asdas
ცნობილი ადამიანები
ლიდერთა სამეული იკვეთება
ლიდერთა სამეული იკვეთება
ლიდერთა სამეული იკვეთება

2010-09-22 09:48:18



საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კიდევ ერთი ტური მიილია, თუმცა სენსაციების გარეშე. ლიდერებმა მოიგეს, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა "დინამო" თავიდან სამი ბურთის სხვაობით თუ ამარცხებდა "სამტრედიას", შემდეგ ორი გოლი გაუშვა და გვარიანადაც ანერვიულა.

გათამაშების სათავეში კი რუსთავის "ოლიმპია", რომელმაც ამჯერად ზუგდიდის "ბაიას" გამოუყვანა წირვა და ალბათ, ამ სეზონშიც ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება.

დებიუტი და გოლი

"ბაიასგან" უფრო კარგ თამაშს ველოდით, რის საბაბსაც მათი ბოლო ტურებში ნაჩვენები შედეგები იძლეოდა. თუმცა, "ოლიმპთან" შეხვედრაში ზუგდიდელები არ გავდნენ იმ გუნდს, ლიდერთა ჯგუფში დასამკვიდრებლად რომ იბრძვიან.

მეგრელაძის რამდენიმე დარტყმაზე გრიგოლ ბედიაშვილს მხოლოდ ერთხელ მოუხდა გადახტომა, ეს იყო და ეს, "ბაიას" სხვა შანსი არ ჰქონია. სტუმრებს ლუკა გუგუჩია (დისკვალიფიკაცია) და მეკარე გოგიტა სომხიშვილი (ტრავმა) აკლდათ, "ოლიმპის" თავკაცმა თემურ მახარაძემ კი ცვლილება გამოიცნო. თუმცა, ამაზე შემდეგ..

პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მეშვიდე წუთზე შექმნეს, საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გიორგი ბერიაშვილმა ირაკლი მოდებაძეს უპასა, მაგრამ მან ახლო მანძილიდან მეკარეს მოარტყა ბურთი.

თამაში დუნე და უტემპო იყო და ბოლომდე ასე გაგრძელდა. პირველ ტაიმში კიდევ იყო ორი გამოსარჩევი ეპიზოდი და ორივე ზედ შესვენების წინ: ბედიაშვილმა მეგრელაძის არცთუ ძლიერად დარტყმული აიღო, მერე კი რუსთაველთა მცველმა ალექსანდრე კვახაძემ შორიდან გაისროლა და კარს ოდნავ გადააცილა.

მატჩის გარდამტეხი მომენტი 53–ე წუთზე დადგა, როცა "ოლიმპის" მარჯვენა მცველი თემურ ღონღაძე მეტოქის საჯარიმოში წააქციეს. ჭკვიანურად ითამაშა ღონღაძემ – სიჩქარეაკრეფილი სულაც არ შევარდნილა, ადგილზე "ბაიას" ნახევარმცველ ალეკო გოგობერიშვილის ფეხს გამოედო და არბიტრმა ლაშა სილაგავამაც პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა: ლუკა რაზმაძემ ზუსტად დაარტყა და 1:0.

ისე, ზუგდიდელები ცოტა ხანს აპროტესტებდნენ სილაგავას გადაწყვეტილებას. უეჭველად დასანიშნი პენალტი იყოო, ვერ ვიტყვით. როგორც წესი, ამ შემთხვევაში არბიტრი წყვეტს, როგორ შეაფასოს დარღვევა.

მოსალოდნელი იყო, რომ "ბაია" გააქტიურდებოდა და შეტევებს მიეძალებოდა, მაგრამ "ოლიმპმა" ამის საშუალება არ მისცა. ვერც შეცვლებმა უშველა ზუგდიდელებს.

65–ე წუთზე ისევ რუსთაველებს შეეძლოთ გატანა: კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ღონღაძემ არ დაარტყა და ჭელიძეს დაუგორა, რომელმაც შეტევა გაშალა და რევაზ გეწაძეს გაუმზადა დასარტყმელად, თუმცა გეწაძემ მცველს მოარტყა ბურთი.

ახლა კი მახარაძის გაკეთებულ ცვლილებაზე: მან ფორვარდი ბერიაშვილი გაიყვანა და 17 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი შეიყვანა. "ოლიმპმა" ბოლო 25 წუთი ნომინალური თავდამსხმელის გარეშე ითამაშა, მაგრამ მეორე ბურთი მაინც შეაგდო: ყაზაიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან მოულოდნელად დაარტყა, მეკარე აშკარად არ ელოდა და რეაქციაც ვერ მოახერხა – 2:0.

