asdas
ცნობილი ადამიანები
ლიდერები ქულებს აგროვებენ
ლიდერები ქულებს აგროვებენ
ლიდერები ქულებს აგროვებენ

2010-04-16 14:39:15



საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩემპიონი "ოლიმპი" უნდა გახდეს, მაგრამ რუსთაველებს წინ კიდევ რამდენიმე დაძაბული შეხვედრა ელით იგივე "ზესტაფონთან", "დინამოსთან" და "ვიტ ჯორჯიასთან".

როგორც მოსალოდნელი იყო, აუტსაიდერებმაც წააგეს, თუმცა ამ ტურში ერთი შეხვედრა მაინც გადაიდო. პოლონეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, თბილისის "ლოკომოტივისა" და რუსთავის "ოლიმპის" შეხვედრა ერთი დღით გადაიდო და ჩვენი ჟურნალი დაბეჭდილი იყო, როდესაც ეს მატჩი გაიმართა.

კარგი სანახავი გამოდგა შეხვედრა ცხინვალის "სპარტაკსა" და ზუგდიდის "ბაიას" შორის. მსაჯმა სილაგავამ მინდვრიდან ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა უხეშობისთვის და უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო. ყველაზე მეტად კი მაინც "სპარტაკი" დაზარალდა, რომელსაც ბურდული თბილისის "დინამოსთან" თასზე განმეორებით შეხვედრაში არ ეყოლება.

იმერული დერბი განადგურებით დასრულდა

მიმდინარე სეზონში "ზესტაფონი" და "სამტრედია" ერთმანეთის პირისპირ ოთხჯერ წარსდგნენ და ოთხივეჯერ გია გეგუჩაძის გუნდმა იმარჯვა, თუმცა ასეთი ანგარიშით მათ მეტოქე აქამდე არ დაემარცხებინათ. თუ "ზესტაფონი" სამეულში მოსახვედრად იბრძვის, "სამტრედიამ" უკვე შეასრულა დაკისრებული ამოცანა – უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ახლა საკითხავი ისაა, შეძლებენ თუ არა ისინი ხუთეულში შესვლას და ცხინვალელებთან ხუთქულიანი სხვაობის გაბათილებას.

თავდაპირველად სტუმრები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს, მაგრამ პირველი ტაიმის შუაწელში თანდათან გამოიკვეთა მასპინძელთა უპირატესობა და გოლიც შედგა – ძარიამ გოლი 33–ე წუთზე გაიტანა, ცხრა წუთში კი ბენაშვილმაც შეძლო კიდევ ერთხელ აეღო სტუმართა კარი და ტაიმი 2:0 დასრულდა.

შესვენებაზე ლევან ჯაფარიძემ ერთბაშად სამი ცვლილება განახორციელა და მის გუნდს თითქოს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდა – ტყემალაძემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ამით მასპინძლები მხოლოდ გააღიზიანა. ჯაბა დვალს მიმდინარე სეზონში სამტრედიელთა კარში სამი გოლი ჰქონდა გატანილი, საპასუხო გოლის გაშვებიდან ორ წუთში ზესტაფონელთა უპირატესობა კვლავ ორ ბურთამდე გაიზარდა. ამან სტუმრები საბოლოოდ გატეხა. ლევან კორღალიძემ სამტრედიელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა და მე–60 წუთზე ტაბლოზე 4:1 დაფიქსირდა, ბოლო სიტყვა კი გორგიაშვილმა თქვა და 79–ე წუთზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ შეხვედრაში მასპინძლებს ოთხი წამყვანი ფეხბურთელი, ნიკა გელაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი, თორნიკე აფციაური და გიორგი ხიდეშელი აკლდა. ამ დანაკლისის მიუხედავად, იმერელთა გამარჯვება ნამდვილად შთამბეჭდავი იყო და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს.

