asdas
ცნობილი ადამიანები
ორშაბათის სიზმარი (ნაწილი V)
ორშაბათის სიზმარი (ნაწილი V)
ორშაბათის სიზმარი (ნაწილი V)

2010-04-28 16:54:24



ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი IV
ნაწილი V
ნაწილი VI
ნაწილი VII
ნაწილი VIII
ნაწილი IX
ნაწილი X

ჯერ ისევ ბნელოდა, როცა ჯანსუღ ჯაჯანიძე მამლის ყივილმა გამოაღვიძა. მამალს შეუკურთხა და უკმაყოფილოდ იცვალა გვერდი. არ უყვარდა სოფელი, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. თორმეტი წლის იქნებოდა, როცა საკუთარ თავს პირობა დაუდო – ან ქალაქი, ან ნეხვის სუნით აქოთებული ორღობე! შუალედური ვარიანტი არ არსებობს. რადიკალური გადაწყვეტილება თბილისიდან ჩამოსულმა საპატიო სტუმარმა მიაღებინა. ეს იყო მისი თანასოფლელი ზუზუ – გოლიათური აღნაგობის მოჭიდავე მორგვივით მკლავებით. ზუზუ უცხოური მანქანით ჩამოვიდა, რაც იმ დროისთვის მსოფლიოს მერვე საოცრების ტოლფასი იყო. ბოტასები ეცვა, ნაღდი "ადიდასები", პისტოლეტის ფორმის სანთებელით კი თანასოფლელებს აგოიმებდა.
სტუმრობის მიზეზი საჭიდაო სექცია იყო. სექცია საზეიმოდ გაიხსნა სოფლის კლუბში. ზუზუ სიტყვით გამოვიდა, ვრცლად ილაპარაკა სპორტის როლზე მოზარდის ცხოვრებაში, როგორც ჯანმრთელობის, ისე პერსპექტივის თვალსაზრისით, ახალდაარსებულ სექციას შეფობას დაჰპირდა და საჭიდაო მოედანზე გადაინაცვლა, სადაც გაიმართა ტურნირი სოფლის ბიჭების მონაწილეობით. მათ შორის იყო პატარა ჯანსუღიც. ზუზუმ შეაქო კუნთმაგარი ბიჭუნას მონაცემები, საღეჭი რეზინის კოლოფით დააჯილდოვა და წავიდა. თან წაიღო ჯანსუღის სული, გული და სამომავლო ფიქრები. "მეც ეგეთი მინდა ვიყო!" – თქვა და მეორე დღესვე საჭიდაო სექციაში გაწევრიანდა.
თექვსმეტი წლისა უკვე თბილისში ასპარეზობდა, ოცი წლისამ უცხოეთის ტურნეში მიიღო მონაწილეობა, ოცდახუთი წლისას კი ზუზუზე მაგარი პიპია ჰყავდა. მერე ყველაფერი ისე აეწყო, ყველაზე თამამ ფიქრებშიც რომ ვერ წარმოედგინა. ბიზნესი, პოლიტიკა, ისევ ბიზნესი, ნულების მზარდი რაოდენობა ანგარიშზე... და ახლა, როცა ნახევარი საუკუნე გავლილია, დასაჭერად დასდევენ. ჯანდაბას, საზღვარგარეთ გაძრომა მაინც მოესწრო... პრინციპში, არც ახლაა გვიან, რა თქმა უნდა, თუ ქვეშაფსია პროფესორი არ გატყდა. შეეშინდა ბიჭს! როცა პატარა ჯანიკოს უკეთებდა ოპერაციას, ხელი არ აკანკალებია, ვიღაც "ბოზანდარა ჟურნალისტკას" ხუშტურზე კი ლამის ბეჭებიდან ამოხტა – ქვეყანა გაიგებს, თავი მომეჭრებაო, ისაო, ესაო... ჯანსუღს არ მოეჭრება თავი, ახალგამომცხვარი "სიფათით" რომ გამოაჭენებენ ტელევიზორში?! დაჭერაზე მეტად სწორედ საყოველთაო დაცინვის ობიექტად გადაქცევის ეშინოდა.
