asdas
ცნობილი ადამიანები
რის გამო დასცინიან ნური შაჰინს
რის გამო დასცინიან ნური შაჰინს
რის გამო დასცინიან ნური შაჰინს

2010-12-14 15:27:20



დორტმუნდის "ბორუსია" გერმანიის ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონი ისე გახდა, რომ სალაპარაკო არც ერთი ოპონენტისთვის მიუცია. ამაში, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, საკმაო წვლილი შეიტანა 22 წლის ნური შაჰინმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში "ბორუსიაში" 15 შეხვედრა ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.

გერმანიაში დაბადებულ–გაზრდილი, მაგრამ თურქული პასპორტის მქონე შაჰინი დორტმუნდელთა საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამ კლუბს მხოლოდ 2007–2008 წლების სეზონში დაშორდა დროებით, როდესაც როტერდამის "ფეიენოორდში" იჯარით თამაშობდა.

გერმანიაში, ხშირ შემთხვევაში, ზამთრის ჩემპიონი სეზონის ბოლოს ოქროს მედლებსაც იგებს და შაჰინს გამოცემა "ბილდთან" საუბარში არ დაუმალავს, რომ სწორედ ამ ტიტულზე ოცნებობს.

– დორტმუნდში ჩემპიონობის თაობაზე ყველა ფეხბურთელს ვერ დაელაპარაკები. ამიტომ, სხვა კითხვას დაგისვამთ, სად იყავით 2002 წლის 4 მაისს, როდესაც "ბორუსია" ბოლოჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი?

– იმ დროს "ბორუსიას" ჭაბუკთა გუნდის შემადგენლობაში ვიმყოფებოდი გეზეკში, რომელიც ჰაგენთან ახლოს მდებარეობს. მოგვიანებით კი მთელი გუნდი ტელევიზორს მივუსხედით.

– 1997 წლის 28 მაისს, როდესაც დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვეს?

– ამ დღეს დედაჩემს დაბადების დღე ჰქონდა, მხოლოდ რვა წლის ვიყავი და მშობლებისგან საჩუქრად შტეფან როიტერის 7 ნომრიანი მაისური მივიღე.

– ახლა კი ჩემპიონობისთვის თავად იბრძვით?

– ვოცნებობ, დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად გერმანიის ჩემპიონი ერთხელ მაინც გავხდე. მიმდინარე სეზონში ნამდვილად არ ვაპირებთ ვინმეს წნეხის ქვეშ მოვექცეთ.

– თუმცა, თქვენ პატივმოყვარე ფეხბურთელი ხართ...

– მე სხვაგვარად ვიტყვი. ფეხბურთს იმისთვის არ ვთამაშობ, რომ ბევრი ფული ვიშოვო. ვთამაშობ იმიტომ, რომ ტიტული მოვიგო, რომელზეც შემდეგ ჩემი ავტოგრაფი იქნება. სწორედ ამისთვის ვმუშაობ. 2008 წელს "ფეიენოორდის" რიგებში ჰოლანდიის თასის მოგება ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო დღე იყო.

– თუ 2011 წელს ტიტულს კვლავ მოიგებთ, ეს არცთუ ცუდი იქნება...

– ღმერთმა ქნას, ამის წინააღმდეგი არ ვარ. ეს ჩემი ოცნებაა.

– კიდევ რაზე ოცნებობთ?

– ჩემპიონთა ლიგაში თამაში და მისი მოგება მსურს. ჩემპიონთა ლიგა მას შემდეგ მიყვარს, რაც დორტმუნდის "ბორუსიას" მატჩების დროს მინდვრის ფარგლებს გარედან ფეხბურთელებს ბურთს ვაწვდიდი. მარტო ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენაც კი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ტანში ჟრუანტელი მივლის.

– ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მატჩის დაწყებამდე? მას ხომ არც ისე ხშირად უსმენთ...

– არა, ვუსმენ.

– სად?

– მობილურ ტელეფონში მაქვს ჩაწერილი.

– სერიოზულად?

