asdas
ცნობილი ადამიანები
ფრანგების ეპოქის დასასრული
ფრანგების ეპოქის დასასრული
ფრანგების ეპოქის დასასრული

2010-09-10 10:23:58



ევროპის 2012 წ. ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი



სტარტი აიღო ევროპის 2012 წლის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურმა ეტაპმა. გაიმართა პირველი მატჩები და პირველი მოულოდნელი შედეგებიც დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე მოულოდნელი საფრანგეთის ნაკრების მარცხია საკუთარ მოედანზე ბელორუსებთან შეხვედრაში. ასევე ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა მოლდოვას ნაკრების გამარჯვება ფინელებთან შეხვედრაში და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე სლოვენიელთა მარცხი საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიელებთან. დანარჩენი შეხვედრები კი ძირითადად იმ გუნდების გამარჯვებებით დასრულდა, რომლებიც ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულნი.

A ჯგუფი

ყაზახეთი – თურქეთი 0:3

გოლები: ტურანი (0:1, 24), ალტინთოპი (0:2, 26), ნიჰათი (0:3, 76)

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ყაზახეთის ნაკრებმა თურქებს უმასპინძლა. რა თქმა უნდა, ფავორიტად სტუმრები იყვნენ მიჩნეულნი, რაც სრულად დაადასტურა როგორც მატჩის მიმდინარეობამ, ისე მისმა საბოლოო შედეგმა. მასპინძლებმა მეტოქის შეტევებს მხოლოდ პირველი 20 წუთი გაუძლეს, შემდეგ კი თურქებმა ყაზახების წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხეს და თამაშის ბედი უკვე პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც ორწუთიანი ინტერვალით ორჯერ დალაშქრეს მასპინძლების კარი. 26–ე წუთზე, ემრე ბელეზოგლუს ჩაწოდების შემდეგ, ყაზახების საჯარიმოში ყველას მეჰმეთ აურელიომ დაასწრო, მისი დარტყმული ბურთი კარის ძელმა აისხლიტა, რომელსაც არდა ტურანი დაეუფლა და კარის ბადეში გადაგზავნა. ორ წუთში თურქებმა თავისი უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს. ემრეს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი პირდაპირ ჰამიტ ალტინთოპს დააჯდა ფეხზე და მის დარტყმულ ბურთს ვერაფერი მოუხერხა მასპინძლების კარის დარაჯმა. მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი მეორე ტაიმში ნიჰათ კახვეჯიმ დაუსვა, რომელმაც აუღელვებლად გაიტანა გოლი ყაზახების კარში.

ბელგია – გერმანია 0:1

გოლი: კლოზე (0:1, 51)

ბრიუსელში ბელგიის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტი გერმანიის ნაკრები მიიღო. მატჩმა სტუმრების სრული უპირატესობით ჩაიარა. გერმანელებს არაერთხელ მიეცათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ კარგად თამაშობდა მასპინძელთა მეკარე ბეინი. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლოთ სტუმრებს ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს ტომას მიულერმა და მიროსლავ კლოზემ. სამაგიეროდ, გერმანელთა ვეტერანმა ფორვარდმა თავი შესვენების შემდეგ ისახელა, როდესაც ბასტიან შვაინშტაიგერი – ტომას მიულერის კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა. ეს კლოზეს 53–ე სანაკრებო გოლი იყო თავის 102 მატჩში. საბოლოოდ გერმანელები მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას დასჯერდნენ.