მამალმა კიდევ ერთხელ შეახსენა გათენების მოახლოება, ჯანსუღმა კიდევ ერთხელ შეუკურთხა, ამჯერად ხმამაღლა. მოსაშარდად გასვლა ესიკვდილებოდა. ჩეჩმა გარეთ იყო, ის კი კომფორტს იყო მიჩვეული. სახლი, სადაც იმალებოდა, ვასო თოფურიას შორეულ ნათესავს ეკუთვნოდა და თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ჯანსუღის ბავშვობის დროინდელი სახლისგან – ფარღალალა ჭიშკარი, გავერანებული ეზო, ჩამოფშვნილ–ჩაშავებული ფანჯრის ჩარჩოები, ჭრიალა იატაკი, სკლინტიანი საქათმე, ოღონდ ქათმების გარეშე... მსგავსება თრგუნავდა და პესიმისტურ ნოტზე განაწყობდა.
მაინც მოუწია ადგომა. ჩეჩმაში არ წასულა, იქვე, პარმაღზე დაცალა შარდის ბუშტი და სახლში შებრუნდა. ლოგინში ნებივრობა გადაიფიქრა, საბანმა უკვე მოასწრო გაციება, ჯანსუღი კი არ აპირებდა, საკუთარი სხეულით გაეთბო ვიღაცის ძუნძგლიანი ჭინჭები.
ბუხარში ცეცხლი შეუკეთა, გაქექილ სავარძელში მოთავსდა და ჯანიკოს მოსვლას დაელოდა. ვასოს რომ ეცალოს, ერთადერთ შვილს არ დააყენებდა რისკის ქვეშ, მაგრამ ვასოს გაგებაც შეიძლებოდა. მასაც ერთადერთი მამა ჰყავდა, რომელიც დასაფლავებას საჭიროებდა. ჯანსუღს კი შიოდა, ჰიგიენური მოხმარების ნივთები სჭირდებოდა, ელემენტარული დამლაპარაკებელი. მეზობლის მამლის ამარა არ აპირებდა დღის გატარებას. მოიცა, აგერ, ძაღლმაც დაიყეფა. მეორე გაეპასუხა, მესამეც... ცოტა ხანში კი ისეთი ყეფა ატყდა, ჯანსუღი შეშინებული აეკრა ფანჯარას – ვაითუ, პოლიციის მანქანას უყეფენო. ყალბი განგაში აღმოჩნდა. ძაღლები როგორც აყეფდნენ, ისე ჩაცხრნენ. სოფელში ისევ სიჩუმემ დაისადგურა. რაღაცნაირი ძრწოლისმომგვრელი სიჩუმე იდგა, თითქოს განკითხვის ჟამი ახლოვდებოდა...
განკითხვის ჟამზე ჯანსუღს თინა გავაშელის დალილავებული სხეული გაახსენდა... უსიამოვნო ფიქრებს აუქშია. არავითარი "ჟამი" არ არსებობს. არსებობს თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელსაც ემორჩილება ყველა სულიერი. ქვეშაფსია ვასოს ასი წელი არ სჭირდება ჯანსუღი, მაგრამ იძულებულია დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანსუღი მასაც გაიყოლებს ციხეში. დიახ, ციხეში. ერთადერთი იმედი ჯანიკოა, შვილი არ გაწირავს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამაგს დაუფასებს. თუ არ დაუფასებს? უცნაური ბიჭია ჯანიკო, ვერ გაუგებ, გულში რა უდევს...
* * *
უკვე კარგად იყო გათენებული, როცა ჭიშკარს ჯანიკო მოადგა. კონსპირაციის სრული დაცვით მოქმედებდა. ჯერ გაიარ–გამოიარა, მერე ქურდულად მიიხედ–მოიხედა, ბოლოს ფრთხილად შემოაბიჯა ეზოში. ხელში ეჭირა მოზრდილი სპორტული ჩანთა, ეცვა ტანზე მომდგარი შავი ტყავის ქურთუკი, ეკეთა შავი სათვალე, ეხურა შავი შლაპა და საერთოდ უცხოპლანეტელ შპიონს ჰგავდა. ჯანსუღს ახლაღა გაახსენდა, რომ მისმა შვილმა მანქანის ტარება არ იცის. როგორ შეიძლება ოცდაორი წლის ახალგაზრდა კაცმა მანქანის ტარება არ იცოდეს, როცა მამამისს ავტოფარეხში სამი უმაღლესი კლასის ავტომობილი უდგას?! ჯანიკომ არ იცოდა. არც სურვილი გამოუმჟღავნებია ოდესმე. სიჩქარის შიში ჰქონდა თუ რაღაც სხვა მოსაზრებით, ჯანსუღმა არ იცოდა. არც უნდოდა სცოდნოდა. ერთადერთი, რაც უნდოდა, ჯანიკო თითით საჩვენებელი შვილი ყოფილიყო. თითით საჩვენებელი მართლა გამოვიდა, მაგრამ სხვა მიმართულებით. "შეხედეთ, შეხედეთ, ფანტომასი მოდის!" – მიაძახებდნენ ხოლმე ბავშვები.
