asdas
ცნობილი ადამიანები
მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად

2010-10-27 16:05:56



ჯონს ფერი დაეკარგა:

– ახლა მაიკ მარშალი! ამის დაჯერება შეუძლებელია!

– მოგიწევს, – მხრები აიჩეჩა კვისტმა.

ისინი ოტელ "ბომონდის" ჯონის ნომერში ისხდნენ. ედი კოქტეილებს ამზადებდა და მათთან მიჰქონდა. ჯონი თავის ჭიქას სულმოუთქმელად ცლიდა და ისევ უკან აბრუნებდა.

– იმ გოგოს ლიბმანის კანტორაში ერთი–ორჯერ მართლა შევხვედრივარ, – დაადასტურა ედიმ, – კიდევ კარგი, დამიმახსოვრა, თორემ...

– სისულელეს ნუ როშავ, ედი! – მოუჭრა მას ჯონმა და კვისტს მიუბრუნდა, – ჯულიან, რომ არ მიცნობდე, იქნებ გეფიქრა კიდეც, რომ ეს მკვლელობები ჩემი ჩადენილია.

– არაა გამორიცხული, – დაეთანხმა კვისტი.

– ბოს, ამ ტიპმა, ვინც არ უნდა იყოს, ნამდვილად ყველაფერი იცის, – შენიშნა ედიმ, – მაგრამ როგორ გაიგო, ჩვენ რომ ჩიკაგოს გავლით გაფრენას ვაპირებდით? ეს ხომ მხოლოდ თქვენ, მე და აეროპორტის მოლარემ ვიცოდით?

– მან იმ ბარათის შესახებაც იცოდა, რომელიც ჩემ გარდა არავის უნახავს, – ამოიოხრა ჯონმა.

– მოდით, საქმეს ნუ გავართულებთ, – დაიწყო კვისტმა, – ეს ვიღაცა იმ საღამოს შენს სახლში ნამდვილად იყო, მაგრამ შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღია. ბევერლი ტრენტის მეგობარი, რაკი რძე შეუწყვიტე, შურისძიებაზე გადავიდა, რაც აბსოლუტურად ნათელია. რაც შეეხება ჩიკაგოში გაჩერებას, ის შეიძლება ბილეთების რიგში ედის უკან დამდგარიყო და ყველაფერი გაეგონა.

– ერთი რამ არ მესმის, – არ ცხრებოდა ედი, – მისტერ კვისტი ამბობს, რომ მაქსს და ლუის პარასკევს, დღისით დაურეკეს, ჩვენ კი ჩიკაგოს გავლით გაფრენა მხოლოდ ლოს ანჯელესის აეროპორტში გადავწყვიტეთ. ბოს, როგორ შეეძლო მას, ჩვენი გეგმების შესახებ სცოდნოდა?

– ყველაფერი ასე არ არის, ედი, – მიუგო სენძიმ, – ხუთშაბათ საღამოს ჩიკაგოში ჯეინს დავურეკე, რომ გამეგო, შინ იქნებოდა თუ არა. შენ კი არ გითხარი, რადგან ხელს შემიშლიდი, – ედს სახეზე წყენა დაეტყო, – აეროპორტში გავითამაშე, ვითომ ეს იდეა თავში იქ მომივიდა, – ჯონმა კვისტს შეხედა, – შენი აზრით, ჩემი ტელეფონი ბევერლი–ჰილსში ისმინება?

– ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ უცნობმა შენი ჩიკაგოში გამგზავრების შესახებ უკვე იცოდა.

ჯონმა საათზე დაიხედა:

– ჯულიან, მერიან შეერთან მისვლას აპირებ?

– თუ შენც იქ იქნები, მაშინ, – მიუგო კვისტმა, – ვიდრე სამოქმედო გეგმა არ ჩამოგვიყალიბებია, არ მინდა, მარტო დაგტოვო.

ჯონმა გაიცინა:

– რატომ მარტო? თან სამი ლამაზმანიც მეყოლება.

კვისტი წამოდგა:

– ჯონ, ჩემი აზრი გაინტერესებს?

