asdas
ცნობილი ადამიანები
ადელინას ფაბერჟე
ადელინას ფაბერჟე
ადელინას ფაბერჟე

2010-12-16 15:06:49



1

ახალი წლის დედაც! რა ჩემი ფეხების დღესასწაულია?!

თვალი გავახილე. ათი წლის წინანდელი წლის ბოლო დღეა. ვგდივარ ჩემს ბინაში, ჩემს ლოგინში და საბნიდან გამოყრილ შიშველ ფეხებს დებილივით ვუყურებ. მაგარი ბედნიერი ვარ. ფული არ მაქვს. შეყვარებული მეჩხუბა გუშინ და რაზე მეჩხუბა, აზრზე თუ ვიყო... თავს უკან კედელი ტუალეტს ემიჯნება, ზემოდან მეზობელი უნიტაზს გულწრფელად რეცხავს და მეც ვირეცხები მტკვრისკენ მიმავალ კომუნიკაციებში. 31 დეკემბრისთვის ცოცხლად დარჩენილი ბუზი–დროზოფილა თავგანწირვით ებრძვის ორიოდე კვარტლის გაუწმენდავ ფანჯრის მინებს.

არანაირად არ მეახალწლება, მაგრამ ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, რომ ახალ წელს გოზინაყის სუნით დამტკბარ ოთახში, ანთებული შუშხუნებით ხელში უნდა შევხვდე. მანამდე ნაძვის ხე უნდა მოვრთო. ნეილონის მცენარესთან მუხლმოყრილ მამაჩემს ფერად–ფერადი სათამაშოები უნდა მივაწოდო, ბრჭყვიალა წვიმები მორთულ ნაძვს უნდა მოვახვიო და მერე ამ ეფემერულ ბუტაფორიას ასკინკილით შემოვურბინო. ტელევიზორში თმაგაწეწილი პუგაჩოვა და შავპარიკიანი კობზონი უნდა მღეროდნენ, ვიღაც დეიდებს და ბიძიებს შამპანურით სავსე ფუჟერები უნდა ეჭიროთ და შთაგონებული ტონით რუსულად უნდა ამბობდნენ: "გილოცავთ ახალ წელს, ამხანაგებო!"

მერე სუფრა. მულტფილმი მახსენდება, კომბლე:

მწვადები და ჩახოხბილი,

ცხელი შოთის პურები,

ხიზილალა, ჩურჩხელები,

ღვინით სავსე ჭურებიიი ეუჰ!..

და ასე შემდეგ.

მოიცა, ანანომ მიმატოვა?!

ჰო, ეგრეა. გუშინ დამირეკა. მაგარი მთვრალი კი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. არაფერი დამიშავებია, მამის სულს ვფიცავარ. მანამდე ნორმალურად და წყნარად ვიყავით. ცოლად მოყვანის პონტსაც ვფიქრობდი. მთვრალი რატო ხარო? რავი, ვარ და რა ვქნა–მეთქი? რო დაღამდება და გათენდება, აღარ ვიქნები–მეთქი (მთვრალი). დაიწყო მერე: ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, იმედი გამიცრუე, რა უბედური ვარ, როგორ შევცდი შენში, აღარასოდეს აღარ დამირეკო, ესა, ისა... მთვრალი რო ვარ იმიტო, არა? – დებილივით ერთი და იგივეს ვიმეორებდი. მერეც – ყურმილი რომ დაკიდა. წავედი მერე, წყალი მოვიტანე, საწოლთან დავიდგი (ღამით მაგარი სუშნიაკი ვიცი ბუხოიზე), ჩავწექი და დავიძინე. აბა, ანანოს ხო არ დავურეკავდი? მთვრალი კაცის ძილი ანანოზე არ გაიცვლება... გაასწორებდა, ეს სიტყვები ჟოზეფ ფუშეს რო ეკუთვნოდეს, ან ვოლტერს, ან თუნდაც დობროლიუბოვს.

სამწუხაროდ, მე მეკუთვნის.

ავდექი. ფანჯარაში გავიხედე. ახალი წლისთვის შეუფერებელი და თბილისისთვის შესაფერისი, უთოვლო და მშრალი 31 დეკემბერია. ყინვისგან გაშტერებული დღე. სამანქანო გზაზე მარშრუტკების უწყვეტი მატრიცა და ადამიანებიანი ცელოფნის პარკები.

ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,

შოკოლადის ფიილა,

მოგილოცავთ სუყველას

ახალი წლის დიილას!

