asdas
ცნობილი ადამიანები
ელ კლასიკოს სულ სხვა ხიბლი აქვს
ხაბი ალონსო რონალდუს ირჩევს
ელ კლასიკოს სულ სხვა ხიბლი აქვს

2009-12-05 10:58:02



ხაბი ალონსომ, რომელიც 28 წლის გახდა, ესპანელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც ნახევარდაცვის ერთ–ერთმა ლიდერმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

– თქვენ დაბადების დღე გქონდათ. კარგი საჩუქარი იყო თქვენთვის ციურიხის დამარცხება, არა?

– ციურიხის დამარცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ და აქ საქმე ჩემს დაბადების დღეში ნამდვილად არ ყოფილა.

– რა არის გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე?

– ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის, რომ 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდეთ. გარდა ამისა, გვინდა ჯგუფიდან პირველი ადგილიდან გავიდეთ. თუმცა, ჩვენი გაპირველება დამოკიდებულია მილანზე. ჩვენ დაველოდებით მის შედეგებს. პროგრამა მაქსიმუმი კი თასის ფინალში გასვლა და მოგებაა.

– რონალდუ გუნდს უბრუნდება. რას შესძენს ის გუნდს? რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის?

– რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. ჩვენ ვიცით, რომ ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მის გარეშეც შეგვიძლია წარმატების მიღწევა.

– ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ფანების მხარდაჭერა....

– ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა ტურნირია. ჩვენ გვჯერა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ყოველ შეხვედრაში ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იქნება შექმნილი და ამაში ფანების იმედი გვაქვს.

– გაიგეთ იმის შესახებ, რომ ხალხი თქვენს სათამაშო სტილს აკრიტიკებს?

– ვფიქრობ, ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოთქვას. რეალ მადრიდის ფეხბურთელებმა კრიტიკიდან სწორი დასკვნა უნდა გამოიტანონ და შესაბამისად იმოქმედონ. ჩვენ ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ვმუშაობთ ბევრს, რათა ჩვენი სათამაშო სტილი უფრო გავაუმჯობესოთ.

– ჩვენი შეხედულებით, გუნდი ცოტა ღელავს იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბერნაბეუზე გაიმართება. ფინალმა თქვენს გარეშე რომ ჩაიაროს...

– ჩვენ არ ვშიშობთ იმის გამო, რომ ლიგის ფინალი ბერნაბეუზე გაიმართება და შეიძლება იქ ვერ მოვხვდეთ. პირიქით, ეს მეტ მუხტს გვძენს. ჩვენ ახლა მხოლოდ იმაზე ვართ ორიენტირებული, რომ 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდეთ. ამის შემდეგ მერვედფინალები გაიმართება და აი, ამის შემდეგ კი ნამდვილად მოგვემატება სანერვიულო.

– რას გვეტყვით პელეგრინიზე?

– ის კარგი მწვრთნელია კარგი იუმორის გრძნობით. მან იცის, რა უნდა. მე ვფიქრობ, ის მნიშვნელოვანია გუნდისთვის.

– რას გვეტყვით კაკას შესახებ?

– ის ყოველთვის მხიარულია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მეტიც, ვფიქრობ, ის ყველასგან განსხვავებულია.

– რას ფიქრობთ ქარიმ ბენზემაზე?

– მას სჭირდება მეტი გოლი, რათა უფრო თავდაჯერებული გახდეს. ვფიქრობ, ის სულ მალე წარმატებას მიაღწევს და შესაბამისად, უფრო გაიხსნება.

– რას გვეტყვით ვეტერანებზე: რაულზე, გუტიზე და კასილასზე?

– მათ მთელი ცხოვრება რეალს შესწირეს, მათ რეალთან ერთად ისტორია შექმნეს. მათ იციან, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ისინი ფანების რჩეულები არიან.

– საკუთარ თავზე რას გვეტყვით?

– მე არ მსურს საკუთარ თავზე საუბარი. ვფიქრობ, ეს არაკორექტული იქნება.

– თქვენ მოედანზე განსაკუთრებულ პოზიციაზე თამაშობთ – გევალებათ მეტოქის შეტევების ჩაშლა. სხვა სათამაშო პოზიციაზე თამაში შეგიძლიათ?

– ახლანდელ პოზიციაზე თამაშით კმაყოფილი ვარ და თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ ნახევარდაცვის ამ ადგილზე ვგრძნობ, მაგრამ თუ გუნდს დასჭირდება, შემიძლია სხვა ადგილზეც ვითამაშო.

– რასინგთან შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღეთ...

– დიახ, იოგი დავიზიანე, თუმცა ეს პრობლემა არ ყოფილა ჩემთვის.

– რომელი ფეხბურთელის სათადარიგოზე ხილვა გაკვირვებთ?

– ყველა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თუ რომელიმე უნდა გამოვარჩიო, გუტის დავასახელებ, ის გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

– შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენ რომელი გუნდების თამაშებიც გინახავთ, რომელი ფეხბურთელი იყო გუნდისთვის ნამდვილი ლიდერი?

