asdas
ცნობილი ადამიანები
ინგა გრიგოლია შეყვარებულია
"ყოველთვის შავგვრემანი მამაკაცები მომწონდა"
ინგა გრიგოლია შეყვარებულია

2012-05-29 00:56:55



ინგა გრიგოლიამ, რომლის წარდგენასაც არ სჭირდება მისი "რეგალიების" ხსენება, რადგან, ვინც არ უნდა იყოს ამჟამად, ის საქართველოში დღემდე რჩება ყველაზე რეიტინგულ ჟურნალისტად, რამდენიმეთვიანი რთული პერიოდი გადალახა და ისევ აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდა. ახლა მის ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურადაა – პოლიტიკაში გამარჯვებისთვის იბრძვის, პირად ცხოვრებაში კი სიყვარული აძლევს სტიმულს. როგორც ყოველთვის, ქალბატონი ინგა ახლაც ძალიან გულწრფელი იყო "სარკესთან". მან თავის ცხოვრებაზე, სიახლეებზე გულახდილი ინტერვიუ მოგვცა.

ინგა გრიგოლია:

– დიდი ავადმყოფობისა და პასიურობის შემდეგ ახალი სუნთქვა გამეხსნა. ცხოვრება კარდიოგრამასავითაა, მქონია ჩავარდნები, მერე – აქტიურობის პიკი. ეს თავისთავად ხდება ხოლმე. ახლა დიდი ენერგია მაქვს, შეიძლება ეს იმასაც უკავშირდება, რომ პოლიტიკური პროცესების დუღილი და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესია. რაც მეტი საქმე მაქვს, მით უფრო კარგად ვარ. როცა ბევრი საქმე არ მაქვს, ცუდად მაშინ ვარ.
ის პერიოდი, როცა ცუდად ვიყავი, რამდენიმე თვე გაგრძელდა. ბევრი ახალი ლიტერატურა, წიგნი წავიკითხე. ვერ გეტყვით, რომ ტელევიზორს ვუყურებდი, რადგან იქ დიდად საინტერესოს ვერაფერს ვაწყდები. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ეგოისტური მიდგომა ხომ არ მაქვს–მეთქი, მაგრამ ყველა ვხედავთ, ქართულ სატელევიზიო სივრცეში რა პროდუქტიც დევს. კარგა ხანია, ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვიღებ. ფიზიკური პასიურობის პერიოდში ინტერნეტსივრცეში ძალიან აქტიური ვიყავი. რაც უნდა კარგი ცხოვრება, ბევრი ფული მქონდეს და შემეძლოს, მთელი დრო მარტო საკუთარ თავს დავუთმო, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებ. დილიდან საღამომდე რომ ვიარო სალონში, მასაჟებზე, თეატრში, დაქალებთან, ეს ბედნიერებას ვერ მომანიჭებს.
– ახლა როგორია თქვენი ცხოვრების რიტმი?
– გადარბენის რეჟიმში ვარ. ბოლო ოთხ დღეში თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარე. შეხვედრები მქონდა სოფლებში, რაიონებში. ამ ბოლო დროს სახლში ძალიან დიდ დროს ვატარებ. მეგობრები მეხუმრებიან, ასაკის ბრალიაო, მაგრამ 41 წელი ის ასაკი არ არის, რომ ამას დავაბრალო. ადრე ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, საღამოს 7 საათზე სახლში მოვსულიყავი, წამეკითხა, რამესთვის მეყურებინა. ამ ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ყველაზე კარგად ჩემს სახლში ვისვენებ. თუკი ვინმეს ნახვა მინდა, ყველას ჩემთან ვეპატიჟები.

– რისი ბრალია ეს ცვლილება?

– ეს ყველაფერი ალბათ რეჟიმის ცვლილებამ მოიტანა. როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, ღამეებს ვათენებდი, მერე ვერთობოდი, დილითაც ძალიან ადრე არ ვიღვიძებდი. 15 წელი რეჟიმი არეული მქონდა. ახლა დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ, ამიტომ საათები ძალიან კულტურულად მაქვს გადანაწილებული. თბილისში ყველანაირი გართობის ფორმა, რაც კი არსებობდა და რაც ჩემთვის "მოსული" იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში, ყველაფერი დიდი დოზით მაქვს მიღებული. ალბათ ამიტომ აღარ მაინტერესებს.

– თქვენი შვილი მარიამიც თქვენსავით აქტიური და ენერგიულია?