მთვრალი ჟირაფების მეტამორფოზა გამახსენდა. ჩემს ნახატს ჰქვია. უფრო სწორად, მამაჩემის ნახატს, რომელმაც მემკვიდრეობით დამიტოვა და საიქიოში ისე წავიდა. აცხონოს ღმერთმა მისი სული. ჩემი ქონება და ავლადიდება ეგ არის. ისე მიყვარს, რო დღე არ გათენდება და არ დაღამდება, მამაჩემის ოთახში არ შევიდე და არ ვნახო. ვიღაც ფრანგმა პოსტავანგარდისტმა აჩუქა დიდი ხნის წინ. ახლახან კი ჩემმა მილიონერმა მეზობელმა კანდიდმა შემთხვევით ნახა და აღტაცებისგან კინაღამ ჩაისვარა. იმის მერე სადაც მნახავს, ჟირაფივით მეხვეწება (ჟირაფის ხვეწნა რა მისტიკური პასაჟი იქნებოდა!), სურათი მომყიდეო. ვერა, ბატონო კანდიდ, ვერ მოგყიდით–მეთქი. იფიქრეო, – მპასუხობს ხოლმე და მძიმედ ჩამივლის.

მამაჩემის ოთახი ერთადერთია ჩემს ბინაში, სადაც მუდამ სისუფთავე და წესრიგი სუფევს. აი, ისიც – ჩემი მთვრალი ჟირაფების მეტამორფოზა. ვუყურებ. და ოთახიდან გამოვდივარ. უნდა წავიდე. გარეთ უნდა გავიდე, თორემ სადაცაა, ახალი წელი დადგება. ვიცვამ, კარს ვკეტავ და კიბეებზე ვეშვები. პირველ სართულზე ბატონ კანდიდს ვეჩეხები. ლიფტს ელოდება. სურსათ–სანოვაგე მიაქვს შინ, ოჯახობაში.

– გამარჯობათ, ბატონო კანდიდ.

პასუხად მობილურზე ურეკავენ. კანდიდი ჟესტით მანიშნებს, რომ ცალი ხელიდან ტვირთი ჩამოვართვა. ვართმევ. ტელეფონს გონორით იღებს, იმიტო, რო ის დროა, მობილური ახალი შემოსული როა და ყველა ძაღლსა და ღორს ჯერ არ უჭირავს. ლაპარაკობს – რიხით, დამაჯერებლად, მკაცრად, მაგრამ სამართლიანად.

– გმადლობ, გენაცვალე.

– არაფრის, ბატონო კანდიდ.

– ისა...

– ბატონო?

– რესტორანი როა, ნუგზარი, ხომ იცი?

– დიახ, ბატონო კანდიდ.

– ხოდა, საახალწლო პროგრამა აქვთ დღეს და ორი მოსაწვევი შევიძინე ამას წინათ. მეუღლესთან ერთად მინდოდა წასვლა.

– დიახ, ბატონო კანდიდ, მერე?

– მერე ის, რომ ამ ჩემს მეუღლეს რა ვუთხარი და აღარ გვინდა ეგ ვარიანტი, გესმის?

– დიახ, ბატონო კანდიდ, მერე?

– მერე ის, რომ სხვა რესტორანში გადავწყვიტეთ წასვლა, გესმის შენ, და ეს მოსაწვევები კიდევ ოხრათ დამრჩა. 400 დოლარი მაქვს გადახდილი, თუ ვინმეს ენდომება, 300 დოლარად დავუთმობ. შენ ხომ არ გინდა?

– ჰაჰაარა, ბატონო კანდიდ, მეე...

– ხო, ნუ მოკლედ იცოდე, რომ მოსაწვევები არის. მარატი გამოდის თავისი ქალებით, პრინცი მარატი. ხო იცი მარატი?

– არა, ბატონო კანდიდ, არ ვიცი...

– ეგ არის, ვინც არის! გენიოსია და გენიოსი ქალები ჰყავს!

– აფსუს, მარატიი!.. ალბათ გენიოსია, ბატონო კანდიდ...

– ალბათ კი არა... არ გცოდნია შენ...

ლიფტის კარი გაიღო.

– ნუ, მოკლედ, მოსაწვევები არის.

კანდიდი ლიფტში შეიჭრა.

– კარგით, ბატონო კანდიდ, ვეტყვი ხალხს და...

– ხო, უთხარი! უთხარი!.. ისა, სურათზე ხო არაფერი გადაწყვიტე?

– ჰაჰაარა, ბატონო კანდიდ, მეე...

– იფიქრე...

ლიფტის კარი იკეტება და კანდიდი ზეცად მაღლდება. ვდგავარ სადარბაზოს გასასვლელთან და სიფათზე კანდიდის ხელით მოსმული ღიმილი მახატია.

