asdas
ცნობილი ადამიანები
გიორგი შერმადინი და მისი ცოლი ბერძნებს სტუმარმასპინძლობით აოცებენ
პირადი
გიორგი შერმადინი და მისი ცოლი ბერძნებს სტუმარმასპინძლობით აოცებენ

2014-07-22 12:26:46



საბერძნეთში მოთამაშე ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი, ცოტა ხნის წინ ცოლთან, ანი ამაშუკელთან და ორ შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ოჯახს დროებით აქ დატოვებს, თავად კი ტრავმირებული მუხლის სამკურნალოდ უკან, საბერძნეთში გაემგზავრება. ამჟამად ათენის გუნდ "პანათიანიკოსში" თამაშობს. მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ცოლია, რომელიც ყველა მატჩს ესწრება და შვილებიც, 3 წლის ნუციკო და წლინახევრის ნიკოლოზი, თან დაჰყავს, რომ მამა ტრიბუნიდან აჩვენოს. ანიმ მთელი თავისი დრო ქმარს მიუძღვნა, მის გამო ყველაფერზე უარი თქვა და ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში ისე დაჰყვება, ერთხელაც არ დაიჩივლებს. გადაწყვეტილი აქვს, გიორგის მესამე შვილიც აჩუქოს.
– გიორგი, რამდენი ხნით ჩამოხვედით საქართველოში?
გიორგი: 30 ივნისს მომიწევს საბერძნეთში გამგზავრება. იქ პერსონალური მწვრთნელი ავიყვანე. ყველამ მირჩია, რომ ის საუკეთესოა, მასთან ვარჯიში დამეხმარება და აქტიურ თამაშსაც მალე დავუბრუნდები. ანი და ბავშვები კი საქართველოში დარჩებიან.
ანი: საქართველოს და თბილისს მონატრებულები ვართ, ამიტომ აქ ჩამოსვლამ გაგვახარა. გიორგის რამდენიმე დღით ალბათ ჩავაკითხავთ საბერძნეთში. მერე კი ბავშვების გარეშე სადმე დასასვენებლად წავალთ.
– ცოლ–ქმრის ურთიერთობაში ეს აუცილებელიც არის.
გიორგი: აუცილებელი, მაგრამ ძალიან ძნელი.
ანი: ზოგიერთი მშობლისთვის პრობლემა არ არის, შვილები ბებიასთან ან ძიძასთან დატოვოს, ჩვენ კი ასე არ ვიქცევით. გვყავს ძიძა, მაგრამ მაინც ვცდილობთ, თავისუფალი დრო მთლიანად ბავშვებს დავუთმოთ. დასასვენებლად მივდივართ, გასართობად, სავახშმოდ თუ მეგობრებთან ერთად, ვცდილობთ, შვილებიც გვერდით გვყავდეს. სანამ აქ ჩამოვიდოდით, ყველანი კუნძულ სანტორინიზე წავედით. შვილების გარეშე ვერ ვძლებთ. შარშან მათ გარეშე წავედით და ყოველ ნახევარ საათში ვრეკავდით და ვკითხულობდით, რა ჭამეს, რა დალიეს, როდის დაიძინეს... თუმცა წყვილს მართლაც სჭირდება, თუნდაც მცირე დროით მარტო წავიდეს სადმე. მე და გიორგი ისეთ ადგილს ავირჩევთ დასასვენებლად, სადაც განმარტოება, სიამოვნების მიღება, გართობა შეიძლება.
– ანი, უცხოეთში ქმრის თანაგუნდელების ცოლებთან მეგობრობთ?
ანი: ათენში კალათბურთელების ცოლები დიდად აქტიურები არ არიან, ესპანეთში კი პირიქით იყო. იქ ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებოდით.
გიორგი: სანამ საბერძნეთში წავიდოდი, მე და ვიქტორ სანიკიძე ესპანეთში ერთად ვთამაშობდით. სასწაული ხალხია ესპანელები, ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული გულშემატკივარი იქაა. იტალიაში, სლოვენიაში, საბერძნეთში – სად არ მაქვს ნათამაშევი, მაგრამ ესპანელები ძალიან მაგრები არიან. იქ ძალიან პატარა ქალაქში ვთამაშობდით და სულ ჩემზე და ვიქტორზე ლაპარაკობდნენ, როგორც ორ ქართველზე. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ესპანეთიდან საბერძნეთში არ გადავიდოდი.
– საბერძნეთში მეგობრები შეიძინეთ?
ანი: კი, როგორც ბერძნები, ასევე ქართველებიც. ამიტომ დროს ყოველთვის კარგად ვატარებთ. დღე არ გავა, ჩვენთან სტუმარი არ მოვიდეს. თავიდან ბერძნები გაოგნებულები მიყურებდნენ, განსხვავებული ადამიანი ხარ, როგორ შეიძლება, რომ მუდმივად სტუმარი გყავდესო. ბერძნებისთვის ეს მიუღებელია. სტუმარს მხოლოდ ერთი საათით მიიღებენ და, თუ დალაპარაკება უნდათ, კაფეში ყავაზე მიდიან. სტუმრები შენს სახლში დარჩნენ, შენი ჩუსტები ათხოვო, ხალათი მიუტანო, კბილის ჯაგრისი გამოუღო – ეს მათთვის შოკისმომგვრელია. მეც და გიორგიც ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახში გავიზრდეთ და ამიტომ მიჩვეული ვართ სტუმრიანობას, სხვანაირად არც შეგვიძლია.
– ანი, გიორგის თამაშებს ემოციურად უყურებთ?
ანი: ძალიან აზარტული და ემოციური ვარ და გიორგის თამაშებში ძალიან ვარ ჩართული. თუ რაღაცას ვერ ვიგებ, ამ დროს ძალიან სასაცილო ვიქცევი, რადგან ვჩხუბობ.
გიორგი: უნდა ნახოთ, ჩვენი შვილები როგორ მქომაგობენ.
ანი: ნუციკო ტრიბუნიდან ყვირის ხოლმე, მამიკოო. ნიკოლოზი წლინახევრისაა და ჯერ ყველაფერს ვერ აღიქვამს. ბოლოს, თამაშზე რომ მყავდა, ვერ ჩერდებოდა. ვუთხარი, შეხედე, მამა გამოდის მოედანზე–მეთქი და მაშინვე გიორგისკენ გაიშვირა თითი.
კალათბურთელებს იმდენად არანორმალური ფანები ჰყავთ, რომ ზოგჯერ საშიში ხდება მოედანზე წასვლა. ძირითადი პრობლემა ესპანურ გუნდებთან დაპირისპირების დროს იქმნება. გიორგი მეუბნება, არ მოხვიდეთო, რადგან იქ "ბომბებს" ისვრიან და მთელი ამბებია.
გიორგი: იმხელა ხმა აქვს იმ ასაფეთქებლებს, მთელ დარბაზს აზანზარებს.
ანი: ამხელა გულშემატკივრობა არ გეხმარებათ? რომ იცი, შენი ფანი დგას ტიტველი და დოლზე, საყვირებზე უკრავს შენ გასამხნევებლად, მეტი სტიმული არ გაქვს?
გიორგი: რა თქმა უნდა, ხალხის გულშემატკივრობა დიდი ძალაა და გვეხმარება.

