asdas
ცნობილი ადამიანები
ჯანეტ ქერდიყოშვილი: "მანქანა ჩემთვის დაქალივითაა"
ავტომოყვარული
ჯანეტ ქერდიყოშვილი: "მანქანა ჩემთვის დაქალივითაა"

2013-05-17 12:17:26



"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთი წელია, რაც მანქანის საჭეს მიუჯდა და უკვე მოასწრო, თავზეხელაღებული მძღოლი გამხდარიყო. მისი მანქანა, "ჰიუნდაი ველოსტერი", ორიგინალური შეფერილობითა და ორიგინალური ფორმებით, თბილისში უცხო ჩიტივით დადის. 21 წლის ჯანეტის ცხოვრებაში უკვე ორი დიდი მიღწევაა, როგორც თავად ფიქრობს – "მის საქართველოს" ტიტული და მართვის მოწმობის აღება.
– ჯანეტ, პირველად როდის დაჯექით საჭესთან?
– საჭესთან პირველად 12–13 წლის ასაკში დავჯექი და მივხვდი, რომ მანქანის ტარება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, თუ ის ავტომატური მართვის არის. მართვის მოწმობა კი გასული წლის თებერვალში ავიღე.
– ადვილად ჩააბარეთ გამოცდა?
– ყველაზე მეტად თეორიის ჩაბარების მეშინოდა. არადა მეუბნებოდნენ, თეორია ადვილია და პრაქტიკაა რთულიო. თეორია პირველივე ცდაზე ჩავაბარე. პრაქტიკა სულ რაღაც ორჯერ გავიარე და მასწავლებელმა გამოცდაზე გამიშვა. ყველაფერი კარგად შევასრულე, ბოლოს აღმართზე ავდიოდი და ვფიქრობდი, მორჩა, მართვის მოწმობა ჯიბეში მიდევს–მეთქი. "სდექ" ხაზთან გავჩერდი და ინსტრუქტორმა აღმოაჩინა, რომ მანქანის ცხვირი ხაზს ოდნავ გადაცდენილიყო. ამის გამო ჩამჭრა. მაშინ უკვე "მის საქართველო" ვიყავი, მაგრამ ვის აინტერესებდა. მეორე ცდაზე, როგორც იქნა, ავიღე მართვის მოწმობა. პირველი ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის "მის საქართველოს" ტიტული იყო და მეორე – მართვის მოწმობა.
– იმ დროისთვის მანქანა უკვე გყავდათ?
– არა, მართვის მოწმობის აღების შემდეგ დავიწყე წუწუნი, მანქანა მინდა–მეთქი. გავიდა რამდენიმე თვე და მე, მამა და ჩემი ძმა მანქანების შესათვალიერებლად წავედით. ეს მანქანა მანამდე ნანახიც არ მყავდა და არც ყვითელი ფერი მქონდა აჩემებული. "მერსედესის" შეძენას ვფიქრობდი, რადგან ძალიან ხარისხიანია. "ბეემვე" ცელქი მანქანაა, ყველაზე უსაფრთხო "ფოლკსვაგენი" არისო და ვეღარ გამეგო, რომელზე მეფიქრა. "ჰიუნდაის" სალონში რომ შევედით და ჩემი ყვითელი "ჰიუნდაი ველოსტერი" დავინახე, გადავირიე, ისე მომეწონა. თითქოს დამიძახა, მაგრამ მამაჩემმა წუწუნი დაიწყო, ამ ფასში უფრო მაღლი კლასის მანქანის შეძენა შეგიძლიაო. არადა ჩავჯექი სალონში და თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. ისეთი მოხერხებული მანქანაა, რომ გოგოსთვის უფროა შექმნილი. რომ დაღამდება, იმაზე ფიქრიც არ მიწევს, ფარების ანთება არ დამავიწყდეს–მეთქი, ყველაფერს ავტომატურად ასრულებს.
