asdas
ცნობილი ადამიანები
ეს რა გვიყვეს, კაცო?!
გაბედავამ ჩემპიონი ოთხით ატარა
ეს რა გვიყვეს, კაცო?!

2009-08-13 18:46:17



ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში დაფიქსირდა პირველი სენსაციური ანგარიში. გაგრამ საკუთარ მინდორზე 4:0 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ვიტ ჯორჯია და შარშანდელი შედეგი გაიმეორა. ვიქტორ კაშჩეის დამოძვრილმა გუნდმა 4:0 დაამარცხა მქომედი ჩემპიონი და როგორც კლუბში აცხადებენ, მიღწეული მათ არ აკმაყოფილებთ და სხვა მეტოქეების დამარცხებასაც აპირებენ.

გიორგი გაბედავამ კი პოკერი მიითვალა, ოღონდ ისე არა, როგორც გასულ სეზონში ხდებოდა, გჭირდება და გაიტანეო... ყველა ბურთი ლამაზ სტილში გაიტანა, განსაკუთრებული კი მესამე გახლდათ, როდესაც მახვილი კუთხიდან ბედიაშვილს ცხრიანში გაუტანა. ოთხი? ოთხზე მეტი გოლი უნდა გასულიყო ამერზე ვიტ ჯორჯიას კარში, მაგრამ ვეტერინარები კიდევ კარგად გადარჩნენ.

მეორე შეხვედრის მოგება მოახერხა ცხინვალის სპარტაკმა. გოლი კი დავით ოდიკაძემ უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა და თან, სპარტაკის რიგებში. სპარტაკი ოლიმპთან ერთად ლიდერია, მაგრამ ჯერ მათ ფავორიტებთან არ უთამაშიათ და არავინ იცის, მათთან რას გააწყობენ.

ზესტაფონმა პირველი წაფორხილების შემდეგ სამი ქულის მოპოვება მოახერხა. იმერულ დერბიში, რომელიც სამტრედიაში შედგა, ზესტაფონმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და ლიდერებში ჩაეწერა.



ვინ შეაჩერებს გაბედავას?

გასული ჩემპიონატის სტარტზე უმაღლესი ლიგის მაშინდელმა დებიუტანტმა გაგრამ იმ დროს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო დაამარცხა და უმაღლესში დიდი ამბიციით შეაბიჯა, მაგრამ საბოლოოდ გათამაშება მაინც გასავარდნ ზონაში დაასრულა.

ცნობილი მიზეზების გამო, უძლიერესთა შორის დატოვებულ გაგრას მიმდინარე გათამაშება კვლავ დინამოსთან მატჩით უნდა დაეწყო, მაგრამ ამ გუნდის ევროთასებზე მონაწილეობის მიზეზით, ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთო და კვლავ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის წინაშე წარსდგა, ამჯერად ეს თბილისის ვიტ ჯორჯია იყო.

დასაწყისი წელსაც ისეთია, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს – გაგრამ მეტოქე 4:0 დაამარცხა და საკუთარი გულშემატკივარი გაახარა, თუმცა, კლუბში ძველი შეცდომების გამეორებას აღარ აპირებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ წელს მედლებისთვის იბრძოლებენ.

საერთოდ, გაგრასა და ვიტ ჯორჯიას შორის შეხვედრები უხვგოლიანობით გამოირჩევა. გასულ სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და თუ გაგრამ სტუმრად გორში ერთხელ 0:2 წააგო, ხოლო მეორედ ფრედ 0:0 ითამაშა, შინ 0:4 დათმო და ბევრი იმასაც კი ამბობდა, დიდი ანგარიშით მარცხი კიდევ ერთხელ გარანტირებული გაქვთო, მაგრამ...

მაგრამ თუ ვიტ ჯორჯია და მისი გულშემატკივრები, რომელთა შორის ლამაზი სქესის წარმომადგენლებიც მრავლად არიან და მადლობა გვინდა მათ ვუთხრათ პირადად, ვინაიდან მთელი შეხვედრის მანძილზე გულიანად ქომაგობდნენ თავის გუნდს, ჩვენს დამარცხებას დიდი ანგარიშით აპირებდნენ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა...

გაგრას ეს შეხვედრა ადვილად არ მოუგია. მან ბრძოლაში მოიგო, კაცურ ბრძოლაში და რაც მთავარია, დამსახურებულად...

