asdas
ცნობილი ადამიანები
სენსაცია იმერულად
სენსაცია იმერულად
სენსაცია იმერულად

2010-11-23 13:00:30



თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმერულმა "სამტრედიამ" ასევე იმერულ "ზესტაფონს" კარგი საქმე გაუკეთა, როდესაც საკუთარ მინდორზე თბილისის "დინამო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ცხადია, ამ საჩუქრით ისარგებლა "ზესტაფონმა", ხოლო წინა დღით რუსთავის "ოლიმპმა" გასვლითი შეხვედრა მოიგო ზუგდიდში და ცხადია, პირველ ადგილს ვერავინ შეეცილებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქუთაისელებს უკვე დაავიწყდათ, ბოლოს როდის წააგეს. დავიჯეროთ, ნესტორ მუმლაძე უშლიდა მათ გუნდს რეალურად წინსვლაში? ფაქტია, მათ თამაში კარგა ხანია, არ წაუგიათ.



"სპარტაკმა" გამარჯვება გაიხსენა

ცხინვალის "სპარტაკმა" სეზონში მეორედ, ხოლო ბადრი კვარაცხელიას თავკაცობით პირველად მოიგო, რითიც ქულების მარაგი დაამრგვალა – 10 გაუხდა. ცოტაა, ბოლოსწინაადგილოსანს 6 ქულით ჩამორჩებიან ცხინვალელები, მაგრამ თუ მომდევნო მატჩებსაც ასეთი შემართებით ჩაატარებენ, ეჭვი გვაქვს, ცხრილის ძირიდან ნელ–ნელა დაიძვრებიან. თამაშის სურათი ასეთი იყო– "სპარტაკი" "ვიტ ჯორჯიაზე" მონდომებული ჩანდა, უფრო დიდ ენერგიას ხარჯავდა და ამიტომაც მოიგო.

მე–13 წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა ვალერი ბოლქვაძემ საჯარიმო მახვილგონივრულად დაარტყა, ბურთი მაღალი ტრაექტორიით წავიდა, ბრძოლაში ვერავინ შეეხო და კარში აღმოჩნდა. ასეთი გოლი ხშირია, რაც დამაბნეველ დარტყმას (ვერ გაიგებ, დარტყმაა თუ ჩაწოდება) მოსდევს. ვეტერინართაგან გააქტიურებას ველოდით, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. თამაში ისევ თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. "სპარტაკი" დაცვაში არ ჩაუჯდა მასპინძლებს და არც იყო ამის საჭიროება – მერაბ კოჭლაშვილის გუნდი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, თითქოს არც მონდომება ჩანდა და არც ტემპის აჩქარების სურვილი...

ასე გაგრძელდა არბიტრის საფინალო სასტვენამდე. მხოლოდ მეორე ტაიმის 5–წუთიანი მონაკვეთი იყო, როცა ჯერ ჯაბა ლიპარტიამ ააცილა შორიდან, მერე კი დავით მაისაშვილის მაკრატელა გამოდგა ოდნავ არაზუსტი. ლიპარტია პირველ ტაიმშიც ეცადა გატანას, საჯარიმო კარგად დაარტყა და აქაც სიზუსტე დააკლდა. შესვენებამდე იყო შოთა კაშიას საჯარიმოც, არდალიონ მიქაბერიძემ ბურთი ცხრიანიდან რომ "გამოაძრო".

ერთი უცნაურობაც, "ვიტ ჯორჯია" ნომინალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა, ყველაზე წინ ლიპარტია ჰყავდათ, რომელსაც სიღრმიდან თამაში უფრო ეხერხება. კოჭლაშვილმა მეორე ტაიმში შეიყვანა ფორვარდები, მაგრამ ვერც ამით მიიღო ხეირი.

67–ე წუთზე ისევ ბოლქვაძე მოექცა ყურადღების ცენტრში, საჯარიმოს გარედან ძელს მოარტყა ბურთი. საერთოდაც, ბოლქვაძე აშკარად გამოირჩეოდა, სივრცეს პოულობდა და მასპინძელთა დაცვა რამდენჯერმე აანერვიულა.

