asdas
ცნობილი ადამიანები
ცუდი ბიჭები
ცუდი ბიჭები
ცუდი ბიჭები

2010-12-13 16:06:44



დასაწყისი წინა ნომრებში

თავი მეოთხე

ბილ კინიმ მის წინ მაგიდაზე დადგმული ბოთლიდან ჭიქა სასმელით შეივსო. ამ დროს ოფიციანტიც გამოჩნდა და ვარგას ცარიელი ყავის ჭიქა წაიღო და მის ნაცვლად ჰამბურგერიანი თეფში დაუდო. კინი სავსე თეფშს მიაჩერდა, რომელზე დადებულ ჰამბურგერს ორივე მხრიდან ფრანგულად შემწვარი კარტოფილი და ჩაშუშული კომბოსტო ჰქონდა შემოწყობილი. იგი ვერ იტანდა იმის ყურებას, თუ როგორ ნთქავდა ვარგა საჭმელს.

ვარგამ კეტჩუპი აიღო და შემწვარ კარტოფილს მოასხა.

– ამრიგად, ტოცის უნდა ვუფრთხილდე?

კინიმ ლუდი მოსვა და თავი გადააქნია.

ვარგამ კეტჩუპი ჰამბურგერსაც მოასხა.

– ასეა?

ვარგა მოხუც ქალს ემსგავსებოდა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ არაფრის შიში უნდა ჰქონოდა და ამიტომ კინისთან შეხვედრა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული.

– ტოციმ არც კი იცის თქვენი არსებობის შესახებ. მას სულ სხვა აგენტურული მონაცემები აქვს.

– მაინც როგორი?

ვარგამ ჰამბურგერს ჩანგალი ჩაარჭო და მოკბიჩა. როდესაც ჭამდა, მისი ორმაგი ღაბაბი ცახცახებდა. კინიმ თვალი აარიდა.

– ის მათზე ნადირობს, რომლების ციხეში გამომწყვდევაც ვერ მოახერხა. კლამსი ერთ–ერთი მათგანი იყო. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ტოცისთვის არაფერია ცნობილი მისი შესახებ, რომ ის თქვენზე მუშაობდა. მე თავად ჩავატარე ჩხრეკა კლამსის დაღუპვის შემდეგ მის ბინაში. ტოცი იქ იყო, მაგრამ სავარაუდოდ ვერაფერს მიაგნო. მან იქაურობა თავდაყირა დააყენა, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ არ იცოდა სად უნდა ეძებნა. მერწმუნეთ, ასეთ რამეებში კარგად ვერკვევი. ამასთან კლამსიც საკმაოდ ეშმაკი იყო, რათა სახლში რაიმე საფრთხის შემცველი შეენახა.

ვარგა ამაში ამდენად დარწმუნებული არ იყო. ის ახლა ჩაშუშულ კომბოსტოს უმკლავდებოდა, მაგრამ როგორც ჩანდა ამ კერძისგან სიამოვნებას ვერ ღებულობდა. და საერთოდ ის გურმანი არ იყო.

– ერთი მითხარით, – ვარგამ პირი მოიწმინდა, – როგორ მოხდა, რომ სწორედ თქვენ ჩაატარეთ ჩხრეკა კლამსის ბინაში?

– მას შემდეგ, რაც თქვენ დამირეკეთ და მისი სიკვდილის შესახებ მაცნობეთ, კანტორაში ვწრიალებდი და ისე ვიქცეოდი, თითქოს საქმე არაფერი მქონდა. როდესაც ივერსს დაურეკეს და მოახსენეს, რომ კლამსის ცხედარი იპოვნეს, მე აღმოვჩნდი ერთადერთი საგანგებო აგენტი, რომელიც იმ წუთას კანტორაში იმყოფებოდა.

ვარგამ თავი დაუქნია და კარტოფილს მიუბრუნდა. კინიმ მის თავს ზევი სარკის კედელს ახედა და მასში ფინის გამოსახულება დაინახა, რომელიც დახლთან იჯდა. კინის ვერაფრით გაეგო, თუ რატომ ჰყავდა ვარგას ეს უსუსური და უნიჭო პანკი პირად მცველად. უტვინო და ბინძური არარაობა.

