asdas
ცნობილი ადამიანები
ყატარი განაწილებაზე თანახმაა
ყატარი განაწილებაზე თანახმაა
ყატარი განაწილებაზე თანახმაა

2010-12-14 15:27:19



ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ამბობს, არ არის გამორიცხული 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე თამაში ყატარის მეზობელ ქვეყნებში ჩავატაროთო. ხაზი გავუსვათ, რომ საუბარია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრებზე.

ბლატერი ცხადია, არ აღიარებს და არც თვლის, რომ სულ ცოტა, შეცდომა იყო ამ მინიატურული, მეტწილად უდაბნოს ქვიშით დაფარული ქვეყნისთვის მუნდიალის "ავანსად" მიცემა. შესაძლოა, ყატარი ვერ მოერიოს ამხელა საქმეს. უბრალოდ, ფიზიკურად პატარაა ამისთვის, მაგრამ რაკი ფიფამ ის აირჩია მასპინძლად, უნდა დაძლიოს კიდეც ორი ძირითადი პრობლემა – მცირემიწიანობა და სიცხე. ამ საკითხთა გადასაწყვეტად ფიფაც და ყატარიც სხვადასხვა საეჭვო ექსპერიმენტების ჩატარებას აპირებენ. თავდაპირველად იყო საუბარი სტადიონებზე ისეთი გამაგრილებელი სისტემების დამონტაჟებაზე, რომელიც ფეხბურთელებს და მაყურებლებს არ აგრძნობინებდა 30–50 მეტრში გამეფებულ 45–გრადუსიან აუტანელ სიცხეს. ხოლო ამ პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატივად ბლატერის ორგანიზაციამ და მის ვიცე პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ჰამამის ქვეყანამ მსოფლიოს შესთავაზეს მუნდიალის ზამთარში გამართვა.

მეორე სატკივარია ტერიტორიული სიმცირე. ამ ქვეყნის ფართობი 11 ათასი კვადრატული კილომეტრია, რაც საქართველოს ერთი მეექვსედიც არ არის. ქვეყნის 1,7 მილიონიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია აღმოსავლეთ სანაპიროზე, იქვე მდებარეობს თითქმის მილიონიანი დედაქალაქი დოჰა. ერთ–ერთი მონაცემით, 2022 წლის მუნდიალისთვის უნდა აშენდეს ან რეკონსტრუირდეს სულ ცოტა 12 სტადიონი (სახელდება სტადიონთა სხვადასხვა რაოდენობა, რადგან ყატარელებმა ჯერ თავადაც არ იციან, რამდენს ააშენებენ და როგორ ააშენებენ), რომელთაგან 11 თავს მოიყრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 30–კილომეტრიან რადიუსში. უშუალოდ დოჰაში იგეგმება მსოფლიო დონის, არც მეტი, არც ნაკლები, 6 სტადიონის აშენება. თუ ვერ აშენდა? ბლატერს აქაც აქვს ალტერნატიული გეგმა, რომლის თაობაზე თავში ითქვა – ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებს მეზობელ ქვეყნებში გადაანაწილებს ისე, თითქოს დღეობაზე ბევრი სტუმარი მიუვიდა და ზოგი მათგანი მეზობელთან დააძინა. ბლატერს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები მოიაზრება ყატარის პოტენციურ თანამასპინძლებად. სავარაუდოდ, ესენი იქნებიან სპარსეთის ყურის ასევე ნავთობით მდიდარი არაბული სახელმწიფოები, უფრო სწორედ საშეიხოები – საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ბაჰრეინი. ბაჰრეინი კუნძულია და დოჰადან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. დაახლოებით იგივე მანძილშია საუდის არაბეთის ზოგიერთი ქალაქი. საამიროების დედაქალაქ აბუ–დაბიმდე 300 კილომეტრია, ხოლო დუბაიმდე დაახლოებით 400. როგორც ხედავთ, მანძილი დიდ პრობლემად არ ჩანს, მაგრამ რა ვუყოთ თუნდაც იმ მგზნებარე სიტყვას, რომელიც 2 დეკემბრის არჩევნებზე ითქვა? განა მაშინ ახსენა ყატარმა თანამასპინძლები? მისმა წარმომადგენლებმა სტადიონების მშენებლობაში 4 მილიარდის, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 43 მილიარდის ჩადების პირობა დადეს. ხომ შეიძლება, რომ ესეც გაბერილი რიცხვები და ზერელე ნათქვამი იყოს?

ნიშანდობლივია, რომ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მორალურ წნეხს არც გრძნობს, როდესაც ასეთ ექსპერიმენტებზე საუბრობს – "არჩევნების წინ პრეზენტაციაზე ერთ–ერთ კანდიდატს, ავსტრალიას პროგრამაში ჰქონდა დაშვებული რამდენიმე თამაშის ახალ ზელანდიაში ჩატარების ალბათობა. რატომ არ შეიძლება იგივე მოიმოქმედოს ყატარმა?"

ბლატერი ყატართან დაკავშირებულ პრობლემებს ალბათ, არც თვლის პრობლემებად და ფრანგულ ეკიპთან საუბარში კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისი ორგანიზაცია სწორედ მოიქცა 2022 წლის ჩემპიონატისთვის ეს ქვეყანა რომ შეარჩია:

– ყატარის არჩევით ჩვენ ფეხბურთს შევიტანთ ახალ სამყაროში. არაბული ქვეყნები რამდენჯერმე ეცადნენ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას – მაროკო, ეგვიპტე... ეს განსხვავებული კულტურის მქონე სამყაროა და იმსახურებს დიდ ფეხბურთს. ჩვენ ყატარი ფულის გამო არ შეგვირჩევია. ფული რომ გვდომებოდა, აშშ–ს ავირჩევდით. მინდა შეგახსენოთ, რომ ყატარს ადრეც უმასპინძლია ფიფას ტურნირისთვის.

ბლატერმა ამ უკანასკნელ წინადადებაში იგულისხმა მსოფლიოს 20–წლამდელთა ჩემპიონატი. ვერაფერს იტყვი, ძლიერი არგუმენტია, სადაც 20–წლამდელებს უმასპინძლეს, იქ დიდებს რატომ ვერ მიიღებენ?

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523008
1523208 online