asdas
ცნობილი ადამიანები
პოლ მაკარტნის უდიდესი შეცდომა
დამსხვრეული ოცნებები
პოლ მაკარტნის უდიდესი შეცდომა

2010-08-19 11:43:01



ხელი და გული სერ პოლ მაკარტნიმ საყვარელ ქალს ისე სთხოვა, როგორც ბრიტანეთის იმპერიის რაინდს ჩვევია – მუხლი მოიდრიკა და ლამაზი ბეჭედი გაუწოდა. მას შემდეგ, რაც ჰიზერ მილზმა თანხმობა განუცხადა, პოლი თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა. დღეს კი ცხოვრების ამ ეტაპს ყველაზე დიდ შეცდომას უწოდებს.
როდესაც ჰიზერ მილზი ხორვატიაში თხილამურებზე სასრიალოდ გაემართა, იუგოსლავიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ინდოეთში ჩასვლისას საშინელი მიწისძვრა მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბერს კი ის ნიუ იორკში იმყოფებოდა, ამიტომაც მოსალოდნელი იყო, რომ ამ ქალის გვერდით ცხოვრება კარგს არავის არაფერს მოუტანდა. როდესაც პოლ მაკარტნიმ საბოლოოდ შეძლო ამ ქალისგან თავის დაღწევა, რაც თავისი ქონების დიდი ნაწილის ფასად დაუჯდა, ყველა ამბობდა, რომ პოლს გაუმართლა – ბოლოს და ბოლოს ამ ისტორიას წერტილი დაუსვა. პოლ მაკარტნის სიყვარულის ისტორია ძალიან მოკრძალებულია. პირველი გოგონა მის ცხოვრებაში 17 წლის ასაკში გამოჩნდა. მას ლაილას ეძახდნენ და მეზობლის ბავშვებს უწევდა მეთვალყურეობას. ლაილა პოლზე უფროსი იყო, ამიტომ გამოუცდელი ბიჭი მალე მობეზრდა და მასზე ბევრად უფროს მეზობლის კაცზე გადაერთო.
პირველი სერიოზული რომანი მომღერალს დოტ როუდთან ჰქონდა. ეს რომანი 3 წელი გრძელდებოდა. პოლი აღფრთოვანებული იყო საყვარელი ქალით და ბეჭედიც კი აჩუქა. მისი თხოვნით დოტმა თმის ფერი შეიცვალა, ქერა გახდა და ვარცხნილობა "ბაბეტი" გაიკეთა. იმ დროს პოლ მაკარტნი ბრიჯიტ ბარდოს ფანი იყო და სწორედ მას მიიჩნევდა სილამაზის ეტალონად.
დოტი მუდამ თან ახლდა პოლს, მათ შორის, როდესაც "ბიტლზი" ჰამბურგში გამოდიოდა. გოგონა მალე დაფეხმძიმდა. პოლ მაკარტნი პასუხისმგებლობას არ გაექცა და საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა. ქორწილის დღეც დაინიშნა – 1962 წლის ნოემბერი, მაგრამ ამ დღემდე 4 თვით ადრე დოტს მუცელი მოეშალა. ამ ტრაგედიის უმტკივნეულოდ გადატანა წყვილმა ვერ შეძლო და ისინი დაშორდნენ. ახლა დოტი ბებიაა და კანადის ერთ–ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. ის დარწმუნებულია, რომ "ბიტლზის" ბევრი სასიყვარულო სიმღერა მასზეა დაწერილი.
შემდეგ პოლ მაკარტნის ცხოვრებაში მსახიობ ჯეინ ეშერის ეპოქა დადგა. 1963 წლის მაისში "ბიტლზი" უკვე მთელი ბრიტანეთის საყვარელი ჯგუფი იყო, თუმცა პოპულარულ ბიჭს მაინც მთელი ძალისხმევა დასჭირდა ჯეინის ყურადღების მისაქცევად.
ჯეინი ტრადიციული ოჯახიდან იყო. როგორც კი მათი რომანი დაიწყო, პოლი მშობლებს გააცნო. მათი ოჯახური ტრადიციების გამო მაკარტნი იძულებული გახდა, 2 წელი ეშერების ოჯახში ეცხოვრა. მათ სახლში ინტელექტუალური ელიტა იკრიბებოდა და პოლ მაკარტნიმ ამ რომანის წყალობით გაიცნო ცნობილი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი და დრამატურგი ჰაროლდ პინტერი.

