asdas
ცნობილი ადამიანები
თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"
თამუნა ნიკოლაძეს ორეულები უხერხულობას უქმნიან
თამუნა ნიკოლაძე: "ბოდიში, მაგრამ მეგობრების სიაში ვერ დაგიმატებთ!"

2012-02-08 00:12:52



მსახიობ თამუნა ნიკოლაძეს კომპიუტერის გარეშეც თავისუფლად შეუძლია ცხოვრება. ერთი კია, კომპიუტერის არქონით ახალგათხოვილ დასთან კონტაქტი მოაკლდებოდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ესაა და ეს.
თამუნა აქამდე არც ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ ყოფილა და არც სურვილი გასჩენია. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა "ფეისბუქზე" და "სკაიპში", რათა საყვარელ დას და სიძეს ეკონტაქტოს. არ იმეგობრებს არც ერთ უცხო ადამიანს, მაგრამ წერილებს უმეტესწილად პასუხობს. არც ის აღელვებს, მისი სახელით "ფეისბუქზე" ათამდე ადამიანი რომ სარგებლობს. არადა, ამის გამო ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილა.
თამუნა ნიკოლაძე:
– ოჯახში კომპიუტერი და ლეპტოპი დიდი ხანია გვაქვს. როგორც კი აუცილებელი გახდა, ჩვენც შევიძინეთ. კომპიუტერი ადრეულ წლებში მხოლოდ ორგანიზაციებში, ოფისებში ჰქონდათ. კომპიუტერი მამას და ჩემს დას უფრო სჭირდებოდათ. მე მასთან ნაკლები შეხება მქონდა. ფილმებს თუ ვუყურებდი ან წინა დღის გადაცემას თუ ვერ ვნახავდი, "მაი ვიდეო ჯიდან" ვუყურებდი. როცა შაბათ–კვირას სახლში არ ვყოფილვარ და ჩემი სერიალი ("შუა ქალაქში") არ მინახავს, მეორე, მესამე დღეს მიყურებია. არც სოციალურ ქსელებში ვყოფილვარ დარეგისტრირებული.
– ახლაც არ ხართ რომელიმე სოციალური ქსელის მომხმარებელი?
– სულ რამდენიმე, ალბათ ოთხი თვე იქნება, რაც "ფეისბუქში" დავრეგისტრირდი. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მინდოდა და ამიტომ არ მქონდა. ეტყობა, არც მჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოვჩნდი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე და სერიალში საყვარელი გმირის შემსრულებელი გავხდი, ბევრმა ჩემი სახელით ისარგებლა და თამუნა ნიკოლაძით გვერდები შექმნეს. ეს ერთმა და ორმა კი არ გააკეთა, ცხრა და ათი თამუნა ნიკოლაძეა "ფეისბუქზე". თურმე ადრე ოცდახუთამდე ყოფილა, მაგრამ, ეტყობა, მერე ნელა–ნელა გააუქმეს. რეალური თამუნას ყოფნაც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ყველას გაეუქმებინა ეს გვერდები, ისინი კიდევ არიან.
– არაფერი მიგიწერიათ თქვენი ორეულებისთვის?
– ადრე ჩემი მეგობრები და ახლობლები ყოველთვის წერდნენ, ნუ იტყუები, თამუნა ნიკოლაძე არ ხარ, გააუქმე, როგორ არ გრცხვენია, სხვისი სახელით რომ სარგებლობო. ერთი ორჯერ მე თვითონ ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი. სხვადასხვა ადგილებში ძალიან პოპულარული სახეები შემხვდნენ და მითხრეს, რა კარგი ფოტოები დადე გუშინ, ჩატში რომ მოგწერე, რატომ აღარ მიპასუხეო. პირდაღებული, გაოცებული და გაოგნებული ვრჩებოდი. ვუხსნიდი, რომ ის მე არ ვიყავი და "ფეისბუქი" არ მქონდა. დღეს მაქვს. ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოვუხადო ყველას, მაგრამ მეგობრებში ყველას ვერ დავიმატებ.
– ანუ უცხო ადამიანებს არ იმეგობრებთ?
– ვისაც არ ვიცნობ, არ ვიმეგობრებ. ძალიან ცოტა "ფეისბუქის" მეგობარი მყავს, დაახლოებით 250–მდე. არიან ადამიანები, რომელთაც 5 ათასი მეგობარი ჰყავთ.
– ალბათ ბევრი ეძებს ამ ქსელში ნამდვილ თამუნა ნიკოლაძეს.
