asdas
ცნობილი ადამიანები
მილანი სახლში შერცხვა
მილანი სახლში შერცხვა
მილანი სახლში შერცხვა

2010-12-14 15:27:18



ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩებმა ყველა ის გუნდი გამოავლინა, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული პრიზისთვის ბრძოლას მომავალი წლიდან ფლეიოფში გააგრძელებს. ეს გუნდებია: "ტოტენჰემი", "ინტერი", "შალკე", "ლიონი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ვალენსია", "ბარსელონა", "კოპენჰაგენი", "ბაიერნი", "რომა", "ჩელსი", "მარსელი", "რეალი", "მილანი", "შახტარი" და "არსენალი", ხოლო კიდევ რვა გუნდი, რომლებმაც ჯგუფებში მესამე ადგილი დაიკავეს, მომავალი წლიდან ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ. ეს გუნდებია: "ტვენტე", "ბენფიკა", "რეინჯერსი", "რუბინი", "ბაზელი", "სპარტაკი", "აიაქსი" და "ბრაგა". თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვის "სპარტაკი" მის გულშემატკივრების უმსგავსო საქციელის გამო ევრო თასიდან მოკვეთონ.

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი

ვერდერი – ინტერი 3:0

გოლები: პრედლი (1:0, 39), არნაუტოვიჩი (2:0, 49), პისარო (3:0, 88)

ბრემენის "ვერდერისთვის" ამ მატჩს უფრო პრესტიჟული მნიშვნელობა ჰქონდა, ისევე, როგორც მილანის "ინტერისთვის", მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მოტივირებულები მასპინძლები აღმოჩნდნენ, რომლებმაც სამი უპასუხო გოლი გაიტანეს ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გამარჯვებულის კარში. თამაში დაბალ ტემპში დაიწყო, ბურთი უმეტესად მოედნის ცენტრში ტრიალებდა, თუმცა თანდათან უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და სახიფათოდაც შეუტიეს სტუმრების კარს. ამან პირველად შედეგი 39–ე წუთზე გამოიღო, როდესაც ფრინგსის მიერ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე თავით პრედლიმ ითამაშა და სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა. მეორე ტაიმი ბრემენელთა შეტევებით განახლდა და ალმეიდას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ არნაუტოვიჩმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ "ინტერმა" თამაშის ბედის შემობრუნება სცადა, მაგრამ 88–ე წუთზე მასპინძლებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და მოედანზე შეცვლაზე შესულმა პისარომ მესამედ შეარხია სტუმრების კარის ბადე.

ტვენტე – ტოტენჰემი 3:3

გოლები: ვისგერჰოფი (0:1, 12 ს.კ), ლანძაატი (1:1, 22 პენ), დეფო (1:2, 47), როსალესი (2:2, 56), დეფო (2:3, 59), ჩადლი (3:3, 64)

ლონდონის "ტოტენჰემმა" ჯერ კიდევ წინა ტურში გაინაღდა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება და ამიტომ ჰოლანდიაში "ტვენტესთან" გამართულ მატჩს მისთვის მხოლოდ ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომელ ადგილს დაიკავებდნენ ჯგუფში ინგლისელები. მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, გუნდები საკუთარი კარის დაცვაზე მეტად შეტევაზე ფიქრობდნენ, რაც სათანადოდ აისახა მატჩის ანგარიშზე. მეტოქეებმა ექვსი გოლი გაიტანეს. სტუმრები სამჯერ დაწინაურდნენ ანგარიშში, მაგრამ მასპინძლებმა სამჯერვე გაათანაბრეს ანგარიში. პირველი გოლი ამ მატჩში მე–12 წუთზე გავიდა, როდესაც ვისგერჰოფმა ბურთი საკუთარი კარის ბადეში ჩაჭრა. ეს გოლი კურიოზული გამოდგა. მასპინძლების მცველმა ბურთი საკუთარ მეკარეს, ბოსხკერს დაუბრუნა, რომელმაც ბურთს ფეხი ააცილა. "ტვენტეს" ანგარიშის გასათანაბრებლად ათი წუთი დასჭირდა. ბენუა ასუ–ეკოტომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გოლად ლანძაატმა აქია. შესვენების შემდეგ თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა. თამაშის განახლებიდან ორ წუთში დეფო მეკარესთან პირისპირ გავიდა და ისევ "ტოტენჰემი" დაწინაურდა ანგარიშში. მასპინძლებმა საპასუხო გოლი ცხრა წუთში გაიტანეს, როდესაც როსალესმა თავური დარტყმით დააგვირგვინა იანსენის ჩაწოდება. 59–ე წუთზე დეფომ პირველმა მიუსწრო მასპინძელთა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს და კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი ხუთ წუთში ჩადლიმ დაუსვა, რომელმაც ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

