიძეს. კაზაკოვმა ფანჯარაში გაიხედა და თქვა:

– მტრედებს სძინავთ, ჰკიდიათ...

– ბუნინი ხარ, იურა, – თქვა ეჟოვმა, – ჩეხოვი!

იური კაზაკოვს კრიტიკა "თანამედროვე ბუნინს" ეძახდა, ხოლო საზღვარგარეთ მისი პორტრეტები ჟურნალებში იბეჭდებოდა ინგლისის დედოფლის გვერდით.

– რომელი საათია? – იკითხა კონეცკიმ.

– რვა.

– დროა შებოლილ სტავრიდაზე წავიდეთ.

მეორე დღეს სცენარის "გოგონები სამხრეთიდან" წაკითხვის კიდევ ერთი მცდელობა მქონდა. ვერ მოვახერხე. დავიწყე ბეჭდვა და ისევ იმ ადგილზე გავიჭედე.

საბოლოო ჯამში, ტელეგრაფით დიმშიცს ასეთი გამოხმაურება გავუგზავნე: "პატივემულო ალექსანდრ ლვოვიჩ! გავეცანი სარეჟისორო სცენარს "გოგონები სამხრეთიდან" და მთელი კვირა ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს" (ჩემდა საბედნიეროდ, დიმშიცი ერთი თვის შემდეგ სხვაგან გადაიყვანეს).

მაგრამ ამქვეყნად ყველაფერი მთავრდება და ჩვენი მხიარულებაც დამთავრდა.

ჩვენ ისევ დავსხედით სათათბიროდ. ეჟოვმა სიუჟეტის შეხსენება მთხოვა. კიდევ ერთხელ მოვყევი.

კაზაკოვმა თქვა, რომ კინოსი არაფერი გაეგება და თამაშიდან გადის.

აქსიონოვმა თქვა, რომ ვინაიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა, უნდა იმუშაოს.

ეჟოვმა თქვა, რომ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში. უკვე ერთი დღე ვმარხულობდით...

...პირველი აქსიონოვი წავიდა – კალინინგრადში, დედასთან. მერე იური კაზაკოვი – ალმა–ატაში, სქელტანიანი რომანის ყაზახურიდან რუსულზე სათარგმნელად. მერე კონეცკი ლენინგრადში, პარტიულ შეკრებაზე გამოიძახეს (მან ხელი მოაწერა ვიღაცის დასაცავ წერილს, რისთვისაც საყვედური გამოუცხადეს).

გავაცილეთ კონეცკი, გადავიხადეთ სასტუმროს ფული – ნომრის, ტელეფონის, გატეხელი ჭაღის (ის ძმებმა მინცებმა გატეხეს, როცა თავიანთ ოსტატობას გვაჩვენებდნენ – ცარიელი ლუდის ბოთლებით ჟონგლიორობდნენ). დაგვრჩა ათი მანეთი ორ კაცზე.

ვიყიდეთ გემბანის ბილეთები გემზე "გრუზია" და გავცურეთ იალტაში: იქ ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა ჩემი ცოლი ლიუბა. ღამე ვდგავართ გემბანზე, ფალშბორტს მიყრდნობილები – ქვევით ზღვა, ზევით ვარსკვლავები. მე ეჟოვს სცენარის სხვადასხვა ვარიანტებს ვთავაზობ, ეჟოვი დუმს.

– ვალია, რატომ ხარ ჩუმად? არ მოგწონს, რასაც მე გთავაზობ? სხვა შემომთავაზე, შენ ხომ სცენარისტი ხარ.

– გთავაზობ...

და ეჟოვმა გემის სიუჟეტის გადადება შემომთავაზა – ახლა უპრიანია დაიწეროს სცენარი ადამიანზე, რომელსაც აღმოაჩნდა ოცდაცამეტი კბილი და მისგან "ნაციონალური" გმირი შექმნეს.

– ამაში რაღაც არის, – ჩავფიქრდი მე.

დავიწყეთ კბილებზე სიუჟეტის განვრცობა. იალტამდე ორი სერია მოვიგონეთ.