ეს ყაზაიშვილის პირველი გოლია უმაღლეს ლიგაში. ამ ბიჭმა ძალიან ძლიერად ჩაატარა წლევანდელი დუბლების ჩემპიონატის საწყისი ტურები და მახარაძემაც გარჯა დაუფასა, "ბაიასთან" შეიყვანა და ვაკომაც ლამაზი გოლით გაამყარა თავისიანების უპირატესობა. "ოლიმპი" კვლავაც ცხრილის ლიდერია.

ზესტაფონის დასავლური

ზედიზედ მესამე ტურია, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დასავლეთ საქართველოს გუნდებთან უწევს დაპირისპირება. მართალია, პირველი შეხვედრა ზუგდიდში ფეროელებმა მოულოდნელად წააგეს, მაგრამ შემდგომ მატჩებში – "ტორპედოსთან" და "კოლხეთთან" 100%–იანი შედეგი აჩვენეს. ზესტაფონელთა პირველ წრის დასავლური ოდისეა მომდევნო ტურში სამტრედიაში დასრულდება.

მშვენიერი სათამაშო ამინდით და მცირერიცხოვანი მაყურებლებით დაუხვდნენ კოლხებს ზესტაფონელები. უმაღლესი ლიგის დებიუტანტის პირობაზე, "კოლხეთი" საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილშიც აქვს ადგილი დამკვიდრებული.

გასულ ტურში ასევე დებიუტანტ "ტორპედოსთან" ძლივს მოგებული მატჩის შემდეგ მასპინძლები უფრო შემართულნი გამოვიდნენ მოედანზე, მაგრამ ისინი მეტოქის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

მატჩის დებიუტში პირველად ფეროელებმა დაარტყეს მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით. ბაბუნაშვილმა დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად გაისროლა, მაგრამ შენგელია ბურთს ადგილზე დაუხვდა და საიმედოდაც ითამაშა.

მეშვიდე წუთზე სტუმრებმა ლამის ანგარიში გახსნეს, სიჭინავას მიერ ჩაწოდებული საჯარიმო ინწკირველმა გოლად აქცია, თუმცა, ასისტენტმა მიქელაძემ ოფსაიდი დააფიქსირა და ფოთელთა სიხარულიც ხანმოკლე გამოდგა.

– სანამ ფირს რამდენჯერმე არ ვნახავ, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, – განაცხადა ნამატჩევს კოლხთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ.

ორიოდ წუთში, ისევ სტანდარტულის შედეგად, ხიფათი ფოთელთა კართან შეიქმნა. გიზო შენგელიას კარში გოლის გატანას გელაშვილი ცდილობდა ორჯერ, მაგრამ პირველ ჯერზე ფორვარდს ხელი მეკარემ შეუშალა, ხოლო მეორედ ბურთს ადგილზე მახვილაძე დაუხვდა.

შემდეგ დამატებაზე ძარიამაც სცადა ბედი, თუმცა ბურთმა კარს ზემოდან გადაუფრინა. მე–15 წუთზე კი ფოთელი ლაშა გვალიას მიერ 30 მეტრიდან დარტყმულმა მასპინძელთა კარის ხარიხა შეაზანზარა.

ტაიმის ბოლომდე საინტერესო მართლაც არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით აფციაურის აცილებულ დარტყმას, რომელიც გრიგალაშვილის ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა. მთლიანობაში, ამ პერიოდში სტუმრები ძლიერ მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეროელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ წინა მატჩის გამორჩეული რამდენიმე ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დასვა. დუბლის შემსრულებელ დაუშვილს, როგორც შემდეგ გაირკვა, მცირეოდენი ტრამვა ჰქონდა, დვალი კი მწვრთნელმა პირველივე ტაიმში შეცვლაზე შემოიყვანა.

მეორე ტაიმი რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როდესაც გეგუჩაძემ, გელაშვილის ნაცვლად, თამაშში წინამძღვრიშვილი ჩართო, რომელმაც მასპინძელთა თამაშში მეტი სიმწვავე შეიტანა.

