asdas
ცნობილი ადამიანები
ჩიტო–გვრიტო
ჩიტო–გვრიტო
ჩიტო–გვრიტო

2010-12-16 15:06:50



დღეს

მახსოვს, მოსკოვში იყო ძალიან გემრიელი, უმად შებოლილი ძეხვი "მოსკოვსკაია", ეგ კიდევ არსებობს? – ჰკითხა კომპოზიტორ გია ყანჩელს ერთ–ერთმა ქართველმა კომპოზიტორმა კ–მ, – მოსკოვში როცა მოხვდები, თუ შეგხვდება, ერთი ბატონი მიყიდე. როდესაც დაღამდება, ჩავწვები ლოგინში, ზევიდან საბანს წავიფარებ, დავიჭერ, როგორც კლარნეტს და სულ შევჭამ! დარჩება თოკი. იმ თოკზე თავს ჩამოვიხრჩობ!

პლაშჩი "ბოლონია" მწერალი ქალისთვის

მოსკოვში, როგორც იქნა, მოვიფიქრეთ სიუჟეტი, რომელიც ორივე მხარეს აწყობდა. სონეგო ოჯახთან ერთად გაფრინდა, მე და ვიკამ დავწერეთ სინოპსისი. "ვასინმა, ვოლგისპირეთის სოფლის მცხოვრებმა (რომელიც, რასაკვირველია, ევგენი ლეონოვს უნდა ეთამაშა), მოწვევა გაუგზავნა თავის იტალიელ მეგობარ ალბერტოს, ვისთან ერთადაც ომის დროს ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა. ალბერტო ჩამოდის ცოლ–შვილთან ერთად. ვასინი მას ხვდება, მაგრამ აეროპორტში მეგობრები ერთმანეთს ასცდებიან. ალბერტო ოჯახთან ერთად გზას სოფლისკენ დამოუკიდებლად განაგრძობს – გემზე. იაროსლავში ის გემს ჩამორჩება. შემდეგ მიდის მოულოდნელი და სასაცილო თავგადასავლები".

სინოპსისი სწრაფად გადათარგმნეს და იტალიაში გაგზავნეს. იქიდან მოვიდა შეტყობინება, რომ სიუჟეტი აწყობთ. დროში ვიწვებოდით, ამიტომ წესების გვერდის ავლით სურათს მიამაგრეს ოპერატორი, მეორე რეჟისორი, მხატვარი, ასისტენტი და ჯგუფმა მუშაობა დაიწყო. მე, ტოკარევა და სეროვსკი იტალიაში წასასვლელად ვემზადებოდით: სცენარის დასრულებული ვარიანტი იქ უნდა დაგვეწერა. "გოსკინოდან" დაბრუნდა გაბრაზებული აგაჯანოვი და თქვა, რომ ვიკა იტალიაში ვერ წავა, იმიტომ რომ შეთანხმება ასეთია – ერთი სცენარისტი იტალიური მხრიდან, მეორე – საბჭოთა.

– მაშინ არც მე წავალ, – ვთქვი მე.

– გია, ახლა არ დამიწყო! სურათი ჩაშვებულია, გემი შერჩეულია, ლეონოვი თეატრიდან გაათავისუფლეს... ამას უყიდე პლაშჩი "ბოლონია". ვიკა, გაქვს "ბოლონია"?

– რომელი "ბოლონია"?

– ძალიან თხელი პლაშჩია, ახლა მოდაშია! გადაღების დროს მსახიობად გაგაფორმებ და გაგიშვებ იტალიაში. ახლა კი ამას უთხარი, მორჩეს გამოსვლებს!

ვიკამ მოუსმინა და მითხრა, რომ მოვრჩე გამოსვლებს, წავიდე იტალიაში და ვუყიდო თხელი პლაშჩი "ბოლონია".

და მე და ვალერა სეროვსკი რომში თანაავტორის გარეშე ჩავფრინდით.

კალინკა–მალინკა

რომის აეროპორტში დაგვხვდა დინო დე ლაურენტისის უფროსი ძმა – ლუიჯი დე ლაურენტისი, ორმოცდაათი წლის ჭაღარა, რესპექტაბელური სენიორი. მან თითით აჩვენა ჩვენზე და მესაზღვრემ საპასპორტო კონტროლის გარეშე გაგვატარა.