სიჩუმემ დაისადგურა, როდესაც ვარგა მთავარ კერძს მიადგა: ადრინდელი გამოცდილებით კინიმ იცოდა, რომ ვარგა არ დამშვიდდებოდა ვიდრე თეფს ბოლომდე არ მოაცარიელებდა. რა თქმა უნდა მას შეეძლო ლაპარაკი დაეწყო, მაგრამ იცოდა, რომ ვარგა მას არ მოუსმენდა. ამიტომ დაცდა ამჯობინა. ის იჯდა ლუდს წრუპავდა და სარკეში ანარეკლს უყურებდა. სტანციონეში ბარი და გრილ–ბარი წვრილმანი მაფიოზების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა, რომელთა სამოქმედო არეალს პორტის მახლობლად მდებარე ელიზაბეტის კვარტალი წარმოადგენდა. აქ ყველა კედელი სარკის იყო. მაფიოზებს მოსწონთ, როდესაც ყველგან სარკეა, ასე უკნიდან ვერავინ მოგეპარება. რა თქმა უნდა ნათლიმამებს კედლისკენ სახით ჯდომა არ უწევდათ, სულ ერთია იგი სარკის იქნებოდა თუ ჩვეულებრივი. მან შენიშნა, რომ ფინი კაბინების რიგს ათვალიერებდა და მას სარკეში ხელი დაუქნია, მაგრამ იმ ნაძირალას მათი კაბინისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ვარგამ კარტოფილის ნარჩენები ბოლომდე შეჭამა და ყავა მიაყოლა. შემდეგ კი კინის შეხედა.

– ტოცის თაობაზე რას აპირებს ივერსი, რა ნაბიჯებს დგამს? ეს ისტორია ისევ მაინტერესებს.

– ივერსმა სამსახურში დააბრუნა ტოცის ყოფილი მეწყვილე და ყოფილი მეგობრის მოძებნა დაავალა, აგენტს გვარად გიბსონს.

ვარგამ სკეპტიკური მზერა ესროლა.

– ამ ყველაფერს როგორ შეხვდებიან ვაშინგტონში?

კინიმ ჩაიღიმა და თავი გააქნია.

– ივერს ენაზე კბილი აქვს დაჭერილი. ის ძალიან ზრუნავს საკუთარ კარიერაზე. მას მიაჩნია, რომ თუ ტოცის მანამდე მოძებნის, სანამ ამის შესახებ ვაშინგტონისთვის გახდება ცნობილი, ის თავიდან აიცილებს უსიამოვნებებს. ამის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვისაა ცნობილი, ადგილობრივ განყოფილებაში. ივერსი ცდილობს სიბინძურე სახლიდან არ გაიტანოს.

ვარგამ ყავა ბოლომდე შესვა.

– მინდა, რომ ამ გამოძიებაში თქვენ მიიღოთ მონაწილეობა. თუნდაც იმისთვის, რათა ვიცოდეთ, თუ რას აკეთებს ტოცი.

კინი ვერ იტანდა, როდესაც ვარგა განკარგულებებს იძლეოდა, რომელიც ბიუროში მის სამუშაოს შეეხებოდა. აქ იგი თავად იყო საკუთარი თავის უფროსი.

– მე უკვე ამაზე ვიფიქრე. როდესაც საჭირო გახდება, ივერსს ვუკარნახებ, რომ გამოძიებაში ჩამრთოს, რათა ტოციზე ნადირობას ჩავუდგე სათავეში. და ივერსი განსჯის შემდეგ იმ დასკვნამდე მივა, რომ უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავს. გიბსონის გარდა, მთელ განყოფილებაში მე ვარ ერთადერთი, ვისთვისაც ტოცის შესახებ რაღაც იცის, თუნდაც იმიტომ, რომ კლამსის ბინაში ჩხრეკა მე ჩავატარე. ტოცისთან არასოდეს მიმუშავია და ამიტომ იგი მე სახეზე არ მცნობს. თუ ვთქვათ გიბსონი მას ერთი კვირის განმავლობაში ვერ მოძებნის, ივერსს დაველაპარაკები. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის იგი ისეთ პანიკაში იქნება ტოცის გამო, რომ უეჭველად მიიღებს ჩემს წინადადებას.

ვარგა ხმის ამოუღებლად უყურებდა. ის ფიქრობდა.

– კარგი, – წარმოსთქვა მან ბოლოს და თავი ოდნავ დაუქნია.

შემდეგ მაგიდაზე დადგმულ ბოთლს მიეტანა და მასში დარჩენილი ლუდი ბოლომდე გამოსცალა.

– მაგრამ ეს თქვენს დანარჩენ საქმეებზე არ აისახება?

კინიმ თავი გადააქნია.

– ამაზე არ იდარდოთ. ატლანტიკ–სიტიში მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც ჩავდივარ. მე იქ უკვე მაქვს ერთი საწყობი და მალე კიდევ ოთხი სხვა მექნება. ჩვენ მარგეტეში მაღაზია შევიძინეთ და იქ ერთ–ერთ ადგილობრივ ყმაწვილთან გავედი კონტაქტზე. ის რა თქმა უნდა ოდნავ მოსულელოა: ვიეტნამის ვეტერანი. მან სამსახურში მოწყობა ვერ მოახერხა, მაგრამ ციხეშიც არ მჯდარა, შევამოწმე.

ვარგას, მსუქან ნაძირალას, ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. არადა კეთილი სიტყვა ყველას სიამოვნებს.