კოჭლაშვილმა ისეთი შეცვლები გააკეთა, ვა–ბანკზე წასვლას ჰგავდა, მაგრამ შემტევთა სიმრავლე საგოლე მომენტების შესაბამისი არ ყოფილა, "სპარტაკის" მეკარე სოსო გრიშიკაშვილი თითქმის არ გადამხტარა... ეგაა, ბოლო წუთზე გიგა ბეჭვაიას პასს გურამ ადამაძე გამოეხმაურა და ახლოდან ააცილა.

"სპარტაკმა" ძალიან გაიხარა, კლუბის პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი მინდორზე ჩავიდა და მწვრთნელ–ფეხბურთელებს ჩაეხუტა, ხოლო "ვიტ ჯორჯიას" ამ თამაშმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ გუნდიდან წასული ბევრი ფეხბურთელის ახალგაზრდებით ჩანაცვლებამ ნაწილობრივადაც ვერ გაამართლა.

ადრე ამართლებდა, მაგრამ წელს ერთი–ორი კი არა, ძალიან ბევრი მოთამაშე გაუშვეს და შედეგიც სახეზეა – ჩემპიონატის ნახევარიც არ გასულა და "ვიტ ჯორჯიას" უკვე 8 წაგება აქვს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გუნდები საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზეც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და პირველი შეხვედრა 1 დეკემბერს რუსთავში გაიმართება. ალბათ, ვეტერინარები უპირატესობას თასს ანიჭებენ, იქ სურთ გამარჯვება...

მატჩის შემდეგ

მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელი):

– ცუდად ვითამაშეთ. "სპარტაკმა" იბრძოლა და მოიგო, ჩვენ კი უკეთესი თამაში გვმართებს. ძალიან უკმაყოფილო ვარ.

ბადრი კვარაცხელია ("სპარტაკის" მწვრთნელი):

– ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და კლუბის ხელმძღვანელობას ვულოცავ ამ მოგებას. "ვიტ ჯორჯიასთან" სტუმრად 3 ქულის აღება ძნელია, მაგრამ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია, ამასთან, ბესიკ დეკანოიძე ტრავმირებული გვყავდა. ჩვენთვის მთავარი შედეგია, ამ ეტაპზე ნებისმიერი ქულა ჰაერივით გვჭირდება.

უღიმღამო თამაში

"სიონი" და "ტორპედო" წელს მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და კვლავ უგოლოდ დაშორდნენ. თვითმხილველთა თქმით, სანახაობრივი თვალსაზრისით ბოლოს პირველი სჯობდა, თუმცა, ძნელია იმის თქმა, რომ ამით მაყურებელმა განსაკუთრებული შვება იგრძნო.

მაყურებელი ვახსენეთ და "ვისოლმა" ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ქუთათურთა მეპატრონემ გულშემატკივართა ბოლნისში ჩასაყვანად ახლაც გამოჰყო ავტობუსი, რომლითაც თავისუფალი დროის მქონე ქომაგს "სიონთან" გასვლითი მატჩის ცქერის საშუალებაც მიეცა.

საგოლე მომენტებით მწირ შეხვედრას ამ გუნდების წინასათასო რეპეტიციის დატვირთვაც ჰქონდა. მოგეხსენებათ, კენჭისყრამ მეტოქეები თასის 1/4–ფინალში შეახვედრა ერთმანეთს.

ძნელია იმის თქმა, ახალი რა გაიგეს მოწინააღმდეგეთა მწვრთნელებმა ერთურთის თამაშზე, მაგრამ აშკარაა – "ღია" თამაშს არც ამ გუნდების მომავალ დაპირისპირებებში უნდა ველოდოთ.