– ძალიან აქტიურია. ასტროლოგია საინტერესო თემაა ჩემთვის. მარიამი გველის წელშია დაბადებული, ჰოროსკოპით მორიელია. როცა დაიბადა, ერთ–ერთმა ასტროლოგმა მითხრა, ეგ ან აგაშენებს, ან დაგაქცევსო. თავისი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს ამართლებს, ძალიან მიზანდასახული ადამიანია. წელს ბაკალავრიატს ამთავრებს, იურიდიულზე სისხლის სამართალს სწავლობს. დიდი გეგმები აქვს. სწავლას მაგისტრატურაში გააგრძელებს.

– როგორც ვიცი, მარიამს პროკურორობა უნდა.

– კი და ამის გამო ძალიან ვერჩოდი. მიმაჩნია, რომ დღევანდელ საქართველოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველაზე საინტერესო თემა ადამიანის უფლებების დაცვაა. სულ ვეუბნებოდი, ადვოკატობაზე იფიქრე–მეთქი. როცა ვეუბნები, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, პროკურატურა, გამოძიება პოლიტიზირებულია და შენნაირ წესიერ ადამიანს პროკურორად მუშაობა გაუჭირდება–მეთქი, მპასუხობს, რატომ, წესიერი ადამიანებიც ხომ უნდა იყვნენო. წელიწადნახევრის წინ აღმოაჩინა, რომ პროკურორობა უნდა. როცა კრიმინალისტიკაზე, გამოძიებაზე მელაპარაკება, მანიაკი ხარ–მეთქი, ვეუბნები. უცნაური გოგოა, იარაღი უყვარს. ბავშვობიდანვე ასეთი იყო. ცხენზე უნაგირის გარეშე ჯდებოდა, ძალიან მაგრად ცურავდა. მე ამ კუთხით ძალიან უსუსური ვარ – იარაღი მძულს, სისხლის დანახვაზე ცუდად ვხდები, ძალიან ცუდად ვცურავ, თხილამურებზე არასდროს დავმდგარვარ.
– მარიამის პირადი ცხოვრება თქვენთვის აბსოლუტურად ცნობილია თუ არის თქვენთვის დახურული თემები?
– როცა მარიამი პატარა იყო, ჩემს მეგობრებს ხშირად უთქვამთ, მის ცხოვრებაში ძალიან ერევი და მეტისმეტად აკონტროლებო. მაგრამ რასაც ბევრი კონტროლს უწოდებს, მე აღზრდას ვარქმევ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პროფესიის არჩევიდან დაწყებული მისი ფიზიკური აქტიურობით დამთავრებული, ყველაფერში ჩავერიე. დღეს კი ვეღარ ვერევი. რამდენჯერაც რაღაც კორექტივების შეტანის მცდელობა მქონია, მეუბნება: "სტოპ!".
– მაგალითად, რაში შეიძლება ჩაერიოთ?
– ადრე იმ ბიჭის წინააღმდეგ, რომელიც მარიამს მოსწონდა, მე კი – არა, აგიტაციას ვეწეოდი და კარგად გამომდიოდა. ახლა სრულიად საპირისპირო სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს ვართ და ერთმანეთის ცხოვრება დეტალურად ვიცით, მის გადაწყვეტილებებში, სად წავიდეს, როდის მოვიდეს, ვერ ვერევი. ამის საშუალებას თვითონ აღარ მაძლევს და ამით ვხვდები, რომ ის ძალიან გაიზარდა. თავიდან ბოლომდე ვენდობი, ყოველთვის ვიცი, სად არის. ოჯახში დომინანტი მარიამი გახდა.
– ახლა რომ გათხოვდეს, როგორი რეაქცია გექნებათ?
– ახლა რომ გათხოვდეს, მაინცდამაინც არ გამიხარდება. მე თუ მკითხავთ, 27–28 წლამდე თავის კარიერაზე უნდა იფიქროს. ამ თემაზე ამას წინათ ვსაუბრობდით, უცებ შემომიბრუნდა და მკითხა, შენ რამდენი წლის იყავი, რომ გათხოვდიო. 16 წლის ვიყავი–მეთქი. ჰოდა, მეც მაცადეო, მითხრა. მაგრამ ვიცი, რომ ახლა გათხოვებაზე არ ფიქრობს.
– როგორი სიძე არ მოეწონება ინგა გრიგოლიას?
– შტერი, ჩამოუყალიბებელი კაცები არ მიყვარს. ძალიან ბევრი ბიჭი ვიცი, ვინც მამის კისერზე ცხოვრობს, მომავალი გაურკვეველი აქვს. ძალიან პატარა ასაკის სიძეც არ მომინდებოდა. ჩემი და მარიამის აზრი ამაში ერთმანეთს ემთხვევა.
მარიამს ვეუბნები, რომ გათხოვდები, ბევრი შვილი გააჩინე და ერთი მე მომეცი–მეთქი. ახლა შვილიშვილი რომ მყავდეს, ვერ გეტყვით, არ მესიამოვნებოდა–მეთქი. რატომაც არა!
– მარიამი თუ ერევა თქვენს პირად ცხოვრებაში ან თქვენს თაყვანისმცემლებზე რა რეაქცია აქვს?
– ჩემს პირად ცხოვრებაში ძალიან ჩახედულია. რომ შემომხედავს, თმა როგორ მაქვს, იმის მიხედვით ხვდება, იმ დღეს რას ვაპირებ ან როგორ ხასიათზე ვარ. ჩემ შესახებ მან უფრო მეტი იცის, ვიდრე მე – მასზე. ყოფილან ბიჭები, რომლებზეც უთქვამს, კაი, რა, დედა, რას ჰგავს, არ მომწონსო. ყოფილა ისეთიც, ვინც მის სიმპათიას იმსახურებდა.

