asdas
ცნობილი ადამიანები
რაზე ლოცულობს ოლეგ ბლოხინი
რაზე ლოცულობს ოლეგ ბლოხინი
რაზე ლოცულობს ოლეგ ბლოხინი

2010-12-08 14:05:07



ოლეგ ბლოხინმა, როგორც სამოთამაშეო, ისე სამწვრთნელო ასპარეზზე ბევრს მიაღწია, თუმცა, საკმარისად არიან ადამიანები, რომლებიც მის საფეხბურთო კარიერასაც აქილიკებენ და სადამრიგებლოსაც – ფორვარდობისას ბლოხინი სწრაფად დარბოდა და დიდი ვერაფერი ოსტატობა ჰქონდა, უკრაინის ნაკრების მწვრთნელობისას კი მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა მხოლოდ იღბლის წყალობააო.

თუმცა, ასე გულშემატკივართა დიდი ნაწილი არ თვლის. ასეა თუ ისე, ქომაგთა ორივე ბანაკი ბლოხინის ინტერვიუს ინტერესით ჩაიკითხავს და ვინ იცის, იქნებ ნაწილს ოლეგ ბლოხინზე აზრიც კი შეეცვალოს.

– თქვენ წიგნში, "გოლის უფლება" დაწერეთ, რომ ოსტატობას უხეშობა კლავს. როდის უფრო რთული იყო "ბინძური" მცველების წინააღმდეგ თამაში, ახლა თუ ადრე?

– ადრე გაცილებით რთული იყო უხეში უკანახაზელების წინააღმდეგობის დაძლევა. ერთსა და იმავე ფეხბურთელს მატჩის მსვლელობისას შეეძლო რამდენჯერმე ფეხში უხეშად ჩაერტყა და მხოლოდ მეხუთე–მეექვსე ჯარიმისას მიეღო მსაჯისგან ყვითელი ბარათი.

არასდროს დამავიწყდება 1975 წლის მაისში ერევანში ჩატარებული შეხვედრა. რამდენიმე დღის შემდეგ თასების თასის ფინალი გველოდა "ფერენცვაროშთან", "არარატმა" კი "რაზდანზე" ნამდვილი "სასაკლაო" მოგვიწყო.

სომეხი მოთამაშეები მთელი მატჩის განმავლობაში დაუნდობლად გვჩეხავდნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ ექიმმა 7 ნაკერი დამადო და საევროთასო ფინალში ჩემი მონაწილეობა სათუო გახდა. ამგვარი შემთხვევები მრავლად შემიძლია გავიხსენო. ამჟამად განსხვავებული სიტუაციაა – როგორც კი მცველი ფორვარდს უკნიდან ჩაარტყამს, წითელი ბარათი გარანტირებული აქვს.

– მცველთა უხეშობას ოსტატობის დეფიციტით ხსნით?

– რასაკვირველია.

– მოთამაშეობისას ყველაზე ხშირად ტრავმას რომელი უკანახაზელები გაყენებდნენ?

– ძირითადად მოსკოვის გუნდების მცველები – მოროზოვი, ნოვიკოვი, ნიკულინი...

– მათ მატჩის წინ არ სთხოვდით, რომ აკურატულად ეთამაშათ?

– როგორ არა, მაგრამ დაშტამპულ პასუხს ვიღებდი – საფეხბურთო მინდორზე მეგობრობა არ ვიცითო.

– სიმულაცია მოგწონდათ?

– ჩემი პასუხი ძნელი გამოსაცნობი არაა – ვერ ვიტან! ამასთან, კარგი და ვაჟკაცი მოთამაშეები არ სიმულანტობენ. დამისახელეთ ამგვარი მაგალითები ინგლისურ პრემიერლიგაში. ნისლიან ალბიონზე სიმულანტებს ვერ იპოვით.

– ვერც იტალიაში?

– სამხრეთელები განსხვავებული მენტალობის ადამიანები არიან. ისინი ხშირად ჟესტიკულირებენ და ხელებითაც კი საუბრობენ. დააკვირდით ზოგიერთი ფეხბურთელის საქციელს. მეტოქის მიკარებასთან ერთად, ისინი მინდორზე გაიშხლართებიან და ისე იკლაკნებიან, გეგონება აუტანელი ტკივილი აწუხებტ. არადა, გაივლის 30–იოდე წამი და თამაშს აგრძელებენ.

