asdas
ცნობილი ადამიანები
რუმინეთი საქართველოს მეტოქეა
რუმინეთი საქართველოს მეტოქეა
რუმინეთი საქართველოს მეტოქეა

2010-12-08 14:05:08



ახალ ზელანდიაში 2011 წელს გასამართი მსოფლიო თასის ბ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა თამაში ნაადრევად დაიბევა, მე–5 გუნდად რუმინეთის ნაკრები მოხვდა, რომელმაც ურუგვაი შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში 39:12 დაამარცხა და ბოლო საგზურის მფლობელი გახდა.

ამ ჯგუფში ქართველებისა და რუმინელების გარდა კიდევ ორი ევროპული ნაკრები – ინგლისი და შოტლანდია და ერთიც სამხრეთამერიკული გუნდი, არგენტინა ითამაშებს. მართალია, რუმინელები ევროპის "ერთა თასზე" ბორჯღალოსნების უმთავრესი და პრინციპული მეტოქეები არიან და 2011 წლის 12 მარტს ამ ტურნირის ეგიდით თბილისს კიდევ ერთხელ ეწვევიან, მაგრამ "მუხის ფოთლებთან" უმთავრესი დაპირისპირება მაინც ახალ ზელანდიაში შედგება და ის 28 სექტემბერს პალმერსტონ–ნორთში გაიმართება.

სწორედ აქ იხილავს მთელი მსოფლიო ამ ორი უპრინციპულესი მეტოქის ჯახს და სწორედ ეს არის ის მატჩი, რომლის უცილობლად მოგებასაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე გეგმავს.

ორი კვირის წინ მონტევიდეოში რუმინეთისა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირება ფრედ 21:21 დასრულდა. რუმინელები სამხრეთელებს განსაკუთრებულად მომზადებულნი დახვდნენ. ტრიბუნაზე 6 ათასი მაყურებელი შეიკრიბა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ევროპელებმა მეტოქეს შერკინებაში საგრძნობლად აჯობეს, ეს უპირატესობა სათანადოდ გამოიყენეს, პირველი ტაიმი 21:0 მოიგეს, ჯამში კი მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს.

მასპინძლებმა საგრძნობი უპირატესობა მე–14 წუთისთვის მიიღეს, როდესაც 4 წუთის ინტერვალში 2 ლელო გაიტანეს. მე–9 წუთზე რაქიდან გამოტანილი ბურთი მეორე გადაცემით სიჩქარეაკრეფილმა კასბა გალმა მიიღო, 2 მცველს დაუსხლტა და ანგარიში გახსნა, დანუტ დუმბრავამ კი რეალიზაცია გამოიყენა. მე–13 წუთზე ურუგვაელები ევროპელებს 5–მეტრა შერკინებაში ვერ დაუდგნენ და რეფერიმ ისინი ტექნიკური ლელოთი დასაჯა, ხოლო დუმბრავამ რეალიზაცია მიითვალა. 22–ე წუთზე სამხრეთელები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ და რიცხობრივი უპირატესობა "მუხის ფოთლებმა" მალევე ქულებად აქციეს. მათმა შერკინებამ მეტოქისა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დაძრა, ბურთი კი ალექს მანტამ დაამიწა და დუმბრავამ ამჯერადაც ზუსტად დაჰკრა.

მეორე ნახევრის დასაწყისში დუმბრავამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ მასპინძლები მოეშვნენ და ერთი საპასუხო ლელო მიიღეს. რუმინელებმა 65–ე წუთზე მეოთხე ლელო მიითვალეს. ბურთის ხაზზე სწრაფად ჩათამაშების შემდეგ, კატალინ ფერკუმ მოძრაობის მიმართულება მოულოდნელად შეცვალა და ორი მცველი ხახამშრალი დატოვა. ურუგვაიმ ერთხელაც გაიბრძოლა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო სიტყვა კვლავ რუმინელებისა იყო. 74–ე წუთზე კრისტიან პეტრემ გარღვევაზე მადალინ ლემნარუ გაიყვანა და მანაც ლელო ალამთან გაიტანა. რეალიზაცია კალაფეტეანუმ შეასრულა, მანვე ბოლოს ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

რომეო გონტინიკი (რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

– მთავარი ახლა იწყება. მსოფლიოს თასისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ. დაახლოებით 50 მორაგბე გვყავს, რომელთაგანაც ახალ ზელანდიაში წასაყვანად საუკეთესოებს შევარჩევთ. ამჟამად უბედნიერესი კაცი ვარ. მწვრთნელი კმაყოფილია, როდესაც ხედავს, თუ როგორი ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებენ მის დავალებებს შეგირდები. ამ გამარჯვებას მხოლოდ იმ 22 მორაგბეს კი არა, რომლებიც დღეს მოედანზე იყვნენ, მთელს გუნდსა და ქვეყანას ვულოცავ.

სტივ მაკდოუელი (რუმინეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი):

– ბიჭებმა სრული კონცენტრაციით ითამაშეს. დასალაგებლად სულ რამდენიმე წუთი დაჭირდათ, მერე კი უპირატესობა ქულებში აისახა და ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს.

სორინ სოკოლი (რუმინეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი):

– ორი წლის განმავლობაში უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მსოფლიოს თასზე მოხვედრით დამსახურებული შედეგი მივიღეთ. კარგად ვითამაშეთ შერკინებასა და დერეფანში, მაგრამ როდესაც ამის შანსი ეძლეოდათ, უშეცდომოდ თამაშობდნენ უკანახაზელებიც. მსოფლიოს თასზე კიდევ ერთხელ ვითამაშებთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა იქ წარმატებას მივაღწიოთ.

გონსალო კამარდონი (ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

– მსოფლიოს თასამდე ერთი ნაბიჯი გვაკლდა, მაგრამ ის ძალიან გრძელი ნაბიჯი იყო და მიზანს ვერ მივაღწიეთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და საერთაშორისო მატჩების გამოცდილების მიღებასთან ერთად, შედეგიც უკეთესი იქნება. რუმინეთი ჩვენზე გამოცდილი გუნდია, ძალისმიერი თამაში აჩვენა და მიზანს მიაღწია. ძირითადი დრო უბურთოდ გავატარეთ და ასეთ შემთხვევაში ქულების მოგროვება ძალიან ძნელია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523888
1524088 online