– რა თქმა უნდა, მეგობარო. მე შენ გენდობი და ეს შენც კარგად იცი.

– უცნობი კლავს იმათ, ვისაც შენი სახლიდან ბევერლი ტრენტის გვამის გატანა რამენაირად ეხებოდა. ასეთები იყვნენ სეიბოლი, ლიბმანი და მარშალი. ახლა ედი და შენ დარჩით.

– მე რატომ? – შეშფოთდა ედი, – იმ საღამოს აკაპულკოში ვიყავი.

– კვალის არევაში მონაწილეობდი და იმიტომ, – მიუგო კვისტმა, – ედი, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ეს ნაძირალა პირველად შენ მოგკლავს, მერე კი ჯონისთვის მოიცლის, არადა ყველაფერი ისევე წარმოჩინდება, როგორც ადრე, ანუ მკვლელი თითქოს ჯონია და ბევერლის სიკვდილის ამბავიც მაშინვე გახმაურდება.

ჯონმა თვალები დახუჭა და სახე თითქოს ტკივილისაგან დაემანჭა... თუ შიშისგან?

– ამას ვინ იფიქრებდა, ჯულიან? – წაიჩურჩულა მან.

– თუმცა არსებობს შანსი, ეს გიჟი რომ არ შეგეხოს.

– რა შანსი, ჯულიან? – ჯონმა თვალები გაახილა.

– თუ ფულის გადახდას ისევ განუახლებ. სხვა ვარიანტი არ არსებობს.

– ამას რატომ ამბობ? – შეეკითხა ჯონი.

– რომ არ შეგაშინო, ჯონ, – მიუგო კვისტმა, – ჩვენი კომპანია შენ ვერ დაგიცავს. აი, რჩევა კი შეიძლება მოგცეთ.

– მერე მირჩიე! რაღას უცდი?

– თავიდან ედის ხანგრძლივ შვებულებაში გავუშვებდი, თანაც სადმე შორს, ვიდრე ამ ტიპს დაიჭერდნენ. შემდეგ შენ პოლიციაში გამოცხადდები და ბევერლი ტრენტის შესახებ სიმართლეს იტყვი, რომ ის არ მოგიკლავს და მხოლოდ გვამი გადაიტანე. ამას სკანდალი მოჰყვება, რასაც იოლად გადაიტან, პოლიცია კი დამნაშავის ძებნას დაიწყებს. ამით შენ უსაფრთხოდ იქნები, იმ ტიპს კი ადრე თუ გვიან დაიჭერენ.

– მან ფაქტები არივ–დარია. ყველა მკვლელობა ისე გამოიყურება, თითქოს ისინი მე ჩავიდინე.

– შენ პოლიციას მასზე ადრე მიმართავ. იმ ტიპს აღარავინ დაუჯერებს.

– კარგი. ვიფიქრებ ამაზე.

– ფიქრის დრო აღარ დაგრჩა, ჯონ.

სენძი გაუნძრევლად იჯდა, ედი კი გამშრალ ტუჩებს ილოკავდა და თვალს არ აშორებდა მას.

– მინდა, ედის დაველაპარაკო. რასაც გადავწყვეტთ, შეერისთან გეტყვი, ჯულიან.

– ჯონ, თუ პოლიციას არ მიმართავ, ჩათვალე, რომ თამაშიდან გავდივარ, – გააფრთხილა კვისტმა სენძი.

ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი ლიდია ეფექტურად გამოიყურებოდა. მან ბოკალი მარტინით ტუჩებთან მიიტანა და ჯულიანს შეეკითხა:

– ვახშმად რატომ მივდივართ?

– ჯონს შევპირდი, – კვისტმა თავისი ბოკალი ასწია, – შენ გაგიმარჯოს!

– პოლიციას რომ არ მიმართოს?

– თავაზიანად დავშორდებით და სადმე სხვაგან წავალთ.

– თუნდაც აქ დავბრუნდებით?

– რატომაც არა? მგონი, აქაურობა მოგწონს.

– ძალიან, – გაუღიმა ქალმა.