1.ტოტენჰემი 6 3 2 1 18:11 11

2.ინტერი 6 3 1 2 12:11 10

3.ტვენტე 6 1 3 2 9:11 6

4.ვერდერი 6 1 2 3 6:12 5

B ჯგუფი

ბენფიკა – შალკე 1:2

გოლები: ხურადო (0:1, 20), ჰევედესი (0:2, 81), ლუიზაო (1:2, 87)

სატურნირო თვალსაზრისით ლისაბონში გამართულ მატჩს დიდი მნიშვნელობა "ბენფიკასთვის" ჰქონდა, რომლებიც წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა მესამე ადგილსაც კი დამშვიდობებოდნენ, რომელიც ევროპის ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლებას იძლეოდა. საბოლოოდ პორტუგალიელებმა მატჩი მაინც წააგეს, მაგრამ, მათდა საბედნიეროდ, თამაშის მოგება ვერ მოახერხა თელ–ავივის "ჰაპოელმა" და მათ მესამე ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო ამ გამარჯვებით "შალკემ" ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. თავად მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, თუმცა მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ, სტუმრებმა კი თავიანთი პირველი შანსი გოლად აქციეს. მე–20 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა რაულმა ბურთი მკერდით დაუგდო ხურადოს, რომელმაც მიზანს არ ააცილა. ამ გოლის შემდეგ სტუმრები გაცილებით უკეთესად ათამაშდნენ და სახიფათო შეტევებმაც იმრავლა, თუმცა მეორე გოლი "ბენფიკას" კარში მხოლოდ მატჩის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე გავიდა, როდესაც "ბენფიკას" მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა ჰევედესმა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეორედ აიღო მასპინძელთა კარი. პორტუგალიელებმა მხოლოდ ისღა მოახერხეს, რომ მატჩის მიწურულს ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

ლიონი – ჰაპოელი(თ–ა) 2:2

გოლები: ლისანდრო (1:0, 62), საჰარი (1:1, 63), ზახავი (1:2, 69), ლაკასეტი (2:2, 88)

"ლიონი" – "ჰაპოელის" მატჩს დიდი მნივშნელობა სტუმრებისთვის ჰქონდა, რომლებიც მოგების შემთხვევაში მესამე ადგილს დაიკავებდნენ ჯგუფში, მაგრამ მასპინძლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და მეტოქეს მხოლოდ ქულა გაატანეს. თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, თუმცა თანდათან სტუმრები მოედანს გაუშინაურდნენ და თავადაც გადავიდნენ შეტევაზე. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაში კვლავ "ლიონის" შეტევებით განახლდა და 62–ე წუთზე ლისანდრომ გახსნა ანგარიში, მაგრამ სტუმრებს ერთი წუთი დასჭირდათ ანგარიშის გასათანაბრებლად, მეკარესთან პირისპირ გასულ საჰარს გოლის გატანა არ გასჭირვებია. კიდევ ექვსი წუთის შემდეგ შინ უკვე "ჰაპოელი" გავიდა, ზახავიმ შესანიშნავი მაკრატელა დარტყმით დალაშქრა მასპინძლების კარი. სტუმრები ახლოს იყვნენ სანუკვარ მიზანთან, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ლაკასეტიმ გაათანაბრა ანგარიში.