შეცდომა ყოველ ტურში

გასულ ტურში ერთმანეთის პირისპირ თბილისის "ლოკომოტივი" და "ზესტაფონი" წარსდგნენ. იმ შეხვედრაში მსაჯმა სილაგავამ პენალტი დანიშნა იმერელთა კარში, მაგრამ უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო გიორგი ხიდეშელი კი არ გააძევა, არამედ მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

მოკლედ, ტური არ გავა, რომ მსაჯი ან განზრახ ან უნებლიედ არ შეცდეს. მსაჯები თვლიან, რომ შეუცვლელები არ არიან და მიდი, "ისე უსტვენენ, როგორც მათ სურთ". ღმერთმა სასტვენი უმრავლოთ და სამსაჯო პენსიის ასაკამდე უსტვინონ, რამდენიცუნდათ, მაგრამ ამ თავის ნებაზე სტვენაც არ შეიძლება.

"ვიტ ჯორჯია" "გაგრაზე" უკეთესი გუნდი რომ არის, ამაზე არავინ დაობს და ალბათ, ვეტერინარებს უპირობო აუტსაიდერი გუნდის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ "გაგრელთა" სათავეში ანატოლი პისკოვეცის მისვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და აკი, თბილისის "დინამოს" განერვიულებაც მოახერხეს.

პირველი გოლი სტუმართა კარში 32–ე წუთზე გავიდა. შეტევა ვეტერინარებმა საკუთარ ნახევარზე დაიწყეს, ჯაფარიძემ მარცხენა ფრთიდან ცენტრში ლომაიას გადააწოდა, რომელმაც ბურთი ცუდად მიიღო და ხელზე აშკარად მოხვდა, იქვე მეტოქის ფეხბურთელიც იმყოფებოდა. "გაგრელთა" პროტესტის მიუხედავად, მსაჯმა ხარიტონაშვილმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, არადა, ბურთი ხელზე მოხვდა მეტოქეს. საჯარიმო რომ დანიშნულიყო, მასპინძელთა კართან ხიფათი შეიქმნებოდა, მაგრამ ახლა თავს იმართლებს ხარიტონაშვილი, უწყინარი სიტუაცია იყო და ბურთის ხელზე მოხვედრა შეიძლებაო.

ლომაიას გადაცემის შემდეგ საბოლოოდ ბურთი უკრაინელ ნაკონეცნის მიუვიდა, რომელმაც მისი უკან დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ვინ აცალა – მაისურზე ჩამოეკიდნენ, ერთი–ორი უბიძგეს და ბურთიც დაიკარგა. არც ამ შემთხვევაში დააფიქსირა ხარიტონაშვილმა თამაშის წესების დარღვევა, რასაც კიდევ ერთი უკრაინელის, გრიგორევიჩის შეცდომა მოჰყვა და ბერიაშვილმაც ადვილად შეძლო თევდორაძის კარის აღება. მეორე ბურთზეც "გაგრას" მცველები არაერთხელ შეცდნენ და იმავე ბერიაშვილმა ერთი–ერთზე რომ გავიდა, მეორედ აიღო სტუმართა კარი.

მეორე ნახევარში ჯერ ჯიშკარიანს შეეძლო გატანა, მაგრამ ბედიაშვილმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა და დარტყმული ხომ მოიგერია და შემდეგ ოვონიკოკოს მიერ უხეიროდ ჩაწოდებულსაც დაეუფლა. რამდენიმე წუთში კი უკვე ლიპარტიას მართებდა ცარიელ კარში ბურთის გატანა, მაგრამ "გაგრელთა" მცველებმა ბურთის მოგერიება მოახერხეს.

ამ მარცხის შემდეგ "გაგრამ" ფაქტობირვად გაინაღდა პირველ ლიგაში ადგილი, თუმცა, არ არის გამორიცხული, გუნდების რაოდენობა მომავალ სეზონში გაიზარდოს 14 ან 16–ამდე და "გაგრა" არც ამჯერად დაიკარგება.

ბურდული თასს დაემშვიდობა?

ოთხშაბათს ვოვა ხაჩიძის გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავს (გორში გამართული პირველი შეხვედრა 0:0 დამთავრდა). შიდაქართლელთა მეტოქე თასის 9–გზის მფლობელი თბილისის "დინამოა", რომელთანაც იოლი გასეირნება რომ არ ელით, უეჭველია. ამის მიუხედავად, ცხინვალელებმა იომეს, თამაში მოიგეს და მეორე ტაიმში მინდორზე ბურდულიც ვიხილეთ, რომელმაც წითელი ბარათი გამოიმუშავა და "დინამოსთან" შეხვედრასაც გამოტოვებს.