უწარბო, უწამწამო, უთმო, უძრავი სახითა და უტუჩო პირით მართლა წააგავდა ფანტომასს. ავადსახსენებელი ბულტერიერის თავდასხმის შემდეგ მხიარული, ცელქი ბიჭისგან აღარაფერი დარჩა. საუკეთესო ფსიქოლოგები დაასია მამამისმა, მაგრამ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილ პაციენტს არ სურდა რეალობასთან შეგუება. რაღაც პერიოდის შემდეგ ალაპარაკდა, მაგრამ ჩურჩულით, საკუთარი მეტყველება აფრთხობდა და პანიკაში აგდებდა. ან როგორ უნდა ელაპარაკა გამართულად, როცა პირის აპარატის მწყობრში მოყვანა ვერ მოხერხდა. ვასო აფრთხილებდა შესაძლო ხარვეზის თაობაზე – მსოფლიო პრაქტიკაში მიმიკის კუნთების აღდგენის ასპროცენტიანი შედეგი არ დაფიქსირებულაო, მაგრამ გულდამწვარი მამისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ტუჩის მაგიერი ვიწრო ხვრელი შვილის სახეზე, მით უფრო, იმ ხვრელიდან წამოსული ბლუკუნა ბგერების მოსმენა. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, ვიდრე ბგერებიდან – სიტყვების, სიტყვებიდან კი წინადადებების ჩამოყალიბებას მოახერხებდნენ. მაქსიმალურად გადაჭიმული კანი არამარტო მეტყველებაში, ემოციის გამოხატვაშიც უშლიდა ხელს. ჯანიკოსთვის უცხო იყო ტირილი, სიცილი, განრისხება... ეჩვენებოდა, რომ ნაწილ–ნაწილად დაეშლებოდა ძლივს შეკოწიწებული სახე.
სიტუაცია მას შემდეგ გამოსწორდა, რაც უკვე ზრდასრულ ჯანიკოს მამამ ოპერაციამდელი ფოტოსურათები აჩვენა. სისხლში არეული ხორცის მასაში ჯანიკოს საკუთარი თავის ცნობა გაუჭირდა. სხვაობა იმდენად თვალშისაცემი იყო, უაზრო სინანულს თავი დაანება და ახალი ჰაბიტუსის შესაფერის იმიჯზე ზრუნვა დაიწყო. ფანტომასთან მსგავსებამ მკაცრი, სადა სტილისკენ უბიძგა. მის სამოსში შავი ფერი დომინირებდა, ვიდეოთეკაში – მისტიკური შინაარსის ფილმები. უსმენდა მძიმე როკს, კითხულობდა ფანტასტიკას. სკოლა და ინსტიტუტი ისე დაამთავრა, მეგობრები არ ჰყოლია. ჯანსუღი, რომელიც ლუკმას არ გატეხდა ძმაკაცების გარეშე, ამ ამბავს განიცდიდა, თუმცა, როცა მართლა გაუჭირდა, მის ცხოვრებაში არ აღმოჩნდა ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობოდა. ვასო არ იყო სათვალავში ჩასაგდები. ქვეშაფსია პროფესორთან, დანაშაულებრივი წარსულის გარდა, არაფერი აკავშირებდა.
– ჯანიკო! – მოუხმო ეზოში შეყოვნებულ შვილს.
ჯანიკოს მძიმე ჩანთა ხელიდან გაუვარდა, ეჭვით მიაჩერდა თავგადაპარსულ მამაკაცს, რომელიც რაღაცით წააგავდა მამამისს. პროფესორმა თოფურიამ გააფრთხილა პლასტიკური ოპერაციის შესახებ, მაგრამ ნანახმა მაინც შოკში ჩააგდო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს უყურებდა, ოღონდ თხუთმეტი, ოცი წლის შემდეგ. სადღა იყო მამამისის მსხვილი, კეხიანი ცხვირი, მოფლაშული ღაბაბიც ალაგმოდა... არაბუნებრივად გადატკეცილი კანის გამო ასაკი მოაკლდა, მაგრამ ჩამქრალი თვალებიდან დატყვევებული ცხოველის სევდა გამოსჭვიოდა. თაბაშირის ბიუსტს ჰგავდა, უპასუხისმგებლო მოქანდაკის მიერ დაწყებულსა და შუა გზაში მიტოვებულს. ჯანიკოს ისე შეეცოდა ყოვლისშემძლე ჯანსუღის საცოდავი სუროგატი, ლამის ცრემლები წამოსცვივდა.