– მაცნობეთ, როდესაც ტოცის ძებნაში ჩაგრთავენ, ხოლო ოპერაცია ატლანტიკ–სიტი და თავისი დინებით წავიდეს, მხოლოდ ცოცხლად.

– ამაზე ნუ შეწუხდებით. ექვსი კვირის შემდეგ ყველაფერი მზად მექნება. ყველაზე დიდი რვა კვირაში.

– თუ იფიქრეთ სარესტორნო ოპერაციაზე, რომელიც გთხოვეთ? – კითხა მან და საუბრის თემა მკვეთრად შეცვალა.

– ჰოოო... ამჯერად რამდენი?

– მხოლოდ ერთი.

– ვინ?

– ორლანდო გუსმანი. დამოუკიდებელი დილერი ისტ–ორანჯიდან, რომელსაც ჰგონია, რომ თითქოს მას არ ვჭირდები. ამასთან ყბედიცაა, მე კი ამას ვერ ვიტან. დაე სხვა დამოუკიდებელმა მოვაჭრეებმა გაიგონ, რომ ასე აღარ იქნება. მიხვდით რასაც ვგულისხმობ?

– გინდათ გაკვეთილი ჩავატაროთ მის მაგალითზე?

– ამან დაგაინტერესათ?

ჩაფიქრებულმა კინიმ ლუდი ჭიქაში ჩაისხა. მკვლელობა რთული საქმე სულაც არ არის და თუ საქმე ამაზე მიდგა, ადამიანისთვის თავის მოჭრა იმაზე ძნელი არ არის ვიდრე მისთვის მკერდში ტყვიის დახლაა. შედეგი იგივე. მკვდარი მაინც მკვდარია. უბრალოდ ის აღმოჩნდა ერთადერთი, რომელშიც ზიზღს არ იწვევს ადამიანისთვის თავის მოჭრა, სხვები ამას ვერ იტანენ, და საქმე იმაში არ არის, რომ მას ეს მოსწონს, ან რაიმე ამის მსგავსი, უბრალოდ ამაში არაფერია განსაკუთრებული.

– თქვენ ოცდაათი ათასი ახსენეთ?

ვარგამ თავი დაუქნია.

– ყველა სამზადისს საკუთარ თავზე ვიღებ. თქვენი მხოლოდ მისვლა იქნება საჭირო.

კინიმ მაგიდიდან ხელუხლებელი მაგიდის დანა აიღო და სკალპელივით აიქნია.

– საკუთარი მოვიტანო?

ვარგამ თავი გადააქნია.

– დანები უკვე გამზადებულია.

კინიმ კეფა მოიქექა. ის ფიქრობდა ფასი ხომ არ აეწია.

– ჰო, სტივ, – მოულოდნელად შეაწყვეტინა ფიქრი ვარგამ, – როგორ არიან თქვენი ბავშვები?

ის ახლა თურქი ფაშასავით იღიმებოდა.

– კარგით, – კინიმ დანა მაგიდაზე დადო, – შევთანხმდით. გავაკეთებ.

– მომავალ კვირაში წვრილმანებს შევათანხმებთ.

ვარგამ ჯიბიდან ოცდოლარიანი ამოიღო და უხალისოდ დააგდო მაგიდაზე. შემდეგ თითი ასწია და ფინის დაუქნია.

კინიმ სარკეში დაინახა, როგორ ჩამოხტა მაღალი სკამიდან პანკი და ვარგასკენ სახით შეტრიალდა. ის ფართოდ ფეხებგაჩაჩხული იდგა, თავისი მამლის ბიბილოთი თავზე, თავს მაგარ ბიჭად აჩვენებდა. კაცი მის დანახვაზე სიცილით გასკდებოდა.

– მე შენ გეძახი, – ჩაიდუდღუნა ვარგამ და გაბრაზებული სახით გავიდა კაბინიდან.

– იცით, არ გეწყინოთ.

ვარგა მასთან მივიდა და თვალებში ჩახედა.

– კარგი... შენც ნუ გეწყინება.

კინის თავისი სახლი გაახსენდა ქალაქის გარეუბანში, განსაკუთრებით მისი პირველი სართული, რომლის ფანჯარაში ნებისმიერს შეეძლო შეეღწია, მითუმეტეს რომ ყველა მათგანს არ ეკეთა დამცავი გისოსები. მან იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რა დაუჯდებოდა კარგი სიგნალიზაციის გაკეთება. სარკეში გაიხედა და ვარგას მსუქან უკანალს ჰკიდა მზერა, რომელიც უკვე კარში გადიოდა. ნაგავი, გაიფიქრა მან, მსუქანი ნაგავი.