57–ე წუთზე კოლხთა საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი დვალმა მიიღო. ჯაბამ ცრუ მოძრაობით მეურვეები ჩამოიშორა და მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა. იქ მან კიდევ შეძლო ორი მცველის გაცურება და ძლიერად დარტყმაც სცადა. ზღვისპირელი მცველები დაიძრნენ დვალისკენ, რომელსაც დარტყმის ნაცვლად პასი გამოუვიდა წინამძღვრიშვილზე, ამ უკანასკნელმა კი მშვიდად და აუღელვებლად მოახერხა "კოლხეთის" კარის აღება 1:0.

რამდენიმე წუთში რატის დუბლის გახერხებაც შეეძლო, მაგრამ მისი თავური ძელისა და ხარიხის გადაკვეთას მოხვდა. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში სტუმრები შედარებით დაღლილები ჩანდნენ. ფეროელებს კი თამაშის სადავეები მყარად ჰქონდათ ხელში აღებული.

ბურთზე მაქსიმალური კონტროლი და მეტი მოძრაობა – აი, ამით სჯობდნენ თამაშის დასკვნით ნაწილში მასპინძლები მეტოქეს. 83–ე წუთზე ზესტაფონლებმა ანგარიში გააორეს, აფციაურის მიერ ჩაწოდებულ საჯარიმოზე დვალმა ივაჟკაცა თავური დარტყმით.

დარჩენილ დროში მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა, თუმცა მათ მეტის გატანა ვეღარ შეძლეს. რაც შეეხება კოლხებს, ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თედიაშვილმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე დააკლდა.

ბესიკ შეროზია ("კოლხეთი"):

– დაძაბული მატჩი იყო. ვცდილობდით, მეტოქისათვის სათამაშო სივრცე შეგვეზღუდა. პირველ ტაიმში ეს გამოგვივიდა, მეორეში კი ძლიერმა მეტოქემ თავისი გაიტანა. მთლიანობაში ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ.

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"):

– იოლი თამაში არ ყოფილა, მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მოხარული ვარ, ბიჭებმა საბრძოლო სულისკვეთება რომ გამოავლინეს და საჭირო 3 ქულის მოპოვება შეძლეს.

საქართველოს \|| ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. უმაღლესი ლიგა. V| ტური

19.09. რუსთავი. ფოლადი. 1.000 მაყურებელი

ოლიმპი (რუსთავი) – ბაია (ზუგდიდი) 2:0 (0:0)

ოლიმპი: ბედიაშვილი, ღონღაძე, ალექსანდრე კვახაძე, რეხვიაშვილი, ჯაფარიძე, ქავთარაძე, ბოლქვაძე, მოდებაძე (გიორგი ჭელიძე 46), რაზმაძე, გეწაძე (ქემოკლიძე 88), ბერიაშვილი (ყაზაიშვილი 65).

მთავარი მწვრთნელი: თემურ მახარაძე.

ბაია: ზუხბაია, კვეკვესკირი, კვესეიშვილი, როინ ონიანი, აკობია, დოლიძე (კუკავა 63), გოგობერიშვილი, ვართაგავა (ხიდაშელი 78), წურწუმია (ხუბუა 67), სიხარულია, მეგრელაძე.

მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.

გოლები: 1:0 რაზმაძე (53 პენ), 2:0 ყაზაიშვილი (80).

გაფრთხილება: გოგობერიშვილი (4), ღონღაძე (13), ზუხბაია (53), ონიანი (55).

მსაჯი: ლაშა სილაგავა.

19.09. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 1.000 მაყურებელი

ზესტაფონი – კოლხეთი 2:0 (0:0)

ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, ბენაშვილი, გიორგი ონიანი, კობახიძე, ელიავა, ძარია (ფიფია, 70), გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი, ალადაშვილი (დვალი, 37), აფციაური, გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 54).

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

კოლხეთი: გიზო შენგელია, ჭითანავა (ცხვიტარია, 68), მახვილაძე, ინწკირველი, გველესიანი, ჯოჯუა, სილაგავა, გვალია, რევაზ ჯიქია, სიჭინავა (გულუა,77), ციცხვაია (თედიაშვილი,80).

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გოლები: 1:0 რატი წინამძღვრიშვილი (57), 2:0 დვალი (83)

გაფრთხილება: აფციაური (61); დვალი (70); გულუა (83).

