asdas
ცნობილი ადამიანები
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2010-12-01 14:18:23



– მაქვს ოსტეოქონდროზი. გავიგე, რომ ჩინური ბრინჯი მარილებს შლის და გამოდევნის ორგანიზმიდან. მესამე თვეა ვსვამ და ტკივილები შემიმცირდა. ჩინური ბრინჯი კალციუმს ხომ არ გამოდევნის ორგანიზმიდან და ოსტეოქონდროზზე პრობლემა ხომ არ შემექმნება?
– ბრინჯის ნებისმიერი სახეობა ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს, რომელიც შარდის სახით გამოიყოფა. ამ დროს კი ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს აუცილებელი მინერალებიც. ამიტომ მისი ხანგრძლივი დროით მიღება მიზანშეწონილი არ არის. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზეც. რაც შეეხება კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნას, მხოლოდ ბრინჯის მიღებით ორგანიზმში მისი დეფიციტი არ შეგექმნებათ. კალციუმის გამოდევნა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი, პაციენტის ასაკზე, კერძოდ, კლიმაქსის წინა პერიოდში ორგანიზმი კალციუმის დიდ დეფიციტს განიცდის და მისი სრულად შევსება კი, ფაქტობრივად, არ ხდება. ვინაიდან, მითითებული არ გაქვთ ასაკი, გირჩევთ, ცოტა ხნით შეისვენოთ, დააკვირდეთ თქვენს მდგომარეობას და შემდეგ ისევ გააგრძელოთ ბრინჯის მიღება. ოსტეოქონდროზის დროს საუკეთესო შედეგს იძლევა სპეციალისტის მიერ ჩატარებული მასაჟი.
– მთელ სახეზე მაქვს ჭარბთმიანობა, წონაში ვიმატებ. გთხოვთ მირჩიოთ, რომელ ექიმს მივმართო.
– თქვენი სიმპტომები პირდაპირი ჩვენებაა, რომ ორგანიზმში ჰორმონალური მდგომარეობა დარღვეული გაქვთ. გირჩევთ, მიმართოთ ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგს, რომელიც როგორც ფარისებრი ჯირკვლის, ასევე სასქესო ჰორმონების მდგომარეობას გამოგიკვლევთ.
– ბოლო წლებში სახეზე და ყელზე მიჩნდება წითელი ლაქები, რომელიც სილურჯეში გადადის და 15 წუთში ფერმკრთალდება. მივმართე ენდოკრინოლოგს და კანის ექიმს, მაგრამ უშედეგოდ. რას მირჩევთ?
– თუ კანის პრობლემებით არ არის გამოწვეული, საჭიროა ანგიოლოგს (სისხლძარღვების ექიმს) მიმართოთ.
– ვარ 45 წლის. რამდენიმე თვეა შიმშილის დროს დამეწყო სისუსტე და მაკანკალებს, თავს ვგრძნობ ძალიან ცუდად. ჭამის შემდეგ კი მალე გამივლის. რა შეიძლება იყოს?
– თქვენი ორგანიზმი გარკვეული ვიტამინების და მინერალების დეფიციტს განიცდის, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ივსება ჭამის დროს. მსგავსი სიმპტომები ზოგჯერ ვეგეტონევროზის მსუბუქი ფორმების დროსაც ვლინდება. ეცადეთ, მცირე ულუფებით ხშირად იკვებოთ, მიიღეთ მცენარეული წარმოშობის მსუბუქი დამამშვიდებელი პრეპარატებიც.
– ვარ 20 წლის. მოულოდნელად მიშეშდება მთელი სხეული და ენაც მებმება, თითქმის ყოველდღე და დღეში რამდენჯერმეც. ვსვამ წამლებს, მაგრამ უშედეგოდ. რას მირჩევთ?
– პირველ რიგში, უნდა მიმართოთ კვალიფიციურ ნევროპათოლოგს და აუცილებელია თავის ტვინის ტომოგრაფიის გადაღებაც.
– ვარ 15 წლის. მისივდება თვალები და სახე. გთხოვთ მირჩიოთ, რა მივიღო სახლის პირობებში.
– სახის და თვალების შესიება თქვენს ასაკში ძალიან საყურადღებოა, რადგან გამოწვეული არ იყოს თირკმლების პრობლემით. უნდა გამოირიცხოს ჰორმონალური ბალანსის დარღვევაც. დააკვირდით, ხომ არ გაქვთ ალერგია რაიმე პროდუქტის მიმართ. გირჩევთ, აუცილებლად მიმართო ექიმს, პირველ რიგში – უროლოგს. სახლის პირობებში თვითნებური მკურნალობა ანალიზების გარეშე დაუშვებელია. თქვენს შემთხვევაში აუცილებელია სისხლის და შარდის საერთო ანალიზების ჩატარება.
– შიშის გრძნობა მაქვს წინასწარ. როგორ მოვთოკო ემოციები?
– საუკეთესო საშუალებაა "პუსტირნიკისა" და ვალერიანის ძირების ნახარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. ნახარში ახალ–ახალი დააყენეთ.
– გათხოვილი ვარ, ბავშვი არ მყავს, არ მისკდება ფოლიკული ან სკდება დაგვიანებით. რომელი ჰორმონი გამოვიყენო?