2

ეზოში, ბესედკაში ზოზოს ვამჩნევ და სადარბაზოდან გავდივარ. ზოზო ეულად ზის. ტურტლიანი საყელო აწეული აქვს და ნორვეგიული ელფივით თავი ჯინსის ქურთუკში ჩაურგავს. აკანკალებულ თითებში სიგარეტი უხრჩოლავს. გვერდით ვჯდები და სიგარეტს ვართმევ, ვუკიდებ. ვუბრუნებ. მდუმარედ ეწევა.

– დღეს ტრიციტ პერვია, – უცებ ამბობს.

– მერე? – მოჩვენებითი გულგრილობით ვეკითხები.

– მერე რა? ეგრე მუდაკივით უნდა იყო თუ ააგდებ რამეს?

– რა უნდა ავაგდო? სამში გრძელს ავაგდებ და თავს შევუშვერ. მე ისეთი ბედი მაქ, ეგეც არ მომხვდება თავში – ჰაერშივე დამაწერენ!

ზოზო გიჟივით იცინის და მეჩხერი კბილები უჩანს. გვერდითა სადარბაზოში ცხოვრობს. კაციშვილი მაგის პატრონი არაა. გატიალებული ლოთია და ნარკამანი ვ ატსტავკე. ზოზოს ბინაში რო შეხვალ, თავი ჰიერემუს ბოსხის ჯოჯოხეთში გეგონება. ხან ტოტალიზატორში ამოაგდებინებს 3–4 თუმანს, ხან სრულიად გაურკვეველი გზებით შოულობს ფულს და პურს ამით ჭამს. თავისი სამყოფი ყოველთვის აქვს და სამათხოვროდ საქმე ჯერ არ გახდომია. ეგ არც მოხდება. თუ მოხდება, მოკვდება, ეგ იქნება. ზოზო ის კალიბრია, ცალ თვალში ღირსებას რო დაუნახავ, მეორეში – თავაზიანობას, შუბლზე კიდე ვაჟკაცობა რო აწერია. ეგ არი, რო უბედური ალკაგოლიკია. მერე რა? დრომ მოიტანა და არი. ვისი რა ტრაკის საქმეა!

– ჰა, აპირებ რამეს, თუ ეგრე მუდაკივით უნდა ეგდო? – ზოზო გახუნებული წარბების ქვეშიდან მიყურებს.

– მე რა ვიცი, შეჩემა, რას ვაპირებ. არ გავკარი ახალ წელს!

– მეც გავკარი, მარა... ეხლა, სანამ ჩამოხვიდოდი, ეს ჩვენი გასიებული მოვიდა.

– ვინ გასიებული, კანდიდა?

– ხო, ეგ პიდარასტი, და რას მეუბნება იცი, ტო? აიო, რაღაც მოსაწვევები თუ მოსაწუწნები მაქო რესტორანში, მაგარ პონტში, და 300 დოლარათ ვყიდიო. მე თითონ 400 მაქ გადახდილიო. აზრზე ხარ?

– ვიცი, ლიფტთან გამეჩითა.

– შენც გებაზრა არა, პიდარასტი? ეგ დამპალი ბარიგა!

– ბარიგა რატოა, მეტი მისცა და ნაკლებად ყიდის...

– ეეე, ბალბეს!.. 200–ს მისცემდა და 300–ათ ყიდის, შენ კიდე გეუბნება, 400 მივეციო.

– არა მგონია, ზოზიკ...

– რა არა გგონია, ჩემი! – სიგარეტი გადააგდო და გადააწიტა.

– არა მგონია–მეთქი. მოსაწვევები გაუყიდავი რჩებათ და გაყიდულს კიდე არ იბრუნებენ. თუ საჭიროა, რესტორნებში გადავრეკოთ, მარა რა ჩემ ფეხებათ გინდა, არა გკიდია?

ზოზომ ქურთუკის საყელო უფრო აიქაჩა და ელფის თავი ჩარგო.

– თუ მართლა ეგრეა, ვმამენტ არა მკიდია.

– რაა?

– ამის კვრაა. მიდი, ადი, ჩაიბანე, გამოიცვალე და წავედით.

– სად წავედით, მალჩიკ?

– რაკამ უნდა დაგაყენო, რესტორნის მაყუთი გაშოვნინო!

ისევ გადმოყარა ჟანგიანი კბილები და ხველებით კინაღამ გაიგუდა.

– ადი, ჩაიცვი. ანდა წამო ჩემთან. რაღაცას ავიღებ და მშრალზე დავაწვეთ.

– რა მშრალი, რა უნდა აიღო, შენ ხო არ შეგაშინეს?!

– წამო–მეთქი, ბოთე.

3

ზოზომ ბინის კარი წიხლით შეაღო. საკეტი არც აქვს.

– დაჯე სადმე.

– სად დავჯდე, შეჩემა, სკამი მაინც გქონდეს.

