asdas
ცნობილი ადამიანები
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე

2011-05-31 15:05:49



26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად უნდა ეზეიმა. დამოუკიდებლობის 20 წლისთავისთვის ხელისუფლება განსაკუთრებულად ემზადებოდა. ზეიმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სამხედრო აღლუმი გახლდათ, რომლის ჩატარებაც სერიოზული ტრაგედიის მიზეზი გახდა.



სახალხო კრებამ და მისმა ერთ–ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში თქვეს, რომ სააკაშვილი აღლუმს ვერ ჩაიბარებდა. 2 მაისს დაგვპირდნენ, რომ ისინი აქციებს 21 მაისს დაიწყებდნენ და ხელისუფლების შეცვლასაც მოახერხებდნენ.

აქციების ჩასატარებლად სანქცია მათ მერიაში ითხოვეს. მერიამ აქციების ჩატარებაზე სანქცია 25 მაისის ჩათვლით მისცა. 25 მაისამდე აქციები კოსტავას გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იმართებოდა. 25 მაისს კი სახალხო კრებამ თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა.

იმ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ აღლუმისათვის უკვე მომზადებული იყო სცენა და ტრიბუნები. აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცეს. საუბარია კონსტრუქციულ ოპოზიციაზე. ისინი ხელისუფლებას ურჩევდნენ, უარი ეთქვათ აღლუმის ჩატარებაზე. სააკაშვილი დათმობაზე არ წავიდა.

დათმობაზე არ წავიდა არც სახალხო კრება. 25 მაისს მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. მოსახლეობას კი პირობა მისცეს, რომ აღლუმს ისინი ჩაიბარებდნენ.

მოწოდებების მიუხედავად, ამ აქციაზე არც ბევრი ხალხი მივიდა და არც ოპოზიციური პარტიები გამოჩნდნენ. პარლამენტის წინ ძმები გაჩეჩილაძეები, კახა კუკავა, ეკა ბესელია და ირინა სარიშვილი მივიდნენ. დანარჩენები სახლებში ისხდნენ და ელოდებოდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დარბევა რომ მოხდებოდა, ამას ყველა წინასწარ ამბობდა.

დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე აქციის მონაწილეებს თბილისის მერიიდან ცნობა მიუტანეს. აუწყეს, რომ მათი ვადა ამოიწურა და აქციის ჩატარება თბილისის სხვა ადგილზე ურჩიეს.

სახალხო კრებამ შეთავაზება არ მიიღო. "არც ერთი ნაბიჯი უკან" – ასეთი იყო მათი პასუხი.

საღამოსთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნელ–ნელა ხდებოდა სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება. ამის შესახებ ბუნებრივია აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმაც იცოდნენ.

დარბევამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება და როგორც ამბობენ, ამ განცხადებამ გაათამამა სააკაშვილი და ასე სასტიკად ამიტომაც დაარბევინა ოპოზიცია.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი პასუხისმგებლობას ჯონ ბასსაც აკისრებს. მათ აინტერესებთ, რას იტყოდა ბასი, ასეთი სასტიკი დარბევა მის ქვეყანაშიც რომ მომხდარიყო.

როცა უკვე ნათელი გახდა, რომ დარბევა გარდუვალი იყო, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პატრიარქს მიმართა თხოვნით. როგორც მოგვიანებით ბურჯანაძემ თქვა, ილია ||–მ პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, დარბევა არ მოეხდინათ. და რაკი დარბევა მოხდა, ხელისუფლებამ პატრიარქს არ დაუჯერა.

ალბათ, ამის ბრალიც იყო, რომ საქართველოს პატრიარქი სამხედრო აღლუმს არ დაესწრო. მოგვიანებით მან საგანგებო განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაზე ცოტა ქვემოთ.

რუსთაველზე სისხლიანი ღამე 26 მაისის 00 საათსა და 15 წუთზე დაიწყო. ხელკეტებითა და პლასტმასის ჩაფხუტებით შეიარაღებულმა ასეულობით სპეცრაზმელმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქცია. მათ გასასვლელი არ დაუტოვეს. ასეთი რამე როდიონოვის ჯალათებსაც არ გაუკეთებიათ 1989 წლის 9 აპრილს.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეებისკენ წყლის ჭავლი გაუშვეს, შემდეგ მხუთავი აირი.

– ხედავთ, მოდიან სპეცრაზმელები. სიყვარულით შევეგებოთ მათ, – სიყვარულისკენ მოუწოდა აქციის მონაწილეებს სახალხო კრების ერთ–ერთმა ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

ამის შემდეგ რუსთაველზე საშინელება დატრიალდა. სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. ისინი სასტიკად სცემეს და გაქცევის საშუალება არ მისცეს.