– მამი...
– მიცანი?
– ხმაზე – კი.
– ძალიან ცუდად გამოვიყურები?
– ცუდად არა, უჩვეულოდ.
– არა უშავს, შეეჩვევი. აი, ნაწიბურები გამიბაცდება, კანი ელასტიკურობას აღიდგენს და უკეთეს ვიდზე ვიქნები. ახლა როგორ ვარ, იცი? თითქოს ვიღაც უკანალიდან მექაჩება. მაგარი ცუდი შეგრძნებაა, ბუასილზე უარესი. არა უშავს, ყველაფერი მიჩვევაა, ჩემგან არ გესწავლება, – ჯანსუღმა მხარზე ხელი დაჰკრა გაოგნებულ შვილს, ჩანთას დასწვდა და სახლისკენ წავიდა.
– როგორ გარისკე, მამი?
– სხვა რა გზა მქონდა? ან ციხე, ან პლასტიკა.
– მოკლედ, მამა–შვილს დაგვებედა სახეშეცვლილი სიარული.
– რას იზამ, ასეთი ყოფილა ბედისწერა. კიდევ კარგი, დედაშენი არ მოესწრო ამ დღეს. სახლში შევიდეთ, არ მინდა, ვინმეს შევეჩხიროთ თვალში. ხომ იცი სოფლის ხალხი, ყველაფერი აინტერესებთ.
სახლში თბილოდა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ოთახს მოწითალო, მხტუნავი კურდღლებით ავსებდა. სიძველისგან გაქექილი ავეჯიც კი მყუდროდ გამოიყურებოდა.
– კარგად მოწყობილხარ, – აღნიშნა ჯანიკომ.
– შაყირობ?
– საკანს ჯობია...
– ყველაზე რთული რა არის, იცი? ხმის გამცემი რომ არ გყავს. იქაც გამოკეტილი ვიყავი, კლინიკაში, გაფრენას ცოტა მაკლდა.
– მე არაფერი ვიცოდი ოპერაციის შესახებ, თორემ გინახულებდი.
– აბა, რა სისულელეს ამბობ! შენზე დამჯდარი კუდიღა მაკლდა ყველა სიკეთესთან ერთად! ფორსმაჟორი რომ არა, გამორიცხულია, დარტყმის ქვეშ დამეყენებინე.
ჯანსუღმა ჩანთა მაგიდაზე შემოდო და ნივთების ამოლაგებას შეუდგა. ჯანიკომ ქურთუკი შეიხსნა, შლაპა ლურსმანზე ჩამოკიდა და ბუხართან მოკალათდა.
– რა ფორსმაჟორი?
– ოოო, ყავა კარგი მოგიფიქრებია, ერთჯერადი სუპებიც... მომენატრა წვნიანი, – წაუყრუა ჯანსუღმა.
– რა ფორსმაჟორი?
– ფორსმაჟორი არაა, ტყე–ტყე რომ ვიმალები?!
– სხვა რამეს გეკითხები, კლინიკის დატოვება რამ გაიძულა?
– რაც ნაკლები გეცოდინება, შენთვის უკეთესი. კბილის პასტა, ჯაგრისი, პირსახოცი, ყოჩაღ, შვილო, არაფერი დაგვიწყებია...
– არ მენდობი? – ჩააცივდა ჯანიკო.
– მოდი, ყავა დავლიოთ.
– კითხვაზე მიპასუხე.
– შენ ჩემ დასახმარებლად მოხვედი თუ დასაკითხად?! – იყვირა ჯანსუღმა, მაგრამ შვილის უძრავმა მზერამ განაიარაღა. ჯანიკო არც ისეთი უბრალოა, როგორც მას წარმოუდგენია, არ შეიძლება მისი წყენინება. ეს იგივეა, ის ტოტი მოიჭრა, რომელზეც ზიხარ, – რომ არ გენდობოდე, ვასოს შენთან კი არა, სხვასთან გავაგზავნიდი.
– ვინ სხვასთან, მამაჩემო, შენს ტაშფანდურა ძმაკაცებთან?! ისე გაგყიდიან ოცდაათ ვერცხლად, არ დაასლოკინებენ. ძებნილი ჯანსუღ ჯაჯანიძე მაგათთვის ზედმეტი პრობლემაა, მეტი საქმე არა აქვთ, შენ გამო სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. მკითხე, რომელმა მათგანმა დარეკა, რომელმა მოიკითხა შენი ამბავი... ან ჩემი, როგორც შენი შვილის. მკითხე და გეტყვი.