– კი, ძალიან ბევრი. წვეულებაზე ან ქორწილში რომ მოვხვდები, მეკითხებიან, "ფეისბუქზე" შენ ხარ თუ სხვააო. თუ მინდა მათი დამეგობრება, ჩემს მონაცემებს და ნამდვილ ფოტოს ვეუბნები, რომელიც მიდევს. სხვა თამუნა ნიკოლაძეებთან დაბადების თარიღი არასწორადაა მითითებული, ზოგიერთი ისეთი ფოტო დევს, რომელიც, როგორც ჩანს, ტელევიზორს გადაუღეს სერიალის მსვლელობისას, ტელევიზიის ლოგოთია ხოლმე, ან გადაცემებიდან აქვთ აღებული.
– ერთი მხრივ, ეს ფაქტი შესაძლოა სასიამოვნოც იყოს, რადგან ხალხს ასე უყვარხართ, მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ გაღიზიანებთ, რომ სხვა სარგებლობს თქვენი სახელით და გვარით.
– რომ გითხრათ, ეს ძალიან მაღიზიანებს ან მანერვიულებს–მეთქი, არ ვიქნები მართალი. მესმის ადამიანს, როცა ძალიან უყვარხარ და არ იცის, ეს როგორ გამოხატოს, მაგრამ სიყვარულის გამოხატვის მსგავსი ფორმა არასწორია. დარწმუნებული ვარ, ამას უფრო მეტად ბავშვები აკეთებენ. ზრდასრული და 50 წლის ადამიანი ნამდვილად არ იტყვის, ვაიმე, თამუნა ნიკოლაძე ვიყოო. ბავშვობაში მეც მყავდა ჩემი საყვარელი მსახიობები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომელიმეს სახელით მესარგებლა. რამდენიმე მამაკაც და ქალ მსახიობზე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ფოტოს გადაღების, ავტოგრაფის გამორთმევისაც კი მერიდებოდა და ვერ ვბედავდი. ახლა შედარებით თამამი ბავშვები არიან, ამიტომ მაინც ვამართლებ მათ და ცუდს ვერაფერს ვიტყვი. არ მინდა, რამე ეწყინოთ. გამოდის, რომ მათ ძალიან ვუყვარვარ და დიდი მადლობა ამისათვის.
– მხოლოდ "ფეისბუქზე" დარეგისტრირდით?
– "სკაიპიც" მაქვს. გამოგიტყდებით, თუ რა იყო არსებითი მიზეზი, "ფეისბუქზე" დავრეგისტრირებულიყავი. სულ რამდენიმე თვეა, ჩემი და, სოფო გათხოვდა და მეუღლესთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ამიტომაც გავაკეთე "სკაიპი" და "ფეისბუქი", რომ ჩემს დას და სიძეს ვეკონტაქტო. რეპეტიციის, სპექტაკლის, გადაღების შემდეგ ღამით სახლში დაღლილი რომ ვბრუნდები, "სკაიპში" შევდივარ იმისათვის, რომ ჩემს დას ველაპარაკო. ორივე ძალიან მენატრება. ჩემს დასთან ერთად ვარ გაზრდილი, სულ ერთად ვიყავით და მინდა, ჩემი ყოველდღიური ცხოვრება იცოდეს. თვითონაც სულ მირეკავს, რომ ერთმანეთს რაღაცეები მოვუყვეთ. რამდენიმე კვირის წინ თეატრში პრემიერა მქონდა. სახლში როგორც კი მივედი, ეგრევე "სკაიპში" შემოვიდა, მის გარეშე პირველად მქონდა პრემიერა და აინტერესებდა, როგორ ჩაიარა. გამოგიტყდებით, რომ დღეს თუ "ფეისბუქზე" ვარ, ეს ჩემი დის და მისი სიყვარულის დამსახურებაა. შორს რომ არის, სხვა გზა აღარ დამრჩა. მხოლოდ ტელეფონით ხმის გაგონება არ კმარა, "სკაიპის" საშუალებით ვხედავთ კიდეც ერთმანეთს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს დამეგობრებული. ბევრი მეხუმრა კიდეც, ცხოვრებაშიც ხომ მეგობრები ვართ და ახლა "ფეისბუქის" მეგობრებიც გავხდითო. ვწერთ ერთმანეთს, აზრებს ვუცვლით, ფოტოებს ვუფასებთ. ბევრი ფოტო მაქვს სპექტაკლებიდან და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომენტარი აქვს ჩემს ფოტოებს, ამიტომ უფლება არ მაქვს, სხვასაც არ შევუფასო.
