asdas
ცნობილი ადამიანები
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2010-12-06 15:37:40



ნიგვზიანი სუპი

მასალა: ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა; ხახვი – 3–4 თავი; წყალი – 6 ჭიქა; პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი; კვერცხი – 3 ცალი; მწვანილი, ძმარი, მარილი – გემოვნებით.

ნიგოზი დავნაყოთ, ხახვი დავკეპოთ ძალიან წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, დავდგათ ცეცხლზე და კარგად ჩავთუთქოთ. მერე დავასხათ ექვსი ჩაის ჭიქა წყალი, რომელშიც შერეულია ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ძმარი. თხუთმეტი–ოცი წუთი დუღილის შემდეგ ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ოხრახუში, კამა, ქინძი და წამოვადუღოთ. შევაზავოთ მარილით და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მთლიანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ და თანდათან ჩავასხათ სუპში, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. სუფრაზე მიტანისას შეიძლება დავამატოთ კარაქი.

ბოზბაში გუფთით

მასალა: ცხვრის ან ბატკნის ხორცი – 1 კილოგრამი; დუმა – 100 გრამი; დანაყილი ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი; ხახვი – 4–5 თავი; კვერცხი – 1 ცალი; ქინძი – 3–4 ძირი; დარიჩინი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.

კარგად გარეცხილი ცხვრის ან ბატკნის ხორცს გამოვაცალოთ რბილი ნაჭრები. ძვლები და დუმა ჩავდოთ ცალკე ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა დუმა მოიხარშება, წვენიდან ამოვიღოთ და წვრილად დავკეპოთ. წვენი გავწუროთ. გაწურულ ბულიონში ჩავყაროთ დაკეპილი დუმა, დაჭრილი ხახვი, დანაყილი ბრინჯი, მარილი და ავადუღოთ. სანამ წვენი მოიხარშება, მოვამზადოთ გუფთა შემდეგნაირად: რბილი ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და ქინძთან ერთად, შევაზავოთ პილპილით, მარილით, დარიჩინით, კვერცხით და კარგად ავზილოთ. შეზავებული ხორციდან გავაკეთოთ გუფთები, ამოვავლოთ დანაყილ ბრინჯში, სათითაოდ ჩავუშვათ მდუღარე წვენში და ვადუღოთ, სანამ გუფთა არ მოიხარშება.

ღორის მწვადი

ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე, ბარკლის ნაჭერი და სხვა) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი, შავი წიწაკა, მრგვალად დაჭრილი ხახვი, მოვასხათ ცოტა ძმარი და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მწვადი მზად იქნება, მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. სუფრაზე მწვადთან ერთად, ცალკე მივიტანოთ ბროწეულის ან ტყემლის საწებელი.

ქათამი იმერულად

მასალა: ქათამი; ხახვი – 2–3 თავი; ხმელი სუნელი – 1 სუფრის კოვზი; ქინძი – 3 ძირი; ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა; ძმარი – 0,5 ჩაის ჭიქა; ნიორი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

კარგად გასუფთავებული მსუქანი ქათამი დავჭრათ. მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად მოვხრაკოთ, შეწითლებამდე.

წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ნედლი ქინძი. ყველაფერი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წყალი და დავასხათ მოხრაკულ ქათამს. 5–10 წუთის დუღილის შემდეგ კერძი მზად იქნება.

მწვანე ლობიო კვერცხით

მასალა: მწვანე ლობიო – 1 კილოგრამი; მწვანილები – 4–4 ძირი, ბულგარული წიწაკა – 4 ცალი; ხახვი – 2 თავი; 2–3 კბილი ნიორი, კვერცხი – 3 ცალი; მარილი – გემოვნებით.

მწვანე ლობიო, რომელიც კარგად არის მომწიფებული და შიგნით მარცვლები აქვს, დავარჩიოთ, დავამტვრიოთ ორ–სამ ნაწილად, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარგად ფარავდეს და დავდგათ მოსახარშად. რომ მოიხარშება წყალი გადავუწუროთ.

ზეთში ცალკე მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, მწვანილები და მოხარშულ ლობიოს შევურიოთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. ცალკე გავფქვიფოთ კვერცხები და მოვასხათ ზემოდან. 5 წუთის შემდეგ გამოვრთოთ.

ბადრიჯანი კვერცხით

მასალა: ბადრიჯანი – 500 გრამი; კარაქი – 100 გრამი; კვერცხი – 3 ცალი.

ბადრიჯანი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, სუფთა ტილო დავაფაროთ და 1 საათი გავაჩეროთ. გავწუროთ ხელით კარგად, რომ სიმწარე მოსცილდეს. მოვათავსოთ ღრმა ტაფაში, დავუმატოთ კარაქი, ავურიოთ და კარგად მოვშუშოთ, სანამ მზად არ იქნება. ამის შემდეგ დავასხათ გათქვეფილი მთლიანი კვერცხები, ავურიოთ და როცა კვერცხი მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ.

ალუბლის ტორტი

მასალა: კვერცხი – 14 ცალი; შაქრის ფხვნილი – 5 ჩაის ჭიქა; კარაქი – 100 გრამი; რძე – 1 ჩაის ჭიქა; ფქვილი – 11 სუფრის კოვზი; ალუბალი – 1,5–2 კილოგრამი; ვანილი, კონიაკი – გემოვნებით.

კარგად გარეცხილ ალუბალს გამოვაცალოთ კურკა, გავხლიჩოთ შუაზე და ქვაბში ფენა–ფენა ჩავაწყოთ ჯერ ალუბალი, შაქრის ფხვნილი (2 ჩაის ჭიქა), ისევ ალუბალი და ა.შ. მეორე დღეს, ან 4–5 საათის შემდეგ ალუბალი გაუშვებს წვენს და მზად იქნება ტორტისათვის. ერთი ჩაის ჭიქა ალუბალი დავტოვოთ მთელები (უშაქროდ) ტორტის ზემოდან მოსართავად.

გავაკეთოთ ბისკვიტი ჩვეულებრივი წესით: 12 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად. შევათქვიფოთ 12 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი და კვერცხის გულები, დავამატოთ ვანილი და 10 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი, ჩავასხათ პერგამენტგადაფარებულ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 2 კვერცხის გულისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი. დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი ფქვილი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ცხელი რძე, დავადგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა გაცივდება, მიქსერით ავთქვიფოთ ჯერ 100 გრამი დარბილებული კარაქი, შემდეგ ნელ–ნელა შევურიოთ კრემი. კრემს ბოლომდე რომ შევურევთ და კარგად გავთქვეფთ, დავუმატოთ ვანილი. კრემი მზადაა.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის წვენით, რომელსაც დამატებული ექნება 2 სუფრის კოვზი კონიაკი, ან არაყი. ქვედა ფენა დავფაროთ დაშაქრული ალუბლით, წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ ალუბალი და დავაფაროთ ზედა ფენა.

2 კვერცხის ცილა (რომელიც კრემიდან დაგვრჩა) გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან შევურიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ვანილი და დაშაქრული ალუბალი (დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა); ვთქვიფოთ კარგად მიქსერით, სანამ სქელ მასას არ მივიღებთ, ამ მასით დავფაროთ ტორტი მთლიანად (ზემოდან და გვერდებზე) და მოვრთოთ ცოცხალი ალუბლებით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523432
1523632 online