1.შალკე 6 4 1 1 10:3 13

2.ლიონი 6 3 1 2 11:10 10

3.ბენფიკა 6 2 0 4 7:12 6

4.ჰაპოელი(თ–ა) 6 1 2 3 7:9 5

C ჯგუფი

ბურსა – რეინჯერსი 1:1

გოლები: მილერი (0:1, 20), ილდირიმი (1:1, 79)

თურქეთში გამართულ შეხვედრას "ბურსასა" და "რეინჯერსს" შორის მხოლოდ პრესტიჟის მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისთვის, განსაკუთრებით კი მასპინძლებისთვის, რომელთა დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ უიღბლო გამოდგა. თურქებს ამ მატჩამდე ქულაც კი ჰქონდათ მოპოვებული. თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. სახიფათო მომენტები იქმნებოდა როგორც ერთ, ისე მეორე კართან. ასეთმა თამაშმა პირველ ტაიმში წარმატება სტუმრებს მოუტანა. მე–20 წუთზე უიტეკერის მიერ მასპინძლების საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მილერი დახვდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ გლაზგოელს გოლის გატანა არ გასჭირვებია. შესვენების შემდეგ თამაში მასპინძლების შეტვებით განახლდა, ამან კი შედეგი 79–ე წუთზე გამოიღო, როდესაც ილდირიმმა იპეკსის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის დარჩენილ დროში უფრო მასპინძლები აქტიურობდნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მანჩესტერი – ვალენსია 1:1

გოლები: პ.ერნანდესი (0:1, 32), ანდერსონი (1:1, 62)

მანჩესტერში გამართული მატჩის ორივე მონაწილეს, როგორც "იუნაიტედს", ისე "ვალენსიას" ფლეი–ოფში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდა და მხოლოდ ისღა იყო გასარკვევი, რომელი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებდა. სტუმრები გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავებას შეძლებდნენ, ხოლო მასპინძლებისთვის მატჩის ფრედ დასრულებაც საკმარისი იყო. თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა. "ვალენსიას" ასევე საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხისთვის სურდა რევანშის აღება. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ინგლისელებს საკუთარ კარში ბურთი არ ჰქონდათ გაშვებული. თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტიც მათ შექმნეს, მაგრამ საიმედოდ ითამაშა სტუმართა კარის დარაჯმა ვისენტე გუაიტამ. საერთოდ, ესპანელმა მეკარემ ეს მატჩი შესანიშნავად ჩაატარა. თანდათან შეტევაზე ფიქრი ღამურებმაც დაიწყეს და 32–ე წუთზე მათ მასპინძლები კონტრშეტევაზე დაიჭირეს, დომინგესის გადაცემის შემდეგ პაბლო ერნანდესმა გახსნა ანგარიში. მანკუნიანელებს ცდა არ დაუკლიათ ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რამაც შედეგი საბოლოოდ 62–ე წუთზე გამოიღო, როდესაც სტუმართა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ანდერსონმა მიუსწრო და ანგარიში გაათანაბრა.

1.მანჩესტერი 6 4 2 0 7:1 14

2.ვალენსია 6 3 2 1 15:4 11

3.რეინჯერსი 6 1 3 2 3:6 6

4.ბურსა 6 0 1 5 2:16 1

D ჯგუფი

ბარსელონა – რუბინი 2:0

გოლები: ფონტასი (1:0, 51), ვ.ვასკესი (2:0, 82)