– დარწმუნებული ვარ, უცხო ადამიანები ბევრს გწერენ.
– ჩატში ვერ შემოდიან, მაგრამ შეტყობინებებში ბევრი წერილი და დამეგობრების თხოვნა მომდის. რამდენადაც ვიცი, "ფეისბუქიც" იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაიმეგობრონ, მაგრამ მე ბევრისთვის უარი მაქვს ნათქვამი. ვისაც არ ვიცნობ, არ ვიმეგობრებ. შემდეგ შეტყობინებებში რაც მომდის, თითქმის ყველა ტექსტი ერთნაირია ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა, ავტორი ბიჭია, გოგოა, ბავშვია თუ დიდია: "თამუნა, ძალიან გვიყვარხარ", "თამუნა, გთხოვ, დამიმეგობრე", "ისე მენატრები, რატომ აღარ ხარ სერიალში?". სამწუხაროდ, მათთვის მეგობრობა არ გამიგზავნია, მაგრამ მიმიწერია, ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ ჩემი მაყურებელი და გულშემატკივარი ხართ, სულ მალე ისევ დავბრუნდები ეკრანზე ახალი პროექტით, ახალი სერიალით–მეთქი. ასე ვწერ, რომ არ ეგონოთ, დიდი ხნით მოვწყდი ეკრანს. ამ სერიალმა და ჩემმა გმირმა – ქეთევან ღლონტმა მთელ საქართველოს შეაყვარა ჩემი თავი. ეს სერიალი ჩემთვის დამთავრდა, მაგრამ არაჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება. ძალიან ხშირად თეატრშიც მომსვლია შეტყობინება, ოღონდ არა "ფეისბუქით", ისე, წერილით. სახლშიც გამოუგზავნიათ ლექსი, ყვავილი. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ადამიანი ერთ პატარა ყვავილს, ბალახსაც რომ გაჩუქებს, ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– დღის განმავლობაში როდის გიწევთ კომპიუტერთან დაჯდომა?
– მთელი დღის განმავლობაში მასთან ურთიერთობა თითქმის არ მაქვს, რადგან სახლში არ ვარ. უფრო გვიან ვჯდები ხოლმე. რამდენჯერმე შემიტყუა კიდეც. ღამე სადღაც პირველ საათზე დავჯექი და დილის 6 საათზე ავდექი. მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა. თავიც ამტკივდა. ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ, ენერგიის აღსადგენი ერთადერთი საშუალება კი კარგად გამოძინებაა. კომპიუტერი დროის დასაკარგად არაჩვეულებრივი გამოგონებაა – ჩატი, მეგობრებთან საუბარი გაცდენს, ვერ წყდები. ერთდროულად ჩატში შვიდ ადამიანსაც კი მოუწერია და დრო ისე გაქცეულა, ვერც გამიგია.
– თქვენგან განსხვავებით, ბევრი კომპიუტერით ცხოვრობს. რა დადებითი ან უარყოფითი მხარეები აქვს მასზე ასე დამოკიდებულებას?
– ადამიანები რაღაცეებზე დამოკიდებულები ხდებიან. ვიცი ისეთები, ყავაზე რომ არიან დამოკიდებული და დღეში ცხრა ჭიქას სვამენ, ან სიგარეტს ვერ ელევიან. ასევეა კომპიუტერთან, არ შეუძლიათ, დღე და ღამე რომ არ ისხდნენ. სიმართლე გითხრათ, მე დიდი ნებისყოფა მაქვს, არასოდეს არაფერზე ვყოფილვარ და არც ვარ დამოკიდებული. კომპიუტერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ჩემ გვერდით, როცა ძალიან მჭირდება.
– რა ფირმის კომპიუტერი გაქვთ?
– "ეიჩპის" ფირმის ნოუთბუქი.
– დასასვენებლად როცა მიდიხართ, მიგაქვთ?
– წელიწადში ერთხელ მაქვს ერთი თვე შვებულება, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, დავისვენო.
– მობილურზეც არ ხართ დამოკიდებული?
– არა, უბრალოდ ძალიან მიყვარს ესემეს–ების გაგზავნაც და მიღებაც. თვითონ წერილის წერის კულტურა მომწონს, იდუმალი და ლამაზია.
ეკა ლემონჯავა


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თამუნა ნიკოლაძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1521648
1521848 online