– მაშინ აუცილებლად დავბრუნდებით, – კვისტი დაიხარა, ლიდიას ლოყაზე აკოცა და საათზე დაიხედა, – მალე დენი ჩამოფრინდება და ეტყვიან, სად მოგვძებნოს. ჩემი აზრით, ის ბევრ საინტერესოს გვეტყვის და ჩვენც რაღაც დასკვნებს გამოვიტანთ.

– ჰო, ძვირფასო, – დაეთანხმა ლიდია და სავარძლიდან წამოდგა.

მერიან შეერის სახლი საზეიმოდ გამოიყურებოდა. აქა–იქ ყვავილების კალათები იდგა. ბარი ყოველ სართულზე იყო. თეთრსმოკინგიანი ოფიციანტები და შავკაბიანი მოახლეები დაუზარებლად ემსახურებოდნენ სტუმრებს.

ჯულიან კვისტსა და ლიდია მორტონს ველვეტის მწვანე კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი შეეგება:

– მის მორტონ... მისტერ კვისტ... მე დუგლას ჰედმანი ვარ. მერიანი მაღლა გელოდებათ.

კვისტს ჰედმანის სახე ეცნო. მაშინვე გაახსენდა, ეს კაცი "გარდენის" მმართველის კაბინეტში რომ ჰყავდა ნანახი.

ყურადღების ცენტრში, ცხადია, სენძი იყო, რომელსაც გარს სამი ლამაზმანი შემოხვეოდა.

– ეს დოლორესია, ეს ბეტსი, ეს კი კლოდინი, – გააცნო ისინი ჯონმა ლიდიასა და ჯულიანს, – კარგები არიან, არა?

კვისტმა მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, ლამაზმანებს გაუღიმა, მერე კი ჯონს შეეკითხა:

– მოიფიქრე?

– რა თქმა უნდა, მეგობარო, – თავი დააქნია ჯონმა, – შენს რჩევას ხვალ დილითვე შევასრულებ. ედი არ მოვიდა, რადგან ჩემოდანს ალაგებს. მან ვენეციაში გამგზავრება გადაწყვიტა. ასე თქვა, გონდოლით გასეირნება ჩემი ბავშვობის ოცნებააო. ახლა კი სასმელი მიირთვით და იმათ დაეწიეთ, ვინც თქვენზე ადრე მოვიდა.

მათ საღამოს ძვირფას კაბაში გამოწყობილი მერიან შეერი მიუახლოვდა:

– როგორც ვხედავ, დუგლასი დაგხვდათ. მიხარია, რომ გვეწვიეთ.

– გმადლობთ, – გაიღიმა ლიდიამ.

სტუმართა შორის კვისტმა და ლიდიამ არაერთი ნაცნობი შენიშნეს, მათ შორის გალანტური ჯად უოლკერი – ქალაქ ნიუ იორკის ოფიციალური წარმომადგენელი.

ის იყო, კვისტმა და ლიდიამ მასთან საუბარი გააბეს, რომ დარბაზის შორეულ კუთხეში ჯონი სკამზე შეხტა და დონ ედვარდსის როიალის თანხლებით სიმღერა დაიწყო.

სიმღერას რომ მორჩა, დარბაზში აპლოდისმენტებმა იქუხა, ჯონმა კი, მირთმევის დროაო, შესძახა და როიალიდან აღებულ საყვირზე მარში დაუკრა.

ბუფეტი გადატვირთული იყო: უზარმაზარი შემწვარი ინდაური, ლორის მსხვილი ნაჭრები, წითელი თევზი, სხვადასხვაგვარი ყველი, ზეთისხილი და უამრავი სხვა რამ.

– საინტერესოა, იცოდა დელბერტ შეერმა, სიკვდილის შემდეგ მისი ფული სად წავიდოდა? – ჩაიხითხითა კვისტმა.

– ამგვარი რამ ჯერ არ მინახავს, – შენიშნა ლიდიამ და ლუკმა გადაყლაპა, – რომც არ გინდოდეს, მაინც ღორმუცელა გახდები.