– ანი, როცა გიორგის გუნდი მარცხდება, ოჯახში სიტუაცია იძაბება?

ანი: როცა აგებს, ცხვირჩამოშვებულია. როცა ძალიან ცუდადაა, ვეუბნები, გიორგი, რა გესიამოვნება, ნახე, რა მოგიმზადე, წამოწექი, აქ მოგართმევ–მეთქი. ვცდილობ, მაქსიმალურად გავუნეიტრალო ცუდი განწყობა.
გიორგი: ამ დროს ძალიან ვნერვიულობ, იმაზეც ვფიქრობ, მეორე დღეს ვარჯიშზე მწვრთნელი როგორ შეგვხვდება, როგორ გამოასწორებს ამ ყველაფერს. წაგებული თამაშის შემდეგ ვარჯიშზე გვხოცავენ, წინ და უკან გვარბენინებენ, მოთამაშეები ერთმანეთს არ ვინდობთ, თავს არ ვზოგავთ, რაც მწვრთნელს ძალიან უხარია. გვეუბნება ხოლმე, ასე რომ გუშინ გეთამაშათ, მოვიგებდითო.
– ანი, შეიძლება ითქვას, რომ ქმრის გამო სწავლაზე, კარიერის აწყობაზე უარი თქვით. ამ გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო თქვენთვის?
ანი: ქმრის ასეთი რეჟიმის პარალელურად ძნელია ცოლმა ისწავლოს ან იმუშაოს. 6 წელი ვსწავლობდი სამედიცინოზე, მერე გავთხოვდი და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. შემდეგ ბავშვები გვეყოლა. რაც უნდა ბევრი დამხმარე გყავდეს, შვილებს მაინც მშობლის ყურადღება სჭირდებათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის პარალელურად პირადი საკითხების მოგვარებაც აუცილებელია. კარგია, როცა ქალი სახლშია, მაგრამ მხოლოდ რაღაც ეტაპზე. ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს, რადგან როგორი მოსიყვარულე ქმარიც უნდა ჰყავდეს, თუ თვითრეალიზებას ვერ მოახდენს, წლებთან, ასაკთან ერთად პრობლემები გაუჩნდება.
– გიორგი, თქვენ რას ფიქრობთ, სად არის ცოლის ადგილი?
ანი: ცოლი უნდა იყოს სამზარეულოში... (იცინის).
გიორგი: სპორტსმენების ცოლებისთვის ძნელია კარიერის აწყობა. ანის ქვეყნიდან ქვეყანაში ჩემთან ერთად უწევს სიარული.
ანი: მაშინ ხარ მაგარი ქალი, როცა ორივეს ახერხებ.
გიორგი: ამას ვერანაირად მოახერხებ. ისე კი, ვფიქრობ, რომ ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე.
ანი: სამეგობრო, ოჯახი, ყველაფერი კარგია, მაგრამ სამსახური აუცილებელია.
– ანი, შვილების აღზრდაში თქვენ გაქვთ ყველაფერი საკუთარ თავზე აღებული თუ გიორგიც გეხმარებათ?
ანი: გიორგი ძალიან აქტიურადაა ჩართული ბავშვების გაზრდაში. არ არსებობს, დღე ისე გავიდეს, რომ ბავშვები სადმე არ გაიყვანოს, არ ეთამაშოს. მათ თავიანთი თამაშები აქვთ მოგონილი, ყირამალაზე დგებიან.