რატომ?

იმიტომ, რომ გაგრა ჩემპიონზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და ეს შეეხებოდა ყველა პოზიციას, დაწყებული მეკარიდან, თავდამსხმელით დამთავრებული.

გაგრამ ითამაშა ის ფეხბურთი, რომელიც არა მარტო შედეგის მომტანია, არამედ სანახაობრივადაა სიამოვნების მომნიჭებელი.

ვიტჯორჯიელებმა კარგად იციან, რომ ოთხი გოლი შემთხვევით არ გადის და ისიც კარგად იციან, რომ ოთხივე გოლი გიორგი გაბედავამ ულამაზეს სტილში გაიტანა და სახტად დატოვა ვეტერინარები.

გაგრამ მეტოქეს შესთავაზა სწრაფი და შემტევი ფეხბურთი, მეტოქე აჰყვა და აი, სწორედ მაშინ დამარცხდა. ამიტომაც იყო, ვიტ ჯორჯიას მწვრთნელი გამალებული რომ ყვიროდა, სხვა თამაშიო...

ვიტ ჯორჯიასთან ნაჩვენებმა თამაშმა ყველას დაანახა, რომ გაგრელებს მეტის მიღწევის უნარი შესწევთ, მით უმეტეს, რომ ჩემპიონატის სტარტის წინ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდა და ზოგიერთმა მათგანმა უკვე ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა.

რაკი ახალი ფეხბურთელები ვახსენეთ, აქვე ვთქვათ, რომ ესენი არიან: მიხეილ კობერიძე, რომელიც გასულ სეზონში ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა და ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო ვერ ითამაშა, რომ წითელი ბარათი აქვს და დისკვალიფიკაციის გამო ორი შეხვედრის გამოტოვება უწევს; გურამ გოგიჩაიშვილი, რომელიც გასულ წელს უკრაინაში, კერძოდ ილიჩოვსკის ბასტიონში ირჯებოდა და ახლა გათავისუფლების ფურცელს ელის, პავლე ხორგუაშვილი (გადავიდა მესხეთიდან), გიორგი ელბაქიძე (ამერიდან), თეიმურაზ რაქვიაშვილი (სიონიდან) და მიხეილ ჯიშკარიანი (ამერიდან).

ბოლო ოთხმა ახალი გუნდის მაისური უკვე მოირგო. მიხეილ ჯიშკარიანი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, მიშა ჯიშკარიანის შვილია და ამერის ბავშვთა გუნდში გამოდიოდა, ვიტ ჯორჯიასთან კი შეცვლაზე 90–ე წუთზე შევიდა და უმაღლესი ლიგაც დააჭაშნიკა.

უშუალოდ შეხვედრა ვიტ ჯორჯიას შეტევებით დაიწყო. მათ ზედიზედ რამდენჯერმე მოაწოდეს კუთხური და ბერიაშვილს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ თევდორაძემ ბურთის უკუგდება მოახერხა.

გაგრამ მე–12 წუთზე დამუშავებული კომბინაციით იხეირა, ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი გაბედავამ ბედიაშვილს თავით თავზემოთ გადაავლო და 1:0. ამას სტუმრებმა კლიმიაშვილის სახიფათო დარტყმით უპასუხეს, თუმცა შემდეგ გაგრა სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა.

26–ე წუთზე ვიტ ჯორჯიას მორიგი კუთხური გაგრამ მოიგერია, ბურთი გაბედავას მოედნის ცენტრთან ახლოს მოუვიდა და კარისკენ დაიძრა. დაახლოებით იმ ადგილიდან, საიდანაც მან შარშან თბილისის დინამოს გოლი გაუტანა, ძლიერად დაარტყა, ბედიაშვილმა ნახტომში მოიგერია, დამატებაზე პავლიაშვილმა ვერ იხეირა, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთთან პირველი გაბედავა მიიჭრა და მეორედ აიღო სტუმართა კარი.

38–ე წუთზე კი იმავე გაბედავამ მარჯვენა ფლანგზე შარიქაძისგან კარგი გადაცემა შეირგო და ერთი შეხებით ბურთი ცხრიანში გაახვია.