კატალონურმა "ბარსელონამ", როგორც იქნა მოახერხა "რუბინის" სახით კერკეტი კაკალის გატეხვა. ამასთან, რაც ვერ შეძლეს მისმა აღიარებულმა ვარსკვლავებმა, მოახერხეს კატალონიელთა გუნდის რეზერვისტებმა. მატჩმა მასპინძლების, რომლებიც მეტოქეს მეორე შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, სრული უპირატესობით ჩაიარა. ისინი ბევრს და სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მაინც ვერ შეძლეს სტუმრების წინააღმდეგობის გატეხვა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს. შესვენების შემდეგ მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 51–ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ფონტასი დაეუფლა და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. 82–ე წუთზე კატალონიელთა მორიგ შეტევას მორიგი გოლი მოჰყვა, ვასკესის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა "რუბინის" მეკარემ.

კოპენჰაგენი – პანათინაიკოსი 3:1

გოლები: ვინგორ ჰანსენი (1:0, 26), გრონკიაერი (2:0, 50 პენ), სისე (2:1, 73), კანტე (3:1, 90)

დანიის დედაქალაქში გამართულ მატჩს "კოპენჰაგენსა" და "პანათინაიკოსს" შორის უპირველესი მნიშვნელობა მასპინძლებისთვის ჰქონდა, რომლებიც მოგების შემთხვევაში ფლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებდა. მატჩმა მასპინძლების სრული უპირატესობით ჩაიარა. მათ მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს. პირველი გოლი სტუმრების კარში 26–ე წუთზე ჰანსენმა გახსნა. 50–ე წუთზე სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოში გრონკიაერი წააქციეს და მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, რომელიც თავად დაზარალებულმა აქცია გოლად. სტუმრებს თუნდაც ქულის აღების მცირე შანსი 73–ე წუთზე სისეს გოლმა ჩაუსახა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე კანტემ მათ ამ იმედებს ცივი წყალი გადაასხა.

1.ბარსელონა 6 4 2 0 14:3 14

2.კოპენჰაგენი 6 3 1 2 7:5 10

3.რუბინი 6 1 3 2 2:4 6

4.პანათინაიკოსი 6 0 2 4 2:13 2

E ჯგუფი

ბაიერნი – ბაზელი 3:0

გოლები: რიბერი (1:0, 35), ტიმოშჩუკი (2:0, 37), რიბერი (3:0, 50)

მიუნხენში გამართულ მატჩში "ბაიერნმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა "ბაზელი", რომელიც ამ მატჩამდე ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ფლეიოფში მოხვედრის შანსს. ამიტომ თამაში სწორედ შვეიცარიული კლუბის შეტევებით დაიწყო და მათ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს მიუნხენელთა კართან. მასპინძლებმა ამ შეტევებს გაუძლეს და მალე თავად დაეუფლნენ უპირატესობას. 35–ე წუთზე კონტენტოს გადაცემის შემდეგ რიბერიმ გახსნა ანგარიში. გერმანელებმა სტუმრებს გონს მოსვლა არ აცალეს და ორ წუთში ტიმოშჩუკმა ანგარიში ორ ბურთამდე გაზარდა. მეორე ტაიმში თამაში მასპინძლების შეტევებით განახლდა და ხუთ წუთში რიბერიმ დუბლი მიითვალა პირად ანგარიშზე. "ბაიერნმა" კი დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

კლუჟი – რომა 1:1

გოლები: ბორიელო (0:1, 21), ლ.ტრაორე (1:1, 88)

"რომას" გასვლით შეხვედრაში "კლუჟთან" მატჩის ფრედ დასრულებაც ჰყოფნიდა იმისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოეპოვებინა. მაშინ, როდესაც მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაშიც კი მეოთხე ადგილს ვერ ასცილდებოდნენ. თამაში მასპინძლების შეტვებით დაიწყო. მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს რომაელთა კართან. სტუმრები პირველი თხუთმეტი წუთის შემდეგ გამოფხიზლდნენ, შეტევაზე გადავიდნენ და 21–ე წუთზე ბორიელომ მასპინძელთა მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმი უფრო აქტიურად მასპინძლებმა ჩაატარეს, რასაც 88–ე წუთზე ტრაორეს თავური დარტყმა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.