B ჯგუფი

სომხეთი – ირლანდია 0:1

გოლი: ფეიჰი (0:1, 76)

ერევანში გამართულ შეხვედრაში სომხეთის ნაკრებმა სერიოზული ბრძოლა გაუმართა ირლანდიის ნაკრებს. მასპინძლებმა თამაშის დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს და თამაშის კონტრეშეტევებზე აგება სცადეს. მათ მართლაც გამოუვიდათ რამდენიმე კონტრეშეტვა, თუმცა ამას მასპინძლებისთვის შედეგი არ მოუტანია. სტუმრების შემადგენლობაში, როგორც ყოველთვის, გამოცდილი რობი კინი გამოირჩეოდა, სწორედ მისი მცდელობით იქმნებოდა სახიფათო მომენტები სომხების კართან. შესვენების შემდეგ ირლანდიელებმა თამაშის ტემპი კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს. 76–ე წუთზე მოედანზე შეცვლაზე შესულმა კიტ ფეიჰმა მასპინძელი მცველების უიშვიათესი შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

ანდორა – რუსეთი 0:2

გოლები: პოგრებნიაკი (0:1, 14, 0:2, 65 პენ)

რა თქმა უნდა, ანდორასგან სასწაულს არავინ ელოდა, ამიტომ რუსები ამ მატჩის აშკარა ფავორიტები იყვნენ. მატჩის პირველივე წუთებიდან უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. მათ სწრაფად მოახერხეს პირველი გოლის გატანა. ანდრეი არშავინის გრძელი გადაცემის შემდეგ ბურთს პაველ პოგრებნიაკი დაეუფლა და ზუსტი დარტყმით აიღო ანდორელთა კარი. ამის შემდეგაც თამაში ძირითადად მასპინძლების ნახევარზე გაგრძელდა, თუმცა რუსებმა მეორედ წარმატებას მხოლოდ მეორე ტაიმში მიაღწიეს. მასპინძლებმა საკუთარ საჯარიმოში ალან ძაგოევი წააქცის და მსაჯის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად იმავე პოგრებნიაკმა შეასრულა.

სლოვაკეთი – მაკედონია 1:0

გოლი: გოლოშკო (1:0, 90)

სლოვაკეთის ნაკრებს საკუთარ მოედანზე დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია მაკედონელთა დასამარცხებლად. მასპინძლების მდგომარეობას მოედანზე რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელის არყოფნაც ართულებდა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სლოვაკთა შეტევის ხაზში. მასპინძლები მთელი თამაშის მანძილზე სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს მეტოქის მასირებულ დაცვის ხაზს და მხოლოდ მაშინ, როდესაც თამაშის დამთავრებას წამები აკლდა, თავისი სიტყვა თქვა ფილიპ გოლოშკომ, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან გამშიკის გადაცემით იხეირა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

C ჯგუფი

ფარერები – სერბეთი 0:3

გოლები: ლაზოვიჩი (0:1, 14), სტანკოვიჩი (0:2, 18), ჟიგიჩი (0:3, 90)

ფარერების ნაკრებს სერბებთან წარმატების შანსი რომ არ ექნებოდათ, თავიდანვე ნათელი იყო. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, რა ანგარიშით შეძლებდნენ სტუმრები მასპინძლების დამარცხებას. პირველივე წუთებიდან მატჩის სადავეები ხელთ სერბებმა იგდეს და მატჩის ბედი უკვე პირველი ტაიმის მე–20 წუთისთვის ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო. მე–14 წუთზე დანკო ლაზოვიჩმა ისარგებლა მასპინძლების შეცდომით და ბურთი ფაქტიურად ცარიელ კარში შეაგორა. ოთხი წუთის შემდეგ ფარერელებმა თამაშის წესები თავიანთი საჯარიმოს სიახლოვეს დაარღვიეს და დეიან სტანკოვიჩმა საჯარიმო დარტყმიდან ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" ჩაახვია. მატჩის დარჩენილ დროშიც მოედნის სრული ბატონ–პატრონები სერბები იყვნენ, მაგრამ მთელ რიგ მომენტებში შესანიშნავად ითამაშა მასპინძელთა მეკარე გუნარ ნილსენმა. საბოლოდ სტუმრებმა მაინც მოახერხეს დიდი ანგარიშით გამარჯვება. მატჩის ბოლო წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ნიკოლა ჟიგიჩმა ნილსენს გვერდი აუარა და მესამე შეარხია ფარერელთა კარის ბადე.