– და მისი აზრი გაგითვალისწინებიათ?

– არა, არასდროს! ცხოვრების აქსიომაა, შვილები არასდროს ითვალისწინებენ დედების რჩევებს, განსაკუთრებით – პირად ცხოვრებაში, დედები ხომ, მით უმეტეს!
– როცა ადამიანი შეყვარებულია, საქმეს მეტი ხალისით აკეთებს, ყველაფერი გაცილებით უკეთესად გამოსდის. ქალისთვის – მით უმეტეს, სიყვარული დიდი სტიმულია. თქვენს ცხოვრებაში ეს სტიმული ამჟამად არის?
– ჩემთვის სიყვარული ყოველთვის დამატებითი სტიმული იყო, არის და იმედი მაქვს, რომ სულ ასე იქნება. ქალის ცხოვრება, რომელსაც მამაკაცი არ ჰყავს და მარტოობის პაუზა დიდხანს უგრძელდება, უინტერესო ხდება, მისთვის უინტერესოა სამსახური, საქმე. ჩემს გადაცემებს მთელი საქართველოსთვის ვაკეთებდი, მაგრამ სპეციალურად ჩამიცვამს სხვანაირად და თმა მხოლოდ იმ ერთის გამო გამიკეთებია, რომელიც, ზუსტად ვიცოდი, რომ იმ მომენტში ტელევიზორთან იჯდა და მიყურებდა. ეს დღემდე ასე გრძელდება. მიმაჩნია, რომ ქალის ბედნიერების ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი კარგი მამაკაცია.
იმის გამო, რომ მარტო არ ვყოფილიყავი, რომანი არასდროს არავისთან გამიბამს. რომანი თუ მქონია, ყურებამდე შეყვარებული ვყოფილვარ. სიყვარული უბრალო გართობა არასდროს ყოფილა ჩემთვის.
– პირდაპირ გიკთხავთ – ახლა შეყვარებული ხართ?
– კი, ოღონდ არ ვიცი, ყურებამდე შეყვარებული ვარ თუ არა. აი, რომ დაგანგრევს, წაგლეკავს და გადაირევი, ასე შეყვარებული სამჯერ ვიყავი.
– თქვენს სფეროშია ეს ადამიანი? ვინ არის?
– შეყვარებული ჩემი სფეროდან არასდროს მყოლია, მით უმეტეს, იმ სფეროდან, სადაც ახლა ვარ, ეს გამორიცხულია! არც სამსახურებრივი რომანი მქონია.
– რითი უნდა მოხიბლოს მამაკაცმა საკრებულოს დეპუტატი ინგა გრიგოლია?
– თუკი რომელიმე ჩემს სასიყვარულო ისტორიას გავიხსენებ, პირველი შთაბეჭდილებით არც ერთი მამაკაცით არ მოვხიბლულვარ. ყველა სასიყვარულო ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის შემდეგ მეწყებოდა.
– რითი მოგხიბლათ ადამიანმა, რომელიც ახლა გიყვართ?
– სიყვარული ურთიერთობას მოაქვს. ფიზიკურ პარამეტრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ყოველთვის შავგვრემანი მამაკაცები მომწონდა. არასდროს მომწონებია ღია ფერის, ქერა, ცისფერთვალება. ძალიან შავი, აზიური ტიპის მამაკაცები მომწონს.