თავი მეხუთე

ტოცის საშინლად სურდა პერანგის საკინძის შეხსნა, მაგრამ მან იცოდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. ოთხშაბათობით ბანკის თანამშრომლებთან ეს მიღებული არ იყო. ამიტომ იგი წელში გამართული დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, რათა შარვალი არ დაჭმუჭვნოდა და ეკონომიკური ჟურნალის ძველი ნომრის ფურცვლას შეუდგა. იგი კადასტრის თაობაზე სტატიაზე შეჩერდა, ვინაიდან რაიმე ასეთის კითხვას აუცილებლად დაიწყებდა ბანკის ვიცე–პრეზიდენტი. პირველი ორი აბზაცი წაიკითხა, იმაზე ჩაფიქრდა, თუ რა ჯანდაბა იყო მიწის კადასტრი და ვერაფერს მიხვდა. მან ტელეფონისტ გოგონას გადახედა, რომელიც რაღაცას გამალებით წერდა.

საინტერესოა, ბანკირს ამისთანასთან დაწოლა თუ მოუნდებოდა, გაიფიქრა მან. ნათელია, მისი ფიგურით. ის გულდასმით ათვალიერებდა მას, სანამ ტელეფონმა არ დარეკა და გოგონამ ყურმილი აიღო, შემდეგ კი მას შეხედა.

– მისტერ ტომპსონ, – უპასუხა მან ტელეფონში, იმავდროულად ყველაზე ნაზი ღიმილით დააჯილდოვა ტოცი, მათ შორის, რომელიც კი მას ოდესმე ქალებისგან მიუღია, – მისტერ ტომპსონი აქ არის, – და უკვე ტოცის მიმართა, – მისის ვარგა ახავე მიგიღებთ.

ტოციმ მადლობის ნიშნად გაუღიმა მომხიბვლელ შავგვრემან გოგონას, რომელმაც მისთვის ასეთი გულითადი ღიმილი არ დაიშურა. კედელზე მის თავს ზევით, დიდი მოთუთიებული ასოებით იყო გამოყვანილი კომპანიის სახელწოდება "დეიტარიჩ ინკ.".

– ამ დერეფანს გაჰყევით, შემდეგ მარჯვნივ, – უთხრა გოგონამ, – მისის ვარგას ოფისი სულ ბოლოს კუთხეშია.

– გმადლობთ.

მან პორტფელი აიღო, რომელშიც თუ 9–მილიმეტრიან "ბერეტას" არ ჩავთლით, არაფერი იდო. იარაღი კი აკურატულად იყო შეხვეული "უოლტ–სტრიტჯორნელის" გუშინდელ ნომერში. ტოცის არ უყვარდა იარაღის ისეთ ადგილას ქონა, რომელიც ძნელად მისაწვდომი იყო, მაგრამ მისი ბრწყინვალედ შეკერილი ლურჯი, ორ ბორტიანი, ევროპული სტილის კოსტუმი მეტისმეტად იყო მორგებული მის ფიგურაზე, რათა მის ქვეშ სამხრე ქამარი დაემაგრებინა ან თუნდაც რევოლვერი ქამარში გაერჭო. ხოლო დღევანდელ ვიზიტში მისი უნაკლო იერსახე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ვიდრე სწრაფად იარაღის ამოღების შესაძლებლობა.

ის მიაბიჯებდა ხალიჩით მოფენილ დერეფანში, საკუთარ სიარულს თვალს ადევნებდა. ერთხელ მას ერთმა ქალმა უთხრა, რომ პოლიციელის ცნობა ყოველთვის შეიძლება მისი სიარულის მანერით, და თუ ამას გაითავისებ, ერთი კვარტალის მანძილზე იგრძნობ ხიფათს. სამწუხაროდ მისთვის ქალს არ უთქვამს, თუ რითი გასცემს საკუთარ თავს სიარულისას პოლიციელი.

სიარულის დროს ტოცი ოფისების ღია კარებებში იყურებოდა. იქ მყოფი კლერკები მეტისმეტად საქმიანად გამოიყურებოდნენ: ტელეფონის ყურმილი მხარზე, მწვანედ განათებული კომპიუტერის მონიტორის ეკრანი. ამ ყმაწვილებიდან არცერთი არ გამოიყურებოდა ოცდაათ წელზე მეტი ხნისად.

დერეფნის ბოლოში, მისის ვარგას ოფისის პირდაპირ, დიდი ფანჯარა იყო პანორამული ხედით. პირველ პლანზე ორი კვადრატული, ფუტურისტული კონსტრუქციის მინისა და ბეტონისგან აგებული შენობები მოჩანდა, რომლებიც ორი უზარმაზარი რობოტივით აღმართულიყვნენ, ხოლო მეორეზე – გარდენ–სტეიტ–პარკვეი.

ტოციმ თავი კარის ჭრილში შეჰყო.

– მისის ვარგა? – მან გაიღიმა, – რობერტ ტომპსონი.