მეორე ტაიმის დასაწყისში გაგრას ორჯერ შეეძლო ანგარიშის გაზრდა. კუპრეიშვილის ფლანგური გარღვევის და ჩაწოდების შემდეგ, გაბედავამ თავით დაარტყა, ბედიაშვილმა მოიგერია, პავლიაშვილ ორი მეტრიდან ამატებდა, მაგრამ ბედიაშვილს მოარტყა.

რამდენიმე წუთში ვიტ ჯორჯია შეტევაში დაჯარიმდა. გიგაურმა საჯარიმო შეასრულა და პავლიაშვილს ზედ ფეხზე დაასვა, მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.

ვიტ ჯორჯია გამოერკვა, გაგრამ მოედნის ცენტრი დათმო და კონტრშეტევებზე გადაერთო, რითიც მატჩის მიწურულს იხეირა – პავლიაშვილმა გაბედავა მეკარეს პირისპირ შეატოვა და მანაც პოკერი შეასრულა.

გაგრასა და ვიტ ჯორჯიას შეხვედრას წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული 100–მდე დევნილი დაესწრო, რომელიც გაგრას ხელმძღვანელობამ საკუთარი ხარჯებით ამგზავრა და პირობა დადო, რომ ფეხბურთის დევნილ გულშემატკივრებს მსგავს საჩუქარს ყველა საშინაო და ხშირ შემთხვევაში, გასვლით შეხვედრებშიც მოუწყობს.

მატჩის შემდეგ

ვიქტორ კაშჩეი, გაგრას მთავარი მწვრთნელის კონსულტანტი:

– მადლობა ბიჭებს ასეთი თამაშისთვის. შეხვედრის წინ ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, ჩემმა შეგირდებმა ყველა ის დავალება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს, რაც შეხვედრის დაწყებამდე მივეცი.

მე მათ ვუთხარი, რომ მომავალშიც ასე ითამაშონ, რათა გაგრას, რომელიც საქართველოს ტკივილია, მთელს ევროპაში გაუთქვან სახელი. ჩვენი მიზანი ევროთასების საგზურის მოპოვება და შემდეგ იქ კარგი თამაშია.

8 აგვისტო. თბილისი. ამერი. 1.000 მაყურებელი

გაგრა (გაგრა) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 4:0

გაგრა: თევდორაძე, კუპრეიშვილი, გიგაური, შალიკაშვილი, გაბუნია, ხორგუაშვილი, ბერბატი, შარიქაძე (კვანტალიანი 80), რაქვიაშვილი (ელბაქიძე 72), პავლიაშვილი (ჯიშკარიანი 90), გაბედავა.

მწვრთნელი: გ.ჩიქოვანი

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ლომაია, ლიპარტია (ჯანელიძე 55), რაზმაძე, ბერიაშვილი (კვარაცხელია 55), კახელიშვილი (როსტიაშვილი 76), ხურცილავა, კლიმიაშვილი, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კვახაძე.

მწვრთნელი: ნ.მუმლაძე

გოლები: გაბედავა (12, 26, 38, 87)

გაფრთხილება: გიგაური 17

მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი

იმერული ფეხბურთის სანახაობა

სამტრედიისა და ზესტაფონის დაპირისპირება ნაწვიმარ მინდორზე მიმდინარეობდა, რამაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა ასპარეზობის ხარისხზე. ამის მიუხედავად, სტუმრებმა პირველივე ტაიმში სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ორი გოლის გატანა მოახერხეს.

პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან შეიქმნა, როდესაც ვაჟა ქორიძემ არაზუსტად დაარტყა, რასაც ზესტაფონელმა ნიკოლოზ გელაშვილმა ასევე იერიშით უპასუხა. პირველ გოლს კი წინ შოთა გრიგალაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა უსწრებდა, რომელიც მასპინძელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

ანგარიშიც სწორედ სტანდარტული სიტუაციიდან გაიხსნა: მარჯვენა ფლანგიდან კუთხური აფციაურმა ჩააწოდა, ხოლო ხიდეშელის თავურისგან ხარძეიშვილმა ამჯერად თავისი გუნდის გადარჩენა უკვე ვეღარ მოახერხა – 0:1.