– გეკითხები.
– გპასუხობ – ამ მხრივ სრული სიწყნარეა.
ჯანსუღმა ყავას თავსახური მოხსნა, დაყნოსა და ისევ დადგა. ჯანიკომ თქვა ის, რაც ისედაც იცოდა, უბრალოდ თავს არ უტყდებოდა. გამოდის, ტყუილად შეურყევიათ ჰაერი ბრტყელ–ბრტყელი სადღეგრძელოებით, მათი ძმობა და მეგობრობა სუფრას არ გასცდენია.
– კარგი, დაჯექი და მოგიყვები.
– მე უკვე ვზივარ.
– მაშინ ყავას დავასხამ და მერე. შენც ხომ დალევ?
ჯანიკომ დიდსულოვნად დაუქნია თავი და მოთმინებით დაელოდა, როდის მორჩებოდა ჯანსუღი ყავის ჩამოსხმას.
– ერთმა მიცნო... – მძიმედ დაიწყო ჯანსუღმა, – ერთმა მამაძაღლმა ჟურნალისტმა ქალმა. ისიც სახის პლასტიკაზე იწვა. არ ვიცი, რანაირად აიღო ეჭვი, ცხვირი არ გამომიყვია პალატიდან.
– მერე?
ჯანსუღმა ბრაზით მოსვა ყავა და სიგარეტს მოუკიდა.
– მოკალი? – მიხვდა ჯანიკო.
ჯანსუღი მრავალმნიშვნელოვნად დადუმდა.
* * *
დილაუთენია დიმიტრი მობილურის ზარმა გააღვიძა. რეკავდა "კრიმინალური ქრონიკის" რედაქტორი.
– ჰო, მანანა... – ნამძინარევი ხმით გაეპასუხა დიმიტრი.
– მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლმა გვამს მიაგნო. კრიმინალური სამსახური ადგილზეა, თუ გვაინტერესებს, გავაგზავნი გადამღებ ჯგუფს. ძაღლიც და პატრონიც ჯერჯერობით ადგილზეა.
– ვისი გვამია?
– ჯერჯერობით დაუდგენელი ქალის.
დიმიტრი ცუდი წინათგრძნობით წამოჯდა ლოგინზე.
– ასაკი?
– ასაკი არ ვიცი, ძაღლმა მარტო ხელის გამოთხრა მოასწრო, შეშინებულმა პატრონმა პოლიციას გამოუძახა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს.
– გააგზავნე გადამღები ჯგუფი, ნახევარ საათში მეც ადგილზე ვიქნები. შეიძლება უფრო ადრეც!
დიმიტრიმ შხაპის მიღება გადაიფიქრა, ნოხზე დაგდებულ ჯინსებს დასწვდა და გიჟივით გავარდა სახლიდან.
ოც წუთში დანაშაულის ადგილზე იყო. გზისპირას უკვე ჩამწკრივებულიყვნენ კრიმინალური პოლიციისა და ტელეკომპანიის მანქანები. დიმიტრიმ მოშორებით დააყენა თავისი "პეჟო" და ფერდობზე ასვლა დაიწყო. მის წინ ოპერატორი მიძუნძულებდა მხარზე გადადებული კამერით, უკან, განზე გაწეული ხელებით, ჟურნალისტი მიჰყვებოდა. გვერდულად მიდიოდნენ, ქვაღორღიან, დამრეც ფერდობზე ფეხი რომ არ დასცურებოდათ. იმპროვიზირებულ საფლავთან კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. მოშორებით მდგარი მამაკაცი ძლივს აკავებდა კრემისფერ ლაბრადორს. ეს უკანასკნელი უყეფდა ყველას – კრიმინალისტებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ეტყობა, საფლავიდან ამოჩრილი ხელი არ აძლევდა მოსვენებას.
– გამარჯობა, – დიმიტრი, პირველ რიგში, მოწმესთან შეჩერდა.
ეს იყო სპორტულებში გამოწყობილი ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი. ისეთი აღელვებული ჩანდა, შეეცოდა კიდეც დასაკითხად, მაგრამ ჟურნალისტი იყო და ვიდრე კრიმინალისტების ბრიგადა საფლავის ექსჰუმაციით იყო დაკავებული, სიტუაციით უნდა ესარგებლა.
– თქვენმა ძაღლმა იპოვა გვამი?
– ჰო, ნეტავ ფეხი მომტეხოდა და აქეთ არ გამომესეირნებინა! – გული ამოაყოლა კაცმა.