გზაში ლუიჯიმ გვითხრა, რომ ჩვენ ვიცხოვრებდით ზღვისპირა ქალაქ საბაუდიაში – რომიდან ას ოც კილომეტრში, პატარა სასტუმროში ზღვის ნაპირას. ახლოს ვილა უქირავეს სონეგოს და მის ოჯახს. ხელსაყრელი პირობებია, ხელსაც არავინ შეგვიშლის. ჭამა შეგვეძლება იტალიის ნებისმიერ რესტორანში – უფასოდ, უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ლაურენტისის სტუმრები. ლუიჯიმ ისიც გვითხრა, რომ განაცხადი ალბერტო სორდის არ მოეწონა. სორდის არ უნდოდა, რომ ალბერტო რუსეთში ცოლთან ერთად წასულიყო, მას სურდა, რომ რუს გოგონასთან სასიყვარულო ისტორია ჰქონოდა.

– მაშინ რატომ დაწერეთ, რომ განაცხადი მოგეწონათ?!

– რომ თქვენ ჩამოსულიყავით, დანელა!

სხვათა შორის. ჩემს გვარს სხვადასხვანიარად წარმოთქვამენ. იტალიაში – დანელა. სომხეთში – დანელიან. იზრაელში – დანიელ. მექსიკაში – დანილა, ჯარში – დანელÿ (მახვილი ბოლო ასოზე).

ჯარში გაწვევის პირველივე დღეს, როდესაც ჯარისკაცები გაგვამწკრივეს, ზემდეგმა სიის ამოკითხვა დაიწყო. ჩემს გვარზე ენა დაება, მერე ამოიყვირა:

– დანელია!

ას ორმოცდაათი გვარიდან მარტო ჩემი დაამახსოვრდა. მივაბიჯებთ რიგში, ზემდეგი ბრძანებას გასცემს:

– ოცეულო! სიმღერა!

არ მღერიან.

– დანელია, დაიწყე სიმღერა!

და მეც ვიწყებ, სხვა რა გზა მაქვს.

ან:

– ვის უნდა იარაღის გაწმენდის შემდეგ შეშის დაჭრა? ორი ნაბიჯი წინ!

მსურველები არ არიან.

– დანელია, ორი ნაბიჯი წინ!

მერეღა მივხვდი, რომ სამხედროებს ჩემი გვარის გამოთქმა ეადვილებოდათ. ისინი ბრძანების გაცემას არიან მიჩვეული და დანელ გაცილებით მოკლე და მკვეთრია, ვიდრე გადღაბნილი დანელია.

კინოსტუდია "ჩინეჩიტაში" ფილმის პროდიუსერმა, კინომაგნატმა დინო დე ლაურენტისმა მიგვიღო, საშუალო სიმაღლის ორმოცდახუთი წლის მამაკაცმა. ამერიკული ფილმის საშუალო გაქანების განგსტერს ჰგავდა.

(სხვათა შორის, უფროსმა ძმამ, ვიდრე უმცროსთან კაბინეტში შევიდოდა, ჰალსტუხი გაიკეთა). დინომ თქვა:

– დანელა, მე სორდისთან დადებულ კონტრაქტში მიწერია, რომ ფილმის გადაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია, თუკი სცენარი მსახიობ სორდის მოეწონება. როცა სორდი იტყვის, რომ სცენარი აწყობს, მაშინვე ჩავუშვებ ფილმს, სცენარს არც კი წავიკითხავ, ისე.

– ასეთ შემთხვევაში სცენარი უნდა გავაჩეროთ და გადაღება ზაფხულისთვის გადავიტანოთ, – ვთქვი მე.

– რატომ?

– ის, რასაც სორდი გვთავაზობს, სულ სხვა სცენარია. ღმერთმა ქნას, სცენარი ზამთრისთვის იყოს მზად.

– მერე რა? გადაიღეთ ზამთარში.

– მაგრამ ფილმში ვოლგაზე მოგზაურობა გვქონდა დაგეგმილი. ზამთარში კი რუსეთში მდინარეები ყინულით იფარება და ტურისტული გემები არ დადიან.

– მაშინ ყინულმჭრელზე გაცურდნენ. უფრო საინტერესოც კია. დათოვლილი მინდვრები. მგლები (ძმებმა ლაურენტისებმა ყინულმჭრელები მაშინ ნახეს, როდესაც კალატოზოვთან ერთად "წითელ კარავს" იღებდნენ).