ყველაფერთან ერთად, "სპარტაკს" საკადრო პრობლემებიც ჰქონდა – დისკვალიფიკაციის გამო სასჯელს კამერუნელი ფრიდოლინ ბოიომო და დაჩი ფოფხაძე იხდიდნენ. მოკლედ, ხაჩიძემ უმოტივაციო გუნდითაც მოუგო მეტოქეს, რომელსაც ქულები უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ჰაერივით სჭირდება.

მასპინძლებმა პირველი გოლი სტანდარტული მდგომარეობის რეალიზაციის შემდეგ გაიტანეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ვიდრე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თემურ შონიამდე მივიდოდა და ისიც საგოლედ დაარტყამდა, ბურთმა სამჯერ შეიცვალა ადრესატი და შესაბამისად, ტრაექტორიაც – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გასათანაბრებლად გაიწიენ და ცხინვალელთა კამერუნელი კიპერის შეწუხებას მოუხშირეს. სწორედ მორიგი ასეთი უშედეგო შეტევის შემდეგ "სპარტაკმა" ბურთი სწრაფად გადაიტანა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს, სადაც ხელსაყრელ სიტუაციაში ერთბაშად ორი ცხინვალელი – დემეტრაძე და კლოვისი აღმოჩნდნენ. მათგან ერთ–ერთს ბურთი რომ არ მიეღო და სომხიშვილთან პირისპირ არ გასულიყო, ამისთვის "ბაიას" მცველმა მაკარ აქუბარდიამ უკანასკნელი იმედის ჯარიმა კლოვისზე "აიკიდა" და მსაჯმაც წინა ტურში დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეორა.

ეს მატჩის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოხდა, რამაც ანგარიშში ისედაც დაწინაურებულ მასპინძლებს უფრო სერიოზული უპირატესობა მისცა. ამას აქუბარდიას გაძევებიდან ხუთიოდე წუთში ამჯერად გიორგი ჩივაძის საგოლე დარტყმა მოჰყვა და "ბაია" მარცხს შეეგუა 2:0.

მატჩის ბოლომდე მოედანზე კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა, სილაგავამ "სპარტაკის" ნახევარმცველი ლადო ბურდული როინ ონიანთან უხეში თამაშისთვის მინდვრიდან გააძევა. არადა, ბოლოხანს უკრაინაში მოასპარეზე შუახაზელი ცხინვალელებმა სწორედ სათასო შეხვედრაში "დინამოს" ძლევაში დასახმარებლად დაიმატეს. ამ გაძევების გამო კი ბურდულს 14 აპრილის მატჩის გამოტოვება მოუწევს.



9 აპრილი. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 2.000 მაყურებელი

ზესტაფონი – სამტრედია 5:1 (2:0)

ზესტაფონი: კვასხვაძე, კობახიძე (ცხადაია 57), ონიანი, გამეზარდაშვილი, ელიავა, დაუშვილი, ძარია (ჩიხლაძე 51), გორგიაშვილი (ლომია 80), კორღალიძე, ბენაშვილი, დვალი.

მწვრთნელი: გ.გეგუჩაძე

სამტრედია: შენგელია, გოგია, კუპრეიშვილი, ნინუა, კირთაძე, ილურიძე (ფირცხალავა 46), ბაკურაძე, ჩომახიძე, ჩალაძე (ბარამიძე 46), ტყემალაძე, ხაჭიპერაძე (სამსეიშვილი 46).

მწვრთნელი: ლ.ანჯაფარიძე

გოლები: 1:0 ძარია (33), 2:0 ბენაშვილი (41), 2:1 ტყემალაძე (56), 3:1 დვალი (58), 4:1 კორღალიძე (60), 5:1 გორგიაშვილი (79)

გაფრთხილება: ცხადაია, სამსეიშვილი

მსაჯი: ლ.კვარაცხელია

10 აპრილი. რუსთავი, "ფოლადი". 200 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია – გაგრა 2:0 (2:0)

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ბეჭვაია (ხურცილავა 12), ადამაძე, ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, ვასაძე, გიორგი დათუნაიშვილი (მაისაშვილი 82), კლიმიაშვილი, ბერიაშვილი, ლიპარტია (ჯანელიძე 73).