ეშერების სახლის სარდაფში ხმის ჩამწერი სტუდია იყო მოთავსებული. ჯეინის დედა ერთ–ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში მუსიკის მასწავლებელი გახლდათ. სწორედ ამ სტუდიაში ჩაიწერა საუკუნის ყველაზე ცნობილი სიმღერა "იესტედეი". ამ ურთიერთობამ წყვილი ნიშნობამდე მიიყვანა. 1967 წლის დეკემბერში მათ განაცხადეს, რომ მალე დაქორწინდებოდნენ, მაგრამ რამდენიმე დღეში ჯეინმა საყვარელი მამაკაცი უცნობ ქალთან ერთად აღმოაჩინა ლოგინში. ბუნებრივია, ღალატის შემდეგ არავითარი საერთო გეგმები აღარ იარსებებდა.
ეს უცნობი გოგონა კი ამერიკელი სცენარისტი ფრენსის შვარცი იყო. მისი და პოლის რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ფრენსისისათვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ დაეწერა მოგონებების წიგნი "ბიტლზზე" და სერიალ "ბიტლზის ცოლების" გმირი გამხდარიყო.
შემდეგ მაკარტნის ცხოვრებაში ლინდა გამოჩნდა. 1969 წლის 12 მარტს პოლ მაკარტნიმ, როგორც იქნა, იქორწინა ქალზე, რომელთანაც შემდეგ 30 წელი გაატარა. პოლმა და ლინდამ ოთხი შვილი გაზარდეს, ახლა კი პოლი ექვსი შვილიშვილის პაპაა. ლინდამ ვერ შეძლო ბებიის როლის მორგება, ის სიმსივნით გარდაიცვალა 1998 წლის 17 აპრილს.