იმის გარდა, რომ გასვლით მატჩში მორიგი ქულა მიითვალა, ამ შეხვედრას ქუთათურთათვის ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. გუნდი წაგებას გადაეჩვია (ჩემპიონატის ზედიზედ 8 მატჩში არ წაუგია) და ამაში ცუდი არაფერია. ესაა რომ, "ტორპედოს" ყველაზე არაპროდუქტიული თავდასხმა ჰყავს (15 მატჩში 8 გატანილი გოლიდან მხოლოდ 5 მოდის ფორვარდთა ანგარიშზე).

"ოლიმპი" პირველობას არავის უთმობს

მართლაც რომ დროზე დატოვა ქუთაისური გუნდის თავკაცის პოსტი ნესტორ მუმლაძემ. მას შემდეგ "ტორპედოსაც" ეშველა (გუნდს აღარ წაუგია) და "ოლიმპსაც". ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლიდან ჩემპიონატის 6 მატჩი ჩაატარა და არც ერთში წაუგია (4 მოგება, 2 ფრე). რაც ყველაზე მთავარია, რუსთაველები ცხრილის სათავეს დაუბრუნდნენ.

მატჩის წინა დღით შეხვედრის მომსახურე არბიტრის იძულებითი შეცვლა მოხდა. "ბაია" – "ოლიმპის" მთავარ მსაჯად დანიშნული გიორგი ვადაჭკორია მალხაზ ბეუქლიშვილმა შეცვალა.

ეს უკანასკნელი "სიონი" – "ტორპედოზე" მეოთხე მსაჯად იყო გამწესებული, სადაც ხობელი ჯენერი ხორავა დაინიშნა. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტს არავითარი კავშირი აქვს ჰონორარების გაუცემლობით შეწუხებული მსაჯების სავარაუდო გაფიცვასთან. უბრალოდ, ვადაჭკორიას ქალიშვილს პარასკევს ღამით მედიკოსების სასწრაფო დახმარება დასჭირდა და ფედერაციის სამსაჯო განყოფილებამაც ფორსმაჟორული გადაადგილება განახორციელა.

მატჩს რაც შეეხება, მისი ბედი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ირაკლი მოდებაძის ზუსტმა თავურმა დარტყმამ გადაწყვიტა. ეს 24–ე წუთზე მოხდა და იმთავითვემასპინძელთა პროტესტი გამოიწვია. აი, როგორი კომენტარი გააკეთა აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა:

– მე პირადად ვერ შევნიშნე, რა მოხდა, მაგრამ, როგორც როინ ონიანმა მითხრა, ირაკლი მოდებაძემ დარტყმამდე მას მაისურზე დაქაჩა და ჩვენი მცველიც მეკარეს შეეჯახა.

ფაქტია, ბეუქლიშვილმა გოლი ჩათვალა და მასპინძლებს საპასუხოს გატანაზე ფიქრი და თავის შეწუხება მართებდათ. ქომეთიანის შეგირდებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოიდეს თავი, როცა ირაკლი ეხვაიას ორჯერ რეალური მომენტის გამოყენება მართებდა. ფორვარდი ორჯერვე მიზანმა დააღალატა. მთლად ბოლო წამებზე კუკავას შეეძლო "ბაიასთვის" ქულის გადარჩენა, მაგრამ ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფმა თავით უხეიროდ დაარტყა.

ბოლოს ზუგდიდელთა სპონსორულ ამბებზეც ვთქვათ. "ბაიას" მესვეურებს მატერიალური პირობების გაუმჯობესებას ნოემბრის ბოლოსთვის დაპირდნენ. კონკრეტულად რასთან გვექნება საქმე, ერთჯერად ფულად ინექციასთან თუ კლუბის ახალი მეპატრონისთვის ჩაბარებასთან, დრო გვიჩვენებს.

მატჩის შემდეგ

ელგუჯა ქომეთიანი ("ბაიას" მთავარი მწვრთნელი):

– ნამდვილად კარგი ბრძოლა იყო და ვთვლი, რომ წასაგებად ცოდვები ვიყავით. ძალიან გულდასაწყვეტია, ჩვენმა ბიჭებმა ამდენი მომენტი რომ ვერ გამოიყენეს. ვერ გეტყვით, რომ თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დავრჩი, უბრალოდ, რიგი ფეხბურთელების გამოუცდელობამ დაგვაღალატა. მარცხის მიუხედავად, ასეთი თავდადებული თამაშისთვის გუნდს მადლობა გადავუხადე.