– ლამაზი იდეაა! – ლუიჯიმ ძმას მხარი დაუჭირა, – ასეთ კადრს ვხედავ: უდიდესი მდინარე ყინულით არის დაფარული. ყინულმჭრელი ნელა მოძრაობს, უკან შავი კვალი რჩება. მაღალი ნაპირები თოვლით არის დაფარული. შორს, თეთრ მინდვრებზე, კრთის მგლების ხროვა...

– არყის ხეეზე კი სხედან მოშინაურებული დათვები და "კალინკა–მალინკას" მღერიან! – გავაგრძელე მე.

– რა თქვა? – დაინტერესდა ლუიჯი.

– სენიორ დანელიას სურს ფილმში გაჟღერდეს რუსული სიმღერა "კალინკა–მალინკა", – დაუკითხავად თარგმნა ვალერამ.

– ბრავო, დანელა, – თქვა დინომ, – "კალინკა" კარგი სიმღერაა!

მან სიგარაზე დამპატიჟა, თვითონაც მოსწია და მაგიდაზე ფეხები ამერიკულად შემოაწყო. მოკასინების ლანჩაზე ოქროსფრად ეწერა: "დინო დე ლაურენტისი".

უფროსი ძმის, ლუიჯის კაბინეტიდან "მოსფილმის" დირექტორ სიზოვს დავურეკე, ყველაფერი მოვახსენე და ვუთხარი – სურათი უნდა გავაჩეროთ. სიზოვმა მითხრა, პანიკაში კი არ ჩავვარდნილიყავი, არამედ იტალიელების წინადადებაზე მეფიქრა. სიყვარული – არც ისე ცუდია.

საბაუდიის სასტუმროში რუდოლფო და ალეგრა შეგვხვდნენ და თავიანთ ვილაში წაგვიყვანეს. ვახშმის შემდეგ სონეგომ მკითხა:

– ალეგრამ მითხრა, რომ რუსეთში ტაქსის საჭესთან ქალი დაინახა. ასეთი რამე შესაძლებელია?

– შესაძლებელია.

– თუკი მაშა ტაქსის მძღოლი იქნება, ეს შოკში არ ჩააგდებს თქვენს დიად სახელმწიფოს?

მე მხრები ავიჩეჩე.

და რუდოლფომ ახალი ვერსია მომიყვა. ალბერტო, როგორც სურს სორდის, მარტო ჩამოფრინდა. ის ტაქსით ცდილობს დაეწიოს გემს, რომელსაც იაროსლავში ჩამორჩა. საჭესთან ზის ახალგაზრდა ქალიშვილი მაშა. საკმაოდ სკანდალური ისტორია გამოვიდა. ბევრი, რაც ჩვენს განაცხადში იყო, დარჩა (სონეგომ თქვა, რომ ეს ვარიანტი სორდის აწყობდა).

ისევ დავრეკე სიზოვთან.

– აი, ხედავ, შენ კი ნერვიულობდი! – თქვა მან, – ცოტა იფიქრეთ და უკვე რაღაც გამოჩნდა.

გვიან საღამოს, ასე თორმეტი საათისთვის, როდესაც დასაძინებლად დავწექით, ვესტიბიულიდან სონეგომ დამირეკა და მითხრა, რომ სორდი ჩამოვიდა.

ევროპის ყველაზე პოპულარული კომედიური ჟანრის მსახიობი, ალბერტო სორდი, ცხოვრებაში უბრალო და დელიკატური აღმოჩნდა. მან ბოდიში მოიხადა, რომ ასეთ დროს შეგვაწუხა, მაგრამ ადრე ჩამოსვლა არ შეეძლო – დილიდან გადაღება ჰქონდა, ოთხის შემდეგ – გახმოვანება. თქვა, რომ ძალიან მოხარულია, რომ მე დავეთანხმე მის წინადადებას, მაშინვე გადაეგზავნათ მისთვის დაწერილი სცენარი. თითო ჭიქა ღვინო დავლიეთ და წავიდა.