– დიახ. გუნდის გასახდელში ზოგიერთი ამის გამო იცინის, განსაკუთრებით მათს ჰუმელსი. თუმცა, მე ეს ჰიმნი მიყვარს. ის შემახსენებს ხოლმე ტურნირს, სადაც მინდა, ვითამაშო. საერთოდ, გუნდში ბევრი ხუმარა გვყავს და გასახდელში ხუმრობა მიღებულია.

– გამორჩეული ხუმარა ვინ არის?

– "კუბა" (იაკუბ ბლაშჩიკოვსკი). იგი ტანსაცმლის კარადის კარებს მუდმივად ისე აწებებს, რომ მის გასაღებად 10 წუთი მაინც გჭირდება. ან შეუძლია ბუცები ჭერზე დაკიდოს თუ ისინი ძალიან ჭუჭყიანია. გუნდში ყოველთვის საუცხოო განწყობაა, რადგან ძალიან კარგი კოლექტივია შეკრებილი.

– "ბორუსია" მეგობრული გუნდია?

– ერთად ბევრ რამეს ვაკეთებთ – ვსეირნობთ ან ფლეისთეიშენს ვთამაშობთ. საღამოს ერთმანეთს ტელეფონებზე შეტყობინებებს ვუგზავნით და ონლაინ რეჟიმში ვთამაშობთ. საუკეთესო ნევენ სუბოტიჩია, რომელიც ამჟამად ლიდერობს და ის უნდა დავამარცხოთ.

– თქვენთან ახალი პროფესიონალური ჯგუფი ჩამოყალიბდა...

– ჩვენ პრაქტიკულად ერთი ასაკის ვართ. ინტერნეტში ხშირად ვზივართ გუნდის ავტობუსში და გასახდელშიც. განსაკუთრებით სატრანსფერო ჭორებისთვის თვალის დევნება გვიყვარს.

მაგალითად, პირადად მე ძილის წინ "ბილდს" ან ტრანსფერმარკეტ.დე–ს ხშირად ვკითხულობ და როდესაც ვიგებ, რომ "ბარსელონას" მარსელ შმელცერის, ხოლო "ლივერპულს" მათს ჰუმელსის შეძენა უნდა, მეორე დღეს აუცილებლად ვხუმრობთ – ზაფხულში ბატონ ვაცკესა და ბატონ ცორკს ახალი გუნდის შექმნა მოუწევთო.

– მარტალია, რომ კლუბის სპორტულ დირექტორს, მიხაელ ცორკს, რომელიც ყოველ თამაშზე სათადარიგოთა სკამზე ზის, ასე მიმართავთ – "ბატონო ცორკ"?

– ის მუდმივად მთხოვს, შენობით მივმართო. თუმცა, ეს ადამიანი ჩემთვის იყო და რჩება პატივსაცემ ფიგურად – ბატონ ცორკად. მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით თქვენობით მიმართვა აბერებს.

– მადლობა კიდევ ვის უნდა გადაუხადოთ?

– უპირველეს ყოვლისა, ჩემს მშობლებს.

– თქვენი მადლობა რაში გამოიხატება?

– მათ მაინერცჰაგენში მიწის ნაკვეთი ვუყიდე და სახლს ვუშენებ. ჩემი მშობლები მოკრძალებულნი არიან და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ უნდათ. თუმცა, ამის გაკეთება მოუწევთ, რადგან მე ასე მსურს.

ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი. დედაჩემს დიდ სამზარეულოს ვაჩუქებ, ყველა იმ აღჭურვილობით, რაც სჭირდება.

– გამოდის, რომ სამაგალითო შვილი ხართ...

– უბრალოდ, ყველაფრისთვის მათი მადლობელი ვარ. ჩემი მშობლები ყველაფერს ჩემთან ერთად განიცდიან. როდესაც თურქულმა პრესამ ნაკრებში ჩატარებული ერთ–ერთი თამაშის შემდეგ ცუდად მომიხსენია, ისინი დამწუხრებულნი იყვნენ. გერმანულ გაზეთებს, რომლებიც ჩემზე კარგს წერენ, ინახავენ. იმედი მაქვს, რომ მალე ისინი ჩემს შესახებ უფრო მეტ პოზიტიურს წაიკითხავენ.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522984
1523184 online