შავგვრემანმა ქალმა, რომელიც დიდ საწერ მაგიდასთან იჯდა, ცივად შეხედა. მაღალი ღაწვები მის სახეს ეშმაკურ შეხედულებას აძლევდა. ის უფრო მეტად კაბაში გამოწყობილ კინოგმირ მამაკაცს ჰგავდა. მას ეცვა მკაცრი სტილის ნაცრისფერი კოსტუმი, აბრეშუმის ბლუზი ოქროს ბროშკით. თვალები ოვალური, ღრმად ჩამჯდარი, მუქი ფერის ჰქონდა. ტიპიური სიცილიური თვალები, რომელშიც მუდმივად უნდობლობაა ასახული.

– დაბრძანდით... მისტერ ტომპსონ.

მან ეს ფრაზა გარკვეული გაღიზიანებით წარმოსთქვა. და ტოციმ მაშინვე გაიფიქრა, რომ კარგი იქნებოდა ამ საქმეზე გიბსონთან ერთად ემუშავა. გიბსონს ბიზნესმენის როლის შესრულება ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, ვიდრე მას. საერთოდ კანტორაში ანგლოსაქსები სხვებზე უკეთ გამოიყურებიან, ისინი დიდ ნდობას იწვევენ.

სავარძელში ჩაჯდომისას, მან მაგიდაზე დადგმული ბრინჯაოს ტაბლო დაინახა, რომელზეც ეწერა – ჯოანა კ.ვარგა. რა ჯანდაბად ატარებს ჯერ კიდევ მის სახელს? მაგრამ მან მაშინვე გაიფიქრა, რომ მისი ქალიშვილობის გვარი არანაკლებ ააღელვებდა საქმიან სამყაროს. და მაინც მას უფრო მეტად მოსწონდა მასზე ეფიქრა, როგორც ჯოან კოლესანოზე.

ტოციმ ხელი გულისჯიბეში ჩაიყო და სავიზიტო ბარათი ამოიღო: რობერტ უ.ტომპსონი, სიტი–ბანკის ვიცე–პრეზიდენტი, კლიენტებთან თანამშრომლობის სამსახური. ჯოანამ სავიზიტო ბარათს ყურადღება არ მიაქცია, წამოდგა და შემოსასვლელი კარი მიხურა.

ტოცის უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა, თითქოს იგი ჯერ კიდევ მანამდე გამოამჟღავნეს, სანამ მოქმედებას დაიწყებდა.

– მისი ვარგა, ჩვენ უჩვეულო პრობლემა შეგვექმნა, და იმედი მაქვს, რომ თქვენ შესძლებთ ჩვენს დახმარებას. თქვენი ყოფილი მეუღლე...

– ჩვენ განქორწინებულები არ ვართ, – მოუჭრა სათქმელი ჯოანამ და თავის ადგილზე დაბრუნდა.

– მომიტევეთ... კარგით, საქმეზე გადავალ. მისტერ ვარგამ ჩვენთან რამდენიმე გრძელვადიანი დეპოზიტური სერთიფიკატი შეიძინა, და სწორედ ახლა გაუვიდა მათ მოქმედების ვადა. საუბარია ოთხმოცი ათას დოლარზე. ხოლო პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ მასთან დაკავშირებას, რათა გავარკვიოთ, ახალი სერთიფიკატების შეძენა სურს, თუ საკუთარი ფულის მიღება.

ტოცი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, იმ მომენტში, როდესაც წარმოსთქვა "საკუთარი ფულის მიღება". საბანკო წრეებში ალბათ რაიმე სპეციფიური ტერმინი არსებობს, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ იყო. საუბარი უნდა გაეგრძელებინა იმის იმედით, რომ მან ვერაფერი შენიშნა.

– ჩვენ ვცადეთ მასთან იუსტიციის სამინისტროს დახმარებით დაკავშირება, კონკრეტულად – მოწმეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის პროგრამის დახმარებით და ამ საქმით პირადად ვიყავი დაკავებული, მაგრამ მას შემდეგ რვა თვე გავიდა, მაგრამ რაიმე სახის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიმიღია. და კანონის თვალსაზრისით ჩვენი ბანკი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ჩვენ არ შეგვიძლია მისი ფულის შენახვა, ან მისი რაიმე საქმეში ჩადება, სანამ კლიენტისგან ზუსტ მითითებას არ მივიღებთ, ხოლო მეორე მხრივ, ვერც პროცედურის დაწყებას ვახერხებთ, იმის მსგავსის, როდესაც ვთქვათ საქმე გვაქვს კლიენტის გარდაცვალებასთან. ამიტომ, მისის ვარგა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესძლებთ ჩვენს დახმარებას მასთან დაკავშირებაში... თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია.

მან მას ჯიქურ შეხედა სიცილიური განმსჭვალავი მზერით, თითქოსდა მისგან ახალ ფოკუსებს მოელოდა.

– საინტერესო, ვისი გასულელება გსურთ? – თქვა ჯოანამ.

– მომიტევეთ.

