asdas
ცნობილი ადამიანები
10 დიდი საფეხბურთო სირცხვილი
10 დიდი საფეხბურთო სირცხვილი
10 დიდი საფეხბურთო სირცხვილი

2009-12-08 11:24:11



ბოლო დროს საფეხბურთო სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალი საფრანგეთის ნაკრების მიერ ირლანდიელთა კარში გატანილი გოლის შემდეგ აგორდა. ფრანგთა შეტევისას ჯერ ორი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ტიერი ანრიმ ჯერ ხელით გააჩერა ბურთი, შემდეგ გაისწორა და თანაგუნდელს საგოლედ უპასა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ჩატარებულა ისეთი მატჩები, რომლებმაც დიდი ხმაური გამოიწვიეს. გთავაზობთ 10 მათგანს.

10. იტალია – ავსტრალია. 2006

ნებისმიერ ავსტრალიელს, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, რომ ჰკითხოთ, რომელი ფეხბურთელი ეზიზღებათ ყველაზე მეტად, უყოყმანოდ დაასახელებს ფაბიო გროსოს. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში 10–კაციანი და გადაღლილი იტალიის ნაკრები ფრედ თამაშობდა ავსტრალიელებთან. მეხუთე კომპენსირებულ წუთზე გროსო თეატრალურად წაიქცა მეტოქის საჯარიმოში და მსაჯს პენალტი დასტყუა, რომელიც ზუსტად გამოიყენა ფრანჩესკო ტოტიმ და იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა.

9. გფრ – ავსტრია. 1982

ალჟირის ნაკრები გაისად ისევ იასპარეზებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ რაც 1982 წელს დამართეს, ძალიან მწარედ ახსოვთ. აფრიკელებმა ჯგუფში სენსაციურად მოუგეს გფრ–ს ნაკრებს და 4 ქულა დააგროვეს. ყველაფერი დამოკიდებული იყო გფრ–ავსტრიის მატჩზე. ალჟირელებს არ აწყობდათ 1:0 გერმანელთა სასარგებლოდ, სხვა ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაში ჯგუფიდან ალჟირელები გადიოდნენ. მატჩის მე–10 წუთზე გერმანელმა ჰორსტ ჰრუბეშმა გოლი გაიტანა და დანარჩენი 80 წუთი ფორმალობად იქცა – არც ერთ გუნდს შეტევაში თავი არ მოუკლავს. ამის შემდეგ ფიფამ წესად შემოიღო, რომ ბოლო მატჩები ერთი და იგივე დროს დაიწყოს.

8. არგენტინა – პერუ. 1978

1978 წელს მუნდიალი არგენტინაში გაიმართა და პერუელებთან მატჩში მასპინძლებს დიდი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა ბრაზილიელებისთვის გაესწროთ და ფინალში გასულიყვნენ. ასეც მოხდა – არგენტინამ 6:0 იმარჯვა. ამბობენ, რომ პერუელთა მეკარე, რომელიც წარმოშობით არგენტინელი იყო, თავის თანამემამულეებს დაეხმარა, თორემ იმ დროისთვის თეოფილო კუბილასის და მისი ნაკრების დიდი ანგარით დამარცხება არცთუ იოლი საქმე იყო.

7. ესპანეთი – იუგოსლავია. 1982

ესპანელები შინ გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, სწორედ იუგოსლავიელებთან. ისიც მსაჯის დახმარებით. იუგოსლავიელები 1:0–ს იგებდნენ, როდესაც ესპანელი ფეხბურთელი საჯარიმოს გარეთ 2 მეტრში წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ლოპეს უფარტეს დარტყმული კარს ასცდა, მაგრამ მსაჯმა დარტყმის განმეორება მოითხოვა, ხუანიტომ კი გოლი გაიტანა. მას შემდეგ მსაჯი იუგოსლავიელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლის საშუალებას თითქმის არ აძლევდა და ესპანელებმაც მეორე ბურთის გატანა მოახერხეს.

6. სსრკ – ბელგია. 1986

საბჭოთა ნაკრების კარში ორი ისეთი ბურთი ჩათვალა მსაჯმა, რომ თანაშემწესთან ერთად გულშემატკივარს ბელგიელები ეგონათ. ბელგიის ნაკრებმა დამატებით დროში 4:3 მოიგო.