ცემით რომ გული იჯერეს, რუსთაველზე მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. ადამიანებს რეზინის თასმებით კოჭავდნენ და გაკოჭილებსაც სასტიკად ურტყამდნენ.

იმის მიუხედავად, რომ დარბევის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, დაკავებულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ვერავინ დაადგინა. დაკარგულია ათეულობით ადამიანი. ხელისუფლება კი პასუხს არ იძლევა.

დაკავებას ვერც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ვაჟი ანზორ ბიწაძე გადაურჩა. თუმცა, ის რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს. ცოტა ხანში კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული მასალა გაავრცელა, სადაც ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბარია.

ამ ჩანაწერების მიხედვით, ბურჯანაძე და მისი შვილი მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობდნენ.

საქართველოში მავანსა და მავანზე მსგავსი ჩანაწერები ბევრჯერ გამოუქვეყნებიათ. მერე არც ერთი აღმოჩნდა მართალი. ამიტომაც ამ ჩანაწერებს არავინ დაუჯერა.

ვინც დაუჯერა, იკითხა, თუ ეს ინფორმაცია შსს–ს ჰქონდა, რატომ არაფერი იღონა წინასწარო.

აქციის დარბევისას ორი ადამიანი დაიღუპა – ერთი მათგანი პოლიციელია, მეორე კი ლეიბორისტული პარტიის წევრი. შსს ამტკიცებს, რომ ორივეს სიცოცხლე ბურჯანაძის ესკორტმა შეიწირა.

ამ ბრალდებით უკვე დააკავეს ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე და თანაპარტიელი ზაქარია ზურაშვილი. შსს–ს ცნობით, მანქანა, რომელსაც ჩიღვინაძე მართავდა შეეჯახა რამდენიმე ადამიანს. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე.

გარდაცვლილი ნოდარ ცხადაძე სოსო შატბერაშვილის ახლო ნათესავია. მისი მტკიცებით, ცხადაძე არა მანქანის შეჯახებით, არამედ დარბევისას მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა.

დარბევის დროს სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც. რამდენიმე ჟურნალისტი საშინლად არის ნაცემი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი აქციის მონაწილეები არიან.

მშობლიური შსს ამბობს, რომ 37 ადამიანი დაშავდა. სინამდვილეში კი ყველაფერი უარესად არის. დაშავებულთა რაოდენობა, როგორც ამბობენ, რამდენიმე ასეულია.

ზუსტი მონაცემები ამასთან დაკავშირებით არ ვრცელდება. არც დაკავებულების შესახებ არსებობს ზუსტი ცნობა. დაუზუსტებელი ცნობით, დაკავებულია 90 პიროვნება. დაკავებულთა ნაწილს 400 ლარიანი ჯარიმა, ხოლო მეორე ნაწილს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, დაკავებულთა წინააღმდეგ ჩვენება პოლიციელებს აქვთ მიცემული. ყველა ჩვენება ერთმანეთის მსგავსია, განსხვავება მხოლოდ სახელებსა და გვარებშია.

აღლუმი კი, რის გამოც ასეთი ტრაგედია მოხდა, მაინც ჩატარდა. თუმცა, მანამდე დასუფთავების სამსახურმა სისხლიანი რუსთაველის გამზირი საგულდაგულოდ მორეცხა.

აღლუმისთვის მომზადებულ ტრიბუნაზე ამაყად იდგნენ ქვეყნის პირველი პირი, ნაციონალები და მათი მეგობრები. თუმცა, წუხილი სახეზე ყველას ეტყობოდა. ყველას რაღაც აწუხებდა. შეიძლება ის, რომ კონცერტი ვეღარ ჩაატარეს. თუმცა, შეიძლება სინდისი ქენჯნიდათ, რომ ასეთი რამე მოხდა. ამის ოპოზიციას არ სჯერა, მაგრამ ვინ იცის.

დარბევის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ხელისუფლების სისასტიკე. კონსტრუქციული ოპოზიცია ბრალს ნინო ბურჯანაძესაც სდებდა.

განცხადება ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა. 26 მაისს მან საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და პირობა დადო, რომ ბრძოლას ისევ გააგრძელებს.

მისი თქმით, სააკაშვილს ბურჯანაძე გაქცეული ისეთ მდგომარეობაში უნდოდა ენახა, როგორშიც პრეზიდენტი ხალხმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იხილა.

ბურჯანაძის განცხადებით, მისი პირადი დაცვის თანამშრომლები იმიტომ დააკავეს, რომ იცავდნენ და არ მისცეს სპეცრაზმს მასთან ფიზიკურად შეხების უფლება.