როცა სტუმრები ჭამასაც მორჩნენ და აქა–იქ მდგარ სავარძლებში მოკალათდნენ, ჯონმა ისევ სიმღერა დაიწყო. ერთ მელოდიას მეორე ცვლიდა, მათ შორის კი მხურვალე აპლოდისმენტები ისმოდა.

უცებ კვისტის მხარს ვიღაცის ხელი შეეხო და მერიანის შეშფოთებული ხმაც მოესმა:

– ერთი წუთით, ჯულიან... ჰოლში გავიდეთ, თუ შეიძლება.

– რა თქმა უნდა.

როცა უკვე ჰოლში იყვნენ, კვისტმა თვალი მოჰკრა, როგორ მიუჯდა ლიდიას დუგლას ჰედმანი და საუბარი გაუბა.

– ჯულიან, – თქვა მერიანმა აღელვებით, – ვიღაც პოლისმენი ჯონს კითხულობს. ახლა რომ ის გავაჩეროთ, მთელი საღამო ჩაიშლება. იქნებ იმ პოლიციელს თქვენ დალაპარაკებოდით?

– ეტყობა, მანქანა დაუშვებელ ადგილზე გააჩერა, – სცადა მისი დამშვიდება კვისტმა, – ახლავე ჩავალ და გავარკვევ.

კრივიჩის დანახვაზე ჯულიანს ტანში ჟრუანტელმა დაუარა: ლეიტენანტი მკვლელობათა განყოფილებაში მუშაობდა და კვისტი მას უკვე იცნობდა. დაბალი, ჩაფსკვნილი კრივიჩი სახით ბავშვს ჩამოჰგავდა და ყველანაირად ცდილობდა, მკაცრი გამომეტყველება ჰქონოდა.

– სალამი, კვისტ, – თქვა მან, – სხვათა შორის, აქ თქვენი წყალობით მოვხვდი.

– ეს როგორ?

– ვიცოდი, სენძი რომ თქვენი კლიენტი იყო. მის პოვნას როცა შევეცადე, ამ წვეულების შესახებ ერთ–ერთმა თქვენმა თანამშრომელმა ჰარვიმ მითხრა.

– ჯონი ახალწვეულებისთვის გამართულ კონცერტზე უნდა მიიპატიჟოთ?

– არა. სხვა რამის გამო გვჭირდება.

– თუ საიდუმლო არ არის, რისთვის?

– სენძი "ბომონდში" ერთ თავის მეგობართან ერთად გაჩერდა...

კვისტს პირი გაუშრა:

– ჰო, ედი უიზმერთან ერთად.

– სწორია, – დაემოწმა კრივიჩი, – ჰოდა, მოახლემ, მათ ნომერში თეთრეულის გამოსაცვლელად როცა შევიდა, ეს თქვენი უიზმერი თავგაჭეჭყილი ნახა.

– გასაგებია, – გამოსცრა კვისტმა.

– თქვენ მას იცნობდით?

– ჰო, და მიყვარდა კიდეც. ისიც ვიცოდი, საფრთხე რომ ელოდა, მაგრამ ვერ დავაჯერე.

– მაშინ თქვენც უნდა დაგელაპარაკოთ, – მოიღუშა კრივიჩი, – სენძს დაუძახებთ?

– რა თქმა უნდა.

მერიან შეერი კვისტს ლიფტთან ელოდა.

– ჯონი უნდა წავიყვანო, – თქვა კვისტმა.

– რატომ, ჯულიან?

– ცუდი ამბავი მოხდა. ამჯერად მისი მეგობარი ედი უიზმერი მოკლეს.

– ო, ღმერთო!

– ჯონის წაყვანამდე მაინც ეს არავის უთხრათ.

– რასაკვირველია.

ლიდია და ჰედმანი ისევ საუბრობდნენ. კვისტი მათთან მივიდა და ლიდიასკენ დაიხარა:

– უნდა დაგელაპარაკო.

– მე კოქტეილებს მოგიტანთ, – ჰედმანი წამოდგა და ბარს მიაშურა.

– რა მოხდა, ჯულიან?

– ჯონის ნომერში ედი მოკლეს.

ლიდიას თვალები გაუფართოვდა:

– მერე შენ...