– მაშინ იდექი, ბლიატ. სად არი ის იობანნი... შენა, არ მოიწყინო, რა. იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში, – ხველებაში გადასული სიცილი, – აი, ძმაო, ვიპოვე. მაგარ ადგილას დამიმალავს. ეტყობა, მაშინ კიდე არ მქონდა დანძრეული და რაღაცას ვაზროვნებდი. ეხლა რო მოვფსავ, ძლივს ვმალავ, ტო! აბა შეხედე. ეს არ მიჩვენებია?

ზოზომ ერთმანეთში გადანასკვული ძონძები მაგიდაზე დადო. ათასი ჩვარი და კონკი გაშალა, ბოლოს ჟღვლინტებშემხმარი თეთრი ცხვირსახოცი გახსნა და პირი დავაღე.

ცხვირსახოცზე ულამაზესი საიუველირო ნაკეთობა იდო. კვერცხის ფორმის, თავისივე სადგამით. საფირონისფერი მინანქარი ოქროს წვრილ აბჯარში იყო ჩასმული. სიგრძეზე ზურმუხტის და მარგალიტის პატარა თვლები ჰქონდა დატანებული. სადგამი ოქროში ამოვლებულ ვერცხლს წააგავდა.

ზოზომ ქვემოდან გამომხედა.

– ჰა, დადებილდი? ვინმეს ნაკოლს მიცემ თუ შენ თვითონ დამეცემი და გამაგორებ? – გიჟივით იცინოდა ეს ჩემისა, – მარა ვერ მოასწრებ. დღესვე გავასუხარებ მშრალზე! – კინაღამ ხველებით დაიხრჩო.

– რა არი ეს, ზოზიკ, ძმობას გაფიცებ?

ზოზომ კვერცხი აიღო და სადგამში მოათავსა.

– ფაბერჟეა, მალჩიკ. ფაბერჟეს კვერცხი.

– ნაღდი?

– ნწ, ბაზრობაზე ვიყიდე ლარნახევრათ.

ზოზომ სიგარეტს მოუკიდა.

– დიდი ბებია მყავდა მაგარი ბოზი. მაგას უგრევა ვიღაც გენერალმა ვ ატსტავკე, რევოლუციამდე. თბილისში ჩამოთრეულა და ეს ბოზი ბებიაჩემი ლოგინში ჩაგორებია. ეტყობა, მაგარი გაუსწორა ადელინამ და ეს ყლინჯი უჩუქებია პახანა გენერალს. ხვდები ხო, რას გეუბნები? იმ დედააფეთქებულს კიდე ვიღაც ბარიგებისთვის წაურთმევია – კატორღა თუ არ გინდათ, რამე უნდა მოჯვათო. მაგარ შარში ყოფილან ისინი და მიუციათ ეს ვეში. პირდაპირ იმპერატრიცას კოლექციიდან ყოფილა, ბიჭო. ხვდები ხო, რას გეუბნები?

– მერე?

– რაღა მერე, ადელინამ ბებიაჩემს დაუტოვა, ბებიაჩემმა დედაჩემს და ეხლა აქ მიგდია. გამოვიცვლი, მშრალ ხიდზე დავაწვეთ და ადელინას ტრაფეი რეალიზაციაში გავუშვათ.

– მოიცა, ზოზიკ...

– რა მოიცა?

– ღადაობ, შეჩემა?

– რას ვღადაობ, რაში მეტყობა? ამას მე სოტბიზე და კრისტიზე არავინ გამატანინებს, ვიღაცამ რო გაიგოს კიდე, მოვლენ და ადელინასთან ქსივას გამატანენ. მოიცა, გამოვიცვალო.

– ზოზიკ! ზოზიკ! ძმობას გაფიცებ, ერთი წუთი მომისმინე!

ზოზო შარვალჩახდილი შემოვიდა.

– რისთვის ყიდი, ზოზიკ? ჩვენს გარდა ამაზე ხო არავინ იცის?

– არავინ...

– მერე, შეჩემა?! შენ რო მისცე ვინმეს ნაკოლი?

– კარგი, გეყო ეხლა. მოდი, დავჯდეთ და აგიხსნი...

– სად უნდა დავჯდეთ, სკამს ხედავ სადმე?

– წავიდეთ, ფოსტა ავიღოთ, მიეცი მერე იმ გასიებულს და ახალ წელს კაცურად შევხვდეთ!

– ზოზიკ! ზოზიკ! მე არსად არ წამოვალ!

4

მშრალ ხიდზე ხალხი კანტიკუნტად ირეოდა. ვიღაცეებს მტკვრის პარაპეტთან ცეცხლმოკიდებული საბურავი დაეგდოთ და თბებოდნენ. მთელი ბაზრობა შავ კვამლში იყო გახვეული. შესასვლელს რო მივუახლოვდით, ზოზო უცებ შედგა და ქურთუკის ჯიბეში ფაბერჟე მოისინჯა.