– მე დაკავების არ მეშინია, ერთიც რომ დავრჩე, ბოლომდე ვიბრძოლებ, საქართველოში თუ არა, ევროპაში სამართალს მაინც ვიპოვი, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

განცხადება, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. მან 26 მაისის სისხლიან ღამეს პუტინის გეგმების პასუხი უწოდა.

– საქართველოში ღიად მოქმედებს მე–5 კოლონა. ჩვენი პასუხი "ფე–ეს–ბესა" და პუტინის გეგმებზე იყო პოლიციის მოქმედება თბილისში, 26 მაისის აღლუმი დედაქალაქში, რომლის არჩატარება ისევე ჰქონდა დაფიცებული ერთ ადამიანს, როგორც ჩემი ერთი ადგილით ჩამოკიდება პუტინს და, რაც მთავარია, საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთიანობა, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის აუდიოჩანაწერზე საუბრისას 1921 წელი და სერგო ორჯონიკიძე გაიხსენა.

– წინააღმდეგი ვარ, ყველანაირი ჩანაწერების ტელევიზორში გაშვების, მაგრამ ეს იყო ძალიან სასარგებლო. როგორც ყველა, საკუთარ ქვეყანაში ხელმოცარული დაბოღმილი ადამიანი, ჩავიდა მოსკოვში, შეჰფიცა ერთგულება და სისხლიანი დროშით შემოვიდა საქართველოში, რათა აეღო ძალაუფლება. ეს ყველაფერი მოსკოვში დაიგეგმა. ეს არ არის ამათ უბადრუკ ტვინში ნააზრევი, ეს არის დაწერილი იქ, სადაც დგას დიდი არმია, არის დიდი მოსყიდვის რესურსები და დიდი იმპერიული ამბიცია. ეს რომ იყოს ადგილობრივი არარაობის გეგმები, მათ სერიოზულად არ მივიღებდი, მაგრამ ვიცი, ვისი გეგმებია. ამას ვეკიდებით სერიოზულად! როცა მე–5 კოლონა ასე მოქმედებს, როგორც არასდროს, აუცილებელია, შევქმნათ ადამიანური თამაშის წესები პოლიტიკაში. საქართველოს სჭირდება ნორმალური ქმედითი ოპოზიცია, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ნორმალურ ქმედით ოპოზიციაში ჩვენმა პრეზიდენტმა, ალბათ, ოპოზიციური რვიანი იგულისხმა, რომელმაც კონსტრუქციულად დაუგმო მას 26 მაისის სისხლიანი ღამე.

არადა ამ კონსტრუქციულ ოპოზიციაში სწორედ ის ხალხია, რომლებსაც 2007 წელს აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩანაწერები მაშინაც მოგვასმენინეს. განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ბურჯანაძე და სააკაშვილი ერთ გუნდში იყვნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ||–მ ხელისუფლებას რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაპატიმრებულთა მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

საპატრიარქომ მწუხარება გამოთქვა, ინციდენტისას ორი ადამიანის დაღუპვის გამო და განსვენებულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

– ვწუხვართ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ერი ამ სახით რომ შეხვდა. რაც ეკრანზე ვიხილეთ, ნათელია, რომ აქციაზე შეკრებილებმა სახელმწიფოს მხრიდან გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, მაგრამ სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების გამო სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა და ზიანი მიადგა მომიტინგეებს, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დაწყებისთანავე, პატრიარქის კურთხევით, შემთხვევის ადგილზე უწმინდესის ქორეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები მივიდნენ, რათა ხალხის ნაწილი ქვაშუეთის ტაძარში შეეყვანათ და დაძაბული ვითარება ნაწილობრივ განემუხტათ.

ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება პატრიარქის თხოვნას. ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებენ ოპოზიციონერები.

დაბოლოს, კონსტანტინე გამსახურდია ალბათ კმაყოფილი იქნება. დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე მან პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა და ერთი ამბავი ატეხა.

მეორე არხი კოსტავას გამზირზე მიმდინარე აქციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ეს სანახაობა გამსახურდიას არ მოეწონა და ამ ყველაფერმა ბოშათა კარვები გაახსენა.

ისე, კარვებს, ოღონდ არა ბოშების, 20 წლის წინ გამუდმებით გვაჩვენებდნენ. საინტერესოა, მაშინ რატომ არ გააპროტესტა ეს გამსახურდიამ, ან რატომ არაფერი თქვა დარბევაზე. შეიძლება იმდენად მობეზრებული ჰქონდა კოსტავას გამზირზე მიმდინარე პროცესების ხილვა, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობას სხვა თვალით შეხედა.

შორენა მარსაგიშვილი

კავშირი ტეგთან: სისხლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523960
1524160 online