– პირველ რიგში, სახლის პირობებში საოვულაციო ტესტით განსაზღვრეთ ფოლიკულის მომწიფების და გასკდომის დრო, შემდეგ ისე დაგეგმეთ ორსულობა. თუ რომელიმე თვეში მაინც სკდება ფოლიკული, პრობლემა მოგვარებადია, ოღონდ კვალიფიციურ რეპროდუქტოლოგთან ერთად.
– ფეხებზე მაქვს უსიამოვნო სუნი. რა გავაკეთო?
– გირჩევთ დაიბანოთ სოდიანი წყლით, კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის (აფთიაქში იკითხეთ) ნახარშით დაბანა. არსებობს შესასხურებელი პრეპარატები, რომლებიც სუნსაც და ოფლიანობასაც აქრობს.
– დილით ქვედა ქუთუთოები მისივდება, რისი ბრალია და ვის მივმართო?
– აუცილებლად მიმართეთ უროლოგს. ქუთუთოების შესიება შეიძლება თირკმლების პრობლემებით იყოს გამოწვეული.
– თვალების ირგვლივ ჩამუქებული მაქვს, ოფლიანობა არ მაქვს, მაგრამ იდაყვები და მკერდის კანი გამუქებული მაქვს. რას მირჩევთ?
– თვალების ირგვლივ ჩამუქება ზოგჯერ დაავადების მაჩვენებელი არ არის. რაც შეეხება იდაყვებისა და კანის სხვა უბნების ჩამუქებას, იგი ხშირად ენდოკრინოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. მიმართეთ კანის ექიმს და თუ იგი საჭიროდ ჩათვლის, მიმართეთ ენდოკრინოლოგსაც.
– ვარ 32 წლის, მაწუხებს ხშირი შარდვა და შეკრულობა. არ მაქვს არც წვა და არც ტკივილი. რა შეიძლება იყოს და როგორ ვუმკურნალო სახლის პირობებში?
– აუცილებელია შარდის საერთო ანალიზის გაკეთება, რათა განისაზღვროს შარდის ხვედრითი წონა და ზოგადი სურათი. შემდეგ შეიძლება კონკრეტული რჩევის მოცემა. ხშირი შარდვა და შეკრულობა ერთმანეთთან კავშირში არ იქნება, ორივე სიმპტომი სხვადასხვა დაავადების მანიშნებელია.
– მაქვს პირველი ჯგუფის რეზუს–უარყოფითი სისხლის ჯგუფი. საშიშია თუ არა ფეხმძიმობისას?
– ქალბატონების დიდ ნაწილს აქვს რეზუს–უარყოფითი ჯგუფის სისხლი, რაც ფეხმძიმობის დროს არანაირ პრობლემას არ უქმნით. ფიზიოლოგიურადაც მშობიარობენ და ნაყოფიც სრულყოფილი იბადება. სასურველია, ასეთი ქალბატონები ფეხმძიმობისას კონსულტაციას სპეციალურ კლინიკაში გადიოდნენ. დღეს პრობლემას არც ის წარმოადგენს, თუ ქმარს სხვა ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდება.
– მაქვს ჩიყვი, ძალიან ვოფლიანდები. შეიძლება ეს ჩიყვის ბრალი იყოს?
– ბუნებრივია, ოფლიანობა ჩიყვით არის გამოწვეული. აუცილებლად იმკურნალეთ ენდოკრინოლოგთან.
– ახალი გათხოვილი ვარ და მაქვს თეთრად შლა. რას მირჩევთ?
– აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ ნაცხის ანალიზი. ექიმთან მისვლამდე გირჩევთ, ჰიგიენური პროცესებისთვის გამოიყენეთ უხეში, სარეცხი საპონი.
– მაქვს დისკოზი, შეიძლება ფიზიოლოგიური მშობიარობა?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის დისკოზი გჭირთ. ასეთ დროს საკეისრო კვეთით მშობიარობა უკეთესია.
– ვარ 16 წლის, არ მაქვს არც მკერდი და არც მენსტრუაცია. საშიში თუ არა და ვის მივმართო?
– მიმართეთ ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგს, რადგან, როგორც ჩანს, თქვენ ჰორმონალური მდგომარეობა არ გაქვთ წესრიგში.
– ვარ 13 წლის, ამჟამად ვარ დიეტაზე. დიეტის დასრულების შემდეგ როგორ მოვიქცე, რომ არ მოვიმატო და კუჭი და სხვა ორგანოები რომ არ დავიზიანო?
– თქვენს ასაკში სისტემატური დიეტები სასურველი არ არის, რადგან მოზარდის ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინებით გაჯერებას. გირჩევთ, დიეტა ექიმის მეთვალყურეობით დაიცვათ. დიეტის შემდეგ ეცადეთ, საღამოს საათებში არ იკვებოთ მიიღეთ ხილი შერჩევით, არ უნდა მიირთვათ ყურძენი, კარალიოკი, ლეღვი, ბანანი (დღის საათებში მიიღეთ). არ დალიოთ ტკბილი, გაზიანი წყლები. ბუნებრივია, უნდა შეამციროთ საკვები ულუფებიც.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522104
1522304 online