asdas
ცნობილი ადამიანები
განზრახ არავინ დამიშავებია
სერხიო რამოსი ბოდიშს იხდის
განზრახ არავინ დამიშავებია

2010-12-08 14:05:06



სერხიო რამოსი საკუთარი სურვილით გამოცხადდა "ვალდებებასის" საწვრთნელი ბაზის საპრესკონფერენციო დარბაზში. ესპანელმა მცველმა გადაწყვიტა ჟურნალისტებისთვის განემარტა, რატომ ეუხეშა ლეო მესის, რატომ დაარტყა კარლეს პუიოლსა და ხავის.

რამოსისგან ყველა იმის ახსნას მოელოდა, რა მოხდა "კამპ ნოუზე". კატალონიელთა არენაზე რაც მოხდა, ყველამ ნახა, მადრიდის "რეალმა" (0:5) წააგო, მასმედიის წარმომადგენლები რამოსისგან საკუთარი საქციელის შეფასებას მოელოდნენ.

ანდალუსიელი არ შეუშინდა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას და ამომწურავად ისაუბრა ყველაფერზე. "სამეფო კლუბის" ცენტრალურმა მცველმა საკუთარ თამაშს მესის წინააღმდეგ და შეურაცხყოფის მიყენებას პუიოლისა და ხავისთვის ბავშვებისთვის ცუდი მაგალითი უწოდა. რამოსმა ისიც აღნიშნა, არც პეპ გვარდიოლა და მისი ფეხბურთელები იქცეოდნენ კორექტულადო.

გამანადგურებელ მარცხს კი საკუთარ კარიერაში ყველაზე მძიმე მომენტი უწოდა. ამასთან, სერხიო რამოსი მომავლის იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

– როგორი განწყობაა "რეალის" გასახდელში?

– "ბარსელონასთან" მატჩი პრინციპული იყო, რომელშიც გუნდი დამარცხდა. შედეგი არავის მოეწონა, ამიტომ გასახდელში მძიმე ატმოსფერო სუფევს. მიუხედავად ამისა, ახლა უნდა გამოვავლინოთ ის სიამაყე, რომელიც "რეალს" ყოველთვის ახასიათებდა.

გუნდს ჰქონდა ჩავარდნები, მაგრამ მის აღმოფხვრას ყოველთვის ახერხებდა. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ პრიმერა დივიზიონი ჯერ არ დასრულებულა და რომ მხოლოდ ერთი ბრძოლა წავაგეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ხოლო "ბარსელონას" მივულოცოთ დამსახურებული გამარჯვება. კატალონიელებმა სუპერმატჩი ჩაატარეს. სწორედ ახლა უნდა გავხდეთ უფრო ერთიანი და მეგობრული გუნდი, რათა გადავლახოთ ყველა სირთულე. ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.

– გიფიქრიათ თქვენს გაძევებაზე და შემდგომ რეაქციებზე?

– თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ არც ის არის მართალი, ვინც ამტკიცებს, რომ ლიონელ მესის შეგნებულად ვეუხეშე. ყველამ კარგად იცის, რომ სერხიო რამოსი მოედანზე არასდროს გადის ფეხბურთელის დასამტვრევად, იქნება ეს ლიონელ მესითუ რომელიმე ჩემი მეგობარი, მე არასდროს არავინ დამიშავებია.

– აღიარებთ, რომ არასწორად მოიქეცით ხავისთან და პუიოლთან მიმართებაში?

– იქიდან გამომდინარე, რომ ეს გავაკეთე მე, ყველა ამძაფრებს სიტუაციას. მთლიანად შეხვედრაში იყო ეპიზოდები, როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთს ეუხეშებოდნენ, მაგრამ მათზე არავინ საუბრობს.

მე მესის ბუცით არ შევხებივარ. მგონი, ლასანა დიარა უფრო დავაზიანე, ვიდრე არგენტინელი. რა თქმა უნდა, არ ვამაყობ საკუთარი საქციელით, უკვე მოვუხადე ბოდიში ჩემს მეგობრებს, ხავისა და კარლეს პუიოლს, მაგრამ გავიმეორებ, მსგავს ეპიზოდებს, რომლებიც ამ მატჩს თან ახლდა, კომენტარებს არ უკეთებენ.