– მარიამის აზრი იცით იმ მამაკაცზე, რომელიც ახლა თქვენს ცხოვრებაშია?

– ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვს. ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. შესაძლებელია ჩემი აქტიურობის პერიოდი ამასაც უკავშირდებოდეს. სიყვარული მთავარი კომპონენტია ჩემთვის. ოდესმე რომ დამიდგეს ისეთი პერიოდი, გავიდეს ერთი, ორი წელი და ვთქვა, ეს თემა აღარ მაინტერესებს–მეთქი, მაშინ ჩავთვლი, რომ დავბერდი.
– თავად გაქვთ ნათქვამი, რომ სტილს განწყობის მიხედვით იცვლით. ახალმა სიყვარულმა რაიმე თუ შეცვალა თქვენს გარეგნობაში?

– ავადმყოფობის პერიოდში ძალიან ბევრი წამალი მივიღე. ახლა არანაირ წამალს არ ვსვამ და ვცდილობ, ნელ–ნელა ჩემს ძველ ფორმას დავუბრუნდე. არანორმალურად გავსუქდი. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, როცა მეკითხებოდნენ, რატომ გასუქდიო. ვინც ამას შემეკითხებოდა, იმ ადამიანს ვერ ვიტანდი. სულ ვიპრანჭები, რადგან მინდა, საინტერესო ვიყო.
– ერთ–ერთ ტოქ შოუში თქვით, რომ ერთ წელიწადში ტელევიზიას დაუბრუნდებოდით. რა იგულისხმეთ, რას აპირებთ?
– მაია ასათიანთან ვთქვი, ჩემი მომავალი ტელევიზიაში წარმომიდგენია და შეიძლება ეს დაახლოებით ერთ წელში მოხდეს–მეთქი. ამ ნათქვამს ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა, ამბობდნენ, ტელევიზიაში ბრუნდებაო. არ არსებობს თანამდებობა, რის გამოც ტელევიზიაზე უარს ვიტყვი, რადგან ყველაზე ძვირფას პროფესიად დღემდე ჟურნალისტიკა რჩება ჩემთვის. პოლიტიკაში მოვხვდი იმიტომ, რომ ჟურნალისტებს ხელკეტები გვირტყეს თავში. გადაცემები ექვსჯერ დამიხურეს. პროტესტის განცდა მაქვს და მინდა, რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება მალე წავიდეს და ამაში მეც ჩემი წვლილი შევიტანო. ერთ წელში ტელევიზიას დავუბრუნდები–მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება და მიშას და სამი–ოთხი კაცის გადასაწყვეტი არ იქნება, ეთერში ვინ უნდა იჯდეს და ვინ – არა. მე ეს ვიგულისხმე. ის, რაც ვთქვი, მივხვდი, რომ ჩემი პირველი "იაღლიში" იყო, რაც, როგორც რესპონდენტს, დამემართა. იმ პარტიაში ვრჩები, სადაც ვარ. ბევრი ჭორი მოვისმინე ჩემს თავზე, რომ ვითომ პარტიიდან წამოვედი, რომ სხვა პარტიაში გადავდივარ. ამაზე არასდროს მიფიქრია. პატივს არ ვცემ ადამიანებს, რომლებიც პარტიებს ხშირად იცვლიან. ზუსტად ვიცნობ ჩემს თავს, ქრისტიან–დემოკრატიული პარტია არის ჩემი პირველი და უკანასკნელი პარტია. სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ ხელისუფლებიდან არ წავა და, გარწმუნებთ, რომ წავა, მანამდე ტელევიზიაში არ დავბრუნდები. გული გამისკდება, მიშას პოლიტიკიდან ან ხელისუფლებიდან წასვლის პროცესებში მონაწილეობა რომ არ მივიღო.
– "მეცხრე არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა "სარკესთან" ღიად თქვა, რომ ინგა გრიგოლიასნაირ წამყვანს ისურვებდა. იქნებ ეს არის თქვენთვის ერთ–ერთი შანსი, არ გამოიყენებთ?
– მე რომ დღეს ტელევიზიაში წასვლას ვგეგმავდე, კახა ბექაური ნამდვილად არის ის ადამიანი, ვისთანაც სიამოვნებით ვიმუშავებდი. როცა ტელეკომპანია "მზეში" დავიწყე მუშაობა, ის დირექტორი იყო. კახა პროფესიონალია. უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება ჯერჯერობით ტელევიზიას არ უკავშირდება. თქვენი ჟურნალის რეიტინგიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ამ შეკითხვას აღარ დამისვამენ.