ესტონეთი – იტალია 1:2

გოლები: ზენევი (1:0, 31), კასანო (1:1, 60), ბონუჩი (1:2, 63)

ტალინში გამართულ შეხვედრაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ იტალიის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ესტონეთის ნაკრებმა და სკუადრა აძურას ქომაგები საკმაოდ ანერვიულა. სათამაშო უპირატესობას იტალიელები ფლობდნენ, მაგრამ საიმედოდ თამაშობდა ესტონელთა მეკარე სერგეი პარეიკო. 31–ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა სტუმართა კარის მიმართულებით. კონსტანტინ ვასილევის დარტყმულ ბურთზე სტუმართა კარის დარაჯმა სალვატორე სირიგუმ რეაგირება დააგვიანა, ბურთი უხერხულად მოიგერია, რომელსაც სერგეი ზენევი დაეუფლა და კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ სტუმრებმა კიდევ უფრო გაზარდეს თამაშის ტემპი, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. თამაშის სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. იტალიელები შეტევებს აგრძელებდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. მე–60 წუთზე ანდრეა პირლოს მიერ საჯარიმო დარტყმიდან მეტოქის კარის სიახლოვეს ჩაწოდებულ ბურთს ანტონიო კასანო შესწვდა თავით და კარის ბადეში გადაგზავნა. სამ წუთში იგივე განმეორდა. ესტონელთა საჯარიმოში ბურთი ისევ პირლომ ჩააწოდა, რომელსაც ამჯერად ადგილზე ლეონარდო ბონუჩი დახვდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

სლოვენია – ჩრდ.ირლანდია 0:1

გოლი: ევანსი (0:1, 70)

მატჩის წინ ფავორიტად სლოვენიის ნაკრები მიიჩნეოდა, რომელიც საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიელებს მასპინძლობდა. თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და მათ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს სტუმრების კართან, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. მასპინძლები უტევდნენ, ხოლო ჩრდ.ირლანდიელები თავს იცავდნენ და კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდნენ, თუმცა ყველაფერი 70–ე წუთზე შეიცვალა, როდესაც მარცხენა ფლანგზე გაჭრილმა კრეიგ კეტკარტმა ბურთი საჯარიმოში მყოფ მოედანზე შეცვლაზე შესულ კორი ევანსს გადააწოდა, მან მცველებს დაასწრო და ბურთი მასპიძელთა კარის ბადეში მოათავსა. მატჩის დარჩენილ დროში სლოვენიელთა მცდელობას თამაში გადაერჩინათ, შედეგი არ მოჰყოლია და სამი ქულა სტუმრებს ერგოთ.

D ჯგუფი

რუმინეთი – ალბანეთი 1:1

გოლები: სტანკუ (1:0, 80), მუზაკა (1:1, 87)

წარუმატებელი აღმოჩნდა ჯგუფური ეტაპის პირველი საშინაო შეხვედრა რუმინეთის ნაკრებისთვის, რომლებიც ალბანელებთან მატჩში ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულნი. პირველივე წუთებიდან უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, მაგრამ ალბანელთა დაცვა და მეკარე კარგად უმკლავდებოდა რუმინელთა შეტევებს. მასპინძელთა გამუდმებულმა შეტევებმა შედეგი მხოლოდ მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გამოიღო, როდესაც ჩიპრიან დიაკის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გაბრიელ მურეშანმა თავით ბოგდან სტანკუს გადააწოდა, მას კი ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. თითქოს რუმინელებს გამარჯვება უნდა ეზეიმათ, მაგრამ 87–ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გიერგ მუზაკამ თავით შეუცვალა მიმართულება და რუმინელთა კარის ბადეში გაახვია. 1949 წლის შემდეგ ალბანელებმა პირველად მოახერხეს რუმინელებთან მატჩის ფრედ დასრულება და ერთი ქულის აღება.