– რას ბრძანებთ, თქვენი ძაღლი რომ არა, ვინ იცის, რამდენ ხანს იდებოდა მიწაში.
– ეგეც მართალია... როკ, ფუ! – დაუცაცხანა ძაღლს, – ვერ წარმოიდგენთ, რა შოკში ჩავვარდი, როცა მიწიდან ამოჩრილი თითები დავინახე. პირველად მცენარის ფესვები მეგონა, ახლოს რომ მივედი, კინაღამ თვალები გადმომცვივდა!.. ძლივს გამოვაცალე ძაღლი. კიდევ კარგი, მობილური თან მქონდა, მაშინვე პოლიციაში დავრეკე... დროულად მოვიდნენ, საყვედურს ვერ ვიტყვი.
– სხვა დროსაც სეირნობთ ამ ტერიტორიაზე?
– თითქმის ყოველდღე.
– საეჭვო არაფერი შეგინიშნავთ?
კაცმა პირველად შეხედა თანამოსაუბრეს, უფრო სწორად, პირველად აღიქვა, რომ მის წინ მამაკაცი იდგა და არა – მოლაპარაკე არსება. აშკარად იცნო, სახეზე კეთილგანწყობილი გამომეტყველება დაეხატა.
– თქვენ გადაცემა არ მიგყავდათ?
– დიახ, "კრიმინალური ქრონიკა".
– ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. რეზო მახალდიანი.
– დიმიტრი ძნელაძე.
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
– რატომ აღარ ჩანხართ ეკრანზე?
– მომბეზრდა. პროექტის ავტორის რანგში ყოფნა მირჩევნია.
– ეთერში ჯდომამ თუ მობეზრება იცოდა, არ მეგონა. თქვენი აქ გამოჩენა გადაცემას უნდა მივაწერო?
– რასაკვირველია, – დაუდასტურა დიმიტრიმ.
– რა მკითხეთ წეღან?
– რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ–მეთქი?
– რას გულისხმობთ?
– ადამიანს, ნივთს, გადათელილ ბალახს...
– გათელილ ბალახს ნამდვილად არ მივაქცევდი ყურადღებას, სხვა, ისეთი არაფერი... როკ, გაჩერდი, ფუ! – რეზომ საყელურით გამოქაჩა აქოჩრილი ძაღლი, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, დასაბმელი გამხდარიყო, რადგან კრიმინალისტებს უკვე ამოეღოთ გვამი და იქვე, თხრილის პირას დაესვენებინათ.
– უკაცრავად... – მოუბოდიშა დიმიტრიმ და თხრილს მიუახლოვდა.
თმაგაწეწილი, დედიშობილა გვამი თინა გავაშელს ეკუთნოდა. მას არასოდეს უნახავს შიშველი თინა, გვანცას მონაყოლი რომ არა, სახეზე ცნობაც გაუჭირდებოდა. თინას მიწით მოთხვრილ სახეს ჯერ კიდევ შერჩენოდა პლასტიკური ოპერაციის კვალი, ჰემატომებით დაფარული ყელი სიკვდილის მიზეზზე მიუთითებდა.
– ვითომ გაუპატიურებაა? – ჩაილაპარაკა ერთ–ერთმა კრიმინალისტმა.
– ძარცვას უფრო ჰგავს, საცვლებიც არ შეურჩენიათ საცოდავისთვის, – უპასუხა მეორემ და უძრავად მდგარ დიმიტრის მიუბრუნდა, – შენ რას იტყვი, ჟურნალისტო?
დიმიტრიმ უსიტყვოდ მოიხსნა ყელზე მოხვეული კაშნე და მოკლულს სასირცხვო ადგილებზე მიაფარა. ჟურნალისტის უცნაურმა საქციელმა კრიმინალისტი გააოცა. უცნობი გვამის მიმართ მსგავსი ყურადღება არ ჯდებოდა დიმიტრის ხასიათში. კაშნე აშკარად ძვირფასი იყო, ცნობილი ბრენდის. ერთადერთი, ვინც რაღაც იყნოსა, იყო ოპერატორი, რომელმაც გადაღება შეაჩერა და გვერდულად გახედა უფროსს. დიმიტრის თვალებში მან საკუთარი ეჭვების დასტური წაიკითხა და კამერიანად მიწაზე დაეშვა.
– ამას რაღა მოუვიდა? – მხრები აიჩეჩა კრიმინალისტმა, – ნაცნობია? – თანაგრძნობით დაეკითხა დიმიტრის.
– კარგად დააკვირდი.
– არ გადამრიო! მეც ვიცნობ?