– მე ეს ჯონს უნდა ვუთხრა და წავიყვანო. ქვემოთ პოლისმენი გველოდება.

– ჯულიან, ეს როგორ მოხდა?

– უიზმერს თავი გაუხეთქეს. ვინ და როგორ, არ ვიცი. მარტო მოგიწევს უკან დაბრუნება.

– სად წავიდე, შენთან თუ ჩემთან?

– შენს სახლში წადი. მე არც კი ვიცი, როდის დავბრუნდები. ფრთხილად იყავი. შესაძლოა საფრთხე ახლა ჩვენ გვემუქრებოდეს...

ჯონის მომდევნო სიმღერა ოვაციით დასრულდა. ის ძალიან ბედნიერი ჩანდა, როცა კვისტი მიუახლოვდა:

– ჯონ, უნდა დაგელაპარაკო.

– მოგვიანებით, მეგობარო. ვერ ხედავ, რა ფორმაში ვარ?

– ახლავე.

– რაკი ასეა, – ჯონმა პუბლიკას გადახედა, – მეგობრებო, ცოტა შეისვენეთ, მე კი მალე დავბრუნდები, – და კვისტს ჰოლში გაჰყვა.

– რა უდროო დროს შემაწყვეტინე, ჯულიან. მე...

– ედი მოკლეს, – გააწყვეტინა კვისტმა.

– რა თქვი? როდის? რანაირად? – ჯონმა ხელები თავზე წაივლო.

– ის შენს ნომერში მოახლემ თავგახეთქილი ნახა. ქვემოთ ლეიტენანტი კრივიჩი გველოდება. გამოძიებას ის წარმართავს. ამაში გაგვიმართლა, რადგან კრივიჩი ღირსეული და სანდო კაცია.

– შენ მართალი იყავი, ჯულიან, – ამოიხრიალა ჯონმა, – პოლიციისთვის გუშინვე უნდა მიმემართა. ედი ხომ ჩემი უახლოესი მეგობარი იყო...

– კრივიჩი გველოდება.

როცა საპატრულო მანქანა ადგილიდან დაიძრა, ლეიტენანტმა კვისტსა და სენძს გადახედა და თქვა:

– მესმის, ეს თქვენთვის დიდი დარტყმაა.

– დარტყმაო? – შესძახა მუსიკოსმა, – ედი მე ძმასავით მიყვარდა! როცა ნომერში დავტოვე, თავს შესანიშნავად გრძნობდა.

– როდის წამოხვედით?

– შვიდი დაწყებული იქნებოდა. გზად გოგოებს შევუარე. ედი კი გასამგზავრებლად ემზადებოდა, ვენეცია მელოდებაო.

– იქ რამე საქმე ჰქონდა?

– ლეიტენანტო, ეს ისე გრძელი ისტორიაა!

– კვისტმა მიმანიშნა, უიზმერს საფრთხე ემუქრებოდაო. მაინტერესებს, რა საფრთხე ან ვისგან.

ჯონმა უმწეოდ შეხედა კვისტს, აქაოდა მიშველეო.

– ეს მართლა გრძელი ისტორიაა, – თქვა კვისტმაც, – ედი ჯონის მეოთხე მეგობარია, ვინც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოკლეს.

– ხუმრობთ? – კრივიჩს წარბები მაღლა წაუვიდა.

– როგორ გეკადრებათ, – მიუგო კვისტმა, – ერთი მკვლელობა კალიფორნიაში მოხდა, მეორე ჩიკაგოში, ბოლო ორი კი აქ, ნიუ იორკში.

მანქანა "ბომონდთან" გაჩერდა.

– გადავიდეთ? – იკითხა კვისტმა.

– არა, ჯერ აქ ვილაპარაკოთ, – მიუგო კრივიჩმა.

– დაიწყე, ჯონ, – მიუბრუნდა კვისტი ჯონს.

– ყველაფერი მოვყვე?

– ჰო, თავიდან ბოლომდე.

და მუსიკოსიც მოყვა, რაც კი მომხდარი ოთხი მკვლელობის შესახებ იცოდა.