1.ბაიერნი 6 5 0 1 16:6 15

2.რომა 6 3 1 2 10:11 10

3.ბაზელი 6 2 0 4 8:11 6

4.კლუჟი 6 1 1 4 6:12 4

F ჯგუფი

ჟილინა – სპარტაკი(მ) 1:2

გოლები: მაიტანი (1:0, 48), ალექსი (1:1, 54), იბსონი (1:2, 61)

"ჟილინა" – "სპარტაკის" მატჩი სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა არც ერთი გუნდისთვის. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაშიც კი ბოლო ადგილს ვერ ასცილდებოდნენ, ხოლო სტუმრები მესამე ადგილს. მატჩის პირველი ტაიმი მოსკოვური კლუბის ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მეორე ტაიმი კი მასპინძლების შეტევებით დაიწყო და უკვე მეორე წუთზე იეჟის ჩაწოდების შემდეგ მაიტანმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ექვს წუთში მოახერხეს. მასპინძლები თამაშგარე მდგომარეობის შექმნის დროს შეცდნენ, რითიც კარგად ისარგებლა ალექსმა და მეკარესთან პირისპირ გასულს გოლის გატანა არ გასჭირვებია. კიდევ შვიდი წუთის შემდეგ "სპარტაკის" ბრაზილიელი უკვე გოლის თანაავტორად მოგვევლინა. მისი შესანიშნავი გადაცემით იბსონმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

მარსელი – ჩელსი 1:0

გოლები: ბრანდაო (1:0, 81)

ჯგუფში ადგილების საბოლოო განაწილებაზე გავლენას ვერც "მარსელი" – "ჩელსის" მატჩი მოახდენდა. ფრანგები გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ ეწეოდნენ არისტოკრატებს, რომელთაც ამ მატჩამდე ყველა თამაში ჰქონდათ მოგებული. თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო, ორივე გუნდი სახიფათოდ უტევდა მეტოქის კარს. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. შესვენების შემდეგ უფრო მეტად "მარსელი" აქტიურობდა. მასპინძლების შეტევები უფრო სახიფათო გახდა, ამან შედეგი კი მატჩის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე გამოიღო. ტაივოს მიერ "ჩელსის" საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ბრანდაო დახვდა და სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა.

1.ჩელსი 6 5 0 1 14:4 15

2.მარსელი 6 4 0 2 12:3 12

3.სპარტაკი(მ) 6 3 0 3 7:10 9

4.ჟილინა 6 0 0 6 3:19 0

G ჯგუფი

რეალი – ოსერი 4:0

გოლები: ბენზემა (1:0, 12), რონალდუ (2:0, 49), ბენზემა (3:0, 72, 4:0, 88)

მადრიდში გამართულ შეხვედრას "რეალისთვის" დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამეფო კლუბმა ჯერ კიდევ წინა ტურში დაიბევა ჯგუფში პირველი ადგილი. სამაგიეროდ, მატჩს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტუმრებისთვის, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი მათი კონკურენტის, "აიაქსის" თამაშის შედეგზე იქნებოდა დამოკიდებული. ამის მიუხედავად, მატჩის პირველმა წუთებმა მასპინძლების სრული უპირატესობით ჩაიარა, რასაც მე–12 წუთზე შედეგი მოჰყვა. რონალდუს გადაცემის შემდეგ ბენზემამ ნახტომში თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგაც "რეალს" გოლის გატანის უფრო მეტი შანსი ჰქონდა. სტუმრებმა მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ შუა ტაიმში შეძლეს. სწორედ ამ დროს განახორციელეს მათ თავიანთი პირველი სახიფათო შეტევა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს. პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაში სტუმრების შეტევებით განახლდა, მაგრამ 49–ე წუთზე მასპინძლებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და რონალდუმ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამ გოლმა სტუმრები საბოლოოდ გატეხა. 72–ე წუთზე ბენზემამ ბურთი მოედნის სიღრმიდან მიიღო და ზუსტი დარტყმით სტუმართა მეკარე უშანსოდ დატოვა, ხოლო მატჩის დასრულებამდე ორი წუთით "ოსერის" მეკარემ ბავშვური შეცდომა დაუშვა და ბენზემამ ანგარიში გამანდგურებელი გახადა.

