asdas
ცნობილი ადამიანები
ფედერერი კარიერას არ ასრულებს
ფედერერი კარიერას არ ასრულებს
ფედერერი კარიერას არ ასრულებს

2010-12-08 14:05:10



ცნობილმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ბრწყინვალე სტილში გაიმარჯვა ატპ–ს შემაჯამებელი ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი დაამარცხა 6:3, 3:6, 6:1. საჩოგბურთო სეზონის ბოლო პრიზი სწორედ შვეიცარიელს ერგო.

ფინალურ მატჩს როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის ლონდონში ყველა მოუთმენლად ელოდა. აგერ, უკვე მეოთხედი საუკუნის მანძილზე მსოფლიო რეიტინგის პირველ ორ ადგილზე მყოფი ჩოგბურთელები ერთმანეთს შემაჯამებელი ტურნირების ფინალში არ შეხვედრიან და აი, როგორც იქნა, ჩოგბურთის ყველა მოყვარულისთვის გრანდიოზული მოვლენა მოხდა. ფედერერმა, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე თითქმის იდეალურად თამაშობდა და ლონდონში ერთი სეტიც არ წაუგია, ფინალურ მატჩშიც გაიმარჯვა.

გადამწყვეტი გამოდგა მესამე პარტია, რომელშიც შვეიცარიელი ერთი ამოსუნთქვით გაუსწორდა თავის ესპანელ მეტოქეს და შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

– თქვენ მეხუთედ დაეუფლეთ ამ პრიზს. როგორც ჩანს, კმაყოფილი ხართ 2010 წლის დასასრულით...

– ეს ფანტასტიკაა. მართლაც აღფრთოვანებული ვარ იმით, როგორ ვითამაშე მთელი კვირის მანძილზე. ხუთჯერ გამარჯვება, ამასთან უკვე მესამე ქალაქში – საოცარია. ადრე შემაჯამებელი ტურნირი მოვიგე ჰიუსტონსა და შანხაიში და ახლა უკვე იგივეს მივაღწიე ლონდონში. დიახ, მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ასე მოვახერხე სეზონის დასრულება. იმდენად კარგად ვითამაშე, რამდენადაც შემეძლო და ფინალში ნადალის დამარცხება მით უფრო დასაფასებელია, თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი სეზონი ჩაატარა მან.

– მას შემდეგ, რაც თქვენმა მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რაზე ფიქრობდით, გრძნობდით, რომ გადამწყვეტი სეტი წარმოუდგენლად რთული იქნებოდა?

– მეორე პარტიაში საკუთარი თამაში თვითონ გავაფუჭე, ვინაიდან გაცილებით უარესად ვაწვდიდი პირველ მოწოდებას. არ იფიქროთ, რომ იმის თქმა მსურს, რომ რაფას არ მოუგია სეტი და მე წავაგე, არა. საქმე ისაა, რომ ნადალი ძალიან კარგად, სწორედ მეტოქის მეორე მოწოდებაზე თამაშობს. მის მიერ მოგებული მეორე ჩაწოდება 50 პროცენტზე ნაკლები არ არის. მეორე პარტიაში მან მაშინვე იგრძნო, რომ უარესად ვაწვდიდი და მომენტალურად ისარგებლა ამით. მივხვდი, რომ საბოლოო წარმატებისთვის მთელი ყურადღება საკუთარ მოწოდებაზე უნდა გამემახვილებინა და შეტევა გამეგრძელებინა.

– ტურნირის უკვე მესამე მატჩში ნადალს გადამწყვეტი სეტის თამაში მოუწია. იგრძენით, რომ დაიღალა და ამიტომ უფრო აგრესიულად ათამაშდით?

– შეიძლება ითქვას, რომ მთლად ასე არ ყოფილა. ვფიქრობ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრეიკი შევასრულე, ხოლო შემდეგ საკუთარი ჩაწოდების აღება შევძელი, რაფა გატყდა. ამის შემდეგ თამაში სწრაფად დასრულდა. დიდი ძალა მქონდა იმისთვის, რათა თამაშის მაღალი ტემპი შემენარჩუნებინა, ამიტომ ხანგრძლივი გათამაშებები პრაქტიკულად არ ყოფილა. ალბათ, იგი საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ ეს დახურული ჰარდი იყო. მე ასეთ საფარზე თამაშით გავიზარდე და შესაძლოა ამ ფაქტმა თავისი როლი შეასრულა ჩემს გამარჯვებაში. მაგრამ ამავე დროს ტურნირის დასაწყისიდანვე ზუსტი გეგმა მქონდა. ჯერ კიდევ ფერერთან სათამაშოდ გასვლის დროს ვიცოდი, რის გაკეთებას ვაპირებდი და საკუთარ სქემას ბოლომდე მივყვებოდი. ფინალშიც ასევე ვითამაშე. მეორე სეტის წაგების მიუხედავად, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, როგორ იმუშავა ჩემმა გეგმამ.

– მატჩი თავიდანვე უმაღლეს ტემპში რომ დაიწყეთ და ნადალს ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცით, თქვენი გეგმის ნაწილი იყო?

– დიახ, აგრესიულად თამაში მსურდა. ამასთან, ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დამეშვა. თუ შენიშნეთ, სანამ ვიგებდი, ნერვიულობის მიზეზი არ არსებობდა. კარგად ვაწოდებდი, ძალიან ზუსტად ვუტევდი, შესანიშნავად ვთამაშობდი მარცხნიდან. ნადალთან თამაშის დროს ეს მნიშვნელოვანია, ის ხომ ცაციაა, ამიტომ მისთვის უფრო ადვილია ჩემს ბექჰენდთან გამკლავება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ შესანიშნავი თამაში იქნებოდა. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ და ვფიქრობ, რომ ისიც ასევე აღფრთოვანებულია ჩემი თამაშით.

– რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ გუნდს პოლ ანაკონე შეუერთდა?

– პირველი, რაც უნდა დამებრუნებინა, თავდაჯერება იყო. ეს ტურნირებში გამარჯვებისთვის არცთუ უმნიშვნელო ფაქტორია. თიხნარსა და ბალახის საფარზე წარუმატებლობების შემდეგ, როდესაც ვერაფერი მოვიგე, მივხვდი, რომ ჩემი თამაში ძალიან შორს იყო იდეალურისგან. რა თქმა უნდა, ეს საფარები ჩემს შემტევ სტილს არ შეეფერება, ამიტომ ჰარდზე სეზონის დაწყებისთანავე შევძელი გაცილებით უკეთესად ავთამაშებულიყავი და შედეგად, მაშინვე გამიუმჯობესდა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლი ამაში ძალიან დამეხმარა, ისევე, როგორც სევერინი. სწორედ ამიტომ, ახლა ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. მე მათი მადლიერი ვარ მათ მიერ ჩატარებული მუშაობისთვის. მწვრთნელები, თანაშემწეები, ფიზიოთერაპევტები, ჩემი მეუღლე და ბავშვები, ყველანი ჩემი ამ გამარჯვების თანამონაწილენი არიან.

– ნადალს 11 თვის მანძილზე ერთი ტურნირიც კი არ ჰქონდა მოგებული. გასულ წელს თქვენ არასტაბილურად თამაშობდით. ბევრმა გადაწყვიტა, რომ ფედერერი – ნადალის დაპირისპირებას წერტილი დაესვა, მაგრამ წელს თქვენ ორმა დიდი სლემის ყველა, ოთხივე ტურნირი მოიგეთ და ასევე შემაჯამებელი ჩემპიონატი. მომავალ სეზონში თქვენი მეტოქეობა გაგრძელდება?

– ვინ ბევრმა?

– მაგალითად, ჟურნალისტებმა.

– არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი უმრავლესობაა. ბოლოსდაბოლოს, თქვენ, ჟურნალისტებს, გიყვართ ბუზის სპილოდ წარმოჩენა, სენსაციებს იგონებთ. თავად ნახეთ, რაფამ დიდი სლემის სამი ტურნირი მოიგო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მას ვერავინ შეაჩერებდა. მე ჩვეული ფორმა დავიბრუნე და ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიმოქმედო შემდგომში. მარეისა და ჯოკოვიჩს კარგი სეზონი ჰქონდათ, ერთადერთი, რაც მათ აკლდათ, დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვება იყო. მარეიმ ორჯერ დამამარცხა ფინალურ მატჩებში, ეს კი კარგი მოტივაციაა მომავალი სეზონისთვის. ასევე მშვენივრად თამაშობდნენ ბერდიხი და სიოდერლინგი. წელს ორივემ შეძლო ჩემი დამარცხება. მიმაჩნია, რომ მამაკაცთა ჩოგბურთის დღევანდელი დონე სერიოზულად გათანაბრდა, განსაკუთრებით რეიტინგის ზედა ნაწილში. უფრო მეტი საინტერესო და დაძაბული მატჩი იმართება. მე და რაფას მათგან მხოლოდ ის განგვასხვავებს, რომ ჩვენ დიდი სლემის ტურნირების მოგება ადრეულ ასაკში მოვახერხეთ და ამით სახელი გავითქვით. ვფიქრობ, მომავალში ადვილი ცხოვრება არ გველის და ეს შესანიშნავია.

– კი მაგრამ, სხვაობა თქვენსა და დანარჩენებს შორის გაიზარდა?

– არ ვიცი, შეიძლება. ბოლო დროს ქულების რეიტინგს ყურადღებას აღარ ვაქცევ.

– სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ფული არ არის ყველაზე მთავარი, და მაინც, თქვენ 1 მილიონი ფუნტი სულ რაღაც რვა დღეში მოიგეთ. ამაზე რას იტყოდით?

– ფულის გამომუშავება კარგია, მაგრამ მე აქ ამისთვის არ ჩამოვსულვარ. ლონდონში მიღებული ემოციები და მოგონებები, რომლებიც ჩემთან დარჩება სამუდამოდ, ნებისმიერ ფულზე ძვირად ფასობს.

– მას შემდეგ, რაც ასეთ ბრწყინვალე ფორმაში ხართ, თუ ფიქრობთ იმაზე, თუ კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?

– დიახ, ვფიქრობ. კორტზე გამოსვლას მანამდე ვაპირებ, სანამ ჯანმრთელად ვიქნები და საბრძოლველად ვიქნები შემართული და მოტივირებული. ჩემი აზრით, 10 სრული სეზონი მაქვს ჩატარებული და მათგან ცხრაში ტურნირების ფინალებში გავდიოდი. გამოდის, რომ დიდი ხანია ჩემთვის ყოველი სეზონი რთული და დამღლელია, მაგრამ ამავე დროს ეს კმაყოფილებას მგვრის. მთელ მსოფლიოში მიწევს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინეტების კორტებზე გავდივარ სათამაშოდ, ვთამაშობ პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ საოცარი კარიერა მაქვს და უახლოეს დროში კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. კიდევ მრავალი წლის მანძილზე მსურს თამაში, ეს ჩემი მიზანია და ვფიქრობ, ამას მივაღწევ.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნადალი
კავშირი ტეგთან: ნადალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523856
1524056 online