საყვარელი ცოლის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ პოლი თავის საბედისწერო სიყვარულს შეხვდა. გაიცნო ჰიზერ მილზი, რომელმაც პოლ მაკარტნის ცხოვრებაში დიდი მიწისძვრა გამოიწვია. მასთან დაშორების შემდეგ კი პოლი ფინანსების გარეშე დარჩა და ნევროზიც აიკიდა.
ჰიზერ მილზი გაჭირვებული ოჯახიდან იყო. მათ ხშირად ტანსაცმლისა და საჭმლის მოპარვაც კი უწევდათ. ჰიზერი ტანსაცმლის ქურდობისათვის ნასამართლევიც გახლდათ. თავის პირველ ნამდვილ სიყვარულს 1981 წელს შეხვდა. მაშინ ჰიზერი ლონდონის ერთ–ერთ კლუბში ოფიციანტად მუშაობდა და რომანი ჰქონდა კლუბის დიჯეისთან. სწორედ მისგან გაიგო ჰიზერმა, რომ მისი უფროსი ძმა ახლახან დაშორდა ცოლს და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ჰიზერს თავისი საყვარლის ძმა ძალიან შეეცოდა და ყურადღება მასზე გადაიტანა. ფიქრობდა, რომ ცოლს გაშორებული ბერძენი მამაკაცი მას ცოლობას სთხოვდა, მაგრამ პირველ სიყვარულს პირველი იმედგაცრუებაც მოჰყვა.
უიღბლო სიყვარულის დასავიწყებლად ჰიზერმა ცხოვრების პრინციპები შეცვალა და გადაწყვიტა, მოდელი გამხდარიყო. გოგონამ სამოდელო სკოლა გაიარა, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მკერდი დაიპატარავა და ერთ წელიწადში სრულიად სხვა ქალი დადგა. მან ყოფილ შეყვარებულს ამაყად განუცხადა, რომ სერიოზული კონტრაქტისათვის პარიზში მიემგზავრებოდა, სინამდვილეში კი ლიბანელ მილიარდერთან, ჟორჟ კაზანთან ჩავიდა და მომდევნო 2 წლის განმავლობაში მისი საყვარელი იყო.
როდესაც გოგონა საყვარლის იმიჯს აღარ დასჯერდა და მილიარდერის ცოლობა მოინდომა, კაზანმა მას თავისი ადგილი მიუჩინა და ლონდონში დააბრუნა. ლონდონში ჰიზერი თავის ძველ სიყვარულს, ელფის დაუბრუნდა. ამჯერად მან შეძლო მიზნის მიღწევა და მისი ცოლი გახდა.
1990 წელს ელფიმ საყვარელი ცოლი ხორვატიაში სამთო–სათხილამურო კურორტზე გაუშვა. ქმრის გარეშე დასვენება ჰიზერის სტილი არ იყო, ამიტომ მან რომანი გააბა იქაურ ინსტრუქტორთან, რაც მისი ქორწინების დასასრულის მიზეზი გახდა. შემდგომი 2 წლის განმავლობაში ჰიზერი მდიდარი კლიენტების ესკორტის სამსახურში მუშაობდა. დროდადრო კი საეჭვო რეპუტაციის ფოტოსესიებში მონაწილეობდა. მალე მან თავბრუ დაახვია ბანკირ რაფაელ მინციონეს. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბანკირთან რომანი მას გარანტირებულ მომავალს ჰპირდებოდა, მაგრამ მოულოდნელად ჰიზერი პოლიციის მოტოციკლის ბორბლებქვეშ აღმოჩნდა. ტრავმა ძალიან რთული იყო და ექიმები იძულებულები გახდნენ, ფეხის ამპუტაცია ჩაეტარებინათ. ჰიზერს მარჯვენა ფეხი მუხლამდე მოჰკვეთეს.

ჰიზერმა კომპენსაციის სახით პოლიციისაგან 200 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო, 180 ათასი კი დამატებით გამოიმუშავა, როდესაც ამ ავარიის დეტალები ერთ–ერთ ბრიტანულ ტაბლოიდს გაანდო. ამ ფულის დიდი ნაწილი ჰიზერმა ჩადო ფონდში სახელწოდებით "ჰიზერ მილზის ჯანმრთელობის ფონდი". ეს ფონდი ნაღმებზე აფეთქებული დაზარალებულებისათვის პროთეზებს ქმნიდა.
1995 წელს ბრიტანულ ტაბლოიდებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჰიზერი ბრიტანელ გამომცემელ მარკუს სტეპლტონზე დაინიშნა, მაგრამ ქორწილამდე საქმე მაინც არ მივიდა. 1999 წელს მან კინოდოკუმენტალისტ კრის ტერილთან ნიშნობაზე გააკეთა განცხადება, არადა, მას მხოლოდ 16 დღე იცნობდა. არც ეს ნიშნობა დასრულებულა სასურველი შედეგით, რადგან 1999 წლის აპრილში მის მიერვე ორგანიზებულ საქველმოქმედო მიღებაზე ჰიზერი პოლ მაკარტნის შეხვდა.
ამ საღამოზე პოლ მაკარტნიმ ერთ–ერთ ქალბატონს სპეციალური პრიზი გადასცა ქალთა უფლებების დაცვისათვის, ჰიზერმა კი გოგონა დააჯილდოვა, რომელსაც ხელი და ფეხი ამპუტირებული ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც აქტიურად ცხოვრობდა.
როდესაც პოლმა ჰიზერი სცენაზე დაინახა, თვითმხილველთა სიტყვებით, ფერი დაკარგა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ეს ქალი მას საყვარელ ცოლს, ახალგაზრდა ლინდას აგონებდა. გარდა იმისა, რომ ჰიზერი ლინდას სიმაღლით, თმის ფერით და გარეგნული შტრიხებით ჰგავდა, პოლს ისიც მოეწონა, რომ ქალი ჰუმანიტარული იდეებით იყო შეპყრობილი.