– ჰა, ხო არ გადაიფიქრე, ნასლედნიკ? წამო, ზოზო, ძმურად. რა ჩემი ფეხები გვინდა იმ გოიმურ რესტორანში, კანდიდამ კიდე ის მოსაწვევები დაახვიოს და უკან გაიკეთოს.

– მაიცა, გალუბჩიკ, – უცებ დაიძრა და პირდაპირ ვიღაც შავ ბიძასთან მიაჭრა, – ს ნასტუპაიუშჩიმ, ნაჩალნიკ!

– გამარჯობა გამარჯობა!

ბიძა ცვეტში სომეხი იყო. გაყინულ ყურებს ისრესდა და ცოტა სამნიწელნათ გვიყურებდა. დახლზე რაღაც ხარახურა ჰქონდა გამოფენილი: შივას პატარა სტატუეტკა, კობალტის ძველებური ფინჯან–ლამბაქი, ვერცხლის დანა–ჩანგალი, ტრაკგაბზეკილი ქალის ბრინჯაოს ქანდაკება, თავზე ხრუსტალის ვაზით და კიდევ რამე–რუმეები.

– მომისმინე, ბიძა, ერთი ვეში გვაქვს, ოღონდ ფული ახლავე გვინდა.

– ახლავე?

– ხო, რა იყო? თუ არა გაქ, სხვასთან მივალ.

– ახლავე სად არი ფული, ჭირიმე?

– ჯერ გაჩვენო, ოქრო, იქნებ და, არი?

– ხო, მაიტა აბა...

ზოზომ ვეში ამოიღო, გახსნა. ბიძამ ცოტა ხანი უყურა, მერე ჩვენ შემოგვხედა, მერე ისევ კვერცხს შეხედა, მერე ჩვენ გვიყურა, მერე ირგვლივ მიმოიხედა და მერე ისევ ჩვენ შემოგვხედა. ჭვარტლიანი წარბები შეკრა.

– ნაპარავია, არა?

– ნაპარავები მანდ გექნება, დახლზე. რამდენს გადაიხდი?

– სლუშაიწე, მე პრობლემები არ მინდა, გენაცვალე...

ზოზომ კვერცხი შეახვია, ჯიბეში ჩაიდო და წასვლა დააპირა.

– მაიცა, მაიცა... სად გარბიხარ, ჯეელო? მე ხო არ მითქვამს, მართლა ნაპარავია–მეთქი. პროსტო ვიკითხე. ვეში ისეთია, რო ნელზია ნე უსომნიცა.

– რა გქვია შენ, ძმა?

– კარენა.

– ჰაეეს?

– მაიცა, აბა კიდევ მაჩვენე, პა ბრატსკი. მაგარი რამეა.

– ვიცი, კარენ. რამდენს იძლევი ქეშათ?

კარენამ ისეთი სიფათი დაკერა, თითქოს ძაღლობაში დანაშაულის აღიარებას თხოვდნენ.

– იცით, რა... კაროჩე... 300 დოლარი მაქვს ახლა და მეტი შანსი არაა.

ზოზომ კვერცხი ისევ გადაახვია და ჯიბეში ჩაიდო.

– მაიცა, მაიცა...

– რა მაიცა, შეჩემა, 300 დოლარი მარტო ამაზე შეხედვა ღირს, ეს ხო არ აწვალებს?

– არა, მე არ გაწვალებთ, რატო უნდა გაწვალოთ?

ზოზოს ხითხითი აუვარდა.

– მე ჩემი ფასი გითხარით.

– შენი ფასი გვითხარი, თუ რაც გქონდა, ის გვითხარი?

– ზოზიკ, ხო ხედავ, არა? წავიდეთ, რა...

– შენ მაიცა, მალჩიკ. 500 დოლარი მომეცი და წაიღე კვერცხი.

კარენამ ცოტა ხანი თავი ჩაქინდრა, მერე უცებ ბუმაჟნიკი ამოიღო, გახსნა და 4 ასდოლარიანი გაჩითა.

– აი, ძმაო, ამაზე მეტი თუ მქონდეს, მამაძაღლი ვიყო. ესა მაქ და მარშუტკის ფული.

ახლა ზოზომ ჩაქინდრა თავი. ცალ მხარს ნერვიულად ათამაშებდა.

– კაი, მაიტა, – უთხრა, ფული აიღო და კვერცხი გაუწოდა.

კარენამ ფაბერჟე ხელების კანკალით გამოართვა, საიდანღაც ლუპა დააძრო და ნაკეთობა გულმოდგინედ დაათვალიერა. ზოზომ ფული გადათვალა და სამი ასიანი გამომიწოდა.