5. არგენტინა – ინგლისი. 1966

ეს მატჩი ინგლისელებმა 1:0 მოიგეს 78–ე წუთზე ჯეფრი ჰერსტის გატანილი გოლის წყალობით, მაგრამ მთავარი მანამდე მოხდა – მატჩის 35–ე წუთზე მოედნიდან გააძევეს არგენტინელთა კაპიტანი ანტონიო რატინი. როგორც მსაჯმა აღნიშნა, არგენტინელ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიუყენებია 29 წლის ბრიტანეთის დედოფლისთვის. შემდეგ გაირკვა, რომ არც გერმანელ მსაჯს ცოდნია ესპანური ენა და არც რატინის – სხვა ენაზე საუბარი. დამთხვევა ის იყო, რომ ინგლისელთა მატჩს გერმანელი მსაჯობდა, ხოლო მეორე დღეს გერმანიის ნაკრების თამაში ინგლისელმა იმსაჯა.

4. გფრ – არგენტინა. 1990

ალბათ ყველაზე მოსაწყენი ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც გერმანიის ნაკრებმა 1:0 მოიგო. არგენტინის ნაკრები ფინალში გასვლას არ იმსახურებდა, მაგრამ არც ფინალში წაგების ღირსი იყო, მაგრამ მატჩის 85–ე წუთზე მსაჯმა სუფთა ვარდნის გამო პედრო მენდესი მოედნიდან გააძევა, ხოლო არგენტინელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა ანდრეას ბრემემ და გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

3. კორეა – იტალია, კორეა – ესპანეთი. 2002

ყველაზე სამარცხვინო ჩემპიონატი მსაჯების შეცდომების მხრივ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა კორეის ნაკრები ნახევარფინალში გასულიყო. ჯერ იტალიასთან მერვედფინალში დამიანო ტომაზის სუფთა "ოქროს გოლი" არ ჩაუთვალეს და მოედნიდან ტყუილუბრალოდ გააგდეს ფრანჩესკო ტოტი, ხოლო მეოთხედფინალში ესპანელებს 2 ასპროცენტიანი გოლი გაუუქმეს და თითქმის ყველა გადასვლა მეტოქის ნახევარზე თამაშგარე მდგომარეობით შეუფასეს.

2. ინგლისი – გფრ. 1966

ფინალური მატჩის დამატებით დროში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ინგლისელმა ჯეფრი ჰერსტმა უძლიერესად დაარტყა გერმანელთა კარში, ბურთი ჯერ ზედა ძელს მოხვდა და შემდეგ მიწაზე დაეცა. თანამსაჯმა ტოფიკ ბახრამოვმა მთავარ მსაჯს ანიშნა, რომ ბურთი ხაზს შიგნით დაეცა. მატჩი ინგლისელებმა 4:2 მოიგეს.თანამედროვე ტექნოლოგიებით კი გამოკვლეულია ბურთის დაცემის ადგილი და სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.როდესაც ტოფიკ ბახრამოვი კვდებოდა, ისევ შეეკითხნენ ამ მომენტის შესახებ. საბჭოელი მსაჯის პასუხი ლაკონური იყო – სტალინგრადი.

1. არგენტინა – ინგლისი. 1986

დიეგო მარადონას მიერ ამ მატჩში გატანილი ბურთი ალბათ ყველაზე ცნობილია ისტორიაში. მატჩის მე–6 წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ მარადონამ, რომელიც პიტერ შილტონს საჰაერო დუელში ვერ აჯობებდა, მუშტით გადაგზავნა ბურთი კარში – მსაჯმა ეს მომენტი ვერ დაინახა და გოლი ჩათვალა. მატჩის შემდეგ მარადონამ ამ გოლს ღმერთის ხელით გატანილი ბურთი უწოდა და ფოლკლენდის კუნძულების ომი გაიხსენა, თითქოს ინგლისელებს სამაგიერო ასე გადაუხადა. ხელით გატანილი გოლიდან რამდენიმე წუთში მარადონამ საუკუნის გოლი გაიტანა, როდესაც მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა.

მიხეილ ჟორჟოლიანი

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523680
1523880 online