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)

19.09. თბილისი. ეროვნული. 1.200 მაყურებელი

დინამო – სამტრედია 3:2 (2:0)

დინამო: ლორია, ტომაშვილი, კაკუბავა, კახელიშვილი, ხმალაძე, კვარაცხელია, კოშკაძე, ლილუაშვილი, ჯუისი (მუჯირი 77), თექთურმანიძე (ლექვთაძე 85), სიხარულიძე (მეტრეველი 70).

მწვრთნელი: კ.კაჭარავა

სამტრედია: ძაგანია, დვალიშვილი, თ.შალიკაშვილი, კუპრეიშვილი, ბაკურაძე (ჩხიკვაძე 77), ფურთუხია (ი.შალიკაშვილი 88), ქებაძე, ჩომახიძე, პავლიაშვილი, ტყემალაძე, კვერენჩხილაძე (კაკალაძე 63).

მწვრთნელი: გ.სანაია

გოლები: 1:0 ლილუაშვილი 32, 2:0 კოშკაძე 36, 3:0 კაკუბავა 52, 3:1 ტყემალაძე 56, 3:2 ჩომახიძე 90

გაფრთხილება: თ.შალიკაშვილი, ფურთუხია, ტომაშვილი, კაკუბავა

მსაჯი: ჯ.ხორავა

19.09. თბილისის. მიხეილ მესხი. 200 მაყურებელი

სპარტაკი – ვიტ ჯორჯია 1:2

სპარტაკი: გრიშიკაშვილი, ჭაფოძე, ბოიომო, თავბერიძე, კორსანტია, ჩალაძე (აქუბარდია 28), ხაჭვანი (მაისურაძე 46), შონია, შ.კაშია, ბუზალაძე, კლოვისი (სარალიძე 74).

მწვრთნელი: გ.ჩიქოვანი

ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ბეჭვაია, კასრაძე, ღანიაშვილი, ადამაძე, ფურეშიძე, მაისაშვილი (ზაქრაძე 75), კლიმიაშვილი, ლიპარტია (გოგიაშვილი 90), ჯანელიძე (კორიფაძე 90), ჩიმაკაძე.

მწვრთნელი: მ.კოჭლაშვილი

გოლები: 1:0 შონია 48, 1:1, 1:2 ლიპარტია 65, 89

გაფრთხილება: ჭაფოძე, კაშია, მაისურაძე, ზაქრაძე, ადამაძე

მსაჯი: ი.ურუშაძე

19.09. ქუთაისი. ცენტრალური. 2.000 მაყურებელი

ტორპედო – სიონი 0:0

ტორპედო: ქვილითაია, გურული, ფარულავა, ს.თოდუა, ფოფხაძე, დირმელაშვილი, ჩიკვილაძე, დათუნაიშვილი (გიგაური 60), ჩხეტიანი (კვასხვაძე 70),როსტიაშვილი, ცნობილაძე (ხაჭიპერაძე 55).

მწვრთნელი: ნ.მუმლაძე

სიონი: ბობრიაშვილი, ქორიძე, ორბელაძე, თარგამაძე (ოქროპირიძე 85), რაქვიაშვილი, ნოზაძე, დიდავა, გ.თოდუა (სანიძიძე 70), უგრეხელიძე, ვაშაკიძე (ისიანი 60).

მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

გათამაშების ცხრილი

1.ოლიმპი 6 4 1 1 8–3 13

2.დინამო 6 4 1 1 9–5 13

3.ზესტაფონი 6 4 0 2 11–5 12

4.ვიტ ჯორჯია 6 3 1 2 9–8 10

5.ბაია 6 2 2 2 6–7 8

6.კოლხეთი 6 2 2 2 4–5 8

7.სიონი 6 1 4 1 3–5 7

8.სამტრედია 6 1 1 4 7–11 4

9.სპარტაკი 6 1 1 4 6–11 4

10.ტორპედო 6 0 3 3 2–5 3

შენიშვნები:

პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;

ოთხი წრის შედეგების მიხედვით, ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი \||| ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე–8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს, შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ბომბარდირები: გიორგი მეგრელაძე (ბაია) – 5 (1 პენალტით), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) – 5 (1), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) – 4, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო) – 3, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) – 3.

მომავალი ტური – მეშვიდე ტური

24 სექტემბერი, პარასკევი

სამტრედია – ზესტაფონი

სიონი – დინამო

ვიტ ჯორჯია – ტორპედო

25 სექტემბერი, შაბათი

კოლხეთი – ოლიმპი

ბაია – სპარტაკი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კაშია
კავშირი ტეგთან: კაშია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522432
1522632 online