დავიწყეთ მუშაობა. დილით, ზუსტად რვა საათზე, ვილაში ვსაუზმობდით და სადილამდე ვწერდით. მერე ალეგრა გვასადილებდა და ვახშმამდე ვმუშაობდით. მერე ალეგრა ვახშამს გვაჭმევდა და მე და ვალერა მივდიოდით სასტუმროში. იქ, ჩემს ნომერში, მანქანაზე ვბეჭდავდი იმას, რაც მოვიგონეთ დღის მანძილზე, ვალერა კი თავის ნომერში თარგმნიდა და იტალიურად ბეჭდავდა. ზღვაში ბანაობას მხოლოდ დილაუთენია ვახერხებდით, ალეგრას მოსვლამდე და ღამე, ძილის წინ.

ერთი კვირის შემდეგ დარეკა აგაჯანოვმა და მოგვახსენა, რომ "გოსკინოში" ტაქსისტი დაამტკიცეს, მაგრამ გვთხოვეს, რომ მხოლოდ დღის ცვლაში იმუშაოს, ძირითადად ქალები ატაროს და უსათუოდ ისწავლოს ინსტიტუტში დაუსწრებელზე, პედაგოგიურში ან სამედიცინოში.

– ჯობდა, ეს მაშა მეძავი გამოგვეყვანა, – თქვა სონეგომ, – მაშინ არ იქნებოდა საჭირო მისგან მოსაწყენი მასწავლებლის შექმნა.

დავსხედით გადასაწერად.

ათი დღის შემდეგ მოვიდა სორდი და თქვა, რომ რაც გავუგზავნეთ, ყველაფერი წაიკითხა, უკეთესია, მაგრამ საჭიროა რუსის ამოღება, ის მხოლოდ ხელს უშლის.

– ეს არ შეიძლება, სენიორ სორდი! – ვთქვი მე.

– საჭიროა. გაცილებით დინამიკური იქნება.

– არ შეიძლება!

– სხვა შემთხვევაში მე ამ ფილმში მონაწილეობას არ მივიღებ!

"მშვიდად, დანელა, – მითხრა შინაგანმა ხმამ, – არ შეაგინო! ის უცხოელია, მარტოხელა ობოლი, მოთმინებით აღიჭურვე" (სორდი არ იყო დაქორწინებული და ევროპის ყველაზე მდიდარ საქმროდ ითვლებოდა).

მე ვთქვი:

– მაშინ, ვფიქრობ, ამ ფილმისთვის სხვა რეჟისორი უნდა მოიწვიოთ. ჩაო, სენიორ სორდი! ბაი, ბაი!

და მე და ვალერა წამოვედით.

პლაჟზე არავინ იყო. მე მთლიანად გავშიშვლდი და მთვარის ბილიკამდე გავცურე. ცურვა მიყვარდა და შორს გავცურე. ზურგზე დავწექი და ვარსკვლავებს შევხედე – აგერ დიდი დათვის თანავარსკვლავედი, აგერ ჩემი პოლარული ვარსკვლავი...

ჩემი პოლარული ვარსკვლავი

ზაფხულში, არქიტექტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამხედრო შეკრებაზე ნახაბინოში გაგვაგზავნეს. წასვლის წინ გაირკვა, რომ არავითარ ნათესავებთან პაემანი არ იქნებოდა – "საბავშვო ბაღი არაა!". მე და ირა (ჩემი პირველი ცოლი) ახალი დაქორწინებული ვიყავით, დაშორება გვიჭირდა და მოვილაპარაკეთ, რომ ყოველ საღამოს, თუკი სუფთა ცა იქნებოდა, თერთმეტიდან თორმეტამდე შევხედავდით პოლარულ ვარსკვლავს.

ბანაკში, რასაკვირველია, კარვებში ვცხოვრობდით, დასაძინებლად ვწვებოდით ათ საათზე, მე თერთმეტ საათამდე ვიცდიდი, მერე კარვიდან თავს გამოვყოფდი, მოვძებნიდი დიდი დათვის თანავარსკვლავედს, მარჯვნივ – პოლარული ვარსკვლავია და ერთგულად ვუყურებდი მას. ორი თვე. ცხელ ზაფხულს მხოლოდ ორი ღამე იყო ღრუბლიანი. დილის ხუთ საათზე გვაყენებდნენ და სულ მეძინებოდა.