ლუქსემბურგი – ბოსნია 0:3

გოლები: იბრიჩიჩი (0:1, 6), პიანიჩი (0:2, 12), ჯეკო (0:3, 16)

ლუქსემბურგი – ბოსნიას მატჩში აშკარა ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ და მათ მატჩის ბედი პირველ 16 წუთში გადაწყვიტეს. ბოსნიელებმა მასპინძლებს გონს მოსვლა არ აცალეს, პირველივე წუთებიდან შეტევაზე გადავიდნენ და მე–6 წუთზე მირალემ პიანიჩის გადაცემის შემდეგ სენიად იბრიჩიჩმა პირველი გოლი გატანა ლუქსემბურგელთა კარში. ექვსი წუთის შემდეგ პიანიჩმა ოსტატურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მასპინძლები მეორედ აიძულა თამაში მოედნის ცენტრიდან განეახლებინათ, ხოლო მე–16 წუთზე, ზვედან მისიმოვიჩის გადაცემის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ედინ ჯეკო, რომლის დარტყმამ მიზანს მიაღწია. მატჩის დარჩენილ დროში სტუმრები კვლავ ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა აშკარა იყო, რომ ფრანგებთან მომავალი მატჩისთვის ზოგავდნენ ძალებს და გოლის გატანაზე თავი აღარ გამოუდიათ.

საფრანგეთი – ბელორუსეთი 0:1

გოლი: კისლიაკი (0:1, 86)

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებმა მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც. ფრანგებს ვერც ახალი მთავარი მწვრთნელის და ვერც ახალი ფეხბურთელების მიწვევამ უშველა. ისინი საკუთარ მოედანზე ბელორუსეთი ნაკრებთან დამარცხდნენ. ორივე მეტოქემ თამაშის დაცვით სტილს მიმართა, ისინი ნაკლებად ზრუნავდნენ შეტევაზე და შედეგად, უღიმღამო თამაში გამოვიდა. მეტოქე გუნდების კართან იშვიათად იქმნებოდა სახიფათო მომენტები. თამაშის ბედი კი 86–ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ვიაჩესლავ გლებმა ფრანგების მცველი გაელ კლიში მოატყუა და ბურთი სერგეი კისლიაკს დაუგორა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს.

E ჯგუფი

მოლდოვა – ფინეთი 2:0

გოლები: სუვოროვი (1:0, 69), დოროსი (2:0, 74)

ფინეთის ნაკრებთან მატჩი შესანიშნავად ჩაატარა მოლდოვას ნაკრებმა, რომელმაც სტუმრები აშკარად დაჯაბნა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში მათ შედეგს ვერ მიაღწიეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა 36–ე წუთი, როდესაც მსაჯმა უხეში თამაშისთვის ფინელთა მცველი სემი ჰიპია გააძევა მოედნიდან. მასპინძლებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს მეორე ტაიმი. მათმა აქტიურობამ კი შედეგი 69–ე წუთზე გამოიღო. ციგირლაშის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა ალექსანდრ სუვოროვმა და ანგარიში გახსნა. ხუთი წუთის შემდეგ კი მასპინძლები უკვე მეორე გოლის გატანას ზეიმობდნენ. ანატოლი დოროშმა 25 მეტრიდან დაარტყა ფინელთა კარში, ბურთი სტუმართა მეკარის წინ დაეცა და კარში ამოჩნდა. მატჩის მიწურულს სტუმრებს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მიკა ვაირიუნრენრმა ბურთი კარს ექვსი მეტრის მანძილიდან ააცილა.