მოკლედ, ეს ავტომობილი მამაჩემს ვითომ არ მოსწონდა. დავუჯერე და წამოვედით. გავიდა რამდენიმე დღე და მამამ დამირეკა, ფანჯრიდან გადმოიხედეო. გადავიხედე და ჩემი ყვითელი "ჰიუნდაი ველოსტერი" ეზოში იდგა!... მანქანის ნომრად მინდოდა, ერთიანები მქონოდა, რადგან ვთვლი, რომ ლიდერის ციფრია, თან "მის საქართველოც" 2011 წელს გავხდი. ჩემი მანქანის ნომერია "ჯნტ 111".
– რამდენად საჭირო ყოფილა ქალისთვის ავტომობილი?
– მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიული არ ვარ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მანქანაში საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ძალიან მშველის. ჩავჯდები, მუსიკას ჩავრთავ და სადმე მშვიდ ადგილას, მთაწმინდაზე ან ლისის ტბაზე ავდივარ. მანქანა იგივე შენი მეგობარია. მის გარეშე სადმე რომ მივდივარ, ძალიან მენატრება. როგორც ცოცხალ არსებას, ისე ვექცევი. ჩემს მანქანას საკმაოდ ქალური ფორმები აქვს, გოგოა და მიმის ვეძახი. დიდი ხანი რომ ვერ ვნახავ, მერე ვეფერები და ვკოცნი. ავტომობილი შენი სარკე, შენი ანარეკლია. როგორც მამაკაცს აქვს კარგი საათი, მანქანაც ქალისთვის ასევე ძვირფასი აქსესუარია. ვინ არის ადამიანი, რას წარმოადგენს, სად მუშაობს, როგორი ხელფასი აქვს, მისი ავტომობილითაც შეგიძლია მიხვდე. ძალიან მნიშვნელოვანია მანქანის მოვლა. სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, ბიჭებს თავიანთი ოთახები თუ აწეწილი აქვთ და გოგოებს – მოწესრიგებული, მათ მანქანებში პირიქით ხდება. გოგოს ავტომობილში რა აღარ ყრია, ისევე როგორც მის ხელჩანთაში.

– ამ მხრივ თქვენ გამონაკლისი ხართ?

– ზედმეტი აქსესუარები არ მიყვარს, მაგრამ ჩემს მანქანასაც ეტყობა, რომ ქალის არის. ჯარიმისა და სწავლის საფასურის ქვითრებიდან დაწყებული ათასგვარ გამოუსადეგარ ნივთს იპოვით.
– თქვენს მანქანას სიარულზე თუ ეტყობა, რომ ქალის არის?
– ნამდვილად არ ეტყობა. წითელ შუქნიშანზე გაჩერებულს პომადა არ წამისვამს, მაგრამ სხვა რაღაც გამიკეთებია. ზაფხული იყო, მანქანით სადღაც მივიჩქაროდი, გვერდით დედა მეჯდა. თან ვმართავდი, თან ტელეფონზე ვსაუბრობდი და თან ფეხებზე გასაპრიალებელ ზეთს ვისვამდი. დედაჩემი გადაირია, შვილო, ორი თვეა საჭესთან დაჯექი და ყველაფრის ერთდროულად კეთება ნუ მოგინდაო.
– ძალიან თავდაჯერებული მძღოლი ჩანხართ.
– სწორად მიმიხვდით. საჭესთან როგორც კი დავჯექი, ვიგრძენი, რომ არაფრის მეშინოდა. ყველა ახალბედა მძღოლს ვურჩევ, საჭესთან შიში და დაძაბულობა მოიხსნას. მთავარია, უყურო არა შენს გზას, არამედ ის აკონტროლო, სხვები როგორ დადიან. თან ამბობენ, მანქანის მართვას თბილისში თუ ისწავლი, ყველგან კარგად ივლიო.
– თბილისში როგორ მოძრაობენ?
– ძალიან ცუდად დავდივართ, მაგრამ ასე თუ ისე მეც ავუწყვე ფეხი თბილისურ მოძრაობას. კაცი რომ ვიყო, დავიწყებდი გინებას, მაგრამ ხანდახან გულში მაინც ვიგინები. ერთი ზოლიდან მეორეში რომ გადავდივარ, მანიშნებელს ძალიან იშვიათად ვრთავ. თბილისმა როგორც მასწავლა, მეც ისე ვმართავ. გენაცვალე, ისწავლეთ წესიერად ტარება და მეც აგყვებით! საკუთარ თავს ქალ მძღოლს ვერ ვუწოდებ.