– თქვენ, როგორც ფეხბურთელს, ზიანი მოგიტანათ ხშირმა გაძევებებმა...

– მშვიდად ვარ. ეს გაძევებები ჩემთვის სარგებლის მომტანი არ არის, მაგრამ თავად პრესამ აღიარა, რომ მათი უმეტესობა დაუმსახურებელი იყო. მე ის უფრო მადარდებს, რომ ბავშვებისთვის წაგების მაგალითი გავხდით. ჩემი საქციელის გამოც მინდა ბოდიში მოვუხადო ბავშვებს.

– როგორ მიიღეთ გვარდიოლასა და "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელის საქციელი?

– მათი მხრიდანაც იყო არცთუ ლამაზი ქმედებები. ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შანსს, რევანში აიღო, დღეს ვინც ზეიმობს, ხვალ შეიძლება საპირისპირო სიტუაციაში აღმოჩნდეს. პირადად მე მეორე დღეს დავურეკე ხავის და კარლეს პუიოლს, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ ცუდად მოვიქეცი.

– რომელი წაგება უფრო მტკივნეულია – 2:6 თუ 5:0?

– ნამდვილად ერთი და იგივე გრძნობა იყო. გუნდი ახლაც ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ ვალდებულები ვართ სწრაფად დავივიწყოთ მომხდარი, ვიმოქმედოთ და პრობლემები მოვაგვაროთ.

ადრე მადრიდის "რეალმა" მოუგო "ბარსელონას" 5:0, რევანში ყოველთვის მოსალოდნელია, როდესაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოვლენ სათამაშოდ, ვნახოთ, რა მოხდება. ახლა საჭიროა "ვალენსიაზე" ვიფიქროთ.

– თქვენ უკვე გააანალიზეთ მატჩი. მაინც, რა მოხდა?

– ჟოზე მოურინიუმ ყველაფერი თქვა. არის დღე, როცა არაფერი გამოგდის, ეს ყოველივე კი კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს დაემთხვა... მათ დიდი ხნის წინ აირჩიეს სათამაშო სტილი და სუპერმატჩი ჩაატარეს. ჩვენც ვცდილობთ წინსვლა გავაგრძელოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ახლა მთავარია "ვალენსიაზე" კონცეტრირება მოვახერხოთ.

– უეფას სანქციებზე რას ფიქრობთ?

– ვფიქრობ, კლუბი სწორად მოიქცევა, გადაწყვეტილებას თუ გაასაჩივრებს. ცუდი და უკანონო არაფერი ჩაგვიდენია. წინასწარ არ დაგვიგეგმავს ბარათების მიღება, მაგრამ ყველას შეუძლია იფიქროს ისე, როგორც სურს.

– მადრიდის "რეალს" ძალიან ბევრი სანქცია დააკისრეს. ამით კლუბმა კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დააყენა ნამდვილი "სენიორის" წოდება?

– მრავალი შეხედულება არსებობს, მაგრამ ჩვენი კლუბის სიდიადეში ეჭვი არავის ეპარება. საქმე "რეალს" ეხება და ამიტომ გამოიწვია მომხდარმა ასეთი რეზონანსი.

– "ვალენსიას" ეთამაშებით, გუნდს კი დიდი დანაკლისი აქვს...

– ახლა ვალდებულები ვართ გვახსოვდეს, რომ ჩვენ "რეალ მადრიდში" ვთამაშობთ. "ბარსელონასთან" მომხდარი ამბავი ქვეყნის დასასრული არ არის, ჩვენ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. გუნდში არიან ბიჭები, რომლებიც დანაკლისს შეავსებენ, ჩვენ ხომ დიდებულ კლუბში ვთამაშობთ.

– ხავი იმსახურებს "ოქროს ბურთს"?

– რა თქმა უნდა, ის უკვე მერამდენე წელია ამგვარ აღიარებას იმსახურებს. მე ხავის ვაფასებ, რადგან ის ჩემი მეგობარია ესპანეთის ნაკრებიდან.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523664
1523864 online