მოგვიანებით ზესტაფონის კარის სიახლოვეს შექმნილი არეულობის ხარჯზე ანგარიშის გათანაბრება კაკალაძეს შეეძლო, მაგრამ იგი სიტუაციაში დროულად ვერ გაერკვა და მომენტიც გამოუყენებელი დარჩა. სამაგიეროდ, იმერლებმა საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ჯაბა დვალმა სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

პირველ ტაიმში აქტიურობით გამოირჩეოდა სტუმართა ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი, თუმცა, სამტრედიის მეკარემ მას გოლის გატანის საშუალება არ მისცა: ხარძეიშვილმა ჯერ მისი თავური მოიგერია, ხოლო მოგვიანებით, უკვე ტაიმის მიწურულს, პირისპირ გასულ თავდამსხმელთან ორთაბრძოლაში იმარჯვა.

შესვენების შემდეგ სამტრედია შესამჩნევად გააქტიურდა, ხოლო სტუმრებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი კი ხაჭიპერაძის სოლო–რეიდი იყო:

სამტრედიელმა მეტოქის ყველა ფეხბურთელი ჩამოიცილა, მეკარე მამალაძის ჩათვლით, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარის ჩარჩოში ვერ მოარტყა.

არადა, ეს ეფექტური სლალომი შედეგიანად რომ დაეგვირგვინებინა, ალბათ, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო გოლის ავტორის ტიტულსაც არავის დაუთმობდა.

დარჩენილ დროში მატჩის ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა, ჯერ ბენაშვილი ცდილობდა შორეული ძლიერი დარტყმით გოლის გატანას, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთებზე კარგი შანსი იონანიძემ გაუშვა ხელიდან.

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე, ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი:

– უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ სამტრედიაში სუფთა საფეხბურთო ატმოსფერო დაგვხვდა. ხალხი გახარებულია იმით, რომ როგორც იქნა, ამ ქალაქს ფეხბურთი დაუბრუნდა.

თამაში ორგანიზებულად ჩატარდა. ერთადერთი ისაა, რომ მინდვრის საფარი ვერ იყო მთლად კარგ დონეზე. მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლებიც სამტრედიაში გამოგვყვნენ. მართალია, სამტრედიელები უფრო ბევრი იყვნენ, მაგრამ თამაშის დროს ჩვენი გუნდის ქომაგების შეძახილებიც ისმოდა.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და სრულ უპირატესობას ვფლობდით, რაც ანგარიშშიც აისახა, მეორე ნახევარში კი საქმე ჩვენვე გავირთულეთ, მოვდუნდით და მეტოქემაც შემოგვიტია.

სამტრედიამ რამდენიმე კარგი იერიში განახორციელა, მაგრამ ბოლოსკენ თამაში გამოვასწორეთ და რამდენჯერმე კარში დარტყმაც მოვახერხეთ.

პრინციპში, საქმის შუა გზაში მიტოვება ჩვენი სენია. კონცენტრაცია და მოპოვებული უპირატესობის დაბრუნება თავიდან გვიწევს, რაც ამ ჯერზე გამოგვივიდა, თუმცა, ეს ნაკლი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

8 აგვისტო. სამტრედია. ცენტრალური. 1.000 მაყურებელი

სამტრედია – ზესტაფონი 0:2 (0:2)

სამტრედია: ხარძეიშვილი, გოგია, კირთაძე (ეცადეიშვილი, 87), კვესეიშვილი, ქორიძე, ბაკურაძე (ხაჭიპერიძე, 46), ჯანგაძე, ხაჭიპერიძე, ჩომახიძე, კაკალაძე, ბაკარანძე (ნინუა, 71)

მწვრთნელი: ვ. ჩხარტიშვილი

ზესტაფონი: მამალაძე, ლობჟანიძე, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი, აფციაური (გორგიაშვილი, 68), გრიგალაშვილი, კორღალიძე (ბენაშვილი, 53), გელაშვილი, დვალი (იონანიძე, 80)

მწვრთნელი: გ. გეგუჩაძე

გოლები: 0:1 ხიდეშელი (34); 0:2 დვალი (40)

გაფრთხილება: ქორიძე, ბაკარანძე ხიდეშელი

მსაჯი: ლ. ფანიაშვილი

უფრთხილდით სპარტაკს

საქართველოს \| ჩემპიონატის მოულოდნელმა ლიდერმა ცხინვალის სპარტაკმა გორში ზუგდიდის ბაიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა.