ქალმა სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა და ორი თითით დაიჭირა იდაყვით მაგიდაზე დაყრდნობილმა. ფრჩხილებზე კაშკაშა წითელი ფერის ლაქი ესვა.

– მისტერ ტომპსონ, როდესაც მეორე კლასში ვსწავლობდი, ერთხელ სახლში დავბრუნდი და იქ სამი უცნობი დამხვდა, რომლებიც მამაჩემს რაღაცაზე ესაუბრებოდნენ. სამივე მუქი ფერის კოსტუმში გახსნილ ლაბადებსა და ქუდებში იყვნენ გამოწყობილები, სახლში ქუდები არც კი მოუხდიათ. ერთ–ერთმა მათგანმა ჩემთან გამოლაპარაკება სცადა, მკითხა, როგორ მიდიოდა ჩემი საქმეები სკოლაში, მაგრამ მამამ უბრძანა ჩემთვის თავი დაენებებინა, მე კი მიბრძანა სამზარეულოში გავსულიყავი დედასთან. მე რძე დავლიე და ღვეზელი ვჭამე. ხოლო როდესაც ოთახში დავბრუნდი, იქ უკვე აღარავინ იყო. მამაც. ისინი ფბრ–ს აგენტები იყვნენ, მამას დასაპატიმრებლად მოსულები.

თავს მოვიჭრი, თუ ერთ–ერთი მათგანი გიბსონი არ იყოს, გაიფიქრა ტოციმ.

– მე, მისტერ ტომპსონ, ცხოვრებაში უამრავი პოლიციელი მყავს ნანახი. ადგილობრივი პოლიცია, შტატის პოლიცია, ფბრ, დაზღვევის პოლიცია, სასამართლო აღმასრულებელი, ვინც გნებავთ. თავად გესმით, ნათლიმამას შვილი, როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ მოვალეა ასე ვთქვათ ექსპერტი გახდეს მაძებრების საქმეში. და მათში ყველაში არის რაღაც საერთო, მიუხედავად იმისა, ფორმაში არიან ჩაცმულები თუ სამოქალაქო ტანსაცმელში, თუნდაც არალეგალურ მდგომარეობაში, მიუხედავად ასაკისა და რანგისა. მე ყნოსვით შევიგრძნობ. და იცით რას გეტყვით, მისტერ ტომპსონ? სუნი აგდით.

ტოციმ უნებურად ჩაიღიმა. მას ჯოანა უკვე მოსწონდა.

– მისის ვარგა, გამოდის თქვენ ვარაუდობთ, რომ მე თითქოსდა პოლიციიდან ვარ?

მას გაბრაზება არ გამოუვიდა, რა ქნას? იძულებულია თამაში გააგრძელოს.

– მე კი არ ვვარაუდობ, დარწმუნებული ვარ. გამომძიებელი ან მაძებარი. დღეს დილით დავრეკე სიტი–ბანკში. მათთან რობერტ ტომსონი არ მუშაობს, რომელიც კლიენტებთან ურთიერთობაზე აგებს პასუხს. თქვენ შეხვედრაზე წინასწარ არ უნდა შეთანხმებულიყავით. სხვის სახელს ამოფარებული აგენტების უმრავლესობა მოდიან ჩვენთან, რაღაცეებს დუდღუნებენ, იბოდიშებენ, თითქოს შემთხვევით აღმოჩნდნენ აქვე ახლოს, და ა.შ.

– მაგრამ თქვენ ხომ არ მიიღებდით არავის თუ ადრევე არ გქონდათ შეთანხმებული შეხვედრა, მისის ვარგა. სიტი–ბანკის თანამშრომელთანაც კი. კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტს ჩვეულებრივ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე იღებენ.

ჯოანამ გაიღიმა და მაღალი ტყავის სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.

– ცხოვრება – სასტიკი რამეა.

ან იქნებ უფრო სასტიკი გახდეს, გაიფიქრა ქალმა.

ტოციმ პერანგის საყელო გაიხსნა და ჰალსტუხის კვანძი მოუშვა.

– უკვე არც კი ვიცი რა გითხრათ.

– მოდით, საქმესთან უფრო ახლოს! თქვენ ხომ ასე იოლად თავს არ დამანებებთ, მართალია?

ტოცი მცირე ხნით ჩაფიქრდა.

– კარგით... ვთქვათ, პოლიციდან ვარ. და თქვენი აზრით თქვენგან რა მინდა?

– რახან ჩემთან ასეთი სულელური ზაპრით მოხვედით რიჩის სერთიფიკატებზე, ვგონებ თქვენ მისით ხართ დაინტერესებული.

– კი მაგრამ, მაინც რისი გაგება უნდა მსურდეს?

ქალმა მაგიდიდან ქაღალდის საჭრელი ძვლის დანა აიღო და თითებით დაუწყო თამაში. მისთვის ცნობილი იყო თუ რაც სურდა.