როდესაც დავბრუნდი, სახლში სტუმრები შეიკრიბნენ. დედა, როგორც ყოველთვის, გემრიელი ვახშმით გაგვიმასპინძლდა და დაიწყო ცეკვები. მე და ირა აივანზე გავედით. საღამო იყო, ქვევით, პატარა ტბაზე, თეთრი გედი ვასკა მიცურავდა, მოსკოვის ნაცრისფრად ჩამუქებულ ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ.

– მოდი, ერთად შევხედოთ ჩვენს ვარსკვლავს, – ვუთხარი ირას.

– მოდი, – თქვა ირამ.

და სხვადასხვა მხარეს გავიხედეთ.

– რას უყურებ? – დადარაჯებული ხმით ვკითხე მე.

– ჩვენს პოლარულ ვარსკვლავს.

ხასიათი გამიფუჭდა.

– და სად არის ჩვენი პოლარული ვარსკვლავი? – ვკითხე მე.

– აგერ, წითელი, – და ირამ მარსზე მიმითითა.

ვერტინსკაია და მეტალისფერი ტაქსი

სასტუმროში პორტიემ აგაჯანოვისგან ტელეგრამა დაგვახვედრა: მარიანა ვერტინსკაია დათანხმდა როლზე (მას მაშა უნდა ეთამაშა), გორკის ქარხანაში უკვე დგას მეტალისფრად შეღებილი ტაქსი, საჭიროა სასწრაფოდ გაიგზავნოს სამი ათასი მეტრი "კოდაკის" ფირი, რომ ოპერატორმა ვოლგის პეიზაჟების გადაღება დაიწყოს.

ნომრიდან აგაჯანოვს დავურეკე და ვუთხარი, რომ არავითარი "კოდაკი" არ იქნება, სურათი უნდა დაიხუროს და სიზოვმა დაურეკოს ლაურენტისს, რომ სასწრაფოდ დაგვაბრუნონ მოსკოვში.

ის–ის იყო, შხაპი მივიღე, მოვიდა ვალერა და თქვა, რომ დარეკა ლუიჯი ლაურენტისმა, იცის კონფლიქტის შესახებ და მონტაჟის ორ ვარიანტს გვთავაზობს. რუსულში – ვაკეთებ იმის მონტაჟს, რასაც მე ვთვლი საჭიროდ, ხოლო იტალიურ ვარიანტში იქნება იტალიელი მემონტაჟე.

– არა!

– რატომ? ეს ჩვეულებრივი რამეა. კალატოზოვს "წითელ კარავში" მონტაჟის ორი ვარიანტი ჰქონდა.

– არა.

– ბონდარჩუკის "ვატერლოოშიც" ორი ვარიანტი იყო!

დავნებდი.

ვალერამ დაურეკა ლუიჯის და უთხრა, რომ თანახმა ვიყავი ორ ვარიანტზე და მე მას აგაჯანოვის ტელეგრამა წავუკითხე.

– ლუიჯი ამბობს, რომ ფირი არ არის პრობლემა, – მომიბრუნდა ვალერა, – ის კითხულობს, კიდევ რა მინდა.

მოვიფიქრე: "რატომ არ უნდა ვცადო, რაღაც კარგი გავუკეთო მეგობრებს?" და ვთქვი:

– გამოიძახონ ტოკარევა, ლეონოვი და პეტროვი!

– რატომ?

– მე ტოკარევასთან ერთად დავიწყე ამ სცენარის დაწერა, პეტროვი დასაწყისშივე იწყებს მუსიკის წერას, ლეონოვი კი ჩემი თილისმაა!

– ეს მეტისმეტია, – თქვა ვალერამ.

– უთხარი!

ვალერამ უთხრა. პასუხს მოუსმინა. ყურმილი დაკიდა და ჩაიფხუკუნა.

– რაო?

– თქვა, რომ დარეკავს სიზოვთან, ეს სამი კაცი დელეგაციაში ჩართოს. ესენი აქ მიიღებენ და ყველაფერს გადაიხდიან.

ლუიჯი დე ლაურენტისი ხელგაშლილი ადამიანი იყო.

დილით, როდესაც მე და სონეგო თავს ვიმტვრევდით, რა დაგვეწერა სორდის ვარიანტში და რა – ჩემსაში, სიზოვის მდივანმა რაეჩკამ დარეკა:

– თქვენთან ნიკოლაი ტროფიმოვიჩს სურს ლაპარაკი.