– "მეცხრე არხიდან" შემოთავაზება არ მიგიღიათ?
– კახას მეუღლესთან, ეკა ბერიძესთან, ძალიან ვმეგობრობ. სანამ "მეცხრე არხი" ეთერში გავიდოდა, კახა ისე, უბრალოდ ვნახე, ვილაპარაკეთ. ეს მეგობრული შეხვედრა იყო. მასთან არანაირ შემოთავაზებასა და პროექტის გაკეთებაზე საუბარი არ მქონია.
– როგორ ფიქრობთ, როგორც პოლიტიკოსი, შედექით?
– როგორც პოლიტიკოსი, შევდექი თუ ვერა, ეს შეიძლება იმან დაასკვნას, ვინც საკრებულოს სხდომებს თვალყურს ადევნებს. ეს სხდომები ტელევიზიით არ შუქდება. ადამიანი რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს, მას ყველაფერთან ერთად მედიასაშუალება სჭირდება. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, როგორც პოლიტიკოსები, იმიტომ შედგნენ, რომ ისინი ჩვენს ყოველდღიურ ეთერში იყვნენ. დღეს სექსზე, საყვარლებზე, ჰომოსექსუალებსა და რაღაც სისულელეებზე თუ არ ილაპარაკე, ისე ეთერში ვერ მოხვდები. პოლიტიკური გადაცემები არ არსებობს, ნაციონალურ არხებს ვგულისხმობ. ვიდრე ეს არ იქნება, ალბათ ხალხის თვალში ისევ ჟურნალისტად დავრჩები.
– როგორ შეხვდით პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას?
– როცა ივანიშვილი თავისი ახალი გადაწყვეტილებით გამოჩნდა, თუ არ ვცდები, ჩვენი პარტიიდან მე ვიყავი პირველი, ვინც ამაზე კომენტარი გააკეთა და ვთქვი, რომ მის გამოჩენას მივესალმებოდი.
– თუმცა პირველივე განცხადებაში ქრისტიან–დემოკრატები კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარათ, ხელისუფლებასთან გარიგებაში გამხილათ.
– მან ჩვენი პარტიის მისამართით იმდენად შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთა, რომ დღეს საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ პოლიტიკურ ძალასთან რაიმე სახის ერთობაზე ვიფიქრო. თუმცა ვფიქრობ, რომ ცალკე ის ჯგუფი, ცალკე – ჩვენ და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია თუ ერთმანეთის გინების ნაცვლად მთელ ძალებს ხელისუფლების წასვლისკენ მივმართავთ, მომავალ პარლამენტში უმრავლესობაში ოპოზიცია იქნება. ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ მთელი თავისი წარსულის გამო, მაგრამ მომეჩვენა, რომ პირველი განცხადებები, რითიც ის გამოვიდა, სხვის მიერ იყო დაწერილი. ხან მედიას დაეტაკა, ხან – პოლიტიკურ პარტიებს.
ბიძინა ივანიშვილს ერთ რამეს ვეტყვი: ის ხვალ არჩევნებში მონაწილეობას რომ მიიღებს, ეს ქრისტიან–დემოკრატების დამსახურებაა. თუ მან პოლიტიკური ბრძოლა იმით განაგრძო, რომ ხელისუფლების ნაცვლად თავდასხმა განაგრძო ქრისტიან–დემოკრატებზე, შალვა ნათელაშვილზე და ასე შემდეგ, პირობას გაძლევთ, რომ მომავალ არჩევნებში ნაციონალები მოიგებენ, ბიძინა მეორე ადგილზე გავა და, უნდა თუ არა, ჩვენი პარტია სერიოზული ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.

– პირადად თუ იცნობთ ივანიშვილს?

– არა, პირადად ნანახიც არ მყავს. ერთხელ მინდოდა, ჩამეწერა და მასთან მისასვლელი გზაც ვერ ვიპოვე. ის გამონაკლისი არ იყო, კიდევ ორი მიუწვდომელი რესპონდენტი მყავდა – ბადრი პატარკაციშვილი და ასლან აბაშიძე.

ეკა ლემონჯავა


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ინგა გრიგოლია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523872
1524072 online