მილანი – აიაქსი 0:2

გოლები: დე ზეუვი (0:1, 57), ალიდერვერელდი (0:2, 66)

ამსტერდამის "აიაქსს" მილანში გამართულ მატჩში მხოლოდ სამი ქულის აღება სჭირდებოდა, რათა ასპარეზობა მესამე ადგილზე დაესრულებინა და მომავალი წლიდან ევროპის ლიგაზე ეცადა ბედი. მაშინ, როდესაც "მილანს" სატურნირო მოტივაცია დაკარგული ჰქონდა,თამაში უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს, ისინი კარგად აკონტროლებდნენ ბურთს და სახიფათოდ უტევდნენ მასპინძლების კარს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგაც უფრო მეტად "აიაქსი" აქტიურობდა და 57–ე წუთზე დე ზეუვის დარტყმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. "მილანმა" თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა, მაგრამ 66–ე წუთზე ალიდერვერელდის დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

1.რეალი 6 5 1 0 15:2 16

2.მილანი 6 2 2 2 7:7 8

3.აიაქსი 6 2 1 3 6:10 7

4.ოსერი 6 1 0 5 3:12 3

H ჯგუფი

შახტარი – ბრაგა 2:0

გოლები: რაცი (1:0, 78), ლუის ადრიანო (2:0, 83)

დონეცკში "შახტარმა" "ბრაგას" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩს გუნდებისთვის სატურნირო მოტივაცია დაკარგული ჰქონდა, თამაში საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით მასპინძლები აქტიურობდნენ. პირველ ტაიმში სტუმრებმა უკრაინული კლუბის შეტევებს გაუძლეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თამაშის ტემპი გაზარდეს და შედეგმაც არ დააყოვნა. 78–ე წუთზე სრნას ჩაწოდების შემდეგ რაცმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე ლუის ადრიანომ რაცის გადაცემის შემდეგ მეორედ დააწუხრა პორტუგალიელები.

არსენალი – პარტიზანი 3:1

გოლები: ვან პერსი (1:0, 30 პენ), კლეო (1:1, 52), უოლკოტი (2:1, 73), ნასრი (3:1, 77)

ლონდონის "არსენალმა" საკუთარ მოედანზე ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა ჯგუფის აუტსაიდერი ბელგრადის "პარტიზანი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა უქულოდ დაასრულა. თამაში მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა, რომელთა შეტევებს სტუმრებმა მხოლოდ 30–ე წუთამდე გაუძლეს. ამ წუთზე სერბებმა მათ საჯარიმოში შეჭრილი ვან პერსი მოცელეს, რისთვისაც მსაჯმა მათ კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა თავად ვან პერსიმ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. 52–ე წუთზე სრულიად ალოგიკური გოლი გავიდა მასპინძლების კარში. კლეოს მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთი "არსენალის" კარის ბადეში აღმოჩნდა. მეთოფეებმა კიდევ უფრო მოუმატეს თამაშის ტემპს და 73–ე წუთზე უოლკოტმა კვლავ წინ გაიყვანა მასპინძლები, ხოლო მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი 77–ე წუთზე ნასრიმ დაუსვა.

1.შახტარი 6 5 0 1 12:6 15

2.არსენალი 6 4 0 2 18:7 12

3.ბრაგა 6 3 0 3 5:11 9

4.პარტიზანი 6 0 0 5 2:13 0

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523520
1523720 online