იალტაში მოვეწყვეთ: ეჟოვი – მწერალთა სახლში, მე – სასტუმროში, ლიუბასთან.

მაშინვე დავურეკე კონეცკის, ახალი სიუჟეტის შესახებ მოვუყევი და იალტაში ჩამოსვლა ვთხოვე – ერთად დავწეროთ–მეთქი. კონეცკიმ მწერალთა სახლის საგზური აიღო და ჩამოვიდა.

იმ დროისთვის მე და ეჟოვმა ათი ფურცელი დავწერეთ. კონეცკიმ წაიკითხა და თქვა:

– ძმებო, მე აქ არაფერი მესაქმება.

თურმე ის დარწმუნებული იყო: ეჟოვმა წერა არ იცის, მარტო ენის ფხანა ეხერხება, მეც არ ვარ დიდი ოსტატი, ვიღაცამ ღირსეულად უნდა გადაიტანოს სიუჟეტი ქაღალდზე. იმიტომაც ჩამოვიდა. ახლაღა მიხვდა, რომ ამის საჭიროება არ არის, მაგრამ ჩვენ დარჩენაზე დავითანხმეთ:

– შენი იუმორის გარეშე სცენარი უფრო ცუდი იქნება.

(როცა ამ წიგნს ვწერდი, სანკტ–პეტერბურგიდან ვიქტორ კონეცკიმ დამირეკა: "ტელევიზორი ჩართე, "ოცდაცამეტი" გადის!". ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი. ერთი კვირის შემდეგ კონეცკი აღარ იყო).

სცენარს სამი თვის მანძილზე ვწერდით, ჯერ – იალტაში, მერე – ბოლშევოში, მერე – მალეევკაზე. დისციპლინას არ ვარღვევდით, დღეში თექვსმეტ საათს ვმუშაობდით. როცა დავწერეთ "დასასრული", კონეცკიმ თქვა:

– არ მიიღებენ.

კიდევ ერთხელ გადავავლეთ მახვილი თვალი სცენარს და რამდენიმე ეპიზოდი ამოვიღეთ, ისეთები, რომლებიც მას "მიუღებელს" ხდიდა. რედაქტურისთვის დავტოვეთ ერთი ეპიზოდი "ცუგრიას" სახით (როგორც იმ ანეკდოტში მხატვარზე: ნებისმიერ ნამუშევარზე ის მარჯვენა კუთხეში სვამდა ცუგრიას. კომისია, როცა ნამუშევარს იღებდა, კითხულობდა: "ძაღლი რა საჭიროა?". "სიმყუდროვისთვის". "არ არის საჭირო ძაღლი, მოაშორეთ!". მხატვარი მძიმედ ამოიოხრებდა და ძაღლს შლიდა. ძაღლი რომ არ ყოფილიყო, სხვა რამეზე მოსდებდნენ შარს).

"ცუგრიად" ჩვენთან გადიოდა ეპიზოდი სუკ–ის თანამშრომელთან.

სიუჟეტის მიხედვით, ივან სერგეევიჩ ტრავკინს აღმოაჩნდა ოცდაცამეტი კბილი და მაშინვე – რადიო, ტელევიზია, დიდება, თაყვანისმცემლები... გამოიძახეს სუკ–ში:

– ვისი კარნახით ავრცელებთ ჭორებს, თითქოს არა ოცდათორმეტი, არამედ ოცდაცამეტი კბილი გაქვთ? ჩვენ კი ვიცით, ვისი კარნახით, მაგრამ თქვენთვის უკეთესი იქნება, თუკი საკუთარი პირით აღიარებთ.

– მაგრამ მე სინამდვილეში ოცდაცამეტი კბილი მაქვს!

– ისევ თქვენსას გაიძახით?!

– არ გჯერათ – დათვალეთ.

– ამხანაგო ტრავკინ, სსრკ–ში თქვენნაირი სამი მილიონია. იმის თქმა გინდათ, რომ ყველას კბილები დავუთვალოთ?!

"ცუგრიამ" იმუშავა: სამხატვრო საბჭომ ეს ეპიზოდი ამოაგდო და სცენარი, ჩვენდა გასაკვირად, გავიდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523512
1523712 online