– ანალოგიური ფანდისთვის არასდროს მიგიმართავთ?

– არა და როდესაც მწვრთნელი გავხდი, ჩემს ფეხბურთელებს სიმულანტობას ვუკრძალავდი. საერთოდ, დამრიგებლის პროფესია უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოთამაშეობისას მეგონა.

მწვრთნელმა ხომ ფეხბურთელს ჭკუა არა მარტო მინდორზე გასვლის წინ უნდა დაარიგოს, არამედ მატჩისთვის სათანადოდ მოამზადოს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბევრ რამეზე მიუთითოს.

– უკრაინის ნაკრების სათავეში ყოფნისას ასევე იქცეოდით? ეროვნულ გუნდში ხომ ჩამოყალიბებული ადამიანები ხვდებიან...

– მთლად ასეც არ არის საქმე. ბევრი ძნელად "აღსაზრდელი" მოთამაშეც ხვდება ნაკრებში. მაგალითად, ლუის სუარესი იკბინება!

– ხუმრობა იქეთ იყოს და გვითხარით, ანდრეი ვორონინთან კონფლიქტი რამ გამოიწვია?

– მომხდარს კონფლიქტური სიტუაციის კვალიფიკაციას არ მივცემდი. ჩვეულებრივი სამუშაო მომენტი გახლდათ. ანდრეი კლუბში არ თამაშობდა, რაც მის ფორმაზე უარყოფითად მოქმედებდა. პრესაში კი მისმა მენეჯერმა სიტუაცია მუქ ფერებში დახატა. ჯობდა, პირადად ვორონინს გაერკვია ჩემთან, რატომ ვსვამდი სათადარიგოთა სკამზე. აგენტს კი სხვა საქმეც თავზესაყრელად აქვს – მან კლიენტის ხელფასი და ყოფითი საკითხები უნდა დაარეგულიროს.

– ლობანოვსკის მთავარი მწვრთნელობისას თავად თუ არღვევდით რეჟიმს?

– როდის უნდა მომესწრო ამის გაკეთება? სულ შეკრებებზე ვიყავით და ისე ვიღლებოდი, არაქათი გამოცლილი მქონდა. თვეში ერთადერთი დღე ვისვენებდით და იმ დღეს შინიდან გასვლის სურვილი არ მქონდა.

– დავიჯეროთ, ერთხელაც არ "ჩავარდნილხართ"?

– მე არა, მაგრამ გვყავდნენ კიევის "დინამოში" დისციპლინის დამრღვევნი. ვასილიჩი მათ იოლად აღმოაჩენდა ხოლმე. ცნობილი ფეხბურთელები ვიყავით და როგორც კი რესტორანში შევიდოდით, ლობანოვსკის საქმის კურსში აყენებდნენ. პრინციპში, არც ახლ არის ძნელი მოთამაშეთა "გამოჭერა".

– ეს როგორ?

– ერთხელ ბარში შევედი, ოფიციანტს 50 გრამი ვისკის დასხმა მოვთხოვე და ახსნა დავუწყე, ყინულის რამდენი ნაჭერი ჩაეგდო. მან კი მიპასუხა, მივხვდი, ნაკრების ესა და ეს ფეხბურთელიც ასევე მიკვეთავსო. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ იმ მოთამაშის გვარს მაინც არ გაგიმხელთ.

– როგორ გგონიათ, შევჩენკო ევრო–2012–მდე ითამაშებს?

– რას ნიშნავს ითამაშებს? ასეთი დონის ფეხბურთელს კონკრეტული ტურნირის სრულ მზადყოფნაში შეხვედრა ევალება, წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერა უნდა დაასრულოს.

– ანდრეის ამჟამინდელ ფორმაზე რას იტყვით?

ანდრეი შევჩენკო პერიოდულად მირეკავს. მან მითხრა, რომ ზურგის არეში ტკივილი აწუხებს, სისწრაფეც ძველებური არ აქვს. ამასთან, ანდრეი ყველაფერს საღად აფასებს და ისიც კარგად ესმის, მისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელს უკრაინის ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა რომ შეუძლია.

– უკრაინის ნაკრებს ევროპის მომავალი ჩემპიონატის მოგება დაუსახეს მიზნად...