"ზესტაფონმა" უფულოებს აჯობა

ფოთის "კოლხეთი" უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია. გუნდი დატოვა ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა. მიზეზი ყველასთვის ნაცნობია, არადა, წელს "კოლხეთი" ნამდვილად სიმპათიურად გამოიყურებოდა. ფაქტია, რომ რიონისპირელებმა მიმდინარე ეროვნულის ყველაზე ხმაურიანი სენსაცია "გამოაცხვეს" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან.

ბესიკ შეროზიას შეგირდები ნებისმიერი გუნდისთვის მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ, თუმცა, დღევანდელი მატჩის წინ საქვეყნოდ გაცხადდა, რომ კლუბს ყველა მოწვეული ფეხბურთელი დატოვებდა.

ეროვნული ჩემპიონატის ერთ–ერთ ფავორიტთან შეხვედრაში კოლხები ახალგაზრდული გუნდით წარსდგნენ. სიმართლე უნდა ითქვას, ამ ახალგაზრდებმა თავი "ფაზისზე" მოსული ქომაგების წინაშე შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათი ბრძოლისუნარიანობა და თავდადება ნამდვილად დასაფასებელი გახლდათ. სტადიონზე შეკრებილებმაც თავიანთი რჩეულების გარჯა მართლაც დააფასეს და მთელი მატჩის განმავლობაში ახალბედა კოლხებს მხურვალედ ქომაგობდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი ძირითადად ორთაბრძოლებში წარიმართა. მართალია, იმერლები მეტოქეზე კლასით მაღლა იდგნენ, მაგრამ მასპინძელთა თავდადება თვალშისაცემი გახლდათ და კოლხებმაც პირველ ნახევარში მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს.

ყველაზე სახიფათოდ მოწინააღმდეგის კარს დროის ამ მონაკვეთში ირაკლი ძარიამ შეუტია, რომლის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

28–ე წუთზე კოლხთა კარს გიორგი ონიანმა შეუტია. იმერელთა მცველმა კუთხურიდან ჩაწოდებულზე იმარჯვა და მისი თავური გორდეზიანმა ნახტომში უკუაგდო, განმეორებით მცდელობაზე კი მცველებმა იყოჩაღეს და "კოლხეთი" აშკარა გოლისგან იხსნეს. ისე, ცალკე უნდა აღინიშნოს მასპინძელთა მეკარის, ლევან გორდეზიანის დამაჯერებელი თამაში. ტაიმის მიწურულს ნიკა გელაშვილს ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ეროვნული ნაკრების ფორვარდს სიზუსტემ უმტყუნა.

შესვენებაზე ზესტაფონელთა დამრიგებელმა შეცვლას მიმართა და თამაშში რატი წინამძღვრიშვილი ჩართო. როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩში გადამწყვეტი სწორედ ეს მომენტი გამოდგა.

მასპინძლები მეორე ტაიმში კვლავ მხნედ გამოიყურებოდნენ. 53–ე წუთზე გვალიამ მოჭრილი დაარტყა მეტოქის საჯარიმოს კუთხიდან, მაგრამ ბურთმა ფეროელთა კარის მარჯვენა ძელს რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა.

სტუმრები, ისევე, როგორც პირველ ტაიმში, ბურთზე კონტროლს მეტოქეს არ ანებებდნენ, თუმცა სახიფათო მომენტებს მაინცდამაინც დიდი სიხშირით ვერ ქმნიდნენ.

