asdas
ცნობილი ადამიანები
გვარდიოლას ვერავინ აჯობა
გვარდიოლას ვერავინ აჯობა
გვარდიოლას ვერავინ აჯობა

2010-10-26 15:14:03



საფეხბურთო ევროპის ყურადღება ბარსელონას "კამპ ნოუსკენ" იყო მიპყრობილი, სადაც პრიმერა დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა აწ უკვე ყოფილ ლიდერ "ვალენსიას" უმასპინძლა. კატალონიელთათვის მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ქულების მოპოვება "ბარსას" დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას პირადი მიღწევისთვისაც სჭირდებოდა. პეპმა "კამპ ნოუზე" თავის პირველ სადამრიგებლო წელს გუნდს 87 ქულა დააგროვებინა, მეორეში 99 და მესტალიელებთან შეხვედრის წინ კატალონიურ გრანდს აქტივში 13 ქულა ჰქონდა. ასე და ამგვარად, "ვალენსიასთან" თუნდაც ფრის შემთხვევაში "ბარსას" დამრიგებლის პოსტზე მოღვაწეობისას 200 ქულა უგროვდებოდა.

ცხადია, მატჩის წინ გვარდიოლა მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდა და სადღეისოდ მისი შედეგი 202 ქულით განისაზღვრება. ამ რაოდენობის ქულა პეპმა 83 შეხვედრაში დააგროვა, რაც საშუალოდ 2.42–ს შეადგენს და კატალონიური გრანდის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

საშუალო ქულების რაოდენობით გვარდიოლას შემდეგ მეორე ლეგენდარული ინგლისელი სპეციალისტი სერ ბობი რობსონია. იგი 1996–97 წლების სეზონში მუშაობდა "კამპ ნოუზე" და მისი დამრიგებლობით "ბარსამ" 42 შეხვედრაში 90 ქულა (საშუალო მაჩვენებელი 2.14) დააგროვა. აბსოლუტურ მაჩვენებელს რაც შეეხება, ამ მხრივ ჰოლანდიელი სპეციალისტები ლიდერობენ – პირველ ადგილზე იოჰან კრუიფია, რომლის დამრიგებლობით "ბლაუგრანამ" 456 ქულა დააგროვა, მეორეზე ევროპის 1988 წლის ჩემპიონი ფრანკ რაიკაარდია (381), მესამეზე ტოტალური ფეხბურთის მამათავარი რინუს მიხელსი (262), ბენილუქსური კვარტეტის კიდევ ერთი წარმომადგენელი კი მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გახლავთ (240).

– რა კომენტარს გაუკეთებთ "ვალენსიასთან" ჩატარებულ შეხვედრას?

– "კამპ ნოუზე" მესტალიელებთან ჩვენი შარშანდელი დაპირისპირების მატჩის ზუსტი ასლი გამოვიდა. პირველ ტაიმში "ვალენსიელებმა" დაგვჯაბნეს, მაგრამ შესვენების შემდეგ სულ სხვაგვარი თამაში წავიდა.

საბოლოოდ იმ გუნდს ვძლიეთ, რომელიც მრავალი საფეხბურთო ასპექტითაა გამორჩეული. საერთოდ, ძალიან ძნელია ასეთი ტიპის შეხვედრების მოგება. რთულია გოლების გატანაც. "ვალენსიას" ლიდერობა შემთხვევითი არ ყოფილა, თანაც, "კამპ ნოუზე" ყველა გაორმაგებული ენერგიითა და მოტივაციით ასპარეზობს.

საკუთარი გუნდის თამაშით კი მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, რადგან "ვალენსიასთან" შეხვედრა ბიჭებისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა.

ნებისმიერ შეხვედრაში უმთავრესი კომპონენტი მოფიქრებული ტაქტიკა და ასპარეზობაა, ამ მხრივ კი "ბარსელონას" საქმე კარგად აქვს, ჩვენი ფეხბურთელები ნებისმიერი საფეხბურთო კომპონენტით შეუდარებლები არიან. ხომ ნახეთ, როგორ მოუმატეს მათ მეორე ტაიმში. დაამტკიცეს, რომ ფეხბურთს არა მარტო ფეხით, თავითაც თამაშობენ.

– თქვენი გუნდიდან რომელ ფეხბურთელებს გამოყოფდით?

– ორიგინალური არ ვიქნები განსაკუთრებული საქებარი სიტყვებით ანდრეს ინიესტას თუ მოვიხსენიებ. მინდორზე მას ყველაფრის შესრულება ხელეწიფება. ქედს ვიხრი ხავის თავდადების წინაშეც. მას ტრავმა აწუხებს, თუმცა, პრინციპულ მატჩში მინდორზე ყოფნის სურვილი თავად გამოთქვა და პრიმერას ლიდერის წინააღმდეგ პაექრობისას ძალიანაც დაგვეხმარა.

მომდევნო კვირაში მას დასვენება მოუწევს, რადგან ხავის ჯანმრთელობით გარისკვის უფლება არ გვაქვს. დავაკვირდებით მის ტრავმას და საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მთელი დატვირთვით არ ვათამაშებთ.

– დავიდ ვილიას თამაშზე რას გვეტყოდით?

– ნუ დაგვავიწყდება, რომ ვილია "ბარსელონაში" ახალი მოსულია და საბოლოო გასაშინაურებლად დროის გარკვეული პერიოდი კიდევ დასჭირდება. თანაც, დავიდი ფორვარდია, ამ პოზიციაზე მოასპარეზე ფეხბურთელისგან კი ყოველ მატჩში გოლს ითხოვენ, რაც რთული ამოცანაა. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდორზე თავდამსხმელის სამუშაო ყველაზე რთულია.

– ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში იკერ კასილიასმა განაცხადა, "ბარსელონა" მოდაა, მოდა კი ადრე თუ გვიან აუცილებლად გადადისო...

– "ფურია როხას" მეკარის სიტყვები არ გამკვირვებია. ეს მოსაზრება მას რომ არ გამოეთქვა, სხვა აუცილებლად იტყოდა. სანამ "ბარსელონას" მწვრთნელი ვარ, გუნდი ყოველთვის ისეთი მიმზიდველი სტილით ითამაშებს, როგორც "ვალენსიას" წინააღმდეგ.

ჩემი აზრით, "რეალსაც" ისეთივე საჩემპიონო ამბიცია აქვს, როგორიც "ბარსელონას". ორივე დიდი კლუბია და დიდწილად სწორედ ჩვენი დაპირისპირების შედეგად ვითარდება ესპანური საკლუბო ფეხბურთი.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523632
1523832 online