– რა ხდება?! – ყურმილში მჭექარე ხმა გაისმა, – ახლახან ჩემგან წავიდა აგაჯანოვი, ის ითხოვს, რომ სასწარფოდ გიყიდო მოსკოვში გადმოსაფრენი ბილეთი. ჩემ წინ დგას დობროხოტოვი (სტუდიის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი), მან მომიტანა ტელექსი ლაურენტისისგან, რომ შენ იტალიაში სასწრაფოდ დაგჭირდა ტოკარევა, ლეონოვი და პეტროვი. შენ რა, იმდენს სვამ, რომ ვეღარ აზროვნებ?!

მე ახსნა–განმარტება დავიწყე, მაგრამ მან არ მომისმინა.

– კარგი, ჩამოვალ და გავარკვევ! და მორჩი ამ თამაშებს: შემოდგომა კარზე მოგვადგა!

როდესაც სცენარის ბოლოში გავედით, მე და ვალერა რომში, "ჩინეჩიტას" სტუდიაში გამოგვიძახეს და მთავარმა ლაურენტისმა (დინომ) გვამცნო, რომ ახლა ჩვენი სცენარისტი იქნება არა სონეგო, არამედ ისევ ჩეზარე ძავატინი. მერე მოულოდნელად გაირკვა, რომ სონეგოს ხელშეკრულება გაუფორმებია სხვა პროდიუსერთან, რომლის თანახმად მას ხუთი წლის განმავლობაში სხვა პროდიუსერთან მუშაობის უფლება არ ჰქონია.

მან ისევ დამპატიჟა სიგარაზე და ფეხები მაგიდაზე შეაწყო. სხვა მოკასინები ეცვა, ყვითელი, მაგრამ ლანჩაზე იგივე წარწერა იყო: "დინო დე ლაურენტისი".

მკვდარი კოლმეურნეების სულები

ძავატინი რომის ცენტრში ცხოვრობდა, ვიწრო, ტიპურ იტალიურ ქუჩაზე, ძველი სახლის პირველ სართულზე. დიდ ოთახში, სადაც ის მუშაობდა, კედლებზე ლამაზ ჩარჩოიანი სურათები ეკიდა, პატარები, ასე ოც სანტიმეტრიანი, ძავატინი მინიატურებს აგროვებდა. ამ უნიკალური კოლექციის შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან ძავატინის თავისი მეგობრების, პიკასოს, ლეჟეს, რენატო გუტუზოს გარდა, ჰქონდა ველასკესის, დელაკრუას ნამუშევრები. და თვით ლეონარდოს ჩანახატი ფანქარში!

ძავატინიმ თქვა, რომ წაიკითხა სინოპსისი, რომელიც მე და სონეგომ დავწერეთ, ცუდი არ იყო, მაგრამ სორდის არ მოსწონდა. უნდა დაიწეროს ახალი სიუჟეტი, სამწუხაროდ, მან რუსეთში ცოტა რამის ნახვა მოახერხა.

– ერთი იდეა მაქვს, მაგრამ ბოლომდე არ მომიფიქრებია, – თქვა მან, – დანელა, შენ გოგოლის "მკვდარი სულები" წაკითხული გაქვს?

– მაქვს.

– სორდი – ჩიჩიკოვი.

"ამქვეყნად სამართალი არსებობს!".

– სორდი იდეალური ჩიჩიკოვია! – ვთქვი მე, – დათანხმდება?

– მე უკვე ველაპარაკე. პრინციპში, მას ეს იდეა მოსწონს, მაგრამ უნდა, რომ ჩიჩიკოვი იყოს იტალიელი. ეს შესაძლებელია?

– ვფიქრობ, კი, – ვუთხარი ჩაფიქრებულმა, – იმ დროში რუსეთში ბევრი იტალიელი იყო. მაგრამ ეს ყველაფერი შესათანხმებელია. შეიძლება თქვენგან მოსკოვში დავრეკო?

– არ იჩქარო. ის ეპოქა ჩვენ არ გვჭირდება. მე ველაპარაკე დინოს. ის თანახმაა, ეს პროექტი განიხილოს იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედება განვითარდება თანამედროვე რუსეთში. ამბობს, რომ კოსტიუმირებულ სურათებს ახლა არავინ უყურებს.