72–ე წუთზე კოლხებმა გოლი უწყინარ სიტუაციაში მიიღეს. აფციაურმა სტანდარტული შეასრულა და ბურთი ფოთელთა საჯარიმოში ჩააგდო, სადაც წინამძღვრიშვილმა თავი დაიხსნა მეურვეებისგან და ბურთს თავური გააყოლა. გორდეზიანს ბურთის აღების შანსი თითქმის არ ჰქონია – 0:1.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ რიონისპირელებს მცდელობა არ დაუკლიათ, მაგრამ საგოლე მომენტის შექმნა მათ ფაქტობრივად ვერ მოახერხეს. ისე, ერთიც უნდა აღინიშნოს, გოლამდე მასპინძელთა იერიშისას ბურთი ხელზე მოხვდა ერთ–ერთ ზესტაფონელს საჯარიმოს მისადგომებთან, მაგრამ არბიტრმა დარღვევა არ დააფიქსირა, რითიც სტადიონზე შეკრებილთა აღშფოთება გამოიწვია.

გოლის შემდეგ 10 წუთიც არ იყო გასული, წინამძღვრიშვილმა თავი მეორედ რომ გამოიჩინა. რატიმ ამჯერადაც თავურით გაიტანა, ოღონდ ახლა მას ასისტენტობა ელიავამ გაუწია. ზაალის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს რატიმ თავით მიმართულება შეუცვალა და მისი დარტყმული "ცხრიანში" შევარდა – 0:2. დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი მომხდარა, ზესტაფონელებმა შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს.

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი):

– მეტოქე ჩვენთვის უცხო შემადგენლობით გამოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. ახალგაზრდა კოლხებმა ღირსეულად იასპარეზეს და გამარჯვებაც იოლად არ მოგვიპოვებია.

ბესიკ შეროზია ("კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი):

– ჩვენი გუნდის შესახებ ყველას მოეხსენება. ახალგაზრდებმა დღეს მონდომებით ითამაშეს, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა. ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და ალბათ, ამ შეხვედრაზე გუნდის მომავლის შესახებ ბევრი რამ გაირკვევა.

21 ნოემბერი. ფოთი. "ფაზისი". 1.200 მაყურებელი.

კოლხეთი – ზესტაფონი 0:2 (0:0)

კოლხეთი: გორდეზიანი, გეგელია, ცხვიტარია, ბუკია, ლემონჯავა, გოგონაია, გვალია, ზვიად ჭედია (კუკულაძე, 81), მეგრელიშვილი, საცერაძე (წიქარიშვილი, 46), მოისწრაფიშვილი (ქორჩილავა, 84).

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, ალადაშვილი (წინამძღვრიშვილი, 46), გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, ძარია (ფიფია, 81), ბაბუნაშვილი (გორგიაშვილი, 57), ბენაშვილი, გელაშვილი, აფციაური, გრიგალაშვილი.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 0:1, 0:2 წინამძღვრიშვილი (72, 81).

გაფრთხილება: გოგონაია (10), საცერაძე (29), მეგრელიშვილი (38), ალადაშვილი (42), გორგიაშვილი (58), გვალია (70), ცხვიტარია (83), წინამძღვრიშვილი (83).

მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე

21 ნოემბერი. რუსთავი. "ფოლადი". 400 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:1)

ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე, ხურცილავა (ზაქრაძე 66), ლომაია, ადამაძე, ღანიაშვილი, ვასაძე, ჯანელიძე (ჩიმაკაძე 58), კლიმიაშვილი, გურეშიძე (მაისაშვილი 62), ბეჭვაია, ლიპარტია.

მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი.

სპარტაკი: გრიშიკაშვილი, ალავიძე (ტეტუნაშვილი 36), აქუბარდია, ფრიდოლინი, კაშია, ჭაფოძე, ვალერი ბოლქვაძე, ბაბულაიძე (ბარაბაძე 41), შონია, ლობჟანიძე, ბუზალაძე (კლოვისი 73).

მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია.

გოლი: 0:1 ბოლქვაძე (13).

გაფრთხილება: ბეჭვაია (76).

მსაკი: ლაშა სილაგავა (თბილისი)

20 ნოემბერი. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 300 მაყურებელი.