შვედეთი – უნგრეთი 2:0

გოლები: ვერნბლუმი (1:0, 51, 2:0, 73)

შვედეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უნგრელებს უმასპინძლა. მატჩმა სკანდინავიელთა უპირატესობით ჩაიარა და სტუმრებს თამაშის გადარჩენის შანსი არც კი მიცემიათ. მათ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუძლეს მასპინძლების შეტევებს. შესვენების შემდეგ კი შვედების გამარჯვებისკენ სწრაფვამ თავისი შედეგი გამოიღო. 51–ე წუთზე სებასტიან ლარსონის ჩაწოდებულ ბურთს თავის პონტუს ვერნბლუმი მისწვდა და მეტოქის კარის ბადეში მოათავსა. მანვე 73–ე წუთზე საბოლოოდ დაასამარა თამაშის გადარჩენის უნგრელთა იმედები

სან–მარინო – ჰოლანდია 0:5

გოლები: კიუიტი (0:1, 15 პენ), ჰუნტელაარი (0:2, 38, 0:3, 48, 0:4, 67), ვან ნისტელროი (0:5, 90)

შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიელებმა სან–მარინოში გაისეირნეს, თუმცა ამას ყველა მოელოდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ სანმარინოელებს თუნდაც ქულის აღების შანსი არ ჰქონდათ. ერთადერთი, რაც ამ მატჩში ფეხბურთის მოყვარულებს აინტერესებდათ, ის იყო, რა ანგარიშით შეძლებდნენ სტუმრები მასპინძლების დამარცხებას. ჰოლანდიელებმა სწრაფად გახსნეს ანგარიში, როდესაც კლაას–იან ჰუნტელაარის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა დირკ კიუიტმა. ამის შემდეგ უკვე ჰუნტელაარის ჯერი დადგა, რომელმაც ზედიზედ სამი გოლი გაიტანა სანმარინოელთა კარში, ხოლო მასპინძლების განადგურებას საბოლოო წერტილი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებულმა რუუდ ვან ნისტელროიმ დაუსვა.

F ჯგუფი

ისრაელი – მალტა 3:1

გოლები: ბენაიუნი (1:0, 7), პეისი (1:1, 38), ბენაიუნი (2:1, 64 პენ, 3:1, 75)

ისრაელის ნაკრებმა მალტის ნაკრები მიიღო საკუთარ მოედანზე და მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. მატჩი კი იოსი ბენაიუნის ბენეფისად იქცა. მან სტუმართა კარში გოლი პირველივე წამებზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ებრაელ ფეხბურთელზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა, თუმცა მე–7 წუთზე ბენაიუნმა ახლა უკვე წესების სრული დაცვით გაიტანა გოლი და მასპინძლები დააწინაურა. მალტა უბრძოლველად დანებებას არ აპირებდა. 38–ე წუთზე როდერიკ ბრიფას ჩაწოდების შემდეგ ჯეიმი პეისმა მასპინძელთა მეკარეს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ სრულ უპირატესობას ისრაელის ნაკრები ფლობდა 64–ე წუთზე მსაჯის მიერ სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა ბენაიუნმა, ხოლო 75–ე წუთზე მანვე მესამედ აიღო მალტელთა კარი.

ლატვია – ხორვატია 0:3

გოლები: მ.პეტრიჩი (0:1, 43), ოლიჩი (0:2, 51), სრნა (0:3, 82)

რიგაში ლატვიის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტ ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლა. პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ მასპინძლებს საკმაოდ გაუჭირდებოდათ ამ მატჩში სასურველი შედეგის მიღწევა. სტუმრებმა თამაში ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყეს და შეტევაზე გადავიდნენ. რომ არა ლატვიელთა მეკარე ანდრის ვანინი ხორვატები უკვე მატჩის დებიუტშივე გახსნიდნენ ანგარიშს. საბოლოოდ სტუმრების შეტევებმა შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიღო, როდესაც მლადენ პეტრიჩმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში ხორვატების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მატჩის განახლებიდან მცირე დროში ივიცა ოლიჩის თავურ დარტყმას ლატვიელთა მეკარემ ვერაფერი მოუხერხა. მატჩის საბოლოო შედეგი კი 82–ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც დარიო სრნამ ლამაზი დარტყმით მესამე შეარხია მასპინძელთა კარის ბადე.