– მას მთელი საქართველო იცნობს.
კრიმინალისტი ინტერესით დაიხარა გარდაცვლილის სახესთან. ხელთათმანიანი ხელით სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია. საწყალი თინა. ფურორის მოხდენა უნდოდა და მოახდინა კიდეც, სამწუხაროდ, სხვა მიმართულებით. თუკი მისი სული სადღაც აქ ტრიალებს, ალბათ სირცხვილით გაქრება.
– სხვების არ ვიცი, მე ნაღდად პირველად ვხედავ.
– შენ მას ყოველ შაბათს ხედავდი. პოლიტიკური ტოქ შოუ მიჰყავდა "ტვ–21"– ზე.
– ვაიმე, ეს ხომ... ეს ხომ თინა გავაშელია! – გონს მოეგო ჟურნალისტი გოგონა, მიკროფონი გულზე მიიხუტა და შეშლილი სახით ოპერატორის გვერდით დაეშვა.
– პროზექტურაში შევხვდებით ერთმანეთს, – უმისამართოდ ისროლა დიმიტრიმ და პირველმა დატოვა დანაშაულის ადგილი.
* * *
გვანცა გორდეზიანი ედუარდ თოფურიას ქელეხში იმყოფებოდა, როცა მობილურზე უცნობი ზარი დაფიქსირდა. გვანცამ ჩანგალზე ჩამოცმული ჯონჯოლი ნაჩქარევად გადაყლაპა და ღილაკს თითი მიაჭირა. დიმიტრის ხმის გაგონებაზე შეკრთა, ხოლო როცა დარეკვის მიზეზი გაიგო, ლამის ჩანგალიც ჯონჯოლს მიაყოლა. თინა გავაშელი მოკლეს, მიწაში ჩააგდეს, ძაღლმა იპოვა!..
გვანცამ მობილური დაკეცა და თეფშს მიაშტერდა.
– ვინ იყო? – მხარი გაკრა ქმარმა.
– თინა გავაშელი მოკლეს.
– ჟურნალისტი?
– ჰო, ჟურნალისტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი კლინიკის პაციენტი, – გვანცამ დარბაზს მზერა გადაავლო და თამადის გვერდით მჯდარი ვასო დაინახა.
მთავარი ექიმი მოწყენილი იჯდა, თითქოს ვიღაცის ხათრით მოვიდა ქელეხში და ახლა მომენტს ეძებდა, როგორმე შეუმჩნევლად გაპარულიყო. პირი არაფრისთვის დაუკარებია, მაშინ როცა მერიკო და ნელიკო ჭამასაც ასწრებდნენ და თამადის რეპლიკებზე თავის კანტურსაც. მაგიდებს შორის ოფიციანტები დასრიალებდნენ, კინტაურის მოცეკვავეებს ჰგავდნენ ფართოპირიანი თეფშებით გაშლილ ხელებში.
– კლინიკა რაღა შუაშია? – ჰკითხა ზაზამ.
– როგორ თუ რა შუაში? გუშინწინ თინა ჩვენი კლინიკიდან გაქრა, დღეს დილით კი მოკლულს პოულობენ. არ არის შეშფოთების საბაბი?!
– შეშფოთდი, მაგრამ სხვა დროს, მაინდამაინც ბიძაჩემის ქელეხში ნუ გაშლი აფრებს.
– მერე გვიან იქნება.
გვანცამ აღარ დააყოვნა, სკამი გასწია და ვასოსკენ გაემართა. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული უჭირდა, მაგრამ შეეცადა, ღირსეულად დაეძლია მოკლე მანძილი, რადგან ზურგზე იგრძნო ნათესავების შემფასებლური მზერა. ფეხსაცმელიც და კაბაც ქმარმა შეურჩია – მუქი და ღია იასამნისფერის და ლურჯის კომბინაცია. გვანცას კაბა მოეწონა, მაგრამ თავისთვის – არა, მულისთვის. უთხრა კიდეც ქმარს – ეს კაბა სოფოს სტილშია, ამ ჯერზე შენი ხათრით ჩავიცვამ, მაგრამ მერე სოფოს გადავულოცავო. ზაზას არაფერი უთქვამს, მაგრამ აშკარად ეწყინა. აბა, გვანცას ჰკითხოს, როგორია ოსკაროსანი მსახიობივით პანაშვიდზე დეფილირება!
– საქმე მაქვს, – გვანცა ვასოს ყურთან დაიხარა.
– თქვი, – ვასომ ისეთი სევდიანი თვალებით ამოხედა, ქუჩაში გაგდებულ ძაღლს შეშურდებოდა.