სიონი (ბოლნისი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:0

სიონი: მერლანი, კობაური (ნემსაძე, 26), თარგამაძე, ლაშა ჭელიძე, ქურასბედიანი, დიდავა, ნოზაძე, ვაშაკიძე, ისიანი (უგრეხელიძე, 60), გია თოდუა (ბობოხიძე, 73), რევაზ გოცირიძე.

მწვრთნელი: გიორგი ყიფშიძე.

ტორპედო: მიგინეიშვილი, დაჩი ფოფხაძე, სევასტი თოდუა, ფარულავა, ჩიკვილაძე, გიორგი დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, მერაბ გიგაური (ლომაშვილი, 69), თარხნიშვილი, ვახტანგ კვარაცხელია (კემუხტაშვილი, 87), საბანაძე (გივი ჩხეტიანი, 90).

მწვრთნელი: გიორგი გიგატაძე.

გაფრთხილება: გიგაური (29), გია თოდუა (33), ნოზაძე (54), საბანაძე (76), ჩიკვილაძე (84).

მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე (გორი).

20 ნოემბერი. ზუგდიდი. გულია თუთბერიძე. 1.000 მაყურებელი.

ბაია (ზუგდიდი) – ოლიმპი (რუსთავი) 0:1 (0:1)

ბაია: ზარქუა, კვეკვესკირი, რიგვავა (კუკავა, 78), კვესეიშვილი, ივანე კანდელაკი (აფაქიძე, 76), როინ ონიანი, ლევან აკობია, ეხვაია, წუწუმია, შოთა ლომია (სიხარულია, 67), მალიჩავა.

მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.

ოლიმპი: ბედიაშვილი, რეხვიაშვილი, ქავთარაძე, კვახაძე, ჯაფარიძე, დობროვოლსკი, რაზმაძე, დავით ბოლქვაძე (გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, 67), გეწაძე (ქემოკლიძე, 86), ბერიაშვილი (რევაზ ბარაბაძე, 902), მოდებაძე.

მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე.

გოლი: 0:1 მოდებაძე (24).

მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი).

21 ნოემბერი. სამტრედია. მანჯგალაძე. 1500 მაყურებელი

სამტრედია – დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

სამტერდია: ძაგანია, გოგია, ხუმარაშვილი, კუპრეიშვილი, კირთაძე, ქებაძე, ბაკურაძე, ჩომახიძე, ბაკარნაძე, კვერენჩხილაძე, კაკალაძე.

მწვრთნელი: გელა სანაია.

დინამო: ლორია, კახელიშვილი, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე, ლექვთაძე, ედნილსონი, კოშკაძე, ვაწაძე, თექთურმანიძე, მეტრეველი.

მწვრტნელი: თამაზ სამხარაძე

გოლი: ბაკურაძე 21 პენ

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი.

გათამაშების ცხრილი

1.ოლიმპი 15 9 3 3 23–13 30

2.ზესტაფონი 15 9 1 5 25–12 28

3.დინამო 15 7 5 3 19–9 26

4.სიონი 15 5 6 4 11–13 21

5.ვიტ ჯორჯია 15 6 1 8 16–20 19

6.ბაია 15 5 4 6 15–18 19

7.ტორპედო 15 4 7 4 8–8 19

8.სამტრედია 15 5 3 7 15–20 18

9.კოლხეთი 15 4 4 7 13–23 16

10.სპარტაკი 15 2 4 9 12–22 10

შენიშვნები:

პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;

ოთხი წრის შედეგების მიხედვით, ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი \||| ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე–8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს, შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ბომბარდირები:

ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) – 9 (1 პენალტით), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) – 6, გიორგი მეგრელაძე (ბაია) – 6 (1), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) – 5 (1), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) – 4, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო) – 4, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) – 4 (1), ლევან ხმალაძე (დინამო) – 4 (2).

კავშირი ტეგთან: კაშია
კავშირი ტეგთან: კაშია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523272
1523472 online