ამ შეხვედრაზე პოლმა ვერ შეძლო მისთვის საინტერესო ქალთან გასაუბრება. მათი პირველი საუბარი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შედგა ტელეფონით. სალაპარაკო თემა ფონდის საქმეები იყო. პოლმა სიმღერაც კი დაწერა ამ ფონდისათვის. ერთად მუშაობის გამო საზოგადოებაში ხშირად უწევდათ გამოჩენა, რის გამოც გავრცელდა ხმა, რომ მათ შორის რომანი გაჩაღდა. პოლიც და ჰიზერიც ამას უარყოფდნენ.
განსაკუთრებულ უხერხულობას პოლი განიცდიდა, რადგან იცოდა, რომ ჰიზერი მალე კრის ტერილს გაჰყვებოდა ცოლად. თითქოს ქორწილის თარიღიც იყო დანიშნული, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჰიზერი აეროპორტში წავიდა და კრისს, რომელიც ქორწინების წინა პერიოდს მეგობრების გარემოცვაში ატარებდა, წერილი დაუტოვა: "ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია".
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათი რომანის დასაწყისშივე ჰიზერმა პოლს ულტიმატუმი წაუყენა, ან ცოლად მომიყვან, ან ყველაფერი დამთავრდებაო. მოგვიანებით ეს ულტიმატუმი ჰიზერმაც აღიარა, მაგრამ სხვა ინტერპრეტაციით. მან განაცხადა, რომ პოლს უთხრა, ცოლად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგყვები, თუ შენს მავნე ჩვევას, ნარკოტიკებს თავს დაანებებო.
როდესაც საქმე ქორწილზე მიდგა, ეს მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა პოლის ქალიშვილის, სტელა მაკარტნისათვის, რომელიც მომავალ დედინაცვალზე 3 წლით უმცროსი იყო. გოგონა მიხვდა, რომ თაღლითი ქალი მამამისის ქონების ხელში ჩაგდებას ცდილობდა და როცა მის ხელთ აღმოჩნდა ჰიზერის წერილი დაქალისადმი, სასწრაფოდ მამას აჩვენა. წერილში კი ჰიზერი წერდა, რომ პირველად შეხვდა მოხუცს, რომელსაც მასზე დიდი ძუძუები აქვს. პოლმა შვილს არ დაუჯერა და რამდენიმე ხნით მასთან კონტაქტიც კი გაწყვიტა.

ამ დროს საქმეში პრესა ჩაერთო. მოსალოდნელი ქორწინების წინ ბრიტანულ ტაბლოიდებში უამრავი ინფორმაცია ქვეყნდებოდა ჰიზერის წარსულის შესახებ, მაგრამ შეყვარებულ პოლს არაფრის მოსმენა და დაჯერება არ უნდოდა. მას არ სურდა იმის დაჯერება, რომ 9 წლის ჰიზერი პედოფილებმა გაიტაცეს. არც იმის, რომ ელფიმ მასთან დაქორწინებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ჰიზერი ტყუილებს ვერ გადააჩვია. რომ 17 წლის ასაკში საიუველირო მაღაზიიდან სამკაულები მოიპარა. არც იმ ბიზნესმენებს უჯერებდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჰიზერი ჩვეულებრივი, თუმცა ძვირადღირებული მეძავი იყო.
პოლი თვლიდა, რომ საწყალ ქალს მთელი მსოფლიო ებრძოდა, ამიტომ მან ყველაფერს იგნონირება გაუკეთა და 2001 წლის 23 ივლისს მუხლებზე მდგარმა რჩეულს საფირონისა და ბრილიანტის ბეჭედი გაუწოდა. ერთი წლის შემდეგ კი ქორწილიც შედგა.
საქორწინო ცერემონიალი ირლანდიაში მე–17 საუკუნის ციხესიმაგრეში გაიმართა. ამ დღეს ყველაფერი ისე იყო, როგორც ჰიზერს უნდოდა. სტუმრებს ვეგეტარიანული კერძებით გაუმასპინძლდნენ. ახალდაქორწინებულებმა თაფლობისთვე სეიშელის კუნძულებზე გაატარეს. ერთი წლისა და ხუთი თვის შემდეგ კი, 2003 წლის 28 ოქტომბერს ჰიზერმა მეუღლეს ქალიშვილი ბეატრისი აჩუქა.