– აქ არა, ერთი წუთით ფოიეში გამოდი.
მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ ფოიეში გრილოდა და მოხარშული თევზეულის სუნი იდგა. გვანცა განაპირა კოლონასთან შედგა. აქედან ჩანდა დარბაზის ნაწილი, მთავარი შესასვლელი და შესასვლელთან მჯდარი კარისკაცი. კარისკაცი მტრედებს აჭმევდა.
– ვასო, თინა გავაშელის ამბავი გაიგე?
– სომეხთან ერთად რომ მოტყდა?
– არა, ვასო, მკვლელობას ვგულისხმობ.
– რა მკვლელობას? – წარბები შეკრა ვასომ.
– თინა გავაშელის მკვლელობით იწყება ყველა საინფორმაციო გამოშვება.
– რას მეუბნები, თინა მოკლეს? – ვასოს ისე მოზომილად გაუკვირდა, გვანცას ეჭვი შეეპარა მის ადეკვატურობაში.
– მოკლეს, ვასო, მოკლეს... და კვალი ჩვენს კლინიკასთან მიდის.
– ჩვენი კლინიკა რა შუაშია?
– ის ჩვენი კლინიკიდან გაქრა, უფრო სწორად, გააქრეს. არ მჯერა გაპარვასთან თუ გათხოვებასთან დაკავშირებული აბსურდული ვერსიების. თინა ჩვენს კლინიკაში მოკლეს.
– გვანცა, შენ ახლა დაწყნარდი და ცოტა ჭკუას მოუხმე. კლინიკის კომპრომეტაციის უფლებას არავის მივცემ, თუნდაც ნათესავს!
– მაშინაც კი, თუკი ამ კლინიკაში დანაშაული მოხდა?
– არავითარი დანაშაული! თინა გავაშელმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, სადაც განმარტა კლინიკის დატოვების მიზეზი. იმის იქით რა მოხდა, არც ვიცი, არც მინდა, ვიცოდე.
ვასოს გადიდებულ გუგებში გვანცას გაკვირვებული სახე აირეკლა. რამდენიმე წამს უსიტყვოდ ზომავდნენ ერთმანეთს. ნავსი გვანცამ გატეხა. მას ჰქონდა სათქმელი.
– მე მაინტერესებს.
– არ გირჩევ.
– მიზეზი?
– კიდევ ერთხელ გიმეორებ, თუკი შენს ცნობისმოყვარეობას კლინიკის პრესტიჟი შეეწირა, სამსახურს დაკარგავ.
– რა არის სამსახურის დაკარგვა იმასთან შედარებით, რასაც თინა შეეწირა?
– რას შეეწირა თინა?
– პროფესიას. მას ჰქონდა ინფორმაცია ერთ პიროვნებაზე.
– ვისზე?
– პაციენტზე, ვის სიყვარულსაც აბრალებენ.
– შენ... შენ რაიმე იცი იმ პაციენტის შესახებ? – ვასოს თითქოს საყრდენი
გამოეცალა, ზურგით მიეყრდნო კოლონას. შეფს აშკარად ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. გვანცას შეეშინდა, ცუდად არ გახდესო და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– იცი! – ვასოს ნერვებმა უმტყუნა, მაჯაზე ხელი ჩაავლო და თავისკენ გამოქაჩა.
– ვასო, რა მოგივიდა!
ვასომ დუნედ გაუშვა ხელი, გვერდულად მიტრიალდა, საფეთქელი მარმარილოს კოლონას დაადო და თვალები მოხუჭა.
– მაპატიე, გვანცა... არ მინდოდა შენი წყენინება... აქეთ მამაჩემის სიკვდილი, იქით უსამართლო ანდერძი, ახლა ეს თინა დაემატა. დავიღალე, აღარ შემიძლია...
– არ მწყენია, უბრალოდ შენი გაფრთხილება მინდოდა, თუკი დასაკითხად მოვიდოდნენ.
– ააა, დასაკითხად?.. ჰო, მართალი ხარ... კარგია, რომ მითხარი, გმადლობ, გვანცა. ახლა დამტოვე, მარტო მინდა დარჩენა.
გვანცამ გაგებით დაუკრა თავი და დარბაზის მიაშურა. კარში ზაზას შეეჩეხა.
– სად დაიკარგე?
– მიდი, ვასოს მიხედე, მგონი, ვერ არის კარგად, – გადაუჩურჩულა გვანცამ და დარბაზში შევიდა.
ავტორის ნახატი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523600
1523800 online