– რატომ?
– მანქანაში ბიჭი ვარ. ცალი ხელით მიყვარს მართვა, ბიჭივით ვზივარ და ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ კაბა მაცვია. ჩემი მანქანა დაბალია და ჯიპიდან ვისაც მოუნდება, ყველა თავისუფლად დამათვალიერებს.
– მანქანით მოძრაობის დროს ბიჭებისგან კომპლიმენტებს იღებთ?
– კი. ამასთან დაკავშირებით ბევრი ისტორია მაქვს. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, მე და ჩემი დაქალი მანქანით ვიდექით. ამ დროს ბიჭებმა გვერდით ძალიან ნელა ჩაგვიარეს, შეგვათვალიერეს. ჩემს დაქალს ვუთხარი, აი, ეს არის თბილისელი ბიჭი, მოეწონები და გამოხატვა ან არ უნდათ, ან ეშინიათ, ან კიდევ "უტყდებათ"–მეთქი. ამ დროს ის ბიჭები მოგვადგნენ, ულამაზესი იების თაიგული შემოგვაწოდეს და უკან გაბრუნდნენ. შეიძლება იაფფასიანი საჩუქარი ხანდახან ძვირადღირებულსაც სჯობდეს.
ერთ დღესაც გავიღვიძე და ჩემი მანქანა ფერადი ბუშტებით მორთული დამხვდა. მივხვდი, რომ ეს ჩემმა ერთ–ერთმა თაყვანისმცემელმა გააკეთა და ძალიან გამიხარდა.
– სპორტული მანქანა გყავთ, ბიჭები არ გიწვევენ გასაჯიბრებლად?
– ადრე მიწვევდნენ და მეც სიამოვნებით "ვეგონკავებოდი". ახლა, როგორც გითხარით, უკვე სტაბილური მძღოლი ვარ. ძალიან მომწონს, როცა ბიჭს მექანიკური მართვის ავტომობილი ჰყავს. თუ ვინმეს ჩემი გულის დაპყრობა უნდა, მექანიკური მართვის მანქანა უნდა ჰყავდეს და ძალიან მაგრად ატარებდეს.
– ავარიულ სიტუაციაში მოხვედრილხართ?
– ბევრჯერ ბეწვზე გადავრჩი. ახალბედა მძღოლი ვიყავი, როცა ჩემ წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად გააჩერა. წამებში მოვასწარი იმის გაფიქრება, რომ თუ გავჩერდებოდი, უკნიდან მომავალი მანქანა დამარტყამდა, ამიტომ ჩემ წინ მიმავალი მანქანისთვის უნდა გამესწრო. ასეც მოვიქეცი. მეორე მხრიდან სამარშრუტო ტაქსი მოდიოდა, მაგრამ მოვახერხე და იქაც გავძვერი. მოკლედ, ეს მანევრი რომ არ გამეკეთებინა, რამდენიმე მანქანა დაიმტვრეოდა და გარკვეულ დაზიანებებს მეც მივიღებდი. იმ წუთში არ დავიბენი, მაგრამ როცა გავაანალიზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ერთიანად ავკანკალდი. მანქანა გადავაყენე და სანამ არ დავწყნარდი, გზა არ განვაგრძე.
– რა სახის ჯარიმების გადახდა გიწევთ ყველაზე ხშირად?
– ვფიქრობ, რომ კანონმორჩილი მძღოლი ვარ, მაგრამ ხანდახან მოძრაობის წესს ჩემდაუნებურად ვარღვევ და მერე ჯარიმების გადახდაც მიწევს. პატრული ხანდახან უბრალოდ გამოსალაპარაკებლად, სულ ტყუილადაც მაჩერებს. როცა ვეკითხები, რატომ მაჩერებთ–მეთქი, რას აღარ იგონებენ.
სოფიო ბოჭორიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯანეტ ქერდიყოშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1787120
1787320 online