– ასეთ სამ ფეხბურთელს დაგისახელებთ. ვფიქრობ, ასეთი ხავიერ კარლოსია სოსიედადისთვის, პეპ გვარდიოლა ბარსელონასთვის და ფერნანდო რედონდო რეალისთვის.

– თქვენ ისეთ დიდ მწვრთნელებთან გიმუშავით, როგორებიც არიან: ბენიტესი, არაგონესი, დელ ბოსკე, პელეგრინი და სხვა. რომელთან უფრო უკეთ გრძნობდით თავს?

– თითოეულ მწვრთნელთან თავს კარგად ვგრძნობდი და ვგრძნობ. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ჯონ ტოშაკი, რომელმაც მომცა შანსი, მეთამაშა პრიმერა დივიზიონში.

ეს იყო ის, რაზეც ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ოცნებობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეალ სოსიედადში და ლივერპულში გატარებული პერიოდებიც.

ბენიტესისგან ვისწავლე, როგორ უნდა გახდე ტაქტიკურად განსწავლული და ასევე, როგორ უნდა გააკეთო ანალიზი მატჩის შემდეგ. ასევე გამოვყოფდი დღეს, როდესაც ჩემი დებიუტი შედგა ნაკრებში. ლუის არაგონესმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მისმა ნაკრებში გამოძახებამ საკუთარი თავის მიმართ რწმენა გამიასკეცა. რაც შეეხება დელ ბოსკეს, მე მომწონს მისი პროფესიონალური ხედვა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მადრიდიში ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდი გაქვთ? რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ქალაქში?

– მე მიყვარს მადრიდი, ეს ძალიან დინამიური ქალაქია. აქ ძალიან კულტურული და ერუდირებული ხალხი ცხოვრობს. რაც შეეხება ჩემს ფორმას, ვფიქრობ, მეტი შემიძლია.

– თქვენს შვილს რას ასწავლით, ანუ რა რჩევას აძლევთ, რომ გახდეს კარგი ფეხბურთელი?

– მე ვასწავლი, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ამავე დროს ვურჩევ, წვრთნას მოეკიდოს სერიოზულად და იყოს დამჯერი.

– როგორი ოცდამერვე წელი გინდათ გაგითენდეთ?

– მე მსურს... მეტის თქმა აღარ მინდა (იცინის) ეს ხუმრობით.

– რომელი რეალი – ბარსელონას შეხვედრა გახსენდებათ ყველაზე მეტად?

– ძალიან ბევრი კლასიკო მახსენდება. მათ შორის, როდესაც რაულმა მძიმე ტრამვა მიიღო ნოუ კამპზე, რაც ძალიან დასანანი იყო. ასევე დასამახსოვრებელი იყო ზიდანის ბენეფისი კამპ ნოუზე, ვგულისხმობ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართულ მის შესანიშნავ თამაშს.

ასევე ძალიან კარგად მახსოვს ბაპტიშტას მიერ გატანილი შესანიშნავი გოლი უფრო შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ. ბევრი სხვა მატჩიც მახსოვს, რომლების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

– ალბათ, მამათქვენმა რჩევა მოგცათ....

– ის ყურადღებით უყურებს მატჩს. მან რამდენიმე რჩევა მომცა. მას კლასიკოში მონაწილეობა მიუღია, როდესაც ბარსელონაში ასპარეზობდა.

– როგორ ფიქრობთ, მამათქვენი თქვენ გგულშემატკივრობდათ თუ თავის ყოფილ გუნდს?

– ის მე მიჭერს მხარს, ამაში დარწმუნებული ვარ.

– თქვენ კამპ ნოუზე აქამდეც არაერთხელ გითამაშიათ, რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი?

– როგორც აღნიშნეთ, ბევრჯერ მითამაშია კამ პოუზე, თუმცა გამოვყოფდი სოსიედადში ასპარეზობისას და ლივერპულში თამაშის დროს ნათამაშებ დღეებს. როდესაც მერსისაიდელთა შემადგენლობას ვიცავდი, კატალონიელები 2:1 დავამარცხეთ, რაც ფანტასტიური შეგრძნება იყო და ამის ხელმეორედ განცდა დიდი ბედნიერება იქნება.

– რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია არგენტინელი მესი ბარსელონასთვის?

– ის თავისი გუნდის ერთ–ერთი და ძლიერი ლიდერია და ყველამ იცის, რას ნიშნავს მესი ბარსელონასთვის. ის გუნდში კომფორტულად გრძნობს თავს.

– თქვენი აზრით, რომელი სჯობის, რონალდო თუ მესი?

– მე არასდროს მითამაშია ლეო მესის გვერდით და შესაბამისად, კრიშტიანუ რონალდუს ავირჩევ. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის.

– კასილასმა განაცხადა, ხავი და ინიესტა ბარსელონას ძირითადი ბირთვიაო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მჯერა, რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველები არიან. კარგად ვიცი, თუ გინდა ისინი აანერვიულო, ბურთი არ უნდა დაანახო.

– ელ კლასიკოს დონის თამაში არსებობს მსოფლიოში?

– ყველა თამაში თავისებურად განსხვავებულია. ინგლისში ბევრ მნიშვნელოვან შეხვედრაში მითამაშია, მაგრამ ელ კლასიკოს მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523992
1524192 online