– მერე ეს ყველაფერი აქამდე რატომ არ აღიარეთ? – მკაცრად იკითხა კრივიჩმა.

– ლეიტენანტო, – ჩაერთო კვისტი, – სენძს ვარწმუნებდი, თქვენთვის მოემართა, მაგრამ თავს იკავებდა, ეს ჩემს კარიერას დაასამარებსო.

– თქვენი საქციელი საოლქო პროკურორს ნამდვილად არ მოეწონება, – თავი გადააქნია კრივიჩმა, – თქვენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდით.

– ჯანდაბას საოლქო პროკურორი! – იფეთქა ჯონმა, – ედი მოკლეს! კრივიჩ, ეს თქვენი კომპეტენციაა და ის არამზადაც მალე უნდა მოძებნოთ!

კრივიჩმა მანქანის კარი გააღო:

– მაღლა ავიდეთ.

– იმას ვნახავთ? – იკითხა სენძიმ.

– ახლა არა. გვამი სამედიცინო ექსპერტიზაზეა. მოგვიანებით მისი ამოცნობა მოგიწევთ.

– ო, ღმერთო! – ამოიგმინა მუსიკოსმა.

"ბომონდის" 14–ს ნომერში უწესრიგობა სუფევდა. ყველაფრიდან ჩანდა, აქ რომ სამკვდრო–სასიცოცხლო შეტაკება მოხდა. სავარძლები გადატრიალებული იყო, იატაკის ხალიჩას კი სისხლის კვალი აჩნდა.

ახალმოსულებს ნომერში ორნი დახვდნენ: მკაცრი შესახედაობის დეტექტივი კვილენი და ოტელის თანამშრომელი დოდი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს კურირებდა.

– სხვადასხვა წვრილმან საგნებზე მოკლულისა და, როგორც ჩანს, მისტერ სენძის თითების ანაბეჭდებია. ბარში, ჭიქებზე კი რამდენიმე სხვა ანაბეჭდიც.

– ერთ–ერთი ჩემია, – შენიშნა კვისტმა, – დღისით აქ ვიყავი.

– როცა მოახლე თეთრეულის გამოსაცვლელად შემოდის, ნახმარი ჭურჭელიც გააქვს ხოლმე, მაგრამ დღეს, გვამი რომ დაინახა, მაშინვე უკან გამოვარდა და მე შემატყობინა, – განმარტა დოდმა.

– რითი მოკლეს? – იკითხა კვისტმა.

– ზუსტად ისეთივე ვერცხლის შანდლით, ბუხრის თავზე რომ დგას, – მიუგო კვილენმა, – თითების ნაკვალევი მასზე არ აღმოჩნდა, თუმცა ზუსტ პასუხს ლაბორატორია გაგვცემს.

– უცნაურია, – მოიღუშა კვისტი.

– უცნაური არაფერია, – შენიშნა კრივიჩმა, – ამ შანდალს ისეთი მძიმე ძირი აქვს, ცხენსაც კი მოკლავს.

– მე სხვა რამ ვიგულისხმე. საიდან იცოდა იმ ვიღაცამ, რომ აქ მკვლელობის იარაღს ნახავდა?

– იქნებ მათ შორის ჩხუბი ატყდა და რაც ხელში მოხვდა, ის გამოიყენა?

– ლეიტენანტო, ეს ადრეულ სქემებს ეწინააღმდეგება. თუ მკვლელი იგივეა, ვინც წინა სამი ჩაიდინა, ედის მოსაკლავად ცარიელი ხელებით არ მოვიდოდა, რადგან შანდლის არსებობა არ ეცოდინებოდა.

– იქნებ აქ სხვა დროსაც იყო და შანდლებიც ნახა? – იკითხა დოდმა და კართან მიყრდნობილ მუსიკოსს მიაჩერდა.

– მისტერ სენძი, – მიმართა მას კრივიჩმა, – "ბომონდში" შაბათ საღამოს მოხვედით?

ჯონმა თავი დაუქნია. როგორც ჩანს, ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა.

– უფრო კვირა დილას, ოთხის ნახევარზე, რადგან მანამდე კონცერტი ჰქონდა, – შეუსწორა დოდმა.