– მეხუთე წელია ერთად ხართ. რა აღმოჩენები გააკეთეთ საკუთარ თავში, ერთმანეთში?

ანი: ახლა უფრო კარგად აღვიქვამ ცოლქმრულ ურთიერთობას, ოჯახს, იმას, რომ დიასახლისი, დედა და ცოლი ვარ. მე და გიორგი, რაც ასაკი გვემატება, უფრო ვღვინდებით. არიან წყვილები, ვისაც დროის გასვლასთან ერთად გრძნობა უნელდებათ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა. მრავალფეროვანი ცხოვრება გვაქვს, ყოველ წელს შვილი რომ გავაჩინოთ, მოსაწყენად არ გვეცლება. მესამე შვილის გაჩენა უკვე გვაქვს გეგმაში და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ოჯახური ცხოვრება ერთფეროვანი ან დამღლელია. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის ცოლობა, დედობა, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერს მოვაბა თავი. მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის! ჩვენს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. მინდა, ყველაფერი ასე კარგად და უკეთესად გაგრძელდეს.
გიორგი: ჩემი ოჯახით გახარებული ვარ. ვაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას. იმედია, 10 წელი კიდევ ვითამაშებ, 35 წლამდე მაქვს თამაშის სურვილი.
– უკვე ფიქრობთ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ რას გააკეთებთ?
გიორგი: ამაზე ბევრს ვფიქრობ და ვნახოთ, რა იქნება.
ანი: მე არაფერი ვიცი, რაშია საქმე, არ გაგვანდობ?
გიორგი: კარიერას რომ დავამთავრებ, მერე იყოს.
– ქვეყნიდან ქვეყანაში გიწევთ გადასვლა. ადვილად ეჩვევით გარემოს, უცხო მენტალიტეტს, ცხოვრების წესს?
ანი: ამაზე იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა. უკვე ვიცი, რომ სადაც ჩავალთ, იქ სხვანაირი ტიპები დაგვხვდებიან. ჩვენ ძალიან უშუალოები ვართ და კონტაქტის პრობლემა არავისთან გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ყველას კარგ გამარჯობას ვეუბნებით. ხანდახან, როცა რაღაც საკითხში სიღრმისეულად მჭირდება გარკვევა, ათასჯერ ვუხსნი რაღაცას ბერძენს, მაგრამ მაინც ვერ იგებს, არადა ქართველისთვის ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა მისახვედრად.
ბერძნები ზარმაცები არიან და ეს ჩვენთვის მიუღებელია. მაგალითად, აფთიაქში რაღაც თუ მჭირდება, წინასწარ უნდა ვიცოდე, რომელ დღეს რომელ საათებშია ღია, თუ იმ ორ საათში ვერ ჩავეტიე, როცა ღიაა, მაშინ სადღაც შორს უნდა წავიდე წამლის საყიდლად.
გიორგი: ბერძნებს მუშაობა არ უყვართ. ვარჯიშზე რომ მივდივარ, სანამ დაიწყება, მწვრთნელები ერთი საათი მაინც ერთმანეთთან ლაპარაკობენ.
ანი: იმიტომაა, რომ წავა ხოლმე 5 საათი და ვფიქრობ, ამდენ ხანს ვარჯიში ვის გაუგია–მეთქი.
გიორგი: ესპანეთში ერთ წუთს არ აგვიანებდნენ ვარჯიშზე. ყოველთვის ყველაფერი ზუსტ დროს იწყებოდა. ძალიან ორგანიზებული გუნდი იყო. ბერძნები კი უპასუხისმგებლო ხალხია. ისე, ძალიან გულიანები არიან.
– ანი, ქმარზე ხომ არ ეჭვიანობთ?
ანი: ადრე უფრო მეტად ვიყავი ეჭვიანი, ახლა კი საერთოდ არ ვეჭვიანობ. ელემენტარულ რაღაცაზე თუ წავკინკლავდებით ხოლმე. ან საერთოდ, რამეს გიკრძალავ?
გიორგი: კი.
ანი: რას, აბა?! ვინაა ეჭვიანი, ვილაპარაკო?
გიორგი: ანი მართლა არ არის ეჭვიანი და საერთოდაც არც ერთი ვართ ეჭვიანი.
ქეთი დინოშვილი, ჟურნალი სარკე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522840
1523040 online