– ამგვარი ამოცანის დასმა მართებული არ არის. მით უმეტეს, ისიც კი არ ვიცით, ჩვენთან ქვეჯგუფში რომელი გუნდები მოხვდებიან. ევროპის პირველობაზე, მცირე გამოკლებით, პლანეტის საუკეთესო ნაკრებები იყრიან თავს. პირველობაზე პრეტენზია ათ გუნდს მაინც ექნება. მოდი და დაამარცხე ყველა!

– უკრაინა ამ ათეულში არ შედის?

– ხშირად სასურველს რეალობად ვასაღებთ. შესაძლოა კოსმოსში გაფრენა მსურდეს, მაგრამ საამისოდ მზად ვარ? უკრაინული ფეხბურთის დონე საღად უნდა შევაფასოთ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთხელ გავედით დიდ ტურნირზე და მეორე შეჯიბრზე ჩემპიონობის მიზნად დასახვა ავანტურისტული მოთხოვნაა. ამოცანა რომ არ გადაიჭრას, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩააგდებენ მწვრთნელს! უკვე წარმომიდგენია, რა სათაურებით აჭრელდება გაზეთები.

– ჟურნალისტებთან თავადაც ხშირად გაქვთ პრობლემები...

– მრავლად არიან პროფესიონალი ჟურნალისტები, რომელთა საქმიანობას პატივს ვცემ. მათთან არც კონტაქტს გავურბი და არც ხანგრძლივ საუბარს, მაგრამ ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც დილეტანტები აკრიტიკებენ ოლეგ ბლოხინის მიერ შერჩეულ შემადგენლობას და ტაქტიკას. ზოგიერთები კი უფრო შორს მიდიან და ისეთი სიტყვების ავტორად წარმომაჩენენ, რომლებიც არასდროს მითქვამს.

ხშირად თქვენი კოლეგები წერენ, რომ იღბლიანი ვარ და მწვრთნელობისა ცოტა რამ თუ გამეგება. მათი აზრით, მხოლოდ ფორტუნას წყალობაა 2006 წლის მუნდიალზე უკრაინამ მეოთხედფინალს რომ უწია.

– ამბობენ, ერთ მდინარეში ხელმეორედ ვერ შეხვალო. ამის მიუხედავად, უკრაინის ნაკრების კიდევ ერთხელ გაწვრთნის სურვილი არ გაქვთ?

– რატომაც არა!

– მართალია, თითქოს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სტარტამდე იერუსალიმში გაემგზავრეთ და გოდების კედელთან მამაზეციერს საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გადალახვა სთხოვეთ?

– ასეა. ღმერთს მუნდიალის საგზური ვთხოვე. დღეს იმავე კედელთან რომ ვიდგე, შემოქმედთან არასაფეხბურთო თხოვნა მექნებოდა.

– პოლიტიკური საქმიანობა არ გენატრებათ?

– არა. პარლამენტში შემთხვევით მოვხვდი.

– ყველაზე არასასიამოვნოდ რა გახსენდებათ იმ პერიოდიდან?

– ადამიანი ტრიბუნასთან დგება და მეორეს შეურცხყოფას აყენებს. თავიდან ძალიან მიკვირდა, შემდეგ კი ამიხსნეს, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესიაო.

– ნანობთ პარლამენტში ყოფნისას დრო რომ დაკარგეთ?

– არა, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. მახსოვს, სკოლის მოსწავლესავით ვუსმენდი გამოსვლებს. მეგონა, პარლამენტის 450–ვე წევრი მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

შემდეგ მივხვდი, რომ მთლად ასეც არ იყო და ბევრი საკუთარ ინტერესს ატარებდა. სხდომების დროს დარბაზსაც ვტოვებდი, ყავას ვსვამდი და თამბაქოს იმ გრძნობით ვეწეოდი, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამომეპარებოდა. განსაკუთრებით მძიმე კი წინასაარჩევნო პერიოდი გახლდათ. ბევრს ვმოგზაურობდი და თვის განმავლობაში 5–6 კილოს ვიკლებდი.

– უკვე 4 წიგნის ავტორი ხართ. მეხუთეს დაწერას არ აპირებთ?

– ამაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია. ალბათ, რამე მნიშვნელოვანს უნდა მივაღწიო, მკითხველისთვის კიდევ ერთი საინტერესო ნაშრომი რომ გამოვიდეს, მაგრამ, გარწმუნებთ, სამწერლო წერტილი ჯერ არ დამისვამს...



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ოლეგ ბლოხინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523552
1523752 online