G ჯგუფი

ჩერნოგორია – უელსი 1:0

გოლი: ვუჩინიჩი (1:0, 30)

გამარჯვებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი ჩერნოგორიის ნაკრებმა, რომელმაც უელსელებს უმასპინძლა. მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან მიიტანეს იერიში ბრიტანელთა კართან. ჩერნოგორიელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მთელ რიგ ეპიზოდებში საიმედოდ თამაშობდა უელსელთა კარის დარაჯი უეინ ჰენესი. თუმცა, ისიც უძლური აღმოჩნდა 30–ე წუთზე მირკო ვუჩინიჩის მიერ დარტყმული ბურთის მოსაგერიებლად. მასპინძლები ანგარიშის გახსნის შემდეგ კვლავ უტევდნენ სტუმრების კარს, მაგრამ შესვენების შემდეგ უკან დაიხიეს და უფრო მეტად ანგარიშის შენეარჩუნებაზე ზრუნავდნენ, რასაც საბოლოო ჯამში მიაღწიეს კიდეც.

ინგლისი – ბულგარეთი 4:0

გოლები: დეფო (1:0, 3, 2:0, 61), ჯონსონი (3:0, 83), დეფო (4:0, 86)

ინგლისელებმა ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს. ამაში კი უდიდესი წვლილი ჯერმეინ დეფომ შეიტანა, რომლის ანგარიშზე ამ მატჩში სამი გოლია. თამაში ინგლისელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე–3 წუთზე დეფომ გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ სტუმრებმა თამაშის გათანაბრება შეძლეს და მატჩი ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა. გადამწყვეტი კი მატჩში 61–ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც ჯერ ჯო ჰარტმა გადაარჩინა მასპინძლები სტანისლავ ანგელოვის მიერ კარში გაგზავნილი ბურთის გოლად ქცევისგან, შემდეგ კი ინგლისელებმა სწრაფი საპასუხო შეტევა განახორციელეს და დეფომ მეორედ აიღო ბულგარელთა კარი. ამის შემდეგ თამაშმა სტუმრებისთვის ყოველგვარი ინტრიგა დაკარგა. 83–ე წუთზე მოედანზე შეცვლაზე შესულმა ადამ ჯონსონმა მესამედ შეარხია სტუმართა კარის ბადე, ხოლო მატჩის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე მესამედ ისახელა თავი დეფომ, რომელმაც სხვათა შორის ამ მატჩის გამო საზარდულის ოპერაციაც კი გადადო.

H ჯგუფი

ისლანდია – ნორვეგია 1:2

გოლები: ჰელგუსონი (1:0, 38), ჰანგელანდი (1:1, 59), აბდელაუი (1:2, 75)

რეიკიავიკში ისლანდიის ნაკრებმა ნორვეგიელები მიიღეს. თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მასპინძლებმა, რამაც შედეგი 38–ე წუთზე გამოიღო, როდესაც სილანდიელთა შეტევის დროს გიულფი სიგურდსონის გადაცემის შემდეგ ჰეიდარ ჰელგუსონმა ეფექტური, ქუსლით დარტყმით გახსნა ანგარიში. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა. სტუმრები გააქტიურდნენ და მასპინძლებმა მათ შეტევებს ვეღარ გაუძლეს. ჯერ ბრედე ჰანგელანდმა დალაშქრა ისლანდიელთა კარი და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მოჰამედ აბდელაუიმ გამარჯვების გოლი გაიტანა მასპინძლების კარში.