გასული პირველობის შედეგების მიხედვით უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა, მაგრამ მიზეზთა გამო უმაღლესში ისევ დატოვებულმა სპარტაკმა, ვოვა ხაჩიძის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

თამაში დაძაბულად წარიმართა და პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ზუგდიდელებს მიეცათ, მაგრამ ვერ იხეირეს, მეორე ტაიმში კი მასპინძლები უკეთ ათამაშდნენ და ოდიკაძეს მიერ 61–ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვეს.

ვოვა ხაჩიძე, სპარტაკის მთავარი მწვრთნელი:

– ძლიერი ქარი იყო და ამან კვალი მატჩსაც დაატყო. პირველ ნახევარში ვერ ავეწყეთ, მეორეში კი დავლაგდით და გამარჯვება მოვიპოვეთ.

სამი–ოთხი საგოლე შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ ვიხეირეთ. პრინციპში, მოსაგები თამაში მოვიგეთ, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და ნელ–ნელა დავიხვეწებით.

8 აგვისტო. გორი. 50 მაყურებელი

სპარტაკი (ცხინვალი) – ბაია (ზუგდიდი) 1:0

გოლი: ოდიკაძე 61

სპარტაკი: ბათიაშვილი, დათუნაიშვილი, დიდავა, კვახაძე, ბოიომო, ოდიკაძე, შონია, ჩირიკაშვილი, მაისურაძე (ჩალაძე 46), ცხადაძე (ჩივაძე 76), გოცირიძე (შალამბერიძე 90).

მწვრთნელი: ვ.ხაჩიძე

ბაია: მაქაცარია, ექონია, აქუბარდია (ვართაგავა 78), ჟვანია, ონიანი, დ.ქირია (ხუციძე 68), გუჩუა, ლუნგუ, ძალამიძე, წურწუმია, კუკავა

მწვრთნელი: ბ.შეროზია

გაფრთხილება: ცხადაძე, დათუნაიშვილი, ლუნგუ, ონიანი

მსაჯი: ო.ხეცაძე

ოლიმპი დიდებისკენ მიიწევს

8 აგვისტო. თბილისი. მესხი. 100 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) – ოლიმპი (რუსთავი) 1:2

გოლები: 1:0 გუშარაშვილი (4), 1:1 აკინიო (30), ჯერონიმო (94)

ლოკომოტივი: ქვილითაიაი, ლ.ჩაგელიშვილი, ხატიაშვილი, გუშარაშვილი, გადელია, დიაკვნიშვილი, ბარბაქაძე (ქურდაძე 65), ტიკურიშვილი, ქებაძე (აფხაზავა 46), გილაური, მოდებაძე (ჩიკვაიძე 77).

მწვრთნელი: გ.სანაია

ოლიმპი: ჭანტურია, მაჭავარიანი, ფრაგა, ს.თოდუა, სეთურიძე, ზ.ელიძე, ბაბუნაშვილი (ფოფხაძე 81), ჩოკო (გ.თოდუა 46), ჟერონიმო, აკუინო, ჟონატასი (დობროვოლსკი 58).

მწვრთნელი: ო.კორღალიძე

გაფრთხილება: დიაკვნიშვილი, გუშარაშვილი, მაჭავარიანი, ლ.ჩაგელიშვილი

გაძევება: გუშარაშვილი, კ.ჩაგელიშვილი

მსაჯი: მ.ურუშაძე

გათამაშების ცხრილი

1.სპარტაკი 2 2 0 0 5–1 6

2.ოლიმპი 2 2 0 0 4–2 6

3.ზესტაფონი 2 1 1 0 2–0 4

4.გაგრა 1 1 0 0 4–0 3

5.ვიტ ჯორჯია 2 1 0 1 2–5 3

6.ლოკომოტივი 2 0 1 1 1–2 1

7.დინამო 0 0 0 0 0–0 0

8.ბაია 2 0 0 2 1–3 0

9.სიონი 1 0 0 1 1–4 0

10.სამტრედია 2 0 0 2 1–4 0

მომავალი ტური

15 აგვისტო, შაბათი

დინამო – სპარტაკი

ვიტ ჯორჯია – სიონი

ზესტაფონი – გაგრა

ოლიმპი – სამტრედია

ბაია – ლოკომოტივი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523832
1524032 online