– ეს მართლაც საინტერესო კითხვაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენმა ბიჭებმა მოწმეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის სამსახურიდან იგი კარგად გამოწურეს. მხოლოდ არ მითხრათ, რომ ამ ყველაფრის მერე ეჭვი შეგეპარათ იმ სიბინძურეში, რომელიც მან თქვენთვის ყველგან გაქექა.

– თქვენ მხედველობაში მისტერ ვარგას ჩვენება გაქვთ მამათქვენისა და კიდევ ბევრი სხვის წინააღმდეგ, რომელიც მან ფედერალურ დიდ ჟიურის მისცა? ჩვენება, – მან განზრახ გააკეთა პაუზა, – ე.წ. მაფიის ნათლიმამების წინააღმდეგ?

– მოვედით, – ჩაიბურტყუნა მან.

საინტერესოა, სად მოძებნეს ასეთი სულელი?

– ვფიქრობ, რომ თქვენ მამათქვენის დაპატიმრებაში საკუთარ მეუღლეს სდებთ ბრალს.

– ეს მეტისმეტად რბილი ნათქვამია. თქვენთვის ცნობილია, რამდენს დაუმახინჯდა ცხოვრება მისი ჩვენების შედეგად? მის გამო რამდენი ადამიანია მოკლული? ეს თქვენთვის ცნობილია? და მთავარი, რიჩიმ ბევრს საშინლად გაუტეხა გული. ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან, მას შემდეგ რაც მან ენა აატარტალა. ხოლო ნებისმიერ საქმეში, მისტერ ტომპსონ, თუ ადამიანს არ ენდობი, მაშინ მასთან საქმე არც უნდა დაიჭირო.

გულახდილობის ამ მოულოდნელმა შემოტევამ, გააოგნა ტოცი. მისთვის შეუძლებელი იყო არ გამოეხატა აღშფოთება.

– ადამიანები, რომლებზეც ლაპარაკობთ, სხვა ნათლიმამები არიან, რომლებიც რიჩიმ ჩაუშვა?

– არა მხოლოდ ისინი. მათით დაიწყო და ჯაჭვის რგოლებივით გაჰყვა, ქვევით, – მან თავი გადააქნია, – თქვენ ამას ვერ მიხვდით, ასეა? რიჩი ვარგამ გაანადგურა ნიუ–იორკის ოჯახები. მან მათში ჩაკლა ნდობა, მან აზრი დაუკარგა ერთგულებას, მან დაანგრია, შესანიშნავად აწყობილი სისტემა, დაშალა საცოდავ ნამსხვრევებად. და ეს ყოველივე ძაღლისშვილმა რიჩიმ გააკეთა.

ახლა მის თვალებში გააფრება იყო ასახული.

– მერე, რა გამოვიდა ამ ყველაფრიდან? – წარმოსთქვა ტოციმ, – ლეიტენანტები, რიგითები ყველა მკვდარია ან ციხეშია. არავინ არავისზე აგებს პასუხს. ყველა საკუთარი შიშითა და რისკით მოქმედებს, არავინ არავის არაფრად თვლის, პატივს არ სცემს. შედეგად კი უამრავი უაზრო მსხვერპლია.

– სრული სიმართლეა, მისტერ ტომპსონ, მაგრამ თუ ეს თქვენთვის ცნობილია, მაშინ ჩემგან რაღა გინდათ?

– რიჩი მინდა, მისის ვარგა.

– თავად რატომ არ დაელაპარაკებით? ის ზღაპრების მოგონების ოსტატია.

ტოცი გაჩუმდა. ჯოანა წინ გადაიხარა და ქაღალდის საჭრელი დანა მაგიდაზე დადო. ის დაკვირვებით მისჩერებოდა სახეში ტოცის.

– არა, თქვენ პოლიციელს არ ჰგავხართ, მაგრამ რიკის ეძებთ. გამოდის, ვიღაცამ გადაწყვიტა მას დამსახურებისთვის მიუზღას.

პირველად საუბრის განმავლობაში ქალი მოეშვა და შეეცადა, რომ მასაც ეგრძნო.

ტოცი ისევ დუმდა.

მან ზევით აიხედა და ენერგიულად გააქნია თავი.

– ეჰ, ყმაწვილო, ძალიან მინდა დაგეხმაროთ.

– მაგრამ თავადაც არ იცით, ახლა სად იმყოფება?

მან ტოცის ცივად შეხედა.

– რომ მცოდნოდა, ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. მამა ამაზე იზრუნებდა.

– მაგრამ თუ მამათქვენს ასეთი კავშირები აქვს, რატომ არ ეძებს რიჩის?

– ვისზე მუშაობთ?

ტოციმ უხმოდ შეათვალიერა.

– მამაჩემზე არა, თორემ აუცილებლად მეცოდინებოდა. მაშინ ან ჯიოვინაცოზე ან მისტრეტზე ან ლუკარელიზე. ან შეიძლება სამივეზე ერთად.