– აი, ეს შეუძლებელია!

– შესაძლებელია. წარმოიდგინე: ალბერტო – იტალიელი აფერისტი, რომელიც ჩადის რუსეთში აფერის გასაკეთებლად. მემამულეები – კომუნისტი ბოსები. მკვდარი სულები, რა ჰქვია... ვალერა, რას ეძახიან ახლა თქვენს გლეხებს?

– კოლმეურნეები.

– ჰო, მკვდარი სულები – კოლმეურნეები. უბრალოდ ჯერ ვერ მივაგენი მოტივს, რაში შეიძლება დასჭირდეს იტალიელ აფერისტს მკვდარი კოლმეურნეების სულები?..

ეს მეც არ ვიცოდი და გავიფიქრე, რომ სულ ტყუილად არ გავიკეთე მხარზე სვირინგი – გორაკი, ჯვარი და წარწერა "ცხოვრებაში ბედნიერებას ვერ იპოვი!" (იხ. პირველი წიგნი).

ძავატინიმ გვასადილა და თავისი კოლექცია გვაჩვენა. როდესაც ჯერი სარიანის ჩანახატზე მივიდა, მან თქვა:

– დანელა, სულ მინდოდა მეკითხა. კარლო ლიძანიმ მითხრა, რომ შენს სახლში ნახა ქართველი მხატვარი ქალის საინტერესო მინიატურა. რატომ არ მაჩვენე, როცა შენთან სახლში ვიყავი?

– თქვენ ის ნახეთ, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ. ეს არის პატარა ცხენი მწვანე ბალახზე, – ვთქვი მე.

ცხენი მწვანე ბალახზე

თბილისში, როგორც ყოველთვის, სასტუმრო "ივერიაში" ვჩერდებოდი. დილის რვა საათზე სანაპიროზე გამოვდიოდი, ვერის ხიდის გავლით მივდიოდი პლეხანოვის ქუჩაზე, მერე შევუხვევდი ქუჩაზე, რომელიც სულ იცვლიდა დასახელებას (და დღემდე იცვლის, რადგან ხან საქართველოს რუსეთთან შეერთების სასიხარულო ფაქტის აღსანიშნავად არქმევენ, ხან საქართველოს რუსეთისგან გამოერთების სასიხარულო ფაქტის აღსანიშნავად). შევდიოდი სადარბაზოში, რომლის მარმარილოს იატაკზე იყო წარწერა თფდმუ, რაც ნიშნავს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". ავდიოდი მესამე სართულზე და გია ყანჩელის ვერანდაზე ვსაუზმობდი. მაგიდასთან სხდებოდნენ: ნათელა – გიას და, ლულა – გიას ცოლი, პატარა სანდრიკა და ნატოშკა – გიას შვილები. ვჭამდით მაწონს, სულუგუნს, კვერცხიან პომიდორს და მე ვყვებოდი, რა მოვიფიქრე გუშინდელ დღეს და წუხელ. მერე თავის პატარა კაბინეტში, სადაც ძლივს ეტეოდა როიალი, გია უკრავდა, რაც გუშინ დაწერა და ყველანი ვუსმენდით. დაკვრის დამთავრებისთანავე გია მოღუშული მეკითხებოდა:

– აბა, რას იტყვი?

– ცუდი არ არის, მაგრამ შეიძლება კიდევ ეძებო. არა, გია ბიძია? – ამბობდნენ ბავშვები.

ჩვეულებრივ, ამ ფრაზას ყოველი მოსმენის შემდეგ მე ვამბობდი.

– ჰო, რა თქმა უნდა! – ბრაზობდა მამა.

მუსიკალური ბავშვები იყვნენ და ორკესტრირებაში გვეხმარებოდნენ. გია ნატოშკას ფანქრით ზანზალაკზე დარტყმის უფლებას აძლევდა, სანდრიკა (ის უფროსი იყო) მამასთან ერთად ოთხ ხელში უკრავდა.

როდესაც ნატოშკა ოთხი წლის გახდა, მან მაჩუქა ნახატი – პატარა ცხენი მწვანე ბალახზე. ეს ცხენი ძვირფას ჩარჩოში ჩავსვი და ჩემს კაბინეტში, ყველაზე საპატიო ადგილზე დავკიდე. ქაღალდის ტაბლოზე დავბეჭდე და მივაკარი: "ნატო ყანჩელი. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი". როდესაც ჩემთან სტუმრები მოდიან, ისინი ყოველთვის ამ სურათს აქცევენ ყურადღებას. კითხულობენ წარწერას და მეკითხებიან:

– ვინ არის?