კარგა ხანი ჰიზერი ერთგული ცოლის როლს თამაშობდა. ცდილობდა, პრესასთანაც ნაკლებად შესულიყო კონტაქტში, რადგან თვლიდა, რომ ზედმეტი ყურადღება მის ოჯახურ იდილიას კარგს არაფერს მოუტანდა. როცა ინტერვიუს ხასიათზე დგებოდა, ყოველთვის ყველაზე მეტს მისი და პოლის იდილიურ ურთიერთობებზე საუბრობდა. ამაყობდა, რომ საყვარელ მამაკაცს სრული ბედნიერება მოუტანა. ამის ფონზე 2006 წლის 17 მაისს პოლისა და ჰიზერის განცხადება გაყრის თაობაზე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. "ყველანაირად ვეცადეთ, ჩვენი ურთიერთობა მყარი და საიმედო ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მუდმივად დიდ ზეწოლას განვიცდიდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცხოვრებაში სხვადასხვა გზას გავყვეთ. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და ერთმანეთისთვის ახლობელ ადამიანებად", – ასეთი იყო წყვილის ბოლო ერთობლივი განცხადება.
ამის შემდეგ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ჰიზერს არ მოეწონა პოლის ჩაკეტილი ცხოვრება. როდესაც მას ცოლად მიჰყვებოდა, ეგონა, რომ მდიდარი მამაკაცის გვერდით ცხოვრებით დატკბებოდა, მოაწყობდა ხმაურიან წვეულებებს, პოლს კი ეს ყველაფერი ნაკლებად აინტერესებდა. დროთა განმავლობაში ჰიზერის ლექსიკაში გაჩნდა სიტყვები – "ბებერი", "უჟმური". ქალის ოცნებები აშკარად დაიმსხვრა. პოლ მაკარტნიც მალე მიხვდა, რომ მისი ახლანდელი ცოლი სრულებით არ ჰყავდა მისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს, ლინდას. იგი ფიქრობდა, რომ ჰიზერი გონს მოეგებოდა და წყნარი ოჯახური ცხოვრებისგან სიამოვნებას მიიღებდა.
როგორც კი წყვილმა გაყრა გადაწყვიტა, მაშინვე დაიწყო სასტიკი ბრძოლა. ჰიზერმა ყოფილ ქმარს ძალიან ბევრი სიბინძურე დააბრალა. პირველ რიგში, მათი დაშორების მიზეზად პოლის საყვარელი ქალიშვილი სტელა დაასახელა, შემდეგ კი მუსიკოსი გამოუსწორებელ ლოთად დახატა.
მალე ყველამ გაიგო, რომ ჰიზერისათვის პოლ მაკარტნი მორიგი მსხვერპლი იყო. ახლა კი მთავარი იყო, ამ მსხვერპლთან ცხოვრებისგან მაქსიმალური მოგება მიეღო. მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება 2008 წლის მაისში დასრულდა. პოლს თავისუფლება 125 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

განქორწინების შემდეგ ჰიზერის ყოფილმა საქმრომ კრის ტერილმა ღია წერილი გამოაქვეყნა პოლის მისამართით. "პოლ, ჩვენ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ჩვენ ორივეს გვქონდა ერთი ქალის მიმართ ერთი და იგივე გრძნობა და ამით ორივე დავზარალდით. ჩვენ გვიყვარდა ქალი, რომელიც ოქროს მაძიებელია. ის სიამოვნებას განშორებებისგან იღებს", – ეწერა ღია წერილში.
მოამზადა ავთო ჩიტიძემ
კავშირი ტეგთან: პოლ მაკარტნი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523872
1524072 online