მისთვის საინტერესო იყო, თუ როგორ რეაგირებას მოახდენდა მასზე ეს სახელები. ან იფიქრებს, რომ მან მეტისმეტად ბევრი იცის ჩვეულებრივი საქმიანი ქალის კვალობაზე?

– რატომ უნდა ვმუშაობდე მათზე?

ქალმა ხმამაღლა გაიცინა. პასუხი ისედაც ნათელი იყო.

– ოჯახის ღალატი – ერთი საქმეა, მაგრამ უღალატო სამ ყველაზე ყოვლისშემძლე ოჯახს მთელ ნიუ–იორკში და ცოცხალი დარჩე – ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე. და რაც მთავარია, ღირსების საქმეა. მათი აზრით, რიჩი უნდა მოკვდეს.

– თავად რას იტყვით? თქვენც გსურთ მისი სიკვდილი?

– ასე ვთქვათ, უნუგეშო ქვრივი არ ვიქნები.

– მაგრამ არც მკვლელს დაიქირავებთ?

– მომისმინეთ, მისტერ ტომპსონ, მე არც მაფიის მემკვიდრე პრინცესა არ ვარ, თუ ამას გულისხმობთ. ამ კომპანიაში ექვსი წელი ვიმუშავე და მეამაყება ის, თუ ამაჟამად რა თანამდებობა მიკავია. ის რასაც მამაჩემი და მისი მეგობრები აკეთებენ, ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს.

– მაგრამ თქვენ მისტერ ვარგაზე იყავით გათხოვილი, ამას კი შემთხვევითობას ვერ დავარქმევთ.

– მამამ ცხრამეტი წლის ასაკში მიმათხოვა. მაშინ რიჩი ასეთი არ ყოფილა, შესანიშნავი შესახედაობის იყო. ის გულუხვი იყო და მამაჩემს ის საკუთარი შვილივით უყვარდა. მას ხომ საკუთარი ბიჭი არ ჰყოლია. მომწონდა უამრავი ფულის ხარჯვა და მინდოდა მამა გამეხარებინა, სწორედ ამიტომ გავყევი მას. ყველაფერი უბრალო და ნათელია.

– თქვენ ის გიყვარდათ?

ჯოანა სავარძელში აწრიალდა და თანამოსაუბრე სარკასტული ღიმილით დააჯილდოვა, რომელიც ნიშნავდა: როგორც გინდა ისე გაიგე.

ტოცი გაურკვევლობაში აღმოჩნდა.

ქალი ფანჯარასთან მივიდა და ქვევით მიმავალ მანქანებს უყურებდა. ამოიხვნეშა და გაიფიქრა, კიდევ დიდხანს არ მოეშვებოდა ეს ყმაწვილი თუ არა.

– რიჩი გაჰქრა. მას სხვა სახელი, სხვა მისამართი აქვს, შეიძლება სხვა ცოლიც ჰყავს, საიდან უნდა ვიცოდე? მსმენია, რომ სახელმწიფო თითქოსდა განსაკუთრებით მნივშნელოვან მოწმეებს ოპერაციასაც კი უკეთებს გარეგნობის შესაცვლელად. ხოლო თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რიჩიმ ალბათ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. რიჩი უარს არაფერზე იტყვის. მისი სიხარბე თავშესაქცევიც კი გახდა. და საერთოდ... ამდენ ადამიანს მოუტანა უსიამოვნება და უცბად გმირი გახდა, იმიტომ, რომ ფედერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობდა. ნამდვილი ამერიკული გმირის სახეა. ყველა გააფუჭა და თავად გაძვრა.

ტოციმ ტუჩები მოკუმა და თავი დაუქნია. შემდეგ პორტფელი აიღო და წასვლა დააპირა. ქალი შემოტრიალდა და მზერა ესროლა. მას სახეზე იმედის გაცრუება ეტყობოდა. შესაძლოა მას არ მოსწონდა ის, რომ იგი მოულოდნელად სიმპათიით განეწყო ჟიულ კოლესანოს შვილის მიმართ. ამასთან ობოლის!

– და კიდევ ერთი რამ, – უთხრა ტოციმ და მაგიდასთან მივიდა, – რიჩის რაიმე განსაკუთრებული ნიშანი, თვისება, ჩვევა ხომ არ აქვს, ერთი სიტყვით რაიმე ისეთი, რისი შეცვლაც პლასტიკური ოპერაციით შეუძლებელია?

ქალი შეტრიალდა, რათა ღიმილი დაემალა.

– დიახ აქვს ერთი რამ, – და იგი გამიზნულად გაჩუმდა.

– მაინც რა?

ქალმა საათს დახედა.

– ლანჩით გამიმასპინძლდით მისტერ ტომპსონ და მაშინ ვისაუბროთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გიბსონი
კავშირი ტეგთან: გიბსონი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522016
1522216 online