– კარგით, – განაგრძო კრივიჩმა, – ალბათ აქ თქვენი ნაცნობებიც იყვნენ, მეგობრებიც... ქალებიც...

ჯონმა მწარედ ჩაიცინა:

– ო, რა რეპუტაცია მაქვს! არა, ქალები არ ყოფილან. ჯულიანის გარდა არავინ შემოსულა, თუმცა ის ვიღაცა ალბათ იყო.

– ვინ უნდა ყოფილიყო?

– აბა, რა ვიცი. ჩემი ისტორია უკვე დეტალურად მოგიყევით. გავიმეორო?

– მისტერ სენძი, თქვენი ალიბი არ მაინტერესებს, – მიუგო კრივიჩმა, – მინდა გავიგო, თქვენს, უიზმერისა და კვისტის გარდა აქ ვინ შემოვიდა.

– იქნებ ედისთან შემოვიდა ვინმე? ის ხომ სულ აქ იყო.

– მას არავინ უხსენებია?

ჯონმა კვისტს შეხედა:

– არა.

– მე გეტყვით, – ჩაერთო დიალოგში ჯულიანი, – ედს ჩემი თანამშრომელი, მის ლიდია მორტონი ეწვია სასაუბროდ. ამ დროს ჯონი ჩემს კაბინეტში იყო.

– ახლა ნათელია, პომადიანი ნამწვები საიდანაც გაჩნდა, – შენიშნა კრივიჩმა, – ჩვენ ვიცოდით, ნომერში ქალი რომ იყო ნამყოფი. კარგით, ახლა ის მითხარით, უიზმერს მტრები ჰყავდა?

– არა მგონია, – მიუგო კვისტმა, – როგორც ვიცი, ის ყველას უყვარდა.

– ალბათ ზოგს მაინც სძულდა.

– შესაძლოა, – კვისტმა დოდს შეხედა, – იქნებ მკვლელი ჩვეულებრივი ქურდი იყო, რომელმაც სენძის ჩამოსვლა შეიტყო, ნომერში შეიპარა და...

– როგორ უნდა შეპარულიყო? – გააწყვეტინა კრივიჩმა.

– ძნელი სათქმელია, – მხრები აიჩეჩა დოდმა, – ჩვენ შესანიშნავი კლიტეები გვაქვს, მაგრამ პროფესიონალ ქურდებს წინ რა დაუდგებათ? მათ ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ შეღწევა.

– მოკლედ, – განაგრძო კვისტმა, – ქურდი ნომერში შეიპარა. ამ დროს ედი საძინებელში იყო და ბარგს ალაგებდა. ხმაურზე ქურდი შეშინდა და მათ შორის ორთაბრძოლა დაიწყო. ქურდმა შანდალს დასტაცა ხელი და თავში სთხლიშა ედის.

– კი მაგრამ, ატეხილი ხმაური ვინმეს ხომ უნდა გაეგონა? – იკითხა ლეიტენანტმა.

– ამ ნომრების კედლები ბგერაგაუმტარია, – მიუგო დოდმა, – ედს რომ დაეყვირა კიდეც, ვერავინ გაიგონებდა.

– კვისტ, – კრივიჩი ჯულიანს მიაჩერდა, – თქვენი აზრით, ყველაფერი ასე მოხდა?

– არა, ეს ერთ–ერთი შესაძლო ვერსიაა, – კვისტმა დოდს შეხედა, – იქნებ ვინმემ ოთახში შესული ან იქიდან გამოსული გარეშე პირი დაინახა?

– მისტერ სენძის დაცვა ჩვენ არ გვევალებოდა, – დოდი გაღიზიანებული ჩანდა, – ის კი არა, მისტერ შამბრენი იმასაც კი გვეუბნებოდა, ჩვენი კლიენტები ზედმეტი ყურადღებით არ შეაწუხოთო.

– შამბრენი ვინღაა? – იკითხა კრივიჩმა.

– როგორ? არ იცით? – თვალები დაქაჩა დოდმა, – ეს ხომ "ბომონდის" მმართველი და ჩვენი ბოსია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522264
1522464 online