პორტუგალია – კვიპროსი 4:4

გოლები: ალონეფტისი (0:1, 3), უგო ალმეიდა (1:1, 8), კონსტანტინუ (1:2, 11), მეირელეში (2:2, 29), დანი (3:2, 50), ოკასი (3:3, 57), მ.ფერნანდეში (4:3, 60), ავრაამი (4:4, 89)

გიმარაეშში უმასპინძლა კვიპროსის ნაკრებს პორტუგალიის გუნდმა. თამაში ბევრისთვის და რა თქმა უნდა უპირველესად მასპინძლებისთვის მოულოდნელი სცენარით წარიმართა და საბოლოოდ მათთვისვე არასასურველი შედეგით დასრულდა. მატჩის პირველ 11 წუთში მაყურებელმა სამი გოლი იხილა, აქედან ორი მასპინძლების კარში. კვიპროსელთა პირველივე შეტევა ეფსტატიოს ალონეფტისმა გოლით დაასრულა. ხუთ წუთში უგო ალმეიდამ შესძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კიდევ სამი წუთის შემდეგ მიხალის კონსტანტინუმ ისევ დააწინაურა სტუმრები. პორტუგალიელებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა 29–ე წუთზე რაულ მეირელეშის ზუსტი დარტყმის შემდეგ მოახერხეს. მეორე ტაიმი მასპინძლების შეტევებით განახლდა და 50–ე წუთზე დანიმ პორტუგალიელები დააწინაურა ანგარიშში. სტუმრები უბრძოლველად დანებებას არ აპირებდნენ და შვიდ წუთში იანის ოკასმა გაათანაბა ანგარიში. რა თქმა უნდა, მასპინძლებს ასეთი შედეგი არ აკმაყოფილებდათ, ისინი კვლავ შეტევაზე გადავიდნენ და მე–60 წუთზე მანუელ ფერნანდეშმა ამ მატჩში მეორედ დააწინაურა პორტუგალიელები. თითქოს მასპინძლებს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ კვიპროსელებმა ნამდვილი საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინეს და მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ანდრეას ავრაამმა ზუსტი დარტყმით ერთი ქულა მოუტანა სტუმართა გუნდს.

I ჯგუფი

ლიტვა – შოტლანდია 0:0

ლიტვის ნაკრებმა კაუნასში უმასპინძლა შოტლანდიის ნაკრებს. თავდაპირველად უფრო მეტად სტუმრები აქტიურობდნენ, თუმცა მასპინძელთა კართან სახიფათო მომენტის შექმნამდე საქმე თითქმის არ მისულა. მალე უკვე ლიტველები გააქტიურდნენ, მაგრამ შოტლანდიელებიც საიმედოდ თამაშობდნენ დაცვაში. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მატჩი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა და საბოლოდ გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

ლიხტენშტეინი – ესპანეთი 0:4

გოლები: ტორესი (0:1, 18), ვილია (0:2, 26), ტორესი (0:3, 55), სილვა (0:4, 62)

უხვგოლიანი გამოდგა მატჩი ლიხტენშტეინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის. თავიდანვე არავის შეპარვია ეჭვი იმაში, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ამ მატჩში სამ ქულას აიღებდნენ. ყველას მხოლოდ ის აინტერესებდა თუ მათ შეტევებს სადამდე გაუძლებდნენ ლიხტენშტეინელები და სტუმრები რა ანგარიშით დაამარცხებდნენ მეტოქეს. ესპანელებმა საკუთარი უპირატესობა პირველად გოლად მე–18 წუთზე აქციეს, როდსაც ფერნანდო ტორესმა ბურთი თავზე გადაუგდო კარიდან გამოსულ პეტერ იელეს. კიდევ რვა წუთის შემდეგ დავიდ ვილიამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო მას უკვე რაულის რეკორდამდე მხოლოდ ერთი გოლიღა აშორებს. შესვენების შემდეგ ტორესმა მასპინძლები მესამედ აიძულა თამაში მოედნის ცენტრიდან განეახლებინათ, ხოლო 62–ე წუთზე დავიდ სილვამ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მიროსლავ კლოზე
კავშირი ტეგთან: მიროსლავ კლოზე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523664
1523864 online