მწვრთნელი: გ. გომელაური

გაგრა: თევდორაძე, ნაკონეჩნი (მოსიაშვილი 65), ტყეშელაშვილი, პავლიაშვილი, გრიგოროვიჩი, ხარაბაძე, ოქრიაშვილი (ჩხეტიანი 46), ოვონიკოკო, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ქორთუა, ომელიანოვი (ჭოხონელიძე 65).

მწვრთნელი: ა.პისკოვეცი

გოლები: ბერიაშვილი 33, 36

გაფრთხილება: ჯიშკარიანი 81

მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

გორი. 10 აპრილი, გორი. "ქართლი". 100 მაყურებელი

სპარტაკი – ბაია 2:0 (0:0)

სპარტაკი: ნონოსი, ბაქრაძე, გიორგი კვახაძე, თარხნიშვილი, მგალობლიშვილი, ჩივაძე, შონია (მგელაძე 69), ჩირიკაშვილი (ბურდული 46), მედ ნალო, კლოვისი (ბურჯანაძე 66), დემეტრაძე.

მწვრთნელი: ვ.ხაჩიძე

ბაია: სომხიშვილი, კვეკვესკირი, აქუბარდია, სევასტი თოდუა, კვესიეშვილი, ლუნგუ, როინ ონიანი, ეხვაია (სამადაშვილი 77), წურწუმია (ფიფია 66), ვართაგავა (სიხარულია 61), აკობია.

მწვრთნელი: ე.ქომეთიანი

გოლები: შონია 54, ჩივაძე 74

გაფრთხილება: ლუნგუ 13, ბურჯანაძე 75, თარხნიშვილი 85

გაძევება: აქუბარდია 69, ბურდული 89

მსაჯი: ლ.სილაგავა

10 აპრილი. თბილისი. "ეროვნული". 300 მაყურებელი

დინამო – სიონი 4:0 (3:0)

დინამო: ლორია, თომაშვილი, გურამ კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე, კაკუბავა, ფირცხალავა (ედნილსონი 66), შოთა კაშია, კახელიშვილი (ვაწაძე 73), თექთურმანიძე (ჩადუნელი 86), აკირემი.

მწვრთნელი: კ.კაჭარავა

სიონი: ზუხბაია, ქემოკლიძე, ლაშა ჭელიძე, დიდავა, რაქვიაშვილი, ნოზაძე, გოგობერიშვილი, უგრეხელიძე, დეკანოსიძე (უგულავა 59), გიორგი მელქაძე (ირაკლი შენგელია 38), ლევან მელქაძე (გიორგი მაისურაძე 69).

მწვრთნელი: ხ.ქასრაშვილი

გოლები: 1:0 ჩიკვილაძე 18, 2:0 ჩიკვილაძე 29, 3:0 აკირემი 36, 4:0 ვაწაძე 86

გაფრთხილება: ქემოკლიძე 17, რაქვიაშვილი 41, დიდავა 77

მსაჯი: ვ.გუმბერიძე

სატურნირო მდგომარეობა

1.ოლიმპი 28 20 6 2 56–17 63

2.დინამო 29 17 7 5 46–15 58

3.ზესტაფონი 29 16 9 4 48–26 57

4.ვიტ ჯორჯია 29 14 10 5 39–26 52

5.სპარტაკი 29 9 9 11 34–44 36

6.სამტრედია 29 8 7 14 36–55 31

7.სიონი 29 6 12 11 20–36 30

8.ბაია 29 5 8 16 22–38 23

9.ლოკომოტივი 28 3 10 15 13–35 19

10.გაგრა 29 3 6 20 22–50 15

ბომბარდირები: აკინო (ოლიმპი) 26 (10 პენალტით), ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი) 15 (1), ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) 11 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) 10, გიორგი გაბედავა (გაგრა) 10 (1).

მომავალი ტური

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კაშია
კავშირი ტეგთან: კაშია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523632
1523832 online