– ნატო ყანჩელი, ჩემი საყვარელი ქართველი მხატვარი.

– ჩვენ რატომ არაფერი გვსმენია?

– გამოფენებში არ მონაწილეობს.

როდესაც ამ სურათს ვუყურებ, მახსენდება ხალისიანი თბილისური დილა, მტკვრის სანაპიროზე სეირნობა, წარწერა «თფდმუ» და მესმის ზანზალაკის ხმა, რომელზეც პატარა გოგონა ფანქარს ურტყამს.

დიდი ბავშვები

მე და ვალერას რომის ქუჩებში გასეირნება გვინდოდა, მაგრამ წვიმა წამოვიდა. ტაქსი დავიჭირეთ და საბაუდიაში დავბრუნდით. სასტუმროში პორტიემ გვითხრა, რომ სენიორა ალეგრამ გვთხოვა, დაგვერეკა. აღარ დავრეკეთ, პორტიეს ქოლგა გამოვართვით და სონეგოს ვილაში წავედით.

რუდოლფო სახლში არ დაგვხვდა: რომში იყო, საქმეების მოსაგვარებლად. სასტუმრო ოთახში, მაგიდასთან, იჯდა ორი ქალიშვილი, ხალათებში, სველი თმებით (ის–ის იყო შხაპიდან გამოვიდნენ) და ცხელ ჩაის სვამდნენ.

– ნატალი, კლაუდია, – ალეგრამ ქალიშვილები წარგვიდგინა, – ესენი კი რუსი რეჟისორები არიან.

– რეჟისორებო, გვითხარით, რატომ არიან რუსები ძუნწები? – იკითხა ნატალიმ.

– ასე რატომ გადაწყვიტე? – გაუკვირდა ალეგრას, – პირიქით, რუსები ძალიანაც ხელგაშლილები არიან.

– ძუნწები არიან, ძუნწები, ეს ყველამ იცის, – თქვა კლაუდიამ და დააცემინა.

– აი, ხედავთ, სიმართლეს ვამბობთ, – თქვა ნატალიმ.

ქალიშვილები წამოდგნენ, თქვეს, რომ მათი ტანსაცმელი უკვე გაშრებოდა და ოთახიდან გავიდნენ.

– არ გეწყინოთ, – თქვა ალეგრამ, – მათ არაფერი იციან რუსეთზე.

და გვითხრა, რომ არ გვწყენოდა, მაგრამ რუდოლფო თვლის, რომ გაგვიმართლა: ჩეზარე იტალიაში საუკეთესო სცენარისტია.

– და არა მარტო იტალიაში, – ვთქვი მე, – მაგრამ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, სცენარისტი კი არა, მსახიობი გამოეცვალათ.

– ალბერტოზე არ გაბრაზდე, ის დიდი ბავშვივითაა! თანაც შენზე და ლეონოვზე ეჭვიანობს. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ როცა გაიგო, რუსეთში ცალკე ფირი იგზავნება, სადაც რაღაცას მის გარეშე გადაიღებენ, ძალიან ეწყინა.

კარში გოგონებმა შემოიჭყიტეს. მაღალი ჩექმები ეცვათ, ბადიანი წინდები და ძალიან მოკლე ქვედაკაბები, საიდანაც ტრუსები უჩანდათ. სახეზე მკვეთრი, საბრძოლო მაკიაჟი ჰქონდათ.

– წვიმამ გადაიღო, ჩვენ წავალთ.

– მე წაგიყვანთ, – უთხრა ალეგრამ.

– არ არის საჭირო, ტრასიდან ორი ნაბიჯია, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ჩაო, რუსო რეჟისორებო!

და გოგონები წავიდნენ.

– ეს დიდი ბავშვები აქ საიდან გაჩნდნენ? – იკითხა ვალერამ.

– რომიდან ვბრუნდებოდი, ეს საწყლები კი ტრასაზე იდგნენ და წვიმის ქვეშ სველდებოდნენ.

სონეგოს აღარ დაველოდეთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522040
1522240 online