– აჰა, ეს შენ ჩაიდე, კანდიდასთან მე ნუ მიმიყვან. წავალ, თბილ წყალს დავაქცევ, თორე ფაიზაღი ჩავიფსი. კარგად, კარენ, ს ნასტუპაიუშჩიმ!

– კარგად, ძმებო, კარგად! მრავალს დაესწარით! ს ნოვიმ გოდომ!

მოვბრუნდი და მოშორებით დავდექი. კარენამ ფაბერჟე სასწრაფოდ გულის ჯიბეში შეინახა და დიდი ჩანთა გახსნა. საქონლის ჩალაგება დაიწყო. აღელვებული მოქმედებდა. მაგარი დღე გქონდა დღეს არა, შენი... უცებ მოსვენება დავკარგე. ზოზო არ ჩანდა. კარენა ჩანთაში ბოლო ნივთებს ათავსებდა. დავიძარი და მივედი.

– რამე ხო არ დაგრჩათ? – კარენამ ჩანთა შეკრა და ზურგზე მოიგდო.

– მომისმინე, კარენ...

ზოზო რო გამოჩნდა, კარენას თავისი მისამართი ქაღალდზე უკვე დაწერილი ჰქონდა და მაწვდიდა. სასწრაფოდ გამოვართვი და გამოვბრუნდი. ზოზომ ვერ შემამჩნია.

5

- ქალბატონებო და ბატონებო! დიდი მადლობა, რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ და გადაწყვიტეთ, ახალ წელს ამ რესტორანში შეხვდეთ! ეს ძალიან დიდი პატივია! დღეს ჩვენ, ყველანი ერთად, გავაცილებთ ძველს და შევხვდებით ახალ წელიწადს! ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, პირობას გაძლევთ, რომ ერთი წამით არ მოგაწყენთ, ზღაპრულ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სიურპრიზებით გაგანებივრებთ! მაშ ასე! რესტორანი ნუგზარი და ჩვენი შემოქმედებით კოლექტივი მხურვალედ მოგესალმებათ და გულწრფელად გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

წავიდა მუსიკა. სმოკინგიანი, გასიებული კონფერანსიე ესტრადიდან ჩამოვიდა. რესტორნის სტუმრებმა ბაბოჩკიანი კარლსონი ტაშით გააცილეს და პურ–მარილს ხელი გაუსვეს. რესტორნის დარბაზში, ცალ–ცალკე გაშლილ მაგიდებთან, ძირითადად ოჯახები მხიარულობდნენ. სვეტსკი ხალხი. მოკეთებული, გაზულუქებული ცოლები და შვილები – ინდიფერენტული გამომეტყველების ქალ–ვაჟები, ერთმანეთისკენ თვალს რო მალულად აპარებდნენ. ოჯახის უფროსი მამაკაცები პოსეიდონებივით ისხდნენ სუფრასთან და რაკი მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ ახალი მოდა იყო, ერთმანეთს ფარულად ეჯიბრებოდნენ – ვინ უფრო ხშირად ლაპარაკობდა და ვისი სოტოვი უფრო ხშირად რეკდა.

ერთ–ერთ მაგიდასთან მე და ზოზო ვისხედით. სუფრაზე ბოთლი შამპანური, 400 გრამი არაყი, ბორჯომი, ლიმონათი და ძუნწად გაწყობილი პურ–მარილი გველაგა – ის, რაც მოსაწვევის ფასში შედიოდა. ცოტა მიტყდებოდა – ყველა სუფრასთან ქალი იჯდა. მარტო ჩვენ ვიყავით ასე, გომიკებივით. ერთი–ორის ნიტო ვზგლიადიც დავიჭირე, მაგრამ ზოზოს სიფათს რო დაინახავდნენ, ყველა გვივიწყებდა. მაინც უკვირდათ. ზოზოს ეკიდა. საგანგებოდ ნაყიდ კუბურ სიგარებს ქურთუკის ჯიბიდან წარამარა ამოაძვრენდა, დასუნავდა და მეუბნებოდა, მარატა რო გამოვა თავისი ქალებით, მაშინ გავაბოლოთო.

400 გრამი არაყი რო დავახურდავეთ, ზოზომ საიდანღაც კონიაკით სავსე ფლიაგა დააძრო და მერე იმის ათვისება დავიწყეთ ქურდულად.

– მოდი, ადელინას ხსოვნა ვთქვათ... მაგის კაი ქალობა რო არა, ეხლა აქ ვინ მოგვასუნინებდა!..

ზოზო გიჟივით იცინოდა და ხველებით იხრჩობოდა. მეზობელი სუფრებიდან პრონწკი დეიდები და ბიძიები ამრეზით გვიყურებდნენ.

– ზოზიკ, რატო გააკეთე ეს, რად გინდოდა?..

– ეხლა ნუ დამიწყე, თუ ჩემი ძმა ხარ! ახალ წელს შევხვდეთ, მარატას ქალებს ვუყუროთ, სიგარა გავაბოლოთ. მერე გათენდება, ბესედკაში ჩავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვები. ჭამე, შეჩემა, მე რას მიყურებ, ერთი დანძრევა კაცი ვარ... აი, ჩემი საჭმელი! – კონიაკით სავსე ჭიქა ასწია და მომიჭახუნა, – დამდეგს გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს, ზოზო!

6

მერე ტაქსში ვიჯექი და სახლში მივდიოდი. უგონოდ მთვრალი ზოზო უკანა სიდენიაზე ეგდო. სველი ცხვირსახოცით სახიდან სისხლს ვიწმენდდი. ტუჩი და წარბი გახეთქილი მქონდა. ნაწყვეტებად მახსენდებოდა ნუგზარში გატარებული საახალწლო საღამო: მაგიდასთან ჩამოძინებული ზოზო, რომელიც ვერაფრით ვერ გავაღვიძე 12 საათზე. ვერც მერე, პრინცი მარატი – საშუალო სქესის, პირსინგებით სიფათდახვრეტილი, მონღოლოიდური წარმოშობის კენტავრი რო გამოშლიგინდა თავისი ტრაკტიტველა ქალებით.

მერე აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი სხვა სუფრასთან. ვიდექი და ვუყურებდი: გოგო და ბიჭი ისხდნენ. გოგო ძალიან გაღიზიანებული მელაპარაკებოდა. ხმას არ ვიღებდი და გაღიმებული ვუყურებდი. ის გოგო ანანო იყო, ჩემი შეყვარებული. მერე იმ ტიპმაც რაღაც მითხრა და თვალები ნელა დაახამხამა. სუფრიდან ჭიქა ავიღე – რაღაც თეთრი თხლე ესხა, მგონი, შოკმანჟე იყო თუ რაღაც ჩემი ფეხები, და იმ გალუბჩიკს პირდაპირ სიფათში შევასხი.

აი, მერე კი აღარაფერი მახსოვს. მარტო პრინცი მარატის განწირული კივილი მახსენდება და ზოზოს ღრანჭმოქცეული როჟა, სასწაულმა რო გააღვიძა, დროზე მომაკითხა, მიშველა და გარეთ რო გამომათრია.

7

ალო... გამარჯობათ, ბატონო კანდიდ... თქვენი მეზობელი ვარ, ბაჩი... გილოცავთ ახალ წელს, ბატონო კანდიდ, მრავალს დაესწარით!.. მადლობთ... დიახ, დიახ, ვიყავით... მე და ჩემი შეყვარებული... ძალიან კარგი იყო, ბატონო კანდიდ, დიდი მადლობა!.. აი, სწორედ მაგის თაობაზე გაწუხებთ, ბატონო კანდიდ... დიახ, მოვიფიქრე... დიახ, ოღონდ ფული დღესვე მჭირდება... მაპატიეთ, ამ ახალი წლის დილას რომ გაწუხებთ, მაგრამ... არ ვიცი, ბატონო კანდიდ, თქვენ როგორ ფიქრობთ?.. ჩემთვის ეს სურათი ძალიან ძვირფასია, ხომ მითქვამს?.. ბატონო?.. ჰაჰაარა, ბატონო კანდიდ, ეგ ცოტა... ცოტაა... ჰაჰაარა, ბატონო კანდიდ, ეგეც... არა, მე სასწაულს ნამდვილად არ ვითხოვ, თუმცა ეს სურათი ჩემთვის სასწაულზე მეტია... მე მეგონა, თქვენ უფრო ზუსტად შეაფასებდით ამ ნამუშევარს, მაგრამ რაკი ეს თქვენი შესაძლებლობების ზღვარს სცილდება... კარგით, თანახმა ვარ... ესე იგი, 500–ზე შევთანხმდით... ოღონდ დღესვე... დიახ, ახლავე... არა, ნუ შეწუხდებით, მე თვითონ მოგართმევთ... დიახ, 5 წუთში ამოვალ...

სანამ მამაჩემის ოთახში შევიდოდი, მეგონა, რო იქ მამაჩემი დამხვდებოდა. ოთახში შევედი. არ დამხვდა. სურათს შევხედე და ჩამოვხსენი, ოთახიდან გამოვიტანე. სახლიდან გიჟივით გამოვვარდი და კიბეებზე ავირბინე.

8

- კტო ტამ?

– მე ვარ, კარენ... გუშინ ბაზრობაზე რო ვიყავით...

– ააა... მაიცა, ახლავე, ჯიგარ...

– გამარჯობა, კარენ... გილოცავ ახალ წელს! მრავალს დაესწარი!..

– ასევე, ასევე! შემო რა, კარში ნუ დგახარ...

– არა, კარენ, უხერხულია...

– მაიცა რა, კაცო... სახეზე რა მოგივიდა?..

– არაფერი, ს ნოვიმ გოდომ პაზნაკომილსა.

– ააა, ნუ იასნია... მოდი, მოდი, გენაცვალე... მამა, პაზნაკომსა, ხაროში ჩილავეკ!

– გამარჯობათ, ქალბატონო, გილოცავთ ახალ წელს!

– მაიცა, შენ რა გქვია, ჯიგარ?

– ბაჩი, კარენ...

– ხო, ბაჩი, ბაჩი... მოდი, აქ დაჯექი, ახლავე მოვიტან...

– ეს თქვენ, ქალბატონო...

– უი, რატომ შეცუხდით!..

– კონიაკს დალევ, ბაჩი? არარატია.

– სპასიბა, კარენ, ძალიან მეჩქარება.

– მაიცა რა, ჯიგარ... მოწიე ეგ ჭიქა.

– კარენ, როგორც შევთანხმდით, მოგიტანე... აი, ძმაო, 500–ია.

– ხო, კარგი, კარგი... სლუშაი, ეტო ტვოიო იაიცო?

– მაიო იაიცო ვსეგდა პრი მნე ი ესლი ტარჩიტ, ვსეგდა ვ ნუჟნოე ვრემია ი ვ ნუჟნომ მესტე.

– ვაა, ამდენი დიდი ხანია, არ მიცინია! ახალ წელს გილოცავ, ბაჩი!

– მრავალს დაესწარით, კარენ!

არარატი გადავკარი, ფაბერჟე ჯიბეში ჩავიდე და წამოვედი. სადარბაზოდან ფეხი რო გამოვდგი, კარენამ ფანჯრიდან დამიძახა, დამელოდეო. შევბრუნდი.

– ბაჩი, აი ეს გამომართვი...

ხელში ასიანი ეჭირა.

ჭიდაობაზე რო გადავედით, მერე მითხრა:

– დედამ მთხოვა და არაფრით არ შემიძლია.

რაღა უნდა მექნა, გამოვართვი და გადავეხვიე.

– კარგად იყავი, კარენ...

– შეხვედრამდე, ბაჩი, ცავატანემ!

9

ზოზოს ბინის კარი ჩუმად შევაღე და მივაყურადე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ზალაში შევიხედე. იატაკზე გაშლილ ლეიბზე ზოზო ეგდო და ეძინა. თავთან საფერფლე მოეპირქვავებინა, ფეხებთან სოსისის ცელოფნები და მდოგვის ცარიელი პაკეტები ეყარა. დავიხარე, მოვუსმინე – ხო არ დაიბრიდა ეს ჩემისა–მეთქი. სუნთქავდა.

ჯიბიდან ფაბერჟე ამოვიღე და თავთან დადება დავაპირე. აზრმა გამკრა. მივიხედ–მოვიხედე. ბევრი ვეძებე და ვიპოვე: პასტა აყრილი პარკეტის გროვაში აღმოვაჩინე, ფურცელი ვერსად ვნახე და კედელზე ახეულ შპალერს ნაკუწი ჩუმად მოვახიე. კვერცხი ზოზოს თავთან დავდე და ნაკუწი ზედ მივაყუდე.

შპალერზე ეწერა: "საახალწლო საჩუქარი ჩემს შვილთაშვილ ზოზოს! დიდედა ადელინასგან!"

ზალიდან სანამ გამოვიდოდი, რაღაც შევნიშნე და ზოზოსკენ დავიხარე: ორივე ხელში ის ჩვრები და კონკები ჩაებღუჯა, რომლებშიც გუშინ ფაბერჟე ჰქონდა გახვეული.

10

მერე ვიდექი. მატარებლის ბაქანზე. რამე–რუმეები მედო ჩანთაში. საახალწლო საჩუქრები. დედაჩემს. ჩემს დას. დისშვილებს. მაგრა მენატრებოდნენ. ალბათ იმათაც. ვიდექი ბაქანზე და ვფიქრობდი, სოფელში ჩავალ–მეთქი. დავჯდები დედაჩემის დანთებულ ფეჩთან და იმისთანა ამბებს მოვყვები–მეთქი, რო...

კარენას დედამ გაიხაროს! ეგ რო არ ყოფილიყო, რა წამიყვანდა პირველ იანვარს სოფელში, თუ ძმა ხარ!

დასასრული

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523312
1523512 online